სარძლოების „კონკურსში“, ვინსენტე მასტროპადრონეს დედიკოს, დონია ფილუმენას რჩეული, რა თქმა უნდა, „ნომერი პირველი“ (ასე მოიხსენიებდა დედიკო მომავალ სარძლოს) - პეპინა მორი გახლდათ. დონია ფილუმენას არგუმენტაცია, როგორც ეს იტალიელ ქალებს შეეფერებათ, მრავალსიტყვიანი და ემოციური გახლდათ და რაღაც მომენტის შემდეგ, მისი ჩქარი ნალაპარაკევის შინაარსის აღქმა შეუძლებელი ხდებოდა... მორის ქალიშვილზე საუბრისას, დონია ფილუმენა, უნებურად, დიდი ფრანგის, პროსპერ მერიმეს (რომლის არსებობაზე დონია ფილუმენას და ალბათ, არც მორის ოჯახს, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ) ნოველების მსგავს ისტორიას ყვებოდა-ხოლმე მასტროპადრონეების გვარის ლეგენდარულ წინაპარზე: „ეს გოგონა შენთვის არის გაჩენილი ვინს! პეპინა ლამაზ და ძლიერ ბიჭებს გაგიჩენს, ხოლო მორის გვარი, ხომ იცი, ჩვენი ნათესავები არიან და მათშიც, ჩვენსავით ჩქეფს ჩვენი სახელოვანი წინაპრის, ორესტე ბატალიას სისხლი, რომელმაც ჰერცოგს არ აპატია!“
ორესტე ბატალია კი იყო „კაცი, რომელმაც ჰერცოგს არ აპატია”. საუბარია ერთ გადაბრუნებულ სიტყვაზე, რომელიც ბარანძანოს ჰერცოგმა, თავის ქვეშევრდომთან, ორესტე ბატალიასთან დიალოგისას გამოიყენა და რომლის გამო კარგადაც მიიბეგვა სახალხოდ...სასაცილო და ალბათ, უფრო სატირალი კი ის არის, რომ ზუსტად არავინ იცის რომელი „გადაბრუნებული“ სიტყვა გახდა ბატონსა და ყმას შორის საბედისწერო ინციდენტის მიზეზი. დონია ფილუმენას ვერსიით, ჰერცოგმა ორესტეს „ჯიბეგახვრეტილი“ უწოდა და ამით ხაზი გაუსვა თავის სიმდიდრეს... ბატალიების ნათესავების, პაპაკარდოს გვარის ლეგენდით კი ჰერცოგის საბედისწერო სიტყვა „ხელმრუდი“ გახლდათ (ბატალიების კაცები ცნობილნი იყვნენ მთაში საქონლის ქურდობით). მიკელინი-გრეკოს ვერსიით კი, რომლებიც ასევე ორესტეს ოჯახის ნათესავი გვარი გახლდათ, ჰერცოგმა ორესტეს „რქიანი“ უწოდა, გულისხმობდა რა ბატალიების გვარის მწყემსებსა და მათ საქონელს...სამწუხაროდ, ისტორიის ანალებში ჩაკარგული უცნობი სიტყვა, ბატალიების გვარისთვის წყევლად გადაიქცა, წყევლად, რომელმაც ათობით ოჯახისათვის მეოცე საუკუნის 70-იან წლებამდე მიაღწია...
ორესტე ბატალიას რეაქციას ჰერცოგის უხეშობაზე და მის ცემას, მისი დაუყონებლივი მოკვლის ბრძანება მოჰყვა. სამხრეთელმა ჰერცოგმა ვერ აიტანა საჯარო შეურაცხყოფა და „ველური მთიელის“ სამაგალითო დასჯა გადაწყვიტა. ჰერცოგი დე ბარანძანოს საბედისწერო ბრძანება, მისმა მსახურმა, პიეტრო სან-ლუკამ აღასრულა. სწორედ იგი დაუდარაჯდა „ველურ მთიელს“ და ხანჯლით მოკლა ურჩი ორესტე. სამაგიეროდ, ორესტეს შვილმა, ახლგაზრდა კაცმა, თუმცა ყაჩაღობით უკვე სახელგანთქმულმა „ბანდიდო დ’ონორემ“ (კეთილშობილმა ყაჩაღმა, რომელიც მხოლოდ კალაბრიის მაშინდელი მმართველების, ესპანელი ბურბონების ქვეშევრდომ არისტოკრატებსა და მდიდრებს ძარცვავდა), პაოლო ბატალიამ, ჰერცოგს არ აპატია მამის მკვლელობა და მთელი მისი ოჯახი ამოხოცა. „ამოხოცა“, ალბათ რბილად ჟღერს იმის აღსაწერად რაც „კეთილშობილმა“ პაოლომ ჩაიდინა - ზოგი გადმოცემით, შორეულ მეჩვიდმეტე საუკუნეში, პაოლო ბატალიამ, ჰერცოგი დე ბარანძანოს ხანჯლით აკუწვის შემდეგ, მისი სამი წლის ბიჭუნაც არ დაინდო და ზედ დააკლა სისხლში მცურავ ფეოდალსა და მის მეუღლეს. თუმცა ამ საზარელ ფაქტს ბატალიები და მათი ნათესავი გვარები დღემდე სასტიკად უარყოფენ... ჰერცოგის მკვლელობას, ბატალიების მხრიდან დაემატა ორესტეს მკვლელის, პიეტრო სან-ლუკას ჩამოხრჩობაც ... ვინ გაუსწორდა პიეტრო სან-ლუკას, არავინ იცის. ბატალიების კლანი სან-ლუკას დამსჯელის ვინაობას არასოდეს ამხელდა... შედეგად, ჰერცოგის ოჯახისა და სან-ლუკას მკვლელობების შემდეგ, ორესტეს შვილი, ყაჩაღი პაოლო ბატალია გაუჩინარდა, იგი აღარავის უნახავს. როგორც ჩანს, სან-ლუკას რომელიღაცა შურისმაძიებელმა, პიტრო სან-ლუკას მკვლელი საიქიოს გაისტუმრა და გვამიც საგულდაგულოდ გადამალა. მკვლელობის გარდა, ბატალიებს სან-ლუკასგან კიდევ ერთი შეურაცხყოფა მიადგათ - მათ შვილი ვერ დამარხეს. მკვლელობით და უფრო უარესი, პაოლოს გვამის გაქრობით, სან-ლუკას გვარმა, ბატალიას ოჯახს ომი გამოუცხადა. ომი, რომელშიც ტყვეები არ აჰყავთ ... და დაიწყო ვენდეტა ბატალიებისა და სან-ლუკას გვარებს შორის ... საბოლოოდ, საუკუნეების შემდეგ, ეს ამბავი ბატალიას, მასტროპადრონეს, მორის, ანირტასა და კიდევ რამდენიმე კალაბრიული გვარის საამაყო წარსულად ჩამოყალიბდება და მას ტრადიციულად, ბავშვობიდანვე, ძილისპირული ზღაპრების მაგივრად მოუყვებიან ჩამოთვლილი გავრების მცირეწლოვან წარმომადგენლებს...
... და დაიწყო ვენდეტა გადმოცემით, 1689 წელს, ბატალიას კლანს, რომელსაც ვენდეტა ჰქონდა სან-ლუკას გვართან, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთმკვლელობების გამო, კაცი აღარ დარჩა შურისმაძიებელი. სან-ლუკას მრავალრიცხოვანი კლანის გამხდარმა კაცებმა ყველაფერი იღონეს რომ ბატალიებს სისხლის ამღები მამაკაცი აღარ დარჩენოდათ...
როგორც საოჯახო ლეგენდა ამბობს, ბატალიას გვარის ერთ-ერთ შეკრებაზე, მონტე-ალტოში, კალაბრიული კლანის მთავარ სოფელში, ბატალიების გვარის უფროსმა, არქანჯელო ბატალიამ, თავის მოხუც ნათესავებს ასეთი სიტყვებით მიმართა: „ჩვენმა ოჯახმა, დიდი დანაკარგები განიცადა. სან-ლუკას ძაღლებმა მოკლეს ყველა ახალგაზრდა კაცი, ვისაც ხმლის ხმარება, თოფის სროლა და შურისძიება შეეძლო. სან-ლუკას ბინძურმა მკვლელებმა მოკლეს ადრიანი, ფელიპე, ჯანკარლო და ჯანვაძარო, სრულიად გაანადგურეს დანტე ბატალიასა და მასიმილიანო ავარის ოჯახები. მეც და თქვენც მოგვიკლეს შვილები, შვილიშვილები, ნათესავები: ერნანო, ტულიო, კრისტოფორო, ანდრეა, ჯულიანო, სოფია და ალესანდრო... როგორც ყველამ იცით, ცოტა ხნის წინ პონტე-მარინოში სასტიკად გაუსწორდნენ ჩემი უმცროსი შვილის, ტესეოს ოჯახს და შთამომავალიც აღარ დამიტოვეს. მოგმართავთ თქვენ, დონ ამადეო მიკელინი-გრეკო, დონ კარიზო ანირტა, დონ ჩიპოლო პელლე, დონ სტეფანო გამბაცცა და დონ ვერნანო პაპაკარდო! ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ბატალიას გვარიდან და მისი სანათესაოდან, ამ საქმისთვის აღარ გამოვდგებით. მე შვილი და შვილიშვილი აღარ დამრჩა. ბატალიას გვარიდან მხოლოდ რამდენიმე პატარა ბიჭუნაა ცოცხალი, ჩემი ბიძაშვილის, გასპაროს ოჯახიდან, თუმცა არცერთი ჯერ სრულწლოვანი არ არის - ყველაზე უფროსი მხოლოდ ცხრა წლისაა... მე და გასპარო კი უკვე მოვხუცდით და მთებში საცხოვრებლად აღარ გამოვდგებით...სან-ლუკას კაცებს კი, რომლებიც მიუვალ მთებში არიან მიმალულნი, ჩვენი ქალები და ბავშვები ვერ მისწვდებიან. მგონია რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია: ბატალიას გვარის ვენდეტაში უნდა ჩავრთოთ ჩვენი უახლოესი ნათესავები, ბატალიების მეუღლეთა გვარების მხრიდან: მასტროპადრონე, ანირტა, მიკელინი-გრეკო, პელლე და გამბაცცა. ასევე, ბატალიების ახლო ნათესავები ანირტას მხრიდან და კალაბრიაში მცხოვრები სიცილიელები, პაპაკარდოს კლანიდან. ჩვენს შვილებს ამ გვარების და ბატალიების სისხლი აქვთ. ეს ის გვარებია, რომლებსაც დღეიდან სან-ლუკას სისხლი მართებთ. ვწუხვარ, მაგრამ ბატალიები იძულებულნი ვართ დახმარებისთვის თქვენ მოგმართოთ, სხვაგვარად სისხლი აუღებელი დარჩება... ჩვენ უბრალოდ აღარავინ დაგვრჩა, ვისაც ხელში თოფის აღება შეუძლია. ხოლო დარჩენილი შვილიშვილების გაზრდას ჩვენ ვეღარ დაველოდებით...მოსალოდნელია რომ მათაც მოკლავენ... სან-ლუკა ყველას უსწორდება, ვისაც ბატალიას სისხლი აქვს. ერთი თვის წინ, კატანიაში, სან-ლუკას ძაღლებმა, ჩვენი ნათესავის, დონ ფაუსტოს შვილი, ბენიტო მიკელინი-გრეკო აკუწეს მძინარე, სასტუმროს ნომერში. ალბათ იკითხავთ რატომ? რაში დაჭირდათ მიკელინის მოკვლა? საქმე კი იმაშია რომ მოკლული ბენიტო, ჩემს შვილთან, ტესეოსთან მეგობრობდა, ტესეოს და მისი ოჯახის სასტიკი მკვლელობის შემდეგ კი მე აღარავინ დამრჩა ... სან-ლუკას გვარის მკვლელებმა მატეოს ცოლიცა და შვილებიც მოკლეს...ალესანდრო და სოფია ერთი ტყვიით არიან დახოცილნი... ჩემი რძალი, ფიორელლა კი ზურგში ხმლის დარტყმით გამოსალმეს სიცოცხლეს, როდესაც იგი ქმრის, ტესეოს გადარჩენას ცდილობდა და მას გადაეფარა თავისი სხეულით... ჩემი რძალი და შვილი, ფიორელა ბატალია-პაპაკარდო ფეხმძიმედ იყო, მაგრამ სან-ლუკას ეს არ ადარდებს... ამ საშინელების შემდეგ, ბენიტომ დაიფიცა რომ მეგობრის სისხლს აიღებდა. სამწუხაროდ, სან-ლუკას მკვლელებმა კვლავ დაგვასწრეს და ვენდეტაში ბატალიების გარდა, უკვე მიკელინი-გრეკოს სისხლიც შეურიეს და ბენიტოც მუხანათურად გამოასალმეს სიცოცხლეს, ისე, როგორც ეს სან-ლუკას სჩვევიათ, მიპარვით... ამიტომაც გადავწყვიტე თქვენი შეკრება და თქვენთვის უფლების თხოვნა...თუ თანახმა ხართ...ვგონებ, არავინ იქნება წინააღმდეგი (წინააღმდეგ არავინ წასულა).... გთხოვთ ვენდეტაში ჩავრთოთ თქვენი გვარებიც, მასტროპადრონე, ანირტა, მიკელინი-გრეკო, პელლე, გამბაცცა და პაპაკარდო და ბოლო მოვუღოთ სან-ლუკას გვარის დაწყებულ ბოროტებას! პირველნი კი, ვისაც ეს საქმე დაევალება, მიკელინი-გრეკოს გვარის კაცები იქნებიან. თუ საჭირო გახდება, მიკელინი-გრეკოს სხვებიც დაეხმარებიან...ყველას გვახსოვს რომ პირველი მკვლელობისას, ძაღლის შობილმა პიეტრო სან-ლუკამ, ჩვენი წინაპარი, დიდი ორესტე ბატალია, ჰერცოგის ბრძანებით მიპარვით მოკლა, ზურგიდან. სწორედ ამ მკვლელობით დაიწყო ჩვენი გვარების მტრობა. დიდი ორესტეს დედა კი მიკელინი-გრეკო გახლდათ. ამიტომაც, სანამ ბატალიას პატარა ბიჭები გაიზრდებიან, სანამ იარაღის ხმარებას ისწავლიან და სანამ ბატალიებს შურსიმაძიებლები ეყოლებათ, მანამდე სან-ლუკას სისხლს მიკელინი-გრეკოს კაცები აიღებენ. თუ საჭირო გახდება, მიკელინი-გრეკოს, მასტროპადრონე მიეხმარება, შემდეგ ანირტა, პელლე, გამბაცცა და ბოლოს, პაპაკარდო - ასეთი თანამიმდევრობით. ეს ვთქვი მე, არქანჯელო ბატალიამ და ასე იყოს! „ასე იყოს“ - დაუდასტურეს შეკრებაზე მყოფმა თავკაცებმა მიკელინი-გრეკოს, ანირტას, მასტროპადრონეს, პელლეს, გამბაცასა და პაპაკარდოს გვარებიდან". ასე დაასრულა შეკრება მოხუცმა არქანჯელო ბატალიამ და შორეული წარსულის იმ საღამოს გადაწყვეტილებას, მეჩვიდმეტე საუკუნის კალაბრიაში, რომელიც მაშინდელი ნეაპოლის სამეფოში შედიოდა, არნახული მკვლელობების თითქმის ასწლიანი სერია მოჰყვა კალაბრიაში, უმბრიაში თუ სიცილიაში. ანუ, ყველგან, სადაც სან-ლუკას კლანის მამაკაცები ბატალიების სისხლიან ვენდეტას ემალებოდნენ.
მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებში, მიკელინი-გრეკოს გვარის მკვლელები, მასტროპადრონეს გვარმა ჩაანაცვლა - ეს გვარი პირდაპირ ენათესავებოდა როგორც ბატალიას, ისე - მიკელინი-გრეკოს გვარებს და თან მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ. მასტროპადრონეების ჩართვამ ბატალიებისა და მიკელინი-გრეკოს ვენდეტაში სან-ლუკას კლანის წინააღმდეგ, სასწორი ბატალიების მხარეს გადახარა.
დღეს, ოცდამეერთე საუკუნის ნიუ-იორკში, მასტროპადრონეების გვარი, დამსახურებულად თავკაცობდა ამერიკის კალაბრიულ კლანს, რომელშიც „ბატალია-სან-ლუკას“ ვენდეტის მონაწილე ყველა გვარი შედიოდა... თუმცა აღნიშნული ვენდეტა უკვე დიდი ხნის დამთავრებული იყო...
1974 წელს, დიდი სიცილიელი დონის, ამბროზიო ჯუფრიდას ინციატივით და ნეაპოლური კამორრას უფროსის, დონ ამადეო აბატეს ხელშეწყობით, „ბატალია-სან-ლუკას“ ვენდეტას წერტილი დაესვა და გადაწყდა, რომ ომი ოჯახებს შორის უნდა დამთავრებულად გამოცხადებულიყო. სანაცვლოდ, სიცილიელმა და ნეაპოლელმა ავტორიტეტულმა ლიდერებმა, კალაბრიულ გვარებს ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბნის, უოთერ-ფრონტის ტერიტორია და მისი გაკონტროლება შესთავაზეს. ორივე გვარმა, სან-ლუკამაც და ბატალიებმაც, შეთანხმება მიიღეს და დღევანდელი მშვიდობა, სამხრეთ იტალიურ კალაბრიასა და ბაზილიკატაში, სწორედ ამ შეთანხმების შედეგად დამყარდა. უოთერ-ფრონტის უბანი კალაბრიელების კონტროლის ქვეშ გადავიდა, ხოლო ბატალიების კლანის ყველაზე მრავალრიცხოვანმა ოჯახმა, მასტროპადრონეს კლანმა, გაერთიანების თავკაცობა ითავა. სან-ლუკას კლანმა, რომელიც ბატალიებთან ომში თითთქმის მთლიანად განადგურდა და ახლა უკვე მშვიდობის ზავით იყო ხელშეკრული, თავიდანვე თქვა უარი უოთერ-ფრონტის მართვაზე და დღეს მასტროპადრონეების კარგ მეგობრად ითვლებოდა. სან-ლუკას კლანიდან, მასტროპადრონეების ბიზნესში რამდენიმე ოჯახი იყო ჩართული, მათ შორის ყველაზე ძლიერი გახლდათ პელეგრინოს კლანი, რომელიც დღეს უკვე უოთერ-ფრონტის უგვირგვინო „მეფეს“ დონ ფუჩინო მასტროპადრონეს ენათესავებოდა, მისი მეუღლის, დონია ფილუმენა მხრიდან... დიახ, დრო ყოველთვის ასე იქცევა. ერთ დროს მოსისხლე მტრები, კალაბრიული ძირების მქონე ბატალიასა ადა სან-ლუკას ოჯახები, დღეს მასტროპადრონეებისა და პელეგრინოს ოჯახების სახით, ერთ ოჯახს წარმოადგენდნენ. ვენდეტა დამთავრდა და მის დროს დაღვრილი სისხლი, დღეს მასტროპადრონეების ოჯახში იყო გაერთიანებული... (ნაწყვეტის დასასრული)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესო ავტორია საინტერესო ნაწარმოებებით. დაბადების დღის მილოცვას ვუერთდები, გისურვებთ წარმატებებს. საინტერესო ავტორია საინტერესო ნაწარმოებებით. დაბადების დღის მილოცვას ვუერთდები, გისურვებთ წარმატებებს.
4. დაბადების დღეს გილოცავთ, ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყავით მოგზაურო.
ღრმა პატივისცემით,
დაბადების დღეს გილოცავთ, ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყავით მოგზაურო.
ღრმა პატივისცემით,
3. საინტერესო ჩანს :) საინტერესო ჩანს :)
2. დიდება ღმერთს, ნორმალურ ნაწარმოებს წავიკითხავ ბოლოს და ბოლოს. 5 ქულა ავანსად.
დიდება ღმერთს, ნორმალურ ნაწარმოებს წავიკითხავ ბოლოს და ბოლოს. 5 ქულა ავანსად.
1. რამდენი გვარი-სახელი იყო- სატელეფონო ცნობარივითაა :)
ახლა გამახსენდა, წლების წინ, ამ ავტორისგან გავიგე პირველად რიუ მურაკამის (იმ მურაკამის კი არა, ვინც მარსიანელების ენაზეცაა ნათარგმნი) არსებობის შესახებ :)
რამდენი გვარი-სახელი იყო- სატელეფონო ცნობარივითაა :)
ახლა გამახსენდა, წლების წინ, ამ ავტორისგან გავიგე პირველად რიუ მურაკამის (იმ მურაკამის კი არა, ვინც მარსიანელების ენაზეცაა ნათარგმნი) არსებობის შესახებ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|