ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 აგვისტო, 2009


მორიჰეი უეშიბა, კაცი, რომელმაც შექმნა აიკიდო (მე–2 ნაწილი)

          1903 წლის მიწურულს გამოჯანმრთელებული უეშიბა იღებს გადაწყვეტილებას რუსეთ-იაპონიის ომში წავიდეს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს სამხედრო კომისიის მოთხოვნებს სიმაღლის გამო (იგი 160 სმ-ზე დაბალი იყო). ეს ფაქტი იმდენად მოქმედებს უეშიბას თავმოყვარეობაზე, რომ თვეების განმავლობაში იგი ტყეში დადის, ცდილობს სიმძიმეების მეშვეობით სხეული გაიჭიმოს და მეორე შემოწმებაზე თავისი გამორჩეული ფიზიკური შესაძლებლობებითა და მონაცემებით (81 კგ წონა და შეუდარებელი გამძლეობა) ქვეით ჯარში ირიცხება.
        1905 წელს უეშიბას ჯართან ერთად აგზავნიან რუსეთ-იაპონიის ომში,  მანჯურიის ფრონტზე. ფრონტზე კიდევ უფრო აშკარა ხდება უეშიბას უპირატესობა და საოცარი ფიზიკური და სულიერი სიმტკიცე. ომის დროს, მისი მეცადინეობით, საჯარო ქვედანაყოფი, რომელშიც იგი მსახურობდა, რამდენიმე კრიტიკულ სიტუაციაში უვნებელი გადარჩა. ამით უეშიბამ ოფიცერთა ყურადღება მიიპყრო, თუმცა მძიმე პირობებში სამხედრო სამსახური და მანჯურიის მკაცრი კლიმატი სერიოზულად აზიანებს მის ჯანმრთელობას, რის შედეგადაც იგი იაპონიაში ბრუნდება.
        იაპონიაში დაბრუნებისთანავე,  ჯარში სამსახურის პარალელურად, უეშიბა აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს მასაკაცუ კანაის სკოლაში და გოტო-ჰა იაგიუ-რიუ ჯიუ-ჯიუცუს ხელოვნებას ეუფლება. უეშიბას შესაძლებლობებით გაკვირვებული ოფიცრები მას რეკომენდაციას უწევენ სამხედრო აკადემიაში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო უეშიბა უარს ამბობს სწავლის გაგრძელებაზე.
        1906 წელს უეშიბა თადარიგში გადის, ტანაბეში ბრუნდება და ფერმის საქმეებში ეხმარება მამამისს. იოროკუ უეშიბა შვილისათვის დაბა ტანაბეში აშენებს დოძოს (სავარჯიშო დარბაზს) და ინსტრუქტორად პატიჟებს ჯიუ-ჯიუცუსა და ძიუ-დოს ახალგაზრდა ოსტატს, ტაკაგი კიოიჩის (მოგვიანებით კიოიჩი სენსეი ძიუ-დოს 9-ე დანის მფლობელი გახდება), რომელმაც პირველად აზიარა უეშიბა და მისი თანასოფლელები ოსტატ ძიგორო კანოს კოდოკან-ძიუ-დოს ხელოვნებას.
        1908 წელს უეშიბა, მასაკაცუ კანაისგან, სერტიფიკატს იღებს იაგიუ-რიუ ჯიუ-ჯიცუში.
        ომში დაზიანებული ჯანმრთელობის გამო უეშიბა თოთქმის ნახევარი წელი ავადმყოფობს, აწუხებს პერმანენტული თავის ტკივილები, სხვა უცნაური დაავადებანი, მაგრამ ძლიერი სულის მქონე უეშიბა მუდმივი ვარჯიშით უმკლავდება სისუსტეს და ომამდელ სპორტულ ფორმას იბრუნებს.
        მომდევნო წლებში უეშიბა სულ უფრო ერთვება სასოფლო თემის პოლიტიკურ საქმეებში და 1911 წელს თავის ოჯახთან და თანასოფლელთა მცირე ჯგუფთან (80 კაცამდე) ერთად ყამირი მიწების ასათვისებლად კუნძულ ჰოკკაიდოზე გადადის.     
      ისინი დაბა აძა-შირატაკიში ჩადიან (მომბეცუს პროვინცია) და იქ სახლდებიან. უეშიბა მთელი ენერგიით ერთვება ახალი სოფლის საქმეებში, პარალელურად მძიმე ვარჯიშებს განაგრძობს და სხეულს იკაჟებს. იგი აქვე იწყებს სპეციალურ ვარჯიშებს ყინვაში.
      მკაცრ ბუნებასთან ჭიდილის შემდეგ უეშიბას კომუნა ძლიერდება და ცნობილი ხდება მთელ ჰოკკაიდოზე. 1912 წელს ჰოკკაიდოს გუბერნატორის წარდგინებით და შირატაკის ახალმოსახლეთა ნებით, უეშიბა შირატაკის ადგილობრივი საბჭოს თავკაცი ხდება.
        1915 წელს უეშიბას ცხოვრებაში ხდება ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მოვლენა: დაბა ენგარუში, ჰისადას სასტუმროში იგი ხვდება  ტაკედა სოკაკუ სენსეის, რომელიც იმ დროისათვის იაპონიის ერთ-ერთ უძლიერეს მებრძოლად და მასწავლებლადაა აღიარებული.
როგორც უეშიბა წერს თავის მოგონებებში, ტაკედა სოკაკუ სენსეიმ ("სენსეი" - მასწავლებელი, გზის მაჩვენებელი, იაპონურად) მას თვალები აუხილა და ჭეშმარიტი ბუდო (მეომრის გზა) უჩვენა. ტაკედა სოკაკუს ზემოთხსენებული "სარეგისტრაციო წიგნებიდან" ჩანს, თუ რამდენს და რა ინტენსივობით ვარჯიშობდა უეშიბა ტაკედასთან.
            ტაკედა სოკაკუს ვაჟი, ტოკიმუნე ტაკედა (ტაკედა სოკაკუს შემდეგ დაიტო-რიუ აიკი-ჯიუცუს სკოლის თავკაცი) თავის ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ უეშიბა მამამისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოწაფე იყო და მან მოწაფეებიდან ერთ-ერთმა პირველმა მიიღო "კიოძუ დაირის" სერტიფიკატი, რაც ასისტენტ-ინსტრუქტორის ხარისხს შეესაბამება (სერტიფიკატი გაცემულია 1922 წლის 15 სექტემბერს).  ეს წოდება უფლებას აძლევდა მფლობელს ტაკედა სოკაკუს სახელით ესწავლებინა ან წარმოედგინა დაიტო-რიუს ხელოვნება. ოსტატი კონდო კაცუიუკის (დღევანდელი დაიტო-რიუს სკოლის თავი, დაიტო-რიუს მენკიო კაიდენი - სკოლის უფროსის ოფიციალური წარმომადგენელი) მიხედვით, "კიოძუ დაირის" წოდება დაიტო-რიუს სკოლაში მხოლოდ 18 ადამიანს აქვს მიღებული.
            უეშიბაზე ძალიან იმოქმედა სოკაკუს სწავლებამ და ჰოკკაიდოზე ყოფნისას იგი ხშირად დაჰყვებოდა ტაკედა სენსეის, როგორც დაიტო-რიუს დამხმარე ინსტრუქტორი პოლიციისა და სასამართლოების შემადგენლობისათვის. ეს მისი ასაკის (32 წლის) კაცისათვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ტაკედა სენსეი ინსტრუქტაჟს მხოლოდ სამურაების გვართა ჩამომავლებს უტარებდა, გასაგები ხდება ტაკედა სოკაკუს, ამ მკაცრი სამურაის, უეშიბასადმი განსაკუთრებული  დამოკიდებულება.
1916 წელს უეშიბა თავისთან ეპატიჟება ტაკედა სოკაკუს ოჯახითურთ და როგორც საპატიო სტუმარსა და მასწავლებელს ისე ეპყრობა მას.
            1917 წელს, ივლისში, უეშიბას პირველი ვაჟი უჩნდება (ტაკემორი), იგი აგრძელებს თავის მოღვაწეობას ჰოკკაიდოზე და 1918 წელს მას სოფლის თავად ირჩევენ.
          1919 წელს უეშიბას მამის, იოროკუს, ავადმყოფობის გამო ტანაბეში უწევს დაბრუნება. წასვლისას უეშიბა მთელ თავის ქონებას თავის მასწავლებელს, ტაკედა სოკაკუს უტოვებს და ისე ბრუნდება მშობლიურ ტანაბეში. ეს საქციელი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს უეშიბას თავისებურ მიდგომას ცხოვრებისა და მატერიალური ფასეულობებისადმი, მისთვის მთავარი რჩება ბუდოსადმი გაუნელებელი ინტერესი და მასწავლებლებისა და სწავლისადმი უზომო პატივისცემა. 
          გზად უეშიბა ჩერდება ქ. აიაბეში, სადაც ახალი რელიგიის, ომოტო-კიოს ერთ-ერთი დამაარსებელი, დეგუჩი ონისაბურო ცხოვრობს. ბავშვობიდან რელიგიური უეშიბა დეგუჩის სთხოვს, ილოცოს მამის გადასარჩენად. ამ კაცთან შეხვედრა უეშიბაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას.
          ამ შეხვედრის შემდგომ ხდება სამურაი უეშიბას ტრანსფორმაცია მასწავლებელ უეშიბად. სანამ უეშიბას ცხოვრების ამ პერიოდზე ვისაუბრებთ, გვინდა მოკლედ შევეხოთ დეგუჩი ონისაბუროს პიროვნებას და მისი "ახალი" რელიგიისა და იდეოლოგიის ფენომენს.
          სიტყვები არ არის საკმარისი დეგუჩი ონისაბუროს (1871-1948), როგორც მას უწოდებდნენ – "დიადი მონსტრის" ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღსაწერად. ამ კაცმა უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე იაპონიის სასულიერო ისტორიაში.
          საზოგადოდ ონისაბურო დეგუჩი ცნობილია, როგორც ომოტო-კიოს (大本教) რელიგიური მოძრაობის ლიდერი (კიო - რელიგია, იაპონურად), ეს სექტა ნაო დეგუჩის (ონისაბუროს სიდედრი) მიერ იქნა დაარსებული და  ონისაბურო დეგუჩი მას შემდგომ სათავეში ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ ონისაბუროს სექტაში აქტიურად ჩართვამდე, ომოტოს კულტის მიმდევრების დიდი ნაწილი ქალი იყო.
        ონისაბურომ მთელს იაპონიაში გაავრცელა "სამყაროს დიადი ღვთაებრიობის" სწავლება, რომელიც "ძველ შინტოს" სწავლებას ემყარებოდა, თუმცა იაპონიის იმდროინდელი მთავრობისათვის ეს მოძრაობა მიუღებელი აღმოჩნდა და ომოტოს კულტს მან ორი დიდი დარბევითა და დაპატიმრებებით უპასუხა, რაც ზოგადად ძალიან უცნაური და არაჩვეულებრივი ამბავია იაპონიისათვის, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა ქვეყნებისაგან რელიგიებისადმი ტოლერანტულობითა და შემწყნარებლობით (თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა და ამაზე ჩემი მოსაზრება ვეცდები სხვა დროს მოგაწოდოთ, ბ.ჩ.).
        ომოტო –  ეგალისტური, ეკუმენისტური და ულტრა-პაციფისტური მოძღვრება იყო და პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მილიტარისტული იაპონიის პოლიტიკას და იაპონიის საიმპერატორო ოჯახის წარმოშობის საყოველთაო ლეგენდას, მაგრამ დეგუჩის გენიალურმა ფიგურამ, მისმა უტოპისტურმა იდეებმა და წინასწარმეტყველების საოცარმა უნარმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა იაპონიის ბურჟუაზიული მმართველობის იდეალებს. ამან კი მწვავე რეაქცია გამოიწვია რელიგიებისადმი ტრადიციულად ტოლერანტულ საზოგადოებაში.
        დეგუჩი ონისაბუროს სასწაულებრივი წინასწარმეტყველების ნიჭი შეიძლება შეფასდეს რამდენიმე ცნობილი პროგნოზით, რომელიც მან თავის წიგნებში გააკეთა:
– 1921 წელს მან იწინასწარმეტყველა წყნაროკეანული ომის დაწყება 1941 წელს (იაპონიის თავდასხმა აშშ-ის ბაზაზე პირლ-ჰარბორში),
– საბჭოთა კავშირის მიერ სამხრეთ კურილიის კუნძულების ოკუპაცია,
– ჰიროსიმასა და ნაგასაკის საჰაერო დაბომბვა ("შავი წვიმა", ასე მოიხსენიებს იგი ბირთვულ დაბომბვას) და
– იაპონიის მიერ კუნძულ ტაივანის დაკარგვა.
        ასეთმა სერიოზულმა განაცხადმა იგი აქცია იაპონიის პაციფისტური საზოგადოების ლიდერად, "გურუდ", რომელიც შინტოს იდეალების მეშვეობით ცდილობდა მსოფლიო, უნივერსალური სწავლების შექმნას. ომოტო, პოპულარობის ზრდასთან ერთად, განიცდიდა კოსმოპოლიტური მოძრაობისაკენ ტრანსფორმაციას, რაც გამოიხატა 1925 წელს მსოფლიო რელიგიების ფედერაციის დაარსებასა და ესპერანტოს, როგორც საერთაშორისო ენის აღიარებაში. ესპერანტოზე გამოდიოდა ომოტოს ლიტერატურის დიდი ნაწილი და რეგიონული ოფისები გაიხსნა პარიზსა და ქ. ბრაზილიაში.
      დეგუჩი ონისაბუროს მოძრაობას შეუერთდა ჩინეთის "დაო იუანის" სექტა, "ბაჰაის" მოძრაობა ირანიდან, "კაო დაო" ვიეტნამიდან, "ვაისე ფანე" გერმანიიდან, "თეთრი საძმო" ბულგარეთიდან და სხვა პაციფისტური სექტები მთელი მსოფლიოდან.
          თვითონ დეგუჩი, ("ონი-სან", როგორც მას მოიხსენიებდნენ იაპონურად) ხასიათდებოდა, როგორც თბილი, საინტერესო ადამიანი და გამორჩეული ორატორი, თავისი ეგალისტური მსოფლმხედველობის გამო, იგი ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში ერთნაირი იყო, იქნებოდა ეს მათხოვარი თუ ქვეყნის მეთაური; მას ისეთი ბრწყინვალე იუმორი ჰქონდა, რომ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ იგი "ხუმრობის მანიაკად" მოიხსენია.
        როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, სწორედ მის განსაკუთრებულ ქარიზმას ჰქონდა გადამწყვეტი როლი ომოტოს რელიგიის პოპულარიზაციაში იაპონიასა და საზღვარგარეთ. მისი მოღვაწეობა გარდა სასულიერო მოძღვრებისა მოიცავდა ეზოთერულ ლიტერატურას ("რეიკაი მონოგატარი" - სულიერი სამყაროს ზღაპრები), იაპონურ ლექსიკას (კოტოდამა - ბგერების სულში ჩაწვდომის ხელოვნება), პოეზიას, მხატვრობას, კალიგრაფიას, სკულპტურასა და კერამიკას (3000-მდე რაკუ-იაკი - "თავისუფალი სტილის" თიხის ჩაიდნები), რომელიც დღეს აღიარებულია, როგორც გენიალური, შეუფასებელი ხელოვნება.
        ასეთ პიროვნებასთან შეხვედრამ უეშიბას ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა და ეს მოვლენა თავისი მნიშვნელობით მხოლოდ ტაკედა სოკაკუსთან შეხვედრას თუ შეედრება. სწორედ ამ ორ დიდ სვეტზე - ტაკედას დაიტო-რიუზე და ონისაბუროს ომოტო-კიოზე აღმოცენდა ხელოვნება და მსოფლხედველობა, რომელსაც XX საუკუნის 50-იანი წლებიდან აიკიდოს სახელით მოიხსენიებენ და რომელსაც დღეს მილიონობით მიმდევარი ჰყავს მთელ მსოფლიოში.
        მიუხედავად იმისა, რომ უეშიბა პატრიოტი იყო, ჯარში მსახურობდა რუსეთ-იაპონიის ომის დროს და საჯაროდ უჭერდა მხარს იაპონიის მთავრობის კურსს II მსოფლიო ომამდე, როგორც ჩანს, პიროვნულად უეშიბა არ მიიჩნევდა მიზანშეწონილად იაპონიის ჩართვას ამ ომში. ალბათ ამ ფაქტორმა განაპირობა უეშიბას ჩართვა დეგუჩის პაციფისტურ მოძრაობაში, რამაც თავის მხრივ დიდი გავლენა მოახდინა ბუდოს უეშიბასეულ ინტერპრეტაციაზე. 
        ომოტო-კიო, როგორც რელიგია,  თავისი ინტეგრაციული ბუნებით ყველა იმ მოძღვრებას აერთიანებდა, რომელიც მეტ-ნაკლებად ნაცნობი იყო აღმოსავლეთ აზიაში: იგი მოიცავდა ნაწილს კონტინენტურ-აზიური შამანიზმიდან, დიდ ნაწილს ტრადიციული იაპონური შინტოიზმიდან (თავის მხრივ პოლითეისტური რელიგიურ-იდეოლოგიური კონგლომერატი), ბუდიზმიდან და XX საუკუნის დასაწყისში გაძლიერებული ქრისტიანობიდან.
        რელიგიების ამ ეკუმენისტურ შენადნობს სხვადასხვა რელიგიის ერთიანი საწყისის და შინტოისტური, ბუნებასთან ერთიანობის კონცეფცია ჰქონდა საფუძვლად და, შეიძლება ითქვას, რომ დეგუჩი ონისაბუროს ექსცენტრიული პერსონის ძლიერმა გავლენამ ტრადიციული სამურაი -უეშიბა, ტაკედას დაიტო-რიუს საბრძოლო სკოლის წარჩინებული მოწაფე, კიტო-რიუსა და იაგიუ-რიუს სკოლების სასწავლო სერტიფიკატის მფლობელი, შეცვალა და მშვიდობიანი, არა-ძალმომრეობითი, სულიერი ბუდოს - აიკიდოს შემოქმედად ჩამოაყალიბა.
      1919 წელს, ონისაბუროსთან შეხვედრის შემდეგ უეშიბა მშობლიურ ტანაბეში ბრუნდება, სადაც მამა გარდაცვლილი ხვდება. იგი ძალიან განიცდის ამ ფაქტს და, როგორც თასოფლელები იხსენებენ, მთელ დღეებს თეთრ სამოსელში (გლოვის ფერი იაპონიაში) გამოწყობილი  განუწყვეტელ ლოცვებში ატარებს.
      გარკვეული პერიოდის შემდეგ უეშიბა გადადის აიაბეში, სადაც ომოტოს სექტის ცენტრი მდებარეობს. ეს ცვლილება მის ცხოვრებაში განპირობებულია დეგუჩი ონისაბუროსთან ახლოს ყოფნისა და სულიერი ცხოვრების მოთხოვნილებით.   
      აიაბეში, უეშიბა მთის ძირას აშენებს და აარსებს "უეშიბა ძიუკუს" - 18-ტატამიან დოძოს, სადაც საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილებს ატარებს, ძირითადად ომოტო-კიოს მიმდევრებისათვის.
      უეშიბას საბრძოლო აკადემია ნელ-ნელა იზრდება, სახელს იხვეჭს და ცნობილი ხდება იაპონიაში. ომოტოს მიმდევრებთან ერთად უეშიბასთან ვარჯიშობენ მაიძურუს ახლომდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზის ოფიცრები. ამ დროიდან უეშიბას სწავლება უფრო სულიერ ხასიათს იძენს და აქცენტირება უფრო გონებისა და სხეულის ერთიანობის,
"კი"-ს კონცენტრაციასა და ტექნიკის არაძალმომრეობით ხასიათზე კეთდება.
      ეს ტრანსფორმაცია უეშიბას ხელოვნებას ცვლის და ტრადიციული დაიტო-რიუსგან განასხვავებს.
      1920 წელს უეშიბას ორი შვილი უკვდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის სულიერ მდგომარეობას და აცხოველებს მისი ცხოვრების რელიგიურ ასპექტს.
      1921 წელს იბადება მესამე შვილი, კიშომარუ (ნამდვილი სახელი - კოეცუ).
      1922 წლის გაზაფხულზე, უეშიბას მიწვევით, აიაბეში სტუმრად ჩადის ტაკედა სოკაკუ სენსეი ოჯახითურთ, და რჩება უეშიბასთან სექტემბრის ბოლომდე. სწორედ ამ პერიოდში, უეშიბა, ტაკედასაგან დაიტო-რიუს სკოლის ერთ-ერთ უმაღლეს რანგს - "კიოძუ დაირის" იღებს, რაც მას უფლებას ანიჭებს ტაკედას სახელით ასწავლოს დაიტო-რიუ აიკი-ჯიუ–ჯიუცუ.
    მოგვიანებით, სოკაკუ ტაკედა თავისი ოჯახით კ. ჰოკკაიდოზე ბრუნდება. როგორც აღნიშნავენ მისთვის ძნელი აღმოჩნდა ომოტოს სექტის წრეებში ტრიალი და მან არჩია დაბრუნებოდა თავის ჩვეულ ცხოვრებას.
      1924 წელს უეშიბა, დეგუჩი ონისაბუროსა და სექტის რამდენიმე წევრთან ერთად, "მშვიდობის" უტოპიური სახელმწიფოს შექმნის იდეით, გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიემგზავრება მანჯურიასა (მანჯუ–გო, იაპონურად) და მონღოლეთში (აღსანიშნავია, რომ იაპონიის მთავრობა არ იყო ინფორმირებული იყო დეგუჩის ამ აქციის შესახებ). ამ ჯგუფის მიზანი იყო მუკდენში (ქ. შენიანის იაპონური დასახელება) ჩასვლა და პრო-იაპონურად განწყობილი გენერალ ჩანგ ცო-ლინის თანამოაზრეების მეშვეობით ქვეყნის შიდა რაიონებში ფილტრაცია.
        სამწუხაროდ, მოკავშირეებმა ვერ შეძლეს მათი დახმარება და ჯგუფს დამოუკიდებლად მოუწია მოქმედება. ამის გამო პილიგრიმებს მალევე აპატიმრებენ და ანტი-ჩინურ მოქმედებებში სდებენ ბრალს. ჯაშუშობის ეჭვით პატიმრებს სასტიკად ექცევიან. განსაკუთრებით არ სწყალობენ უეშიბა მორიჰეის, რომელსაც თავისი ფიზიკური გამძლეობისა და სულიერი სიმტკიცის გამო წინააღმდეგობას უწევს ჩინელებს.
      მოგვიანებით, იაპონიის საკონსულო ომოტოს სექტანტებს ეხმარება და ათავისუფლებს მათ. ამ მოგზაურობასთანაა დაკავშირებული უეშიბა მორიჰეის ცხოვრების ერთი საინტერესო მომენტი, რომელსაც იგი თავის ინტერვიუებშიც აღნიშნავს:
        მანჯურიაში, ერთ-ერთი შეტაკების დროს უეშიბამ აღმოაჩინა, რომ რაღაც ინტუიტიური გრძნობა თუ უნარი, მას საშუალებას აძლევდა აეცილებინა ტყვიები, და მათი მოძრაობის ტრაექტორია გამოეცნო. ამ უნიკალური ნიჭის მეშვეობით მან მოგვიანებით რამდენიმე დემონსტრაცია ჩაატარა იაპონიაში და წარმატებით დაასრულა ეს დაუჯერებელი და სახიფათო ექპერიმენტი. ამ სასწაულის მოწმე იყო უეშიბას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოწაფე, ახალგაზრდა გოძო შიოდა სენსეი. ეს ფაქტი მას მოხსენიებული აქვს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, "აიკიდო–შუგიო"–ში.
      1925 წლის ივლისში, პილიგრიმები ჩინეთიდან ბრუნდებიან და იაპონელები მათ როგორც გმირებს ისე ეგებებიან. ამავე წელს, უეშიბა მორიჰეი თავისი ხელოვნების პირველ ოფიციალურ დემონსტრაციას ატარებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გომბეი იამამოტოს წინაშე.
        აიაბეში გატარებული წლები და ინტენსიური ვარჯიშები, სკანდალურ ონისაბუროსთან ახლო მეგობრობა, წარუმატებელი, მაგრამ გახმაურებული პილიგრიმაჟი მონღოლეთში... ამ მოვლენებმა და გარემოებებმა უეშიბასა და მისი ხელოვნებისადმი ცხოველი ინტერესი გააღვივა, მასთან სტუმრად ჩადიან გავლენიანი და ცნობილი ადამიანები, რომელთა წყალობითა და დახმარებით "უეშიბას ბუდო" სულ უფრო პოპულარული და საინტერესო ხდება.
        განსაკუთრებულ ინტერესს უეშიბას სწავლებისადმი  ძველი სამურაების გვარების წარმომადგენლები იჩენენ, რომელთა უმეტესობა იაპონიის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მმართველობაში არიან.
      აღსანიშნავია ვიცე-ადმირალ სეიკიო ასანოს (ომოტოს კულტის ერთ-ერთი ლიდერის - ვასაბურო ასანოს ღვიძლი ძმა) დაინტერესება უეშიბას ხელოვნებით. მოგვიანებით იგი დაეხმარება უეშიბას ტოკიოში გადასვლისას, ხოლო ადმირალ ასანოსთან მეგობრობა კიდევ უფრო მეტ პოპულარობას სძენს უეშიბას ხელოვნებას.
      ადმირალი ასანოს შემწეობით, უეშიბას ტოკიოში იწვევს საზღვაო აკადემიის ხემძღვანელი, ადმირალი ისამუ ტაკეშიტა, ტრადიციული ბუდოს დიდი ტრფიალი. ამ ორი ადამიანის შეხვედრამ დიდად განაპირობა "უეშიბას ბუდოს" - აიკიდოს, ოფიციალური აღიარება და პოპულარიზაცია იაპონიის მაღალ საზოგადოებაში.
      როგორც უეშიბას ბიოგრაფები წერენ, ადმირალ ტაკეშიტას უეშიბას მსგავსი ხასიათი და ტემპერამენტი ჰქონდა, ისინი მალე დამეგობრდნენ და ტაკეშიტა აიკიდოს უანგარო სპონსორი და მხარდამჭერი გახდა. ამ შეხვედრის შემდეგ უეშიბას აო-იამას სასახლეში (საიმპერიო დაცვის რეზიდენცია, ედოს პერიოდში) იწვევენ, სადაც იგი 21-დღიან კურსს უტარებს იმპერატორის დაცვის წევრებს, რომლებიც თავის მხრივ 5-ე ან უფრო მაღალი დანის მფლობელები იყვნენ ძიუ-დოსა თუ კენდოში.
      1927 წელს დეგუჩი ონისაბურო მეგობრულად ურჩევს უეშიბა მორიჰეის განერიდოს ომოტოს სექტას (დაწყებული რეპრესიებისა და დევნის გამო).
      უეშიბა ტოკიოში გადადის და შიბაში დროებით დოძოს აშენებს, რომელსაც ბევრი გამოჩენილი სტუმარი მოინახულებს, ეს ამბავი ხელს უწყობს უეშიბას სკოლის პოპულარიზაციას.
      1930 წელს უეშიბას დოძოში სტუმრად მიდის ძიუ-დოს სისტემის შემქნელი, პროფესორი ძიგორო კანო. მასზე უეშიბას საბრძოლო სისტემა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და წარმოთქვამს ისტორიულ ფრაზას: 
                         
              "..სწორედ ეს (აიკიდო) არის ჩემი კონცეფცია იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ძიუ-დო..."     
     
        მოგვიანებით, ძიგორო კანო ძიუ-დოს სკოლიდან, "კოდოკანიდან", უეშიბასთან სასწავლად აგზავნის თავის სამ უძლიერეს სტუდენს:  გოძო შიოდას, მინორუ მოჩიძუკის და შირატა რინჯიროს, რომლებიც მომავალში აიკიდოს დიდოსტატები გახდებიან. 
      მომდევნო წლებში, კერძოდ 1932 წლის აპრილში, შინძუკუში (უშიგომე ვაკამაცუ-ჩო), ტოკიოს ერთ-ერთ ნაწილში, უეშიბას მეგობრებისა და ენთუზიასტების დახმარებით მთავრდება "კობუკანის" დოძოს მშენებლობა, არსდება  ბუდო სენ-იოკაი - "ბუდოს განვითარების საზოგადოება" და უეშიბა მორიჰეი საზოგადოების პრეზიდენტი ხდება.
(2–ე ნაწილის დასასრული)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები