ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2018


აპრილის ლექსი

ცამ გადასწია ღრუბლების ფარდა,
მზემ ტყეს ნაძვებში გამოსდო მკლავი,
მთაში სიცივე თოვლივით დადნა,
ბარად მზისფერი აპრილი ყვავის.

მწვანე ბალახში დანამულ დილით
მორცხვად ციმციმებს ცისფერი ცვარი,
მიწა ჯერ კიდევ ვარსკვლავებს ითვლის,
თუმცა სრულდება სიზმარი ღამის.

მთვარე გასარკულ, უღრუბლო ზეცას,
ღამემ ცისკარზე მზითვად აჩუქა
და მზესთან ერთად ის მთვარეც შერჩა,
როგორც ჩამქრალი ჭაღის ნათურა.

სადღაც ბულბულის გალობა ისმის,
ვკითხულობ წიგნად გადაშლილ მინდვრებს,
ვუსმენ მდინარის თავნება კისკისს -
წყალი კალაპოტს მგელივით მისდევს.

ქარი კი თამამ სურვილით ვერხვებს
მკერდში იკრავს და სუნთქვადაც იტევს,
ვაზის ლერწამი მიცოცავს ხეზე
და თითქოს ისიც უკოცნის თითებს.

ცამ გადასწია ღრუბლების ფარდა,
მზემ ტყეს ნაძვებში გამოსდო მკლავი,
მთაში სიცივე თოვლივით დადნა,
ბარად მზისფერი აპრილი ყვავის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები