ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2012


მამალი და წითელარმიელი

-ყიყლიყოო! - კი არ დაიყივლა, უფრო -  ადექიო,  უნდოს თავთან  შემართებით ამოიყივლა ბულიონამ.
უნდომ  ზანტად გაახილა თვალი, წადი შენიო, ჩაიბურტყუნა და გვერდი იცვალა.
”მართლა წადი შენი... მე ჩემი საქმე გავაკეთე, დავიყივლე და ახლა თავში ქვა გიხლია” - გაიფიქრა ბულიონამ და საწოლიდან ფანჯრის რაფაზე  გადაინაცვლა.
აივანზე კოჭლი ოფელია გამოფართხუკდა, ბეცი თვალებით ახედა ბულიონას.
-ფუჰ, გაივსო სახლი სოფლელებით! - ჩაიკაკანა  უკმაყოფილოდ და აივნის კუთხეში მდგარ გატეხილ  ქოთანში  დაიწყო მიწის ჩიჩქნა.
-ახლა ერთი ეს დამაჩინჩლინა, მეტი არაფერი მინდა. - ბუმბული აეშალა ბულიონას ოფელიას სავსე კურტუმოს დანახვაზე. მერე  ბევრი აღარ უფიქრია, ”ასსაო!” - გაშალა ფრთები და  მოცეკვავესავით  გადმოევლო ფანჯარას. ისეთი ნახტომი ვერ გამოუვიდა, როგორიც ეკადრებოდა:  გაქუცულ, ფიცრულ იატაკზე ფეხი ამოუტრიალდა და ლამის  წაიქცა, მაგრამ ოფელიას ეს არ დაუნახავს. მამლისკენ სპეციალურად ზურგშექცევით  იდგა და შეძლებისდაგვარად, ვნებისაღმძვრელად აქნევდა კურტუმოს: აქეთ, იქით, აქეთ, იქით... ბულიონას ფრთხიალზე  კურტუმო უფრო მაღლა ასწია და ნისკარტი მიწაში ჩაარჭო, აქაოდა, საკვებს ვეძებ, სხვა რამ ზრახვა გულშიც არ გამივლიაო.
-ვიცი ეგ ოინები, თქვენი ბოზი დედა... - ჩაეცინა ბულიონას, დეზები ერთმანეთს გაუსვ-გამოუსვა, ოფელიას მიადგა და სექსუალური აქტი ჩაატარა.
ასე კლარამ და როზამ თქვეს მერე, სექსუალური აქტი ჩაატარაო,  თორემ  რა სექსი, რა აქტი, ან რა ჩატარება?!  ჩვეულებრივად მიჩინჩლა  და მერე ცოტა ფეხდეზარეული, მაგრამ ამაყად გამართული წავიდა თითქმისლოთი  ლეკოს კარისკენ.  უყვარდა იქ შევლა - ლარიან ჭაჭაზე და  მისაყოლებელ ამბებზე.
გარეგნულად  უკმაყოფილო, მაგრამ გულში ზედმეტად  კმაყოფილი ოფელია  კი, კურტუმოს ქნევითვე  მიკრიახდა თავისი პატრონების კართან -  ვითომ შეურაცხყოფილი, ვითომ ძალადპატივაყრილი.
კარი მაშინვე გაიღო და იქიდან ჯერ როზამ გამოყო თავი, მერე - კლარამ.
ლეკოს თუ დაეჯერებოდა,  არც ერთი იყო როზა ლუქსემბურგი და არც მეორე - კლარა ცეტკინი, ორივენი  ბედკრული სიმონ ფარასაშვილის  შვილები იყვნენ:
ტყუპნი ვარდნი კოკორმჭკნარნი, ერთუბედობაზიარნი,  მამის ღირსეული საქმის გამგრძელებლნი, პოლიტიკურად მდგრადნი და ნამეტნურ აქტიურნიც თავის დროზე,  იტალიური  ეზოს არქივარიუსნი...
წვრილ-წვრილად ჰქონდათ ჩამოწერილი არა სამზითვო ნუსხა-უსტარნი, არამედ  მობინადრეთა საეჭვო ბიოგრაფიები - წერდნენ, აგზავნიდნენ, სადაც ჯერ არს, წერდნენ, აგზავნიდნენ...
სამზარეულოს კაკლის ხის უზარმაზარი სერვანტის უჯრებში,  უხმარი თეთრი სუფრებისა თუ  გუჯარივით გადახვეული ტყლაპების  ნაცვლად  მუყაოს საქაღალდეები ელაგათ,  ჯერ კიდევ ბედკრული სიმონის  ნაგროვები და მერე მათ მიერ შევსებული:  დაწყებული ჩპყ... წლიდან აგერ ახლახანს, მაგალითად, ოთხმოცდაათიანამდე და ამის აქეთაც მოტანებული.
  აქ იყო, მაგალითად, ნორაჩკა ხაზანოვას სერჟანტიან-ლეინტენანტიან-”и даже” გადამდგარგენერლიანი, ცრემლ და ”კრასნაია მოსკვა”  ნაპკურები ისტორია იქამდე, ვიდრე  ჰაეროვანი ყოფაქცევის ნორაჩკა ვარდისფერ პენუარსა და ვარდისფერსავე, ატლასის ქოშებში ფეხწაყოფილი, ბევრთათვის  მოულოდნელად არ მიიცვალა  საკუთარ საწოლში. 
მინაწერი ისტორიაზე ასეთი გახლდათ: ”გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში მოქალაქე ნორა ევტიმოვნა ხაზანოვას ფრიად გაურკვეველ ვითარებაში  გარდაცვალება,  კურსანტ ვაშლოვანიძის  - მცხოვრები ნოემბრის ქუჩა № 7, ხალხის მტერ!!! (! -  აღნიშვნა წითელი ქიმიური ფანქრით -ავტ. შენ.)  მიქელაძის მოპირდაპირე ბინაში,  ვიზიტის შემდეგ.
სქჩკ დამსახურებული მუშაკი,  ფარასაშვილი სიმონ”.
აქ იყო  გეორგ იოსიфოვიჩ მამუჩიაშვილ-მანუკიანის ჩრდილოვან-ბოლშევიკური ისტორია,  რომელმაც თურმე, იმიტომ  აწვალა  საქმეში ჩაფლული სახელმწიფო, აზნაურყოფილ  ეკალაძის ერთადერთი ვაჟის  დაჭერის-და  გამო, რომ შემდეგ, მისი  კუთვნილი ორმოცი კვ.მ. ფართიდან  უსასრულო გვირაბი გაეთხარა მემარცხენე დასავლეთისკენ.
  აქ იყო შთამომავლობით შემოქმედ  იასტასია  თავანკარაშვილის  პროპოეტური  ისტორია, თავად იასტასიასავით ანკარა და უმწიკვლო, მაგრამ ისეთი მეტაფორულ-ეპითეტიანი, როგორიცაა: ”წითელმზეჩასაქრობი”,  ”ოი, შენ, ჩემო ძველო  ლამპარო, ვეღარ ანათებ”  და მსგავსნი...
აქ იყო აგრეთვე, სამოციანი წლების ცეხავიკ-ანდერგრაუნდის,  ილო ბადურიანისა თუ  სამოცდაათიანი წლების ანდერგრაუნდ-მუსიკოსის, კომუნისტ გიგვანის დასავლურად გადაგვარებული ნაშიერის  ისტორიები.
აგრეთვე, დაუმთავრებელი ისტორია ოთხმოციანი წლების დისიდენტისა, რომელმაც ტყუპთა აქტიურობის გარეშეც  მშვენივრად ხეხა ციმბირის ნარ-ეკლები  და შემდეგ, ერსა და სხვა ეზოს დაუბრუნდა.
ოთხმოცდაათიანის ისტორიებიც მოიძებნებოდა  და  სხვაც ბევრი და ერთ-ერთი, ყველაზე  მნიშვნელოვანი ამათ შორის - მხატვარ ვაირომ ცერცვაძის  ნახატების სია, შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ”ტაბახმელას ხმელი ხეები;
2. ”შორაპანს იდგა ვაგონი”; 
3.”შავი ჩოხა და შავი ცხენი”;
5. ”მამალი და წითელარმიელი”.
მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მართალია, კლარას და როზას  არაფერი გაეგებოდათ ამ ნახატებისა, მაგრამ  როგორც ჩანს, მათი აღმოჩენით, ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს სახელმწიფოს. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ტყუპნი დანი ფარასაშვილების მიერ მეზობლის ბინაში  მიგნებული ნახატების სანაცვლოდ,  ორივე დას ასევე ფასდაუდებელთავიანი ორდენები გადაეცათ ტაშისა და ტუშის თანხლებით, ხოლო მხატვარი ვაირომ ცერცვაძე ცერცვის მარცვალივით ჩაიკარგა მილიონ მსგავს მარცვალთა შორის.
წლების შემდეგ, ამ ნახატებიდან ერთ-ერთი (”შორაპანს იდგა ვაგონი”, 150/95სმ. ზეთი, ტილო. 1925 წ. )  როგორც ამბობენ, თავად დაბრუნდა ძველ ბინაში  (დანარჩენები ხანძარმა შთანთქა ერთ ფრიად მნიშვნელოვან შენობაში) და  თავადვე დაეკიდა სწორედ იმ ლურსმანზე. რომელზეც ვაირომ ცერცვაძემ ჩამოკიდა თავის დროზე, 
საყოველთაო შეჭირვების ჟამს, მხატვრის  ქვრივმა, ბინა სოფლიდან საშოვარზე ჩამოსულ უნდო ღორჯონიკიძეს მიაქირავა, თვითონ  კი, გარეუბანში მცხოვრებ ნათესავთან გადავიდა საცხოვრებლად. ბევრს ეცადა ქვრივი, ქმრის ერთადერთი სახსოვარიც თან წაეღო, მაგრამ ამაოდ, ნახატი  ვერაფრით ჩამოხსნა კედლიდან და მხოლოდ-ღა ცრემლის თანხლებით  გაუდგა  გარეუბნის ჩაბნელებულ გზას.
საშოვარზე ჩამოსულ მდგმურს, უნდო ღორჯონიკიძეს  უკაცრავად და, სულ ფეხებზე ეკიდა, იქნებოდა თუ არა  ნახატი კედელზე. საერთოდაც, ამ  პერსონას ბევრი რამ ეკიდა ფეხებზე. 
ყველა რომ ღარიბდებოდა, ის მდიდრდებოდა. ასე მოსდგამდა ბაბუისგან - ნამეტნავად ცნობილი და დიდხანს სასკოლო სახელმძღვანელოებში გამოჭიმული კომისარი ღორჯონიკიძისგან, რომლის სახელსაც ახლა ავადსახსენებელ და ადრე კი,  ამაყადსაცხადებელ  ფაქტებს უკავშირებდნენ. ისეთებს, როგორიცაა მაგალითად, წითელი დროშის აღმართვა  ქალაქის თავზე, ქვეყნის  გაწმენდა არამდგრადი პოლიტ.ელემენტებისგან, ნულოვანი ტოლერანტობა  უცხოდმფიქრალ  ამბოხებულთა, ინტელიგენტთა და  მსგავსთა  მიმართ და კიდევ, ვინ ჩამოთვლის და რა ჩამოთვლის საქმეთა საგმირონსა...
  სხვა მნიშვნელოვანი ფიგურა არც მანამდე და არც შემდეგ, უნდოს საგვარეულოს არ ჰყოლია. სავარაუდოდ, არც შემდეგში ეყოლებოდა: გენეალოგიის  ხის გამხმარ ტოტზე, მისი სახით, ერთადერთი ჭიანი ნაყოფი-ღა ეკიდა.
-ცოლი, ცოლი მოიყვანე, გვარ-ჯილაგის გამგრძელებელია საჭირო!  თუნდაც ერთი!- მაგიდაზე მუშტს ურტყამდა ბაბუა. უნდოსაც მოჰყავდა და უშვებდა, მოჰყავდა და  უშვებდა, რადგანაც,  დედაკაცნი იგინი ყოველნი, იყვნენ სრულად  უნაყოფონი,  საკვირველად  კომისარ ღორჯონიკიძისა.
ასე გრძელდებოდა  მანამ, სანამ ერთ დღესაც,  კომისარი ღორჯონიკიძე  ჩეჩმაში, საკუთარი ნაგანის ტყვიით შუბლისძარღვგაწყვეტილი არ იპოვა  მისმა  ძაღლის მაგიერმა და ძაღლივით ერთგულმა  მამალმა - ბუდიონმა.
სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზეზი, თავმოყვარეობის შელახვა გახდა: წინა დღეს, პენსიის რიგში მდგარ კომისარს ვიღაც  მოეროვნულო ელემენტმა  ლაყე კვერცხი ესროლა და ეპოლეტად ჩამოკიდა მის ოდესღაც ამაყად გაშლილ მხარს. 
ბუდიონმა გულით იყივლა კომისარი,  უკანასკნელ გზაზეც გულწრფელი ყივილით გააცილა და იქვე დარჩა კიდეც,  ახალგათხრილი საფლავის ბორცვზე - უნდოს მიერ  თავწაწყვეტილი და ერთგულებისთვის დიად ბაბუას შეწირული.
-ამაზე იტყვიან, ძაღლი მიაკვტა სულშიო, - უკვე მიტოვებული საფლავისკენ გადააფურთხა მესაფლავე ოდელიამ,  თავწაწყვეტილ მამალს ფეხებში წაავლო  ხელი  და ცხელწყლიან ქვაბში ჩააგდო გასაპუტად.
უნდო ბუდიონი არ იყო,  ბაბუას სამარეში ჩაჰყოლოდა, ეგ კი არა,  შვებითაც ამოისუნთქა. ახლა თავისუფლად შეეძლო,  გამრავლებაზე კი არა, გამდიდრებაზე ეზრუნა - ფულისთვის ფული მიემატებინა. ამის გამო  არაფერზე იხევდა უკან: ნაალაფარსაც ჰყიდდა,  ნაქურდალსაც, ნაყაჩაღარსაც და სხვა ბევრ უკადრებელსაც  მშვიდად  კადრულობდა.
უცნაური ზნე კი სჭირდა უნდოს: ნივთიერ  სიმდიდრეს  არად დაგიდევდათ, ფულის კუპიურაზე გიჟდებოდა. დაჯდებოდა ყოველ საღამოს, დაყრიდა მაგიდაზე დაკუჭულ კუპიურებს, ურევდა, ასწორებდა, ნეტარებით ყნოსავდა... მერე გულმოდგინედ გადაითვლიდა და  ინახავდა. სად -  ეს მხოლოდ მან იცოდა.
თანდათან გაიწაფა და  საქმე ისე კარგად მისდიოდა, რომ  მიწის ბელტიც კი ეყიდებოდა.  ერთადერთი, ბუდიონის შთამომავალი  ბულიონა ვერაფრით გაყიდა, ადგა და თავი დაანება. 
ბულიონა  მთელი დღეები იტალიური ეზოს საერთო აივანზე დააბოტებდა და აგერ, ახლა,  კოჭლ ოფელიასთანაც წარმატებით დაიკმაყოფილა მამლური თავმოყვარეობა.
-ფუჰ, გაწყდა თქვენი ჯიში ერთ დღეს,  - ჩაილაპარაკა როზამ, როცა ოფელია ყალბი ესრამიქნეს კრიახით შეფართხუკდა  ოთახში.
-ვის წყევლი? -  შეუღებავი, ორიოდ ღერი  თმა გადაივარცხნა  კლარამ და ამოიხვნეშა, -  დღესაც  თავბრუ მეხვევა, ალბათ ისევ წნევა მაქვს.
-ვის და... თავზე რომ დაგვასხდნენ ეს სოფლელები, - ოფელიას ნაკაკანარი სიტყვებად აქცია  როზამ და კარი მიაჯახუნა  - ზედ ფიკუსის ძირში გაგვიუპატიურეს  ოფელია.
-ძალიანაც კარგი, -  კლარამ ძირზე დასული წითელი პომადა თითს წვერით ამოიღო და ტუჩებზე გადაისვა, - ახლა იქნებ კვერცხიც დაგვიდოს, მომენატრა კვერცხის გემო.
-სულ ჭამაზე როგორ უნდა ფიქრობდე?!- თვალები დაუბრიალა როზამ - თავმოყვარეობა აღარ გაქვს?
- ყველა ვერ იტანს შიმშილს, შენსავით, - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა კლარამ.  ხუთი წუთით, მაგრამ მაინც უფროს დასთან  ხმამაღალ შეკამათებას ვერ ბედავდა. -  თავის დროზე, ნეტავ  მეც მომდგომოდა ვინმე მაგ მამალივით, თუნდაც  ფიკუსის ძირში. ახლა მომვლელი მაინც გვეყოლებოდა. ერთი, იმ საცოდავ  მებუფეტეს  ვუყვარდი და მამას შიშით, ხმაც ვერ გამცა, ისე მოკვდა.   
-მებუფეტესთან მამას ნუ ახსენებ, - თვალებს რაკა-რუკი აუყენა როზამ, - უკეთესზე რომ არ შეგეძლო ფიქრი, იმიტომ დარჩი ასე.
-ხო, შენ რომ  უკეთესებზე ფიქრობდი, იმიტომაც არ დარჩი.-ცოტა არ იყოს, ხმას აუწია კლარამ.
მოკლედ, დილიდან, ბულიონას უმსგავსო, მაგრამ ბუნებრივმა  საქციელმა,  დიდი პოლემიკა გამოიწვია ფარასაშვილების ერთაზრსულოვან ოჯახში.
ბულიონა სიტყვა პოლემიკის გაგებაშიც არ იყო, კმაყოფილი მიადგა თითქმისლოთი ლეკოს  კარს და  რიხიანად მიუნისკარტა.
-ვაჰ, ბულიონ! სადა ხარ, ძმაო, ლამისაა, შუადღე მოვიდეს, ტო! - გაეხარდა ლეკოს ბულიონას დანახვა. დიდი ხანია, სხვა მიმსვლელ-მომსმენი აღარ ჰყავდა, არადა, ერთიც უყვარდა და მეორეც. 
ბულიონამ ფრთები დაიფერთხა, ყიყლიყოო, შედარებით  რიხიანად ამოიყივლა და  ლეკოს ფეხმომტვრეულ სკამზე  ყინჩად შეფრინდა.
-ვაა, შენ  ძაან ჯანზე მოხულხარ, აი, - გამომცდელად შეხედა ლეკომ,- რაღაცა, ოფელიას კრიახი გავიგონე და რამე ხომ არ... - ლეკომ  საჩვენებელი თითები გაუხახუნა ერთმანეთს.
”აბა, რაო”, - კიდევ ერთხელ ამოიყივლა უფრო გაფხორილმა ბულიონამ.
-ვაა, შენ რა მაგარი ხარ, ტო, - გაეცინა ლეკოს, - ერთი ის სიამსკი ტყუპებიც  მიაყოლე...
შენ რა გეცოდინება, ახალი მოსული ხარ და, მაგ ჩათლახებმა იმდენი იდანოსეს მამაბუდიანად რო, აქ ვინც ცხოვრობდა - სუ კაი ხალხი, პაჩწი ყველა დაიჭირეს. ძველებიდან  მგონი, მარტო მეღა შევრჩი აქაურობას, - მერე ხელი ჩაიქნია და დანანებით ჩაილაპარაკა, - მეც რა, არავის ვჭირდები და იმიტო... იცი შენ ნეულავიმი ჯოს ამბავი? ეგრე ვარ, რა...
ლეკომ  არაყი  თლილ ჭიქაში დაასხა თავისთვის,  ცოტაც - პატარა თეფშზე - ბულიონასთვის.
- მართლა რა  იტალიური ეზო გვქონდა...  ნაღდი ქართული. ისე, იტალიელებსაც რო ეცხოვრათ, რაა რო?  მარა მაგათ მარტო კინოში ვხედავდით. არადა, მამენტ, მაგრა გაასწორებდა  აი, თუნდაც ტოტოს, როგორც ცხონებული ბებიაჩემი ამბობდა, მაგ ცისფერსისხლიანი თითლიბაზის  მეზობლობა... ან ფერნანდელის, ვა, რა მაგარია... ჩემს ჯილა ანა მანიანიზე ხო, ვაფშემც არაფერს ვიტყვი. აუ, რა ქალი, ტო!  ეტნა მიმიქარავს, მაგათი ვულკანი. დუღდა შიგნიდან, გადმოდიოდა ცხელი ლავა და გწვავდა, გხრუკავდა, ძვალი აღარ რჩებოდა შენგან... აზრზე ხარ, ბულიონ? მაგას რო აქ ეცხოვრა, სარეცხი გადმოეფინა აივნიდან ახალგაღვიძებულზე, აუუ...  ან სოფის რო ჩამოევლო  კიბეებზე მაღალი ქუსლების პაკა-პუკით, ლორენს...  აბა, მაგის ძუძუები უნდა გენახა  და თეძოები  კიდევ - პატარა, ზღვისპირა კუნძულები... ეე, და ამ დროს,  ჩემი მეზობელი ჟორიკა  კიბის ქვეშ რო იქნებოდა ჩასაფრებული, გალენჩებული სახით და  ტუჩზე დორბლით... - ლეკოს  გაეცინა, არაყი გადაკრა და იმ წუთასვე ხელმეორედ  ჩამოისხა:
-ეგ ჟორიკა, რაც თავი მახსოვს, სულ ეგრე კიბის ქვეშ იდგა, იქ გაიზარდა ტიპი.  გოგოებს უთვალთვალებდა ქვევიდან. ჩვენ გოგოებს კიდე, ფეხებზე ეკიდათ, ვითომ იდგა რა, განა ცოცხალი კაცი - სტატუეტი.  არბოდნენ, ჩამორბოდნენ, არბოდნენ, ჩამორბოდნენ კიბეებზე მოკლე კაბებით. მერე ტრუსიკები ბიკინებით რო შეცვალეს, უფრო დალენჩდა და  ბიკინები რო ტანგებით, ხო,  ვაფშემც დაერხა. აეგრე დაბერდა რა - კიბის ქვეშ თავაწეული და დორბლიანი. ბოლოს, ამ  ტანგიანი ბავშვების დედებმა, ტყუპების შეფითილებით, მაგისი და - ირა აიკლეს: ან სახლში ჩაკეტე ეგ პედოფილი, ან კიბეებს მოაშორეო. რა პედოფილი ტო, ჟორიკა იყო, დებილი, ოღონდ ნაღდი დებილი. ირამაც მოკიდა ხელი და ქუჩის მეორე მხარეს გადაიყვანა, მოხუცების სახლში.  იქ ჟორიკა,  ვიღაც თავისზე უფროს ბაბა-ნაშას მაგრა დაევასა ან შეეცოდა, რავი და ცოლად გაჰყვა.  ჰოდა, რო იტყვიან,  ლხინი იქა და ჭირი აქაა, იმიტო რო, ირა  უკვე კუკიაზე იღებს ზაგარს, კაი ხანია და ჟორიკა  კიდე, დღემდე ცოცხალია თავის ბაბა-ნაშასთან ერთად.  რავი, ასე ამბობენ კლარა და როზა და მაგათმა კიდე, ყველაფერი იციან.
აი, ახლა, მე რო ამეებს გიყვები, ეგეც იციან. ის  კოჭლი ოფელია, რა გგონია, გაწვრთნილი ყავთ, ტო. მოადებს კარებთან თავს, ყველა სიტყვას აკენკავს და თავის ჩათლახ პატრონებთან მიაქვს მერე, ფოსტის მტრედივით.
მარა მე  რა, დაჟე მაგათთვისაც აღარ ვარ საინტერესო ეგზემპლარი...  იმიტო რო, მკიდია ყველაფერი,  ეს ”მე ვარ და ჩემი ნაბადი პოლიტიკა”,  ხო, ვაფშე... სხვებმა იკითხონ, თუმცა ვიღა სხვებმა,  სადღაა ხალხი, ტო,...
ლეკომ  ამასობაში დაცლილ ბოთლს გახედა,  მერე ბულიონასთვის დადებული თეფში აიღო:
- ე, სულ არ დაგილევია, ტო? მაიტა, ხო არ გავაფუჭებ, -  თქვა და არყიანი თეფში ენით მოლოკა.
-შენა და,  შენი უნდო პატრონი სახლშია?  წავალ, ერთ ჩეკუშკას  გამოვართმევ,  ვალი ვალია, გინდ მეტი, გინდ ნაკლები. - ლეკომ ბულიონას ბიბილოზე გადაუსვა ხელი და ოთახიდან გავიდა.
აივანზე არავინ  იყო, მარტო კოჭლი ოფელია იდგა ისევ ფიკუსის გატეხილ ქოთანთან და ბეც თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-ეს რა ცირკის პანელზე  გამოსულივითაა,  ტო, - გაეცინა ლეკოს, - ფაიზაღი ბულიონას ელოდება, გაუტკბა, მგონი.
ლეკომ უნდოს კარზე დააკაკუნა.
უნდოს კაკუნი არ გაუგია, სიზმარს ხედავდა:
რკინის ნახევრად გადაქცეულ ჭიშკარზე ნისკარტით აკაკუნებდა. მერე ღობეზე აფრინდა და ეზოში ჩახტა.
-ბულიონა ვარ, ნაღდად ბულიონა ვარ, - გაეფიქრა სიზმარშივე.  ტანზე დაიხედა, წითლად შებუმბლულს, შავი ტყავის ქურთუკი ეცვა, შავი დეზებიანი ჩექმები, თავზე ვარსკვლავიანი, წითელარმიელის ქუდი ეხურა.
ნაღდად ბულიონა ვარ და თან, ბაბუაჩემი, გაეფიქრა  ისევ. 
ეზო უკაცრიელი და ბნელი იყო, მარტო ხეებზე აქა-იქ შერჩენილი ხურმები  ბჟუტავდნენ  ლამპებივით.
-აქ რა მინდოდა? რატომ ვარ ამ ეზოში? - ცივმა ოფლმა დაასხა. ეზოს სიღრმეში  ნასახლარი იდგა, ხორხივით  ამოჩროდა გაშიშვლებული ბუხრის ყელი. უნდო ნასახლარს მიუახლოვდა. კედელზე ამოსული ტყემლის ხიდან უაზროდ მოწყვიტა ნაყოფი და პირში ჩაიგდო.
-ფუჰ, - დაემანჭა სახე, ტყემალმა კბილები მოსჭრა, მოისროლა და ისევ  ეზოს მოავლო თვალი.  ბატკანი  გამოვიდა ნასახლარიდან, მიამიტი თვალებით შეხედა უნდოს და  მერე შიშველი მიწის  კიკნა დაიწყო.
-კომისარო ღორჯონიკიძევ, ეს  როგორ გადაგირჩა, - ბაბუამისის ხმა აღმოხდა უნდოს,  ფრთის ქვეშ წაიღო ხელი, მაგრამ ნაგანის ნაცვლად იღლიაში ამოჩრილი  საკუთარი თავი შერჩა, ფეხები წითელი ჭინჭებით ჰქონდა შეკრული. ბატკანმა ისევ მიამიტად შეხედა, შეტრიალდა და ნასახლარში გაუჩინარდა. 
- შესაწირი ვარ, - გაიფიქრა დაზაფრულმა უნდომ და  ფეხებს შორის სისველე იგრძნო. ჭინჭების შეხსნა სცადა,  ვერ შეძლო,  მამლადქცეული,  სადღაც  მიათრევდა ფრთის ქვეშ ამოჩრილ საკუთარ თავს.
მიალაჯებდა  სიბნელეში, ფეხქვეშ  ჭაობივით ირწეოდა მიწა და უნდოს ხმა ესმოდა:
”შორაპანს იდგა ვაგონი”... მერე ხმა თანდათან გაძლიერდა:
”შორაპანს იდგა ვაგონი, კომისარო ღორჯონიკიძევ”.
-ღორჯონიკიძე, უნდო, უნდო! - ტანზე თითქოს გველი შეეხო - ცივი, ცივი და ზიმზიმა. შეშინებულმა განწირული ხმით წამოიყვირა და თვალები დააჭყიტა.
-რა გჭირს, ტო, - ლეკო გაკვირვებული უყურებდა, - ცუდი სიზმარი ნახე?
უნდომ შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და  საწოლზე წამოჯდა, ცოტა ხანს ასე იჯდა, ჩუმად.
- მომაწოდე ერთი, საროჩკა, მანდ კიდია, -  ანიშნა ლეკოს. ლეკომ ოთახს თვალი მოავლო, საწოლის თავთან დაკიდებული ნახატიდან პერანგი ჩამოხსნა და უნდოს გადაუგდო:
-ვა, ეს ნახატი ნელიმ რატო არ წაიღო? 
-რა ვიცი მე, ვერ ჩამოხსნა, ან რად უნდა, ეგდოს აქ, ტანსაცმელს ვკიდებ ზედე.
-შენ რა სტრანნი ვინმე ხარ, ტო.  ეს იცი, რა მაგარი ნახატია? - ნახატს შეხედა ისევ ლეკომ, - ერთი ჭაჭა  მომეცი კიდე და ვალს მიაწერე. ”შორაპანს იდგა ვაგონიი”.
უნდოს პერანგში სანახევროდ გაჩრილი ხელი გაუშეშდა.
-რაი, რა თქვი?! - ჩურჩულით ჰკითხა ლეკოს.
- ამ ნახატს ჰქვია ასე. - ლეკო ისევ ნახატს უყურებდა, - აზრზე ხარ, ტო, ამის გულისთვის ტიპი ვაფშემც გააქრეს. ფარასაშვილების დედას რო...
-რა ვაგონი, რა შორაპანი... - საწოლიდან წამოხტა უნდო და ნახატს ახლოდან მიაჩერდა. - აბა, ვაგონი, სადაა ვაგონი...
-ეე, შენ ამას ვერ გაიგებ. შენი საქმე იყიდე-გაყიდეა, - ხელი ჩაიქნია ლეკომ. - მიდი, ჭაჭის მსგავსი ჩამომისხი.
უნდო ისევ ნახატს უყურებდა. წითელი ხეები, წითელი მინდორი, კუთხეში ჭინჭით ფეხებშეკრული  წითელი მამალი...
ახლა ცხადში დაასხა ცივმა ოფლმა, ფეხებში სისუსტე იგრძნო და  საწოლზე დაეშვა.
”არაა, ჩამყვა ალბათ ესე,  კი არ დავკვირებივარ, მარა მაინც” - დაიმშვიდა თავი, მერე მაგიდაზე მდგარი ბოთლებიდან ერთ-ერთი აიღო, ლეკოს გაუწოდა, - ამასაც ვალზე მიგიწერ და დროზე გადამიხადე, თუ ჩემი ძმა ხარ.
-ვიცი, ვიცი, - გაბრაზდა ლეკო,- არ დაგრჩეს მიუწერელი.
ბოთლი აიღო და ოთახიდან გავიდა.
-ძმა არა, კვახი... შენი ვალი რო მექნება, იმ ცხოვრების დედაც... -გადააფურთხა და აივანს გაუყვა ღიღინით: ”შორაპანს იდგა ვაგონიიი”... 
უნდომ  რვეული გადმოიღო, ლეკოს გასწვრივ კიდევ ერთი ვალი მიაწერა, ბევრი დაუგროვდაო, თქვა უკმაყოფილოდ და საწოლზე მიეგდო.
-არა, დღეს ვერსად ვეღარ გავალ, ან რა აზრი აქვს,  -  ჩაიბურტყუნა თავისთვის, ნახატს შეხედა, - მაინც რა სიზმარი იყო ახლა ესე,  ან მამალი როგორ ვიყავი, ან ბაბუაჩემი... ეს შორაპანი რაღამ დამასიზმრა...
დიდხანს იწრიალა...
...მიდიოდა, იღლიაში ამოჩრილი ბულიონა მიჰყავდა, წითელი ჭინჭით ფეხებშეკრული.  ახლა უნდო, უნდო იყო, ბულიონა - ბულიონა.
ისევ იმ ადგილზე გავიდა, ფეხქვეშ მიწა ირწეოდა და მიწიდან ხმა ისმოდა: ”შორაპანს იდგა ვაგონი”.
უნდო მიდიოდა, ფეხებს ძლივს მიათრევდა.
-გაჩერდი, თორემ გესვრი! – მიწიდან, ზუსტად მის წინ, ხიშტის თოფიანი  წითელარმიელი ამოსკდა, ამოისვეტა.
-ნე სტრელიაი, ბრატ! - რატომღაც რუსულად წამოიყვირა  უნდომ, მამალს ხელი გაუშვა და მიწაზე დაემხო.  მიწა ცივი იყო და სველი, სისხლისა და ლაყე კვერცხის  სუნი ასდიოდა და უნდომ  უცებ იგრძნო, რომ ისევ ბაბუა იყო,  იმისი გაწყვეტილი შუბლის ძარღვი გადაეჭირა  ზურგზე  მათრახივით, იმისმა ხორცმა  წამოახტუნა:
-ია კამისარ გორდჯონიკიდზე! -  ბაბუასავე  ხმა მოესმა თავისი  ჭიანი, უნაყოფო სხეულიდან.
- მერე რაა, რო? - თვალებში ჩახედა წითელარმიელმა, - თუ გინდა,  გენერალ-სიმუსიც იყავი, მკიდია. ან რაღა დროს კომისარი ღორჯონიკიძეა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, შე  პეტუხო, - წითელარმიელმა უნდოს ხიშტი ატაკა და მერე იქვე მოფართხალე მამალს გადახედა ხარბად,  ნიკაპზე დორბლი ჩამოუვიდა.
- კაი ხანია,  ბულიონი არ მიჭამია. შენამდე ამას წავაწყვეტ  თავს. 
უნდოსთვის აღარც შეუხედავს, მამალს ხელი დაავლო და სწორედ ისე წააწყვიტა თავი, როგორც თავის დროზე უნდომ - ბუდიონს.
”...ეს შორაპანი და ვაგონი მაინც, რა შუაშია”... -  გაიფიქრა უნდომ...

საღამოს, სავარძელში ჩაძინებული ლეკო მამლის გაბმულმა ყივილმა გამოაფხიზლა.
-აუ,  ეს თუ მარტის კატასავით ატყდა, დამერხა და ეგაა, რა გაუძლებს ამის ყივილს, ტო, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, მერე წამოდგა და  აივანზე გამოვიდა.
აივანზე დები ფარასაშვილები იდგნენ, კლარა გამალებით იწერდა რაღაცას, როზა მრისხანედ  იყურებოდა უნდოს ოთახისკენ, იქიდან  ბულიონას ყივილი ისმოდა.
ლეკომ დებს გვერდი აუარა, თან თვალებით ოფელიას დაუწყო ძებნა,  მაგრამ ვერ დაინახა.
-ფაიზაღი ჩინჩლავს და იმიტო ყივის ასე,  - გაეცინა გულში და უნდოს კარი შეაღო.
ბულიონა  ოთახის კუთხეში მიყუჟულიყო და გამყინავად  ყიოდა.
საწოლზე კედლიდან ჩამოვარდნილი ნახატი ეგდო.
- ვა, ჩამოვარდა ტო? - გაუკვირდა, ნახატს  ორივე ხელი მოკიდა და წამოწია. 
-უჰ, შენი, - თქვა უცებ და თვალები დახუჭა.
ქათამივით თავწაწყვეტილი უნდო ღია თვალებით მისჩერებოდა, მარჯვენა ხელში ვალების რვეული ჰქონდა ჩაბღუჯული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები