ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2012


მე ანასტასია ვარ II

    მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გაუტარებია. თურმე მკითხულობდა- როდის შეგვახვედრებთო. სუსტად ყოფილა, განძრევასაც ვერ ახერხებდა დაუხმარებლად და აბა როგორ მომხედავდა? ჰოდა, სანამ ცოტათი არ მოძლიერდა არ მიმიყვანეს. ვიწექი და ველოდებოდი. მასთან შეხვედრამდე წუთებს ვითვლიდი. მისი სუნი მაინტერესებდა, მისი ხელების სითბო მჭირდებოდა, მისი მოფერება და ალერსი ქვეყანას მერჩივნა. მინდოდა გულზე დავეწვინე და ათასი სისულელე ეჩურჩულა ჩემთვის. მეც მის მკერდზე განაბული, სიტყვებს ჩასაფრებული დაცულად და მშვიდად ვიგრძნობდი თავს.
    როგორც იქნა ოთახის კარი გაიღო, თეთრხალათიანმა ქალმა თავი შემოყო და განკარგულება გასცა:
-დგვარელი დაბანეთ და ჩააცვით, დედამისს ვეღარ ვაკავებთ უნდა მივუყვანოთ!..
    დგვარელი მე აღმოვჩნდი, დამბანეს დედიკოს ხელით სათუთად მოქსოვილი წინდებით დაიწყეს და შემმოსეს. არც ქუდი და ხელთათმანები დავიწყებიათ. მერე ისევ ჩემს ვარდისფერ პლედში გამახვიეს(რათ მინდოდა არ ვიცი, მაგრამ ამათ ხომ ასეთი წესი აქვთ) და მასთან წამიყვანეს.
    გული ამოვარდნას მქონდა, ყურებში საკუთარი გულისცემა ისეთი სისწრაფით მესმოდა, მეგონა  დედამიწა ზანზარებდა. გზა ჩვენი ოთახიდან მის ოთახამდე საშინლად გაიწელა.
    ჩემი დანახვისთანავე ცრემლები გადმოსცვივდა... ვიფიქრე არ მოვეწონე და მეორე ხმაში შევუერთდი, მაგრამ თურმე ეს სულელი სიხარულით ტიროდა. ჩემი ხმა რომ გაიგო მაშინვე გაჩუმდა, ხელში ამიყვანა, გულში მაგრად ჩამიკრა და მერე... არც ერთს აღარაფერი გაგვიგია კარგა ხანს...
    მისი ტელეფონი არ ჩერდებოდა, ოთახში ვიღაცეები შემოდიოდნენ და ათას კითხვას უსვამდენ. ეს ანგარიშმიუცემლად პასუხობდა. ერთი სული გვქონდა მარტო დავრჩენილიყავით. რამდენი რამ გვქონდა სათქმელი ერთმანეთისათვის, ისენი კი არ გვაცდიდნენ.
    ექიმების შემოვლა დამთავრდა და მარტოებიც დავრჩით. ჩემი დედაკო ხან ტიროდა ხან იცინოდა. ნერვიული შოკი ჰქონდა ამ საცოდავს. რა ატირებდა ვერ გავიგე. აი გავიზრდები, მეც გავხდები დედა, მაგრამ ტირილის მაგივრად სულ ვიცინებ სიხარულისაგან. მომკალით და არ მესმის ეს სიხარულის ცრემლი, თუ რაღაც ჯანდაბა. თუ გიხარია რაღა გატირებს ადამიანს? უფ, ჯერ რამდენი რამე მაქვს სასწავლი ვინ იცის... მე ამისი იმედი მქონდა დამეხმარება მეთქი და თურმე იქეთ ყოფილა დასახმარებელი...
    "დეეეეეე, დედაკო აბა დამშვიდდი ეხლავე! შემომხედე ადამიანო, რა გვჭირს ახლა მე და შენ სატირალი?! ნახე როგორი ჯანმრთელი ვარ? მგონი ლამაზიც უნდა ვიყო... ნუ, მართალია თმები არა მაქვს, მაგრამ გამეზრდება აბა რა იქნება? ნახე, როგორი თეთრი ვარ და რამხელა ლურჯი თვალები მაქვს? დავიჯერო არ მოგწონვარ? ეეე შენ მართლა "ისტერიჩკა" ყოფილხარ! მართალი იყო ვახო ექიმი რააა... აუ მშობლებს რატომ არ ირჩევენ? არ მიდა მტირალა დედაააააა. მტირალა მე უნდა ვიყო, ჯერ ერთი დღისაც არა ვარ ჯერ და ხომ ხედავ ხმას არ ვიღებ? მოთმინებით გელოდები რომ დამშვიდდე, შენ კი ტირი. მე უნდა გასწავლიდე მოთმინებას და სიმშვიდის შენარჩუნებას? ტფუუუუ, მე კი არა შენ ხარ ბავშვი თურმე. არ მინდა "ბავშვი დედააააა" მე დიდი დედაკო მინდა. შენ კი არა მე უნდა ვტიროდე. აზრზე მოდი ეხლავე თორემ ვიტირებ!" - ვუყვიროდი გამწარებული მაგრამ ესმოდა?
-მიყვარხარ ბა, მადლობა უფალს რომ მყავხარ, ძალიან მჭირდებოდი დე... როგორი თვალხატულა მყავხარ ჩემო გოგო, როგორ ვოცნებობდი შენზე. როგორ მინდოდა მენახე და ჩაგხუტებოდი იცი? ეღირსა დამშვიდება და ხმის ამოღება "მტირალა ქალბატონ დედაკოს".
"აბა მე მკითხე როგორ მჭირდები?.. შენ კიდე მომიწყე აქ ტრაგედია უგმიროდ... ჩამეხუტე ეხლა და მაჭამე დოზე თორე ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს და თუ ჩავრთე ახლა სირენააა!.." არ ესმოდა თავის სტიქიაში იყო და დაპირებებს აგრძელებდა. "აეეეე, "დედაკაცო" არაფრის დაპირება არ მინდა, ან შენ რისი შემსრულებელი ხარ, იმას ვერ მიმხვდარხარ რომ მაჭამო. ვაიმეეე ეს მომკლავს მშიერს. მიშველეთ ვინმემ ხალხი არა ხართ? ან ამას ასწავლეთ როგორ მომიაროს, ან წამიყვანეთ თორემ ასათიანის მომავალი პაციენტი ვარ გეფიცებით..."
-დედას ანგელოზო ხომ არ გშია? უი, რაღა ვქნა მიხვდა... მგონი არც ისეთი წყალწაღებული შტერი ყოფილა მე რომ მეგონა. არ მშია მეთქი ეხლა რომ ვუთხრა ნეტავი დაიჯერებს? ეხლა ეს კია ღირსი დაველაპარაკო, მაგრამ ჯერ ისედაც რა ნერვები აქვს და მე რომ ხმა ამოვიღო ხელებში ჩამაკვდება. არადა ჯერ უნდა გამზარდოს, რა დროს ამისი სიკვდილია? ჯერ ეხლა მოვედი მე!
    მკერდი მოიშიშვლა და თვალები სიხარულით ამიციმციმდა. ვაიმე რამდენი საჭმელი ჰქონიააა, ეს კიდევ არ მაჭმევდა ნეტავი ვის უნახავდა? სველი ჩვრით გაისუფთავა სხეული და როგორც იქნა... თავიდან გამიჭირდა ჭამა, მგონი ვატკინე კიდეც, მაგრამ ისე მშიოდა მის ტკივილს ვეღარ ვითვალისწინებდი. რამდენიმე ფუჭი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა ვიგრძენი მისი სხეულის ნექტრის გემო. ვერ ვხვდებოდი მისი სხეულიდან რომ იყო ამიტომ მსიამოვნებდა ასე ძალიან, თუ უბრალოდ საჭმელი მინდოდა და ამიტომ. თუმცა გაჩერებას რომ არ ვაპირებდი ეს კი ზუსტად ვიცოდი... ვიღლებოდი, მაგრამ მაინც არ ვანებებდი თავს. მგონი სიამოვნებისა და ნეტარებისაგან ჩამთვლიმა კიდეც მაგრამ... რაღაც დამეცა და თვალები რომ გავახილე დავინახე ისევ ტიროდა. მეც მომინდა ტირილი. მივხვდი სიხარულისგან რატომ ტირიან. ბედნიერება იმხელა ძალით მიტევდა, თვალები ცრემლებით ამევსო. არ ვტიროდი თუმცა მისი ტირილი მსიამოვნებდა. ვიცოდი ბედნიერი იყო.
    ბედნიერს ისე ჩავებღუჯე ვერანაირი ძალა ვერ შეძლებდა ჩვენს დაშორებას. ასე მშვიდსა და ბედნიერს ჩაეძინა. მკერდზე ვყავდი მიკრული და მძინარე ისე მაჭმევდა ვერც გრძნობდა. შემეცოდა, ვიცოდი წუხანდელის შემდეგ როგორი დაღლილი იყო, ფიზიკურადაც და ემოციურადაც, ამიტომ ვეცადე არ გამეღვიძებია. არც გავნძრეულვარ მასზე მიხუტებულმა ხელი ჩავუყავი მკერდში, თავი დავადე და ჩამეძინა...
    ამ ქვეყანაში საერთოდ რამეს აცდიან ადამიანს? არ გვაცადეს ძილი ხან ვინ დაგვირეკა, ხან ვინ. ულოცავდნენ ჩემს თავს. მშვიდობით მოლოგინებას, რაც ვერ გავიგე რა იყო. შემოდიოდნენ ექიმები და კმაყოფილები გადიოდნენ.
    მერე ისიც მოვიდა... ჩუმად შემოიპარა, ეგონა გვეძინა. გაგვიღიმა ორივეს ნაზად გვაკოცა და საწოლზე ჩამოგვიჯდა. წვერი გაეპარსა წუხანდელს მერე, უფრო ლამაზი მეჩვენა, უფრო თბილი იყო მისი თვალები. რამხელა მკლავები ჰქონდააა... მისი მკლავის სიგრძეც არ ვიყავი. ხელში ბუმბულივით ამიტაცა. მესიამოვნა მისი სუნი და გავინაბე. მიცინოდა და მკოცნიდა. თვალები მივლულე სიამოვნებისაგან და როცა გავახილე დავინახე ესეც ტიროდა. ვაიმეეეეეე, ეხლა კი მართლა დავიღუპეეე! ჩემი ერთადერთი იმედი მამა იყო, ის მაინც მყავს ნორმალური მეთქი. ესეც მტირალა ყოფილა, რაღა მეშველება? რა გატირებს ბიჭო კაცი არა ხარ? დავიბადე, ცუდი ხომ არაფერი მომსვლია რას დამტირით? გულში ჩამიკრა "მუდამ დაგიცავო"- მეჩურჩულებოდა. "მამას ნამცეცა გოგო ხარო, სანამ გყავარ არაფერი გემუქრებაო, ძალიან მიყვარხარო" კიდევ ათასი რამ იბჟუტურა, გახარებულ მშობელს რას გაუგებს კაცი. ვინ იცის. მე უარესები ვქნა, მაგრამ, ჯერ არ მესმის ამათი და რა ვქნა?.. დედაკო კედლისაკენ მიიწია რის ვაი ვაგლახით, შუაში მე ჩამაწვინეს ნაპირიდან მამაკო მოგვიწვა. თბილად ჩამეხუტნენ ორივე ერთად. ხან მე მკოცნიდნენ, ხან ერთმანეთს. ხან ტიროდნენ, ხან იცინოდნენ. მამა მადლობებს უხდიდა დედა ორივეს სიამაყით და მზრუნველობით გვიყურებდა...
    რაც მთავარია სამივე საშინლად ბედნიერები ვიყავით... დროის შეგრძნება აღარ გვქონდა, ემოციებმა წაგვლეკა სამივე. დაძაბული ნერვებიც მოეშვა სხეულებს მოდუნების საშუალება მივეცით. მე ვიცოდი დედაკო და მამაკო რომ გვერდით მყავდნენ მშვიდად უნდა ვყოფილიყავი და ეს მახარებდა. დედას ჩემი ნახვა და მამას სიახლოვე აბედნიერებდა. მამას კი, ჩემი მშვიდობით მოვლინება და დედაკოს ბედნიერების დანახვა სიამოვნებდა. მისტიკური სამკუთხედი იკვრებოდა... ბედნიერების ანგელოზები დაგვტრიალებდნენ თავს და ბოროტს ჩვენთან მოახლოების სურვილიც კი გაჰქრობოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები