ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავშვი შორეულ დაბიდან
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2015


თბილისში რომ ჩავალ...

თბილისში რომ ჩავალ...
გაშვილებული ბავშვის თვალებით,
პროვინციული მზერითა და კუშტი სიფათით,
როგორც ჯიუტი,
ჯმუხ-გაქირი
და უჯიათი,
არ მივაკითხავ მაჩაბლის 13-ს,
სადაც ბინადრობს
და განისვენებს,
საბჭოთა დროის საქ. მწერ. კავშირი,
არ მივაკითხავ კი არა და...არც გავიხედავ,
რადგან იქ, ოთარ ჭილაძის შემდეგ
პროლეტკულტელთა დროება და პათოსი ცხოვრობს.

თბილისში რომ ჩავალ...
გაოცებული რომ მოვძებნი თბილისში თბილისს,
როგორც კომბალი,
იმნაირად მომხვდება შუბლში,
ლოზუნგი:“ჩაწვდით ამერიკის სულს“.
(ნეტა , სადა აქვს
ვინ მისცა ან ვინ მიაშავა,
ან სული ანდა გული ამიგოს).
მაშინ, როდესაც ქართული სული,
მაშინ, როდესაც ქართული გული,
ქართული გონი, აზრი და ფიქრი,
როგრც დაღვრილი ვერცხლისწყალი,
ისე მიგორავს,
სამშობლოს გარდა,
ოთხივე მხარეს,
ან კიდევ, სულაც ექვსივე მხარეს.

თბილისში რომ ჩავალ...
სინანულის და სიმწრის შუა პოზით შევხედავ,
ერთ დროს
სამშობლოს ზურგზე წამომჯდარ,
გაქსუებულ და გაზულუქებულ,
მაძღარ მწერლებს და მაძღარ პოეტებს,
მაძღარ მხატვრებს და მაძღარ არტისტებს,
მაძღარ მომღერლებს და მუსიკოსებს,
ჟურნალისტებს და კომპოზიტორებს,
ე.წ. ინტელიგენტებს,
უკვე ბებრებს და ჩახჩუებულებს,
ანუ ჩაფსმულ და ჩასვრილ ელიტას,
ძილ-ღვიძილში რომ ახლაც აბოდებთ,
ნოსტალგიები ბლეყერა რუსზე.

თბილისში რომ ჩავალ...
რკინიგზის სველ და ბინძურ ბაქანზე,
ქმარ და შვილ მკვდარი,
შაოსანი მეყვავილისგან,
თავშლის ყურში რომ სოხუმი აქვს გამოკოჭილი,
და აგერ უკვე...
აგერ კი არა,
ბარემ ოცი და კიდევ ორი წელიწადია,
სამშობლომ, როგორც ძუკნას და მეძავს,
მიუჯახუნა კარები ცხვრწინ,
და ახლა თავის გადასარჩენად,
კორდზე დაკრეფილ ყვავილს რომ ყიდის,
ვიყიდი მისგან ყვავილების ფერად თაიგულს
და მოკრძალებით მასვე ვაჩუქებ.

თბილისში რომ ჩავალ...
ფეხი კი არა,
მხოლოდ ნაზი ფიქრი მიმიყვანს,
ბარათაშვილის ხიდზე გადავლით,
მარჯანიშვილის N-N ნომერში,
სადაც ამაყი ერატო ცხოვრობს,
თეთრი ლეგენდის შემქმნელი და დამამხობელი.

თბილისში რომ ჩავალ...
მთაწმინდაზე ავალ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები