* * * მე ყოველ დილით კვლავ ვგრძნობ სიმშვიდეს თათის იუმორს არ აქვს საზღვარი, თუმცა მე ვიცი ერთადერთი ვარ, ვინც მის მესიჯებს არ შლის არაფრით.
* * * ბავშვობიდან სიჩუმესთან ურთიერთობით სხვა სამყაროს ნაწილი ვხდებოდი და როცა კიდევ ერთხელ გამახსენდა სიჩუმისგან მონიჭებული ბედნიერება ჩვენ ვესწრებოდით აკა მორჩილაძის წიგნის საღამოს და მე უბრალოდ ნაცვლად იმისა დამეწყო საუბარი მსიამოვნებდა შენთან სიჩუმით ურთიერთობა.
შენ კი ლამაზ და ოდნავ დაძაბულ სახეზე აგეღნიშნებოდა დაღლილობა. მსურდა აკა მორჩილაძისთვის მეთხოვა სკამი და მას ფეხზე მდგომარეს განეგრძო საუბარი და შენი სახიდან ოდნავ მაინც გამქრალიყო დაღლილობა.
გუშინ მთელი პლეხანოვი ფეხით გავიარე და მენატრებოდა ჭადრის ხეები, რომლებიც მოჭრეს. აქ ხომ არც ხეები უყვართ და ვფიქრობდი რა ხდებოდა შენი თვალების შიგნით, იქ, სადაც სიმშვიდეა.
გთხოვ არ დაკარგო სიმშვიდე, მასთან წილნაყარი შენი მეტყველება ღვთაებრივია და ქმნის ძალიან დახვეწილ სინთეზს. გთხოვ არ შეერიო ქაოსს, ამღვრეულ მასას და არ დაკარგო განსაკუთრებულობა. თავისუფლებისაკენ მიმართე სიმშვიდე და ეს იქნება ნაბიჯი ქრისტესთან ახლოს.
საკუთარ თავთან ჩხუბში დაწერილი რითმები.
მე თეთრი ლექსით მკვდარ მასაში სიძულვილს ვიმკი თურმე დროებამ გადაწყვიტა ჩემი არჩევა გულწრფელი გრძნობა მენატრება, ვერ დამარწმუნეს სიტყვებთან თამაშს შეაჩვიონ ჩემი არსება.
არ ვითხოვ შველას, ოპტიმიზმით ძლიერ ვარ სავსე ჩემი სხეული არ იღლება, იბრძვის ბოლომდე მაჩვენეთ ხალხის დანგრეული მიზნების გროვა არ მინდა ჩემი სამშობლოდან შორს, შორს რომ მოვკვდე.