ლაიფციგში, ერთ-ერთ ბარში, ერთი იაპონელი გავიცანი – ოდა. ახალგაზრდა კაცი იყო. იქნებოდა ასე 30-35 წლის. ნაღდი იაპონელი იყო – მსხვილძვლა, ჩაფსკვნილი, საშუალოზე დაბალი სიმაღლის, ღია ფერის კანით და არაჩვეულებრივი ბარიტონით (ყოველ შემთხვევაში სალაპარაკო ხმა კარგი ჰქონდა). ჩემი იაპონელებისადმი ინტერესის გათვალისწინებით, გამოველაპარაკე. აზიელთათვის ჩვეული ზრდილობით გამიღიმა და გამომელაპარაკა. ტოკიოდან ყოფილა, კარგი ოჯახიდან (როგორც თვითონ ამბობდა) და აქ, გერმანიაში, უკვე ხუთი წელი ცხოვრობდა. მე, როგორც კი აზიელებს დავიგულებ, კითხვებს ვაყრი და ვამოწმებ ჩემს ცოდნასა და საკუთარ წარმოდგენებს მათი ქვეყნების, ხალხისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. მსურს–ხოლმე, პირველწყაროდან მოვისმინო და შევადარო, თუ როგორ შეესაბამება რეალობას, ჩემში წლების განმავლობაში წარმოქმნილი სურათები/სტერეოტიპები აზიის შესახებ. ახლაც ასე მინდოდა მოვქცეულიყავი, მაგრამ იაპონურ ანალებამდე ვერ მივაღწიე, ოდამ თავისი ცხოვრების შესახებ მომიყვა და საგონებელშიც ჩამაგდო... გამოვკითხე ამ ჩემს ახალგაცნობილ ვოკალისტს, ვინ იყო, რატომ იყო გერმანიაში და როგორ მოსწონდა იქაურობა. ბევრი რამ მომიყვა. მომღერალი ყოფილა. რამდენიმე წლის წინ გადაუწყვეტია ტოკიოში ერთ-ერთ ვოკალურ კონკურსში მონაწილეობის მიღება და ბრინჯაოც აუღია. რამდენიმე თვის შემდეგ, გერმანელები დაკავშირებიან და ლაიფციგის ოპერაში სამუშაო შეუთავაზებიათ. გამიკვირდა. ჩემთვის რატომღაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა იაპონელი საოპერო მომღერლის ნახვა ევროპაში, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში გასაკვირი ბევრი აღარაფერი დარჩა და რა უჭირს იაპონელი თუ იმღერებს ევროპულ ოპერაში. მოკლედ, ოდა-სანს ბევრი რამ ვკითხე და მისი საინტერესო ცხოვრების შესახებაც მოვისმინე ამბები. აღმოჩნდა, რომ ოდა ოპერის გუნდში მღერის და სოლისტობას არ აპირებს. ასევე აღმოჩნდა, რომ გერმანია მოსწონს და თან ძალიან განიცდის, რომ ამდენი ხნით მიატოვა ამომავალი მზის კუნძულები. გარდა ამისა, მან ერთი სრულიად მოულოდნელი რამ მითხრა, (არ ვიცი ჩემთან ერთად სმამ უქნა, თუ უბრალოდ, გულწრფელი იყო) რამაც გამაბედინა მასზედ მომეთხრო. ჩვენი საუბრის ბოლო ნაწილი ასე წარიმართა: - ძალიან მეშინია იაპონიაში დაბრუნებისას მამაჩემთან შეხვედრა. - რატომ ოდა-სან, რა იყო? - ვეუბნები მე და თან ვცდილობ სახეზე არ შემეტყოს გაკვირვება. - მამაჩემმა იაპონიიდან წამოსვლისას დამიბარა, რომ აქ, ევროპაში ფრთხილად ვყოფილიყავი და დაბრუნებისას რაიმე დაავადება არ ჩამეტანა იაპონიაში – მითხრა მან და თავისი წვრილი თვალები თვალში გამიყარა. - რას გულისხმობდა? – ჩავაჭიჭინდი მე. მართლა ვერ მივხვდი რა პირობა იყო ეს და რომელი დაავადების ეშინოდა ოდა-უფროსს. - იმ დაავადებებს, რომლებიც ქალებისგან გადადის კაცზე – მითხრა მან სრულიად სერიოზულად. - მერე? როგორ არის საქმე? – წავუფამილარულე მე და ღიმილი შევიკავე . - კარგად. არაფერი არ მჭირს, თან ქალებში ძალიან ხშირად არ დავდივარ –ამაყად მითხრა ოდა-სანმა და იქვე მჯდომ სიმპათიურ გერმანელ ფრაუს გადახედა. - მერე გაიჩინეთ მეგობარი ქალი (“ფროინდინ”) და ყველაფერი კარგად გექნებათ. დღეს დავადებების კონტროლი უკვე შესაძლებელია – ჩავურაკრაკე გაეროს წარმომადგენელივით, გულგრილად. - ჯერ არ მყავს და თანაც, გერმანელებს რუსი და პოლონელი ქალბატონები მირჩევნია (ურჩევნია!) – ღიმილით მითხრა სამურაების ჩამომავალმა ვოკალისტმა. - ჰოოო...ვერაფერს გეტყვით, გემოვნება კარგი გქონიათ – თვალი ჩავუკარი ოდა-სანს – მაგრამ მაინც ვერ გავიგე მამასთან ჩასვლის რატომ გეშინიათ? – აღარ მოვეშვი (ოჰ ეს ქართული უცერემონიობა!). - მიხვდება, რომ აქ უცხო ქალებში დავდიოდი და მისთვის მიცემულ პირობას ვარღვევდი– კვლავ შემომხედა ოდამ და მომეჩვენა რომ ისეთი შთამბეჭდავი აღარ იყო. - მერე? – აღარ მოვეშვი და კვლავ ვცადე იაპონური სულის კუთხე-კუნჭულების განათება. - ვერ ჩავდივარ, მიხვდება და გაბრაზდება. - ეგეთი გაბრაზება იცის? – წარმოვიდგინე შავ კომონოში გამოწყობილი, გაფითრებული და კატანაშემართული ოდა-უფროსი და მუხლებზე დაცემული, მტირალი და თავჩაქინდრული ოდა-უმცროსი, დახეულ, ნაცრისფერ კიმონოში. - იცის, კი – სევდიანად მომიგო ოდა-უმცროსმა და კიდევ უფრო დაპატარავდა. - რას გიზამთ? – ვკითხე და მივხვდი, რომ მეტი კითხვის დასმა აღარ ღირდა. - არაფერს, უბრალოდ მას ეცოდინება, რომ მისი დანაბარები არ შევასრულე და მიხვდება როგორი ვარ სინამდვილეში და როგორ ვიქცევი ... სხვაგან. - გასაგებია – ვუთხარი მე შეთქმულივით და ჩვენს შავ ბარმენს (ალბათ კარიბის კუნძულებიდან იყო, ესპანური აქცენტით) ორივესათვის ტეკილა შევუკვეთე. - იაპონელებთან შეხვედრისას მუდმივად ამაზე ვფიქრობ – გააგრძელა ოდამ თავისით (მე აღარ ვეკითხებოდი) – რას იტყვიან, როდესაც გაიგებენ რომ ამდენი ხანია იაპონიაში არ ვყოფილვარ...
ასე დამთავრდა ეს ამბავი. ოდა-სანი ამის შემდეგ აღარ შემხვედრია, თუმცა დღემდე მახსოვს მისი სერიოზული გამომეტყველება და დარდი, რომელიც თან სდევდა მის პასუხებს.
შენიშვნა: ცხოვრების განმავლობაში სულ რამდენიმე იაპონელთან მისაუბრია. ყოველ მათგანს ერთი რამ აერთიანებდა – როდესაც ჩემს ნაცნობ იაპონელს ვუხსენებდი–ხოლმე, მეკითხებოდნენ – და რას აკეთებდა ეგ კაცი (ქალი) საზღვარგარეთ? მომეჩვენა, რომ გულისხმობდნენ მხოლოდ ერთს – იაპონიაში ვერაფერი შეძლო და გაექცა იაპონელებსო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. რატომ გამომეპარა? გუუდ:) რატომ გამომეპარა? გუუდ:)
8. ძალიან მომეწონა, რაღაც სხვანაირია და საინტერესო ძალიან მომეწონა, რაღაც სხვანაირია და საინტერესო
7. შემეცოდა. ლტოლვილი იაპონელი.... შემეცოდა. ლტოლვილი იაპონელი....
6. საღოლ, შენებურია! საღოლ, შენებურია!
5. მშვენიერია ლევან!!! მშვენიერია ლევან!!!
4. საინტერესოდ იკითხება...555
იაპონიაში ვერაფერი შეძლო და გაექცა იაპონელებსო....საზღვარგარეთ წასულ ქართველებზეც იგივე შეიზლება იფიქროს... თუ იდარდოს კაცმა...
საინტერესოდ იკითხება...555
იაპონიაში ვერაფერი შეძლო და გაექცა იაპონელებსო....საზღვარგარეთ წასულ ქართველებზეც იგივე შეიზლება იფიქროს... თუ იდარდოს კაცმა...
3. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
2. თხრობის სასიამოვნო სტილი გაქვთ :) თხრობის სასიამოვნო სტილი გაქვთ :)
1. მდა, მართლაც რომ უცნაური ხალხია ეს იაპონელები... ან იქნებ ჩვენ ვართ უცნაურები?!
მოგიკითხე ლევან სან! :) მდა, მართლაც რომ უცნაური ხალხია ეს იაპონელები... ან იქნებ ჩვენ ვართ უცნაურები?!
მოგიკითხე ლევან სან! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|