ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავშვი შორეულ დაბიდან
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2023


ქალბატონო...


  შენ ალბათ გახსოვს...მაშინ რაღაც მინდოდა მეთქვა,სათქმელს შეშლილი ადონისის ეცხო მარილი.მე რა ვიცოდი,გაქცეული უსიტყვო სიტყვა,დაბრუნდებოდა თანაზიარ სამძიმარივით.
  შენ ალბათ გახსოვს...მე ეს ხსოვნა ვინც დამიწესა, მანვე შემთხვევით შეგვახვედრა ორი იარა, შენ-ქალაქური დარბაზების მკაცრი პრინცესა, მე-ყრუ სოფლელი, ქალაქმა რომ არ მაღიარა.
  შენ ალბათ გახსოვს...და ამ ხსოვნას არ აქვს სახელი,ორმოცი წელი მიილია უკვე მას აქეთ.გუშინ ქუჩაში შემეფეთა დოდო ჯაყელი და შენს უცნაურ სამყაროზე ვილაპარაკეთ.
  შენ ალბათ გახსოვს...უკვე ხსოვნის გაირღვა ბადე,დრომ ფერფლწაყრილი ნაღვერდალი ვერ მიანელა.ბიბლიოთეკის კიბეებზე ახლაც დავლანდე,ფართქალა ბელა და ფიქრივით ნაზი მანოლა.
  შენ ალბათ გახსოვს...მაგრამ „ჰო“–საც აქვს „არა“–ს ფასი, რადგან ცხადი და სინამდვილე გახდა ზღაპარი. გვეძახის ქეთი გიორგაძის სალონ–პარნასი, როგორც ბუტია პოეტების თავშესაფარი.
  შენ ალბათ გახსოვს...ოხ, ეს ხსოვნა მწველია ეგზომ,ხსოვნას ცრემლები ისე შვენის, ვით შენ-საყურე... მე ბროწეულის ყვავილები მოვპარე ეზოს და სომხის ქალის მწარე წყევლა დავიმსახურე.
  შენ ალბათ გახსოვს...იქნებ ახლა ხსოვნამ განავრცოს სათქმელი,სიტყვის მაგიერ რომ თვალებით ითქვა. თაროებს შერჩა, დახეული ლექსის სანაცვლოდ, სანაპიროზე აკრეფილი ოცდაექვსი ქვა.
  შენ ალბათ გახსოვს...თუმცა ხსოვნაც მოკვდა დაღლილი...ცხრაას ოთხმოცში ნაჩუქარი ვნახე "ულისე".პროფკავშირების სახლთან ისევ ყვავის აპრილი და თავს იფეთქებს "ტერორისტკა"- ბროწეულის ხე.
  შენ ალბათ გახსოვს...ხსოვნა სკივრში ვეღარ ეტევა,დაუწერელ ლექსს თეთრ ფურცელზე ვინღა მიგიტანს.რვა მარტის ღამე,ზღვის ნაპირზე, ვით გამეთევა,როცა დრომ თვითონ ამოშალა დღის წესრიგიდან.
  შენ ალბათ გახსოვს...ვიდრე ხსოვნა მოიკრებს ძალას,ჩემთვის ადგილი დაიბევე ქარონის ნავში.იმ დღეს...დღეის სწორს,შეეჯახა ჭლექიან ქალაქს,ბებუთით ვენებგადაჭრილი პოეტი- ბავშვი.
  შენ ალბათ გახსოვს...რენუარი...რილკე...ორტეგა...ოთხმოცდახუთის დიდი თოვლი...მკვდარი თოლია...ზღვისპირა პარკში, მღვრიე  ქარმა როგორ მოტეხა,შენი სახელი რომ დავარქვი... ის მაგნოლია.
  შენ ალბათ გახსოვს...ახლაც ხსოვნის თოვს თეთრი თებო,ბოლოს და ბოლოს, თეთრი ხსოვნაც ხდება ნაცარი.მახსოვს ღიმილი...ჩემი სახით სოფლელი რემბო, სიყვარულის და წყევლის ქალაქს რომ გააცანი.
