ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე ნარსია
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2020


მდაბიური ლექსები



***
ცხვება ლავაში,
ლუდხანაში ილევა
ლუდი,
ცვდება ტალახში,
შემცივნული "მათხოვრის"
ქუდი...

***
ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს,
კვლავ ბოშა ქალი გასძახის, "ხურდა"...
ვიღაც პოულობს ნაგავში "ტუფლებს"
და უხარია, (ასეთი სურდა...)

***
წვიმს... მიწისქვეშა გადასასვლელში,
თათარი ბიჭი უკრავს გიტარას
და ჩუმი ნატვრა ობლის თვალებში,
ქარმა ფოთლებით შემოიტანა...

***
ჩემი ცხოვრება ჰგავს ფოთოლცვენას,
შენ ვიღაც გჩუქნის იისფერ კაშნეს,
როგორც ყვავილზე მტვერის მოვლენა,
შეუმჩნეველი მინდა რომ დავრჩე...

***
ისევ მარტო ვარ და ვეძებ ბინას,
ღმერთს ვემეტები ცივი ღამისთვის,
შენ იქნებ ახლა სულაც არ გძინავს,
და არჩევ კაბას პაემანისთვის...

***
პოეზიაში - მე ხმელი ტოტი,
რითმისთვის ახლა ვამბობ ”სონეტებს”,
დამიმახსოვრებს ჩემი ბლოკნოტი,
დავავიწყდები მოძმე პოეტებს...

***
ვიღაცას უდგას დღეები რთული,
მძიმე ავადმყოფს სადღაც უვლიან,
და ვამჩნევ ახლა, რომ ჩემი სული,
ჩემი სახლივით გაბზარულია...

***
ენგურის ნისლი, ოდიშურ ველებს,
მოეფინება, როგორც ცის მადლი,
ღმერთო, სიყვარულს ნუ გამინელებ,
თაფლისფერთვალა გოგონასადმი...

***
თოვლია, ზღვიდან უბერავს ქარი,
ჩვენი შეხვედრაც მალე მოხდება...
სველი სადგური, დგას ბოშა ქალი
ბავშვით ხელში და მზეს ელოდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს