ფორუმი


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“

1 2 3 ... 7 8 9 10
ავტორი შეტყობინება

ნათია როსტიაშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 14:30:13
გუშინ ვერ შემოვედი საიტზე ტექნიკური პრობლემის გამო... ძალიან დიდი მადლობა ჟიურის წევრებს, ორგანიზატორებსა და საიტს, ძალიან გამახარეთ!

გულწფელად ვულოცავ საუკეთესო ადამიანებს - ლევანს და ირმას!
ირმა, დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის:

ციტატა:
როგორც მკითხველმა ნიკის გავუგზავნე ჩემი შეფასებები და ყველაზე მეტად და მეტქულიანი იყო ნათიასი, რადგან გმოირჩეოდა თავისი დახვეწილობით ძალიან. გილოცავ ნათი,


წარმატების წელი გქონდეთ ყველას, კარგი ამბები და სიხარული გაგიბევრდეთ!

ჰარირამა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 14:44:38
ვულოცავ გამარჯვებულებს! და არ ვიცი რამდენად ენერგოეფექტური იყო ეს მოტხრობები მაგრამ ლიტერატურულად ეფექტურები რომ იყვნენ სხვებზე მეტად მე მგონი სადაო არ უნდა იყოს,ჩემს პროგნოზს ოდნავ აცდა მაგრამ მაინც

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 17:05:15
"თემური57" დაწერა:

...
რადგან დასმულ კითხვაზე: რამდენად მართებულია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოების ერთიანი სისტემით შეფასება?- პასუხი ვერ მივიღე ... 


თითქოს გიპასუხეთ ბატონო თემურ
ყოველ შემთხვევაში მე ასე ჩავთვალე
ჩემი პასუხი დევს იმავე გვერდზე, სადაც თქვენი ეს პოსტი იყო განთავსებული ( ანუ მე-7-ზე )
ზემოდან მე-4 ან მე-5 პოსტია თუ არ ვცდები
თემური57
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 17:30:35
ბოდიშს გიხდით ნ-ი-კ-ი, ,,შობის" ნაბახუსევმა ვერ მოვძებნე.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 17:36:26
"გიორგი შაიშმელაშვილი" დაწერა:
... და ეს მაშინ, როდესაც ფინალური ათიდან ცხრა არამც, თუ სუსტად პასუხობდა საერთოდ ვერ პასუხობდა საკონკურსო თემატიკას.
...
მაგრამ ბ-ნო ადმინო როცა დანარჩენი ნაწარმოებები ვერ პასუხობს თემატიკას საერთოდ მაშინ ის ნაწარმოებები უნდა განიხილოს ჟიურიმ რომელიც პასუხობს და იმათიდან შეარჩიონ საუკეთესო, ამ შემთხვევაში მხოლოდ 2 ნაწარმოებიდან უნდა მომხდარიყო საუკეთესოს გამოვლენა...
...


ბატონო გიორგი
არ ვიცი რამდენად კარგად გაეცანით ყველა ნაწარმოებს, მაგრამ ვეცდები ამონარიდები მოგიყვანოთ და იქნებ აზრი შეგეცვალოთ
რადგანაც თუ ფინალურ ათეულში გადასულ ნაწარმოებზეა საუბარი, ეს იქნება #03  “ღია წერილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ბენიამენ ფალავანდიშვილს“
და თუ ორ ნაწარმოებზე საუბრობთ, ერთში ისევ ამ #03 ნაწარმოებს გულისხმობთ და მეორეში #05 ნაწარმოებს “კონტრაქტის ეპილოგი“
ჯერ განვიხილოთ #03
ორი ვარიანტია - ეს ნაწარმოები ან არის პუბლიცისტიკა და ან მოთხრობა
თუ პუბლიცისტიკაა, როგორც მისი ავტორი ამბობს, მაშინ უკვე ცალსახად არღვევს კონკურსის წესებს, სადაც წერია ( თქვენც გაქვთ ციტირებული ) რომ მიიღება პროზაული ნაწარმოებებიო. და რა გამოდის? უნდა მოგვეხსნა კონკურსიდან?
მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო პუბლიცისტიკურ სტილში გადაწყვეტილი მოთხრობა და შეფასდა კიდეც და ენერგოეფექტურობის კუთხით 44 ქულაც აიღო 60-დან და ოთხეულშიც მოხვდა
მაგრამ ლიტერატურულიკუთხით მიიღო ყველაზე დაბალი შეფასება, რადგან ასე ჩათვალეს ჟიურის წევრებმა. თუ თქვენ თვლით, რომ ლიტერატურული კუთხით მაღალი შეფასება ეკუთვნოდა და დაუმსახურებლად დაიჩაგრა, ამაზეც ვისაუბროთ ცალკე. მაგრამ ვფიქრობ არ თვლით ასე.

ახლა რაც შეეხება იმას, რომ მხოლოდ ორი #03 და #05 ნაწარმოებები პასუხობდნენ ენერგოეფექტურობის ცენტრის მოთხოვნებს და ყველა სხვა საერთოდ ვერ პასუხობს თემატიკას,
მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რადგან მხოლოდ ერთი მაგალითიც აბათილებს ხოლმე ფრაზას “სხვა არცერთი “

ეს არის ენერგოეფექტური დატვირთვა #05 მოთხრობაში

ციტატა:
დღეს ამ ისტორიულ და ულამაზეს ქალაქში ასიათასობით მანქანა მოძრაობს, რაც არ არის მისასალმებელი , ეს ყველაფერი თბილისს ჟანგბადის პრობლემას შეუქმნის, თუმცაღა მე ავუხსენი, რომ მერების შეთანმების საფუძველზე თბილისის მერიამ აიღო ვალდებულება 2020 წლისთვის 20 პროცენტით შეამციროს ნახშირორჟანგის რაოდენობა, რასაც ხელი უნდა შეუწყოს გამწვანების განვითარებამ, მიზანმიმართულმა ქალაქის მოვლამ, რაშიც უპირველეს ყოვლისა მოქალაქეებს ექნებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, აგრეთვე უნდა დაიგეგმოს და მნიშვნელოვნად გაიზარდოს ენერგოეფექტური განვითარება, და ელექტრომობილების მოძრაობა, ამ უკანასკნელისთვის უკვე გადადგმულია საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები.  შენდება ენერგოეფექტური სახლები და ნელ-ნელა საქართველოს დედაქალაქიც ფეხს აყოლებს თანამედროვე გამოწვევებს.


ეს კი თქვენგან დაწუნებულ ყველა დანარჩენი მოთხრობიდან ერთერთში

ციტატა:
- უნდა შემცირდეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა, აიკრძალოს შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებაც და ექსპლოატაციაც.  მხოლოდ ელექტროძრავებიანი მანქანები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. 
-კარგი ვთქვათ და ავკრძალეთ,  რა ქნას ხალხმა, ან სამუშაოზე როგორ იარონ,  ან მაღაზიები როგორ მომარაგდნენ პროდუქტებით? - საუბარში ჩაერთო ვეზირი.
-ელექტროძრავებიანი მანქანებით, რომელიც  აბსოლუტურად უსაფრთხოა,  სამუშაოზე წასასვლელად შეიძლება ცხენებიც გამოვიყენოთ, ან ველოსიპედები, მით უმეტეს რომ გამოგონება არ არის საჭირო, გამოგონიალია...
- ხო, მაგრამ ეყოფა ქვეყანას მხოლოდ ელქტროძრავებიანი  მანქანები და ველოსიპედები?
- თავიდან გაგვიჭირდება ცოტა, მაგრამ მერწმუნეთ ეს შედეგს გამოიღებს. ამასობაში დავიწყოთ ავტომობილების ელექტროძრავების წარმოება,  სხვა ნაწილები არც ექნება შესაცვლელი, მხოლოდ ძრავები. ქვეყანამ უარი უნდა თქვას შიგაწვის ძრავებზე.  ავაშენოთ ელექტრომობილების ქარხანა...
-და დრო? კარგი ახლავე  აიკრძალება  ეს დამღუპველი ძრავები თუ რაც არის?  შედეგი, შედეგი  როდის გვექნება.  - ახლა უკვე მეფე ჩაერია საუბარში.
-    სამ დღეში! 
კარგი, მოვიფიქრებთ, სასახლის ბაღში დაგველოდეთო, - ისევ თავაზიანი გახდა მეფე. რა ვქნათო,  - ვეზირს ჰკითხა, როცა მარტონი დარჩნენ.  უნდა დავუჯეროთ, სხვა გზა არ გვაქვსო, - უპასუხა ვეზირმა.  აბა მიდი დეკრეტი გამოეცი, სამი დღე არცერთი შიგაწვის ძრავიანი მანქანა არ გამოვიდეს ქუჩაში. სასწრაფოდ მომზადდეს ელექტრომობილების  ქარხნის პროექტი,


თუ ვინმე ჩათვლის რომ მოქმედების დროის გარდა რამე პრინციპული სხვაობა არის, უკვე აღარ ვიცი
ჩავთვლი რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა აღარ მცოდნია და ესაა

თუ გნებავთ, სხვა მოთხრობებიდანაც მოგიყვანთ ნაწყვეტებს, მაგრამ რაკი თქვით ყველა დანარჩენიო, წესით ესეც საკმარისი უნდა იყოს
მითუმეტეს, როცა ასეთი მსგავსებაა

                                                                                                                                                                                    პატივისცემით

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 17:45:27
"თემური57" დაწერა:
ბოდიშს გიხდით ნ-ი-კ-ი, ,,შობის" ნაბახუსევმა ვერ მოვძებნე.


რა პრობლემაა ბატონო თემურ, აქვე დაგიკოპირებთ

ციტატა:
ბატონო თემურ, ტყუილად ბრაზობთ ჟიურიზე, რადგან თუ ყურადღებით წაიკითხავთ კონკურსის წესებს, რომელიც ამ თემაში პირველ პოსტად დევს
და თქვენს ნათქვამებთან შევადარებთ, აღმოჩნდება ასეთი რამ:

თქვენ ამბობთ: 
ციტატა:
- ჩემი ნაწარმოები განეკუთვნება პუბლიცისტიკას, კონკურსანტთა უეტესის ნაწარმოები კი მოთხრობას ან ნოველას.

კონკურსის პირობებში კი წერია: - კონკურსში წარმოდგენილი უნდა იყოს ნებისმიერი სახის პროზაული ჟანრის ნაწარმოები -ო

თქვენ ამბობთ :
ციტატა:
მაშინ, როცა კონკურსის წესებით ფასდებოდა ენერგო ეფექტურობა და ეკოლოგიური პრობლემები და არა მხატვრული სიტყვა?

კონკურსის პირობებში კი ეწერა: - გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე ფასდება როგორც ლიტერატურული ღირებულება, ასევე შესაბამისობა ენერგოეფექტურობის მოთხოვნასთან-ო

ასე, რომ ყველაფერი წესებთან შესაბამისობაშია



რაც შეეხება შობის ნაბახუსევს, მაგას არა უშავს, საპატიოა 
შობის მადლი შეგეწიოთ 
თემური57
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 17:57:28
აქ კომენტარი წავიკითხე. მე ვამბობ, რომ შეიძლება ჩემი ნაწარმოები უფრო პუბლიცისტიკაა-მეთქი.
თუმცა არ გამაჩნია იმის პრეტენზია, რომ ვინმეზე უკეთესი ნაწარმოები დავწერე. ვკმაყოფილდები მიღწეულით
და ძალიანაც მიხარია.

ჩემი მოსაზრება იყო, რომ შეფასების ორმაგი კრიტერიუმი შეცვლილიყო და ნაწარმოებები შეფასებულ;იყო ერთიანად, ორივე მაჩვენებლის - ენერგოეფექტურობისა და მხატვრული სიტყვის განცალკევების გარეშე, მაგრამ ამასაც არ ვთვლი ჭეშმარიტებად, პრინციპულ საკითხად.

ჟიურის გადაწყვეტილება ჩემი აზრით სამართლიანია. მათ შეფასებებში მიკერძოების რაიმე ნიშანი მე ვერ შევამჩნიე. ამიტომ ჩემი ნაწარმოების გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში საჭირო არ გახლავთ.

წინა 2017  წელსაც მივიღე მონაწილეობა ამ კონკურსში და მაშინ მეექვსე შედეგი მქონდა. ჟანრი იყო მოთხრობა.

ვულოცავ პრიზიორებს და ათეულს წარმატებას. ვუსურვებ სიკეთეს!!!
თემური57
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 18:12:33
ნიკი ვერ მივხვდი განმარტებას, რადგან პროზაული ნაწარმოები მარტო მოთხრობა არ გახლავთ და ის უფრო ფართე სპექტრს მოიცავს.

პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:

მითი, ლეგენდა,ზღაპარი, იგავი, ეპოპეა, ეპოსი,რომანი,ნოველა,მოთხრობა ,დრამა,პიესა, ესეი, პუბლიცისტური ნარკვევი,ეპისტოლე და მემუარები.

სწორედ ამას ვგულისხმობდი მე. თუ მოთხრობაშია კონკურსი უნდა დაიწეროს მოთხრობაში კონკურსი და არა პროზაში.

ნუ ჩათვლით ისე, რომ მე თქვენზე მეტი ვიცი. არ მიყვარს, როცა ჩემს ნათქვამში ასეთი რამ გამოსჭვივის. თუ ვცდები, სიამოვნებით მოვისმენ ლექციას.

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 18:15:08
ციტატა:
აი აქ არ ხართ მართალი ბ-ნო მიშა და ახლა გეტყვით რატომ. ვნახოთ სულ პირველი პოსტი სადაც დავალება იყო მოცემული.
ციტატა:


გიორგი, საბედნიეროდ უკვე გავცდი იმ ასაკსაც და გამოცდილებასაც, რომ საკუთარი ნათქვამის ხელმეორედ გამართლება დავიწყო. თუკი თვლი, რომ მე მართალი არ ვარ, ნება შენია და დანარჩენი ცოდვა კონკურსის ორგანიზატორის კისერზე იყოს, რომელმაც ესოდენ არაკომპეტენტურ ჟიურის მოუყარა თავი.

ამ წუთას N3, ("წერილი მერს") ანუ დაჩაგრული ნაწარმოების შესახებ ვიტყვი მხოლოდ:

ეს არათუ მხატვრული ტექსტი არ იყო... არამედ არ იყო პუბლიცისტიკის ჟანრიც კი. "ღია წერილი" არ იწერება მძაფრი მოტივაციის გარეშე. იგი უნდა შეიცავდეს ან უკვე ვერმიღწეული უსამართლობის გასაჯაროვების ელემენტებს; ან საჯაროდ გასახმოვანებელი ადრესატის ქება-დიდებას და ან საჯარო მილოცვას (გარდაცვალების გამო "ღია წერილი" არ იწერება, რადგან მას მიცვალებული ვეღარ წაიკითხავს და ისედაც ჟანრის სხვა სახეობას, ნეკროლოგს განეკუთვნება).

ბატონმა თემურმა კი რა მოგვაწოდა?

ფსევდოუბლიცისტური ფორმის წერილი, სადაც რატომღაც იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერს გააცნო აკაკი წერეთელი (სხვებიც) და მდინარე ძირულას ხიბლი... ისაუბრა პრობლემაზე, რომელიც კლებადია და რაც მთავარია, თავშივე ჩააგდო "ღია წერილის" მთავარი პრინციპი, - არც გედავები და არც გეფერებიო...

აი, ამის მერე, საკუთარი ლექსიც შეაპარა მერს (???)... და...

და გააკეთა ის, რაც არ ეკადრება არც პუბლიცისტს და არც მწერალს! - ამ ბოლო ნიუანსმა მთლიანად წამიშალა რაიმე ქულის დაწერის სურვილი, თუმცა ჩემგან შეფასებულ ნაწარმოებებს, სამი ლიდერის გარდა, ყველას თანაბარი ქულა უწერია (ესეც შეგნებულად).

რა გააკეთა თემურმა?

აგერ, ბატონო...

ეს N3 ნაწარმოების "მხატვრული" თუ "პუბლიცისტური" საკონკურსო მასალის ამონარიდია:

2008 წელს ევროკომისიის ინიციატივით ,,მერების შეთანხმების“ აქტი შემუშავდა, რათა წაეხალისებინა და დახმარება გაეწია ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში. ადგილობრივი მთავრობები მართლაც გადამწყვეტ როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების შემცირებაში, რადგან ქალაქებზე ენერგიის მოხმარებისა და CO2-ის ემისიის 80% მოდის.

მერების შეთანხმების მეშვეობით ევროკავშირის ინსტიტუტებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს - უშუალოდ ჩართეს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობები და ამით აღიარეს მათი მნიშვნელოვანი როლი, ამბიციური ენერგეტიკული და კლიმატური ამოცანების შესრულებაში.


ეს კი ტექსტის შესავალი "მერების შეთანხმების" ოფიციალური ვებგვერდიდან:

"2008 წელს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგო პაკეტის მიღების შემდეგ ევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა მერების შეთანხმება რათა წაეხალისებინა და დახმარება გაეწია ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში. ადგილობრივი მთავრობები მართლაც გადამწყვეტ როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების შემცირებაში, რადგან ქალაქებზე ენერგიის მოხმარებისა და CO2-ის ემისიის 80% მოდის.

მერების შეთანხმების მეშვეობით ევროკავშირის ინსტიტუტებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს - უშუალოდ ჩართეს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობები და ამით აღიარეს მათი მნიშვნელოვანი როლი ამბიციური ენერგეტიკული და კლიმატური ამოცანების შესრულებაში."

შეადარეთ... ყურადღებით შეადარეთ (და იპოვეთ სამი განსხვავება მაინც).

კიდევ ამგვარი:

ეს ბატონი თემურის საკონკურსო მასალის ტექსტიდანაა:

ენერგიის დაზოგვის გარდა, ასევე მიიღწევა საზოგადოებისათვის სხვა მნიშვნელოვანი შედეგებიც. სუფთა და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიით სარგებლობის საშუალება, კვალიფიციური და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ფინანსური და სოციალური სტაბილურობის ზრდა, ჯანსაღი გარემოსა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების ჩამოყალიბება, ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურება და ინფრასტრუქტურა.

ეს კი იმავე ოფიციალური საიტის ტექსტის ამონარიდია:

"ენერგიის დაზოგვის გარდა, ხელმომწერები შემდეგ სახის შედეგებსაც აღწევენ: სუფთა და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიით სარგებლობის საშუალება, კვალიფიციური და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ფინანსური და სოციალური სტაბილურობის ზრდა, ჯანსაღი გარემოსა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების ჩამოყალიბება, ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურება და ინფრასტრუქტურა."

მე არ ვიცი გულში რა ჰქონდა ბატონ თემურს და როგორ აპირებდა "საქართველოში წარმატების მიღწევას"... ვის გაცურებას აპირებდა - ტექსტის ადრესატისა თუ კონკურსის ჟიურისა, მაგრამ...

მე პირადად პირდაპირი მნიშვნელობით კონკურსიდან მოსახსნელი მგონია ნაწერი. თუმცა, ასე არ ვიფიქრებდი წყარო მაინც რომ მიენიშნებინა (ან ბრჭყალებში ჩაესვა ამონარიდი) ავტორს.
თემური57
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 18:41:06
ბატონო მიშა!
მე არავის გაცურებას არ ვაპირებდი და თქვენ ცდებით. ოფიციალური ვებსაიტიდან ამონარიდი იმიტომ მოვიტანე ტექსტში, რომ ანით ხაზი გავუსვი ამ საკითხის მნიშვნელობას და გავაცანი ადრესატს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ.

რადგან მე ნაწარმოები წერილის სახით დავწერე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად მიმეთითებინა წყარო. ასწთ რამნესდ წერილში არავინ აკეთებს. ეს ტექსტი შესწორების გარეშე ამიტომ წარმოვადგინე. 

რა საჭიროა ახალი ამერიკის აღმოჩენა? 

მე სხვა რამ მაინტერესებს ბატონო მიშა.  ეს რას ნიშნავს?
,,კონკურსში წარმოდგენილი უნდა იყოს ნებისმიერი სახის პროზაული ჟანრის ნაწარმოები -ო. ესეი და პუბლიცისტიკა პროზაული ნაწარმოი არ არის?

ამით ვამთავერბ თქვენთან პოლემიკას. ისე თუ ჩემზე რაიმეს დაწერას მოისურვებთ, ჯერ მე მომმართეთ და სხვას ჩემზე ნუ ესაუბრებით. მე უკეთეს განმარტებას მოგცემთ. არც გავბრაზდები და არც დაგენდურებით. პატივისცემით გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს.

 


მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 19:03:09
ახლა რაც შეეხება კონკურსსა და საკონკურსო თემატიკას:

ცხადია, სასურველი იქნებოდა, რაიმე ორიგინალური იდეა გაჟღერებულიყო რომელიმე ნაწერში ენერგოეფექტურობის კუთხით, მაგრამ...

მოდით, ვისაც გული გიჩუყდებათ კონკურსის სპონსორის ფუჭად გარჯაზე, რამდენადაც ვერაფერი იდეა ვერ მივაწოდეთ, - დაწყნარდით! ყველაფერი რიგზეა!

კონკურსის სპონსორის მოტივაცია რომ ყოფილიყო ენერგოეფექტურობის საკითხებსა თუ მერების შეთანხმების ფარგლებში ახალი იდეების აღმოჩენა, გარწმუნებთ, ლიტერატურულ საიტზე არ მოვიდოდა.

კონკურსის სპონსორის მოტივაცია გახლავთ მოსახლეობაში ენერგოეფექტურობის საკითხთა და მერების შეთანხმების არსებობის ცნობადობის გაზრდა, დამკვიდრება და ჩართულობა. ამდენად, სწორედ ის, რომ ჩვენ ამ ფენომენის შესახებ არაფერი (ან ზერელედ) ვიცით, ენერგოეფექტურობის ცენტრისთვის უკვე საქმეა და ზუსტად მოუგნია შესანიშნავი სამოქმედო არეალისთვის.

ანუ, საქმე მარტო ის კი არ არის, რომ ჩვენ რამე ვიცით... ათასწილად უფრო დიდი საქმეა, რომ ჩვენ არაფერი ვიცით. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი სამუშაოა, უფრო მეტი კონკურსებია ჩასატარებელი, ლიტერატურულიც და იქნებ, მუსიკალურიც. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ სპონსორი ძალიან სწორად და გონივრულად წარმართავს თავის საქმეს და ყველა ვარიანტში, ამ კონკურსის წყალობით, სასიკეთო საფუძველს ყრის ზოგადი პრობლემის გადაჭრაში.

რაღა დაგიმალოთ და მე ილია ჭავჭავაძეს უმაღლეს ქულას დავუწერდი ამ კონკურსში "ოთარაანთ ქვრივისთვის", თუკი სადმე წამოცდებოდა (ორი სიტყვას ჩაამატებდა), რომ გაუნათლებელი გიორგი უფრო სწორად მოიხმარდა "მწვანე ენერგიას", ვიდრე განათლებული არჩილი... ან თავად ოთარაანთ ქვრივი რომ გაგებაში არ იყო, რა დოზანაა განახლებადი ენერგია. უკვე საქმეა, გესმით! ლიტერატურული კონკურსისთვის უკვე საქმეა, რომ ჩვენ არ ვიცით რა არის "განახლებადი ენერგია". ანუ, მხატვრული ტექსტის მკითხველი ყურადღებას ამახვილებს ტერმინზე და იბეჭდავს გონებაში. მხოლოდ აქამდე მიდის შემოქმედის მისია... დანარჩენთან მას ხელი არა აქვს.

გონიერი ავტორი ამ არცოდნას ისე ოსტატურად გამოიყენებდა, კაცი ვერ შეედავებოდა. შემოქმედება ესაა... აღმაფრენა ესაა და მხატვრული ნიჭი ესაა... თორემ ცივი გონება და სამეცნიერო სიზუსტე რომ სჭირდებოდეს მხატვრულ ტექსტს, მაშინ შედევრების ნასახი არ იარსებებდა სამყაროში.

ამიტომ, მომავლისთვის გაითვალისწინეთ: არაფერი საშიში ამ კონკურსის თემატიკაში არ არსებობს. თავად საკითხი იმდენად ლამაზი, სასიამოვნო და სახალისოა, რომ თუნდაც ნებიმისმიერი კლასიკის რიმეიქის გამოცხობა შეიძლება გვარიანი ორიგინალურობით. კატეგორიულად ვაცხადებ: არავინ ითხოვს თქვენგან სამეცნიერო კვლევებსა და აღმოჩენებს... პრობლემატიკის გაცნობისას პოპულარულ საიტებსა თუ გამოცემებში, სიტყვებს შორის ეძებეთ თქვენთვის სასარგებლო მარცვალი... მხატვრული მარცვალი, შემოქმედის თვალი რომ ხედავს, - ისეთი... აიღეთ ჩასახვისას დამახინჯებული ახალშობილი, ჩასვით ყველაზე მაღალ მწვერვალზე ამოსული წიწვის ფუღუროში და ამ სასწაული მწვანე ენერგიის წყალობით გამოზარდეთ ზღაპრული (ჯანმრთელი) მზეთუნახავი (თუ უფლისწული)! - უკვე არის მიღწეული მერების შეთანხმებაც, ენერგოეფექტურობაც და კონკურსში ლიდერის ადგილიც...

წარმატებები ყველას! 

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 19:09:54
ციტატა:
რადგან მე ნაწარმოები წერილის სახით დავწერე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად მიმეთითებინა წყარო. ასწთ რამნესდ წერილში არავინ აკეთებს. ეს ტექსტი შესწორების გარეშე ამიტომ წარმოვადგინე. 


არა, ატონო თემურ... თქვენ არ დაგიწერიათ ეპისტოლარული ჟანრი - წერილი, რომელიც ნამდვილად შეესაბამებოდა კონკურსს. თქვენ მოინდომეთ პუბლიცისტური ჟანრის შექმნა, რომელსაც "ღია წერილი" ჰქვია და ამ ტიპის მასალაში კატეგორიულად აუცილებელია წყაროს მითითება. ისე, როცა წერილის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირს წერთ, მაშინაც მიმართეთ ხოლმე კორექტული კომუნიკაციის ფორმებს.

ციტატა:
მე სხვა რამ მაინტერესებს ბატონო მიშა.  ეს რას ნიშნავს?
,,კონკურსში წარმოდგენილი უნდა იყოს ნებისმიერი სახის პროზაული ჟანრის ნაწარმოები -ო. ესეი და პუბლიცისტიკა პროზაული ნაწარმოი არ არის?


არა, ბატონო, არა...

ციტატა:
ისე თუ ჩემზე რაიმეს დაწერას მოისურვებთ, ჯერ მე მომმართეთ და სხვას ჩემზე ნუ ესაუბრებით.


გადადით წინა გვერდებზე, მე მანამდეც მოგმართეთ... თუმცა, ამ შემთხვევაში ვისარგებლე ჟიურის წევრის უფლებით, ორიოდე სიტყვა მეთქვა საკონკურსო ნაწერზე (რომლის წაკითხვასა და შეფასებაზე გავისარჯე) ისე, რომ ავტორს არ დავკითხებოდი. ყველაფერი რიგზეა!

გიორგი შაიშმელაშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 19:19:29
ციტატა:
კონკურსში წარმოდგენილი უნდა იყოს ნებისმიერი სახის პროზაული ჟანრის ნაწარმოები. ორიგინალური ანდა კლასიკური ნაწარმოების ადაპტირებული ვერსია ( ე.წ. რემეიქი ) შეიძლება იყოს შექმნილი ნებისმიერ თემაზე და ეხმაურებოდეს მერების შეთანხმების მინიმუმ ერთ მუნიციპალიტეტში  (http://eecgeo.org/ge/como.htm)
ეს ისევდაისევ პირველი პოსტიდან არის ამონარიდი ნიკი ლევანის მოთხრობაში თუ წამაკითხებთ რომელიმე მუნიციპალიტეტს ხმის ამომღები აღარ ვიქნები, სწორედ ეს კონკრეტული მუნიციპალიტეტი არის ნახსენები ბ–ნი თემურის ნაწარმოებში, სხვა საკითხია, რომ საჩხერე არ არის მიერთებული მერების შეთანხმებას. რაც შეეხება ამ ნაწარმოების შინაარსობრივ მხარეს აქ არ ვდავობთ.
თემური57
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 19:26:02
ბატონო მიშა!
გავიგე თქვენი განმარტებები. მნომავალში გავითვალისწინებ და წყაროს მივუთითებ.

ამონარიდი ვიკიპედიიდან:  ,,პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:

მითი, ლეგენდა,ზღაპარი, იგავი, ეპოპეა, ეპოსი,რომანი,ნოველა,მოთხრობა ,დრამა,პიესა, ესეი, პუბლიცისტური ნარკვევი,ეპისტოლე და მემუარები."

ეს შეცდომაა? გულწრფელად გეკითხებით. არავი|თარი ნიშნისმოგება. განვმეორდები. თუ ვცდები ამასაც გავითვალისწინებ მომავალში.

რაც შეეხება იმას, რომ ჩემთვის წინა გვერდზე მოგიმართავთ, ამ შემთხვევაში ბოდიშს გიხდით. არ წამიკითხავს.

ერთი თხოვნა მაქვს. მე იმ ასაკში ვარ, თქვენი არ იყოს, რომ ,,მტრების" გამრავლებას არ ვესწრაფი. ამიტომ თუ თქვენ და ნიკიმ ჩათვალეთ, რომ ჩემი შეფასებები არასწორი იყო ჩვენი ურთიერთგანმარტებების შემდეგ, ეს მგონი გაირკვა და  ,,მშვიდობის ყალიონის" გაბოლებას გთავაზობთ.

ოსე ძალიან მკაცრად კი შეაფასეთ ჩემი ,,ამონარიდი." მე არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ,,დიდი თავი" მაბია და თქვენ რატომ მაბრალებთ?

კეთილი სურვილებით!
მზია თვალაბეიშვილი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 21:11:19
ნეფერტარი, თქვენ ფრუსტრირებული ხართ. როგორც თქვით, რაღაც ძალიან, ძალიან, ძალიან დაგიწერიათ ამ თემაზე, მაგრამ კონკურსში არ მიიღებთ მონაწილეობას, ნუ, რაღაცის და რაღაცის გამო, თორემ ყველა მწვერვალს დაიპყრობდით. ჰოდა, რომ არ მიიღეთ მონაწილეობა, კონკურსი კი მშვიდად ჩატარდა, ეს არ გასვენებთ.  რატომღაც „გული გიკვდებათ ნაწარმოებებზე“ აქვე სპონსორებზე დარდი გკლავთ, მათ  მიმართავთ გარკვეული გზავნილით. თქვენი გზავნილის არსს გეტყვით: სპონსორებო, კონკურსის ნაწარმოებების გამოცემაზე დახარჯვა არ ღირს. აი, ჩემი ძალიან, ძალიან, ძალიან ნაწარმოებით დაინტერესდით და ის გამოეცით. დანარჩენი, რაც ილაპარაკეთ,  შეფუთვაა.
მზია თვალაბეიშვილი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 21:23:29
ეს გახლავთ დედუქციის (მეთოდის) მაგალითი.
ლუირმა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 21:30:35
ნათი, მეორე მაღალი ქულა, ერთი ქულით ნაკლები ლევანის ნაწარმოებს მივეცი, ჩემიც კი შევაფასე გარეშე თვალით აბა

ბატონი მიშას აზრის
გაგება გამიხარდება ჩემს მოთხრობაზე "ჩემი წილი ჰაერი".
მადლობა..


ნათია როსტიაშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2019 22:31:37
ჰოდა, კარგი გოგო ხარ)) შენი კომენტარის გამო გადახდილი მადლობა იმიტომ გამოვყავი ზემოთ, რომ პატივს ვცემ ადამიანებს, რომელთა ღირსებას, ადამიანობას კონკურენციის ,,მსახვრალი ხელი" ვერაფერს აკლებს

ნეფერტარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 00:12:06

ციტატა:
ნეფერტარი, თქვენ ფრუსტრირებული ხართ. როგორც თქვით, რაღაც ძალიან, ძალიან, ძალიან დაგიწერიათ ამ თემაზე, მაგრამ კონკურსში არ მიიღებთ მონაწილეობას, ნუ, რაღაცის და რაღაცის გამო, თორემ ყველა მწვერვალს დაიპყრობდით. ჰოდა, რომ არ მიიღეთ მონაწილეობა, კონკურსი კი მშვიდად ჩატარდა, ეს არ გასვენებთ.  რატომღაც „გული გიკვდებათ ნაწარმოებებზე“ აქვე სპონსორებზე დარდი გკლავთ, მათ  მიმართავთ გარკვეული გზავნილით. თქვენი გზავნილის არსს გეტყვით: სპონსორებო, კონკურსის ნაწარმოებების გამოცემაზე დახარჯვა არ ღირს. აი, ჩემი ძალიან, ძალიან, ძალიან ნაწარმოებით დაინტერესდით და ის გამოეცით. დანარჩენი, რაც ილაპარაკეთ,  შეფუთვაა.




მზია 7 -ო, თქვენ ქართული იცით საერთოდ? რამდენი შეცდომა გაქვთ დაშვებული ამ ოთხიოდე სტრიქონში?  ვიცი რატომ აგეწვათ კუდი და ვისი მეორადი იუზერიც ხართ!  მთავარი გამოცემა კი არაა,  რა დაახსომდება მკითხველს ისაა მთავარი.    გამარჯვებული ნაწერებიდან კი არცერთი არ დაახსომდება. თქვენ არასდროს გეტკინებათ გული  სუსტი ნაწერებით,  მიკერძოებული და პროვინციული აზროვნების გამო. გამარჯვებული ნაწარმოებებიდან ყველა ძალიან სუსტია და დიდად საჟიუროც არაფერი იყო.

საკონკურსო თემაც კი ვერ გაიგეთ თქვენ და რაის დედუქციის გამგები ხართ? 

ეს კონკურსიც და კიდევ მრავალიც, ძალიან მშვიდად ჩატარდება და ყოველთვის ერთი და იგივე პერსონები გაიმარჯვებენ როგორც იყო აქამდე. დღესაც და ამის შემდეგაც ასე იქნება.  1000-ით ნაკლები იუზერი დაინტერესდა ამ კონკურსით ვიდრე შარშან,  იმიტომ რომ,  არაერთმა ადამიანმა, ორი თვის წინ ჩამომითვალა  წინასწარ, ვინ გაიმარჯვებდა  და ჰოი საოცრებავ, დაემთხვა... 

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 00:59:30
ციტატა:
ბატონი მიშას აზრის
გაგება გამიხარდება ჩემს მოთხრობაზე "ჩემი წილი ჰაერი".
მადლობა..


მოგესალმებით, ირმა! კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა და... გილოცავთ კონკურსში გამარჯვებას!

შესანიშნავი ქართული ენაა... ყველა პარამეტრით საუკეთესო ქართული მოთხრობაა, - დახვეწილი ლექსიკით, სიუჟეტით, აქტუალობით და შინაარსით. ამიტომაც მეგონა, რომ მხოლოდ მე მივაკუთვნებდი მას მეორე ადგილს და ჟიურის ყველა სხვა წევრი მთავარი პრიზისთვის მოინიშნავდა. შევცდი და მესიამოვნა კიდეც, რომ შევცდი

აგიხსნით:

ერთი იოტისოდენა მარცვალიც კი არ გააჩნია თქვენს ნაწერს, რომელიც ოდნავ მაინც გამოყოფდა სტანდარტული კლიშედან "შესანიშნავი ქართული მოთხრობა". ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? ქართულ ხალხურ ტრადიციებზე შექმნილ მოდელების კონკურსზე თქვენ ხომ არავითარ შემთხვევაში არ მიანიჭებდით უპირატესობას მე-19 საუკუნის ზუსტ ასლს? - აუცილებლად მოითხოვდით რაიმე ახალ, თანამედროვე შტრიხებს დიზაინშიც და ქსოვილშიც... - აი, ამგვარი განწყობა დამიტოვა თქვენმა ნაწარმოებმა... თხრობის მანერამ, ემოციების გადანაწილების ხერხებმა, თუნდაც განწყობის შექმნის ტრადიციულმა ქართულმა მოდელმა. არა და, მხატვრულ ლიტერატურასაც, როგორც სრულიად სამყაროს აუცილებლად ესაჭიროება განახლება, ფერიცვალება, ძიება...

მაგრამ, მას შემდეგ, რაც თქვენი საკონკურსო გზავნილი წავიკითხე, - უზომოდ მესიამოვნა, რომ ინგლისში დაიწერა ეს მოთხრობა. ვფიქრობ, თუნდაც ეს ნიუანსი რომ მცოდნოდა, ალბათ უმაღლეს ქულას დავუწერდი.

წარმატებებს გისურვებთ, ირმა... და დიდი მოკითხვა თქვენს ორ პატარა ანგლო-ქართველს!   ნუ გაჩერდებით, წერეთ აუცილებლად და მაქსიმალურად ეძიეთ თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურული ხერხების მორგების შანსები თქვენს ქართულ თემებზე, - თავად გაოცდებით, ისეთ წარმოუდგენელ შედეგებს მიიღებთ!
1 2 3 ... 7 8 9 10

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი