 | ავტორი: თამუ ჟანრი: პროზა 19 მაისი, 2009 |
, ავდექი, თუმცა ფეხები უკან მრჩებოდა, ბაჩანას შევყევი გვირაბში. აღარ მოვყვები დაწვრილებით, ზემოთ ასავალ გზას, ან კი რა უნდა ვთქვა ისეთი?... ვიტყვი, მხოლოდ, უკან 37 საფეხური იყო, ამიტომ ორი დღის და ერთი ღამის ასავალი ვიარეთ, როდესაც სწორ გვირაბს მივაღწიეთ, უკვე საღამოს რვის ნახევარი იყო, შეუმჩნევლად შემოიჭრა საღამოს სინათლე გვირაბში. ჩვენ ეს შევძელით, გავიფიქრე და ბაჩანამაც არ დააყოვნა ჩემი აზრის გახმოვანება. - ჩვენ ეს შევძელით, - თქვა მან და გოგას ხელი გაუწოდა. ეს ნამდვილად იყო დიდი სიხარული, უსაზღვროდ დიდი სიხარული, თან დანანება, თან ფიქრი იმაზე, რომ ამ ყველაფრის მერე, როგორ გინდოდა მეცხოვრა, ამ ცოდვილ დედამიწაზე. მაგრამ, ხომ უნდა მეცხოვრა?... ჰოდა, ცხოვრება გრძელდებოდა და ეს ღმერთის წყალობით. მზე უკვე ჩასული იყო, როდესაც შუამთის მონასტრის ეზოში ამოვედით ოთხივე, საყრდის ნანგრევებს სავსე მთვარის შუქი შარავანდედივით დაჰნათოდა თავზე. იმ ყველაფრის მერე, რაც ჩვენ უკან მოვიტოვეთ, ყველაფერს სხვანაირი თვალით ვხედავდი და ვგრძნობდი, რომ სიცოცხლე მიხაროდა, ახლა უკეთ ვუგებდი მარკესს, რომელიც უბრალო, მიწიერ სიამოვნებაზე ოცნებობდა, უკეთ მესმოდა იმ ხალხის, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ ერთუჯრედიან არსებებს ვეძახდი და მრცხვენოდა ჩემივე აზრების, რომლებიც აქამდე მოსდიოდა ჩემს გონებას. ახლა ვხვდებოდი, რომ იმ ადამიანებსაც აქვთ რაღაც მისია, ამქვეყნიური და ამიტომ მოავლინა ისინი ღმერთმა ამ ქვეყანას. მე იმ წუთებში ყველა და ყველაფერი მიყვარდა. ჩემი გული, სუფთა, ანკარა წყაროსავით წმინდა იყო და გაფიქრება იმისი, რომ შეიძლებოდა ოდესღაც ისევ დაბინძურებულიყო, შიშის ზარს სცემდა ჩემს გონებას. აღსავსე ვიყავი უსაზღვრო მადლიერების გრძნობით გამჩენის მიმართ და ბედნიერი ღვთისმშობლის საჩუქრით, რომელიც ძალიან ბევრს მავალებდა მიწიერ ცხოვრებაში. მონასტერში დიდხანს არ გავჩერებულვართ, სოფელში ჩამოვედით, იქ ერთ-ერთ სახლში გავათიეთ ღამე, დილით კი ისევ ფეხით დავადექით გზას მაგდას სოფლამდე. ბედად, გზის ნახევარი ვიღაც ღვთისნიერმა მამაკაცმა მანქანით გვატარა, ისე, რომ უკვე ღამე იყო, როდესაც იმ ოჯახს მივადექით, სადაც ბაჩანას მანქანა დავტოვეთ. რამდენიმე წუთში კი უკვე სახლში ვიყავით. ლაპარაკის თავი არცერთს არ გვქონდა, წყალი გადავივლე და ჩემს ოთახში შევედი, გავიხადე და მკვდარივით მივეგდე ლოგინზე, ასევე ჩამეძინა. ერთი დღე და ღამე კიდევ დავყავით იმ სოფელში ოთხივემ. მეორე დღეს კი თბილისიკენ ავიღეთ გეზი, ისე, რომ ერთი თვის ნაცვლად, სულ ერთი კვირა ვიყავით იქ. გზაში პირი არცერთს არ გაგვიჩერებია. სოფელ ბაკურციხეს რომ მივუახლოვდით, წინ, მანქანის სავალ გზაზე, ხალხის ბრბო შევნიშნეთ. - აუ, მგონი ავარიაა, - თქვა მაგდამ. - ხო, თანაც რაღაც საშინელი, - უპასუხა ბაჩანამ და მანქანა გზიდან გადააყენა. - თბილისის ნომრებია, ჩვენიანი არ იყოს ვინმე, იქნებ დახმარება სჭირდება? - გოგამ კარი გააღო და გადავიდა. - წამო, ვნახოთ, რა ხდება! -ხელით მომქაჩა მაგდამ. - არა, არ შემიძლია. მერე თვალებში სულ ეს საშინელება მიდგას, - ვთქვი და მარტო დავრჩი მანქანაში. რამდენიმე წუთში ყველა დაბრუნდა, სამივეს სახეზე ეწერა, თუ რა საშინელება ნახეს. - იცი, რა ლამაზი ბიჭია? ღმერთმა ქნას, არ მოკვდეს. აუ, ნეტავ არ მენახა, - ქოთქოთებდა მაგდა. - ეს რა იყო, ბიჭო? როგორი სისწრაფით მოდიოდა ეს უბედური, რომ ასე შეასკდა კედელს? ისე, საკვირველია პირდაპირ, როგორ გადარჩა, თუ გადარჩა საწყალი, ისეა დამტვრეული, სასწრაფოც რომ არ ჩანს? - წუწუნებდა გოგა. - გონებაზე რომ არის, კარგია, ვიღაცამ ჰკითხა და თქვა სახელი-ზაზა მქვიაო, - თქვა ბაჩანამ. ჩემს ყურებში გაბმული წუილი გაისმა. უცებ გადაიხვა გონებაში ყველაფერი - იცი, რა ლამაზი ბიჭია, ღმერთმა ქნას, არ მოკვდეს... თქვა, სახელი ზაზა მქვიაო... იქნებ, იქნებ, იქნებ... ო, არა, ოღონდ ეგ არა... - ვნახავ, დამიცადეთ, - ვთქვი და შლეგიანივით გავვარდი იქით, სადაც ხალხი მოგროვილიყო. ფეხები არ მემორჩილებოდა, მივდიოდი და ღმერთს იმას კი არ ვთხოვდი, რომ იქ ჩემი ზაზა არ ყოფილიყო, არა, რატომღაც ვთხოვდი, მხოლოდ იმას, რომ ის ვინც იქ იყო, არ მომკვდარიყო. ძლივს გავარღვიე ხალხის ბრბო და გავქვავდი, მიწაზე ჩემი ზაზა იწვა, ძლივს სუნთქავდა, თვალები დაეხუჭა, სახეზე საშინელი ტკივილი აღბეჭდოდა. ისევ მოვკვდი. ღმერთო ჩემო, რატომ მემართება ყოველთვის ასე, გული წამიერად რატომ ჩერდება? ხან ტკივილით, ხან სიხარულით. მაგრამ, მაინც ჩერდება და მაშინებს. იმ წამს საშინლად მეშინია სიკვდილის. დავიბენი, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. უცებ, ჩემი მეგობრები გამახსენდა. მოვტრიალდი, ხელი დავუქნიე. სამივე წამებში ჩემთან გაჩნდა. - მაგდა, - ძლივს ვითქვამდი სულს, - მაგდა, ეს ბიჭი ზაზაა, ის ზაზა, გაიგე? - ვუთხარი და ისევ ზაზას დავუბრუნდი. ახლა უკვე გავბედე ახლოს მისვლა. მასთან ჩავიმუხლე, სისხლიან სახეზე ხელი დავადე და სახელი დავუძახე. მან თვალები ძლივს გაახილა, ამომხედა და თვალებში გაკვირვების მაგივრად, უსაზღვრო მადლიერება დავინახე, მისი ბაგეები შეირხა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. - ნუ იტყვი ნურაფერს, - ტუჩებზე დავადე ხელი, ირგვლივ ხალხს გადავხედე და განწირული ხმით ვიყვირე, - სად არის სასწრაფო? უცებ, გვერდში ბაჩანა ამომიდგა. - ნანუკი, რატომ ველოდებით სასწრაფოს? აგერ არაა მანქანა, აქვე გურჯაანის საავანდმყოფოში მივიყვანოთ და თუ დაჭირდა, თბილისშიც ჩავიყვანთ, - ისეთი თბილი თვალებით მიყურებდა, რომ უცებ აღმოვაჩინე სულ სხვა რამ, მე ამ დროს ბაჩანა უფრო მიყვარდა, ვიდრე ზაზა, ორივე აქ იყო ჩემს წინ - ზაზა, რომელსაც ჩემი დახმარება სჭირდებოდა ახლაც და ალბათ, ყოველთვის და ბაჩანა, რომლის გვერდითაც მე მთელი ცხოვრება ქალად ვიგრძნობდი თავს - არც დავფიქრებულვარ, ბაჩანას ხელები კისერზე შემოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე. ხალხის დახმარებით ზაზა პლედზე დააწვინეს და ფრთხილად მოათავსეს ბაჩანას მანქანის უკანა სავარძელზე, მეც იქვე მოვთავსდი, მისი თავი ჩემს კალთაში ჩავიდე. გოგა და მაგდა, ბაჩანას გვერდით, ერთად დასხდნენ. რამდენიმე წუთში საავადმყოფოში ვიყავით. მთელი გზა ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ზაზა ხანდახან ახელდა თვალებს, შემომხედავდა და ისევ დახუჭავდა. ამ დროს ცოტა მეშინოდა, მაგრამ მჯეროდა, რომ არაფერი მოუვიდოდა. ბაჩანა ხშირად მალულად იყურებოდა სარკეში უკან. მას ერთხელაც არ უკითხავს, თუ ვინ იყო ეს ადამიანი ჩემთვის, ასე რომ ვღელავდი მის სიცოცხლეზე. მიმღებში ზაზას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, სასიხარულო იყო, რომ თავი არ ჰქონდა დაზიანებული, ამიტომ ვარჩიეთ თბილისში წაგვეყვანა და ასეც მოვიქეცით. საათნახევარში თბილისის პირველი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ვიყავით. ზაზას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, იმ ღამეს თვალი არც ერთს არ მოგვიხუჭავს. გოგამ მაგდა სახლში წაიყვანა, უკან დაბრუნდა და საავადმყოფოს ჰოლში ისე დაგვათენდა სამივეს, რომ ვერც გავიგეთ. რეანიმაციის განყოფილების ფანჯარის რკინის ჰორიზონტალური ფარდა-ჟალუზებიდან, რომლებიც, რა თქმა უნდა დაკეტილი იყო, მაინც ვახერხებდი მის დანახვას. ის, მთელი ღამის განმავლობაში არ განძრეულა, უსუსური ბავშვივით იწვა წვეთოვანის ქვეშ, მარჯვენა ფეხზე სიმძიმეები ეკიდა, ორივე ხელის კიდური თაბაშირში ჰქონდა და სწორედ ამიტომ, თაბაშირის თოჯინას ჰგავდა. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ბაჩანა მთელი ღამის განმავლობაში ყურადღებას არ მაკლებდა. სკამი ითხოვა რომელიღაც პალატაში, თვითონ კი წინ და უკან დადიოდა ჰოლში. მივხვდი, რომ ასე არ შეიძლებოდა, რაღაც უნდა მეთქვა მისთვის, მას ხომ საშინლად აინტერესებდა ვინ იყო ზაზა ჩემთვის, ვისთვისაც ასე ვიტანჯებოდი და ვტანჯავდი მასაც. გადავწყვიტე, მეთქვა. როდესაც მომიახლოვდა, ავდექი, მასთან მივედი და თითქმის ჩურჩულით ვუთხარი: - შენ როგორც მიხვდი, მე დიდი ხნის წინ გული მატკინეს და იცი, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც ჩვენ ახლა გადავარჩინეთ სიკვდილს, სწორედ ის ადამიანია. ბაჩანამ უცნაურად შემომხედა, მისი თვალები თითქოს ამბობდა: - გგონია ვერ მივხვდი?... მაგრამ ერთი სიტყვის მეტი არაფერი უთქვამს: - ვიცი. და საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის კიდევ ერთი საფეხურით ამაღლებულიყო ჩემთვის. ვგრძნობდი, რომ ამ წუთში ზაზა ჩემთვის მხოლოდ იმიტომ არსებობდა, რომ მე მას ვჭირდებოდი, ვგრძნობდი, ის გულისტკივილიც, ჩემს ცოდვებთან ერთად, იქ, იმ გამოქვაბულში დავტოვე. აღარ იყო ის სიყვარული ზაზას მიმართ. ზაზას ჰქონდა ყველაფერი ფიზიკური, რაც მე მომწონდა მამაკაცში, ბაჩანას კი ჰქონდა სული. ახლა კი, ამ ყველაფრის მერე, მე მხოლოდ სული მაინტერესებდა ადამიანში. ჰოდა, აგერ იდგა ადამიანი, რომელსაც ვგრძნობდი, რომ ნამდვილად ვუყვარდი და მზად იყო ეპატიებინა ჩემი წარსული, ისევე როგორც ღმერთმა მაპატია. მან თითქოს უთქმელად იცოდა ყველაფერი. ვხვდებოდი, რომ შემთხვევა არ არსებობს, ღმერთს ასე უნდოდა, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ღმერთის ნებით. რადგან გვითხრეს, რომ ერთი დღე და ღამე ზაზას მაინც ვერ ვნახავდით, სახლში წასვლა გადავწყვიტეთ. ბაჩანამ მომიყვანა მანქანით სახლამდე, ჩანთების ატანაში მომეხმარა. - აუ, აბაზანა სად გაქვს? წყალს შევისხამ სახეზე, მძინავს და ისე დავდივარ - იმდენი სითბო იყო ამ წუწუნშიც კი, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. - როგორ დაგტანჯე, - ვუთხარი და გავუღიმე. - ასეთი თვალებით ჩემთვის არასოდეს შემოგიხედავს. შენ იცი, მე შენს მიმართ რასაც ვგრძნობ. იცი, მე არ მიჭირს გითხრა, რომ მიყვარხარ, მე შენ მჭირდები, მინდა იცოდე, რომ სანამ ამას ვიგრძნობდი შენს მიმართ, არავინ მყვარებია. მეშინოდა, რომ ამ გრძნობის გარეშე წავიდოდი ამ ქვეყნიდან, მაგრამ აი ახლა სავსეა ჩემი გული შენი სიყვარულით. მადლობა უფალს, რომ გამხადა ამის ღირსი. რატომღაც მგონია, რომ შენ ისევ ის გიყვარს... მე შენ დაგელოდები, გაერკვიე შენს გრძნობებში, მაგრამ მინდა ვიცოდე, რომ მე შენ მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ!... თითქოს ველოდი ამ აღსარებას, თითქოს, თითქოს თავიდანვე ვიცოდი, რომ ის აქ ამიტომ ამოვიდა. რაღაც უნდა მეპასუხა, მაგრამ რა? არ ვიცოდი და მაინც ვთქვი, რასაც ვგრძნობდი. - მე ის აღარ მიყვარს... ნამდვილად აღარ მიყვარს, უბრალოდ მას ჩვენი... ხო, ჩვენი დახმარება ჭირდება. ესეც ღმერთის ნებაა, დაეხმარო მას, ვინც ასე საშინლად გატკინა გული. მაგრამ შენ არ იცი... პაუზა დიდხანს გაგრძელდა. არ ვიცოდი, მეთქვა თუ არა, ამ სიტყვების თქმის მეშინოდა და მივხვდი, რომ ამის თქმის კი არა, ბაჩანას დაკარგვის მეშინოდა, მაგრამ მაინც ვთქვი. - ის, მხოლოდ ერთი ღამით იყო ჩემთან და მან კი არა, მე მივატოვე. ის, ის შეიძლება მეძებდა, მაგრამ მე, მე არ ვისურვე მასთან დარჩენა. მე მისი გვერდში ყოფნის მეშინოდა. ის სხვა ადამიანია, სხვანაირია, სულ სხვანაირი. არ ვიცი, კიდევ რას ვიტყოდი. ბაჩანა მომიახლოვდა, ჩემს წინ გაჩერდა, თვალებში ჩამხედა. არასდროს, არასდროს დამავიწყდება მისი თვალები, მის წყლიან თვალებში მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული მოჩანდა. - მე შენ მიყვარხარ! გესმის! მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ. მე შენი შინაგანი სამყარო, შენი ლამაზი უბიწო თვალები, შენი გაბრაზებული, მოკუმული ტუჩები, შენი სხეული, შენი თმა, შენი თბილი ხელები, ყველაფერი, ყველაფერი მიყვარს და რაც შეეხება წარსულს, ეს ხომ წარსულია? იმ გამოქვაბულის მერე ჩემთვის დროის ათვლა თავიდან დაიწყო, მე შენ მიყვარხარ! და შენთან მინდა ყოფნა, რა თქმა უნდა, თუ ეს შენც გინდა, მე შენ მჭირდები, ნუ იტყვი ნურაფერს. თუ თანახმა იქნები, გახდე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ჩემი მეუღლე, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები მთელ ქვეყანაზე. ნუ მიპასუხებ, დაგელოდები. როდესაც ეს ყველაფერი ჩამთავრდება, მაშინ მიპასუხე, კარგი? მე მას ორივე ხელი კისერზე შემოვხვიე, მის ღრმა თვალებს ჩავხედე, ლოყაზე მეგობრულად ვეამბორე და მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი: - კარგი. ბაჩანამ ლოყაზე მაკოცა და შემოსასვლელი კარი ფრთხილად მიიხურა. თავში მთელი აზრები ამერია, ვერ გამეგო რა მჭირდა. მართლაც იმ გვირაბისა და გამოქვაბულის მერე დროის აღქმა კი არა, ყველაფერი შეიცვალა. გრძნობა, რომელიც წლების მანძილზე მტანჯავდა, საპნის ბუშტივით გასკდა და გაქრა. ბაჩანა, რომელიც არანაირ გრძნობას არ იწვევდა ჩემს გულში თუ გონებაში, მაფიქრებდა, მაღელვებდა, მასთან მინდოდა და ვგრძნობდი, რომ ამ ყველაფერში ღმერთის ხელი ერია. აბაზანაში შევედი, შხაპის ქვეშ თითქოს თავიდან დავიბადე, ყველანაირი დაღლილობა სადღაც გაქრა. გამოსულმა ეგრევე საავადმყოფოში დავრეკე, პასუხი დამაკმაყოფილებელი იყო, ყავა მოვიდუღე, დივანზე მივწექი და ვტკბებოდი ცხოვრების უბრალო ჩვევებით, რომ ტელეფონმა დარეკა - გისმენთ. - ნანუკი, რომ იცოდე, რა აღმოჩენა გაგვიკეთებია, გაგიჟდები. აბა, გამოიცანი - სულს ძლივს ითქვამდა ბაჩანა. უნებურად ფეხზე წამოვდექი და მოუთმენლად მივაყარე კითხვები: - რა დროს გამოცანებია, მითხარი რა ხდება, შენ რა, დასვენება არ გინდა? სად ხარ?... რა გაიგე?... - მუზეუმში ვარ, ჩემი ნათქვამი აქაც გამართლდა. ის ბიბლია, ჩვენ რომ წამოვიღეთ, ნამდვილად ოშკის ბიბლიაა! წარმოგიდგენია, მაგრამ აქ მთხოვეს, რომ არავისთვის გამემხილა ამ აღმოჩენის შესახებ. ხვდები, რატომ? ეს ბიბლია ბევრ რამეს შეცვლის. ახლა ვნანობ, რატომ მოვიტანე აქ, წამეკითხა მაინც... ის კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, რომ გავაწყვეტინე. - შენ რა, ბიბლია იქ დატოვე?... - აბა, რა მექნა? იცი, რა ამბავი ატყდა, თავი დაკითხვაზე მეგონა, ოცდაათ კაცამდე მაინც მოგროვდა, ვიღაც სასულიერო პირი მოვიდა. მგონი, სწორედ მან ითხოვა ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა, ჩაიწერეს ჩემი მისამართი, ტელეფონი და გამომიშვეს, ბიბლია კი არ გამომატანეს. რას აკეთებ? - უცებ შეცვალა საუბრის თემა. - ყავას მივირთმევ და შენ გელაპარაკები. იცი, მოდი, ამაზე ნუ ვიდარდებთ, ჩვენ ხომ გავაკეთეთ, რაც გვინდოდა, ვნახეთ ის, რაც ერთეულების ხვედრია. ჩვენ ხომ ამ ყველაფრით ბედნიერი ვართ? ჯვარზე ხომ არ გითქვამს რამე? - უცებ, საშინლად შემეშინდა საჩუქრის დაკარგვის და ხელი გულზე მივიდე, იქ სადაც ჯვარი მეგულებოდა. - არა, გადაირიე? ნეტავ, ისიც არ მიმეტანა, - დანანებით თქვა და გააგრძელა - ხო, ჩვენ ბედნიერები ვართ ამ ყველაფრით, მაგრამ შენ დაგავიწყდა გეთქვა, რომ ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი, ეს კი ყველაფერ ამაზე მთავარია ჩემთვის, შენთვის? - მკითხა და გაჩუმდა. - ჩემთვის? ჩემთვის ყველაფერი, რაც იქ მოხდა, მთავარია, ამან შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე ვგრძნობ ამას, დღეს ბედნიერი ვარ. ხო, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, რომ მე შენ გიპოვე. იცი, მე შენ უკვე მენატრები!... საშინლად მენატრები... შენთან მინდა... - იმდენი სითბო იყო ამ სიტყვებში, რომ სხეულში გამიჯდა, გული გამითბო, სადღაც ფეხებიდან გადავიდა და მთელ ოთახში დაცხა. - იცი, მეც მენატრები, მიგეჩვიე!... მიჭირს მარტო ყოფნა, არადა, მიყვარდა მარტოობა... - მარტო მიმეჩვიე და იმიტომ?... - არ მაცალა აზრის დამთავრება ბაჩანამ. - შენ ხომ მითხარი, ჯერ ნურაფერს მიპასუხებო, ხომ მომეცი დრო? ხოდა, მაცალე ცოტა, კარგი?... - მხიარული ტონით ვუთხარი. - კარგი!... მაგრამ დრო!... ღმერთო ჩემო, როგორ არ მინდა ახლა მესმოდეს ეს სიტყვა - დრო, რა გაუძლებს ამ დროს. როდის მოვა დრო, როცა ერთად ვიქნებით? - არ ვიცი, არ ვიცი, მოვა კი? - ისევ ის ტონი ჩემს ხმაში. - მოვკვდები!... - თქვა ბაჩანამ და დადუმდა. მეც არ ამოვიღე ხმა და პაუზა ცოტა ხნით გაიწელა, სიჩუმე ისევ მან დაარღვია. - არავის, არავის ეყვარები ასე, როგორც მე, გესმის? კარგი, წავედი, სახლში უნდა მივიდე, დედაჩემთანაც ვარ გასასვლელი, ხომ უნდა მოვუყვე შენს შესახებ. მე ამ გრძნობით ბედნიერი ვარ და მინდა მას ვუწილადო ჩემი ბედნიერება. ვიცი, ძალიან გაუხარდება. კარგი, გკოცნი, მიყვარხარ! მივალ თუ არა სახლში, დაგირეკავ. - ხო, დამირეკე, - ვთქვი და ვიგრძენი, რომ რაღაც მიხაროდა, 17 წლის გოგოსავით ავმჩატდი, რა მემართება? მიხარია და რა? რომ ბაჩანას დედა გაიგებს შვილის გადაწყვეტილებას, რომ თუ მე დავთანმხდი, გავყვები მას ცოლად და ჩვენ გვეყოლება შვილები... და აქ აღმოვაჩინე, რომ პირველად ცხოვრებაში ვიფიქრე იმაზე, რომ მე გავხდებოდი დედა. ტანში გამცრა, უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა და მივხვდი, რომ მთავარი მისია ქალისთვის მაინც იყო ის, რომ ყოფილიყო დედა. ვიგრძენი, მოვიდა დრო, მეც მეგრძნო დედობის გრძნობით გამოწვეული ბედნიერება. იმ წუთას რომ დაერეკა ბაჩანას, ალბათ, ვეტყოდი, რომ თანახმა ვიყავი გავმხდარიყავი მისი მეუღლე და მისი შვილების დედა, მაგრამ მან არ დარეკა. ხოლო საღამოს, როდესაც მან დარეკა, მე, რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი არ მითქვამს. გადავწყვიტეთ, დილით წავსულიყავით ზაზასთან საავადმყოფოში, გვიანობამდე ვლაპარაკობდით. ბაჩანა მიყვებოდა, როგორ გაუხარდა დედამისს ჩვენი ამბავი, თუ როგორ ემზადებოდა ის ჩემს შესახვედრად, თუ რა ძალიან უნდა მას ჩემი გაცნობა და ათასი სხვა... გვიან დავიძინე. დილით ათი საათისთვის უკვე მზად ვიყავი და ბაჩანას ველოდი. სარკესთან დიდხანს ვიტრიალე, მინდოდა განსაკუთრებული ვყოფილიყავი, ვიცოდი დღეს ზაზას ვნახავდი, ისიც უკვე შესძლებდა ლაპარაკს. რას მეტყოდა ის? საშინლად მაინტერესებდა, მაგრამ ისიც აღმოვაჩინე, რომ რაც არ უნდა ეთქვა მას, უკვე არაფერი შეიცვლებოდა, მე ის აღარ მიყვარდა. ფიქრი ბაჩანას მანქანის საყვირის ხმამ გამაწყვეტინა. კარი გასაღებით დავკეტე და აუჩქარებლად ჩავათავე კიბეები. წინა სავარძელზე მის გვერდით მოვკალათდი, შევხედე და ვიგრძენი, სხვა გრძნობა შემოპარულიყო უკითხავად ჩემს გულში. იგი გადმოიხარა, ლოყაზე მაკოცა და მანქანა ადგილიდან დაძრა. მე კი ასევე დავრჩი, სულელივით მივჩერებოდი მას. - რას მიყურებ? - ღიმილით მკითხა. - რას გიყურებ? “სურთ ამ თვალებს უმეცართ, შეგამჩნიონ ნაკლიცა და მშვენებაც, თორემ თუ კი შემიყვარდი, უეცრად ყველაფერი კარგად მოეჩვენება” - გამახსენდა ნინოშვილის ლამაზი ლექსი. - მაგას თუ მოვესწარი, ბედნიერი ვიქნები. იცი, როგორ მენატრები? ახლაც კი. აქ ხარ და მაინც მენატრები, - რატომღაც ჩურჩულით ლაპარაკობდა ბაჩანა. - მოდი, ვნახოთ ზაზა და მერე სადმე წავიდეთ, - შევცვალე საუბრის თემა. - აუ, ჩემს გულში ზიხარ, დედას ვფიცავარ, მე მინდოდა მეთქვა იგივე, - გაიხარა ბაჩანამ. - ხოდა, ძალიან კარგი. ზაზა პალატაში დაგვხვდა გადაყვანილი, შიგნით შესვლა გამიჭირდა, მთელი ძალების მოკრება დამჭირდა, რომ ერთი ნაბიჯი გადამედგა, აქაც ბაჩანა დამეხმარა, თვალებით მანიშნა, შედიო და მეც გავბედე. შევედი. საწოლზე, რომელზედაც ის კაცი იწვა, ვინც ამდენი წლის მანძილზე აჩრდილივით დაჰყვებოდა ჩემს არსებას, ვიღაც ქალი ჩამომჯდარიყო და კოვზით რაღაცას აჭმევდა. უცებ, შევჩერდი და ის იყო,უკან გასვლა დავაპირე, რომ ზაზამ დამიძახა: - ნუკი, ნუ წახვალ, მოდი აქ. ისევ ის ლამაზი ბარიტონი. მაგრამ ეს ხმა ჩემს გულში აღარ იწვევდა იმ გრძნობას, როგორსაც ადრე, ის ყველაფერი სადღაც გამქრალიყო. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ სიყვარული არ კვდება, არ იკარგება. თურმე, ვცდებოდი და ახლა, სინანულის მაგივრად, მახარებდა ეს... მივუახლოვდი, საწოლის გვერდით მდგომ სკამზე უხერხულად ჩამოვჯექი და თითქოს სხვისი ხმით ვკითხე: - ახლა როგორ ხარ? - აი, ასე, როგორც მხედავ. ისე, შენ, რომ არ ყოფილიყავი, შეიძლება არც ვიქნებოდი ახლა ცოცხალი... - ალბათ, კიდეც აპირებდა რაღაცის თქმას, რომ ქალი უცებ წამოდგა, საწოლს შემოუარა, მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა. - ააა... ეს თქვენ ხართ?... რომ იცოდეთ, როგორ მიხარია თქვენი ნახვა, ღმერთო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი. ჩემი ზაზა ხომ თქვენ გადაარჩინეთ... - ცირკის მასხარასავით შეღებილ ტუჩებს უშნოდ მანჭავდა და საშინლად მიჭერდა ხელს ხელზე. დავიბენი. არც მითქვამს არაფერი, ისედაც ვიცოდი, რომ მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ იყო. აი, ეს ტიკინა კი ზუსტად მისი შესაფერი კანდიდატურა გახლდათ, ლამაზი ფუტლიარი, ისეთივე როგორც თვითონ. ძალად გავიღიმე, ზაზას გადავხედე და ვთქვი: - მე, მე რატომ მიხდით მადლობას?... მადლობა ღმერთს!... ჩემი დახმარება, ვხედავ, აღარ გჭირდება, გარეთ ჩემი მეუღლე მელოდება, ღმერთი იყოს შენი მფარველი. მშვიდობით, მე ჩემი მისია შენს წინაშე სავსებით ამოვწურე... კარი გამოვიკეტე და ვიგრძენი როგორ დავტოვე ოთხი განცვიფრებული თვალი. ბაჩანა მოლოდინით სავსე მზერით მომჩერებოდა და აშკარად ელოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვეტყოდი. - მე ყველაფერი დავამთავრე. მოდი, აქედან პირდაპირ დედაშენთან წავიდეთ. მე მზად ვარ გავხდე შენი მეუღლე, - ვუთხარი და თვალებში შევხედე. ის დაიბნა, არ იცოდა, რა ექნა. უცებ, მითხრა: - მე მინდა შენ გიყვარდე, მე არ მინდა ვიღაცის ჯიბრზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ თუ შენ იგივეს არ გრძნობ ჩემს მიმართ, ასეთი ოჯახი არც მე და არც შენ არ გვჭირდება, - ასეთი ტონი მის ხმაში დღემდე არ გამეგო. - მინდა იცოდე, რომ ის, რაც მე შენთან შეხვედრამდე სიყვარული მეგონა, არ ყოფილა სიყვარული. მე შენ მიყვარხარ - როგორ გამიჭირდა ამ სამი სიტყვის თქმა “მე შენ მიყვარხარ”, ნუთუ ძნელია თქვა და ბედნიერი გახდე შენც და ისიც, ვინც ასე ელოდება შენგან ამის გაგებას. ბაჩანამ, ორივე ხელი შემომხვია, თავისკენ მიმიზიდა და მაკოცა, ოღონდ ისე არა, როგორც მანამდე, სიყვარულით მაკოცა და მივხვდი, რომ მე ის მართლა მიყვარდა და ეს იყო ის წმინდა გრძნობა, რომლის არევა არაფერში შეიძლებოდა. და ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ჯიბრით ხომ არ გამომდიოდა, სადღაც გაქრა, მე ის მიყვარდა და ბედნიერი ვიყავი, რომ მასაც ვუყვარდი და ის ჩემთან იქნებოდა ყოველთვის, მე მას არსად გავექცეოდი. ღვთისმშობლის ნაჩუქარი ჯვარი, რა თქმა უნდა, ბედნიერი აღმოჩნდა. ვიპოვე ადამიანი, ვისაც ვეყვარებოდი მთელი დარჩენილი სიცოცხლე. დავეთანხმე ბაჩანას იმაშიც, რომ ყველაზე დიდი განძი, რაც კი შეიძლებოდა გვეპოვა დედამიწის ზურგზე თუ გულში, სიყვარული იყო. მე ბედნიერი ვიყავი და მიხაროდა სიცოცხლე. ზუსტად ერთ თვეში ამ დღიდან მე და ბაჩანამ ჯვარი დავიწერეთ, ერთ წელიწადში კი, მარიამობის დღეს, 28 აგვისტოს, ღმერთმა ქალიშვილი გვაჩუქა. ჩემს მარიამს ზუსტად ისეთივე თვალები ჰქონდა, როგორც ხატს იმ გამოქვაბულში. ჩვენ ბედნიერები ვიყავით და არასდროს, არასდროს გამხსენებია ზაზა, რომლის გახსენება ადრე დიდ ტკივილს მაყენებდა. ბედნიერი ვიყავი და ამისთვის ღმერთს ყოველდღე ვემადლიერებოდი. ...ხო, მართლა, ლამის დამავიწყდა. ბაჩანამ იქ გადაღებული ფოტოები რომ გაამჟღავნა, მთელი ფირი ცარიელი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი სურათი, რომელზეც ღვთისმშობლის ხატი იყო გამოსახული, ახლაც საკმაოდ დიდი ზომის, ლამაზ ჩარჩოში ჩასმული, ამშვენებს ჩვენს მყუდრო ბინას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ულამაზესიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა:):) ულამაზესიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა:):)
16. ეს ჯერ კიდევ მაშინ მაქვს წაკითხეული, როცა წევრი არ ვიყავი :) დღემდე მაქხსოვს დეტალები, მართლა ოღონდ :) არაჩვეულებრივად წერთ. მოხიბლული ვიყავი მაშინაც და ახლაც :) ეს ჯერ კიდევ მაშინ მაქვს წაკითხეული, როცა წევრი არ ვიყავი :) დღემდე მაქხსოვს დეტალები, მართლა ოღონდ :) არაჩვეულებრივად წერთ. მოხიბლული ვიყავი მაშინაც და ახლაც :)
15. ესეც ასე... დიდი მადლობა წიგნის ჩუქებითვის, თამრიკო!:-* ესეც ასე... დიდი მადლობა წიგნის ჩუქებითვის, თამრიკო!:-*
13. ლამაზი დასასრულიაააააა,მომეწონააააააააააა,წარმატებებიიიიიიი და წარმატებებიიიიიი... ლამაზი დასასრულიაააააა,მომეწონააააააააააა,წარმატებებიიიიიიი და წარმატებებიიიიიი...
12. მშვენიერია თამო!!! გაიხარე შენა!!! გისურვებ წარმატებებს!!! მშვენიერია თამო!!! გაიხარე შენა!!! გისურვებ წარმატებებს!!!
11. კარგი ხარ თამ:-*
თბილი და სუფთა მოთხრობა იყო. კარგი ხარ თამ:-*
თბილი და სუფთა მოთხრობა იყო.
10. ლამაზად დამთავრდა. ზაზას დანაშაული რა იყო...? ძალიან მომხივლელი რომ იყო და მოკრიმინალო...? მომეწონა თამუ მოთხრობა...5 ლამაზად დამთავრდა. ზაზას დანაშაული რა იყო...? ძალიან მომხივლელი რომ იყო და მოკრიმინალო...? მომეწონა თამუ მოთხრობა...5
9. გაიხარეეე!!! გაიხარეეე!!!
8. კარგად წერთ, სასიამოვნოდ იკითხება და სიუჟეტიც, საინტერესოა. და თუ ეს მართლაც თქვენი ფანტაზიაა, მაშინ მშურს თქვენი... :) კარგად წერთ, სასიამოვნოდ იკითხება და სიუჟეტიც, საინტერესოა. და თუ ეს მართლაც თქვენი ფანტაზიაა, მაშინ მშურს თქვენი... :)
7. კარგად დამთავრდა. აუუ მაგარი იყო, ხო იცი. კარგად დამთავრდა. აუუ მაგარი იყო, ხო იცი.
6. ძალიან საინტერესოდ წერ თამ... მუდამ მოუთმენლად ველოდი როდის დადებდი ხოლმეშემდეგ თავს..
ძალიან საინტერესოდ წერ თამ... მუდამ მოუთმენლად ველოდი როდის დადებდი ხოლმეშემდეგ თავს..
5. ...შემოვდივარ რომ მოგესალმო, თამუ... კითხვით მოგვიანებით ვკითხულობ... და ინტერესით :) ...შემოვდივარ რომ მოგესალმო, თამუ... კითხვით მოგვიანებით ვკითხულობ... და ინტერესით :)
4. აუ, სათაურმა შემომიყვანა და როგორც ვხვდები ნაწილებადაა დადებული :) წავიკითხავ აუცილებლად :) აუ, სათაურმა შემომიყვანა და როგორც ვხვდები ნაწილებადაა დადებული :) წავიკითხავ აუცილებლად :)
3. უი,ამის დადება გამომპარვია?
უი,ამის დადება გამომპარვია?
2. მამიდაააა :D უკვე მალე მოვალ შენთააააან :-* მამიდაააა :D უკვე მალე მოვალ შენთააააან :-*
1. ...ხო, მართლა, ლამის დამავიწყდა. ბაჩანამ იქ გადაღებული ფოტოები რომ გაამჟღავნა, მთელი ფირი ცარიელი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი სურათი, რომელზეც ღვთისმშობლის ხატი იყო გამოსახული, ახლაც საკმაოდ დიდი ზომის, ლამაზ ჩარჩოში ჩასმული, ამშვენებს ჩვენს მყუდრო ბინას.
გაიხარე! არაჩვეულებრივია! 5 ...ხო, მართლა, ლამის დამავიწყდა. ბაჩანამ იქ გადაღებული ფოტოები რომ გაამჟღავნა, მთელი ფირი ცარიელი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი სურათი, რომელზეც ღვთისმშობლის ხატი იყო გამოსახული, ახლაც საკმაოდ დიდი ზომის, ლამაზ ჩარჩოში ჩასმული, ამშვენებს ჩვენს მყუდრო ბინას.
გაიხარე! არაჩვეულებრივია! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|