ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბათუმაშვილი
ჟანრი: პროზა
30 იანვარი, 2012


ახლა მოდაშია ჟალუზები

ახლა მოდაშია ჟალუზები–ყველამ მოვირგეთ. გარედან ჩვენივე სახლებს ვგავართ, მინები გვიპრიალებს. ყოველ დილით,ზოგჯერ საღამოთიც ვიწესრიგებთ ჩარჩოებს...მე შავ ფანქარს ვხმარობ, თქვენ ცისფერი ტენიც გიხდებათ ალბათ. ზოგჯერ იმდენადაც კი, ავტობუსში შეიძლება ვიღაცის სახლი აგეკიდოთ, ან ბოლო გაჩერებაზე ჩასულმა თქვენზე ფიქრი ჩაიყოლოს თან.
ჩვენ–უნივერსალურ და მაინც ერთნაირ სახლებს ფიქრიც კი შეგვიძლია. ახლა მოდაშია ჟალუზები და თუკი საღამოს ჩვენს ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს, გვეშინია სხვამ არ ნახოს და საგულდაგულოდ ვკეტავთ მათ, დახელოვნებულები–ერთი ჩაფიქრებით, უმოძრაოდ. ის სხვაც არ გეგონოთ, თქვენს მინასთან იყოს ატუზული:მისი ჟალუზებიც წესრიგშია, თვითონ კი რაღაცნაირად დაფუსფუსებს ოთახიდან ოთახში, წრიალებს.
დღეს მეტროთი ვიმგზავრეთ ჩვენ–სახლებმა ერთად... მოხუცმა ქალმა მინდვრის ყვავილები ჩამოატარა...თქვენ ჟალუზებით მგზავრობთ, მე კი ამ დილით მზემ რომ სხივი შემოყო ოთახში გასანიავებლად შევაღე და გადამავიწყდა. თქვენ ჟალუზებით მგზავრობთ–მეთქი და თქვენმა გაპრიალებულმა, შავ–ცისფერ ტენიანმა მინებმა აირეკლეს მინდვრის ფერები... ჩემი ფანჯრები კი ღია იყო და... ვერ შევძელი...სახიფათოა!!! ყვავილებმა თვითონ იპოვეს ადგილი ოთახის შუაგულში, სადღაც მზე დალანდეს ფანჯრებს მიღმა და გადმოფინეს თავები...
ახლა მოდაშია ჟალუზები და თქვენ, როცა ვაგონები დაიცალა, გაყევით დაგმანულ სახლებს...მე ჩემი ფანჯრებდაღებული, ყვავილებით სავსე ოთახით მოვდიოდი თქვენ გვერდით, თქვენ კი ვერ ამჩნევდით... ახლა ხომ მოდაშია ჟალუზები და არც მის მიღმა და არც გამოღმა არაფერი სჩანს, თუ უეცრად ფიქრი არ აგისხლტათ ღილაკზე და ღია ფანჯრებიდან არ გამოიხედეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები