 | ავტორი: იანუსი ჟანრი: პროზა 1 აპრილი, 2024 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გაცნობიერების მომენტები ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წერტილებია გონებაში. როგორც ჩემი დროის კომპიუტერულ თამაშებში ჩექფოინთები იყო, სიკვდილის შემთხვევაში საიდანაც აგრძელებდი თამაშს. ჰოდა, გონებაში მძღნერივით ამომიტივტივდა ერთ-ერთი ასეთი გაცნობიერების მომენტი, რომელმაც, როგორც ჩანს, ჩემი დეფორმირებული, მრავალი მიშენების მქონე, არაესთეტიური, არაგონივრულად დაპროექტებულ-კონსტრუირებული ცნობიერების ფორმირებაში მნიშვნელოვანი კირპიჩი დადო. იმის მაგივრად, რომ ეს მომენტი ჩემს ტოქსიკურ (ღმერთო, რა არაფრისმომცემი სიტყვაა) ყოფილს გავუზიარო, როგორც ამას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გადამწიფებული და პირდაღებული ლეღვივით მოწყვლადი გონება ჩემი მკარნახობს, თქვენ, ჩემს არარსებულ აუდიტორიას გაგანდობთ, რაც, ვთანხმდებით, ნაკლებად ტოქსიკური (მომგონის დდშვც) აქტი იქნება. მოკლედ, მეცხრე თუ მეათე კლასში, ზუსტად არ მახსოვს, ისეთ სულისკვეთებას, შეუპოვრობას, სიჯიუტეს, და თავდადებას ვიჩენდი, საქართველოს ბარე ორ 15 წლის მეფეს შეშურდებოდა. ერთი ეგაა, ჩემდა ძალზედ სამწუხაროდ ამ ყველაფრის სამიზნე ჩემივე თმა აღმოჩნდა. საათებს ვატარებდი სარკის წინ, ბებიაჩემისთვის აწაპნული მაკრატლით ხელში, რათა ვარცხნილობის სასურველი ფორმაციისთვის მიმეგნო, მაგრამ ამაოდ. სრულყოფილი სიმეტრიის ძიებაში აბსურდული ფორმების კოლუმბად ვიქეცი. ჩემი თმა უხარისხო და ასიმეტრიულ პარიკს დაემსგავსა და კლასშიც ყველასთვის თვალშისაცემი გახდა ის ფაქტი, რომ ნორმალური ადამიანივით, თმის შეჭრისათვის თვეში 5 ლარი (მაშინ ცხოვრება გაცილებით იაფი იყო) არ მემეტებოდა. ამის გამო არაერთი კლასელის დაცინვის ობიექტად ვიქეცი და სამართლიანადაც. მაგრამ იყო ერთი ბიჭი, რომელსაც ბუნებრივი სიმეტრიულობით დაჯილდოებული, ხავერდოვანი თმა ჰქონდა და ერთხელაც, როცა თვალი მომიხვდა, როგორ ჰაეროვნად შეიცურა თითები მოზრდილ ქოჩორში, გავიფიქრე, აი, ეს ხომ ვერასოდეს მიხვდება რამ შეიძლება ადამიანი საკუთარი თმის დამახინჯებამდე მიიყვანოს? ვერასოდეს გამიგებს და იგრძნობს, რასაც მე ვგრძნობ. ამისთვის ხომ ყოვლად მიუღებელია თავის სრულყოფილ ვარცხნილობას ოდნავი ზიანი მიაყენოს, გონებაშიც არასოდეს გაივლებს რომ პროფესიონალი სტილისტის ნაცვლად თავად ითავოს თმის შესწორება. ორი მხრიდან დაუბერა შეგრძნებების ქარმა - პირველ რიგში, გავიაზრე რამდენად შორს ვიყავი ჯანსაღი მდგომარეობისგან, რომ არაფერი მეცხო პრივილეგირებული ან საშუალო კასტისაც კი, წუმპეში ვეგდე და უსასოოდ ვასავსავებდი ხელ-ფეხს მხსნელის მოლოდინში, რომელსაც გამოჩენა არ ეწერა. ეს ერთი, უსუსურობის მკაფიო გრძნობა. მეორე კი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ, უპირატესობის შეგრძნება. თუ ისე მტკივა, როგორც შენ არასდროს. თუ ისე მაწვება მხრებზე სიმძიმე, როგორც შენს სათუთ სახსრებს არასოდეს განუცდია. თუ იმას ვუძლებ, რაც შენ არც დაგსიზმრებია. იასნ, შენზე ძლიერი ვარ პატარა ძუკნავ. დაჯექი. ნუ ყეფ როგორც ძაღლი, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი. ნუ მიბღვერ, როგორც ჭიშკრის მიღმა გულმოცემული ფინია, რომელიც მაშინვე ჩაიჯვამს, როგორც კი ჭიშკარი გაიხსნება. როგორი სიმეტრიულიც არ უნდა იყოს შენი ვარცხნილობა, ვერასოდეს შეძლებ ჩემთან გათანაბრებას შენი ბუმბულივით მსუბუქი ყოფით. ამ და სხვა ინტრუზიულმა (ტოქსიკურის არ იყოს, პოპულარული ტერმინია) ფიქრებმა მიმახვედრა, რომ ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი ტკივილით. ჭრილობის სიღრმეებს ისევე ვატოლებთ ერთმანეთს, როგორც ჭუჭუებს. ჩემი ბავშვობის ტრავმები შენსას სირზე დაიხევს, ბოზო. მე რომ სიკვდილს ვნატრობდი შენ ჩაჭრობანას (წრეში ბურთი) თამაშობდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჰამსუნი 9 წლისაა უკვე და ჯანს არ უჩივის:))) ვწერ(თ) შიგადაშიგ ჰამსუნი 9 წლისაა უკვე და ჯანს არ უჩივის:))) ვწერ(თ) შიგადაშიგ
1. ისევ წერ(თ)? :)
ჰამსუნი როგორაა ?
ისევ წერ(თ)? :)
ჰამსუნი როგორაა ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|