ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2010


იები სიკვდილის ფერია.\ მეხუთე ნაწილი\

უცნობი ისე მშვიდად ლაპარაკობდა, რომ კრისტისაც გადაედო და უნებურად სავარძელში ჩაეშვა.
- ალბათ, დედას შვილი მიმართ.
უცნობმა გადაიხარხარა.
კრისტის გააჟრჟოლა.
- აქაც უძლურია სიყვარული, სიკვდილის შიშთან, ცხოველურ ინსტინქტთან. აი ექსპერიმენტი: დედას ჩვილი ბავშვით ათავსებენ წყალგაუმტარ მაღალ შუშის ჭურჭელში. წყალი ნელ-ნელა ფარავს დედის ტანს, იგი ზემოთ მიიწევს. მან იცის, რომ სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ შეიძლება გადარჩეს. ბავშვი, რომელიც ჯერ ერთი წლისაც არ არის, დედა ბავშვს ზევით წევს. წყალი ფარავს მის მკერდს, ყელს. იგი უკვე ვეღარ სუნთქავს. აქ უკვე აღარ არის ის სიყვარული, აღარ არის დედა. იგი ბავშვს ფეხქვეშ იდებს, რათა თვითონ გადარჩეს.
- ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა,- აღმოხდა კრისტის.
- საშინელებაა, მაგრამ ფაქტია. ერთადერთი სიყვარული, რომელიც სიკვდილის შიშით არ ითრგუნება, ქრისტეს სიყვარულია. მან გასწირა თავი შენი გულისთვის და შენ წარმოიდგინე, ჩემი გულისთვისაც კი.
- თქვენ გჯერათ ღმერთის?
- მე მჯეროდა ბოროტების, სატანის და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უძლურია, არარაობაა ღმერთის სიყვარულის წინაშე.
  კარზე ზარი გაისმა. კრისტის თითქოს არც უნდოდა ყურმილის დადება, მაგრამ იქ წყვეტილი ზუმერის გარდა არაფერი ისმოდა.
  კრისტი მიხვდა, რომ კარს უკან გიგი იქნებოდა. იფიქრა, ყველაფერს მოვუყვები, სულ წავალ ალბათ ამ დასაწვავი სახლიდან. ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს დაენანა თავისი შრომით შექმნილი ყველაფერი. თითქოს არც ესმოდა გაბმული ზარი კარზე. სანამ ურდულს გაწევდა, რატომღაც გადაწყვიტა გიგისთვის არაფერი ეთქვა.
კარი გააღო თუ არა გაფითრებულ, გაკვირვებულ თვალებს წააწყდა. ისე იყო დაღლილი კრისტი, რომ არ გახარებია გიგის დაბრუნება.
  - მოხვედი? რა კარგია, - უემოციოდ თქვა კრისტიმ და ნაზად ეამბორა საქმროს.
გიგის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ამბორით უპასუხა და ოთახში შეჰყვა. დივანზე მოწყვეტით დაეშვა. ფისუნიამ როგორც კი დაინახა გიგი, სიყვარულით მოეფერა და კალთაში ჩაუხტა. კრისტი გვერდით მიუჯდა და მონატრებულს დაუწყო ალერსი. გამეფებული სიჩუმე ისევ კრისტიმ დაარღვია.
- რატომ არაფერს ამბობ?- საყვედური ისმოდა მის ხმაში.
- რა უნდა ვთქვა? თითქმის თხუთმეტი წუთი ვრეკავდი ზარს და კარს არ მიღებდი. ისეთი სახით შემხვდი, თითქოს ეშმაკი დაგენახოს. პირიქით, შენ უნდა მითხრა რა გჭირს, კიდევ მოხდა რამე? -სულმოუთქმელად წარმოთქვა გიგიმ.
- არა, არა, ძვირფასო, დაღლილი ვარ. აბაზანაში ვიყავი. მინდოდა მომეწესრიგებინა ყველაფერი. ფისუნიამ იატაკი დასვარა, ხომ ხედავ ისევ სველია, ხედავ?- თავის მართლება დაიწყო კრისტიმ და იმ სველ ლაქებზე მიუთითა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა.
- მე ცუდი არც არაფერი მიფიქრია, მაგრამ ცოტა გავბრაზდი,- მოლბა გიგი.
- იეჭვიანე თუ ?...- ეშმაკურად ჰკითხა კრისტიმ.
- ჰო, ცოტა. შენ წარმოიდგინე, რა არ ვიფიქრე,- გამოუტყდა გიგი.
- სულელო, მე შენ ისე მიყვარხარ, ისე, რომ,- ნაზად თქვა კრისტიმ და ძლიერად მოეხვია გიგის მხრებზე.
- ვიცი, ვიცი, ნუ გამჭყლიტავ ოღონდ, თორემ აღარ გეყოლები,- კრისტისკენ შეტრიალდა გიგი. ალერსის ბურანში გახვეულებმა ვერც კი შენიშნეს, როგორ გადაინაცვლეს საძინებელ ოთახში.
    დილით ორივეს გვიან გაეღვიძა. სამსახურში არცერთს არ ეჩქარებოდა. იქამდე ისაუბრეს ლოგინში, სანამ კუჭმა თავი არ შეახსენათ. საუზმის შემდეგ გადაწყვიტეს ეს დღე ქალაქგარეთ, ბუნებაში გაეტარებინათ. კრისტიმ სადილთან და საჭირო ნივთებთან ერთად თბილი სვიტერიც მოათავსა ჩანთაში და ფისოს დაემშვიდობა. გიგისთან ერთად დაეშვა ძველ, მძიმე კიბეზე. გიგიმ ფარეხიდან მანქანა გამოიყვანა და კრისტის მიეხმარა წინა სავარძელზე მოკალათებულიყო, თვითონ კი საბარგულში წამოღებული ჩანთის ჩადება დაიწყო. კრისტის ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ფისოს გარდა კიდევ ვიღაცას ტოვებდა სახლში. თვალი ფანჯრისკენ გაექცა. შენიშნა, რომ ფარდის უკან ვიღაც იდგა. კრისტიმ თვალები დახუჭა. როცა გაახილა, ჩრდილი იქ აღარ იყო. გიგიმ კარები გააღო და საჭეს მიუჯდა. მეგობარს რომ გადახედა და მის თვალებში ისევ ის ნაცნობი შეშფოთება ამოიკითხა, თითქოს აღარც კი გაჰკვირვებია.
- რა გჭირს?- მშვიდად ჰკითხა კრისტის.
- გიგი, მე მგონი სახლში ფისოს გარდა კიდევ ვიღაც დავტოვეთ,- დამნაშავესავით ჩაილაპარაკა კრისტიმ.
გიგის გაეცინა.
- შენ მე მგონი ჩემს გადარევას აპირებ. კი მაგრამ, ეს საიდან მოიტანე?
- მისაღების ფარდის უკან თითქოს ვიღაც იდგა. ფარდა შეირხა კიდეც...- უნდოდა გაეგრძელებინა კრისტის, მაგრამ გიგიმ შეაწყვეტინა. მანქანა მომართა და მეგობარს მშვიდი ტონით მიმართა:
- კრისტი, შესასვლელში მე შუქი დავტოვე. ფანჯარასთან, რომელზეც შენ ამბობ, ღამის ნათურა დგას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეა, თავის ჩრდილს მაინც ტოვებს ფარდაზე, ეს მეც ბევრჯერ შემიმჩნევია. რაც შეეხება ფარდის შერხევას, ამას ჩვენი ფისუნიაც კი მოახერხებდა, მითუმეტეს, რომ ამის გაკეთება უყვარს და თანაც ძალიან.
    კრისტიმ თითქმის დაიჯერა გიგის ნათქვამი, მაგრამ გრძნობა, რომ სახლში რაღაც თუ ვიღაც დარჩა, მთელი დღის მანძილზე არ შორდებოდა.
სახლში დაბრუნებისას კრისტიმ პირველ რიგში შხაპი მიიღო, პირსახოცი ტანზე შემოიხვია, გიგის ზურგიდან მოხვია ხელი და ნაზად მიუალერსა.
- გიგი, მიდი, გადაივლე წყალი და დაღლილობაც გაქრება.
- არა, ძვირფასო, მე უნდა წავიდე, ამაღამ მარტო მოგიწევს შენს ფისუნიასთან დარჩენა.
  კრისტის ეწყინა გიგის ნათქვამი. მარტო დარჩენის შეეშინდა, მაგრამ თავისდა გასაკვირად იგრძნო, რომ უნდოდა კიდეც მარტო დარჩენა. იქნებ უცნობს დაერეკა.
- კარგი,- მოულოდნელად დაეთანხმა გიგის.
ამ მოულოდნელმა მშვიდმა თანხმობამ გიგი ოდნავ გააკვირვა კიდეც.
- მე მეგონა, კისერზე ჩამომეკიდებოდი და მთხოვდი არ წახვიდეო. შენ რა, აღარ გეშინია?- იკითხა გიგიმ.
- არა, რისი უნდა მეშინოდეს, ის ვიღაც აღარ რეკავს, რომც დარეკოს, ტელეფონით რას მიზამს?!- გამარჯვებული ტონით თქვა კრისტიმ.
- ძალიან კარგი, ძვირფასო, მეც აღარ მექნება შენი დარდი,- თავისუფლად ამოისუნთქა გიგიმ.
- დარდი? შენ რა, დარდობ ჩემზე? ჯობია შეგეცოდო, მარტო რომ ვარ სულ!- საბრალო თვალებით ახედა გიგის კრისტიმ.
- კარგი, კარგი. ხომ იცი, როგორ მიყვარხარ. ხვალამდე, კრისტი,- საათს დახედა და წამოდგა. კრისტის მთელი სახე დაუკოცნა, შემდეგ ხელი მოჰხვია და ჰოლისკენ წაიყვანა.
  კრისტიმ გიგი გააცილა და მისაღებში დაბრუნდა. დივანზე ფეხმორთხმით დაჯდა. დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით ტელევიზორი ჩართო. ყველა არხზე უშინაარსო ფილმები, სერიალები და უინტერესო კონცერტები გადიოდა. ტელევიზორი გამორთო. უსაზღვროდ მოუნდა, რამე საინტერესო წაეკითხა. მხოლოდ ახლაღა გაახსენდა, რომ მშობლებისეული სახლიდან გამოტანილი წიგნები ჯერ კიდევ არ ამოულაგებია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წიგნებისთვის განკუთვნილი კარადა ჯერ არ შეუძენია. იმის გამო, რომ ბინას არ ჰქონდა კაბინეტი, ძვირფასი ბიბლიოთეკა დროებით სხვენში მოათავსა. გადაწყვიტა, იქ ასულიყო და რამდენიმე წიგნი ჩამოეტანა. ქვევით, შემოსასვლელში პატარა საკუჭნაო იყო ჩატანებული, სადაც ის ნივთები ეწყო, რომლებსაც იშვიათად ხმარობდა კრისტი. კარადიდან დასაკეცი კიბე გამოიღო, გაშალა, ზედ ავიდა, საკეტი გადასწია და თვალის დახამხამებაში სხვენში გაჩნდა.
  სხვენი უფრო დიდი იყო, ვიდრე კრისტის ბინა. მეზობელი, რომელსაც ადრე კრისტის ბინა ეკუთვნოდა, არც ფიქრობდა მის იზოლირებაზე და ამიტომ მთელ სახლს საერთო სხვენი ჰქონდა. აქ ყველაფერი მშვენივრად ჩანდა, რადგან სხვენისთვის საკმაოდ დიდი ფანჯარა დაეტანებინათ. კრისტის თავისი ნივთები ერთ კუთხეში მიეწყო. ირგვლივ ყველაფერს მტვრის სქელი ფენა ფარავდა. კრისტიმ გარშემო მიმოიხედა. სიძველის სუნი ღრმად ჩაისუნთქა. მტვრის გამო ორჯერ დააცემინა. ფრთხილი ნაბიჯით გასწია ყუთებისკენ, რომლებშიც წიგნები ეწყო. იქვე დაგდებული ნაჭრით ერთ-ერთ ყუთს მტვერი ფრთხილად მოაცალა, გახსნა და წიგნების თვალიერება დაიწყო, მაგრამ საინტერესო ვერაფერი ნახა. მეორე ყუთიდან ასევე დიდი სიფრთხილით ამოღებული წიგნებიდან ჰერმან ჰესეს “ტრამალის მგელი” ამოირჩია. ახსოვდა, ადრე უნდა ჰქონოდა წაკითხული, მაგრამ კარგად დავიწყებოდა და არჩია, გაეხსენებინა. ყველა წიგნი ისევ ყუთებში ჩააწყო და ის იყო, უკან ჩამოსვლას აპირებდა, რომ იმ ნაწილში, სადაც მაზობლის სხვენი იყო, ორი დიდი სკივრი შენიშნა. მტვრის დიდი ფენა, რაღაც ბარელიეფური გამოსახულებები და მოცულობა ისეთ ინტერესს იწვევდა, რომ კრისტის სულ გადაავიწყდა, მას რომ არ ეკუთვნოდა, თამამად გასწია მათკენ. სკივრების შორიახლოს შეჩერდა, დაუოკებელი ინტერესით შეხედა ორივეს, დაბრუნდა, თავის ყუთებთან მიგდებული ნაჭერი აიღო, ერთ-ერთ სკივრს ნაჭერი ფრთხილად გადაუსვა. კრისტის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა- ბარელიეფი ანგელოზების გამოსახულებები და ჯვრები იყო. თითოეული ჯვარი ფერადი ქვებით იყო მოჭედილი, მოუთმენელი მოძრაობით მეორე სკივრსაც მოაცალა კრისტიმ მტვრის სქელი ფენა. იგი იდენტური იყო პირველთან. მთლად დაკარგა მოსვენება. სულ დაავიწყდა, რომ სხვის ნივთებში იქექებოდა. რადგან სკივრები ღია იყო, დიდი ჯაფა არ დასჭირვებია კრისტის, ერთი ხელის მოძრაობით ახადა თავი პირველს, სკივრის სახურავმა ჭრიალი დაიწყო. კრისტის ისეთი შეგრძნება ჰონდა, თითქოს ორივე სკივრი საგანძურით უნდა ყოფილიყო სავსე, მაგრამ მალე გაუქრა გრძნობა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაებადა. სკივრში ძველმანების გარდა არაფერი იყო. ორმოციანი წლების დამახასიათებელი რამდენიმე კაბა, ხის თოჯინა, ხის ცხენი, რამდენიმე შლიაპა, პირბადე. მეორე სკივრშიც იგივე ძველმანები იყო, თუ არ ჩავთვლით ზარდახშას. კრისტის სისხლი გაუჩერდა ძარღვებში, სანამ გახსნიდა. სუნთქვაც შეწყვიტა. ზარდახშაში სურათების ალბომის გარდა არაფერი დახვდა. მოწიწებით გადაშალა პირველი ფურცელი. პირველ სურათზე, რომელიც იგივე დროს მიეკუთვნებოდა, ოჯახი იყო გამოსახული. მამა, რომელიც ფეხზე იდგა, დედა, ოჯახის უფროსის წინ ლამაზ, მდიდრულ სავარძელში კოხტად მოკალათებულიყო. მათ გვერდით გოგონა იდგა. სამივეს მდიდრული სამოსელი ეცვა. ოჯახს ეტყობოდა, რომ არც სიმდიდრე და არც მედიდურობა ეკლდა.
მეორე სართულზე სამივე ოჯახის წევრს კიდევ მეოთხე შემატებოდა. ბავშვი დედას ეჯდა კალთაში, მაგრამ რატომღაც ბავშვის ადგილი სურათიდან ამოჭრილი იყო, მამაკაცის დარბაისლურ გამოხედვას რაღაც სიმკაცრე დამატებოდა. ქალის გამოხედვაში კი სიბრალული იყო. დანარჩენ სურათებზეც ამოჭრილი იყო ბავშვის ადგილი, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, რომ გოგონა იზრდებოდა, ცარიელი ადგილი კი ისევ პატარა იყო. ერთ-ერთ სურათში გოგონა უკვე ქალი იყო, ხოლო მის გვერდში ამოჭრილი ადგილი ისევ ბავშვს ეკუთვნოდა. დაბლა ტელეფონმა დარეკა. კრისტი შემობრუნდა. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ გადაწყვიტა არ ეპასუხა. ალბომის დათვალიერება განაგრძო, ტელეფონი გულისწამღებად რეკავდა. უცებ კრისტის მოეჩვენა, რომ სხვენის ამოსასვლელში, ვიღაცამ ამოიხედა. შებრუნდა, მაგრამ იქ არავინ იყო.
- მგონია ვგიჟდები,- ხმამაღლა თქვა და ალბომი ზარდახშაში ჩადო. სკივრებს თავი დაახურა, “ტრამალის მგელი” აიღო და სხვენიდან დაბლა ჩავიდა. ტელეფონი, რადგან არ ჩერდებოდა, ყურმილს დასწვდა, ყურთან მიიტანა და დაღლილი ინტონაციით უპასუხა:
- გისმენთ.
- ირბინეთ?- ისევ ის უცნობი.
კრისტის არც შიში უგრძვნია, თითქოს გადაავიწყდა, სულ ცოტა ხნის წინ რაც მოხდა, ჩვეულებრივად უპასუხა:
- არა, უბრალოდ, დავიღალე.
- რას აკეთებდით ?- იკითხა უცებ უცნობმა.
  კრისტის გაუკვირდა, თითქოს ელოდა, რომ მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა.
- თქვენ რა, არ იცით ?- გაკვირვებულმა ჰკითხა უცნობს კრისტიმ და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები