ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2009


戦争 – ომი (სენსოო)

            მოხუცი მასწავლებელი, საიგო იამანაში სენსეი გაზაფხულის პირველ დღეს აღესრულა და თან წაიღო ყველაფერი ის, რის გამოც მასთან ათობით მოსწავლე წლების განმავლობაში დადიოდა.
            მასანორი აბემ და იოშიტაკე მაედამ ერთმანეთს შეჰფიცეს სენსეისადმი (მასწავლებლისადმი) ერთგულება და სეპპუკუ (ჰარა-კირი) მასწავლებლის გარდაცვალებისთანავე საჯაროდ ჩაატარეს. ორივეს საზეიმო თეთრი კიმონო ეცვა. მიტოვებული მონასტრისა და ახლად აყვავებული ბალახის ფონზე, მათი ფიგურები ძალიან ლამაზად ჩანდა. ხალხიც ბევრი შეიყარა, თუმცა ეს სეპპუკუ მოულოდნელი იყო სოფლის მცხოვრებლებისათვის.
            კაიშაკუ-ნინი (1) არცერთს არ ჰყოლია. ყველას ძალიან გაუკვირდა ეს ამბავი. კაიშაკუ–ნინი ორივეს აუცილებლად უნდა შეერჩია და ისე მომკვდარიყვნენ. ახლა კი ორივეს სეპპუკუ საეჭვოდ გამოიყურებოდა. რაიმე უღირსი ხომ არ ჩაიდინეს მათ საიგო-სენსეისთან მიმართებაში? ეს არავინ იცოდა. მალე ომიც დაიწყო და მასანორი აბესა და იოშიტაკე მაედას ამბავი ყველას მიავიწყდა.
            ერთხელ, შემოდგომის წვიმიან დღეს, ნაგაშინოს ციხესიმაგრის მისადგომებთან, მინორუ იშიმამ  ეს ორი სამურაი გაიხსენა : “ნეტავ ერთად რატომ მოიკლეს თავი ამ ორმა?” პასუხი არავის ჰქონდა. ომმა ეს საიდუმლო თავის სისხლიან წიგნში ჩამალა.

(1)
კაიშაკუ–ნინი – თვითმკვლელის თავის მომკვეთი, სეპპუკუს შემსრულებლის დამხმარე.როგორც წესი, თვითმკვლელის უახლოესი მეგობარი. (“კაიშაკუ” - თავის მოკვეთის რიტუალი და “ნინ” – ადამიანი, ბ.ჩ.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები