ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 ივნისი, 2013


მედეა, როგორც მითიურ-სიმბოლური სახე

(დასასრული)

ჩვენს თანამედროვეობაში გავრცელებულ გამოთქმას თუ გამოვიყენებთ, მედეა ერთნაირი ოსტატობით მიმართავს როგორც თეთრ, ასევე შავ მაგიას. თუ მამამთილს ის ახალგაზრდობას უბრუნებს, პელიასს მის სასახლის კარზე მისივე ქალიშვილების დახმარებით გამოასალმებს სიცოცხლეს, რათა ქმარს წართმეული ტახტი დაუბრუნოს. სანამ მედეა ამას მოიმოქმედებდეს, როგორც ოვიდიუსი „მეტამორფოზებში“ მოგვითხრობს, ის მათთან ჩავა და თავის მიერ ეზონის გაახალგაზრდავების ამბავს მოუთხრობს. ქალიშვილები თავიანთი მამის, პელიასის გაახალგაზრდავებასაც მოისურვებენ. თავიდან მედეა თითქოს უარზეა. აქ ჩანს მისეული ტაქტიკა, რომელიც დაუნდობლობას ნიღბავს. შემდეგ დათანხმდა მათ და მის ძალაში დასარწმუნებლად ავალებს ფარადან უხუცესი ცხვრის მოყვანას. ის მას ბატკნად აქცევს. ამ სცენას ოვიდიუსი განსაკუთრებული სილამაზით აღწერს:

„შემცირდა ტანი,
გაუჩინარდნენ რქანი, მათთან წელნიც სიბერის,
ქვაბის ძირიდან ხმა სათუთი აღმოხდა, უმალ
ხმას ყოველის და გასაოცრად ამოჰყვა კრავი,
კუნტრუშით, სრბოლით რძიან ჯიქნებს ეძიებს იგი“.

ყოველივე იმას, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, თავისებური ახსნა მოეძებნება ფსიქოლოგიაში. მედეას ჯადოქრობა იმქვეყნიურ სამყაროსთანაა დაკავშირებული. ეხება რა მსგავს თემას, იუნგის მიმდევარი შვეიცარიელი ფსიქოლოგი ქალი, მარია ლუიზა ფონ ფრანცი* წერს, რომ ანიმა მამაკაცის ფსიქიკაში ქალურობის გამოვლინების განსახიერებაა, როგორიცაა ბუნდოვანი გრძნობები და განცდები, ნათელმხილველური წვდომა, მგრძნობელობა, ირაციონალურისაკენ, ბუნებისაკენ და არაცნობიერისკენ სწრაფვა და არ არის შემთხვევითი ის, რომ უწინ ღვთაებათა ნების ამოსაცნობად და მათთან კავშირის დასამყარებლად სიბილას მსგავს ქურუმ ქალებს მიმართავდნენ.
სწორედ არაცნობიერისკენ სწრაფვაა მედეას ერთ-ერთი გამორჩეული თვისება; ამის საუკეთესო მაგალითია, თუნდაც, მისი რიტუალი ან საზარელი, თვალნათლივ ნანახი სიზმრებისგან გამოწვეული შიში, რაც პინდარეს პითიურ ოდაში ოსტატურად აქვს ასახული, როგორც ამას ნ. კუნი (1877-1940) აღნიშნავს.
რაც შეეხება ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939) აზრს მაგიისა და ჯადოქრობის შესახებ**, ის აღნიშნავს, რომ ამ ორი ცნების ერთმანეთისაგან გამოყოფა შესაძლებელია. ის ამტკიცებს, რომ ჯადოქრობა, არსებითად, სულებზე ზემოქმედების ხელოვნებაა. მისი დახმარებით ადამიანი სულს მიმართავს ისე, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს: დააშინებს მას და საკუთარ ნებას დაუმორჩილებს. ხოლო მაგიასთან დაკავშირებით ფროიდი წერს, რომ ის, თავისი არსით, სულების იგნორირებას ახდენს და ხელმძღვანელობს არა ბანალური ფსიქოლოგიური მეთოდებით, არამედ სხვა, რაღაც განსაკუთრებული საშუალებებით. ძნელი არ არის, მივხვდეთ, რომ მაგია ანიმისტური ტექნიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ფროიდი წერს, რომ მაგია ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს; ადამიანის ნებას უმორჩილებდეს ბუნების ყოველგვარ გამოვლინებას, იცავდეს ინდივიდს საშიშროებისგან და აძლევდეს ძალას, რომელიც მის მტერს ავნებს.
უნდა ითქვას, რომ თუმცა მედეამ, როგორც ჯადოქარმა, ვერ იხსნა საკუთარი თავი ქმრის ღალატისაგან, მტერს მაინც მომაკვდინებელი ზიანი მიაყენა.
როგორც ფროიდი ამტკიცებს, თუ „ჯადოქრობა“ სულებზე ზემოქმედების ხელოვნებაა, მედეა ნამდვილი ჯადოქარია. თავისი მაგიური ძალებით ის პელიასის ქალიშვილებზე ზემოქმედებს: ღამით მედეას მიერ მოჯადოებული დები მძინარე მამას სასთუმალზე დაკეპავენ.
მედეა იაზონს თავის ძმას, აფსირტეს მოაკვლევინებს, რადგანაც შიშობს, გაქცეულს არ წამოეწიოს. პინდარეს პითიური ოდა მოგვითხრობს, რომ აფსირტეს კოლხმა ხალხმა სილამაზისთვის „ფაეტონი“, მოციმციმე შეარქვა. ეს ეპითეტი მართლაც შეეფერება ჰელიოსის შთამომავალს. მედეა, თუმცა მზის შთამომავალია, მისი ნაწილია დედამიწაზე, მაგრამ მისი გამონათება ფეთქებადია ვულკანივით, ან, უფრო ზუსტად, მეტეორივით, რადგან ვულკანს ძინავს და გამოღვიძებისას არის დაუნდობელი, მედეა კი ყოველთვის ფხიზლადაა და, თუ გადაწყვეტს, მეტეორივით მუსრავს ირგვლივ ყველაფერს. მან, თავისი საქციელით, უარი თქვა მზიურ წარმომავლობაზე და პირდაპირ ქვესკნელს, თავისი საყვარელი ღვთაების თუ დედის, ჰეკატეს მიწისქვეშა სამფლობელოს მიაშურა.
განიხილავს რა არქეტიპს, კარლ გუსტავ იუნგი აღნიშნავს,*** რომ ის წმინდა ავგუსტინეს დრომდე იდეის სინონიმი იყო; რომ ის გამოსახავს ღმერთს, როგორც „არქეტიპულ სინათლეს“; ამით აღინიშნება, რომ ღმერთი ნათლის პროტოტიპია _ პირველყოფილი და ყველაზე სრულყოფილი. იუნგი აღნიშნავს, რომ რადგანაც ის, პლატონისაგან განსხვავებით, ემპირიკოსია და არა ფილოსოფოსი, თანაც, არ არის მისი ეპოქის შვილი, მისთვის იდეის არსი არის არა ნომინა (nomina _ ლათ. სახელი), არამედ ობიექტური რეალობა. მისთვის ერთხელ და სამუდამოდ მისაღები დოგმა არ არსებობს.
ამის შემდეგ იუნგი დედის არქეტიპს ეხება და ჩვენც, შესაბამისად, ამ თემას წამოვწევთ წინ. იუნგი მოიხსენიებს მითოლოგიაში აღიარებული „დიადი დედის“ სახეს, რომელიც მრავალ ადგილას, ასევე, პირველყოფილია და სრულყოფილი.
იუნგი აღნიშნავს, რომ დედის არქეტიპი მრავალ სახეს უკავშირდება. აქედან ძირითადია: დედა, ბებია, დედინაცვალი, დედამთილი (სიდედრი), ნებისმიერი ქალი; მაგალითად, ძიძა, გუვერნანტი თუ შორეული წინაპარი ქალი. არის, ასევე, სრულყოფილი სახე დედისა, როგორიცაა ღვთისმშობელი, ქალწული, სოფია. არქეტიპის მრავალ ვარიაციას გვაწვდის მითოლოგია: მითი დემეტრესა და პერსოფონეს (კორა _ ბერძ. ქალწული) შესახებ და სხვ. დედის არქეტიპთანაა გაიგივებული სამოთხე, სასუფეველი, ზეციური იერუსალიმი; ის საგნები თუ ადგილები, რომელნიც ჩვენში მოწიწებასა და მოკრძალებას იწვევს; როგორიცაა ეკლესია (ნიშანდობლივია, რომ ქართულ ენაში მას ხშირად დედა-ეკლესიად მოვიხსენიებთ), ქვეყანა, ქალაქი (დედა-ქალაქი), უნივერსიტეტი და სხვ. მანდალა ანუ მაგიური წრე, თავისი დამცავი ფუნქციით, დედას შეიძლება უკავშირდებოდეს. იუნგი აღნიშნავს, რომ მასთან, ასევე, ასოცირდება ჰაერღუმელი, სამზარეულოს ჭურჭელი და, რაც მნიშვნელოვანია, საშვილოსნო.
ამ საგნებსა თუ მოვლენებს, შეიძლება, ჰქონდეთ, როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური შინაარსობრივი დატვირთვა. მათი წინააღმდეგობრიობა ჩანს, თუნდაც, ბედისწერის ქალღმერთებში (მოირები, გრაები, ნორნები), ჯადოქრებში, დრაკონში, სამარეში, სარკოფაგში, სიკვდილსა თუ სხვა მოვლენაში.
განიხილავს რა იუნგი დედის არქეტიპს, ასევე, წერს, რომ მისთვის დამახასიათებელია ამბივალენტობა და მასთან დაკავშირებული დედობრივი მზრუნველობა, თანაგრძნობა, ქალის მაგიური ძალაუფლება, სიბრძნე და ისეთი სულიერი სიმაღლე, რომელიც გონების ფარგლებს სცილდება.
დედა ერთადერთი უმთავრესი ფიგურაა იქ, სადაც მაგიური გარდასახვა თუ გაცოცხლება ხდება. ქვესკნელის სამეფოშიც კი მის მაცხოვრებელთა შორის დედას შევხვდებით ხოლმე.****
ნეგატიურ ასპექტში დედის არქეტიპი***** შეიძლება ნიშნავდეს რაღაცას საიდუმლოებით მოცულს, ამოუცნობსა და ბნელს, სულთა სამეფოს, ყველაფრის მშნთანთქავს, მაცდუნებელსა და მომწამვლელს. ის, შეიძლება, იყოს მოვლენა, რომელიც საშინელებას ნერგავს და ბედისწერასავით გარდაუვალია.
ასეთი ამბივალენტური თვისებიდან გამომდინარე, იუნგმა დედის ამ არქეტიპს სახელიც შესაბამისი შეურჩია: „მოსიყვარულე და საზარელი დედა“. ასეთად ინდურ მითოლოგიაში გვევლინება პარადოქსული კალი. იუნგი აღნიშნავს, რომ სანკხის ფილოსოფიამ გულდასმით გადაამუშავა დედის არქეტიპი და მას სამი გუნა, ძირითადი ატრიბუტი მიაწერა: საკრალობა, ვნება, სიბნელე. საოცარია, თვისობრივად როგორ ჰგავს მედეა კალის.
უძველეს თქმულებას კორას ანუ პერსეფონეს****** შეპყრობის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ დემეტრეს******* ჰიმნში ვხვდებით.******** მისი ავტორი, როგორც იუნგის უახლოესი მეგობარი და თანამეკალმე, ერთდროულად უნგრული და შვეიცარიული ფილოლოგიის კლასიკოსი და რელიგიის სპეციალისტი, კარლ კერენი (1897-1973) აღნიშნავს, დღემდე უცნობი პოეტია. ის „დიად დედას“, დემეტრეს ასხამს ხოტბას; მღერის მასზე და მის ქალიშვილზე, ორ ქალღმერთზე. ეს ჩვენ გვაინტერესებს იმდენად, რამდენადაც მედეა ჰეკატეს ქურუმი ქალია და, მრავალი ვერსიის მიხედვით, მისი შვილიც. კერენი წერს, რომ ქალღმერთი უნდა აღვიქვათ, როგორც ორსახოვანი ღვთაება. ისინი ერთმანეთს ავსებენ.
არის მესამე ქალღმერთი, რომელსაც არანაკლები ადგილი უჭირავს დედასა და ქალიშვილის, დემეტრესა და კორას გვერდით. ეს ჰეკატეა. ჰიმნის მიხედვით, პერსეფონე მითოლოგიური მთის, ნისას მახლობლად გაიტაცეს, სადაც ის ოკეანის შვილებთან ერთად თამაშობდა. ეს ქვესკნელის მფლობელმა ჰადესმა ჩაიდინა. ამ გატაცების მოწმე მზეც იყო. ყველაფერი იმ სამყაროზე მიუთითებს, სადაც ანათებს მზე, რომელსაც, როგორც თვითმხილველს დედა-დემეტრემ შეიძლება დახმარებისთვის მიმართოს.  კერენი წერს: „გამოდის, მზე, ისევე, როგორც მესამე ქალღმერთი ჰეკატე, დემეტრე _ პერსეფონე წიაღის შვილია. როცა მზე პერსეფონეს ცდუნებასა და გატაცებას უმზერს, ჰეკატე თავის მღვიმეში ისვენებს. მას ხშირად მთვარის მეგზურად თვლიან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ წმინდა სხეულიდან ის სხვა გზებით მჭიდროდაა დაკავშირებული“. ნიშანდობლივია ის, რომ ჰეკატე დედის კულტთანაა გაიგივებული.
საინტერესოა ისიც, რომ ჰეკატეს დემეტრეს ორეულადაც თვლიან: ისევე, როგორც დემეტრეს, მასაც ჰადესის მიერ ქვესკნელში გატაცებული პერსეფონეს ხმა ესმის; ის დემეტრეს ხვდება „ნათელით ხელში“. ორფევსის ჰიმნში ჰეკატე დემეტრესეული სიტყვებით თვითონ დემეტრეს ეკითხება მოძალადის შესახებ. შემდეგ კი ჰიმნის უცნობი ავტორი მოგვითხრობს, თუ ორივენი: ჰეკატე და დემეტრე _ როგორ მიდიან თვითმხილველის, მზის საძებნელად. ამის შემდეგ კი მითოლოგების ორი ვერსია არსებობს; ერთის მიხედვით, პერსეფონეს საძებნელად ქვესკნელის სამეფოში დემეტრე ეშვება, მეორის მიხედვით კი _ ჰეკატე. იმის შემდეგ, რაც დედა-შვილი კვლავ შეერთდება, ჰეკატე კიდევ ერთხელ გამოჩნდება ჰიმნში, რათა თავის წიაღში მიიღოს კორა-პერსეფონე და სამუდამოდ დარჩეს მის თანამგზავრად. „ჰეკატე და პერსეფონე ისეთივე განუყოფელია ერთმანეთისაგან, როგორც პერსეფონე და დემეტრე“, _ აღნიშნავს კ. კერენი.
მსგავსებები შეინიშნება პერსეფონესა და მედეას შორისაც. რადგან უკვე ვიცით, რომ დემეტრესა და ჰეკატეს კულტს აიგივებდნენ ერთმანეთთან, შესაბამისად, უფრო გაგვიადვილდება პერსეფონესა და მედეას ერთმანეთთან დაკავშირება და შედარება; მართალია, პირველი ქალღმერთია, მეორე კი _ ღვთაების შთამომავალი, მაგრამ, ასეა თუ ისე _ ორივე მოტაცებულია. სიმბოლური თვალთახედვით თუ დავაკვირდებით, შეიძლება, იაზონის მიერ მედეას მოტაცება აღვიქვათ, როგორც პერსეფონეს მოტაცება ჰადესის მიერ, რადგანაც იაზონთან შეხვედრის შემდეგ მედეა თავისი ქმედებით უფრო დაუახლოვდა დედის (თუ საყვარელი ქალღმერთის) წიაღს, ქვესკნელის ფესვებს (ძმის მკვლელობა, ოქროს საწმისის გატაცება და სხვ.), როგორც პერსეფონე _ ჰადესის სამფლობელოს. როგორც პერსეფონე ატარებს ნახევარ წელს ზესკნელზე, მოაქვს ნანატრი გაზაფხული და სიამოვნებას გვგვრის, ისე მედეაც იშვება საუკუნეთა წიაღში, წაბილწულ კოლხეთსა და მზე-ჰელიოსს უბრუნებს კუთვნილ, ნანატრ ოქროს საწმისს და ამით გამოისყიდის დანაშაულს.
თუ უფრო ფართო თვალთახედვიდან შევხედავთ მედეას მიერ ოქროს საწმისის დაბრუნებას, დავინახავთ, რომ ის თითოეულ ჩვენგანში ღრმად ფესვგამდგარი არქეტიპია, ვისი მთელი ცხოვრებაც ღვთისკენ მუდმივი სწრაფვა და მონანიების გზით სასუფევლის დამკვიდრებაა (ოქრო _ მზის მეტალი; ოქროს საწმისით ცისკენ, მოიპოვებ სასუფეველს).
როგორც დავრწმუნდით, მედეას თემა უნივერსალურია. ის მრავალმა ეპოქამ შეისისხლხორცა, მრავალმა მსოფლმხედველობამ თავის წიაღში მოიაზრა და ამიტომაც მოაღწია მან დღემდე.
ზემოთ ნახსენებ ჰიმნში ჩანს მკვეთრად გამოხატული, ინდივიდუალური ტრიადა: დედა, ქალიშვილი და ქალღმერთი მთვარე _ ჰეკატე. ჰომეროსის ჰიმნშიც ასეთი სამსახოვანი ღვთაება ჩანს. ეს საუკუნეთა მანძილზე ფესვგამდგარი არქეტიპებია, რომელიც დედაშვილურ გრძნობას და ღვთისკენ სწრაფვას შეიძლება შევადაროთ.
ეხება რა კარლ გუსტავ იუნგი დედაშვილურ გრძნობას, ადამიანის წარმომავლობას, წერს: „ანიმა, ეს არის ქალური საწყისი მამაკაცის არაცნობიერში, ხოლო ანიმუსი მამაკაცური საწყისია ქალის არაცნობიერისა. ეს ფსიქიკური ორსქესიანობა კი დაფუძნებულია ბიოლოგიურ ფაქტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია იმდენაც, რამდენადაც მამრობითი და მდედრობითი სქესის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი მამაკაცის (ქალის) გენთა სიჭარბეს ენიჭება. რაოდენობრივად მცირე ნაწილი გენებისა, რომელიც საწინააღმდეგო სქესში არსებობს, თავისი სისუსტის გამო, ადამიანის არაცნობიერში რჩება. უძველესი დროიდან მოყოლებული, ყოველი მამაკაცი ატარებს თავის თავში ქალის სახეს. ესაა სახე არა მოცემული, განსაზღვრული ქალისა, არამედ ვიღაც გაურკვეველი ქალის. ეს სახე, თავისი არსით, იმ მემკვიდრეობით მატერიალს წარმოადგენს, რომელმაც არსებობა უძველესი ეპოქიდან დაიწყო და ცოცხალ სისტემაში „ტიპის“ („არქეტიპის“) სახით დამკვიდრდა. ეს არის წინაპარ ქალთა ერთად თავმოყრილი, დაგროვებული გამოცდილება, მათი შთაბეჭდილებები. ქალსაც აქვს თანდაყოლილი სახე მამაკაცისა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: მამაკაცთა საერთო სახე, ისევე, როგორც მამაკაცშია მდედრთა სახეები. იმდენად, რამდენადაც ეს სახე შეუცნობელია, ყოველთვის ხდება მისი პროეცირება ნებისმიერ ადამიანზე და ისაა სწორედ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ავადმყოფური სიყვარულისა ან წინააღმდეგობისა“.*********
იუნგი აღნიშნავს, რომ ქალის ბრძოლისუნარიანობა, სიფიცხე, ძლიერება თუ სხვა მსგავსი მახასიათებელი ნიშანი სწორედ ანიმუსის გამოძახილია. მედეაში განსაკუთრებული სიმძაფრით მძვინვარებს ყველა ეს თვისება, რაც მის ქვეცნობიერში ძლიერ მამრობით საწყისზე მიუთითებს. შედეგად სახეზეა დაუნდობელი დედა.
„დედობრივი სიყვარული ბავშვის სიცოცხლისა და მისი მოთხოვნილებების უსიტყვო მტკიცებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ; სიცოცხლის დაცვას ორი ასპექტი გააჩნია: ერთი _ ზრუნვა და პასუხისმგებლობა, რომელიც აუცილებელია ბავშვის სიცოცხლისა და განვითარებისათვის; მეორე ასპექტი უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს შეეხება, ვიდრე თვით სიცოცხლის შენარჩუნებაა: დედამ თავად უნდა შთაუნერგოს ბავშვს სიცოცხლის სიყვარული, შეგრძნება იმისა, რომ სიცოცხლე მშვენიერია, რომ მშვენიერია, დაიბადო გოგოდ ან ბიჭად“.**********
თუ მედეას მიერ შვილების დახოცვის ვერსიას მოვიშველიებთ მისი სახის გასაშიფრავად, ალბათ დაისმება შეკითხვა: მიუხედავად იმისა, რომ მედეა საყვარელ ადამიანთან ცხოვრობდა, ჰყავდა მას შვილები, ყოველივე იმის შემდეგ, რაც ამ საყვარელი ადამიანის მოპოვებისათვის ჩაიდინა, ახარებს თუ არა მას სიცოცხლე? ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, თუ დედა თავად არ ტკბება ცხოვრებით, ის ამ გრძნობას შვილებში ვერ ჩანერგავს. ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გერმანელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი, ერიჰ ფრომი (1900-1980) ზემოთქმული ორი მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ წერს, რომ ისინი მოკლე ფორმით გვხვდება ბიბლიაში, სამყაროს შექმნის დროს: „ღმერთი ქმნის სამყაროსა და ადამიანს. ეს სიცოცხლისათვის ზრუნვას ნიშნავს, მაგრამ ღმერთი თანდათან ზრდის მინიმალურ შეგრძნებებს; ყოველდღე ბუნებისა და ადამიანის შექმნისას ის ამბობს: „ეს კარგია!“ *********** მედეა კი თავის ქმედებას სახელს არ არქმევს (არ აკონკრეტებს მას), რადგან რთული, ამბივალენტური ბუნების მატარებელი წარმართული ღვთაების შთამომავალია და შორსაა სრულყოფილი, ჰარმონიული სიმშვიდისაგან.
ფრომის განმარტებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მედეამ ვერ გაუღვივა შვილებს სიცოცხლის სიყვარული და საბედისწერო მომენტში მისმა ნამდვილმა, დაუნდობელმა „ეგომ“ იჩინა თავი. მას თავის სამსხვერპლოზე შვილების სისხლი სწყუროდა, ამიტომაც არ იყო მედეასთვის გადამწყვეტი იმაზე ფიქრი, სურდათ ან უხაროდათ თუ არა ბავშვებს სიცოცხლე.
ფრომს მოყვანილი აქვს ბიბლიური სიმბოლოც: აღთქმული ქვეყანა, აღთქმული მიწა (მიწა ყოველთვის დედის სიმბოლოა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქართული სიტყვა „დედამიწა“).
მოსე წინასწარმეტყველს უფალი უბრძანებს: როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.************
ფრომი წერს, რომ რძე ზრუნვის სიმბოლოა, მისი ერთ-ერთი გამოხატულებაა; თაფლი კი სიცოცხლის სიტკბოების, სიცოცხლის სიყვარულის და იმ ბედნიერების, რომელსაც გრძნობ მაშინ, როცა ცოცხლობ. დედების უმეტესობას შეუძლია, ბავშვი ამ „რძით“ ასაზრდოოს, მაგრამ ძალიან ცოტას ძალუძს, მიაწოდოს მას „თაფლი“. ბავშვს რომ „თაფლი“ გადასცეს, დედა თავად უნდა იყოს არამარტო „კარგი დედა“, არამედ „ბედნიერი ადამიანიც“, ამას კი ძალიან ცოტა აღწევს.************* მედეაც შორს დგას ბედნიერებისაგან. ცნობილი ფრანგი დრამატურგის, ჟან ანუის პიესაში „მედეა“, ის ამბობს კიდეც: „ბედნიერება დაეხეტება ირგვლივ“. ირგვლივ, მასთან კი _ არა.
დედის ისეთი სიყვარული მოზარდი შვილისადმი, რომელიც სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს, ძალიან ძნელად მისაწვდომი გრძნობაა, ყველაზე მეტად მაცდურიც, რადგან თავიდან დედისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, ასე უყვარდეს შვილი, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ასეთი გრძნობა ძალიან ძნელად მისაწვდომია, ასეთ ქალს შეუძლია დარჩეს მოსიყვარულე დედა მხოლოდ მაშინ, თუ მას შეუძლია უყვარდეს ქმარი, სხვისი შვილები, უცნობებიც კი _ ყველა! ასეთი დედა რომ ბოლომდე დარჩეს მოსიყვარულე, აუცილებელია, ის მზად იყოს იმისთვის, რომ გადაიტანოს თავისი და შვილის განცალკევება და, თანაც, ისევ ისე უყვარდეს იგი.************** იაზონის მკერდიდან მოგლეჯის შემდეგ მედეამ თითქოს შვილებიც მოიშორა; მასთან პირიქით მოხდა; აქედან გამომდინარე, მასში ქალის არქეტიპი გაცილებით უფრო მძლავრობს, ვიდრე ქალისა და დედის ერთდროულად. მედეას გრძნობაც ძნელად მისაწვდომია, მაგრამ ის, გაცემული უსაზღვრო ენერგიისა და ვნების სანაცვლოდ, უკანვე მოითხოვს მას.
აკაკი გელოვანი „მითოლოგიურ ლექსიკონში“, ეხება რა ევრიპიდეს „მედეას“, აღნიშნავს: „ევრიპიდემ მოახდინა ქმარ-შვილის მოღალატე ელენეს რეაბილიტაცია, ქმრის ერთგულ ქალად აქცია. პენელოპეს გაუტოლა პატიოსნებით, როგორც ტიპი ბერძენი მანდილოსნისა. ცხადია, ასეთივე წარმატებით შეეძლო მას, გაეტეხა სახელი კოლხ მედეასთვის“. ყველას შეგვიძლია, მივიღოთ ან უარვყოთ ამა თუ იმ მოღვაწის აზრი, მაგრამ ისტორიული ცნობები ადასტურებენ, თითქოს ევრიპიდეს „გადაუხარეს მედეას სახელის გატეხისთვის“. ამას კი უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, იმდენად, რამდენადაც ამ დიდმა ბერძენმა დრამატურგმა უკვდავყო მითიური კოლხი ქალის სახე.
„საშინელი დედის“ არქეტიპი მრავალ მითოლოგიაში გვხვდება. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეგვიპტური გადმოცემით, იზიდამ, ღმერთის დედამ, ბოროტად იხუმრა: მან მზე-ღმერთს გზაზე შხამიანი გველი დაუდო. პლუტარქეს (ძვ. წ.აღ-ით დაახლ. 56წ.-ახ. წ.აღ-ით 127წ.) გადმოცემით ის ასევე ვერაგულად ექცევა თავის ვაჟს, ჰორუსს. საქმე იმაშია, რომ ჰორუსმა ბებერი ტიფონი დაამარცხა, ამ ტიფონმა კი ღალატით მოკლა ოზირისი (ტიფონი _ საშინელი დედა). მაგრამ იზიდა გადაარჩენს ტიფონს. ამით აღშფოთებული ჰორუსი ხელს აღმართავს დედაზე და სამეფო გვირგვინს წააცლის თავიდან. ამის გამო ჰერმესი მას ძროხის თავით დაასაჩუქრებს. ამის შემდეგ ჰორუსი ხელმეორედ დაამარცხებს ტიფონს. ბერძნული გადმოცემით, ტიფონი უშველებელი დრაკონია და, ესეც არ იყოს, ისედაც გასაგებია, რომ ჰორუსის ბრძოლა სხვა არაფერია, თუ არა მზე-ღმერთის ბრძოლა „ვეშაპ-დრაკონის“ წინააღმდეგ; ეს უკანასკნელი კი საშინელი დედის სიმბოლოდ მოიაზრება. ისაა სწორედ გაუმაძღარი, მომაკვდინებელი ხახა, სადაც ხალხს ცრიან და აქუცმაცებენ. ვინც ამ ურჩხულს გადაურჩება, ახალ ცხოვრებას მოიპოვებს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ურჩხულის მუცელში ჩაშვება (ჯოჯოხეთში ჩასვლა; დანტესთან _ ძაბრი) და იქ რამდენიმე ხნის განმავლობაში ყოფნა. გამოდის, რომ ეს ბრძოლა ღამის დრაკონთან სხვა არაფერია, თუ არა გადალახვა იმ დედისა, რომელსაც საშინელ დანაშაულში ამხელენ. ეს დანაშაული კი _ ვაჟის ღალატია.*************** ნიშანდობლივია, რომ მედეას მსგავსად ეგვიპტურ მითოლოგიაში „საშინელი დედის“ არქეტიპი მზის კულტთანაა დაკავშირებული.
სხვა მხრივ, ზემოთქმული, შეიძლება, ჩვენს, ქრისტიანულ მოძღვრებასთანაც დავაკავშიროთ; კონკრეტულად კი შევეხოთ იმას, რომ ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ხანს ჯოჯოხეთში ატარებს (ისევე, როგორც სამოთხეში) და მხოლოდ ამის შემდეგ, დამსახურებისამებრ, მოიპოვებს ახალ ცხოვრებას.
რაც შეეხება მითოლოგიაში მზის კულტთან დაკავშირებული დაუნდობელი სახის არსებობას, კიდევ ერთ მაგალითად, შეიძლება, მოვიყვანოთ სფინქსი (მგუდავი), რომელიც ბერძნულ წყაროებში წარმოდგენილია ფრთოსანი ლომქალის სახით. ის თებესკენ მიმავალი გზის პირას, კლდეზე იჯდა და გამვლელებს გამოცანებს ეკითხებოდა. ვინც ვერ ამოხსნიდა, ლომის თათებით გლეჯდა. როგორც ცნობილია, მისი გამოცანა მხოლოდ ოიდიპოსმა ამოხსნა.****************
საყურადღებოა, რომ სფინქსი აღმოსავლეთისკენ იცქირება და ამაყად ელის მზის ამოსვლას. თუმცა ის დედა არ არის, სამაგიეროდ დაუნდობელი ქალის არქეტიპია და, მედეას მსგავსად, მზესთანაა დაკავშირებული.
საერთოდ, მითოლოგიაში საშინელი დედისა თუ ქალის სახე მრავლადაა წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანია გორგონა (საშინელი, ზარდამცემი). გორგონები, ქალის სახიანი ურჩხულები, ზღვის საშინელი არსებანი არიან. მათ თმის ნაცვლად გველები ჰყავთ თავზე დაზვინული. უფრო ცნობილია სამი და: სთენო, ევრიალე და მედუზა, ეს უკანასკნელი მოკვდავია. გორგონას ერთი შეხედვისაგან ყოველი ცოცხალი არსება ქვავდება. სამივე ფრთოსანია. გორგონა-მედუზა პერსევსმა მოკლა და თავი მოჰკვეთა. მოკლული სხეულიდან იშვნენ პეგასი და ბუმბერაზი ქრიზაოროსი. მედუზას თავი პერსევსმა მრავალჯერ გამოიყენა განსაცდელში, ბოლოს კი უძღვნა ათენას, რომელმაც ფარზე მიიმაგრა. გორგოფონი _ გორგონას მკვლელი _ ათენას და ჰერმესის ზედწოდებაა _ ისინი პერსევსს ეხმარებოდნენ.
საზარელი ქალის სახეს წარმოადგენენ გრაიები (დედაბერი), ზღვის დემონები, გორგონთა დები, სიბერის განსახიერებანი, დაბადებით ჭაღარები. სამნი არიან, სამივეს ერთი თვალი და ერთი კბილი აქვს; ჰარპიები _ მყრალი და გაუმაძღარი ფრთოსნები, ქარიშხლის განსახიერებანი. ისინი ჰომეროსთან ლამაზი, ხოლო მოგვიანებით კი მახინჯი სახით გვევლინებიან. ანტიკურ სურათებზე ფრთოსანი ქალის სახით არიან გამოსახულნი.*****************
მსგავსი არქეტიპები მითოლოგიაში იმდენად მრავლადაა, რომ თითოეული მათგანის ჩამოთვლა შეუძლებელი ხდება.
მითში მედეა, უპირველესად, გვევლინება როგორც ჯადოქარი. საინტერესოა, თუ მედეას რა თვისებები აქვს აქცენტირებული გენიალურ ევრიპიდეს. ნაშრომის შემდგომი თავი სწორედ აღნიშულ საკითხს უკავშირდება.

________________________________________________________________________________________________
*К.Г. Юнг _ “Человек и его символы“; მარია ლუიზა ფონ ფრანცის წერილი: “Процесс индивидуации“;
**“Тотем и табу“ Москва, 1997г.
***К.Г. Юнг, К. Кереньи _ “Душа и миф: шесть архетипов“; Порт-Рояль _ Совершенство, Киев _ Москва;
****К.Г. Юнг... “Душа и миф: шесть архетипов“;
*****...იქვე;
******დემეტრეს ასული, ჰადესის მიერ ქვესკნელს გატაცებული ღვთაება, რომელიც ნახევარ წელიწადს დედამიწაზე ატარებს და ნახევარს _ ლანდების სამეფოში (ნ.ა. კუნი_ „ძველი საბერძნეთის ლეგენდები და მითები“);
*******ეგ მეტერ _ დედამიწა, ნაყოფის დედა, ნაყოფიერების, მიწათმოქმედებისა და მოსავლის ქალღმერთი (ნ.ა. კუნი _ იქვე);
********К. Кереньи _ “Душа и миф: шесть архетипов“; “Кора“ ქვეთავი: “Геката“;
********* “Божественный ребенок“;
**********Э.Фромм _ Человеческая ситуация; издательство Смысл, Москва, 1995г.
***********...იქვე;
************ ბიბლია; გამოსვლა, თავი 13(5);
*************Э.Фромм _ Человеческая ситуация; издательство Смысл, Москва, 1995г.
**************...იქვე;
*************** К.Г. Юнг “Либидо, его метаморфозы и символы“, Санкт-Петербург, издательство восточно-европейского института психоанализа, 1994г.
**************** К.Г. Юнг “Либидо, его метаморфозы и символы“; მარია ლუიზა ფონ ფრანცის წეერილი: “Процесс индивидуации“;
***************** ნ.ა. კუნი „ძველი საბერძნეთის ლეგენდები და მითები“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს