მე მღვიძავს, როდესაც არ ცხრება ქარი და ქუჩის ლამპიონებს დაუვლის ვედრებით, რა იცი, ცეკვას სთხოვს იქნება თავიდან, ისინი კი დგანან უძრავად - კედლები. მეც ასე ვბობოქრობ ქარივით შენს ირგვლივ, მოგახვევ ლოდინის ფიქრებს და ფანტელებს, გულიდან არ ვუშვებ ნაჩუქარ შენს ღიმილს, ადრინდელ წამებზე ვაწყობ დღევანდელებს. ქუჩაში ქარით და ხეებით - მარტია, შენ ალბათ გძინავს და მე ასე გიდნები. ცუდია, როდესაც გზა მხოლოდ ერთია შენთან მოსასვლელი - სუსტი გზა სიზმრების.