  შენ ალბათ გახსოვს...მე ამ ხსოვნით სული დამეწვა, შურის და ჭორის გახსენება ტკივილს მიტოვებს. არ ეპიტნავათ
კომპლექსების ჩვენგან დალეწვა, მოპოეტოებს, მომხატვროებს, მოარტისტოებს.
  შენ ალბათ გახსოვს...ყველა ხსოვნა სევდისფერია, თუმცა ამ სტროფში ირონია უტევს მას ახლა...მახსოვს წიგნისთვის, ახვლედიანის არტილერიამ, გამომცემლობა "აჭარადან" რომ გაგვასახლა.
  შენ ალბათ გახსოვს...მოდგა ხსოვნა მოშლილ–მიშლილი, ოთხმოციანი წლები მომდევს, ვით ხმა ტოკატის.  შენ გამაცანი მაშინ ლადო სეიდიშვილი, მე რომ ვუწოდე: "სონეტების არისტოკრატი".
      შენ ალბათ გახსოვს...წვიმიანი ევქსინის პონტი, შენი კოპლება კაბის მსგავსი კაფე-„რვაფეხა,“ ფანტავდნენ ლექსებს გორგილაძე და ვახო ღლონტი, თან ისე წვიმდა, თითქოსდა ღმერთს ზეცა გაეხა.
  შენ ალბათ გახსოვს...ხსოვნას როგორ ვუთხრა უარი, როცა ჰკიდია წამწამებზე ცრემლის მტევნები. ფერად პაემნებს აალბომებს ლურჯი ბულვარი, პალმების ბლონდი, ლერწამის ტყე და შადრევნები.
  შენ ალბათ გახსოვს... შენახული ხსოვნაა ალხი, თუმცა აშკარა ფარულისთვის გზა და ხიდია. რის მაქნისია ან ბედენა:"რას იტყვის ხალხი", როცა სიყვარულს ყველა ნორმა ფეხზე ჰკიდია.
  შენ ალბათ გახსოვს...ეკლესიის მყუდრო ეზოში,თეთრი დარდები გადავცვალეთ შავ დარდუბალზე. მომიზეზებულ, (დღეში ორჯერ), უმიზეზობით,გაბუტულებს რომ გვარიგებდა ნელი დუმბაძე.
  შენ ალბათ გახსოვს...შეჩენილი ხსოვნაა მახრა,ოხერი ხსოვნა ვინ მოთოკოს და ვინ განაგოს.ეს მოგონება,თითქოს,რას არ მოყვება, მაგრამ,სიყვარულივით მუნჯია და არ ლაპარაკობს.
  შენ ალბათ გახსოვს...ხსოვნის ნახვა აღარ გეღირსა, რომ არა ღმერთის უღმერთობა, სხვა ფიქრს აშლიდი. ამოდის ნისლში დაწყევლილი წერა ბედისა და დასაწვავი ათას ცხრაას ოთხმოცდაშვიდი.
  შენ ალბათ გახსოვს...ახლა სხვები სხვა ხსოვნას წერენ,ფრთა გტკიოდა და ცალფა ფრთითაც ცისკენ იწევდი.თითქოს იცოდი, ნაადრევი სიკვდილის მერე,მე ამ საზარელ და მტირალა ლექსს დაგიწერდი.
  შენ ალბათ გახსოვს...შენ ხომ ნაზი ხსოვნით გადარჩი და ბათუმის ცას ცრემლებიან წვიმად მოები.აქ, რა ხანია,სიყვარულით დამსჯელ ქალაქში,უშენოდ იწვის პოეზიის საღამოები.
  შენ ალბათ გახსოვს...მაგრამ რაღა გემახსოვრება, მიწით  და ვარდით შეიზვინა ციცქნა სამარე.ორ თარიღს შორის ჩაიჭედა შენი ცხოვრება,გაქვავებული დროისა და სივრცის ამარა.
  შენ ალბათ გახსოვს...და ეს ხსოვნაც მოჰგავს მოძახილს,თუმცა, მოძახილს მოსაძახიც არა დარჩა რა...დაკეტილია, ქალბატონო, თეთრი ოთახი,დახურულია ზღვისპირისკენ ღია ფანჯარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები