ახალი სამყაროს საზღვარზე \\\"Ce monde est sans importance et qui le reconnait conquiert sa liberté\\\" Albert Camus, Caligula
თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალი დილის მატარებელი, ლიხი-ისთის სადგურში გათენებამდე ჩავიდა. ხეობებში ჩაწოლილი რძისფერი ნისლის თავზე, მკვეთრად მოჩანდა ლიხის ქედის ხშირი ტყით დაფარული ფერდობები, რომლებიც ამ ადგილას, თითქმის მართი კუთხით ებჯინებოდნენ თრიალეთის ქედის უფრო მაღალ და წამახვილებულ მწვერვალებს. ხშირი მცენარეულით დაფარული და დილის ბურუსში გახვეული მდინარე მტკვრის ხეობა, ერთადერთი ჩადაბლებული ადგილი გახლდათ ცენტრალური ქართლის მთიან ქვეყანაში.
ვოზენსმა მატარებლიდან ლიხი-ისთის ახლადაშენებული, თეთრი ფერის, რომელიღაც რბილი კომპოზიტური მასალით დაფარულ სუფთა პერონზე ჩამოაბიჯა და მიიხედ-მოიხედა. რკინიგზის სადგურის, უფრო სწორად მაგნიტური მონორელსიანი მატარებლის სადგურის პერონზე, ალაგ-ალაგ, ბორჯომის წყლის და ქართული წარმოების ლიმონათების კოხტა, ნეონით განათებული ავტომატები იდგა.სარკინიგზო სადგურის პერონის მთელი პერიმეტრი, მწვანე, ყვითელი და იისფერი მცენარეების ლამაზი კლუმბებით იყო შემოსაზღვრული. გეგონებოდათ რომ მატარებლიდან პირდაპირ პატარა სკვერში ჩამოხვედით და შესაძლოა, აქვე, პატარა შველიც შეგხვედროდათ, თავისი სევდიანი თვალებით... ეს ახალი ტენდენცია გახლდათ მსოფლიო დიზაინის სამყაროში - „ნეიჩერალ სფეისი “, ასე უწოდეს საჯარო სივრცის დიზაინერებმა ახალ მიმართულებას, რომელიც გულისხმობდა ურბანული გარემოს მთლიანად ჩანაცვლებას ბუნებით. „ნეიჩერალის“ გავრცელების და პოპულარობის შედეგად, დღეს, მაღაზიები, ტრადიციული გაგებით, უფრო ბოტანიკურ ან ზოოლოგიურ პარკებს წააგავდნენ, ვიდრე სავაჭრო ობიექტებს.
მაგალითად, ძველი ფრანგული ფირმის, „შანელის“ ოდესღაც ცნობილი ფეშენებელური ‘ბუტიკები’ დღეს ტყის პატარა კორომებში იყო განთავსებული - ქუჩიდან შედიოდი დაბურულ, თუმცა მოვლილ და კოხტად გაკრეჭილ ტყის ტევრში, სადაც ხის მორებზე, ან სხვა ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ დახლებზე კვლავ იყიდებოდა „შანელის“ სუნამოები თუ ტანსაცმელი...თუ „მარაკის“ ან „ტესლას“ ელექტრომობილის ყიდვა გსურდათ, ავტოსალონი, დღევანდელი გაგებით, დიდი ხეებით შექმნილ ხელოვნურ ტყეში იყო განთავსებული, მანქანები კი პირდაპირ მწვანე ბალახზე იდგნენ, მუხების ან წიფლის ფართო ვარჯების ქვეშ...ლიხი-ისთის სადგურიც რაღაც მსგავსი გახლდათ - მატარებლიდან პირდაპირ პატარა პარკში ჩამოდიოდით, სადაც შეგეძლოთ სკამზე დამჯდარიყავით ან პირდაპირ მწვანე ბალახით დაფარულ მდელოზე წამოკორტიალებულიყავით, რომელიმე ლამაზი და კარგად მოვლილი ხის, ან ბუჩქის ჩრდილში.
ვოზენსმა მიმოიხედა. ფერადი მცენარეების ფოთლებქვეშ, სხვადასხვა ფერის მოხერხებული, რბილი სკამები ჩაედგათ, მატარებლის მომლოდინე მგზავრებისათვის. სადგურის კედელზე რამდენიმე ადგილას ინტერაქტიური საინფორმაციო დაფა-ეკრანები ეკიდა, წარწერებით ქართულ, რამდენიმე ევროპულ და აზიურ ენებზე. ვოზენსმა ალმაცერად გახედა დაფაზე მორბენალ ჩინურ წარწერებს და უკვე მეასეჯერ უთხრა თავს „ ენკლად, როდის დაიწყებ მანდარინის სწავლას, ხომ ხედავ, ჩინურის გარეშე უკვე ვერსად ვეღარ გადაადგამ ნაბიჯს...“ ჩინური ენა ვოზენსის სუსტი წერტილი გახლდათ.
მას, რომელსაც უცხო ენების შესწავლის აშკარად გამოხატული ნიჭი ჰქონდა, ვერაფრით გადაელახა ჩინურისადმი გაურკვეველი, ჩამოუყალიბებელი შიში თუ სიზარმაცე - გაკვეთილები, რომლებიც წარსულში რამდენიმე მასწავლებლისგან აიღო ჩინურის სასწავლად, ერთგვარად დასრულდა: როგორც შემდეგ მეგობრებს ეუბნებოდა, „ამ მასწავლებელთან კომუნიკაცია გამიჭირდა, მათ არ ესმოდათ ჩემი“, ან უფრო კონკურენტული მოსაზრებით „ამ ენის სწავლას აშკარად კარგი მუსიკალური სმენა ჭირდება, ჩინურ ბგერებს ვერ გამოვთქვამ, მასწავლებელს კი აშკარად ფეხებზე ეკიდათ თუ როგორ ვსწავლობდი...“ ვოზენს ჩინურის სწავლა არ გამოსდიოდა. ჩინეთშიც არ იყო ნამყოფი. ერთხელ, ალაბამაში ყოფნისას, ჩინელმა მეძავმა უთხრა ყურში, სასტუმროს ნომერში ვოზენსთან ალერსის დროს: „საყვარელო, ჩინეთში თუ წახვალ, ენა ისწავლე, ცოტა მაინც, თორემ ჩინელები ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოგატყუებენ...“ ეს ფრაზა, სამუდამოდ ჩაებეჭდა ვოზენსს გონებაში და ვირუსივით გავრცელდა ყველაფერ ჩინურზე.
პატარა ბავშვივით, ვოზენსის ასოციაცია ჩინეთთან და ჩინელებთან, პირდაპირ იყო დაკავშირებული სიცრუესთან და ეშმაკი ჩინელების ეშმაკურ მზერასთან...“ნეტა რატომ იმოქმედა იმ პატარა ჩინელი ბოზის სიტყვებმა ჩემზე ასე ძლიერად?“ ხშირად ეკითხებოდა ვოზენსი თავს და ახსენდებოდა პატარა, წვრილთვალება ჩინელი მეძავის ხელოვნური კვნესა, მზით გავარვარებული ალაბამის შტატის რომელიღაც სოფლის აყროლებულ სასტუმროში. „გარემოებები და უცნობი ადამიანები ჩვენთან ხანდახან ძალიან ბოროტ თამაშებს თამაშობენ. ალბათ ამის წამალი ჩინეთში წასვლა გახდება. უნდა განვავისუფლდე იმ პატარა ჩინელი გოგოს დათესილი ეჭვისგან. ეჭვისგან? ეს ეჭვიც აღარ არის, ეს შიშია. შიში იმისა რომ ჩინეთში მოხვედრისას ყველა ჩემს მოტყუებას დაიწყებს. ჯერ რესტორანში მიანგარიშებენ ზედმეტ ფულს, შემდეგ ძველ, გაფუჭებულ საჭმელს მომყიდიან, ბოლოს კი შეიძლება კარგადაც გამომათრონ და ძილში თირკმელი ამომჭრან....“ დიახ, ასე საზარლად თავდებოდა ვოზენსის ნებისმიერი შეხვედრა ჩინელებთან ან ჩინურ სიმბოლოებთან. „იქნებ საქართველოში ყოფნამ მიშველოს ასეთი ‘სინოფობიის’ შეტევებისგან“, გაიფიქრა ვოზენსმა და მკვეთრად მოაცილა თვალი ელეტრქოდაფაზე მორბენალ ჩინურ წარწერებს.
(გაგრძელება იქნება, ანუ არსებობს)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უცებ გამახსენდა, რომ ლიხის ქედთან , გვირაბს ჩინელები აშენებენ - მატარებლიდან დავინახე, როგორ ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ ხარაგაულის მთებში...
და შემებრალა ვოზენსი :)
უცებ გამახსენდა, რომ ლიხის ქედთან , გვირაბს ჩინელები აშენებენ - მატარებლიდან დავინახე, როგორ ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ ხარაგაულის მთებში...
და შემებრალა ვოზენსი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|