ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მატა
ჟანრი: პროზა
19 ივნისი, 2013


აზრაილის დღიური


ნაცრისფერად ბინდდება, გარეთ ისეთი დიდი თოვლია, ადამიანებს სიარული უჭირთ, ისინი კი მაინც დადიან წინ და უკან მთელ არემარეზე და თეთრ ხალიჩას ნაფეხურებით ავსებენ. ზოგიერთი ადამიანის ნაფეხური ორნამეტივით აჩნდება ამ ხალიჩაზე და ალამაზებს მას. ზოგისა კი პირიქით, აჭუჭყიანებს და დიდ ყავისფერ ლაქებად ისახება.
მე ვზივარ თბილი ოთახის ფანჯრის რაფაზე და მწვანე თვალებით გარეთ ვიყურები. ვაკვირდები, როგორ დაფრინავენ ხეების მაღლა შავ-თეთრი კაჭკაჭები და თავიანთ ენაზე ჭორაობენ. ერთი ბეღურა ძალიან მაბრაზებს, მოვა და ჩამოჯდება ხოლმე ზუსტად ჩემს ცხვირწინ, ჩემი პატრონის დაყრილ პურის ნამცეცებს კენკავს და გაუთავებლად ჟღურტულებს, ხანდახან ნისკარტს მოიმარჯვებს და შუშის იქიდან მიკაკუნებს. ან ჩემი თვალების დათხრა უნდა, ან გაბრაზება. სულელი ჩიტი კია, ამდენ ხანს ვერ მიხვდა, რომ მაგის ნისკარტი შუშას ვერ გახვრეტს და ვერაფერს დამაკლებს. ბედი მაგისი, რომ მეც პატარა ვარ და ეს შუშაც სქელი, თორემ აქამდე ბურდღლიც აღარ დარჩებოდა, ისე მოვუღებდი ბოლოს.
მოვიწყინე... ეს თაგვებიც რომ აღარ ჩანან? ეტყობა, შარშანდელმა ყინვამ ისე დაწყვიტა, გამრავლება ვეღარ მოასწრეს. ორად ორი თაგვი მოიყვანა ამ თვეში მამამ ალიმენტად, მეტი არც დაუჭერია. გაჭირდა ცხოვრება, მე და ჩემი და ობობებს ვეთამაშებით და ისე ვერთობით, მაგრამ ამათაც ისწავლეს ჭკუა - აღარ ჩამოდიან დაბლა. ჰოდა, სხვა რა დამრჩენია, ვიყურები მთელი დღე ფანჯარაში და ვფიქრობ. ისე, ეს ადამიანები ცოტა უცნაური არსებები ხართ, ვითომ ყველაფერი იცით და ყველაფერი აღმოაჩინეთ, მაგრამ კატებს რომ ფიქრი შეუძლიათ, მაინც არ გჯერათ, პრინციპში, თქვენ ღმერთის არსებობის აღარ გჯერათ და ჩვენს ამბავს ვინღა ჩივის? თქვენ შორის ჩემი პატრონი ერთადერთია, ვინც იცის, რომ მე ფიქრის გარეშე არ შემიძლია. ხშირად მაკვირდება და როცა შეამჩნევს, რომ რაიმე ფილოსოფიურ საკითხთან დაკავშირებით ვკამათობ ჩემს თავთან, მოდის და მეკითხება: რა მოხდა, ჩემო კატუნა? რაზე ჩაფიქრდი? ძალიან წუხს, რომ არ შეუძლია, ჩემი აზრების გაგება და ცდილობს, ამოიცნოს, თვალებში დიდხანს მაკვირდება და გულში მოხუტებს. იმდენს მეფერება ყურის ძირებში და მუცელზე, სანამ ტრანსში არ ჩავვარდები და ღრმა ძილით არ ჩამეძინება. მასაც ჩემსავით უყვარს ფანჯარაში ჯდომა, ვერ ხვდება, რომ გაიზარდა, მოიკეცება ხოლმე სპარსეთის შაჰივით და მუხლებზე წიგნდადებული საათობით ირინდება, თვალებდაძაბული აშტერდება გაყვითლებულ ფურცლებს და ასე ორ სამყაროში გამოკიდებულს ავიწყდება, რომ ორივეს გვშია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები