| ავტორი: ნანა 1978 ჟანრი: პროზა 5 დეკემბერი, 2018 |
დაბალ, გამურულ ჭერიან ოთახში სიბნელე და ნესტის სუნი იდგა, გამჭირვალე, ქათქათა ფარდების მიუხედავად შუშაბანდში ძლივს აღწევდა დილის მზის სხივი. ფანჯრის ზედა მინა ამოღებული იყო საკვამურისათვის. ოთახში მომცრო, შემთბარი ღუმელის გვერდით ხის დაბალი, ლაქ-გადაქერცლილი ტაბურეტი იდგა, ზედ ფუმფულა, ჭრელი კნუტი მოკალათებულიყო, თვალები მოეწკურა და სიამოვნებით კრუტუნებდა. მეორე ტაბურეტზე მხრებში მოხრილი ქალი იჯდა, გამხდარ და გრძელ თითებს ღუმელს უფიცხებდა და ცდილობდა, როგორმე გაეთბო, პერიოდულად ახველებდა. ლოყები წითლად გავარვარებოდა, ეტყობოდა სიცხეც ჰქონდა. ცოტა შეთბა, მერე შვილის მოტანილი აბები ნაჩქარევად გადაყლაპა, მხრებზე მძიმე შალი მოიხვია და სადილის მომზადებას შეუდგა. ბოსტნეულის წვრილად დაჭრა დაიწყო. შეჭმუხნული შუბლი ნელ-ნელა გაეშალა, თვალებში სითბო ჩაუდგა, სახეზე ღიმილი გაუკრთა-ეტყობოდა, რაღაცას იხსენებდა. თავის ქალიშვილზე ფიქრობდა, მნიშვნელოვანი არაფერი ღირსებია თავის უიღბლო ცხოვრებაში, მართალია გვიან, მაგრამ გოგონა კი აჩუქა უფალმა. იმ დღეს იხსენებდა, პირველად რომ იხილა მეანის ხელში, თბილად და ფაქიზად შეხვეულს, პაწაწა სახეზე ღიმილი და იდუმალი ნათელი დასთამაშებდა. მეანმა ფრთხილად გადასცა ახალშობილი გადაღლილ დედას და მიულოცა, ულამაზესი და ჯანმრთელი ბავშვიაო, ახარა. სამშობიაროს ნათელ, სუფთა და თბილ პალატაში ხუთმა, ანეტას სიცოცხლეში ალბათ ყველაზე უზრუნველმა დღემ სწრაფად გაიბინა და გამოწერილ დედა-შვილს ისევ ბნელ და ნესტიან ბინაში მოუწიათ დაბრუნება. სამშობიაროს კიბეებთან მდგარი, სახეაწითლებული არტური გაახსენდა- მისი მეუღლე. სიცივის ბრალი იყო თუ შეკავებული სიხარულის, ისე ძაგძაგებდა, ბავშვის დაჭერა ვერ შეძლო. შემკრთალმა, ფრთხილად გადახადა სახვევი და მთელი ქვეყანა რომ ვერ დაიტევდა, ისეთი სიყვარულით დააცქერდა პირმშოს, აკი ვერც დაიტია და ცრემლებად ჩამოედინა გამხდარ სახეზე. ისედაც მშრომელმა და დაუღალავმა, საქმე გაიორმაგა, დილიდან დაღამებამდე მუშაობდა ხან მტვირთავად, ხან მშენებობებზე-მუშად, ცოტა ფული დააგროვა და მანქანა იყიდა. ახლა მძღოლობდა, ხალისიანი გახდა, თვალებში იმედის ნაპერწკალმა იფეთქა, რამდენჯერ უთქვამს ანეტასთვის, იქნება ჩვენც გადმოგვხედოს უფალმა, ცოტა ფული მოვაგროვო, გავყიდოთ ეს მიწური და უკეთეს ბინაში გადაგიყვანოთ, ჩემს დედოფლებს დედოფლური ცხოვრება შეშვენითო. სიდუხჭირის მიუხედავად, მუდამ ხალისიანი და იმედით სავსე იყო, მზრუნველი და კეთილი... მერე ყველაფერი აირია, არტური ავარიაში მოჰყვა, მძიმედ დაშავდა და ადგილზევე, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა, სახეზე ისევ ის ალალი ღიმილი დასთამაშებდა ... მას შემდგომ ბევრი დღე და ღამე გაილია, დღეები-სავსე საზრუნავით, უიმედობით და შიმშილით, ღამეები-მალული ცრემლით, ხვალინდელი დღის შიშით და სიცივით. კერვა ეხერხებოდა კარგად ანეტას, თუ ქმრის სიცოცხლეში მეზობლებს ფულს ვერ ართმევდა, ახლა, მარტოდ დარჩენილმა, გაბედა და გასამრჯელო მორცხვად მოითხოვა. მკერავის ფაქიზი და დახვეწილი გემოვნებით, მისი შრომისმოყვარეობით და კეთილსინდისიერებით აღფრთოვანებულ კლიენტებს მისთვის არც ფული დანანებიათ და არც სხვა კლიენტების მოყვანა დაზარებიათ. წვალების და მძიმე შრომის, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მაინც გაზარდა, მაინც დააფრთიანა... .... წლების განმავლობაში საკერავთან დილიდან გვიან ღამემდე ჯდომამ თავისი კვალი დაამჩნია მის ერთდროს ლამაზ სხეულს: მხრებში და გვერდზე უცნაურად მოხარა, თვალები ჩაუღამა, ჩინი მოაკლო. ფიქრებიდან მოურიდებელმა კაკუნმა გამოიყვანა, ვიღაც შუშაბანდიან კარებზე ბეჭდიან ხელს გამეტებით ურახუნებდა. ანეტამ აჩქარებით გადაიბანა ხელები და კარების გასაღებად გაემართა. მისი უფროსი და იყო, უხვად ოქრო-ასხმული მზევინარი, შავგვრემან სახეზე შეუბრალებლად ეფრქვია მოთეთრო ფერუმარილი, სქელი წაბლისფერი თმა მიუვალი ციხე-კოშკივით წამომართოდა მიბრტყელებულ კეფაზე, ძვირფასი ქურქი ეცვა, იდგა კარებთან და ახალ, მაღალყელიან ჩექმებს მოუთმენლად აბაკუნებდა. შეძლებული ოჯახი ჰქონდა, არაფერს არ იკლებდა, არც ზღვა, მთა-ბარი აკლდა მის შებერებულ სხეულს, არც გამორჩეული კვება და პატივი, ის იყო მხოლოდ შვილი არ ჰყავდა. რა არ იმკურნალა, რა არ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ხელი ჩაიქნია და უზუნველი ცხოვრება განაგრძო, მხოლოდ ხანდახან თუ შემოუტევდა ბრაზი, რაღა ანეტას ეყოლა შვილი და მე არაო, ნიშნისმოგებით და თავისებური სიხარულით უყურებდა დის გასაჭირს, იშვიათად თუ დაეხმარებოდა და ისიც მძიმედ, სახეჭმუნვით, წუწუნით. ხილიანი პარკი საქმიანი სახით დააგდო მაგიდაზე, მოზომილი რაოდენობით შერჩეული შემჭკნარი ვაშლი და კარალიოკი გადმოცვივდა და ხის წითლად, უხეიროდ შეღებილ იატაკზე მოეფინა. მზევინარმა სკამი ხმაურით გამოსწია და მძიმედ ჩამოჯდა. -აბა დაო, რა გიჭირს, ავად გამხდარხარ, ბავშვმა მითხრა. წამოკრიფე ერთი, რანაირად მორიალდა, ეტყობა პარკი გაიხა. მხრებში მოხრილი ანეტა უფრო მეტად მოიხარა, დაპატარავდა, ერთხანს მოწყენით უყურებდა გაფხორილ ქალს, მერე დაიხარა და ხილის აკრეფა დაიწყო, თან სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა: -არაფერი, ცოტა მახველებს ესაა, გამივლის ღვთის წყალობით, შეეშინდა ალბათ ბავშვს და შემოგჩივლა თორე... რა მიჭირს.. წამალი მიყიდა, ენაცვალოს დედა ანეტა, არაფერი მჭირდება მზეო, თქვენები როგორ არიან, ქმარი როგორ არის? მზევინარი წელში გასწორდა, გახალისდა, კილო შეეცვალა, ლოყები აუვარდისფერდა, მოყვა მთის და ბარის... ანეტამ ყავა მოადუღა, სტუმრებისათვის მუდამ გადადებული ტკბილეული კარადიდან სათუთად გამოიღო, სინზე დააწყო ყავის მომცრო ჭიქებთან ერთად და მორიდებით დადო მაგიდაზე. თვითონაც რაღაცნაირი უხერხულობით, გვერდულად ჩამოჯდა მორყეულ სკამზე, ჯერ დას დაელოდა, მერე თვითონ გადაიღო ყავის ჭიქა. ბავშვობიდან ასე იყო, მუდამ უხერხულობას და უცნაურ შიშს გრძნობდა დის მიმართ. მისგან განსხვავებით, არ იყო პრეტენზიული, მომთხოვნი, მუდამ მცირედით კმაყოფილი და ბედის მადლიერი, არასდროს გამოთქვამდა საყვედურს. წლები გავიდა, ასაკი მოერიათ, მაგრამ მაინც ისეთივე ურთიერთ დამოკიდებულება შერჩათ... ( გაგრძელება იქნება)...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უფრო და უფრო კარგდება. :)
უფრო და უფრო კარგდება. :)
1. დიდი მადლობა კომენტარისთვის და რჩევა დარიგებისთვის. წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა კომენტარისთვის და რჩევა დარიგებისთვის. წარმატებას გისურვებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|