პიესა ორ მოქმედებად
თეატრალური იმპროვიზაცია გურამ დოჩანაშვილის ფანტასტიკური მოთხრობის ’’ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები”-ს მოტივების მიხედვით
მ ო ქ მ ე დ ი პ ი რ ნ ი
რეჟისორი - სპექტაკლის წამყვანი; ბესამე კარო; ქრისტობალდ როხასი, მაესტრო; მეეტლე სოტო; რამონა; კარტუზო ბაბილონია, მეჰისტორიე; მერგრეტ ბოსკანა, მისი ცოლი; პირველი შეგირდი; დე ლოპეს დე დე მორალესი, პროვინციის მმართველი; პირველი მუტრუკი; მეორე მუტრუკი - მორალესის პირადი დაცვა; მესამე მუტრუკი; მექისე; გნატხავ ბანუ; რექსაჩი (მას რეჟისორის როლის შემსრულებელი მსახიობი განასახიერებს); ტახო; ხუანი; ჯანკარლო; ფრანცისკო; გამხდარი ბიჭი; ახალი შეგირდი, შემდეგ გამხდარი ვატერპოლისტი; მასობრივ სცენებში - ბატონები და ქალბატონები, აღსადგენლები, შეგირდები, მათხოვრები, კახპები, პოლიციელები.
I მოქმედება
ფარდა არ არის. დარბაზში შესულ მაყურებელს დახვდება ღია სცენა. სცენაზე უწესრიგოდაა განლაგებული სხვადასხვა რეკვიზიტი. დგას როიალი, ძველებური მაგიდა, მიმოფანტულია სკამები, სავარძლები. მსახიობები სხვადასხვა საქმით არიან დაკავებულნი. ზოგი ღიღინებს, ზოგი ქსოვს, ზოგი გამალებით საუბრობს, ზოგი კოსტიუმს ირგებს. ერთი - გამნათებელს უთანხმდება, მეორე - ”სპიდოლას” მისჯდომია, საიდანაც ისმის დიქტორის ხმა:...გტონში 11, მადრიდში 15, პარიზში 16, სტოკჰოლმში 17, მოსკოვში 19 თბილისში 20 საათია”... ვიღაცა როიალთან მიდის, აწყობს ჩაპლინის ”კლოუნის” მელოდიას. მსახიობები ღელავენ, ისინი ახალ რეჟისორს ელიან.
ერთ-ერთი მსახიობი - /მას შემდეგ, რაც მაყურებლები საბოლოოდ დაიკავებენ თავ-თავიანთ ადგილებს/ ესეც შენ ახალი რეჟისორი...პირველად მოდის ჩვენს თეატრში და უკვე იგვიანებს, მერე რა იქნება...
მსახიობი ქალი - რეჟისორები ყველაფერის უფლებას აძლევენ თავს.
ერთ-ერთი მსახიობი - დიდი ახირებული კაციაო, მაგაზე ამბობენ. საით იყურება, ან მართლა რას ფიქრობს, იმასაც ვერ გაიგებ თურმე.
ერთ-ერთი მსახიობი - ყველა სპექტაკლში თურმე ჭექა-ქუხილს და ელვას მოითხოვს, ქარი და წვიმა მომეცითო...
ერთ-ერთი მსახიობი - მაგიტომაც აქვს ამდენი თეატრი დანგრეული...
მსახიობი ქალი - ცოლებს თურმე ხელთათმანებივით იცვლის, თეატრებს კი - ცოლებივით...
(ისმის დასარტყმელი ინსტრუმენტის გაბმული რაკუნი, ცირკში სახიფათო ნომერს რომ გვაუწყებს ხოლმე, სცენაზე გამოდის რეჟისორი. ხელში პროვიზიის ჩანთა უკავია.)
ერთ-ერთი მსახიობი - (ჩაილაპარაკებს თავისთვის) აჰა, ძაღლი ახსენე და... (რეჟისორი მაგიდასთან მიდის)
რეჟისორი - ცოტა შემაგვიანდა ... სუპერმარკეტში შევიარე. ხომ იცით, ჩვენი სუპერმარკეტები, შეხვალ და ხელცარიელი ვერ გამოხვალ (ირონიულად) რა გინდა სულო და გულო... ყველაფერია (თვალს გაუყრის ძაღლის მხსენებელ მსახიობს) დიახ, კონსერვი ძაღლისთვის? კონსერვი კატისთვის?...აი,ხედავთ? (ხსნის ჩანთას და ყველას უჩვენებს. ჩანთა ცარიელია. ჩამოვარდება სიჩუმე. რეჟისორი მაგიდაზე მოისვრის ჩანთას) ახლა არ მითხრათ, რომ ყველა გენიოსი მსახიობები ხართ, ეს ისედაც ვიცი. თქვენ ის მითხარით, რა შეგიძლიათ?
მსახიობი ქალი - თამაში!
რეჟისორი - კონკრეტულად რისი თამაში შეგიძლიათ?
ერთ-ერთი მსახიობი - საერთოდ... ცხოვრების...
რეჟისორი - ძალიან კარგი! მაშინ, მოდით, ვითამაშოთ. (მსახიობები გამოცოცხლდებიან)
მსახიობები - რა ვითამაშოთ?
რეჟისორი - მაგალითად, აი ის (ხელს იშვერს გაურკვეველი მიმართულებით, სიცარიელისკენ. ყველანი იქით იყურებიან) ანდა აი, ის (ხელს, ახლა, საწინააღმდეგო მიამართულებოთ გაიშვერს, მსახიობებიც იქით იყურებიან), არა, უმჯობესია ვითამაშოთ აი ეს! (მიუთითებს სცენაზე) ჩვენ ხომ ახლომხედველები ვართ!
/სცენაზე შუქი ქრება და მხოლოდ ძველებურ მაგიდაზე მდგარი ლამპა ანათებს რჟისორის სახეს. რეჟისორი ავანსცენაზე გამოდის. მას პროჟექტორი იჭერს/
რეჟისორი - ამბობენ, ესე ამბავი ძირათადად ესპანეთის კუთვნილ ტერიტორიაზე და ესპანელებში მოხდაო. ბესამე კარო ანდალუზიაში დაიბადა. ხელმოკლე ოჯახიდან იყო. ადრეც დაობლდა. პატარაობისას, მდიდარი ხალხის ფარას მწყემსავდა, ფეხშიშველა დატანტალებდა სოფლის ორღობეებსა და შემოგარენში.უყვარდა სალამური და ხშირად, როცა გულზე ნაღველი შემოაწვებოდა, მუსიკაში ეძებდა შვებას, - სალამურს აცოდვილებდა, როგორც შეეძლო...
/ვიდრე რეჟისორი ამას ჰყვება, მსახიობები რეკვიზიტისაგან ანთავისუფლებენ სცენას, ინთება შუქი./
ერთ-ერთი მსახიობი - ჩვენ (უჩვენებს მსახიობებზე) როგორც ხედავთ, მზადა ვართ. რა ჰქვია მაგ თქვენს ნაწარმოებს?
რეჟისორი - ვთამაშობთ ვატერ(პო)ლოოს, მაგრამ (ირონიულად) ამ შემთხვევაში სათაური მაინცდამაინც გადამწყვეტ როლს არ თამაშობს... ეს პიესა უბრალო, ჩვეულებრივი ფანტასტიკაა. რა, გაგიკვირდათ? რატომ? განა თავად ჩვენი ცხოვრება ფანტასტიკად არ იქცა? ლოკოკინები დახტიან, სპილოები დაფრინავენ, ფლეიტას ობი მოსდებია, თევზები ყმუიან და მგელი წინდას ქსოვს... საკვირველია მაინც ცხოვრება! ზედ მიწაზეც და ასოთხმოციოდ სანტიმეტრით ცოტათი მაღლა, იქ, სადაც ჩვენ ჩვენი საკუთარი და სანუკვარი თავი დაგვაქვს, რაღანაირი ჰოპ-აზრები არ მოგვდის ხოლმე. კარგად დაიმახსოვრეთ! მე თქვენგან მხოლოდ იმპროვიზაციას მოვითხოვ, მხოლოდ იმპროვიზაციას! თქვენ კი, (მაყურებლებს) მოწმენი გახდებით თეატრში მიმდინარე რეპეტიციისა, ამავდროულად თვით სპექტაკლისა. აი, თქვენ (მიმარავს ერთ-ერთ მსახიობს) საცივის გაკეთება ხომ იცით?
მსახიობი - არა, ბატონო! საიდან?
რეჟისორი - თქვენმა ცოლმა?
მსახიობი - იცის რომელია?!.. თქვენ რომ იცოდეთ, რა საცივს აკეთებს...
რეჟისორი - მერედა, დაუჩქარეთ! (გონსმოსული მსახიობი აპირებს სცენიდან გასვლას, მაგრამ რეჟისორი შეაჩერებს) ჰო, მართლა, ბარემ სულგულიანი ღომიც მოაყოლეთ! (ახლა კი მსახიობი მართლა გავარდება სცენიდან) დეკორაცია შემოიტანეთ! დეკორაცია!
/სცენაზე შემოაქვთ ეტლი, რომელსაც ცალი თვალი არ აქვს. თვალი ცალკე აგდია სცენის კუთხეში. ეტლში ზის უცნარად ჩაცმული უცნაური კაცი. იგი გადმოდის ეტლიდან , ჩადის პარტერში და მაყურებელთა შორის ჯდება. ამ კაცის მოსვლას სცენაზე მყოფთაგან არავინ ამჩნევს. ეშვება სურათი, რომელზეც ცხვრები ბალახს მიირთმევენ, გვერდით კი მწყემსი თავის მწემსურს სტვენს სალამურზე/
რეჟისორი - ესეც პირველი სცენა. ვინა თქვა, რეჟისორობა ძნელიაო. მაშ ასე (ირჩევს ერთ მსახიობს) შენ იქნები ბესამე!
მსახიობი - რატომ მე?
რეჟისორი - ასე გხედავ და იმიტომ. (მიმართავს მეორე მსახიობს) შენ კი იქნები მოხუცი მაესტრო! დაიმახსოვრე, შენ უნდა იყო ობობა, რომელიც აბლაბუდის ცენტრში ზის და ყველაფერს შეიგრძნობს, რაც მის ტერიტორიაზე ხდება. ახლა შენ ეტლით მიადგები იმ მიდამოს, სადაც ბესამეს ფარა გაუყვანია საბალახოდ. შენ კი (სხვა მსახიობს) სოტო იქნები, მეეტლე! რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ სოტო ცოტა მოშტერო, ყეყეჩი უნდა იყოს... რა სისულელეს ვამბობ, ძალიანაც რომ გინდოდეს სხვანაირი მაინც ვერ იქნება. გამიგე, არა?
მსახიობი - კი, გავიგე!
რეჟისორი - ძალიან კარგი. მოირგეთ კოსტუმები? ძალიან კარგი. ახლა ყველანი განლაგდით და დაიწყეთ იმის თამაში, რაზეც წარმოთქმული რეპლიკა გიბიძგებთ.
/მაესტროსა და სოტოსათვის შერჩეული მსახიობები ეტლში სხდებიან ... ეტლი, რომელსაც ცალი თვალი აკლია, ცხადია, არ იძვრის/
მაესტრო - რა მოხდა, სოტო?
სოტო - თვალი მოეშვა. ორიოდ წუთში ყოველივე წესრიგში იქნება, სენიორ!
მაესტრო - მაშინ, ცოტას გავივლი.
სოტო - თქვენი ნებაა, სენიორ!
(საცივზე გაგზავნილი მსახიობი ბრუნდება ”ნადავლით”)
რეჟისორი - ასე სწრაფად? აი, ეს კი მართლა ფანტასტიკაა!
/რეჟისორი გემრიელად შეექცევა მსახიობის ცოლის მიერ მომზადებულ საცივსა და ღომს, სოტო ტრიალებს სცენის კუთხეში მიგდებულ ეტლის თვალთან. მოსეირნე მაესტრო კი შეამჩნევს ბესამეს, რომელიც საოცრად უნიჭოდ ცდილობს ააწყოს რაიმე მელოდია სალამურზე)
მაესტრო - რა მშვენვრად უკრავ, ყოჩაღ! რა გქვია?
ბესამე - ბ ე ს ა მ ე !
მაესტრო - მშობლები თუ გყავს?
ბესამე - არა, სენიორ!
მაესტრო - ძალიან კარგი! ფარა შენია? შენია-მეთქი? აი, ეს ფარა! (მიუთითებს სურათზე გამოსახულ ფარაზე).
ბესამე - არა, სულ სხვისი.
მაესტრო - ჩემთან წამოხვალ?
ბესამე - როგორ, სენიორ?
მაესტრო - წამოხვალ ჩემთან?
ბესამე - რატომ, სენიორ?
მაესტრო - მუსიკოსობა გინდა, ბესამე?!
ბესამე - ძალიან, დიახ!
მაესტრო - მაშინ, წამოდი!
ბესამე - ფარას რა ვუყო?
მაესტრო - პატრონს მიჰგვარე.
ბესამე - შინაც შევივლი.
მაესტრო - ჰო!... ტანსაცმელი წამოიღე.
ბესამე - არაფერი მაქვს წამოსაღები. მე ღარიბი ვარ, როგორც იესო.
მაესტრო - შინ რაღა გინდა?
ბესამე - კარ-ფანჯარა უნდა ავაჭედო, სენიორ, წესია ასეთი.
მაესტრო - გზაზე ეტლი დგას. ეტლში დაგიცდი.
/ამ დროისათვის სოტო მორჩება სცენის კუთხესთან მიგდებული ეტლის თვალთან კირკიტს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თვალი ეტლს გაუკეთოს, კულისებისკენ გააგორებს მას. ეტლი, რომელსაც ცალი თვალი აკლია და რომელშიც ამჯერად არავინ ჩამჯდარა, ცხადია, მაინც დაიძვრის. ისმის ცხენის ფლოქვების რიტმული ხმა. გვერდით, სკამზე მიმჯდარ და უკვე დანაყრებულ რეჟისორს ამ ხმაზე ჩასთვლემს, იგი ირწევა ფლოქვების ხმის რიტმში. ბესამე, მაესტრო და სოტო ინტერესით შესცქერიან მას. უცებ, ფლოქვების ხმა წყდება და რეჟისორიც გამოფხიზლდება.)
რეჟისორი - შესანიშნავია, ახლა ბესამე და მოხუცი მუსიკოსი ალკარასში ჩავიდნენ. (მიმართავს მაესტროს) ალკარასში შენ ცხოვრობ. (მიმართავს ბესამეს) ამიერიდან შენც ამ ქალაქში იცხოვრებ... მოკლედ, ალკარასში ხართ. დანარჩენი თქვენ იცით... ჰო,დეკორაცია გაიტანეთ და ახალი შემოიტანეთ!
/დეკორაციის შეცვლა მუსიკის თანხლებით ხდება. იცვლება განათებაც. დილაა, ბესამე ახალი გამოღვიძებულია. ოთახში შემოდის მაესტრო).
მაესტრო - საუზმე აქ გვაქვს, მაგიდაზე. მერე კი ქუჩაში გახვალ, მიმოიხედავ და ყველაზე მაღალ სახლს მიაშურებ. ხელ-პირი, აგერ, იქ დაიბანე.
ბესამე - იმ მაღალ სახლში... რომ არ შემიშვან?
მაესტრო - შეგიშვებენ!
ბესამე - იმ მაღალ სახლში რა არის, სენიორ?
მაესტრო - იმ მაღალ სახლში მუსიკოსი უნდა დადგე, ბესამე. გინდა?
ბესამე - ძალიან, დიახ!
მაესტრო - მერედა, შეძლებ?
ბესამე - ცდას არ დავაკლებ, სენიორ!
მაესტრო - ბევრნი იქნებით, უნდა გამოირჩე.
ბესამე - ბევრნი ვინ?
მაესტრო - შენისთანები, დამწყებები, ჯერ ბატკნებივით მუსიკოსები.
ბესამე - იმ სახლის ბევრებს მთავარი მწყემსი თუ ჰყავთ?
მაესტრო - კი.
ბესამე - რა ჰქვია?
მაესტრო - ქრისტობალდ როხასი. დაიმახსოვრებ?
ბესამე - დიახ, ადვილი სახელი და გვარია.
მაესტრო - ის იკითხე და გაგატარებენ.
ბესამე - მერე, რა ვუთხრა?
მაესტრო - იქ გამოჩნდება. ახლა კი წავალ.
/საერთოდ, მოხუცი მაესტრო მუსიკაზე ლაპარაკის დროს შედარებით ახალგაზრდად გამოყურებოდა/
რეჟისორი - (ბესამეს) ჩათვალე, რომ უკვე მაღალ შენობაში შეხვედი.
/ისმის აუწყობელი საკრავების ხმა. სავაძელში მჯდარი ქრისტობალდ როხასი შემოჰყავთ. ქრისტობალდ როხასი და მოხუცი მაესტრო ერთი და იგივე პიროვნებაა. გაოცებული ბესამე კარო თვალს ვერ აშორებს მოხუცს/.
როხასი - მუსიკოსობა გინდა, ბესამე?
ბესამე - ძალიან, დიახ!
როხასი - ძალიან კარგი. მომიახლოვდი, ორთავე მუხლზე დაიჩოქე. (ბესამე ასრულებს, რასაც ეუბნებიან) მუსიკოსობა თუ გსურს, ბესამე, დიდ უღელში უნდა გაჰყო მორჩილი თავი და მაგ სიფრიფანა მხრებზე უზარმაზარი ტვირთი დაიდო. შეძლებ?
ბესამე - არ ვიცი, დიახ.
როხასი - კარგად იცოდე, ბევრნაირ სიამოვნებაზე უნდა აიღო ხელი, რადგან ადამიანს მხოლოდ გარკვეული სიამის მოპოვება შეუძლია, ხოლო მუსიკოსისთვის მუსიკის ხარჯზე სხვა არაფერი არ უნდა მოხდეს. ბესამე, ერთადერთი შენი შვება მხოლოდ და მხოლოდ შენი საკრავიდან უნდა გამოისმოდეს.
ბესამე - მე სიამოვნება არ მქონია, სენიორ, არც ბევრნაირი და არც ცოტა... მე სულ ძალიან ვშიმშილობდი, სენიორ...
როხასი - (არ აფიქსირებს ბესამე უკანასკნელ ფრაზას) არა გქონია სიამოვნება, მაგრამ მერე და მერე, რაღაცებს რომ მიაღწევ, გამოგიჩნდება და მუდამ პირქუში უნდა იყო ყოველნაირი ლხენის მიმართ. წამოდექ!
/ბესამე ფეხზე დგება. მაესტრო როხასი შავ, მოგრძო ყუთს გაუწოდებს მას/
ბესამე - რა არის, სენიორ?
როხასი - აქ ფლეიტა დევს, სალამურთაგან უპირველესი; და ეს ერთადერთი საკრავია, რომლის ახმიანებაც ამბორით იწყება!
/სცენაზე შემოდის რამონა, ხელში ფინჯანი უჭირავს. უახლოვდება როხასს. რამონა ვერ ამჩნევს ბესამეს. აქ ერთვება რეჟისორი./
რეჟისორი - სტოპ! სტოპ! (მიმართავს რამონას როლის შემსრულებელს) რამონა არის გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება წინა აქვს. მას უხარია ცხოვრება, სიყვარული უნდა. არაა ცხოვრებისგან ჯერ გაფუჭებული. შენ კი, მოღუშული თამაშობ და რაც მთავარია, არაბუნებრივი ხარ. გაიმეორეთ!
/ყველანი იმ მდგომარეობას უბრუნდება, როცა რამონა შემოვიდა. დაბრუნება ხდება ე.წ ”კადრის უკუსვლის” ხერხით/
რამონა - (მაესტრო როხასს) ყავას დალევთ, სენიორ?
როხასი - კი, შვილო. (იღებს ფინჯანს) გმადლობთ!
/რამონა შენიშნავს გაოცებულ ბესამეს, ჩერდება, თვალს ვერ აშორებს. მათ ერთმანეთი მოსწონთ. ყავის სმით გართული როხასი სავარძლიანად კულისებში გაჰყავთ. ბესამე რამონასთან მარტო რჩება/
რამონა - დილის რამონასაც მეძახიან, მინდვრის რამონასაც, ჭალის რამონასაც, ფიქრის რამონასაც, მთვარის რამონასაც, სიზმრის რამონასაც... მე რამონა მქვია.
ბესამე - მე - ბესამე...
რამონა - თქვენ ამ შენობაში უკრავთ, არა?
ბესამე - რას ვშვრებით?
რამონა - თურმე აქ უკრავთ.
ბესამე - კი, ზოგჯერ...
რამონა - მუსიკა გიყვარს?
ბესამე - კი, ძალიან. მუსიკოსი მინდა გავხდე.
რამონა - მერე აქ რისთვის ჩამოხვედი?
ბესამე - მუსიოკოსი მინდა გავხდე.
/დიალოგის დროს ეშვება სურათი, რომელზეც ადამისა და ევას თემაა გამოსახული/
რამონა - ბესამე, მოდი, სადმე წავიდეთ...
ბესამე - როგორც შენ იტყვი...
/ბესამე მორცხვობს, რამონა მასზე თამამია. ისინი სცენას ტოვებენ./
რეჟისორი - (დარბაზისკენ) ბესამე შეეჩვია ალკარასს, შეეჩვია თეთრ კონსერვატორიასაც, თეთრი კონსერვატორიის ლექტორებსაც და ერთადერთს, ვისაც ვერ შეეჩვია, მეჰისტორიე კარტუზო ბაბილონია გახლდათ - მშობლიური ქვეყნის დამაქცეველის, ნაპოლეონ ბონაპარტეს ფარული თაყვანისმცემელი. (რეჟისორის ლაპარაკის დროს სცენაზე გამოდის კარტუზო ბაბილონია. რეჟისორი მას შეამჩნევს)
რეჟისორი - რა გნებავთ და ვინა ხართ?
კარტუზო - ვერ მიცანით? მე, მშობლიური ქვეყნის დამაქცევლის, ნაპოლეონის თაყვანისმცემელი კარტუზო ბონაპარტ... ფუ, ბაბილონია გახლავართ.
რეჟისორი - მერედა, თქვენ ჩემს სპექტაკლში რა გნებავთ?
კარტუზო - როლი.
რეჟისორი - თქვენ ჩემს სპექტაკლში ზედმეტი ხართ.
კარტუზო - მე ვარ ზედმეტი? როგორ? მე ხომ შეუცვლელი ვარ! ყველა სპექტაკლში მაქვს როლი განაღდებული. ჩემს გარეშე ყველა სპექტაკლი არაბუნებრივი და არამართალი იქნება. თქვენ კი, ვგონებ, სიმართლის თქმას აპირებთ. კი მაგრამ, მართლა, არ გეშინიათ? (იცინის). ასე რომ, ჩემთვის როლი უნდა გამონახოთ.
რეჟისორი - კი ბატონო, ითამაშეთ, ითამაშეთ, მე აქ არავინ ვყოფილვარ. ასეა, როცა მართალი სპექტაკლის გაკეთებას დააპირებ, ყველა შემოგიძვრება და ზოგიც იქ, სადაც საერთოდ არ მოელი (გაბრაზებული რეჟისორი ასპარეზს კარტუზოს უთმობს და თვითონ მაყურებელთან ჩადის)
კარტუზო - რა დრო დაგვიდგა? საკუთარ სახლშიც კი თავისუფლად ვერ იზამ, რაც გსურს (საიდანღაც ისმის სიცილი. კარტუზო შეშინდება, ვიღაცას ეძებს.)
რეჟისორი - (დარბაზიდან) რა ჟამი დადგა! ბონაპარტისტი ბონაპარტიზე ”დიადის” თქმას ვეღარ ბედავს.
კარტუზო - ჰოდა, იმას ვამბობდი, რა დრო დაგვიდგა-მეთქი.შეიძლება ასე? Разве ето правильно! /კარტუზო ზურგს აქცევს მაყურებელს და სცენის სიღრმეში შედის. ნათდება ”ხატი”. კარტუზო მუხლებზე ეცემა და ლოცულობს იმ ”ხატის” წინაშე, რომელზეც აღბეჭდილია არა ქრისტე, ან რომელიმე წმინდანი, არამედ მსოფლიოს ყველა დროის დიქტატორთა ცალკეული ნაწილები სხეულისა და მათთვის დამახასიათებელი ატრიბუტები - ქუდი, ჩიბუხი, სათვალე, ულვაში და სხვ. ლოცვის დროს, ავანსცენაზე ამოდის რეჟისორი, მის უკან კი დეკორაცია იცვლება/.
რეჟისორი - რადგანაც შეგირდები მეჰისტორიეს მაესტროს ვერ უწოდებდნენ - იგი ხომ არ იყო მუსიკოსი - ამიტომაც კარტუსზო ბაბილონია შეგირდთაგან სხვადასხვა ქვეყნებში განვრცობილ აღმატებით მიმართვებს დაჟინებით ითხოვდა.
/სცენაზე ყველაფერი მზად არის შემდეგი ეპიზოდის გასათამაშებლად. დგას სკამები, რომლებზეც შეგირდები სხედან. ერთ-ერთ სკამზე ბესამე კარო ზის. ძლივს მოასწრებს რეჟისორი სათქმელის დამთავრებას, რომ მოესმის)
კარტუზო - ნაპოლეონზე ვის რა გსმენიათ, ახალგაზრდებო? მართალია, მას ჰქონდა დიდი შეცდომა, რომ ჩვენს ტკბილ სამშობლოს გაუფრთხილებლად თავს დაესხა, მაგრამ თავის ძალიან ცუდ საქმეში გენიოსი იყო იგი ჭეშმარიტი. დიახ, თანაც შეცდომა ვის არ მოგვსვლია, დიახ... მე თუ მკითხავთ, შეცდომა ყველა ადამიანის ვალია, თორემ შეცდომა რომ არ დავუშვათ, ღმერთი რას შეგვინდობს. მაშ, ნაპოლეონზე ვის რა გსმენიათ?
პირველი შეგირდი - (წამოხტება) მამაჩემი, წარმოშობით, ლიკო და გამიდან არის, სენიორ კარტუზო. თურმე, ძალიან წინათ, ეს სახელმწიფო პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. ლიკო და გამის სახელოვანმა ინტელიგენციამ დასახმარებლად ნაპოლეონს უხმო. დიდსულოვანი და კეთილშობილი ბონაპარტე მაშინვე გაეშურა მეზობელი ქვეყნის გადასარჩენად. არეულობა ხელის ერთი მოსმით ჩაახშო და ქვეყანა სწორ გზას გაუყენა. დღეს, ლიკო და გამის დედაქალაქი, ნაპოლეონგრადი, მსოფლიოს ყველაზე მშვიდი და უსაფრთხო ქალაქების რიცხვშია.
კარტუზო - ყოჩაღ, ბიჭო, ფრიადოვანს გიწერ.
ბესამე - პაპაჩემის ახალგაზრდობაში, თურმე, ჩვენს სოფლად, დამპყრობლების მთავარმა გუშაგმა უნებურად ცეცხლი წაუკიდა მინდობილ საწყობს და ეს ამბავი სოფლის კაცებს გადააბრალა და...
კარტუზო - რა შუაშია აქ ბონაპარტე?
ბესამე - ნაპოლეონმა გზად ჩაიარა, გუშაგის ახსნა-განმარტება მოისმინა, მთელი სოფლის მამაკაცები ჩაამწკრივებინა და ყოველი მესამის ხიშტზე აგება ბრძანა, მილორდ...
კარტუზო - კი მაგრამ, შენ რა?
ბესამე - პაპაჩემი 24-ე კაცად იდგა, კარტუზო-აღა.
კარტუზო - კი მაგრამ, აკი ყოველი მესამეო?
ბესამე - ყოველი მესამე ოცდამეოთხეზეც მოდის, ეფენდი.
კარტუზო - არა, ოცდაოთხი ეს რვაზე იყოფა.
ბესამე - სამზედაც იყოფა, სენ-სეი.
კარტუზო - რვა არ შეიძლება გაიყოს სამზე.
ბესამე - მაგრამ სამი შეიძლება გამრავლდეს რვაზე, კარტუზო ფედოტიჩ!
კარტუზო - ეგ მათემატიკა სადღა ისწავლე?
ბესამე - მწყემსად ვიდექი, სენიორ...
კარტუზო - ასე თუ ისე, ჩვენ აქ მათემატიკის გამოცდა არა გვაქვს, ხოლო ჰისტორიაში ცუდოვანს გიწერ.
ბესამე - რატომ, ბატონო?
კარტუზო - მაგი არაა შენი საქმე. (კარტუზო და მისი შეგირდები სცენას ტოვებენ. სცენაზე მხოლოდ ბესამე რჩება. შემოდის რამონა. სცენა პროჟექტორებით ნათდება. რამონასთან ერთად სცენის მეორე მხრიდან გამოდის რეჟისორი, ხელში მიკროფონი უჭირავს, იგი მოკარნახის როლშია).
რეჟისორი - გამარჯობა , ბესამე.
რამონა - გამარჯობა, ბესამე.
რეჟისორი - გამარჯობა რამონა.
ბესამე - გამარჯობა, რამონა.
რეჟისორი - შენ ცოლს მოიყვან როდესმე, კარო? მოიყვან-მეთქი?
რამონა - შენ ცოლს მოიყვან როდესმე, კარო? მოიყვან-მეთქი?
რეჟისორი - ვინ წამომეყვება...მე ღარიბი ვარ, როგორც ...
ბესამე - ვინ წამომეყვება...მე ღარიბი ვარ, როგორც ...
რეჟისორი - როგორც იესო?
რამონა - როგორც იესო?
რეჟისორი - შენ ეს რა იცი?
ბესამე - შენ ეს რა იცი?
რეჟისორი - ვთქვათ, მერე, მერე, მე რომ წამოგყვე, წამიყვან, კარო?
რამონა - ვთქვათ, მერე, მერე, მე რომ წამოგყვე, წამიყვან, კარო?
რეჟისორი - კიი! და თუ ოდესმე ჩემი ცოლი მართლა გახდები, რამონა, მაშინ...
ბესამე - კიი! და თუ ოდესმე ჩემი ცოლი მართლა გახდები, რამონა, მაშინ...
რეჟისორი - რა მაშინ...
რამონა - რა მაშინ...
რეჟისორი - მაშინ... ხომ მაკოცნინებ ხელზე?
ბესამე - მაშინ... ხომ მაკოცნინებ ხელზე?
რეჟისორი - შენ შეგიძლია ახლაც მაკოცო, ოღონდ ხელზე.
რამონა - შენ შეგიძლია ახლაც მაკოცო, ოღონდ ხელზე.
რეჟოსორი - მაშინ, რამონა, მე აღდგომადღეს გაკოცებ, კარგი?
ბესამე - მაშინ, რამონა, მე აღდგომადღეს გაკოცებ, კარგი?
რეჟისორი - რატომ, ბესამე?
რამონა - რატომ, ბესამე?
რეჟისორი - ეს იმიტომ, რომ, რამონა, აღდგომამდე ბედნიერი ვიქნები, რადგან... რადგან იქამდე სულ მეხსომება, რომ უნდა გაკოცო... და, თანაც...
ბესამე - ეს იმიტომ, რომ, რამონა, აღდგომამდე ბედნიერი ვიქნები, რადგან... რადგან იქამდე სულ მეხსომება, რომ უნდა გაკოცო... და, თანაც...
/აქ, რეჟისორი წყვეტს კარნახს და გადის სცენიდან. უტექსტოდ დარჩენილი ბესამე და რამონა პირსღა აღებენ, სიტყვებს კი ირონიული მუსიკა ცვლის. პანტომიმის ხერხით მიმდინარეობს სიყვარულის ახსნა. ბესამე კვლავ მორცხვობს, რამონა კვლავ მასზე თამამია. ბოლოს იგი თვითონ ჰკოცნის ბესამეს. სწორედ ამ დროს რეჟისორი ბრუნდება სცენაზე./
რეჟისორი - აბა, რა დროს ეს არის?.. ყველანი სცენაზე! (სცენა მსახიობებით ივსება) ეს დღე ღირსშესანიშნავია იმით, რომ ჩვენთან მობრძანდა ბინდბუნდოვანი მეცხრამეტე საუკუნიდან ჩვენს ნათელ დროში გამოსეირნებული ცნობილი აღმოსავლელ-დასავლელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, ორატორი, მკითხავი და ასე შემდეგ, გნატხავ ბანუ! ტაში, ბატონებო, ტაში! იგი მე დახმარებას გამიწევს ჩემს რთულ საქმეში. (პარტერიდან სცენაზე ადის ის უცნაურად ჩაცმული უცნაური კაცი, რომლის ეტლით გამოცხადება სცენაზე მყოფთაგან ადრე არავინ შენიშნა) ბატონო გნატხავ, თქვენ ალბათ უკვე საქმის კურსში ხართ?
გნატხავ ბანუ - ნაწილობრივ.
რეჟისორი - მაშინ, მოკლედ გეტყვით ყველაფერს. პიესა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ჩემი ვარაუდით, მეტად აქტუალური ჟღერადობისაა, სწორედ სადღეისოდ. ყოველთვის როდი მოსდევს ღამე დღე! - ეს აზრი გასდევს ლაიტმოტივად ჩვენს სპექტაკლს. მიმიხვდით, რისი თქმა მსურს?
გნატხავ ბანუ - შეგიძლიათ აღარ განაგრძოთ, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია...
რეჟისორი - მაშინ, შემდეგ სცენაზე გადავიდეთ. ფისუნიებო, ყველანი კულისებში! ბაბილონია, დარჩით! (მსახიობ ქალს) და თქვენც, ქალბატონო! კარტუზო, ეს შენი ცოლია - მერგრეტ ბოსკანა. შენ ყველანაირ სიბილწეზე მიდიხარ, რათა გადარჩე ცხოვრებაში და ამასთანავე, კარგი კარიერაც გაიკეთო. რადგან კარგი ცხოვრება გინდა, შენ, შენი მხრივ, ყველაფერი იღონე იმისთვის, რომ შენი საკუთარი ცოლი საყვარელი გამხდარიყო პროვინციის ამჟამინდელი მმართველისა. იმაზე მოგახსენებ, დე ლოპეს დე დე მორალესად რომ იწოდება. სწორედ მასთან წასასვლელად ამზადებ ახლაც შენს სახელგავარდნილ მეუღლეს... ახლა კი, ითამაშეთ აბანოს სცენა!
/შემოაქვთ ტახტი, რეჟისორი და გნატხავ ბანუ ერთმანეთთან ჩუმად საუბრობენ, კარტუზო კი ტანზე ხდის თავის ნასუქ ცოლს, ტახტზე პირქვე წააწვენს, ზურგზე შედგება და გამოცდილი მექისესავით ხეხავს/
კარტუზო - უთხარი, როხასი ძალიან დაბერდა, ძლივსღა დადის-თქო. კონსერვატორიას კი ახალი ხელმძღვანელი სჭირდება-თქო. ვითომ რა აუცილებელია, კონსერვატორიას მუსიკოსი ედგას სათავეში?
მერგერტ ბოსკანა - (ამოხედავს) ვეტყვი, ყველაფერს ვეტყვი.
კარტუზო - ანტრაქტებში ისიც უთხარი, რომ მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ...
მერგრეტ ბოსკანა - ყველაფერს ვეტყვი. ყველაფერს.
/პროცედურის დამთავრების შემდეგ, მარგრეტ ბოსკანა დგება, კაბას სახელდახელოდ მოიხურავს და გამომწვევად შეხედავს ქმარს)
კარტუზო - რა?
მერგრეტ ბოსკანა - ისიც ვუთხრა, ძილისას რომ წკმუი ხოლმე?.. ანტრაქტებში ისიც ვუთხრა, რომ შენ, მისი დიიიდი თაყვანისმცემელი, სულ სხვა დიდი ბელადების სახელებს კნავიხარ ხოლმე ძილში?...
/თავისი გესლიანი რეპლიკით კმაყოფილი მერგრეტ ბოსკანა, გავის რწევით ტოვებს სცენას, სუნთქვაშეკრული კარტუზო მარტო რჩება. შემოდიან შეგირდები, შემოაქვთ სკამები და სხდებიან ისე, რომ მეჰისტორიე მათ შუა ექცევა/
კარტუზო - აბა, ვინ იყო ძალიან ცუდი და ყველაზე დიდი ადამიანი? თქვენ მიპასუხეთ...
ერთ-ეთი შეგირდი - ნაპოლეონი სერ...
კარტუზო - სწორია! აბა ახლა თქვენ მიპასუხეთ!
ერთ-ერთი შეგირდი - ნაპოლეონი, მილორდ...
კარტუზო - სავსებით სწორია, ოღონდ სრული პასუხი მონდა.
პირველი შეგირდი - (წამოხტება) - ძალიან ცუდი, მაგრამ ყველაზე დიდი ადამიანი იყო მისი კეთილშობილება, იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე, მონსენიორ.
კარტუზო - კარგია, ყოჩაღ, ფრიადოვანს გიწერ. აბა, ახლა თქვენ! (მიმართავს ბესამე კაროს)
ბესამე - ყველაზე კარგი, ყველაზე დიდი ადამიანი ბეთჰოვენი გახლდათ, სერ.
კარტუზო - მე სახელმწიფოებრივ მოღვაწეებზე გეკითხებით და არა თქვენებრ მუსიკოსებზე, ყმაწვილო!
ბესამე - მე ადამიანი მომესმა თქვენს პირველ შეკითხვაში, სენსეი.
კარტუზო - მერედა, ნაპოლეონი განა ადამიანი არ იყო?
ბესამე - ვინ იცის, ბვანა...
კარტუზო - შენ, ღლაპო, დამიგდე ყური! შენ და შენნაირმა ტუტუცოვანმა მუსიკოსებმა ვთქვათ და ცხოვრებაში რაგინდ ბევრ ტაშს მიაღწიონ, კარგად იცოდე, მაინც სახელმწიფო მოღვაწის მძლავრ მარწუხებში ხართ გამომწყვედეული და როცა მოუნდება, მაშინ დაგლეწავთ. ხოლო ამჟამად, ადგილობრივ, ეს დიადი პიროვნება დიადი დე ლოპეს დე დე მორალესია, ჭეშმარიტი მამაკაცი, და მუჭში აიი, ასე, სწორედ ასე ჰყავხართ. იგი კი ჩვენი კეთილდღეობისათვის ზრუნვაში დღესა და ღამეს ასწორებს. უძლიერესია იგი. მოუნდება და... აღგგვის, გაგაქრობს... შენი ბენტერა ბეთჰოვენიც სწორედ ასეთი იქნებოდა, რაღა, უსუსური...
ბესამე - თქვენ, შესაძლოა, ერთი მხრივ სწორს ბრძანებდეთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ქუჩაში რომ გავაჩეროთ ვინმე გამვლელი და ვკითხოთ, ვინ იყო ბეთჰოვენის დროს პროვინციის მმართველი, ასე მგონია ვერ გიპასუხებთ, ხოლო თუ ვინ იყო ბეთჰოვენი, ძლიერ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ არ იცოდეს, კარტუზო ფედოტის ძევ!
კარტუზო - რაებსა ჩმახავ?!
ბეასმე - მე ჩემი აზრი მოგახსენეთ, კარტუზო-სან!
კარტუზო - შენ, შენი აზრი ვირებისთვის შეინახე, ხოლო ჰისტორიაში არადამაკმაყოფილებელს გიწერ.
ბეასმე - რა შუაშია აქ ჰისტორია, პან კარტუზო?
კარტუზო - იმ შუაშია, რომ სწორედ ჰისტორიაში არადამაკმაყოფილებელს რომ გიწერ, იმ შუაშია.
ბესამე - რატომ, ბატონო?!
კარტუზო - არაა მაგი შენი საქმე! დასტოვე ახლავე აუდიტორიის კუთვნილი ტერიტორია! ლაწირაკი ეს! შენ თუ აღდგენით სამუშაოებზე არ მიგამაგრო, კაცი არ ვიყო.
/აქ ერთვებიან რეჟისორი და გნატხავ ბანუ/
გნატხავ ბანუ - იცით, მე თქვენი სპექტაკლი აღმიძრავს შიმშილის გრძნობას. გამომდინარე აქედან, ჩემთვის, თქვენს სპექტაკლში, განსაკუთრებით ღრმა ფილოსოფიური მნიშვნელობა აქვს ეროვნული კერძის შთანთქმის სცენას. დიახ, რეჟისორის ჭამის სცენას. გახსოვთ, თქვენ რო იღებთ ჩასაცივებული ქათმის ბარკალს... რა საოცარი პლასტიკით ახერხებთ ამას. ამავე დროს, თქვენი ხელის მოძრაობაში ძევს ღრმა მეტაფორული აზრი. ეშმაკმა დალახვროს, სულ გადამავიწყდა ძილის სცენა. თქვენ რომ გძინავთ, ეს ხომ შედევრია მსოფლიო თეატრალური ხელოვნებისა! თქვენ ხომ ძილის დროს ცალ თვალს სპეციალურად აღებდით! ხომ სპეციალურად?
/რეჟისორი გაოცებული, ამავე დროს გახარებული უსმენს გნატხავს. ცოტა ხნის შემდეგ თანხმობის ნიშნად თავს უქნევს აზარტში შესულ თეატრმცოდნეს./
იცით, რატომ აღებდით ცალ თვალს? იმიტომ, რომ თქვენ კარგად გახსოვთ, მძინარე კურდღელს იოლად შეჭამს მგელი (რეჟისორი აქ შეცბება. შეცბება გნატხავიც) ეს რა წამომცდა... ასეა, როცა ერთბაშად ამდენ კარგს დაინახავ. ჰოდა, იმას ვამბონდი...
რეჟისორი - (შეაწყვეტინებს) კარგით, გეყოფათ, ნუთუ ყველაფერი ასე მოგწონთ და შენიშვნაც კი არ გაგიჩნდათ?
გნატხავ ბანუ - კი, როგორ არა, ერთი შენიშვნა მართლაც გამიჩნდა.
რეჟისორი - რა შენიშვნა?
გნატხავ ბანუ - სპექტაკლს აკლია... კარმენი.
რეჟისორი - რაო? ეგ კარმენი არ მიხსენოთ... კახპა, გაფუჭებული, ცრუ, ორპირი, გაიძვერა, რეციდივისტი, კონტრაბანდისტი, თითქმის ბანდიტი...
გნატხავ ბანუ - თქვენ რა, ასე არ გიყვართ იგი?
რეჟისორი - რასაკვირველია, არ მიყვარს. ეგ გზასაცდენილი, უკაცრავად კი პასუხია, მოლიპულ გზაზე უარყოფითად დაგორებული. თამბაქოს ფაბრიკაში როცა მუშაობდა, იმის ნაცვლად, რომ შრომითი მაჩვენებლებით ესახელა თავი, სისხლის სამართლის დანაშაული ცივი იარაღით ჩაიდინა... დიახ, ცივი იარაღით! გესმით, დანას ატარებდა!
გნატხავ ბანუ - თქვენ რა, გეშინიათ?
რეჟისორი - რა შუაშია შიში? ის უბედური, დიასახლისი მაინც დამდგარიყო. საცივს თუ არა, ბულიონს მაინც დაგვიმზადებდა. არაუშავს, ხანდახან ხილად ეგეც გამოდგება... ოღონდ, ქინძი და კამა უნდა დაეჭრას ბლომად... ცხარე კუჭმაჭი... მაგაზე ვგიჟდები... შემწვარი ტვინი...
გნატხავ ბანუ - თვალები? თქვენ თვალები გამოგრჩათ.
რეჟისორი - რა შუაშია თვალები?
გნატხავ ბანუ - კარმენს რაღაც ჰქონდა თვალებში. რაღაცა კი არადა... ჩუმად გეტყვით... თა... მიხვდით? თავი... ვერ მიხვდით? თავის... მაინც ვერ მიხვდით? თავისუფლება ედგა კარმენს თვალებში! აი, რა! (მოუტრიალდება დარბაზს) ამხანაგებო! ანდალუზიელნო და სერთოდ, ყველანო! თავისუფლება ის რაც...
რეჟისორი - მორჩით თავისუფლების პროპაგანდას!
გნატხავ ბანუ - მე კი მოვრჩები, მაგრამ კარმენი ადრე თუ გვიან თვითონ მოგვაკითხავს!
/ისმის ”ჰაბანერა” ბიზეს ოპერიდან ”კარმენი”. სცენაზე გამოდიან ბალერინები, რომლებიც შავ, პრიალა, ლაკის კოსტიუმებში ცეკვავენ. ეს ცეკვა თითქოსდა კლასიკური ბალეტიცაა და ამავე დროს, სამხედრო მარშსაც მოგვაგონებს./
გნათხავ ბანუ - შემდეგ რა სცენა მოდის?
რეჟისორი - შემდეგ? ვნახოთ (იხედება წიგნაკში) ო, შემდეგი სცენაა ბესამეს საუბარი როხასთან. ეს აღდგენით სამუშაოებზე გაგზავნის წინ ხდება. მნიშვნელოვანი ეპიზოდია სპექტაკლში... (გასძახებს კულისებისკენ) როხას! როხას! (კულისებიდან გამოდის როხასის როლის შემსრულებელი მსახიობი, რომელსაც, ამჯერად, მეტისმეტად დაუბერებია თავისი პერსონაჟი.) სკლეროზი ხომ არ მოერია მაგ შენ მაესტროს? ტექსტი ახსოვს?
როხასი - კი, ახსოვს.
რეჟისორი - მაინც გადაამეორებინე (აძლევს ფურცლებს) გადაიმეორა?
როხასი - კი, გადაიმეორა.
რეჟისორი - მაშინ დაიწყე.
/გამოდის ბესამე და როხასთან დგება. როხასი სკამზე ზის/
როხასი - (დროდადრო თვალი ფურცლებისკენ გაურბის) ბესამე, კარგად დაიმახსოვრე, ამქვეყნად პატიოსნებს უჭირთ არსებობა. ზოგი შიმშილითაც კვდება. სამაგიეროდ, თაღლითნი და უგუნურნი ციდან ვარსკვლავებს წყვეტენ, სიმდიდრესა და ფუფუნებაში იხრჩობიან. თითქოს არაფერი აკლიათ, ცხოვრობენ თავისი სიამოვნებისთვის, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ცოცხლად ლპებიან. ლპებიან და თავიანთ ადგილებს კი მაინც არ თმობენ. ადამიანის ლპობა სულის ლპობით იწყება.
ბესამე - კი მაგრამ, სულის ლპობა როდისღა იწყება?
როხასი - სულის ლპობა იწყება მაშინ, როცა ადამიანი გახდება სხეულის მონა. დამორჩილდება მხეცს, რომელიც მასში არსებობს.
ბესამე - ადამიანის ცხოვრება რაღაა?
როხასი - ბრძოლაა ამ მხეცთან.
ბესამე - მარტო ესაა ადამიანის ცხოვრება?
როხასი - არა, მარტო ეს არა, მაგრამ მთავარი ესაა.
ბესამე - კი მაგრამ, მე რისთვის მეუბნებით ამას?
როხასი - იმიტომ, რომ აღდგენით სამუშოებზე გაგიწვიეს... შენ დაადექი მძიმე გზას. ახლა შენში მხეცს სძინავს, მაგრამ იგი გაიღვიძებს... გაიღვიძებს აუცილებლად, თუ შენ... მე ჩემი ვალი მოვიხადე, ღმერთი იყოს შენი მფარველი!
/ტირადის დამთავრების შემდეგ, როხასი შესცქერის რეჟისორს, მის შეფასებას მოელის./
რეჟისორი - (არად აგდებს როხასის მომლოდინე მზერას) ახლა, შეიძლება შევისვენოთ. (სცენაზე გამოდიან მსახიობები, სცენის მუშები, ზოგი დეკორაციას ეზიდება, ზოგიც რას აკეთებს და ზოგიც რას. რეჟისორი მიმართავს მაყურებელს, რომელიც ყოველივე ამის მოწმეა.) შევისვენოთ!
/ანტრაქტის დროს ზოგიერთ მსახიობს თამამად შეუძლია გამოელაპარაკოს თავის ნაცნობს დარბაზში დარჩენილთა შორის./
II მოქმედება
/ ისმის გონგის ხმა. ამ ხმაზე ყველა მაშინვე ტოვებს სცენას, ვინც კი აქ იყო შესვენებისას. სცენაზე საქმიანი, სწრაფი ნაბიჯით შემოდიან რეჟისორი და გნატხავ ბანუ. ისინი მიდიან სცენის კუთხისკენ ძველებურ მაგიდასთან. ბანუ ჯდება სკამზე. რეჟისორი მას აწვდის ქაღალდის ფურცლებს თავისი ჩანაწერებით და თითით უჩვენებს, რასაც უნდა ჩახედოს, თვითონ კი გამოდის სცენის შუაგულს./
რეჟისორი - (კულისებისკენ) რაღას უცდით, ჩამოუშვით დეკორაცია (ეშვება სურათი, რომელზეც გამოსახულია „განკითხვის დღე“) მომეცით ელვა, ჭექა-ქუხილი... ჩართეთ წვიმა და ქარი (ხელით ანიშნებს სურათზე) ხომ ხედავთ, წარღვნაა, ქვეყანა იქცევა! გამორთეთ შუქი! (განკარგულება სრულდება და სიბნელეში ისმის ქარისა და წვიმის ხმა, დროდადრო ელავს, ქუხს კიდეც. შემდეგ, ყველაფერი უცებ წყნარდება და ინთება შუქი. სცენაზე აღსადგენლებს მოუყრიათ თავი. მათ შორისაა ბესამე) ესეც აღსადგენლები! (რეჟისორის ამ სიტყვებს ახლავს ფართე ჟესტი, რომელიც დარბაზსაც მოიცავს და სცენასაც)
გნატხავ ბანუ - კი მაგრამ... აღმდგენელი ვინღა იქნება?
რეჟისორი - სწორედ ეგ აღმდგენელი ვერ ვიპოვე ამდენ მსახიობში.
გნატხავ ბანუ - ეგ თქვენი აღმდგენელი როგორი კაცია?
რეჟისორი - აი... როგორ გითხრათ... იმ ჩვენი მეჰისტორიესგან მკვეთრად განსხვავდება. თავმოყვარეა, მეტიც, პატივმოყვარე. ფული უყვარს, დროს მოერგოო, მაგაზე იტყვიან. ფიზიკურად ძლიერია, კაჟივითაა. მადა აქვს, ნუ იტყვით. სხვათა შორის, ფანტაზიაც აქვს. თავისი საქმე კარგად იცის. ერთი სიტყვით, რასაც აკეთებს - ლაზათიანად აკეთებს... მხეცივით მწრთვნელია ეგ რექსაჩი...
გნატხავ ბანუ - მერე, რაღას ეძებთ?! ერთი სასტვენი გაკლიათ და რექსაჩი ხართ!
/რეჟისორი ჩაიცინებს, გრძელ სასტვენს დააძრობს ჯიბიდან ისე, რომ ეტყობა, თავიდანვე მზად იყო ამისთვის. სატვენს კისერზე ჩამოიკიდებს. ამიერიდან, ყოველთვის, როდესაც რეჟისორის როლის შემსრულებელი მსახიობი სასტვენითაა, იგი უკვე რექსაჩს თამაშობს. რეჟისორი-რექსაჩი ახლა მძლავრად ჩაბერავს სასტვენს. ამ ხმის გაგონებაზე, ახალწვეულები ფართხაფურთხით მწყობრში დგებიან გაჭიმულები/
რექსაჩი - (აღსადგენელებს) თქვენ რა, მართლა ჯარში ხომ არ გგონიათ თავი? თავისუფლად! თქვენ აღსადგენეთის ტერიტორიაზე იმყოფებით! ჩემი ნამდვილი და სრული სახელწოდება რიხობერტო დანიელ ჟუსტინო რექსაჩი გახლავთ, მეგობრებო! მაგრამ უბრალოდ ჩიტუნელა უნდა დამიძახოთ. მერე გაიგებთ, რატომაც. სალუტ!
აღსადგენელები - (ერთად) გაუ!
რექსაჩი - გაუს მოგცემთ, თქვე ვირიშვილოებო! დაიმახსოვრეთ, რაც შეიძლება ნაზად უნდა ილაპარაკოთ. მერე გაიგებთ, რატომაც. აბა, თავიდან. სალუტ!
აღსადგენელები (ერთად) - ჰაუ!
რექსაჩი - ასე ჯობია. (გაივლ-გამოივლის. შემდეგ განაგრძობს) არ გამოგკითხავთ, ვინ რაში ჩაიჭერით, ჩემთან თუ რატომ გამოგაგზავნეს, - ტაქტიანი და მგრძნობიარე ვარ. მაგრამ ვიცი, რომ აღდგენა გჭირდებათ და, ამისათვის, ქვეტექსტოვანი ჩემი დარგი - გამკაჟებელი, დამკაცებელი - საუკეთესოა-მეთქი. ნამდვილ საქმეში იქნებით, ქვეყანას გამოადგებით. ახალი ხანა გეწყებათ, ბიჭნო! ხოლო ჩვენი მეცადინეობა, გვრიტებო, დიად დატვირთვას რადგან მოითხოვს, განტვირთვისთვის ერთმანეთს მოფერებითაც უნდა მივმართოთ და (თვალში ამოიღებს ერთ აღსადგენელს) თუნდაც აი შენ, ბრიყვო, რა სიტყვა გქვია?
ტახო - ტახო!
რექსაჩი - ტახო... არა უშავს რა, მოფერებითაც ჟღერს, და მაგრამ, ეე, და მაინც, ეე, თაჰოს გიწოდებ! (გადადის მომდევნოზე) შენ?
ფრანსისკო - ფრანსისკო. მე, თანამედროვე ბიბლიაში ჩავიჭერი, ჰერ!
რექსაჩი - ჰერს მოგცემ მე შენ მაგ ცხვირ–პირში, სულ ძმარ-მდოგვს გადენ. ჯერ ეს ერთი, რომ აკი ავღნიშნე, ჩაჭრა-მაჭრებს არ გეკითხებით და მეორეც ის, რომ მოფერებით სახელი მაქვს. (მიმართავს შემდეგს) შენა?
ჯანკარლო - მე ჯანკარლო ვარ, ჩიტუნელა ბიძიავ.
რექსაჩი - ვაჰ, ესე იგი, კარლო-ჯან, არა? ვაჰ, ცავატანემ! (შემდეგს) შენ, მაი დარლინგ?
ხუანი - ხუანს მეძახიან.
რექსჩი - აბა, ხუანი რა სახელია, დუშაჩკა? ჰუანი იქნები (მიადგება ბესამეს) შენ, გენაცვალე? შენ რაღა გქვია?
ბესამე - ბესამე მქვია!
რექსაჩი - და... რა გვარი ხარ?
ბესამე - ბესამე კარო.
რექსაჩი - როგორო?
ბესამე - კარო...
რექსაჩი - (გაოცებული) რას ამბობ? როგორ?
ბესამე - გვარად ვარ, კარო.
რექსაჩი - აჰ, ეს ხომ, ბიჭოვ, შესანიშნავია, შესანიშნავი, რადგან კარო იტალიურად ძვირფასს ნიშნავს. შენ ყოჩაღ, ყოჩაღ!...(ყველას) ასე... საგასაცნობო დათვალიერების გაკვეთილი ამით დავამთავროთ. ზეგ ამ დროს მოხვალთ. ქვედა საცვალი ყველას ზედვე გქონდეთ... (ხელში აიღებს სცენის კუთხიდან გნატხავ ბანუს მიერ გამოგორებულ ბურთს) ახლა კი ამ ბურთს მაღლა ავაგდებ და სანამ უკანვე დაეცემა, გარეთ გავარდნას თუ ვერ მოასწრებთ, ხელ-ფეხს დაგამტვრევთ. აბაა, ჰაი! (ახალწვეულები თავპირისმტვრევით გარბიან კულისებში. რექსაჩი მათ ბურთს მიაყოლებს. თვითონ კი იხსნის სასტვენს და რეჟისორად გარდაქმნილი მიდის სცენის კუთხეში მაგიდასთან)
რეჟისორი - აჰ, რა რექსაჩი ვარ! (სიცილით ეუბნება გნატხავ ბანუს, რომელსაც ჩანაწერები გვერდზე გადაუდვია, კარტი გაუშლია და მკითხაობს. რეჟისორი ინტერესით ჩასცქერის)
გნატხავ ბანუ - (მიუთითებს ერთ-ერთ კარტზე) აი... ხედავთ? გრძელი გზა გამოვიდა...
/მკითხაობა გრძელდება. ამ დროს, სცენის შუაგულში გამოაქვთ რბილი სავარძელი, მის გვერდით მეკობრეების შავ დროშას ჩაამაგრებენ. გაისმის პროვინციის ჰიმნი. შემოდის ჯინჯლებიან, პარადულ მუნდირში გამოწყობილი პროვინციის მმართველი, ჰერცოგი დე ლოპეს დე დე მორალესი. მას უკან მოჰყვება პირადი დაცვა. მორალესი სავარძელში ჯდება, თმას ივარცხნის, მუნდირს ისწორებს. ნერვიულობს. რეჟისორისა და ბანუსგან მოპირდაპირე კუთხეში ჩნდება მორალესთან აუდიენციაზე მოსული კარტუზო ბაბილონია. ისიც ნერვიულობს./
მორალესი - ნეტავ, რა უნდა... კანონიერი ქმარია, რაც არ უნდა იყოს, მაინც... ეგებ აღევსო მოთმინება... და შურისძიება გადაწყვიტა (ეს სიტყვები კარტუზოს, ცხადია, არ ესმის) შურისძიება?..
/მორალესი თავისი პირადი დაცვიდან ერთ-ერთს - პირველ მუტრუკს - ხელით ანიშნებს, მომიახლოვდიო/
პირველი მუტრუკი - მუ გოკო, პატენი?(მეგრ. რა გნებავთ, ბატონო?) (მორალესი მას რაღაცას გადაუჩურჩულებს და ისიც კარტუზოსკენ გაემართება) დიად ჰერცოგთან შესვლა თუ გნებავთ, ჯერ მექისემ ყოვლად უფასოდ, მაგალითად, საგულდაგულოდ უნდა გაგხეხოთ!
კარტუზო - რატომ? პირველი მუტრუკი - იმიტომ, რომ... არაა მაგი თქვენი საქმე...
/გამოდის მექისე. კულისებიდან გამოაქვს ტახტი. ეს სწორედ ის ტახტია, რომლზეც ადრე თვითონ კარტუზო ამზადებდა თავის ცოლს მორალესთან წასასვლელად. ამის დანახვაზე კარტუზოს ელდა ეცა./
კარტუზო - ვაიმე... ამ უშვერებმა... რაიმე არ მიყონ...
/აკანკალებულ მეჰისტორიეს პირველი მუტრუკი ტანთ ხდის და ტახტზე წააწვენს. მას ზურგზე მექისე შეახტება. მექისეს ყოველ დარტყმაზე ისმის კარტუზოს ყვირილი - „აღონდ მანდ არა“. ამასობაში კი პირველი მუტრუკი მუყაითად ჩითავს კარტუზოს ტანსაცმელს, მის საბუთებს და ნივთებს. ტახტზე პირქვე დამხობილი კარტუზო შეამჩნევს ამას და ერთბაშად წყნარდება, ვინაიდან ხვდება, რომ იგი გაააბანოვეს გაჩხრეკის მიზნით. კარგად დაზელილ და შემზადებულ კარტუზოს წამოაყენებენ და მუტრუკი მას ასე, გაშიშვლებულს წაიყვანს მორალესთან. კარტუზო ცდილობს არ შეიმჩნიოს სიშიშვლე, იქცევა ისე, თითქოს საგარეო ძვირფასი კოსტიუმი ეცვას./
კარტუზო - უუდიდესო დიდო ჰერცოგო! ჟანგბადოვანად მანათობელო მზევ, ხომ ძალიან კარგად ლამაზად ბრძანდებით?!
მორალესი - გისმენთ, კარტუზო!
კარტუზო - ძალიან, ფრიად მახარებს მე, კარგად და ჯანმრთელად რომ ბრძანდებით. ორასი ბუღის ჯანი მოგცესთ!
მორალესი - მე გისმენთ-მეთქი.
/კარტუზო მხლებლებს მოავლებს მზერას. დიდმნიშვნელოვნად აყოვნებს სათქმელს. სიტყვებს წარმოთქვამს დაყოვნებით./
კარტუზო - საიდუმლოა, თქვენო საბედნიეროდ კეთილადნაშობშობილებავ! და ხოლო თუკი ეს მხლებლები ორიოდ წუთით დასტოვებენ თქვენს ღრმა სამუშაოიან ნათელ დარბაზს, მსწრაფლ მოგახსენებთ.
მორალესი - ეგ არაფერი, სამთავე ყრუა. თქვი, რა გაწუხებს, ოღონდ დროულად ამოღერღე.
კარტუზო - დიდო ჰერცოგო, უმორჩილესად მინდა გთხოვოთ, რომ პროვინციის მთელ მუსიკოსებს ერთ სანაქებოდ გაშლილ სუფრაზე მოუყაროთ თავი და...
მორალესი - ხელფასი ხომ აქვთ?
მესამე მუტრუკი - (ყოჩაღად პასუხობს) კი, როგორ არა. (მორალესი მკაცრად შეხედავს კარტუზოს. მის სიშიშვლეს, სხვათა შორის, ისიც არ იმჩნევს)
მორალესი - აბა, ჩემგან რა ჭამა-ყლაპა უნდათ?
კარტუზო - ხელფასი კი აქვთ თქვენის შეწევნით, დიდო ჰერცოგო, მაგრამ იმათი კვება გაძღომა კი არ მინდა მე...
მორალესი - აბა, რა გინდა, არ ამოშაქრავ?
კარტუზო - მე მინდა, რომ ყველა... დავწამლოთ!
მორალესი - რაო?
/ერთვება რეჟისორი. იგი მიმართავს მორალესის როლის შემსრულებელს/
რეჟისორი - ეგ არ კმარა! მეტი განცვიფრებაა საჭირო! რაც შეიძლება მაგრად უნდა გაგიკვირდეს. ეგ შენი კეთილადნაშობშობილება (კარტუზოს) შენ ყოჩაღ, ყოჩაღ, კარგად მიაგენი მაგ სიტყვას! (კვლავ მორალესს) პირველად მაშინ განცვიფრდა ძალიან, როცა არაბეთიდან ჩამოყვანილ ბედაურზე შეჯდა. ცხენი რატომღაც უხალისოდ მიადგამდა ფეხს, მხედარმა კისერზე ხელი მოუთათუნა და ესპანურად ჰკითხა: „რა იყო, რატომ მოგიწყენიაო“. პირუტყვმა ოდნავ იბრუნა თავი, ალმაცერად გამოხედა და ესპანურადვე რომ უპასუხა - „აბა, შე ვირიშვილო, ჩემნაირ ცხენზე უნდა იჯდე შენო?“ - აი, პირველად მაშინ განცვიფრდა, იმიტომ, რომ იმ არაბულ ცხენს ესპანური აბა საიდან უნდა სცოდნოდა? გესმის?! ახლა კი განცვიფრდა მეორედ. განცვიფრება მომეცი... რაც შეიძლება მაგარი. გესმის?
მორალესი - (ხაზგასმულად თამაშობს განცვიფრებას, - თვალებს ქაჩავს და უმატებს ჟესტიკულაციას) რაოო? დავწამლოთო?
კარტუზო - მოვწამლოთ კარგად. რომ დაიხოცნონ.
მორალესი - (კვლავ ქაჩავს თვალებს) კი მაგრამ, რაატომ?
კარტუზო - საჭირო არის.
მორალესი - კი მაგრამ და, რატომ?
კარტუზო - საჭიროა და რა ვქნა, თქვენო კეთილშობოვადშობილებავ! (ამ სიტყვაზე გახედავს რეჟისორს, ახლაც კარგად მივაგენი თუ არაო. რეჟისორი მოწონებით თავს უქნევს)
მორალესი - ჰა, აღარ იტყვი, შე შობელძაღლო! (მცველებს) სამთავე გადით! (მცველები გალაგდებიან) გისმენთ, სენიორ!
კარტუზო - შთამომავლობაში თქვენი კეთილდღეობისათვის, დიდად მოწყალეო ხელმწიფევ, სწორედ ასეა ზუსტად საჭირო.
მორალესი - მუსიკოსები რომ დაიხოცონ?
კარტუზო - აუცილებლად! წრუწუნებივით გავჟლიტოთ უნდა!
მორალესი - კი მაგრამ, რატომ? მუსიკოსები ძირითადად, თითქოს, უწყინარი ხალხია...
კარტუზო - თქვენ უწყინარი უძახეთ და... (მორალესისკენ დაიხრება) მაგრამ სამასი წლის შემდეგ, მსოფლიოს ხალხებს შესაძლოა ზედმიწევნით არც ეცოდინოთ ღვაწლი თქვენი და არსი თქვენთა დიად საქმეთა. ეს იმიტომ, რომ ბათხოვენისებრ მუსიკალურ ვიგინდარებზე ექნებათ გადატანილი მთელი ძირითადი ფუჭი ყურადღება.
მორალესი - ჩვენი ბრიყვი მუსიკოსები რაღა შუაშია?
კარტუზო - ვინმე ცნობილი არ გამოვიდეს!.. (მორალესი წამოდგება. შეხედავს დროშას. ბოლთას სცემს. საგონებელშია. ფიქრობს)
მორალესი - (დაბნეულად) თქვენ ცოლი თუ გყავთ?
კარტუზო - ოღონდ, არც ისე...
მორალესი - რა ჰქვია?
კარტუზო - ვის? ცოლს?
მორალესი - არა, მუსიკოსს...
კარტუზო - ბათხოვენიო. ასე მახსოვს. დაგიზუსტოთ თუ?..
მორალესი - არაა საჭირო (ბოლოს და ბოლოს, მყარად მოიფიქრებს რა პასუხი გასცეს და კვლავ ამაყად ჯდება სავარძელში) სამასი წლის შემდეგ, ბაბილონიავ, ესე იგი ჩემს მერე, ქვა ქვაზეც ნუღარ დარჩენილა, მე კი - ახლანდელ, დღევანდელ მმართველს, მოსამსახურე და სათავისგამომჩენო პერსონალი, ანუ მხებლები, მზარეულები, მუსიკოსები, მექისეები უნდა მყავდეს. მე, რა, რითი ვარ სხვა მმართველებზე ბევრად ნაკლები?
კარტუზო - ნაკლები კი არა, დიადო მეფევ, სხვა თქვენისთანა არც მეგულვის ქვეყნად თქვენებრი!
მორალესი - ახლა კი მიბრძანდი. ხოლო ძილისას ნუ წკმუი ხოლმე, არაა კარგი...
/ისმის სასტვენის ხმა. მაგიდასთან მდგარ რეჟისორს სასტვენი უკვე ჩამოუკიდებია კისერზე და რექსაჩად ქცეულა. სასტვენის ხმის გაგონებაზე მორალესი წამოავლებს ხელს თავის სავარძელსა და დროშას და ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს სცენა. შიშველი კარტუზო, პირიქით, გადის ზეიმურად. სცენის შუაგულს გამოსულ რექსაჩთან თავს იყრიან სპორტულ უნიფორმაში გამოწყობილი აღსადგენლები. ისინი პირსახოცით თმას და სახეს იმშრალებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახლახან, საცურაო აუზში იყვნენ/
რექსაჩი - არა უშავს რა, ფისუნიებო, ცურვა გცდოდნიათ, განსაკუთრებით შენ, ჩემო კარო... ასე და ამრიგად, მე შეგასწავლით ქვეყნად არსებულ თამაშთა შორის უდიადესს! აჰ, ვატერპოლოს! ხომ გინდა, თაჰო?
ტახო - დიახ.
რექსაჩი - შენ, მონ შერ ჰუან?
ხუანი - დიახ.
რექსაჩი - ვატერპოლო კი, კარლო-ჯან, თვით ცხოვრებაა (მოუტრიალდება გამხდარ ბიჭს) რა არის, ბიჭო, არაფერს გაჭმევდნენ სახლში?... შენ ვიოლინოს აწრუწმაწუნებ ხომ?
გამხდარი ბიჭი - დიახ.
რექსაჩი - რაღაცით მაინც გამოგიყენებ, რადგან დიადი ვატერპოლო თვით ცხოვრებაა. ცხოვრებაში კი რაღა არ ხდება? მაგრამ მთავარი მაინც ის არის. რომ ... აბა რა არის, ძვირფასო ტახო?
ტახო - აბა, მე რავი....
რექასაჩი - ამ ცხოვრებაში, სულიკოებო, იცით, რა არის ყვლაზე ნაღდი? (ჩამოვარდა სიჩუმე. რექსაჩი გამომცდელად გადახედავს ყველას) რა და, გამარჯვება! დიახ, ყოველი მოქალაქის მთავარი მიზანი ისაა, ცხოვრებაში რომ გამარჯვებული გამოვიდეს. გამარჯვებული კი ისე ვერ გამოხვალ, სხვას თუ არ დაამარცხებ. და სხვა რომ დაამარცხო, მასზე ძილიერი უნდა იყო. ათასნაირი ხერხი და ხრიკი უნდა იცოდე. ამეებს კი ყველაზე უკეთ შეგასწავლით ვატერპოლო, - ქვეტექსტოვანი ჩვენი დარგი. ქვეტექსტოვანი-მეთქი, იმიტომ, რომ მთავარი ამბები ჩვენთან წყალქვეშ, ფარულად ხდება, იქ, იქ მიდის მტვრევა და გლეჯა. დაუნდობლები უნდა იყვეთ, ჩემო კარგებო. სხვას თუ დაინდობ, ის არ დაგინდობს და ის არ სჯობია, შენ არ დაინდო, ჰა? (გამხდარ ბიჭს) შენ რაზე მოიწყინე, ჩემო ბიჭო?.. შემდეგისათვის ის შენი ვიოლინო წამოიღე (დანარჩენებს) ახლა კი, ამ ჩხინკის გარდა, ყველანი დაწყვილდით და ერთმანეთს დაუნდობლად ურტყით. ურტყით რაც შეიძლება მწარედ, იმიტომ, რომ ამ ცხოვრებაში გამძლეობა თუ არა გაქვს, დაიღუპები. ძალა და გამძლეობა - აი, რა არის მთავარი! მიდით ! (აღსადგენლები დაწყვილდებიან და გამეტებით ურტყამენ ერთმანეთს, ჩხუბი სიჩუმეში მიმდინარეობს. სიჩუმეს მხოლოდ დროდადრო არღვევს რექსაჩის წამაქეზებელი შეძახილები. ბოლოს, ქანცგაცლილი აღსადგენლები ძირს ეცემიან) რაო, ვეღარ გაძელით? ასე ვერ გაძლებთ ცხოვრებაშიც, თუ არ გაკაჟდით. პირველი ქარი დაგლეწავთ, პირველი ტალღა გადაგამსხვრევთ. (ისმის აღსადგენლების კვნესა) აბა, წკმუტუნს მოუკვდა პატრონი... წამოფრინდით! აბა, წავედით, შოშიებო... სათოხლაოდ! ჩაქაფული გველოდება!
/რექსაჩი აღსადგენელებთან ერთად ტოვებს სცენას. რჩება მხოლოდ ნაგვემი ბესამე კარო. კარტუზო ბაბილონიას შეგირდებს შემოაქვთ სკამები და ჯდებიან მის ირგვლივ. შეგირდებს შორის ახალიცაა. იგი ფეხზე დგას. გაცეცხლებული კარტუზო, უკვე თავის ჩვეულ კოსტიუმში გამოწყობილი, მას მისჩერებია./
ახალი შეგირდი - რატომ, ბატონო?
კარტუზო - მაგი არაა შენი საქმე!..
ახალი შეგირდი - (ურჩად) იმ გარდასული კაცთმკვლელისათვის?..
კარტუზო - (აწყვეტინებს) - ვინ მოგახსენათ, ჯერ ეს ერთი, რომ კაცთმკვლელი იყო? ისტორიაში აკი ცნობილია, რომ უშუალოდ მის დიად ხელიდან არცერთი კაცი არ დახვრეტილა, ბიჭო.
ახალი შეგირდი - ეგ ხომ არაფერს ნიშნავს, ო, მახარაჯავ.
კარტუზო - რატომ არ ნიშნავს მაინც არაფერს, რატომ, ჰა?
ახალი შეგირდი - იმიტომ რომ, მას ალბათ არც ადამიანის ხორცი უგემნია, მაგრამ მაინც კაციჭამიას ეძახდნენ, ბეი.
კარტუზო - (გამოსცრის კბილებს შუა) ცუდოვანის დაწერის გარდა, აღდგენით სამუშაოებზე გამწესებულად შეგიძლია ჩათვალო თავი! აბა, შემდეგი! (წამოდგება ბესამე, ისწორებს უნიფორმას)
ბესამე - მე იქიდან ვარ, მონსენიოს-კარტუზო-ეფენდი (დაჯერებულად) ურიგოდ უნდა ჩაგაბაროთ გამოცდა!
კარტუზო - მაშინ... მაშინ ეს მითხარი, რომელი არის ადამიანის ყველაზე დიდი დამარცხება?
ბესამე - (ჩაილაპარაკებს) - ვატერპოლო.
კარტუზო - (მან კარგად ვერ გაარჩია ნათქვამი) როგორ? როგორა თქვი? ა? რაღა თქმა უნდა, დიახ, დიახ, - ვატერლოო! ძალიან კარგი, ფრიადოვანს გიწერ!
/ისმის რექსაჩის სასტვენის ხმა. კარტუზო ტოვებს ასპარეზს. მას გაჰყვებიან შეგირდები. სცენაზე რჩება მხოლოდ თავჩაქინდრული ბესამე, რომელსაც უკვე აღარ აღმოაჩნდა ის სითამამე, ახალმა შეგირდმა რომ გამოავლინა. სცენაზე გამოდიან რექსაჩი და მისი ბიჭები. ისინი უხეშად მოისვრიან კულისებისკენ შეგირდების მიერ დატოვებულ ინვენტარს./
რექსაჩი - (გამხდარ ბიჭს) მოიტანე?
გამხდარი ბიჭი - (უჩვენებს ვიოლინოს) დიახ, ჩიტუნელა ბიძია.
რექსაჩი - აიღე ეგ ვიოლინო და სხვადასხვა რამეები დამიკარი. ოღონდ კარგი და ძლიერ სათუთი, ჩემს ჯორებს შენს დაკვრაზე სპეტაკოვანი იერი რომ აღებეჭდოთ. მიდი!
/გამხდარი ბიჭი იწყებს დაკვრას. დიალოგი ამ ჰანგის ფონზე მიდის/
ფრანსისკო - (ბეჭედსა და ლარნაკს აწვდის რექსაჩს) ეს თქვენ, ჩიტუნელა ბოძიავ.
რექსაჩი - ება, ეს როგორ შეიძლება, უხერხულია. (იღებს საჩუქარს, აკვირდება) ჩინურია?
ფრანსისკო - არა, იაპონური.
რექსაჩი - კარგია, საღოლ! (უჩვენებს ფრანსისკოზე) დღეის იქით ამას რომ ვინმემ ფეხი დააკაროს, თავს ძირში მოვჭრი (გამხდარ ბიჭს) გეყო... ეგ ვინ იყო?
გამხდარი ბიჭი - ბახი.
რექსაჩი - არ ვარგა, რაღაც მოსაწყენია, პროზაულია... სხვა დაუკარი. (გამხდარი ბიჭი უკრავს. დიალოგი ახალი ჰანგის ფონზე გრძელდება)
ჯანკარლო - (ქოლგას აწვდის რექსაჩს) ეს თქვენ, ჩიტუნელა ბიძიავ.
რექსაჩი - უხერხულია. (იღებს საჩუქარს) იაპონურია?
ჯანკარლო - არა, სომხური.
რექსაჩი - მაინც კარგია... რაღა დღეს არ წვიმს (უჩვენებს ჯანკარლოზე) დღეის იქით ამას რომ ვინმემ ფეხი დააკაროს, თავს ძირში მოვჭრი (აჩერებს გამხდარ ბიჭს) ეგ ვინღა იყო?
გამხდარი ბიჭი - ბეთჰოვენი.
რექსაჩი - არ ვარგა, რაღაც მეტისმეტად ღონივრულია. სხვა რამე, შტერო! (გამხდარი ბიჭი უკრავს. დიალოგსაც ეს ახალი მელოდია ახლავს)
ხუანი - (სურას აწვდის რექსაჩს) ეს თქვენ, ჩიტუნელა ბიძიავ.
რექსაჩი - უხერხულია (იღებს საჩუქარს) ჩინურია?
ხუანი - არა, ამერიკული.
რექსაჩი - კი, მაგრამ, ჰუან, სად იშოვე ასეთი კოხტად ლამაზი სურა?
ხუანი - გვქონდა ოჯახში.
რექსაჩი - ხომ ვერცხლისაა?
ხუანი - დიახ, როგორ არა, კი... დიახ.
რექსაჩი - სერვანდზე დავდოფ (უჩვენებს ხუანზე) დღეის მას იქით ამას რომ ვინმემ ფეხი დააკაროს, თავს ძირში მოვჭრი (აჩერებს გამხდარ ბიჭს) ეგა?
გამხდარი ბიჭი - როსინი.
რექსაჩი - არც ეგ ვარგა. რაღაც ზედმეტად ჩიტირეკულია. აბა, ახალი...
/გამხდარი ბიჭი უკრავს. ტახოს კულისებიდან გამოჰყავს ძროხა./
ტახო - ეს ძროხა, ბებიამ თქვენთან გამომატანა, ჩიტუნელა ბიძიავ!
რექსაჩი - ამერიკულია?
ტახო - არა, ჰოლანდიური...
რექსაჩი - ბევრს იწველება?
ტახო - დიახ, კი... დიახ.
რექსაჩი - უხერხულია (უჩვენებს ტახოზე) დღეის იქით ამას რომ ვინმემ ფეხი დააკაროს, თავს ძირში მოვჭრი (გამხდარ ბიჭს) კმარა, ეგ აკი ადრე მოვისმინე...
გამხდარი ბიჭი - არა, ეს ჰენდელი გახლავთ...
რექსაჩი - ეგ ხომ პირველად დაუკარი?
გამხდარი ბიჭი - ის ბახი იყო.
რექსაჩი - ეგეც იმის პოლკისა ჩანს, მოსაწყენია. სხვა ვინმე სცადე (გამხდარი ბიჭი სცდის ახალ მელოდიას. ეს მელოდია რექსაჩს აღფრთოვანებაში მოიყვანს) აი, აი ეგ, გენაცვა... აეს ვიღაა, ნამდვილი მხეცი?!
გამხდარი ბიჭი - ეს ჩაპლინია, სერ!
რექსაჩი - სერს მოგცემ მე შენ, ვირიშვილო. ჭირიმე შენი. აეგ დაუკა (მზერას მოავლებს კაროს. იგი თავჩაღუნული დგას, მისაცემი არაფერი გააჩნია) მე კარო-მარო და ძვირფასები სულაც არ ვიცი. (დანარჩენებს) აბათ, ბიჭებო, მოიმწყვდიეთ ეს ჯეელი და იმდენი ურტყით, გულ-ბოყვი ჩასწყდეს. ვინმე გვიჩივლებს მაგაზე თუ რა, უპატრონოა, ხომ ხედავთ (გამხდარ ბიჭს) შენ რაღას უცდი, დაუკა რაღა. (გამხდარი ბიჭი იწყებს ჩაპლინის კლოუნის მელოდიის დაკვრას) ხომ გესმით ძაღლისთავებო, რა ჰანგებია, რა ჯიგრიანი... როგორი კარგი ვიტამინებიანი მუსიკაა, ორმოციკვერცხისძალიანი, მწვანილით, რამე... ჰანგებს უსმინეთ, ნეტარების ღიმილი დაიდეთ სიფათზე და ისე ურტყით... მიხვდით? წყალსზევით, რაც ვჩანვართ - უმანკოდ ვჩანვართ, სულ კარგები ვართ! წყალქვეით, ქვეტექსტებში მიდის მტვრევა! მიდით!
/რექსაჩის ბიჭები ასრულებენ ბრძანებას, მოიმწყვდევენ ბესამეს და უმასპინძლდებიან პროფესიულად დამუშავებული, მტკივნეული ილეთებით. თანაც, მათ სახეს უმანკო ღიმილი არ ცილდება. გამხდარი ბიჭი აგრძელებს დაკვრას და გამხეცებულ ბრძოლას ჩაპლინის კლოუნის მელოდია ახლავს კონტრასტულ აკომპანიმენტად. დროდადრო ისმის რექსაჩის შეძახილები: „ქუსლი დაარტყით, ისე რომ სიმწრისგან ენა გადმოუვარდეს... ხეთქეთ... ჩალეწეთ“. ბოლოს, ბესამე ეცემა. ირგვლივ ყველაფერი ჩერდება. ჩემოვარდება მძიმე სიჩუმე. აღსადგენლები კულისებში მიიმალებიან. რექსაჩი ავანსცენაზე გამოდის/
როგორ გადის დრო?! მოფლეიტე ბესამე კარო თანდათან გაკაჟდა ნამდვილ საქმეში. რაკი სხვისი იმედი არ ჰქონდა, თვითონ ივარგა. მოკლედ, ისეთი ჯანი დაიყენა - მტრისას. ყველას აჯობა, რა. ხრიკებიც ისწავლა, რამეები. ისე გაძლიერდა, რომ მეც კი, რიხობერტო დანიელ ჟუსტინიო რექსაჩს, მეშინია, ზოგჯერ მეშინია მისი. მოკლედ, მაგარი მევატერპოლე გახდა, პირველი კაცი, რა. გამდიდრდა კიდეც. აბა რა! ფული ძალიან კარგი რამეა - საჭმელი გინდა, სასმელი გინდა, ქალი გინდა, ტანსაცმელი გინდა თუ ბრილიანტის ბეჭედი გინდა თუ მოხარშული საზამთრო, პატივისცემა გინდა, მოკლედ, რა გინდა... რაო? სულის ლპობაო? სული მიჰყიდა ეშმაკს? მერე რა, სამაგიეროდ ძალა და ფული შეიძინა. ვის არ მიგიყიდიათ სული ეშმაკისთვის?
(მზერას მოავლებს დარბაზს, თვალში მოსულ მაყურებელს ცალ-ცალკე ჩაეძინება) თქვენ, ცავატანემ?... თქვენ, მონ შერ?... თქვენ, გენაცვალე?... თქვენ, მაი დარლინგ?... თქვენა? მოვა დრო და... რაო? ააა! დიახ, დიახ, როგორ გადის დრო?!
/ რექსაჩი გადის სცენიდან, მაგრამ ვიდრე იგი თავის შეგონებას წარმოთქვამდა, ნაგვემი ბესამე მოსულიერდა, ნელ-ნელა წამოიმართა, წელში გასწორდა და ახლა იგი უკვე ამაყად დგას. გამარჯვების ღიმილი დასთამაშებს სახეზე. კივილით შემოვარდებიან ქალები, შემოეხვევიან ბესამეს, მაყურებლისაგან ფარავენ მას, ხოლო, როცა შემოეცლებიან - უნიფორმის ნაცვლად ბესამე უკვე ახალ, ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილი გამოჩნდება, თუმცა იგი ფეხშიშველაა. მას კვლავ გამარჯვების ღიმილი დასთამაშებს სახეზე. სცენაზე ხალხი მატულობს. ჭრელი საზოგადოება იყრის თავს. ვაჟბატონებიც არიან აქ და ქალბატონებიც, მდიდრებიცა და მათხოვრებიც, მაღალი წრის წარმომადგენლებიცა და მდაბიონიც. პოლიციელებიც არიან. ყველანი აღტაცებით შესცქერიან ბესამეს. ისმის შეძახილები./
ქალბატონები - ეს თვით ბესამეა, ბესამე კარო, დიდი ბესამე! რა სხეული აქვს, ნამდვილი საოცრებაა, ღმერთია, ღმერთი, მიწაზე ჩამოსული!
მათხოვრები - ოოო, დიდო ბესამე, ჩვენთვისაც გამოიმეტე ორიოდ გროში.
მამაკაცები - ბრავო, ბესამე, ბრავო! მაგარი ხარ!
პოლიციელები - აბა, ყველანი მოცილდით, გზა დაუთმეთ, დიდი ბესამე მობრძანდება! მობრძანდება დიდი ბესამე! გამარჯობათ, ბატონო ბესამე!
/ბესამე სცენის სიღრმისკენ მიდის ნელ-ნელა, ამაყად. იგი მოძრაობს, როგორც ”შენელებულ კადრში”. ბოლოს უჩინარდება. ხმაურიანი ბრბო აცილებს მას. ბრბოს გამოეყოფიან და სცენაზე რჩებიან მხოლოდ ორნი - რეჟისორი და გნატხავ ბანუ./
რეჟისორი - ახლა რას იტყვით?
გნატხავ ბანუ - უსასტიკესი მტარვალობა იქ არის, სადაც მტარვალობაა კანონს იფარებს ნიღბად და დროშად სამართლიანობა უჭირავს!
რეჟისორი - რა ბრძანეთ?
გნატხავ ბანუ - შეუძლებელია პატიოსნად აზროვნება იქ, სადაც მთელი ფიქრი ადამიანის ლუკმა პურის მოპოვებას უნდება!
რეჟისორი - მონტესკიე?
გნატხავ ბანუ - მხდალიც იმუქრება, როდესაც შიში არაფრისა აქვს!
რეჟისორი - გოეთე?
გნატხავ ბანუ - უვარგისი სიცოცხლე - ნაადრევი სიკვდილია!
რეჟისორი - ისევ გოეთე?
გნატხავ ბანუ - ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი ეს არის!
რეჟისორი - შექსპირი?
გნატხავ ბანუ - ვატერპოლოსთვის ცურვაც უნდა იცოდე, რაკი ვატერ წყალს ნიშნავს სხვათა ენაზე და წყალში უცურველად კი - წარმოუდგენელია! ესეც თქვენი დოჩანაშვილი...
რეჟისორი - ეს ვყველაფერი ძალიან კარგი. მე სულაც არ მაკვირვებს ის, რომ თქვენ, შვილი იმ ბინდბუნდოვანი საუკუნის, ჩვენი ნათელი დროის მკვიდრის ნათელ აზრს იცნობთ. ვერავითარ ფანტასტიკას მაგაში ვერ ვხედავ. მაგრამ, მე, მაინტერესებს არა თქვენი ზღვარდაუდებელი ერუდიცია, არამედ თქვენი პირადი, ასე ვთქვათ, ადამიანური შეხედულება.
გნატხავ ბანუ - მე, როგორც ადამიანს, მაინც კარმენი მაკლია.
რეჟისორი - რაო? ისევ კარმენი? ეგ კახპა, გაფუჭებული, ცრუ, გაიძვერა, ორპირი, რეციდივისტი, კონტრაბანდისტი, თითქმის ბანდიტი...
გნატხავ ბანუ - მორჩით, კარმენის საწინააღმდეგო პროპაგანდას!
რეჟისორი - (ვერ მშვიდდება) კარმენი... ეგღა გვაკლია, ვერ ხედავთ, ამ სპექტაკლში ისედაც ჭრელი ხალხია. ესწავლა მაინც, იმ უბედურს. გამოვიდოდა პატივსაცემი ყველასთვის ქალი. საწერ მაგიდაზე თვალებდახრილს სულ მეცნიერნი ეყოლებოდა თაყვალისმცემელნი, სასიქადულოდ გამართული წინადადებებით მოისმენდა სიყვარულის ახსნას...
გნატხავ ბანუ - სადაც სიყვარულზე მეტად გრამატიკა იჭარბებდა, არა? როგორ თქვით? საწერ მაგიდაზე თვალებდახრილსო? კარმენის თვალები... თავისუფლება ედგა კარმენს თვალებში... (სცენაზე გამოაგორებენ ეტლს, რომელსაც ადრე ცალი თვალი აკლდა, ახლა მას ყველა თვალი ადგილზე აქვს, - ჩანს, ბოლოსდაბოლოს, სოტომ ივარგა) იცით, თქვენ ისეთი გატაცებით ლანძღავთ მას, რომ მე უკევ ეჭვი მეპარება. დიახ... რატომ უმალავთ საკუთარ თავს? თქვენც ხომ გწყურიათ... (იგი ადის ეტლში და იქიდან, როგორც ტრიბუნიდან, მიმართავს მაყურებელს) ამხანაგებო! ანდალუზიელნო და საერთოდ ყველანო! თავისუფლება, ის რაც...
/გნატხავ ბანუ ვერ მოასწრებს ფრაზის დამთავრებას, ისე წაიყვანს მას ეტლი სცენიდან. ისმის ცხენის ფლოქვების რიტმული ხმა. მას ფარავს ”ხაბანერა” ბიზეს ოპერიდან ”კარმენი”. ამ ჰანგის გაგონებაზე რეჟისორი გამოერკვევა. კისერზე ჩამოიკიდებს სასტვენს. მის უკან კი უკვე გაწყობილია ყველაფერი საროსკიპოს სცენისთვის. ირევიან ნახევრად შიშველი როსკიპი ქალები და მათი სტუმარი მამაკაცები. რექსაჩად ქცეული რეჟისორი შეტრიალდება და შეერევა ამ სტუმრებს. იგი თავისთვის ყველაზე ჩასუქებულ ქალს „დაითრევს“. ჩუმი მუსიკის ფონზე მიდის სმა, მრუშობა. სცენა სიგარეტის კვამლშია გახვეული. სტუმართა შორის, თავის ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილი, ფეხშიშველა ბესამეცაა... სავარძელში ჩამჯდარს, მას თითო მუხლზე თითო ცელქი გოგო უზის. ”დიდებულ სამეულს” მოწიწებით უახლოვდება უნიფორმაში ჩაცმული დამწყები ვატერპოლისტი. ადრე იგი კარტუზოს ურჩი ახალი შეგირდი გახლდათ./
დამწყები ვატერპოლისტი - დიდი ბოდიში, დიდო ბესამევ...
ბესამე - რა იყო, ვაჟკაც!
დამწყები ვატერპოლისტი - გამატანინეთ, რა იქნება, თუ შიძლება, ორი ბურთი, რა...
ბესამე - (აგრძელებს გოგოების ალერსს და ისე პასუხობს) რად გინდა, ბიჭო?
დამწყები ვატერპოლისტი - მჭირდება... საქმისთვის...
ბესამე - რამდენს მომცემ რო...
დამწყები ვატერპოლისტი - სამ ათასს, დიდოვ.
ბესამე - კარგი... ოღონდ თითოზე სამი...
/მუსიკა მატულობს. მას ახლავს მორიალე შუქის ეფექტი. ბოლოს სინათლე ქრება. როცა ნათდება, სცენაზე მარტო დგას ბესამე, - კვლავ თავის ბრწყინვალე სამოსში, კვლავაც ფეხშიშველა. მას უახლოვდება რამონა/
რამონა - მე დილის რამონასაც მეძახიან, ბინდის რამონასაც, მინდვრის რამონასაც, ჭალის რამონასაც...
ბესამე - გეყო, ნუ გაახურე...
რამონა - გამარჯობა, ბესამე...
ბესამე - გამარჯობა. რამდენი ხანია, აღარ მინახავხარ, გოგოვ. გამოცვლილხარ, კარგად გამოცვლილხარ, ძალიან კარგად... რაღაც-რუღაცეებიც დაგტყობია ტანზე... ასე უნდა, აბა... ეგებ ხომ არ გათხოვილხარ, ჰა?
რამონა - არა.
ბესამე - მერედა, არ გეშინია, მარტო რომ დადიხარ ასეთი კარგი, მშვენიერი, ქორფა...
რამონა - მშვიდობით, წავალ...
ბესამე - სად უნდა წახვიდე, აბა რას ამბობ? წამოდი, ჭალაში წავიდეთ, ჭალის რამონა არა ხარ?
რამონა - ჭალაში რა მინდა...
ბესამე - იქ ერთი ძალიან კარგი რამე უნდა გასწავლო, წამოდი, წამოდი. შენ განა კარგი გოგო არ ხარ? დამჯერი...
რამონა - გამიშვი ხელი!
ბესამე - შენით წამოდი, ის გირჩევნია, თუ არა და, გვრიტო, იღლიაში ამოგიდებ. ჯერ ხომ არ იცი, რა უნდა გასწავლო, დამიჯერე, მოგეწონება.
რამონა - პირუტყვო, მხეცო! ვაიმე, მიშ...
ბესამე - აბა, აბა, ყვირილს მოუკვდა პატრონი. თავიდან ყველა ინაზება, მერე კი ისე კოხტად კრუტუნებთ. გაინაზე რა, რა მენაღვლება, პატიოსნებაში ჩაგეთვლება. შენ რომ არ გინდა, მე მინდა, და რატომ უნდა გავიდეს შენი და არა ჩემი? რა, ჩემზე ღონიერი ხარ? და გინდაც პატიოსანი იყო, ქალი ერთია ყველა. ქალი კი აი ასე უნდა დაიჭირო და...
(აქ ბესამეს რაღაც მაგიური ხმა შეაჩერებს. ეს მოხუცი ქრისტობალდ როხასია. ფანტასტიკაც ეს არის, - ღმერეთმა უწყის, ამ დროს საიდან გაჩნდა იგი სცენაზე)
როხასი - არ გაინძრე... ეგრე იდექი (რამონა ხელიდან უსხლტება შემკრთალ ბესამეს და გარბის) ადამიანი იყავი ერთ დროს. რამ გაგამხეცა? რისი გული გაქვს? თავი რით მოგაქვს, რა გაბადია...
ბესამე - მე მდიდარი ვარ, როგორც...
როხასი - შენ ღარიბი ხარ, როგორც იესო! (ბესამე მხოლოდ ახლაღა დახედავს თავის შიშველ ფეხებს) იყნოსე, სად დგახარ? საზარელი სუნი დგას, ხომ? (ბესამე თავს უქნევს) იცი, სადა ხარ?
ბესამე - (ჩუმად) კი!
როხასი - მოგწონს?
ბესამე - არა!
როხასი - გიშველო?
ბესამე - დიახ!
როხასი - ჰა, გამომართვი...
/როხასი შავ, მოგრძო ყუთს გაუწვდის ბესამეს. მაგრამ ამჯერად მასში დევს არა ფლეიტა, არამედ ბესამეს ძველი სალამური. ბესამე იღებს სალამურს, დასცქერის, არ უკრავს. როხასი ტოვებს სცენას. ეშვება სურათი, სპექტაკლის დასაწყისში რომ იყო - სურათი, რომელზეც აბიბინებული მდელო, მწყემსი და ცხვრის ფარაა გამოსახული. ბესამე შესცქერის ამ იდილიას, ბოლოს მიდის სურათთან და სალამურით ჩახევს მას. სურათზე ჩნდება ხვრელი. ფეხშიშველა ბესამე ამ ხვრელში ისე შედის, თითქოს აბიბინებულ მდელოზე გაინავარდებსო. ხმამაღლა ირთვება ტორეადორის მარში ოპერიდან ”კარმენი”. მის გაგონებაზე კულისებიდან დაფეთებულნი გამოვარდებიან სპექტაკლის მონაწილენი. ისინი აკვირდებიან სურათს, მერე ხვრელს. იწყება ჩოჩქოლი. ყველა ცდილობს შეასწროს ერთმანეთს ხვრელით ბუნების წიაღში გასვლა. ჩოჩქოლი კულმინაციას აღწევს. სურათი თავზე ემხობა მსახიობებს... ტორეადორის მარში კი გრძელდება./
დასასრული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. "ჩვენ ხომ ახლომხედველები ვართ"!!!!!!!!!!! "ჩვენ ხომ ახლომხედველები ვართ"!!!!!!!!!!!
4. ორასი ბუღის ჯანი მოგცესთ! :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) 55555555 ორასი ბუღის ჯანი მოგცესთ! :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) 55555555
2. სულის ლპობა იწყება მაშინ, როცა ადამიანი გახდება სხეულის მონა. დამორჩილდება მხეცს, რომელიც მასში არსებობს....
ახლა პირველად დავფიქრდი,თუ როგორია ნეტავ პიესებს წერდე,აცოცხლებდე ცხოვრებას. :) ...და ჩაბნელებულ ფანჯრებს ითვლიდე საღამოობით. :) მოგიკითხა ნანიკომ სიყვარულით და გაუხარდა აქაც შენი დანახვა :* სულის ლპობა იწყება მაშინ, როცა ადამიანი გახდება სხეულის მონა. დამორჩილდება მხეცს, რომელიც მასში არსებობს....
ახლა პირველად დავფიქრდი,თუ როგორია ნეტავ პიესებს წერდე,აცოცხლებდე ცხოვრებას. :) ...და ჩაბნელებულ ფანჯრებს ითვლიდე საღამოობით. :) მოგიკითხა ნანიკომ სიყვარულით და გაუხარდა აქაც შენი დანახვა :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|