ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2009


ოცდაცამეტი საფეხური (მეოთხე ნაწილი)

საღამოს მაგდამ დარეკა, გოგა ხვალ თავისუფალი იქნება და ჩვენ ზეგ  შეგვიძლია წასვლაო. ისევ ბევრი ილაპარაკა. სანამ არ დაიღალა ლაპარაკით, პირი ვერ გააჩერა. გათიშა თუ არა აპარატი, ამოვისუნთქე, - ღმერთო, რამდენი ლაპარაკი იცის ამ გოგომ!? - ხმამაღლა ვთქვი და დასაძინებლად წავედი.
  ზოზინით გავიდა ერთი დღე და ერთი ღამე.გავედი, მაღაზიაში, საჭირო პროდუქტი ვიყიდე. რაც  იყო ჩანთაში ჩავალაგე. ჩემს ნივთებს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი და აღმოვაჩინე, რომ მთავარი – ფანარი მაკლდა. ამ ნივთის გარეშე კი წარმოუდგენელი იქნებოდა ჭაში ჩასვლა. საკუჭნაოში ბევრი ქექვის მერე ვიპოვე მამაჩემის ძველი ფანარი და გავიხარე, ეგრევე ჩავუძახე ჩემს ზურგჩანთაში.
  ადრიანად წამოვხტი, წყალი გადავივლე, ყავა დავლიე და მოთმინებით დავუწყე ლოდინი მაგდას და გოგას. კარზე ზარის ხმა იმაზე ადრე გაისმა, ვიდრე ველოდი. რამდენიმე წამში კართან გავჩნდი. ზღურბლზე მაგდას გარდა ორი ახალგაზრდა იდგა.
- სიხარულო, მოვედით, - თქვა მაგდამ და ბიჭებს შინაურულად შემოუძღვა ჩემს ბინაში.
- უი, ხო, ეს გოგაა, ეს კი ბაჩანა - გოგას მეგობარი. ჰოდა, ჩემო მშვენიერო ნანუკი, ოთხივე მივდივართ, ხომ გიხარია? თქვი, რომ გიხარია! - ჩამომეკიდა კისერზე მაგდა.
- ხო, ხო, მიხარია, მიხარია, - ვთქვი და ბიჭებისკენ გავაპარე მზერა.
  გოგა, მაღალი, გამხდარი, თაფლისფერი თვალებით, ტიპიური ქართული ცხვირით, ბევრად არ გამოირჩეოდა ნებისმიერი შემხვედრისგან.
  ბაჩანა კი მაღალი, ათლეტური აღნაგობით, ქერა, სიმპათიური, საკმაოდ აზრიანი გამომეტყველების დიდი ცისფერი თვალებით. ერთი შეხედვით საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
- დამავიწყდა, ეს კი ჩვენი ნანუკაა, - გააგრძელა მაგდამ.
  ჯერ ბაჩანა მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, - ხმაც შეეფერებოდა მის აღნაგობას.
- ჩემთვისაც, - გაიმეორა გოგამ.
- ნან, იცი, ბაჩანა თავის მანქანით წაგვიყვანს.  ხომ ყველაფერი მოგაქვს? ბიჭებს რომ მოვუყევი, შენ ჭაში რომ აპირებ ჩასვლას, ბაჩანა გადაირია. გუშინ იმდენი ხარახურა მოიტანეს ჩემთან, გავგიჟდი - თოკები, ფანრები და რა ვიცი, რა აღარ!
  არა, არ შეეძლო ამ გოგოს ჩუმად ყოფნა და რა ექნა.
- გული მიგრძნობს, წინ საინტერესო თავგადასავალი გველის. შეიძლება, თამარ მეფის საფლავსაც მივაგნოთ, - იხუმრა გოგამ და გამიღიმა.
მისი ხუმრობა რატომღაც ირონიად მივიჩნიე და გამოვამჟღავნე ჩემი მწარე ხასიათი.
- იცით, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უაზრო კაპრიზია და არ გინდათ იქ ჩასვლა, დაისვენეთ სოფელში. აი, მე კი უნდა ჩავიდე, - ვთქვი და ჩანთებისკენ შევტრიალდი.
-  ჩემო კარგო ნანუკა, - მომესმა ბაჩანას ხმა, - სამსახური მივატოვე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ აპირებ ჩასვლას. მე იმ გვირაბის ამბავი წლების მანძილზე მიღრღნის ტვინს და ამ შესაძლებლობას ნამდვილად არ გავუშვებ ხელიან. ასე რომ, შენთან ვარ! - გულზე ხელის დადებით ამიხსნა ერთგულება სრულიად უცხო ადამიანმა.
  მინდოდა საპასუხოდ რაღაც მეთქვა, მაგრამ მხოლოდ გავიღიმე და მეგობრობის საპასუხოდ ხელი გავუწოდე. გოგამ და მაგდამ უცნაურად გადახედეს ერთმანეთს. ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემს მზერას.
- წავედით, წავედით. რაც უფრო ადრე გავალთ, მალე ვიქნებით ადგილზე. იქაც ყველაფერი მტვრიანი და დასალაგებელი დაგვხვდება, – ჩქარობდა მაგდა და მძიმე ზურგჩანთას ექაჩებოდა. როგორც იყო, ჩავალაგეთ ჩანთები საბარგულში და ჩვენც  ჩავსხედით მანქანაში. შეყვარებულებმა ერთად ისურვეს უკან ჯდომა, მე კი წინ აღმოვჩნდი, ბაჩანას გვერდით.
  მთელი გზა ენა არ გაუჩერებია მაგდას. გოგას ხან ეჩხუბებოდა, ხან ეფერებოდა. მივხვდი, გოგას ის მართლა ძალიან უყვარდა, თორემ მისი გაძლება სიყვარულის გარეშე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. გოგამაც და ბაჩანამაც ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. თუკი პირველი შეხედვით არ მომეწონა ის, რომ ვიღაც მეოთხე იქნებოდა ჩვენთან, ახლა მსიამოვნებდა კიდეც, რომ მაშინ, როცა მაგდა და გოგა ერთმანეთის სიყვარულით ტკბებოდნენ, მე მარტო არ ვიქნებოდი. იქნებოდა ვიღაც, გინდაც უცხო, ჩემს გვერდით.
  სოფელში საღამოს ჩავედით. ძლივს გავაღეთ მაგდას მამაპისეული ძველი სახლის დაჟანგული კარი. მაგდას შიში, რომ შეიძლებოდა სახლი გაქურდული დაგვხვედროდა,  არ გამართლდა - ყველაფერი ხელუხლებელი იყო. მტვრიან სახლს გვიან ღამემდე ვალაგებდით, შემდეგ, როგორც შეგვეძლო, მოვწესრიგდით და დავწექით დასაძინელად.  ტკბილად მეძინა, გათენებამდე ფეხიც არ გამინძრევია.
  დილა მშვიდი გათენდა. სოფლის სიგრილე სასიამოვნოდ ელამუნებოდა სულს და სხეულს. სადღაც შორიდან მამლების ყივილი ისმოდა. არ მინდოდა თვალის გახელა. მე ხომ ამ ყველაფერზე დიდი ხანია ვოცნებობდი. თითქოს მეშინოდა, თვალის გახელასთან ერთად არ გამქრალიყო ყველაფერი. ვიწექი ასე და ვტკბებოდი სოფლის ხმებით, ჩიტების ჭიკჭიკით. მესმოდა, როგორ აშრიალებდა ზაფხულის ნიავი სახლის გვერდზე მდგარ ბებერი მსხლის ფოთლებს. არაფერი შეედრებოდა ამ ნეტარებას!
უცებ, ოთახში შლეგიანივით შემოვარდა მაგდა და ეს წუთიერი ნეტარებაც სადღაც გაქრა.
- ადექი, ძილისგუდა, ადექი, ჩვენ რამდენი ხანია გავიღვიძეთ, შენ კი ისევ გძინავს! - ქაქანით ჩამომიჯდა საწოლზე. მართალია, თვალები არ გამიხელია, მაგრამ მივხვდი, რომ გაკვირვებული მიყურებდა (შეხედე, მე რა ხმაზე ვყვირი, მას კი მაინც სძინავსო).
- გძინავს? - მკითხა და ფრთხილად შემეხო მკლავზე.
- არა, არ მძინავს. დიდი ხანია გავიღვიძე და ვტკბები სოფლის ხმებით, შენ კი არც გინდა მოუსმინო, ეგრევე წამოხტი და მეც არ მაცლი... დატკბი რა, ადამიანო, ამ მშვენიერი ბუნების მუსიკით. ხო, მართლა, გახსოვს, მარკესი რომ წერს, ცოტა სიცოცხლეც რომ მოეცა ღმერთს ჩემთვის, იცი როგორ დავტკბებოდი შოკოლადის ნაყინითო! გახსოვს, ხო?... წარმოგიდგენია, შოკოლადის ნაყინით, შენ კი...
- არა! ვიცი, რომ აფრენ!... მაგრამ, გიჟი ნამდვილად არ ხარ, მაშინ ხომ არ იქნებოდი ჩემი მეგობარი?... რა შოკოლადის ნაყინი, რის შოკოლადის ნაყინი. ადექი, რამე გავაკეთოთ, ბიჭებს უკვე მოშივდათ. ხომ იცი, ჰაერის შეცვლა როგორ აშიებს ადამიანს? თანაც გუშინ ერთი ხაჭაპურის გარდა არაფერი გვიჭამია. ადექი-მეთქი, გესმის? - ვინ გაცალა ლამაზი ფიქრების დამთავრება. მას ხომ არ შეუძლია არ იქაქანოს.
- ხო, ხო, კარგი, ავდექი, უკვე ავდექი, - წამოვჯექი საწოლზე.
- კარგად გეძინა, თუ გოგა მოგეპარა ღამე? - ეს კითხვები კი აშკარად სიამოვნებას ანიჭებდა მას.
- გაგიჟდი? არა, მე პატარა ოთახში მეძინა, ბიჭები კი გვერდიგვერდ საწოლებში დავაწვინე, წინა ოთახში. იცი, მე მგონი, ბიჭები უფრო ჭორიკნები არიან, ვიდრე ჩვენ. მთელი ღამე ლაპარაკობდნენ. თავიდან ვუსმენდი, როგორ ჩამეძინა, ვერც გავიგე, - აშკარად უკმაყოფილო ტონით მიყვებოდა მეგობარი.
  წამოვდექი. ფეხები ჩუსტებში გავუყარე და თხელი გამჭვირვალე საღამურის ამარა ფანჯარასთან მივედი, ფარდა გადავწიე და გავშტერდი. ჩემს წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა, სულ ახლოს,  მოჩანდა კავკასიონის ულამაზესი მთები. ყველაფერი ისეთი ლამაზი, ისეთი გრანდიოზული იყო, რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. მიხაროდა, რომ მეც ამ ბუნების ნაწილი ვიყავი. უცებ, ეზოს ერთ მონაკვეთში მდგარი ბაჩანა შევნიშნე. იგი ისთივე დაშტერებული იყო, როგორც მე. ის ჩემსკენ იხედებოდა. თვალები გაფართოვებოდა და პირი ოდნავ გაეხსნა,  უცებ  გამახსენდა, რომ მე თითქმის შიშველი ვიდექი ფანჯარასთან. უკან დავიწიე და ფარდა სწრაფად გავასწორე. მაგდას ჩემი საქციელი არ გამოჰპარვია.
- რა იყო? ეშმაკი დაინახე?
- ეშმაკი არა, ბაჩანამ დამინახა ასე, - სხეულზე დავიხედე - მე ხომ მთლად შიშველი ვარ, შეხედე.
- მერე რა? ისიც რას გიყურებდა? ვინ უთხრა, ნანუკას ფანჯარას მიაჩერდიო? დაიკიდე, ჩაიცვი და გამოდი, - თქვა და ოთახიდან გავიდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები