ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავშვი შორეულ დაბიდან
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2015


ცალმხრივი

ხომ გთხოვე, ღმერთო,
ქვის გული მომეცი,
ძალიან მჭირდება-მეთქი.

ამ ჩემს ქალაქში,
მოყურადებულ და ყრუ ქალაქში,
სადაც მე ვცხოვრობ...
კი არ ვცხოვრობ, არამედ ვცოცხლობ,
ყველა ძირ-ძველი
და ძველ-ძირი ქალაქელია,
მე და ჩემი ტალახიანი ბათინკების გარდა.

ამ შეშლილ ტყეში,
პოეზიის და ლექსის ტყეში,
სადაც გამჩენმა
წვიმის კიბით ჩამომაძევა,
ყველა პოეტია,
მე და ჩემი გაბუტული ლექსების გარდა.

სასაფლაოზე,
ურიგო და არმიწიერ სასაფლაოზე,
გაოცებების ჯგრო რომ მარხია,
დრომ-მეკუბოვემ და მესაფლავემ,
მოგვიჯახუნა თვალწინ და ცხვირწინ,
ჟანგიანი რკინის ჭიშკარი,
მე და ჩემი თანამდევი მხრების აჩეჩვას.

ხომ გთხოვე, ღმერთო,
ქვის გული მომეცი,
ძალიან მჭირდება-მეთქი.

ჩემს ძველ მეგობრებს,
კმაყოფილ და მაძღარ მეგობრებს,
ვერ გავაცანი,
ვერ ვარწმუნე,
ვერ მოვაწონე,
იმედით ჩემი მშიერი მე და
ჩემეული მეს დიდი მარტოობა.

აქ-კულისებში,
სცენაზე და ავანსცენაზე,
გუშინწინ,
გუშინ,
დღეს
და ხვალე გამოცხადებულ,
ეთიკის ნორმად
და ცხოვრების წესადქცეულ მაჟორ-შოუზე,
როგორც უცხო და მეძველმოდური,
ახლოს კი არა, შორეთშიაც არ გაგვიკარეს,
მე-მინორი და ჩემეული ტანჯვის ზეიმი.

ამ სამყაროში,
მარადიული გარსისა და
სავალდებულო სიკვდილს გამოღმით,
ღია ცასავით ღიაა ყველგან,
გამოუსვლელი შესასვლელები-
ჩამოუსვლელი ასასვლელებით.

ხომ გთხოვე, ღმერთო,
ქვის გული მომეცი,
ძალიან მჭირდება-მეთქი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები