ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აიობ
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2020


რიტუალი

სახელოსნოში სიგარეტის ნამწვავის კვამლი დიდხანს ვაგროვე.
შენ ჩემ წინ წევხარ, გულახდილი, მშვიდი სიშიშვლით.
მე ვუმზერ ვნებისაგან ამოწვერილ ვარდისფერ კერტებს
და ვხატავ მწვერვალ ტიანშანზე ნისლების ტბიდან ამომავალ მზეს.
კოლბებით სავსე მაგიდაზე ექსპერიმენტი.
მეცნიერული რიტუალიც უნდა ვუწოდო.
სახელოსნოა ჩემი ბინის საკურთხეველი.
მე მონა ღვთისა და შენ მხევალი.
დაპყრობილია ყველა მწვევრალი,
გარდა ერთისა.
ფანჯრიდან მოსჩანს ვარსკვლავების მრუმე ციალი
და შენს "ოლსტარებს" მთვარის შუქი ეთამაშება.
ფონად გაისმის "კაშმირიდან" მოსული ექო,
ლურჯად ანათებს ნეონის შუქი.
ვდგები, გადავწევ მეწამულ ფარდას
და შენ წინ მდგარი თეთრი ქურუმი
ნეონის ლურჯი ანაფორით შეიმოსება.
მე მოგიყვები ზღაპრებს მთვარეზე,
აგვისტოს მტვერზე,
მარტის ქარებზე.
და შენი ტანის ნატურიდან გადავიხატავ:
ბეტონის ჯუნგლებს,
რკინის რაშებს,
ლითონის მტრედებს.
ფანჯრის ნაპირებს მოასკდება ფერადი ქარი
და ყორანივით აფრთხიალდება.
ჩვენ დავირწევით მარადისობის ტალღების ვნებით,
როგორც ნოტები ჯიმი პეიჯის გიტარის სიმზე.
მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი ზიარებაა,
წარსულისათვის განწირული წამი მცირედი.
რომელიც მხოლოდ ერთხელ მოხდა.
მე მოვტრიალდი ფანჯრისაკენ, რომ სიგარეტის
ნამწვავის ნისლი გარეთ გამეშვა
და შენ შემთხვევით არ დაგინახავს - "Nevermore" -
მელნით ამომწვარი წარწერა ჩემზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები