მეიძის ეპოქა ("მეიძი იშინ" - მეიძის რესტავრაცია, ლ.ა.) იაპონიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი პერიოდია. ამ დროს სამოქალაქო ომის შედეგად ტოკუგავას სოიგუნატი მარცხდება და ძველ სიდიადეს იბრუნებს საიმპერატორო სახლი. ამავე პერიოდში ხდება იაპონური საზოგადოების ძირეული რეფორმაცია, რომელიც ფაქტობრივად იაპონიის ბურჟუაზიულ რევოლუციას წარმოადგენდა. იმპერატორი მუცუჰიტო (შემდგომში იმპერატორი მეიძი) და ბურჟუაზიული მთავრობა ატარებენ რეფორმებს, რომლებიც გზას უხსნის კაპიტალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას - უქმდება შეზღუდვები მიწის თავისუფალ გაყიდვაზე, ცხადდება ბურჟუაზიული თავისუფლებანი, უქმდება სათავადოები და იქმნება პრეფექტურები, ტარდება მიწის რეფორმა, უქმდება საზოგადოების ტრადიციული ოთხფენიანი იერარქია (მმართველები, გლეხები, ხელოსნები და ვაჭრები), სამხედრო სამსახური ღია ხდება საზოგადოების ყველა ფენისათვის, საყოველთაოდ იკრძალება ხმლის ტარება, უქმდება სამურაების კლასის ყველა პრივილეგია და სამურაების სტრატიფიკაცია. ტოკუგავას დიქტატურის დამთავრებამ დასაბამი მისცა "ახალი" ბუდოს განვითარებას. მეიძის მთავრობამ შეცვალა კლასიკური (ტოკუგავას) ბუდოს იდეოლოგია და დაიწყო "პიროვნული სიამაყისა და ეროვნული სულის" "ახალი" კონცეფციის დანერგვა იაპონურ საზოგადოებაში. მეიძის ეპოქაში ეკონომიკის ზრდამ არნახულ ტემპებს მიაღწია (1909 წელს სამრეწველო წარმოება 1874 წელთან შედარებით 12–ჯერ გაიზარდა, ხოლო სამხედრო პროდუქციის რაოდენობა – 20–ჯერ). იაპონიის სამხედრო ძალების ზრდამ გამოიწვია ის, რომ ბუდო ახალი იაპონიის "მომავლის ჯარისკაცების" აღზრდის იარაღად გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ "მეიძის რევოლუციამ" სამურაების ყველა ტიტული და სტატუსი გააუქმა (სამურაების რაოდენობა 1867 წელს 1.9 მილიონს აღწევდა, რაც 10–ჯერ აღემატება საფრანგეთის წარჩინებულთა რაოდენობას 1789 წლის რევოლუციამდე), მათი უმეტესობა წარმატებულად დასაქმდა სახელმწიფო სამსახურში, სამხედრო სისტემაში, სკოლებში, დიდ სამრეწველო გაერთიანებებში. მმართველნი კვლავ მმართველებად იქცნენ. ვფიქრობ, ამ "ხავერდოვანმა" გადანაწილებამ უკვე ბურჟუაზიულ რეალობაში, დიდი სამსახური გაუწია ფეოდალური იაპონიის წარმატებულ რეფორმირებას და მას თავიდან ააცილა ევროპული რევოლუციებისათვის დამახასიათებელი მწარე პოლიტიკური და სოციალური შედეგები. იაპონელებმა კვლავ ჭკუა იხმარეს და საპასუხისმგებლო საქმე კვლავ იმათ ჩააბარეს, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა თაობების განმავლობაში გადაეცემოდათ წინაპრებისგან. სამურაებისთვის სისხლში გამჯდარი "ბუდოს სული" და თავგანწირვა მათ ახლა "კაპიტალისტურ ომებში" და ბრძოლებში გამოადგებათ. იაპონელები მალე მთელს მსოფლიოს დაანახვებენ თუ რა შეუძლიათ "მზის შვილებს". 1913 წლიდან კლასიკური საბრძოლო ხელოვნება კვლავ სასწავლო პროცესის ნაწილი ხდება, თუმცა მათ ახალი "შეფუთვა" აქვთ, ისინი ახალი იაპონიის ასაღორძინებლად და გასაძლიერებლად გამოიყენება. მალე ამ დისციპლინებს ემატება ძიგორო კანოს შექმნილი ძიუ-დოს ახალი სისიტემა (ძირითადად პოლიციის დანაყოფებისთვის), მოდერნიზებული კენდო და სუმო. II მსოფლიო ომის წინ ეს სწავლება ყველასთვის სავალდებულო ხდება "ფსიქოლოგიურად სრულყოფილი ჯარისკაცის" აღზრდის მიზნით. ბუდო ხდება გზა მილიტარისტული იაპონიის "მომავლის ჯარისკაცების" სტრატეგიის, თვითკონტროლისა და ზემდგომთა მიმართ ლოიალურობის განვითარებისათვის. ამ სამხედრო რეფორმამ ბუდოს ინსტრუქტორებს სულიერი ლიდერებისა და საზოგადოების "განმანათლებელთა" ფუნქცია შესძინა. ამავე დროს სასტიკად აიკრძალა "ძველი სტილის" (და ძველებურად) საბრძოლო სისტემების სწავლება, კენ-ძიუცუსა და ჯიუ-ჯიუცუს ჩათვლით, რამაც ტრადიციული იაპონური ხმლისა და სხვა იარაღების ბევრი ოსტატი აიძულა იატაკქვეშეთში ემუშავა ან ემიგრაციაში წასულიყო. მეიძის ეპოქაში, ტაკედას ძლევამოსილი გვარის წარმომადგენელი და მთავარი – მასაიოში მინამოტო ტაკედა სოკაკუ (1859-1943) დაიტო-რიუს ხელოვნების გავრცელებას იწყებს გაერთიანებულ იაპონიაში და "ახალი წესრიგიდან" გამომდინარე, ძირითადად პოლიციისა და შინაგანი ჯარების შემადგენლობას ავარჯიშებს, რომლებიც თავის მხრივ ძირითადად ტოკუგავას პერიოდის სამურაებით არის დაკომპლექტებული. ამ კაცის სახელთანაა დაკავშირებული საუკუნეების განმავლობაში გვარის მიერ დაცული საბრძოლო ხელოვნების "მეორე სიცოცხლის" დასაწყისი. ტაკედა სოკაკუ, 1859 წლის 10 ოქტომბერს, ტაკედას მამულში დაბა ოიკეში, აიძუში (დღეს ფუკუშიმას პრეფექტურა), ტაკედა სოკიჩის ოჯახში დაიბადა. სოკიჩი ტაკედა სუმოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭიდავე და სუმოში ძალიან მაღალი - ოზეკის რანგის მფლობელი იყო (ოზეკიზე მაღალი, მხოლოდ იოკოძუნას - აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულია, ლ.ა.). სოკაკუს დედა, ტომი, სამურაების ძლიერი კლანის წევრი და გამოჩენილი მებრძოლის, დენგორო კუროკიჩის შვილი იყო. ტაკედას გვარის ბიჭებს ტრადიციულად მამებისაგან გადაეცემოდათ დაიტო-რიუს სწავლება, რაც, ისევე, როგორც კენ-ძიუცუ (ხმლით ბრძოლის ხელოვნება), ბო-ძიუცუ (ჯოხით ბრძოლის ხელოვნება) და სუმო (იაპონური ჭიდაობის ერთ-ერთი სახეობა), ახალგაზრდა სამურაების აღზრდის წესის შემადგენელ ნაწილი გახლდათ (იმ დროს შეუიარაღებელი ხელით ბრძოლა - ძიუ-ძუცუ, არც ისე პოპულარული იყო, რადგან სამურაების ფენა ხმალს ატარებდა, ლ.ა.). სოკაკუ, როგორც აიძუს ტაკედას გვარის ჩამომავალი, ბავშვობიდან ვარჯიშობდა აიძუს კლანისთვის ტრადიციულ, ონო-ჰა იტტო-რიუს ხმლის სკოლაში ოსტატ ტომა შიბუიას ხელმძღვანელობით, იოკიკანის დოძოში ("დოძო" - სავარჯიშო დარბაზი, ადგილი იაპონურად). სწორედ ონო-ჰა იტტო-რიუსა და ჰოკუშინ იტტო-რიუს სწავლებაზეა დაფუძნებული დღევანდელი კენდო, იაპონური ხმლით ბრძოლის ხელოვნება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სწორედ ონო-ჰა იტტო-რიუს ხმლის სკოლისთვისაა დამახასიათებელი ხმლით ბრძოლისას მაჯების ტრიალისა და მოძრაობის შესაძლებლობების გამოყენება, რაც საბაზო ფორმებია დაიტო-რიუ აიკი-ძუცუსა და აიკიდოში. 1870 წელს ოჯახის წევრები სოკაკუს უკრძალავენ სუმოს ადგილობრივ ტურნირებში მონაწილეობას, რადგან სუმოში ოზეკის ტიტულის მფლობელის შვილს არა აქვს უფლება სუმოს ტურნირებში ოჯახის სახელით გამოვიდეს. ახალგაზრდა და ბრძოლის ჟინით ანთებული სოკაკუ მაინც არ იშლის თავისას და ფარულად გამოდის სუმოს ორთაბრძოლებში. 1873 წელს, ტაკედა სოკაკუ და მამამისი, ტაკედა სოკიჩი, მიემგზავრებიან ოჯახის მეგობრის, ხმლით ბრძოლის ოსტატის, იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლის, საკაკიბარა კენკიჩის დოძოში. ტაკედა სოკაკუ რჩება საკაკიბარას სკოლაში, როგორც უჩი-დეში (სტუდენტი, რომელიც დარბაზში ცხოვრობს). საკაკიბარას სკოლაში იგი ჯიკიშინკაგე-რიუს ხელოვნებას ეუფლება. მეიძის ეპოქამდე საკაკიბარა კენკიჩი სიოგუნის პირადი მცველი, შინეიტაი შიჰანი იყო. მასვე ეკუთვნოდა რეკორდი კაბუტოვარიში - ლითონის მუზარადის ხმლით ჭრაში. იმპერატორ მეიძის წინაშე ხმლის სამმა ოსტატმა, იოშიტადა უედამ (კიოშინ მეიჩი-რიუ იანაის სკოლა), სოსუკე იცუმიმ (ტაცუმი-რიუ იაის სკოლა) და კენკიჩი საკაკიბარამ (ჯიკიშინკაგე-რიუს სკოლა) სცადა მონომარის სტილის მუზარადის გაჭრა ხმლით. პირველი ორი ოსტატის მცდელობა უშედეგო გამოდგა, მათ ვერ გაჭრეს მუზარადი და დარტყმისაგან წონასწორობაც დაკარგეს. საკაკიბარამ თავისი დოტანუკის (სქელი, მძიმე ხმალი, რომელიც ერთი დარტყმით ჭრისთვის გამოიყენებოდა, ეს კატანები არ იყო ძალიან გავრცელებული, თუმცა ოსტატის ხელში საშინელ იარაღს წარმოადგენდნენ) ხმლით მუზარადის გაჭრა და მასზე 10.58 სმ-ის სიგრძის ნაჭდევის დატოვება მოახერხა. ამ ტესტის შემდეგ საკაკიბარას ხმლის სკოლა - ჯიკიშინკაგე-რიუ, იაპონიაში ყველასთვის ცნობილი გახდა. საკაკიბარას სკოლას იაპონიაში იცნობდნენ როგორც მძიმე-ხმლის სკოლას. ამ სკოლაში სწავლამ ტაკედა სოკაკუს საშუალება მისცა შეხვედროდა იაპონიის ყველაზე ცნობილ მებრძოლებს, სამურაებს, რომელთა დიდი ნაწილი ტოკუგავას სიოგუნატის საუკეთესო საბრძოლო სკოლის, კობუშოს მოწაფეები იყვნენ. საკაკიბარას სკოლაში სოკაკუ შეხვდა და დაუმეგობრდა ბევრ გამოჩენილ საბრძოლო ოსტატს, მათ შორის ძიროკიჩი იამადას, რომელიც შემდგომ ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის კენდოს სკოლის მასწავლებელი გახდა. ტაკედა სოკაკუ ორი წლის მანძილზე გულმოდგინებით ეუფლებოდა სხვადასხვა საბრძოლო სტილსა და იარაღს, მათ შორის კენს (ხმალი), ბოს (გრძელი ჯოხი), ჯოს (მოკლე ჯოხი), შურიკენს (სასროლი ბასრი იარაღი), მოგვიანებით ტაკედა სოკაკუ იღებს ლოცენზიას ("ინკა", იაპონურად) ჰოძოინ-რიუში, შუბით ბრძოლის ხელოვნებაში. საკაკიბარას სკოლის დამთავრების შემდეგ ტაკედა სოკაკუმ იმოგზაურა მთელს იაპონიაში, შეხვდა სხვადასხვა საბრძოლო სკოლების წარმომადგენლებს და გაამდიდრა თავის საბრძოლო ტექნიკა. ამავე დროს დაიწყო სოკაკუს სამურაის გზა, როდესაც მას თავისი ხელოვნების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება მოუწია. 1875 წელს, 16 წლის ტაკედა სოკაკუს, ფუკუშიმაში, ხიდზე გადასვლისას თავს დაესხნენ ყაჩაღები, მაგრამ სოკაკუმ იმარჯვა და თავდამსხმელთაგან 5 კაცი ფეხებში დაჭრა, მდინარეში გადახტა და თავს უშველა. 1876 წელს, მას კვლავ მოუწია მძარცველებისაგან თავის დაცვა. ბრძოლაში მან სამი კაცი დაამარცხა და ერთი მოკლა. იმავე წელს სოკაკუს მამა, სოკიჩი იღებს გადაწყვეტილებას შვილი ცუცუკო-ვაკეს მონასტერში, აიძუს კლანის ყოფილ წინამძღოლთან საიგო ტანომოსთან მიიყვანოს და საერო ცხოვრებას განარიდოს (ამავე მონასტერში ცხოვრობს სოკაკუს ძმა სოკაცუც), მაგრამ სოკაკუ არ რჩება მონასტერში და აგრძელებს სამურაის გზას, ან სხვაგვარად მუშა-შუგიოს, დადის სხვადასხვა დოძოებში და საბრძოლო ტექნიკას იმდიდრებს. 1877 წელს ტაკედა სოკაკუ, საკაკიბარას რეკომენდაციით, ქ. ოსაკაში ხვდება ხმლით ბრძოლის ოსტატს, მომონოი შუნძოს და კიოშინ მეიჩი-რიუს დოძოში ხმლით ბრძოლის ხელოვნების დასახვეწად დიდი ხნით რჩება მის სახლში. უნდა აღინიშნოს რომ საკაკიბარა სენსეის ამ გადაწყვეტილებამ სოკაკუ გადაარჩინა ე.წ. სამხრეთ-დასავლეთის აჯანყებაში (1877 წ.) მონაწილეობისაგან, რომელსაც სოკაკუს ნათესავი ტაკამორი საიგო ხელმძღვანელობდა. საკაკიბარამ თავის წერილში გააფრთხილა მომონოი შუნძო, რომ მას დიდი ხნით დაეტოვებინა სოკაკუ თავისთან და არაფრით არ გაეშვა აჯანყებულებთან. ამას დაერთო სოკაკუს ძმის, სინტოისტი ბერის, სოკაცუს უეცარი სიკვდილი, რამაც სოკაკუ იძულებული გახადა დაბრუნებული ფუკუშიმაში და ჰოშინა ჩიკანორისთან ჩასულიყო მონასტერში. აჯანყების დამარცხების შემდეგ, სოკაკუ აგრძელებს მოგზაურობას და აკრობატების ჯგუფს უერთდება. კუმამოტოს პრეფექტურაში ჩასვლისას იგი ოკინავა-ტე კარატეს დემონსტრაციას ესწრება და ძალიან ინტერესდება ბრძოლის ამ სტილით, დუელში იწვევს კარატისტებს და ამარცხებს მათ, მაგრამ ამითი არ კმაყოფილდება და ორი წლით მიდის ოკინავაში (რიუ-კიუს კუნძულებზე, იაპონიის შორეულ სამხრეთში) და ინტენსიურად ვარჯიშობს კარატეში იქაურ მასწავლებლებთან. 1880 წელს სოკაკუ კ. კიუსიუზე ბრუნდება და ვარჯიშობს კენდოში, რომელიც იმ დროისათვის ძალიან პოპულარული ხდება. 1882 წელს, სოკაკუ კვლავ თავდასხმის ობიექტი ხდება. როგორც გადმოცემა მოგვითხრობას, მას 40 თავდამსხმელთან მოუწია ბრძოლა და, ზურგში მძიმედ დაჭრილი, შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, თუმცა რამდენიმე თავდამსხმელიც გამოასალმა სიცოცხლეს. ამ ინციდენტის გარშემო ატეხილი ხმაური სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილებით მთავრდება. სოკაკუს დაეთახმნენ, რომ იგი მხოლოდ თავს იცავდა. თუმცა ამ ინციდენტის გამო მას მოუწია თავისი საგვარეულო ხმლის, 17-ე საუკუნის დიდი იაპონელი ოსტატის ნაგასონე კოტეცუს მიერ გამოჭედილი ხმლის ჩინოვნიკებისათვის ჩაბარება მოუწია. დღეს ამ ოსტატის დამზადებული ხმლები მილიონობით დოლარი ღირს. 1887 წელს ტაკედა სოკაკუ საიგო ცუგუმიჩისთან (საიგო ტაკამორის ძმა) ერთად კუნძულ ჰოკკაიდოზე (იაპონიის არქიპელაგის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძული) მიემგზავრება, სადაც კუნძულის განვითარების პროექტში მონაწილეობს. 1888-1898 წლებში სოკაკუს ცხოვრებაზე ცოტა რამ არის ცნობილი, ფიქრობენ რომ სწორედ ამ დროს ტაკედა სოკაკუ ინტენსიურად სწავლობს საიგო ტანომოსთან აიძუს გვარის საბრძოლო სისტემას და როგორც ტაკედას დინასტიის ჩამომავალი, მემკვიდრის უფლებით იღებს ამ ცოდნას ტანომოსგან. ტაკედას გვარის საბრძოლო სისტემა დაიტო-რიუ აიკი-ძიუცუ, ტაკედა სოკაკუს მამისგან, ტაკედა სოკიჩისაგან გადაეცა, რომელმაც თავის მხრივ ეს ხელოვნება საიგო ტანომოსგან შეისწავლა. ზემოთხსენებული საიგო ტანომო (1830-1905), მეიძის ეპოქამდე აიძუს პროვინციის, ტაკედას გვარის მამულის ბოლო ჯოდაი-კარო (მინისტრი, კანცლერი) იყო. ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ საიგო ტანომო, სინტოს (ხშირად მოიხსენიება როგორც "შინტო" - ღმერთების გზა, იაპონურად, ლ.ა.) კულტის (იაპონიის ტრადიციული პოლითეისტური რელიგია) მსახური ხდება და ჰოშინა გენშინ ჩიკანორის სასულიერო სახელით ცხოვრობს მონასტერში, ფუკუშიმას პროვინციაში,. საიგო ტანომო, სოკაკუს, ოშიკიიუჩის (სხვაგვარად "გოტენ-ძიუცუ") ხელოვნებას ასწავლის. ბრძოლის ეს სახეობა დაიტო-რიუს შემადგენელი ნაწილია და ტაკედას კლანის სხვა ოჯახების მიერ შენარჩუნებულ საბრძოლო სისტემებთანაა დაკავშირებული (კოიამა-რიუ, შინნო-შინდო-რიუ). იგი იარაღის გარეშე ბრძოლის ილეთების ერთობლიობას მოიცავს. სხვაგვარად ამ ილეთებს დარბაზის ილეთები ჰქვია. აიძუს ტაკედათა კეთილშობილი გვარის მასწავლებლები საკუთარი კლანის ფარგლებში ყველა მებრძოლს გადასცემდნენ ოშიკიიუჩის სწავლებას, განსაკუთრებით კი იმ სამურაებს, რომლებიც მთავრის რეზიდენციაში მსახურობდნენ მცველებად (ჰატამოტო). აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სწავლების პროცესი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საბრძოლო გაკვეთილებით, მასში შედიოდა ისეთი დისციპლინები, როგორებიცაა ეტიკეტი, დარბაზში ქცევის წესები, პროტოკოლური სწავლება მთავართან ოფიციალური შეხვედრების დროს, დარბაზის დაცვის სტრატეგია და რელიგიური ცერემონიები. ოშიკიუჩის სწავლებას ბევრი მკვლევარი ორ შემადგენელ ნაწილად ყოფს (თუმცა ზოგი სხვა ასპექტებსაც აღნიშნავს): ერთი სტილი ხასიათდება ფართო, გრძელი მოძრაობებით და რაციონალურია ველზე (გარეთ) საბრძოლველად (ტაკედას გვარის სკოლისათვის დამახასიათებელი ტექნიკა), მეორე სტილი კი მცირე სივრცეებში ბრძოლისათვისაა მორგებული და მოიცავს მცირეამპლიტუდიან მოძრაობებს, ილეთებს ჯდომითი პოზიდან (სეიზადან), მუხლებზე სიარულს (შიკკო), რაც მოხერხებულია შენობის ოთახებში, კუთხეებში და დარბაზებში გამოსაყენებლად (დღევანდელი ფუკუოკას პრეფექტურის ადრინდელი მმართველი კლანის - კუროდას სკოლის - რიოი-შინტო-რიუს ილეთები, საიგო/ჰოშინას გვარის სკოლები). ეს ის გვარია, რომელის წარმომადგენელმა საიგო შირომ (გავრცელებული ვერსიით საიგო ჰოშინა ჩიკანორის აყვანილი შვილი) სახელი გაუთქვა ძიგორო კანოს ძიუ-დოს სკოლას, ძიუ-დოს, როგორც საბრძოლო სისტემის ჩამოყალიბების დროს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ თანამედროვე იაპონური ხმლისა და აიკიდოს ერთ-ერთი დიდოსტატი ტოშიშირო ობატა სენსეი მიიჩნევს, რომ ძიგორო კანოს ძიუდოს სკოლას სახელი და გამარჯვება სწორედ საიგო შიროს დაიტო-რიუს ტექნიკამ მოუტანა და არა ძიუდოს სპორტული ორიენტაციის (არასაბრძოლო) ილეთებმა! ძველ დროში, სამურაების კოდექსის მიხედვით, სიოგუნების რეზიდენციაში შესვლისას, სტუმრების ხმლები დაცვას ბარდებოდა და ვიზიტორები (გარდა რამდენიმე წოდებისა) სიოგუნის შენობაში უიარაღოდ შედიოდნენ. ეტიკეტის მიხედვით, სიოგუნის ოჯახის წინაშე სტუმრებს მხოლოდ მუხლებზე სიარულის ("შიკკო") უფლება ჰქონდათ ხოლო ჯდომისას მხოლოდ ტრადიციულ იაპონურ პოზაში - სეიზაში ისხდნენ ხოლმე. სწორედ ამ დროიდან გაჩნდა დაიტო-რიუს სწავლებაში ჰანძა-ჰანდაჩის ტექნიკა, რომელიც ზემოთ აღწერილ სიტუაციაში -იატაკზე ჯდომისას თავდაცვის საშუალებას იძლეოდა. (თანამედროვე აიკიდოში ეს ტექნიკა სუვარი-ვაზას სახელით მოიხსენიება) მიუხედავად იმისა, რომ ტაკედა სოკაკუ სინტოისტი ბერი არ გამხდარა, იგი მრავალჯერ ესტუმრა საიგო ჩიკანორის და, მასთან გატარებული წლების განმავლობაში სრულყოფილად დაეუფლა ოშიკიიუჩის (გოტენ-ძიუცუს) რთულ ხელოვნებას. ჩიკანორის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ტაკედა სოკაკუ მასთან საუბრების შემდეგ იცვლის აზრს და ხვდება, რომ მეიძის ეპოქის დადგომასთან ერთად წარსულს ჩაბარდა სამურაებისა და ხმლით ბრძოლის დრო. ყველა მებრძოლმა თავისი გზა ("დო" იაპონურად) უნდა იპოვოს. სწორედ ამან გადააწყვეტინა ტაკედა სოკაკუს დაეწყო დაიტო-რიუ აიკი-ძიუცუს საბრძოლო სტილის პროპაგანდა მთელს იაპონიაში. ტაკედა სოკაკუს ტრანსფორმაცია მებრძოლიდან მასწავლებლისაკენ დაიტო-რიუს განვითარების მთავარი ეტაპია. იაპონიის ერთ-ერთი უპირველესი არისტოკრატული გვარის ამბიციების მატარებელი ტაკედა სოკაკუ მეიძის ეპოქამდე ცნობილი იყო როგორც იაპონიის ყველაზე დიდი მებრძოლი, რომელსაც ასობით ბრძოლა გაემართა გამოჩენილ ოსტატებთან. იგი ბუშიდოს პრინციპების მიმდევარი იყო და მიზნად ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარება ჰქონდა. ტაკედა სოკაკუს შვილის, ტაკედა ტოკიმუნეს თანახმად, სოკაკუ სახლიდან წასვლისას არასოდეს ამბობდა თუ როდის დაბრუნდებოდა ან სად მიდიოდა, მისი გზა იყო მებრძოლის, სამურაის გზა, რომლიდანაც მას არასოდეს გადაუხვევია. მაგრამ ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ, XIX საუკუნის დასასრულს, იაპონიის საზოგადოებაში ძირეული ცვლილებები მოხდა, რომლებმაც გავლენა იქონია სამურაების ფენაზეც. (პირველი ნაწილის დასასრული)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. საკმაოდ საინტერესო ამბები მოვისმინე მაგალითად ძიუდოს შექმნის შესახებ და ასევე სუმოზეც...
მშვენიერია ეს უფრო ისტორიული მოვლენების აღწერაა კრიტიკა პუბლიცისტიკას დაველოდები.......
კარგია...5 საკმაოდ საინტერესო ამბები მოვისმინე მაგალითად ძიუდოს შექმნის შესახებ და ასევე სუმოზეც...
მშვენიერია ეს უფრო ისტორიული მოვლენების აღწერაა კრიტიკა პუბლიცისტიკას დაველოდები.......
კარგია...5
7. დიდი მადლობა ჩემო ერთგულო მკითხველნო. ამ ციკლს ჩავამთავრებ და აღარ შეგაწყენთ თავს მებრძოლთა ბიოგრაფიებით. ვფიქრობ, ერთი საინტერესო იაპონელი ავტორის წიგნიდან ვთარგმნო (ინგლისურიდან) ძალიან საინტერესო თემები იაპონიაზე და იაპონელებზე. ის უფრო შემეცნებითი იქნება და თან სივრცეს დატოვებს საქართველოსთან შედარებისათვის.
დომო არიგატო გოძაიმაშტა! (ყველას დიდი მადლობა!)
დიდი მადლობა ჩემო ერთგულო მკითხველნო. ამ ციკლს ჩავამთავრებ და აღარ შეგაწყენთ თავს მებრძოლთა ბიოგრაფიებით. ვფიქრობ, ერთი საინტერესო იაპონელი ავტორის წიგნიდან ვთარგმნო (ინგლისურიდან) ძალიან საინტერესო თემები იაპონიაზე და იაპონელებზე. ის უფრო შემეცნებითი იქნება და თან სივრცეს დატოვებს საქართველოსთან შედარებისათვის.
დომო არიგატო გოძაიმაშტა! (ყველას დიდი მადლობა!)
6. ვორდში გადავიტანე ყველა, ამოვბეჭდავ და გავამრავლებ. მადლობა შენ ამხელა შრომისთვის! ვორდში გადავიტანე ყველა, ამოვბეჭდავ და გავამრავლებ. მადლობა შენ ამხელა შრომისთვის!
5. წავიკითხე და საინტერესოა : 5 წავიკითხე და საინტერესოა : 5
4. მოგესალმები...და რისი თქმა გსურს ის თამამად თქვი ნუ გედარდება თუ ჩამოსულიხარ ...:)დედამიწის ისტორიით აქ ცოტას თუ აღაღშფოთებ ასე რომ დაიწყე შენგან ..რა ხდება იქით? თქვენკენ... აბა წარმატებები :) აზრების მოქსოვაში :)
მოგესალმები...და რისი თქმა გსურს ის თამამად თქვი ნუ გედარდება თუ ჩამოსულიხარ ...:)დედამიწის ისტორიით აქ ცოტას თუ აღაღშფოთებ ასე რომ დაიწყე შენგან ..რა ხდება იქით? თქვენკენ... აბა წარმატებები :) აზრების მოქსოვაში :)
3. კარგი ხარ ჩამოსულო და საინტერესო. ფართო მკითხველისთვის ეს რომ არ არის გათვალისწინებული, დარწმუნებული ვარ თავიდანვე იცოდი. კარგი ხარ ჩამოსულო და საინტერესო. ფართო მკითხველისთვის ეს რომ არ არის გათვალისწინებული, დარწმუნებული ვარ თავიდანვე იცოდი.
2. დავიწყე და ვეღარ ჩავამთავრე, უბრალოდ გული მწყდება რომ მკითხველი ნაკლებად ყავს ამ მართლაც კარგად შესრულებულ ნაშრომს! შენ გული არ გაიტეხო მაინც, აგე, მე და ჰარირამა შენი ერთგული მკითხველები ვართ!
(რო ჩავიკითხავ ბოლომდე, მერე კიდე დავაკომენტებ!) :) დავიწყე და ვეღარ ჩავამთავრე, უბრალოდ გული მწყდება რომ მკითხველი ნაკლებად ყავს ამ მართლაც კარგად შესრულებულ ნაშრომს! შენ გული არ გაიტეხო მაინც, აგე, მე და ჰარირამა შენი ერთგული მკითხველები ვართ!
(რო ჩავიკითხავ ბოლომდე, მერე კიდე დავაკომენტებ!) :)
1. ფრიად საინტერესოა, მადლობა და კარგია რომ ჩამოხვედი.:) ფრიად საინტერესოა, მადლობა და კარგია რომ ჩამოხვედი.:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|