ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავშვი შორეულ დაბიდან
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2017


მახსოვს

დასრულდა შიში, გაზავდა ელდა...
მე მახსოვს, როგორ კვდებოდა დედა.

მახსოვს, წვეთივით დამცრობილ იმედს,
სრესდა არყოფნა-მიწაზე მძიმე.

იფოთლებოდა ლოცვათა ტევრი
და შავი ფიქრი-სივრცეზე ბევრი.

მე მახსოვს, მუნჯი ტირილის ჩრდილში,
მშრალი ცრემლი და გამქრალი შიში.

მარადიული და ერთადერთი,
მე ისიც მახსოვს, არ იყო ღმერთი.

არ იყო ვინმე, არ იყო რამე,
არ იყო დღე და არ იყო ღამე.

მკვლელი სიკვდილის ვერ გამრიყავი,
მე ვიყავი და...
მე ქვა ვიყავი.

მე მახსოვს და მე მემახსოვრება,
სიცარიელით სავსე ცხოვრება.

და დამრჩა სულში ორი ჭრილობა:
ტკივილობა და უტკივილობა.

მე მახსოვს, როგორ კვდებოდა დედა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები