ფორუმი


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“

1 2 3 ... 8 9 10
ავტორი შეტყობინება
ლუირმა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი, 2018 19:41:23
როდის და სად დაიდება ნაწარმოებები? Mადლობა

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი, 2018 22:36:20

ციტატა:
როდის და სად დაიდება ნაწარმოებები? Mადლობა


სავარაუდოდ 31-ში საიტ ურაკპარაკზე
ავტორების მითითების გარეშე
ლუირმა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 29 დეკემბერი, 2018 03:28:03
მადლობა,  მოუთმენლად დაველოდები

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 29 დეკემბერი, 2018 12:00:06
სიახლე კონკურსზე

ჟიურის წევრი, ბატონი მიშა რატიანი აწესებს პატარა პრიზს "Petite robe noire" - ნაწარმოებისთვის,
რომელიც ითავსებს ყველა იმ ხიბლს, იმ ფარულ შტრიხებს და აუცილებელ ნიუანსებს, რაც უბრალოდ უნდა ჰქონდეს ნაწარმოებს,
რათა იგი იყოს მხატვრული ტექსტი.

ნომინანტ მოთხრობას თავად პრიზის დამწესებელი აარჩევს

ლ. ლორია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 29 დეკემბერი, 2018 15:32:02
ის,  რომ ძალიან მიყვარს ეს საიტი, მოგეხსენებათ ალბათ,  საიტი-ფანჯარა რეალურ და ირიეალურ სივრცეებს შორის,  რომელიც გარდა იმისა,  რომ  ყოველთვის  ლიტერატრულ ავანგარდში დგას, ამასთან ამეგობრებს  ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებს. კონკრეტულად ახლა  მადლობა მინდა გადავუხადო და შობა-ახალი წელი  მივულოცო  ამ კონკურსის დამფუძნებლებს,  ნიკის და ძალიან ობიექტური და  კომპეტენტურ ჟიურის. ცოტა უცნაურია,  რომ წინასწარ ვიცით  მისი წევრები,  მაგრამ  ალბათ ასეც უნდა იყოს,  რადგან ეს თოვლი, რომელიც ფანტელებად  მოდის ახლა  აქ, როცა გადნება არაფერი არ დარჩება უხილავ ადამიანთა თვალთაგან,  როგორც ერთ ფილმშია, რა მნიშვნელობა აქვს როდის გავიცნობთ მათ, ახლა  როცა თითოეული  მონაწილე იმედით ელის, რომ იქნება 31-ში რჩეულთა შორის, თუ მერე, როცა ეს კონკურსიც ისტორიის საკუთრება გახდება.  განსაკუთრებით  მადლობა  ბატონ მიშას,  გარდა იმ შრომისა, რომელსაც  ჟიურის  თითოეული წევრი ეწევა,  დამატებითი პრიზის დაწესებისათვის... ბოლოს კი წარმატება მინდა ვუსურვო  და შობა-ახალი წელი  მივულოცო კონკურსის თოთოეულ მონაწილეს.  სულ  ეს იყო - 1000  მადლობა  ყურეადღებისათვის <3  
ლუირმა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 29 დეკემბერი, 2018 21:42:15
ბატონი მიშას ძალიან კარგი კომენტარები მახსოვს ლიტ.გე დან , და მახსოვს გულში ვნატრობდი ვყოფილიყავი ის ავტორი, ვისაც წაიკითხავდა და თავის აზრს დაუტოვებდა. მოკლედ, გინდაც იყოს ჩემი მოთხრობა ერთ- ერთი , რომელიც გაიწკეპლა და საკონტროლო წერას შეადარა, იყოს მასე, მარა იმედია თვითონ მოთხრობაზე, ცალკე გამოიმეტებს ერთ ორ სიტყვას.
წარმატებები ყველა მონაწილეს , ლორიას თამადობით და ბედნიერი 2019!

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:29:30
ციტატა:
1000  მადლობა 


აბა 10 000-ო? 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:33:06
მოთხრობა #01

ვანესა

მაშინ, როცა ჩემს ირგვლივ კარგი არაფერი ხდებოდა და ყველაფერი მძულდა, ფრთამოტეხილი ღამურა ვიპოვე და ვიშვილე.
ზუსტად მახსოვს, ზამთრის თვე იყო, საღამო,  მაგრამ ზამთრისათვის შეუსაბამოდ თბილოდა. ამ ქალაქში ხომ არაფერია კანონზომიერი? ხალხი ამბობს რომ უყვარს ქალაქი, მაგრამ დაუფიქრებლად ყრიან ნაგავს, ჭრიან ხეებს, დადიან გაუმართავი ავტომობილებით, საღამოს კი- სუფრაზე დიდ, ცრემლით გაჟღენთილ ყანწს სულმოუთქმელად გამოსცლიან ხოლმე პატრიოტიზმით აღსავსე გულისამაჩუყებელი ტექსტებისა და ლექსების ფონზე. თუ სინდისის მატლი ნებას დართავთ და ალკოჰოლსაც საკმარისი რაოდენობით შეიწოვენ შეიძლება „ჩემო თბილის ქალაქოც“ დასჭექონ. 
„მარაზმი.“
ჩვეულებისამებრ, გულგატეხილი და გაბრაზებული ვიყავი დედაზე, რომელმაც სამყაროს ჩემი ნებართვის გარეშე მომავლინა და მაიძულა მესუნთქა ის ბინძური ჰაერი რომლითაც თავად უკვე გულიანად გაეჟღინთა ფილტვები და სიმყრალესაც საბოლოოდ მისჩვეოდა. მამაზე, რომელმაც დედასთან „ისიყვარულა“ , სიყვარულის ნაყოფი მიწოდა და ნება მისცა გავეჩინე, ისე რომ ჩემთვის არ ეკითხა მსურდა თუ არა. კიდევ ჩემს შეყვარებულზე, რომელიც საერთოდ არ აღმოჩნდა შეყვარებული. ქუჩის მათხოვრებზე, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძელი კაბის კალთებზე მეკიდებოდნენ და მოწყალებას მთხოვდნენ. ქუჩის უპატრონო ცხოველებზე, რომლებიც არავის ადარდებდა და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა თავს დამსხმოდნენ. სასულიერო პირებზე, რომლებიც დიდი მონდომებით ცდილობდნენ დამეჯერებინა რომ ღმერთი არსებობდა და ის მხოლოდ ერთი იყო! (მე კი მსურდა ბევრნი ყოფილიყვნენ). მძულდა, მოხუცები, რომლებიც გამოხედვით მაიძულებდნენ მათთვის ადგილი დამეთმო საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მძულდა მხატვრები, რომლებიც თავის „ხელოვნებას“ ჰყიდდნენ ქუჩებში. იმას ხატავდნენ რასაც გვარიან ფასს დაადებდნენ, იმას რაც ხალხს მოეწონებოდა. მძულდა ქუჩის მუსიკოსები უხარისხო მუსიკის ხარჯზე რომ სურდათ ჩემს ჯიბეში მოჩხრიალე ხურდები ჩამეყარა გაძენძილ, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილ ქუდებში. ყველაფერი მძულდა ამ ქალაქში, და ყველა...
...და , სწორედ იმ უჩვეულოდ თბილი ზამთრის საღამოს, ჩვეულებრივ  ფიქრებში გართულმა და საკმარისზე მეტად მთვრალმა, ვიპოვე ფრთამოტეხილი ღამურა. ვანესა დავარქვი, თუმცა სქესი არ ვიცოდი, მკაცრად მწამდა რომ გოგო იყო. მინდოდა  ყოფილიყო.
შორიდანვე შევნიშნე ლამპიონის მბჟუტავი სინათლის ცენტრში რაღაც რომ ფართხალებდა. ფეხს ავუჩქარე, თითქმის ჩამწვარი თამბაქოს ღერი ურნისაკენ გავისროლე, მაგრამ ასცდა. მიახლოებამდე ფიქრის ჭიები აქოთქოთდნენ ტვინში:
„ჩიტი?!“
„ჰმმ, ამ დროს?“
„არამგონია...“
„პოლიეთილენის პარკი იქნება...“
„ან რამე ნაგავი, ამ ქალაქში ყველაფერს ნახავ...“
„ყველაფერს, ჩიტის გარდა...“
„იქნებ , გადამფრენი ფრინველია, ჯარს ჩამორჩა, ჩვენი ქალაქის  „სუფთა ჰაერმა მოხიბლა“ და მიწას დასცა?“
„ვინ იცის?“
„არა, ზუსტად ვიცი, ფრინველები ჩვენს ქალაქს არ გადაუფრენდნენ...“
„შემოვლითი გზები უჯობთ... იციან, გრძნობენ!“
„ნაგავს?“
„საფრთხეს!..“
„მგონი, მართლა ჩიტია...“
„არა..“
„ღამურა!“
„ო, ღმერთებო! ღამურა...“
პირველი გრძნობა, რომელიც მომეძალა ზიზღი იყო.
„ღამურა!“
„ის ხომ საზიზღარი, სისხლის მწოველი არსებაა?“
„ვამპირი!“
შემდეგი გრძნობა შიში იყო.
„ბავშვობაში, სოფელში, ხშირად მაშინებდა ბებიაჩემი ღამურებით, რომ სახლში შებინდებამდე დავბრუნებულიყავი. ამბობდა თმაში ჩაგაფრინდება და ვერ მოიცილებო. სისხლს გამოგწოვსო. ეშმაკების მოგზავნილი პარაზიტიაო.  კიდევ არ მახსოვს , ბევრ სისულელეს. “
მაინც მივუახლოვდი. ახლოს მისულს არც შემზიზღებია და არც შემშინებია. შემეცოდა. პატარა თაგუნია იყო, ისეთი, ჩემი კატა (ტომი) რომ მოიყვანდა ხოლმე სოფელში, აწვალებდა, აწვალებდა და საბოლოოდ თვალის დახამხამებაში გადასანსლავდა.
„ოჰ, რა სცენა იყო მათი „თამაში“, ერთ სიამოვნებად ღირდა  ცქერა...“
„რა ბოროტი ხარ, ცოცხალი არსების ტანჯვა, წამება, შიში, გადარჩენისთვის ბრძოლა, გულის ფანცქალი და.. და კიდევ ათასი საძაგელი გრძნობა სიამოვნებას როგორ გგვრიდა?“
დავფიქრდი.
ახლა, არამხოლოდ გარე სამყარო, ქალაქი და მათში მცხოვრები არსებები, უკვე საკუთარი თავიც მძულდა.
„ჰმმ, როგორ შემეძლო სიამოვნება მიმეღო სიკვდილმისჯილი არსების ყურებით?!“
„ფაქტია, რომ შეგეძლო, შენვე აღიარე, უფრო მეტიც ეს სიამოვნებას გგვრიდა... მაამებელი, თბილი ჟრუანტელი გივლიდა სხეულში, შენი მონსტრი კატა რომ აწვალებდა პატარა, უსუსურ თაგუნიას და ბოლოს... ბოლოს ხომ იცი რასაც უკეთებდა? ოჰ ღმერთებო, როგორ შეგეძლო, ამ სცენაზე გულიანად გეცინა?“
„არ ვიცი...“
ფრთებიანი თაგუნიას წინ ჩავიმუხლე და ვიგრძენი, როგორ დაიბლარა გარემო. ყელზე რაღაც დამაწვა და საბოლოოდ აფეთქდა.
მორჩა. სამყაროზე გადაკრული ბლარი გაქრა, მე კი - ვტიროდი.
„რამდენი ხანია არ მიტირია, რა სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა ღაწვზე ცრემლის ჩამოგორება და იმის განცდა, რომ გული გაქვს...“
ფრთამოტეხილ არსებისაკენ ხელი წავიღე, შევყოვნდი...
„ვამპირი...“
„ვამპირები არ არსებობენ...“
„რომ არსებობდნენ, მათი საყვარელი ცხოველი იქნებოდა.“
„თუ ფრინველი?“
„არ ვიცი, იქნებ ... პარაზიტი?“
„რომ არსებობდნენ, ადამიანების სისხლით დაიწყებდნენ კვებას...“
„რომ არსებობდნენ, მენდომებოდა ვამპირობა...“
„მენდომებოდა მყოლოდა საკუთარი ღამურა...“
„გოგო ღამურა, რომელსაც როზმარის ან რამე მსგავს „ვამპირულ“ სახელს დავარქმევდი...“
„ვანესა?“
„ვანესა მომწონს, კარგად უკრავს...“
„მაე?“
„ჰო..“
„ვანესას დაარქმევ?“
„რატომაც არა?!“
„იქნებ ბიჭია?“
„მაშინ, მოფერებით ვასოს დავუძახებ, თუმცა დარწმუნებული ვარ ვერასოდეს გავიგებ მის სქესს...“
ვანესას როდესაც პირველად შევეხე, შევნიშნე რომ ჩემი შეეშინდა, იმაზე მეტად აფორიაქდა ვიდრე მანამდე და იმაზე ძლიერ ცდილობდა გაფრენას ვიდრე ჩემს მიახლოებამდე. ვერ შეძლო. მივხვდი, რომ რაღაც სტკიოდა.
„ჰაერი მოწამლავდა!“ გაჰკიოდა ყველაზე პესიმისტი და ჩემს ქალაქზე გულაცრუებული ტვინის ჭია, მაგრამ მე არ ვუსმენდი, ვგრძნობდი რომ რაღაც სხვა აწუხებდა და ეს იყო ციცქნა, დამტვრეული ქოლგის მსგავსი ფრთა. ასეთები არ ჰქონდათ იმ თაგვებს ტომი რომ ჭამდა სოფელში. ისევ თვალწინ დამიდგა ის სცენები, გულიან სიცილს რომ მგვრიდა ოდესღაც, თუმცა, აღარ იყო ისეთი როგორიც ადრე, ყველაფერი ძველებურად  ხდებოდა, მაგრამ თითქოს ეს სრულიად სხვა მოგონება იყო, სხვისი მოგონება, ტრაგედია და არა კომედია, ამჯერად ის მე მტკენდა. მაგრამ არ ვიცი რას. სულების არსებობის რომ მწამდეს ვიტყოდი სული მტკიოდა-მეთქი, მაგრამ არ მწამს.
„გული?“
„მაგ ორგანოს არსებობა დიდი ხნის წინ დამავიწყდა...“
„დავიწყება გაქრობას არ ნშნავს, ახლახან იტირე, გახსოვს?“- ჩამაცივდა ჭია.
....
პეშვში მომწყვდეული არსების ფრთხიალმა ტვინის მატლებთან დიალოგი გამაწყვეტინა და პირდაპირ ვანესას მივმართე:
-ჰეი, ნუ გეშინია, არ შეგჭამ, არ ვარ ადამიანი...
არაფერი მიპასუხა, მაგრამ საგრძნობლად დამშვიდდა. ცოტა ხნის წინ ვგრძნობდი, როგორ გამალებით ფეთქავდა ჩემს ხელის გულზე მისი სხეული, ახლა კი დამშვიდდა. თითქოს , შვება იგრძნო. საფრთხე ვეღარ დაინახა ჩემში...
მესიამოვნა.
ვანესა თხელი პიჯაკის უბეში ჩავისვი და ვიშვილე. ფრთა მოვურჩინე. შევიყვარე.
მასთან ხშირად ვსაუბრობდი, თუმცა, ეს უფრო მონოლოგი იყო ვიდრე დიალოგი, მომაპყრობდა თავის წვრილ, შავ თვალებს და მისმენდა, პასუხი კი მხოლოდ ერთხელ გამცა, როდესაც ვკითხე, რა გაწმენდდა ჰაერს ხალხის ბინძური ამონასუნთქისგან. მიპასუხა სიყვარულიო.
დიდ ხანს არ უცოცხლია, მაგრამ სიყვარულის უნარი დამიბრუნა. ხალხთან ერთად, ჩემი ქალაქიც შევიყვარე და მისი ბინძური ჰაერიც, რომლის გაწმენდასაც ვცდილობ, ჩემს ეზოში  მიწის ნაგლეჯებზე დათესილი მცენარეებით. ახლა, ქუჩაში ბოდიალისას სხვის ნაგავსაც ვკრეფ და საკუთარსაც ურნაში ვყრი.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:34:12
მოთხრობა #02

მეტრო, როგორც მდინარე

ზღვის პირას გაზრდილი ადამიანები მოგზაურობაზე ოცნებობენ. ზოგჯერ, მსოფლიოს დაპყრობაზეც. ამბობენ, რომ სწორედ ზღვამ გაუჩინა სურვილი ალექსანდრე მაკედონელს ყველაზე დიდი იმპერიის შემქმნელი გამხდარიყო.
მდინარის პირას გაზრდილ ადამიანებს უყვართ შრომა და მიდრეკილი არიან ფილოსოფიისკენ ანუ ფიქრთა დინებისაკენ. პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილისათვის მტკვარი  შემოქმედების წყარო და ანკარა მდინარე იყო. თანამედროვე თბილისელისთვის კი მტკვარი დიდი ნაგავსაყრელია, რომელშიც მთელი ქალაქის ჭუჭყი მიედინება.
მეტროს სიახლოვეს გავიზარდე და ამიტომ ჩემთვის მეტრო ისეთივე სიცოცხლის სიმბოლოა, როგორც ჩემი მდინარის ნაპირას გაზრდილი წინაპრებისთვის მდინარე.
მახსოვს, ბებო მიყვებოდა, სოფელში წისქვილები გვქონდა და მდინარეს კალაპოტს რომ შეუცვლიდნენ ხოლმე, თევზები ქვებზე დახტოდნენ და ბავშვები ხელით ვიჭერდითო.
მე ჩემს შვილიშვილებს იმას მოვუყვები, როგორ ავიდნენ დიდ სცენაზე ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც მეტროს გადასასვლელებში მღეროდნენ. კიდევ იმასაც, როგორ აღმოცენდებოდა ხოლმე მეტროს სიახლოვეს ათობით პატარა ფარდული-მაღაზია ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ინჟინერმა მამამ მეტროს გვირაბში ჩამიყვანა და მაჩვენა, სად უნდა გაევლო მატარებელს. მაშინ არ დავუჯერე, რადგან ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა მატარებელს მიწისქვეშ ევლო. დღეს კი მხოლოდ იმ ქალაქში ვთვლი თავს ნამყოფად, რომლის მეტროშიც არ დავიბნევი.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ოდითგანვე მდინარეეების გარშემო აღმოცენდებოდა ხოლმე ქალაქები, თუმცა, ვინ იცის, იქნებ, მომავლის ისტორიკოსებმა თქვან, რომ ჩვენი დროის მეგაპოლისები მეტროს ხაზების გარშემო აღმოცენდა და განვითარდა. ვინ იცის, იქნებ ოდესღაც, მდინარე თავად პოულობდა ქალაქს და გაუყვებოდა ხოლმე, ან იქნებ, ქალაქების მშენებელ ადამიანებს შეეძლოთ ნაკადულის კალაპოტის ისეთი ფორმირება,რომ მდინარე ქალაქს გაყოლოდა  გასწვრივ, ან შუაზე გაეყო, ან შემოევლო  გარშემო.
თანამედროვე ქალაქების მდინარე - მეტროა, ოღონდ ამ მდინარეში წყლის მაგივრად ხალხის ნაკადი მიედინება. მეტრო ხან შუაში ჭრის ქალაქს, ხანაც გარშემო შემოუვლის. მეტროსაც, მდინარის მსგავსად, აქვს შენაკადები. მეტრო, მდინარესავით, ქალაქის სიცოცხლის ძარღვია, მაცოცხლებელი არტერიაა. ამიტომ გამორიცხული არაა ოდესმე ვინმე მეცნიერმა მწყობრი თეორია შექმნას საკითხზე, როგორ ვითარდებოდა მეოცე საუკუნის ქალაქები მეტროს გასწვრივ და გარშემო.
დრო იყო, როცა ყველაზე განსწავლულებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა საკუთარ ხატად და სახედ. ისეთი დროც იყო, როდესაც მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანმა გამოიგონა ღმერთი ბუნების მოვლენებისათვის ახსნა რომ მოეძებნა და მათ მიმართ შიშს ასე გამკლავებოდა.
ასეა ხოლმე, მიზეზი და შედეგი ზოგჯერ უცვლიან ადგილებს ერთმანეთს. ამიტომაც ზუსტად ვერ იტყვი პირველად ქათამი იყო თუ კვერცხი.  ჩემი ამბავიც იმ ქალაქზე იქნება, რომელმაც მეტრო დიდ ქალაქად ქცევამდე  შექმნა და გადაარჩინა კიდეც.
მეტროც, მდინარესავით ღრმად მიედინება და ქალაქის ეკოლოგიისთვის ისეთივე აუცილებელი პირობაა, როგორც რეკრიაციისათვის  მდინარე.
მდინარე თუ ქალაქის ჭუჭყს  იკრებს და მსოფლიო ოკეანეში რეცხავს, მეტრო ათასი გამონაბოლქვისგან იცავს ქალაქს, რადგან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია.
კომუნისტურ ხანაში მეტრო მილიონიანი ქალაქების პრივილეგია იყო და ნახევარმილიონიანმა თბილისმა საჩუქრად მიიღო მისი აშენების უფლება მაშინდელი საბჭოთა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას მდივნის, ვასილ მჟავანაძის დიდი მცდელობითა და იოსებ  სტალინის „ქართველობის“ ხათრით, მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის შემდეგ;
არ მგონია, სტალინს ძალიან ადარდებდა საქართველოს დედაქალაქის ბედი, მაგრამ მის დაქვემდებარებაში მყოფი ჩინოვნიკებისთვის, სავარაუდოდ, ბელადის  წარმომავლობას მნიშვნელობა ჰქონდა და ამიტომაც მიიღეს საკავშირო ბიუჯეტიდან თბილისში მეტროს ასაშენებლად თანხის გამოყოფის  გადაწყვეტილება. სავარაუდოდ ეს, ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც სტალინის ქართველობა მისდაუნებურად  გამოადგა მის სამშობლოს
თბილისში მეტროს მშენებლობის  დაწყებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში,  საბჭოეთის ცენტრალურ ხელისუფლებაში დადგა საკითხი მშენებლობის შეჩერების შესახებ. დროში ამ საკითხის დაყენება სწორედ სტალინის გარდაცვალებას მოყვა. მაშინ, თბილისელმა მეტრომშენებელმა ინჟინრებმა შეძლეს ძალზე მოკლე ვადაში დეტალურად დაესაბუთებინათ, რომ მეტროს დაწყებული მშენებლობის დაკონსერვება საკავშირო ბიუჯეტს უფრო ძვირი დაუჯდებოდა, ვიდრე მისი დასრულება. ასე გადაურჩინეს საბჭოთა საქართველოს ინჟინრებმა  ქვეყანას მომავლის  ენერგოეფექტური ტრანსპორტი, რომელსაც ეს მომავალი დამოუკიდებელ საქართველოში, სამწუხაროდ, უდიერად ექცევა.
დღეს თბილისში მდინარეც მოუვლელია და მეტროც.  ცოტა ვინმეს თუ აქვს იმის განცდა, რა დიდი სიმდიდრეა ქვეყნისათვის სუფთა მდინარე და ეკოლოგიური ტრანსპორტი.
მდინარე ვერეს მილში გამოკეტვამ თავისი უმძიმესი შედეგი 13 ივლისის კატასტროფით დაანახა ქალაქს. სამწუხაროდ, მძიმე მაგალითები უკეთ გვამახსოვრდება, ვიდრე კარგი. ცოტას თუ ახსოვს ის დრო, როდესაც მეტრო იყო  ქალაქის შემაკავშირებელი თითქმის ერთადერთი ძარღვი.
ახლაც მახსოვს როგორ დავდიოდი 92-იანებში  საბურთალოდან გლდანში სამსახურში და როგორი გადავსებული იყო საბურთალოს ხაზიდან მეტროს ძირითად, ძველ მაგისტრალზე გადასასვლელი გვირაბი ვაგზლის მოედანზე  ადამიანების უზარმაზარი მასით და არ ვიცი, ეს მეტროფოლიტენის ეფექტი იყო თუ მიწისქვეშ ყოფნის განსაკუთრებული გავლენა,მაგრამ ფაქტია ის, რომ ერთად თავშეყრილი ამდენი ხალხი არასდროს ქცეულა ბრბოდ. არავინ ცდილობდა სხვისთვის გადაესწრო და ამგვარი მცდელობების გამო არცერთხელ ჩახერგილა ვიწრო გასასვლელი. ადამიანები მდუმარედ მიუყვებოდნენ გზას, ჭიანჭველებივით მშვიდად, თავმდაბლად და მართლაც ჭიანჭველას ნაბიჯებით. ასე გვასწავლიდა მეტროპოლიტენი მილიონნახევრიან ქალაქში ცხოვრების წესს და კულტურას თბილისელებს იმ ნევროზულ და არეულ დროში. ცოტა ხნის წინ მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვასაც  თანაგრძნობით მოეკიდნენ ქალაქელები. არავინ გაღიზიანებულა მეტროს თანამშრომლებზე  იმის გამო,რომ საათობით უწევდათ მიწისზევით სატრანსპორტო საცობებში დგომა და ნერვების მოშლა. ამ ქალაქში იციან მეტროპოლიტენის ფასი, სოლიდარულები არიან მეტროს თანამშრომლების მიმართ და პატივს ცემენ მათ შრომას.
როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა და საზღვრები გაიხსნა, ანგარებიანმა ადამიანებმა თითქმის ყველაფერი, მათ შორის დენის კაბელებიც კი აჭრეს და გაიტანეს გასაყიდად. ჯართად გაყიდეს  ტრამვაის რელსებიც. ისეთი ჭორიც დადიოდა, რომ საქართველოს რკინიგზით მატარებლები საკუთარი ფეხით (უკაცრავად ბორბლებით), გაემგზავრნენ  უცხოეთში, რკინიგზის უფროსის განკარგულებით და  ჯართად ჩაბარდნენ. ქალაქში თითქმის აღარ დარჩა საზოგადოებრივი  ტრანსპორტი, მხოლოდ მეტროს ვერავინ გაუბედა ხელყოფა, ის გადარჩა, როგორც ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების და შეკავშირების მთავარი არტერია .
ხანდახან მგონია, თანამედროვე ქალაქის სული სწორედ  მეტროშია  განთავსებული და მეტროპოლიტენებია მთელ მსოფლიოში ის ტაძრები, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე აკითხავს თანამედროვე ადამიანი,მისგან დაშორებულ სივრცესთან დასაკავშირებლად ისევე,როგორც მორწმუნე შედის თაძარში, რომ ზეციურ ძალებთან დაამყაროს კავშირი. სამოლოო ჯამში,თანამედროვე ენით რომ ვთქვათ ტრანსპორტიც და ლოცვაც კომუნიკაციის საშუალებაა. მეტრომედიტაცია თანამედროვე ადამიანს სჭირდება იმის სასწავლებლადაც , როგორ შეძლოს  ბევრ ხალხში საკუთარი მარტოობის გადარჩენა  ინდივიდუალობის შენარჩუნება, როგორც შუშის ნამსხვრევისგან წყლით  გამოთლილმა  კენჭმა მდინარეში და წყლის იმ  წვეთად არ იქცეს, რომელიც სახედაკარგული და სხვებში ათქვეფილი  ნიაღვართან ერთად მიექანება გარემოს  წასალეკად და გასანადგურებლად.


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:36:26
მოთხრობა #03

ღია წერილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს
                        ბატონ ბენიამენ ფალავანდიშვილს



იმთავითვე განვმარტავ, რომ თქვენს მიმართ არც სკეპტიკური და არც მაამებლური დამოკიდებულება არ გამაჩნია. ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მწერალი და აპოლიტიკური პიროვნება, თუმცა ჩვენს ქალაქზე უზომოდ შეყვარებული.

ვერც იმა სვიტყვი, რომ არაფერი კეთდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საქმეში, მაგრამ მხოლოდ  აღნიშნული საკითხზე ყურადღების გამახვილება, ალბათ არ ეგების.
 
გლობალური პრობლემა, რომელმაც თავი მეოცე საუკუნის დასარულიდან იჩინა, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. საქმე ჰაერის დაბინძურების საკითხს  შეეხება.

მართალია, დღევანდელი მდგომარეობით, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის სიჭარბის პრობლემა  საჩხერის მუნიციპალიტეტში დღის წესრიგში თითქმის არ დგას, მაგრამ მომავალში აუცილებლად დადგება. რადგან ჩვენ, დედამიწის ცივილიზაციის ერთიანი ოჯახის წევრები ვართ. ამასთან გასათვალისწინებელია სოფელ იტავაზის ე.წ. ყვითელი ქვიშის ტრანსპორტირების საკითხიც, რომელიც ამ ეტაპზე მინიმალურ ნორმებს ნამდვილად აკმაყოფილებს. ნორმა - ყველა სატვირთო მანქანის ძარაზე შესაბამისი ე.წ. წყალგაუმტარი ტენტის გადაფარება, მკაცრად კონტროლდება და ჰაერში ქვიშის მიკრო-ნაწილაკების გაფრქვევა შემცირებულია, რაც მისასალმებელია, თუმცა ტრანსპორტირების მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები ამ კუთხით გატარებულ ზომებს, მაინც სკეპტიკურად უყურებენ. თვლიან, რომ ჰაერის დაბინძურება დადგენილ ნორმებს აღემატება, რითაც საფრთხე მათ ჯანმრთელობას ექმნება.

არგუმენტი, ქვიშის მოპოვების ამჟამინდელი სამრეწველო სიმძლავრე, განგაშის საფუძველს რომ ნამდვილად არ იძლევა. რადგან კარიერების წარმადობის შემდგომი ზრდა, ვერ მოახდენს ჰაერის დაბინძურებაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას.  მათი მარაგების ამოწურვადობის გამო და ალბათ რამდენიმე ათეულ წელში ამ მიზეზით ეს მაჩვენებელი  ნელ-ნელა შემცირდება, დავუშვათო, რომ მისაღებია. მაშინ გვრჩება ნახშირორჟანგით გარემოს დაბინძურების პრობლემა, რომელიც მზარდია და არა შემცირებადი.

ქალაქის გარკვეულ უბნებზე, შესამჩნევია ავტომანქანების კონცენტრაციის ზრდის მაჩვენებელი. ხშირია სიტუაცია, როცა შეუძლებელია სპეციალურ ავტოსადგომებზე მანქანის გასაჩერებელი ადგილის მოძებნა. ეს იმ სიტუაციაში, როცა მთლიანად საჩხერის მუნიციპალიტეტი არ წარმოადგენს მრავალრიცხოვან დასახლებას. მოქალაქეთა აღწერის უკანასკნელი შედეგებით, საშუალოდ 60.0 ათასი მცხოვრებია.

ავტომანქანების რაოდენობრივი ზრდის მაჩვენებელი, ბოლო რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაიზარდა. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ არსებული მცირე პრობლემა მომავალში საგრძნობი გახდება. 

შეიძლება ზემოთ მოყვანილი მაგალითების ნაწილი, სასაცილოდაც კი ჟღერდეს, რადგან საჩხერის მუნიციპალიტეტი დედამიწის გლობალურ პრობლემაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ მაგალითს დიდი ძალა გააჩნია, რომელიც დროში გავრცობადობით, დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით მოძრაობს. ამასთან მაგალითი, როგორც მნიშვნელოვანი თვალსაჩინოება გადამდებია.

სამაგალითო დადებითი მიმართულებით კი ნამდვილად ბევრი გვაქვს, თუნდაც ის, რომ საჩხერემ ორი ოლიმპიური ჩემპიონი - გიორგი ასანიძე და ჩვენი პლანეტის ყველაზე ძლიერი ადამიანი ლაშა ტალახაძე აღუზარდა მსოფლიოს, რომელთაც ეს პატარა ქალაქი, მთელ დედამიწას გააცვნეს. კაცობრიობის ისტორიის კუთვნილებად აქციეს.

წარსულის გათვალისწინებით, ჩვენს ქალაქს დიდი პერსპექტივა ნამდვილად გააჩნია. თუ მხატვრული სიტყვის სარკაზმებს მოვიშველიებთ,  სამოთხე დედამიწაზე, ალბათ საჩხერის სამანებს მოიცავდა, ღვთისმიერ კურთხეულ მიწას. რომლის უმშვენიერესი ბუნებით ტკბობას, ვერასდროს ამოწურავთ. მის შესახებ თამამად შეგვიძლია გავიმეოროთ ერთი ცნობილი გამონათქვამი, მცირედი პერეფრაზირებით: ,,ვისაც საჩხერე არ უნახავს, მას არ უნახავს არაფერი.“

მდინარე ,,ძირულას“ ღორღიან ნაპირს ლანგ-თემურის - ლიჩის ხეობით დასავლეთ საქართველოში გადმოსული მსოფლიოს დამაქცევრის მხედრიონის, ცხენთა ფლოქვების ნატერფალი ატყვია.

ქვაბულ-მღვიმეთა კედლებს ჯერაც ამჩნევია, მასში შეხიზნულ ქართველ მამულიშვილთა სისხლის შემხმარი შხეფები. თუ ყურს მივუგდებთ ცრემლებად მომდინარე ,,ძირულას“ დუდუნს, აუცილებლად გაიგონებთ, წინაპართ სისხლის ყივილს, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს იმას, ,,ვისი გორისანიც“ ვართ, საიდან მოვდივართ და გეზი საით უნდა გვედოს.

მოჭარბებული პატრიოტული გრძნობით აღვსილები გაღმა-გამოღმა არგვეთში ვინაცვლებთ და თავს მოწიწებით ვუხრით: გიორგი წერეთლის, მუხრან მაჭავარიანისა და პაოლო იაშვილის სულებს. ვსტუმრობთ სულმნათი აკაკის ძიძისეულ კარ-მიდამოს სოფელ სავანეში.

მოყვასისადმი სიყვარული ჩვენში ღმერთთან მისვლის სურვილს აღძრავს და ქვეცნობიერად მიგვიძღვის ქორეთის მეათე საუკუნის ბაზილიკისკენ.

მოლივლივე სანთლის შუქზე, გაცრეცილ მიზანს: ერთიანი სამშობლოს ტკივილს თავს ვუყრით და შემოქმედს მამულს ვავედრებთ ... ,,ღმერთო, მამული მიცოცხლე, მძინარიც ამას ვდუდუნებ“...

ხურჯინად აკიდებული ეს ლოცვა, ხვავრიელ საგზლად მოგვაქვს ტაძრიდან და ,,მგლისმუხლა“ ჟინით, მაღლით ავუყვებით ჯრუჭის დედა-მონასტრისკენ აღმავალ, ფენებად დაგრეხილ, კუნელის ფესვებში გახლართულ ვიწრო ბილიკს.

აქ იგრძნობა, რომ სხვა განზომილებაში მოვხვდით, ორ სამყაროთა მიჯნაზე, ლაჟვარდოვანი ზეცის შემყურე  სულს, ფრენა სწადია, წინაპრებთან ასვლა, მაგრამ დამძიმებულ  ,,ხორცს“ არ სურს მიწიერი ნეტარების დათმობა ...

ხვდები, რომ ადამიანი ხარ, ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი, რომლითაც არც დაწყებულა სამშობლო და არც დასრულდება, თუმცა მერმისი: ალგეთს ნაშობი მგლის ლეკვების ყელში ბოღმად გაჩრილი ომახიანი ყეფა - ,,კიდევაც დაიზრდებიან“- ,,ნიკოფსიითგან-დარუბანდამდე“ განფენილ მარადიულ ტკივილს, მალამოდ ეფინება, დაუოკებელი სურვილი, სრულიად საქართველოს მოფერებისა, შეგვახსენებს, რომ ქვემოთ, მდინარე ,,ჯრუჭულას“ ხეობის მარცხენა ფერდზე, სოფლების: სარეკისა და ქორეთის გზაგასაყარზე, სამშობლოს გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს ...

ამ ნიშნულთან  მუხლმოყრილი, საგზლად წამოღებულ ლოცვას ისევ იმეორებ და ,,მერცხლის ბუდეს“ ციხე ,,მოდინახეს“ თვალმოჭუტული, ხელისმოჩრდილვით შეჰყურებ:
                                               
              ღრუბლებში ამაღლებულა, როგორც ოცნება კაცისა,
              შორიდან ასე გგონია, არც მიწისაა, არც ცისა,
              მოდი, მნახე და მიცანი, არც შენ ინანებ, არც ისა.“

იმეორებ აკაკის საკრალურ სიტყვებს და სხვიტორთან შეხვედრას ესწრაფვი ... სულმნათის ბაკე: გვალვადაკრული მინდორი, სამი კაკლის ხე, ვენახის ზვარი; ,,ენაგაკტელილი“ მდინარე ,,ჩიხურა.“ საბუდარში მოკაკანე მატყუარა ქოჩორა ... შე დალოცვილო! აქ ხომ, ჩვენც შეგვიძლია ლექსად გავიკრიფოთ? ...

                მაინძელო! დაიძახებ წაფერდებულ ბაკეში,                                                                         
                წაუყრუებს საჩხერელი,  ჩაიხედავს სარკეში,
                ულვაშს გვერდზე გადაიგრეხს, შეისწორებ ღილ-კილოს,
                არ გაგიღებს ოდის კარებს, თუნდაც შურთხმა იკივლოს.
                როცა შენი გადაგივა, ხმას სიბრაზით მოგუდავ,
                გამოგხედავს ფანჯარაში: ,,ბოშო, ეს ვინ მოსულა" ! -
                    ხელებს გაშლის, ჩამოირბენს ხის კიბეებს ჭრაჭუნით
                    და კარებში გამოყვება ცოლი გულისფაჩუნით.
                    მოგეხვევა, გადაგკოცნის, სიტყვას გეტყვის გულიანს,
                    რიხიანად შეუძახებს ქარაქუცა მურიას,
                    ,,შემობრძანდით აქეთ ხესთან" (მიგითითებს ჩეროზე),
                    ცოლს უბრძანებს- გაგვიშალე შენებურად მდელოზე
                    კაი სუფრა მადლიანი, ხემსითა და თუნგულით -
                    - ახლავეო! - იტყვის ცოლი, გაბრუნდება კუნკულით.
                    გამოცხვება ხაჭაპური, ,,ჩაცივდება" დედალი,
                    დაიკვლება ინდაური და თიკანი ცვედანი;
                    - აუჰ! ამას რას ჩადიხარ - შეიცხადებ სტუმარი,
                    აგრამ უცებ მიგახვედრებს საკუთარი გუმანი,
                    რომ საჩხერელს შეურაცხყოფ, ცუდ დროს იჩენ მარიფათს
                      და ბღარივით დარცხვენილი, მიუჯდები მაგიდას.
                      მოგისვამენ იქეთ-აქეთ, ერთ-რო კაი მეზობელს,
                      ,ტოლუმბაშად" შეარჩევენ ქეიფობის მეხოტბეს,
                      ამღერდება ორშიმო და ხმას შეუწყობს ჭინჭილას,
                      მასპინძელის შეძახილზე მოგართმევენ წიწილას
                      კეცებს შუა დაბრაწულს და ნიორ-წყალით ნაპკურებს,
                      არომატი შეგაფხიზლებს კულით ღვინის ნასმურევს,
                      - აგაშენათ ძმაო ღმერთმა! სუფრა უნდა ამგვარი -
                      შემოსძახებ  ,,საპოვნელას" შეირყევა ცარგვალი ..
                      საჩხერელი რატომ არის საჩხერელი, ბიძია?
                      არ ეშლება ქიცმაცური, არ ეშლება ქიცია.
                      - მაინძელო! - არ შესძახო საჩხელის ბაკეში,
                      დამიჯერე, ნაღდად ვიცი, გაებმები მახეში.

შეიძლება ჩემი ეს ლექსი, დიდი მხატვრული ღირებულებით არ გაოირჩევა, მაგრამ ემოცია და საჩხერლებისადმი სიყვარული უცილოდ მოაქვს.

,,სუფრა“ ხომ ქართველი კაცის ერთგვარი სავიზიტო ბარათია სხვა თვითმყოფად ღირებულებებთან ერთად, დედამიწის სხვადასხვა ცივილიზაციასთან ინტეგრირების მნიშვნელოვანი სშუალება. 

მოუშუშებელი ჭრილობა, პერევ-ქარძმანის გზაგასაყართან გავლებული საოკუოაციო ხაზი, გულზე მძიმე ლოდად ადევს ყოველ საჩხერელს. ამ ტკივილის შეგუება შეუძლებელია, მაგრამ იგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ტანდემი გახდა, რომლითაც ვაღამებთ წარსულს და ვათენებთ მომავალს.

წინაპართა გამოძახილი - ქართველი კაცის სარწმუნოებრივი შემწყნარებლობა, ჩვენში მძიმედ, მაგრამ უკვე ფეხმოკიდებული, ღმერთის ერთარსებობას და იმ ვალდებულებას შეგვახსენებს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, ყველას საზრუნავი  ... 

ბატონო ბენიამენ!

2008 წელს ევროკომისიის ინიციატივით ,,მერების შეთანხმების“ აქტი შემუშავდა, რათა წაეხალისებინა და დახმარება გაეწია ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში. ადგილობრივი მთავრობები მართლაც გადამწყვეტ როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების შემცირებაში, რადგან ქალაქებზე ენერგიის მოხმარებისა და CO2-ის ემისიის 80% მოდის.

მერების შეთანხმების მეშვეობით ევროკავშირის ინსტიტუტებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს - უშუალოდ ჩართეს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობები და ამით აღიარეს მათი მნიშვნელოვანი როლი, ამბიციური ენერგეტიკული და კლიმატური ამოცანების შესრულებაში.

ენერგიის დაზოგვის გარდა, ასევე მიიღწევა საზოგადოებისათვის სხვა მნიშვნელოვანი შედეგებიც. სუფთა და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიით სარგებლობის საშუალება, კვალიფიციური და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ფინანსური და სოციალური სტაბილურობის ზრდა, ჯანსაღი გარემოსა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების ჩამოყალიბება, ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურება და ინფრასტრუქტურა.

ეს ღონისძიებები სამაგალითოა სხვებისათვის და ე.წ. ,,წარმატებული გამოცდილების“ მონაცემთა ბაზაშია თავმოყრილი.

საქართელოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესახებ“ შესაბამისად გთხოვთ, საკრებულოს წინაშე დასვათ საკითხი და იმსჯელოთ ,,მერების შთანხმების“ აქტზე ქალაქ საჩხერის მიერთების თაობაზე.

აღნიშნული ქმედება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის თუ რა მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება, ალბათ ეს საკითხი განმარტებას არ საჭიროებს.

გისურვებთ წარმატებას! 
 


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:37:41
მოთხრობა #04

* * *


- გამარჯობათ...იცით, პირველად მიწევს ამ მოხსენებით გამოსვლა, ასეთი დამსწრე საზოგადოების წინაშე და, იმედი მაქვს...
,
- ე-ბიჩო, ჩქარა, ჩქა-რა, ვაგვიანებთ, და...
- ...იწყებოდა?
- კიი, კი, აბა, ჩვენ დაგველოდებიან, ხო იცი...
- მერე, რატომაც არა, ვერ გავიგე..?
- წამოდი, წა-მო...
- მოვდივარ, ბატონო, მოვდივარ...
,
- მოგვეხსენება, ეს თემა თითოეულ ჩვენგანს ყოველ წამს გვეხება, თანაც ნებსით და უნებლიეთაც, რადგანაც ვსუნთაქვთ, ვსუნთქვთ ამ ჰაერს, რაც საერთოა და ყველასია მიუკერძოებლად, თანაც ფულს არ ვიხდით ამაში და, მაშ, აბა, რით ვართ დავალებულნი ჰაერთან?..
,
- ჰა-ფიჩო, მოვაღწიეთ...
- წამო, ბარეღამ ფეხით ავირბინოთ...
- შენის არ იყოს, შეგვიშვებენ?
- ა-ბა, რას იზამენ, წამოდი...წა...
- ...მოდი...
,
- ასევე მოგვეხსენება, რომ...
- ისა-და, უკაცრავად-და...
- არაუშავს, გისმენთ...
- ახლა მოვიდა ის დარჩენილი ორი ადამიანი, ვისზეც გვთხოვეთ, დავლოდებოდით...
- ძალიან კარგი, მადლობა...
- არაფრის, არაფრის...
- ესე იგი, ყველა ადგილზეა, ხო?
- კი, კი, ახლა უკვე თქვენს გამოსვლას ელიან...
- ახლავე, ახლავე...ცოტა ვირეპეტიციე...მჰ...
- მაშ, მთლად უკეთესი, მჰ...
,
- აი, ხო გეუბნებოდი, უჩვენოდ არ დაიწყებოდა...
- ჰე-ჰ, შენ რა გითხარი...
- აი, აი, გამოვიდა...ეს არის, ალბათ, ხო?
- ხო, ხო, მგონი, მოვუსმინოთ...
- მოვუსმინოთ...

,
- მოგესალმებით...მადლობა, რომ დამელოდეთ...იცით, წეღან ვრეპეტიციობდი ჩემს სათქმელს და ახლა დავრწმუნდი, რომ ტყუილად, რადგან...გულწ...
- არაუშვს, არაუშავს, ბრძანეთ...
- დიახ...მოდით, პირდაპირ სათქმელზე გადავიდეთ, მაშ, ასე...დავიწყოთ თავიდან...როდესაც მუცელშია ბავშვი, როგორც ვიცით, დედის გაფიქრებაც კი ესმის, ხოლო მამის - საუბარი, და, წარმოვიდგინოთ, როგორი სიფაქიზე სჭირდება, სიმყუდროვე, სიმშვიდე, ანუ თავიდანვე დიდ პასუხისმგებლობაში არიან მშობლები...შემდეგ, ახალი სიცოცხლე მოევლინება უკვე დედამიწას, თორემ  მუცელშივე სრულფასოვნად ცოცხალი პიროვნებაა, ადამიანია, შვილია...დიდი სიხარულია...ეს მოვლენა დღე-ღამის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ხდება მთელს დედამიწაზე...
- უკაცრავად და, მთავარ სათქმელზე რომ გადახვიდეთ?
- ხო, ხო, ვიცით ყველამ...
- კარგით, კარგი...მართალია...რა ხდება დღეს, ჩვენს სამშობლოში - საქართველოში, ჯერ ოჯახში, სანამ ჩვი...უჰ, ისევ დავიწყე...შემდეგ ბაგა-ბაღში - სკოლაში - უმაღეს სასწავლებელში - სამსახურებში - დაწესებულებებში?
- ეს, ჩვენც გვაინტერსებს, ბატონო...
- კარგი, მოვყვეთ თავიდან...ოჯახში - რა სჯობს, როდესაც მამა, თავისი მეუღლის ერთგულია, შვილის მოსიყვარულე, რაც არა მოფერებაში ვლინდება და არც მაღალანაზღაურებიან სამსახურით, არამედ - „ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის“ სიყვარულში...განა, ასეთ ოჯახში, შეიძლება, მშვიდობა არ იყოს? აი, ასევე ბაგა-ბაღში, როცა ოჯახს ამ იდეის განხორციელებაში ეხმარებიან თავდადებული აღმზრდელები და თავიანთ წილ მადლმოსილ მარცვალს სთესავენ ოჯახის მამა-პაპურ ნიადაგში - პატარების სულებში...ან, როდესაც უკვე სკოლაში, ამ ნაზად ამოზიდულ, ნორჩ განათლების ხეს, ისევ და ისევ ზემოთხსენებულ, შეუფასებელ ღირებულებებით განზავებულ ოფლს უსხამენ, სამშობლოს კეთილდღეობის სადარაჯოზე მდგარნი - გმირი მასწავლებლები...და, ანდაც, როცა უკვე, ამ მაჯის მსისხო და გულის სიმაღლე შემეცნების ხეს, პროფესორ-მასწავლებლები, როგორც ომის წინა ხაზზე მდგომი გენერალ-მაიორები, უსხამენ ცრემლნაზავ ოფლს...განა, შეიძლება, ასეთ სამშობლოში, მშვიდობა არ იყოს?
- ომს, სად ხედავ, ბატონო?
- ე-კაცო, ეს სხვანაირ მშვიოდბაზე საუბრობს...
- ჩუმად. კაცო, თქვემ გისმინოთ?
- გააგრძელეთ...
- ...გააგრძელეთ, ბატონო...
- კარგით...აი, რა სჯობს ასევე, როცა სამსახურებიც ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს შაბათ-კვირას ტაძარში წასვლა და წირვა-ლოცვაზე დასწრება შეუძლია..?
- ერთი, ეს გვითხარით, ბატონო...
- სუ, კაცო, სუ...
- აცალე ლაპარაკი...
- აარა, ახლავე უნდა ვკითხო...
- კი, კი, მკითხეთ, გისმენთ...
- რომ აღგვიწერეთ აქ ხატოვნად, ბავშვის აღზრდა-განათლება და აღმზედელ-მასწავლებელ-პროფესორების თავდადება და მერე კიდევ, სამსახურების სამუშაო განრიგს ეხებით, ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე და მათ როლზე, რატომ არაფერს გვეუბნებით? რას გვეტყვით, ბატონო?
- შეხედე, შენ?
- უუყურე, ამას?
- სად არიან, ამ ომის დროს, სასულიერო პირები და, სადაა ეკლესია?
- გააჩერდი, შე-კაცო, წამდაუწუმ რომ ახსენებ ამ წმინდა სახელებს...
- ტი-ტუ, ეს ვინ ყოფილა?
- კარგით, კარგით, არ აღელდეთ, ახლავე გიპასუხებთ...
- გისმენთ, გისმენთ...
- სასულიერო პირები მტრის შუაგულში იბრძვიან ჩვენი და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის და, ეკლესია კი იქაა, სადაც ის ნაზი, ნორჩი, მაჯისმსისხო და გულის სიმაღლე - განათლების და შემეცნების ხე...უფრო სწორად, ეს ხე, ეკლესიის შუაგულშია დარგული...
- და, უკაცრავად-და, მეტი არ იზრდება ეს ხე, ან, ნაყოფს არ იძლევა?
- კი, როგორ არა...ყველაზე მსისხო იზრდება და ყველაზე ტკბილ - სულიერ ნაყოფს იძლევა...
- და...სულიერი, რანაერია?
- მარადიული...
- მარადიულია შე-კაცო...
- მ ა რ ა დ ი უ ლ ი...გასაგებია...
- დიახ, თქვენ მართალი ხართ...
,
- ტეე-ტაჰ, ეს, სად მომიყვანე კაცო?
- მჰჰ...
- გარემოს დაცვაზე იქნება, აბა, ლაპარაკიო..?
- მჰჰ...ერთი და იგივე არაა, მერე..?
- ა-რაა...უმე...
- ...ჰე-ფიჩო, ჩქარა, მოვიდა, გავყვეთ...
,
- ისა-და, უკაცრავად...ყველა წავიდა...ჩვენც უნდა ჩავკეტოთ...
- კი, კი, ახლავე, მეც მოვდივარ, მადლობა...



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:38:47
მოთხრობა #05

კონტრაქტის ეპილოგი


2018 წლის გაზაფხული. მზიანი ამინდი იდგა. სტუმარი მეწვია მეზობელი ქვეყნიდან. მცირეხნიანი დედაქალაქური ექსკურსიის შემდეგ ძველ თბილისში ქართული სამზარეულოს დაგემოვნება გადავწყვიტეთ და თან სტუმარმა თავისი შთაბეჭდილებების გაზიარება დამიწყო.
თბილისი. საქართველოს დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი; ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურით. ყოველთვის მხიბლავს ამ ქართული საოცრების მონახულება და ყოველ ჩამოსვლაზე უფრო მეტად მაოცებს მისი სილამაზე.  დღეს ამ ისტორიულ და ულამაზეს ქალაქში ასიათასობით მანქანა მოძრაობს, რაც არ არის მისასალმებელი , ეს ყველაფერი თბილისს ჟანგბადის პრობლემას შეუქმნის, თუმცაღა მე ავუხსენი, რომ მერების შეთანმების საფუძველზე თბილისის მერიამ აიღო ვალდებულება 2020 წლისთვის 20 პროცენტით შეამციროს ნახშირორჟანგის რაოდენობა, რასაც ხელი უნდა შეუწყოს გამწვანების განვითარებამ, მიზანმიმართულმა ქალაქის მოვლამ, რაშიც უპირველეს ყოვლისა მოქალაქეებს ექნებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, აგრეთვე უნდა დაიგეგმოს და მნიშვნელოვნად გაიზარდოს ენერგოეფექტური განვითარება, და ელექტრომობილების მოძრაობა, ამ უკანასკნელისთვის უკვე გადადგმულია საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები.  შენდება ენერგოეფექტური სახლები და ნელ-ნელა საქართველოს დედაქალაქიც ფეხს აყოლებს თანამედროვე გამოწვევებს.
    -დიახ ევროპის ერთერთ უძველეს დედაქალაქს ასეთი პრობლემები არ უნდა აწუხებდეს მეგობარო. მითხრა მომღიმარი მზერით და დაამატა - „არ ვიცი, რა წერია კონტრაქტში, რაზეც ცოტა ხნის წინ მესაუბრებოდი, მაგრამ მოხარული ვიქნებოდი ეპილოგად ეწეროს.“
  -  მას შემდეგ, რაც თბილისი იგრძნობს ამ ხელშეკრულების წარმატებას, მეზობელი ქვეყნების სტრატეგიული  და დაძმობილებული ქალაქების მერებს გაუგზავნოს ინიციატივა აღნიშნულ პროექტში ჩართულობის შესახებ.
      რაზეც მივუგე

    ჩვენთან საქართველოში და არა მხოლოდ თბილისში უკვე რამოდენიმე წელია გაზრდილია მოქალაქეთა ჩართულობა მშობლიური ქალაქების და რეგიონების განვითარებაში, ანუ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი აზრი, წინადადებები და შემართება საერთო საქმისადმი შედეგის მომტანია, იგივე შეგიძლიათ თქვენც. ამისთვის, თქვენ, მოქალაქეებმა უნდა იაქტიუროთ და ყველაფერს მიაღწევთ.
    წარმატება არ იგვიანებს და თუ იგვიანებს, უფრო დიდი წარმატებით ბრუნდება.


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:39:56
მოთხრობა #06

დარგე ხე


დარგე ხე, თუნდაც იცოდე, ხვალ აღარ იქნები ....

  მე ნანიკო მქვია და მე–7 კლასში ვარ. ამ ამბავს კი მე–2 კლასელი ნანიკოს პირით გიყვებით:
  ჩვენი სახლი ახალ უბანშია, მშენებლობები რომ დამთავრდა, ირგვლივ  არცერთი ხე არ იდგა. სამშენებლო მასალისგან გაწმენდილი, ქუჩის სავალი ნაწილის და ტროტუარების მოასფალტებისას  ხეებისთვის მიწის პატარ–პატარა კუნძულები დატოვეს.  შემდეგ ნაგვისგან გაასუფთავეს არემარე და წავიდნენ. ხეების დარგვა, თურმე, სხვა სამსახურს ეხება. ერთ დღესაც მოვიდნენ იმ სხვა სამსახურიდან და დარგეს ნერგები. დარგეს და აღარც მოუკითხავთ. ძალიან გვიხაროდა სიმწვანე, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა ჩვენი სიხარული, ნერგები გახმა. უფროსებმა რამდენჯერმე დარეკეს ქალაქის გამწვანების სამსახურში. აღმოჩნდა, რომ ქუჩა გამწვანებულად ითვლება და ახლა სხვა ქუჩების გამწვანება მიმდინარეობს. ჩვენი ქუჩა კი ჯერჯერობით გეგმაში აღარ ზის. რას ვიზამდით?! სევდიანი სანახავი იყო გამხმარი ნერგები.
  ჩვენ პირდაპირ კორპუსში გიო პაპა ჩამოდის შვილთან ყოველ წელს გადასაზამთრებლად. გამხმარი ნერგები რომ დაინახა. თავი გადააქნ–გადმოაქნია და
ბევრი საქმეაო, თქვა. კარგად დააკვირდა, შეისწავლა თითოეული ხე და განაჩენიც გამოიტანა:
– აღარ ივარგებენო.
  ჩაიცვა გიო პაპამ, რკინის ქალამნები კი არა და, თავისი სქელლანჩიანი ფეხსაცმელი და გაუდგა გზას. მიადგა ქალაქის მოხელეს და უთხრა, ამა და ამ ქუჩაზე გამხმარი ნერგები უნდა ამოვთხაროო, მოხელემ სასტიკად იუარა, ეგ საქმე ჩვენი უწყების გასაკეთებელიაო. როცა გიო პაპამ დაამატა გაზაფხულზე ნერგებს ჩამოვიტან, დავრგავ და მოვუვლიო, მოხელე მოლბა. ვიმსჯელებთ, მიღებულ გადაწყვეტილებას გამოგიგზავნით და დაელოდეთო, ასეთი პასუხით გამოისტუმრა. ელოდა გიო პაპა და ათი დღის შემდეგ ისევ იმ მოხელეს მიადგა, მშვიდად დაუსაბუთა ყველაფერი და მოხელის გაურკვეველი პასუხი სიტყვიერ თანხმობად ჩათვალა. აღარ დალოდებია წერილობით პასუხს, რომელიც არც არასდროს მოსულა, ისე შეუდგა საქმეს.
  გამხმარ ხეებს ნელ–ნელა და სათითაოდ თხრიდა, ბავშვებიც იქვე ვტრიალებდით. უფროსი ბიჭები ეხმარებოდნენ, ჩვენ შევცქეროდით და ვუსმენდით. ზოგიერთ ნერგზე ქარიან ამინდში შეფრენილი ცელოფნის პარკები აფრებივით ფრიალებდნენ. გიო პაპამ ცელოფნები სათითაოდ მოხსნა, ერთმანეთზე დააწყო, დაჩუტა, გადაახვია, თასმით შეკრა და ნაგვის ყუთში გადაუძახა. ჩვენ კი გვითხრა.
– ეს პარკები ძალიან აბინძურებენ დედამიწას, ასობით წელი უნდა გავიდეს, რომ ერთი ასეთი პარკი დაიშალოს და მიწას შეერიოს. ამიტომ, როცა გაიზრდებით, სურსათ–სანოვაგის საყიდლად ნაჭრის ჩანთებით, ქაღალდის, ან მუყაოს პარკებით იარეთ.
  ამოთხრილი ნერგები ერთად შეაგროვა და თავის თანასოფლელს გაატანა ზამთრის შეშად. სამაგიეროდ გაზაფხულზე იმდენივე ახალი ნერგი ჩამოიტანა: ჭადრის, წითელი ნეკერჩხლის, ცაცხვის, წითელი წიფლის და არც ხეხილი დავიწყებია: ვაშლით, მსხლით, ატმით, ბლით და ალუბლით გაგვახარა. მალევე შეუდგა დარგვას. ბავშვები გარს ვეხვეოდით, ვეხმარებოდით, ვაკვირდებოდით, ვუსმენდით და თან კითხვებს ვუსვამდით.
– ეს ხეები გაიზრდებიან, ტანს აიყრიან და ნაყოფს გამოიღებენ, ჩრდილით და სიგრილითაც გვასიამოვნებენ – თქვა პაპამ.
– ამას ხომ დიდი დრო უნდა, გიო პაპა, შენ მოხუცი ხარ, მოესწრები? – ჰკითხა საბამ.
– მე მოვასწრებ მათ დარგვას, მოვლას და ფესვების გამაგრებას, დანარჩენს თვითონ ხეები და ბუნება მიხედავს. მე თუ არა, თქვენ მოესწრებით და გამიხსენებთ. დაიმახსოვრეთ: აუცილებლად დარგე ხე, თუნდაც იცოდე, რომ ხვალ აღარ იქნები. ხეები ჰაერს ჟანგბადით ამარაგებენ და ადამიანებს ლაღად სუნთქვის საშუალებას აძლევენ.
– აი, გაიხედეთ, ბავშვებო! ხედავთ მეზობელი ქუჩის გადასასვლელ ზებრასთან დედა–შვილი დგას. ახლა იმ მანქანას დააკვირდით, მათ რომ უახლოვდება და ჩაუქროლებს. რა შავ ბოლს უშვებს. ხედავთ? ის ბოლი ზუსტად იმ პატარა ბიჭის სახის წინ იფრქვევა და ის ამ საშინელ ჰაერს სუნთქავს. პატარა ორგანიზმი განსაკუთრებით ფაქიზია, იზრდება და თუ ხშირად ჩაისუნთქავს მანქანის საწვავის მომწამვლელ გამონაბოლქვს, შეიძლება დაავადდეს კიდეც. ხეები წმენდენ ჰაერს. ამიტომ აუცილებელია მათი დარგვა, მოვლა და გახარება.
– მაგრამ თუ მანქანები ასეთი ხრჩოლვით ივლიან, ხეები ვერ გაუმკლავდებიან ჰაერის გასუფთავებას, – თქვა სანდრომ.
– ამიტომ აუცილებელია ტექნიკურად გამართულმა მანქანებმა იარონ. ამისთვის კი  სპეციალურ უწყებაში ტექნიკური დათვალიერება უნდა გაიარონ, თუ მანქანა გაუმართავია და დაწუნებული იქნება, ვეღარ ივლის და ვეღარც ჰაერს მოწამვლავს. ამაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა იზრუნონ. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში სხვა, უვნებელ საწვავზე, ან სულაც სხვა სისტემაზე იმუშავებს ყველა ავტომანქანა.
  ამასობაში გიო პაპამ. ჩვენი დახმარებით, ყველა ნერგი დარგო და კმაყოფილმა თქვა.
– ესეც ასე..
– რა ლამაზია, – წამოიძახა ანასტასიამ.
– ჩვენ გაგვიმართლა, – თქვა გიო პაპამ, – ეს ქუჩა ისე მდებარეობს, რომ მანქანების მოძრაობა შეზღუდულია. აქაური მაცხოვრებლები თუ გავლენ ან შემოვლენ საკუთარი მანქანებით. სხვა მსუბუქი, თუ სატვირთო მანქანები არ დაქრიან. ამიტომ გადავწყვიტე ხეხილის დარგვა. მოვა დრო და პირსაც ჩაიტკბარუნებთ. ცაცხვის ჩაიზე სასარგებლო და არომატული ჩაი კი არსად მეგულება.
  ჩვენ გაფართოებული თვალებით ვუსმენდით.
  მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოხუცი შვილებივით უვლიდა ხეებს, მიწას აპოხიერებდა, ანოყიერებდა, ეალერსებოდა.
– თქვენ ხომ გიყვართ მოფერება?– გვეუბნებოდა ჩვენ ღიმილით – ჰოდა, მცენარეებსაც უყვართ.
  მომძლავდნენ ნერგები, აიქოჩრნენ და ქუჩაც დაამშვენეს. მეოთხე წელს გიო პაპა აღარ ჩამოსულა ზამთარში, ზაფხულში გარდაცვლილა. ძალიან დაგვწყდა გული. მისი დარგული ხეები კი ხარობენ, ყვავილობენ და უკვე ნაყოფსაც ისხამენ.  გაზაფხულზე ქუჩა სურნელოვან ბაღს ემსგავსება და ჩვენ მას ამაყად „გიო პაპას ბაღს“ ვეძახით. შემოდგომაზე ნეკერჩხლები იფეთქებენ ხოლმე წითლად და ისევ გიო პაპას გვაგონებენ.
  ბავშვებს კი კარგად გვახსოვს მისი შეგონება: „აუცილებლად დარგე ხე, თუნდაც იცოდე, რომ ხვალ აღარ იქნები!“



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:41:24
მოთხრობა #07

არა, ბიჭო და მეფეს დავეკითხები!

დღე ტელევიზიებმა, როგორც ყოველთვის,  ცუდი ინფორმაციით დაიწყეს -  კარლსონს პოლიციაში  იბარებენო.  წითელქუდას ბებიას, ქალბატონ ელეონორას უჩივლია,    კარადიდან მურაბა ამწაპნაო.  მერე სამეფოს  ტელევიზიის მთავარი არხით  ისიც აჩვენეს, ფოსტალიონი როგორ მიდიოდა  სახურავზე კარლსონისთვის  რომ უწყება  ჩაებარებინა,  შემდეგ კადრში  გამოჩნდა  სახურავზე  ფეხი  როგორ დაუცდა  და  ის იყო თავ-პირის მტვრევით უნდა გადმოვარდნილიყო დაბლა, კარლსონმა  მოუსწრო,  ციმციმ ჩამოაფრინა ასფალტზე და ხალხის ტაშიც დაიმსახურა, მაგრამ არა ყველასი.  რამდენიმე შეშინებულ  მაყურებელს ამ ნიადაგზე კუჭის აშლილობაც კი დაემართა  და ქვეყნის მთავარ  ტელევიზიაში ზარები არ წყდებოდა, გაგიჟდით,  ამაში  გვახდევინებთ გადასახადებს თქვე დეგენერატებო, ამ დილაადრიან რას საშინელებებს გვაყურებინებთო.  ამასობაში  კი  თვითონ წითელქუდა გამოცხადდა პოლიციაში,  ის  მურაბა მე შევჭამე, თან ისე, ელეონორა  ბებიას არც ვუთხარიო  და ბებიას შეტანილი საჩივარი  უკან  გამოიტანა.    სიმართლე  რომ ვთქვათ,  ფრიად საფუძვლიანი ეჭვები მაინც კარლსონზე იყო,  ამაზე მეტყველებდა  თუნდაც  მურაბით მოთხვრილი მისი  პერანგი, მაგრამ წითელქუდა  საბავშვო ევროვიზიის სიმღერის  კონკურსში გამარჯვებული  გახლდათ და ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა  სამეფოში, რომ  კარლსონი  დიდი ბოდიშებით  გამოაფრინეს თუ გამოისტუმრეს შემინული შენობიდან,  დამატებით კი  პოლიციის უფროსმა ავტოგრაფიც  თხოვა წითელქუდასაც და კარლსონსაც,  ოღონდ ამ უკანასკნელმა იმ პირობას მოაწერა ხელი,  რომ  ელეონორა  ბებიას კარადას ერთ მეტრ მანძილზე არ გაეკარებოდა. ის რომ ფოსტალიონი  კისრის მოტეხვას გადაარჩინა, არც კი გახსენებიათ, იმიტომ, რომ ახლა უკვე ყველა არხი ერთდროულად გადასცემდა ახალი ამბების  სპეციალურ გამოშვებას,  რამაც  კუჭის აშლილობას ვინ ჩივის, ყველას თავზარი დასცა:  პრინცესას, ულამაზეს თეონას, მეორე დღეა არ ეღვიძება და ძილქუშად  არის  მივარდნილიო. 
სამეფოში  ათასგვარი საზეიმო მიღება თუ კონცერტი იყო დაგეგმილი,  პრინცესა ზუსტად დღეს ხდებოდა სრულწლოვანი, თუმცა ყველა ეს ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო.  მოიწყინეს წითელქუდამ და კარლსონმა,  თეონას სხვა მეგობრებმა და ყვავილებმაც კი.  ჩიტებიც ძველებურად აღარ ჭიკჭიკებდნენ, ხმა გაკმინდეს  და სამეფო ბაღის ნაკადულიც, თეონას მხიარულ კისკისს დანატრებული, კი არ მორაკრაკებდა, არამედ  მოწყენით  მოდუდუნებდა  თითქოს.  სამი დღე რომ ამაოდ ელოდნენ,  იქნებ თავისით გაიღვიძოსო, მეფემ  ქვეყნიერების  ყველა კუთხიდან დაიბარა ცნობილი ექიმები.  შეიკრიბა კონსილიუმი,    ათასგვარი აპარატურით ამოწმებდნენ  ტემპერატურას, პულსს,  წნევას, სისხლის საერთო ანალიზებს,  მაგრამ ყველა მონაცემი მიუთითებდა, რომ  პრინცესა აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.  მეფის კითხვაზე, თუ ჯანმრთელია, მაშ რატომღა სძინავსო, არც ერთს არ  ჰქონდა პასუხი და მხრებს  იჩეჩავდნენ  მხოლოდ. მეფეს მეფური მანერები კი ჰქონდა, მაგრამ არა მაშინ, როცა ოჯახის წევრის  სიცოცხლე  საფრთხეში იყო,  - თქვენ რას გერჩით, ვაი იმათ პატრონს, ვინც თქვენ ექიმობა დაგაბრალათ, მეორე ვაი კიდე თქვენ პატრონსო, - ყველას ერთად მიახალა  და  ისე დატოვა დარბაზი, დამშვიდობება არც უფიქრია.  ის გაიფიქრა, სულ კინწისკვრით  უნდა გამეყარა  ეს უმაქნისები,  მაგრამ  კინწისკვრა რაღა ჯანდაბაა, ეს მაინც ვიცოდეო. კაბინეტში შესულმა  ვეზირს ჰკითხა,    კინწისკვრა რა არის, თუ  იციო,  -.  ვეზირმა, აი, კისერში რომ წაუთაქებენ და ისე გააგდებენ გარეთ, ის არისო. ხოდა ის არამაზადა ექმიმბაშები ყველა  ასე გაყარეო, - დაავალა. - მეფევ ბატონო,  სასახლესთან უამრავი ჟურნალისტი და ტელევიზიაა, მერე  ხო იცით ხალხის ამბავი,  არაჰუმანურის იარლიყს  მოგაკერებენ და სულ დაივიწყებენ, რაც სიკეთე გაქვთ ნათესიო!  - და რა სიკეთე მაქვს ნათესიო?  - გაუკვირდა მეფეს. - ხო, მაგრამ ბოროტებაც რომ არ გაგიკეთებიათ, ხალხს ისიც მოსწონსო!  - უპასუხა ვეზირმა.  - კარგი, გაანებე თავი,  ორი მორიგე დარჩეს,  ყოველ ერთ საათში შეამოწმონ  პრინცესას მდგომარეობაო, - თქვა მეფემ და თეონას დასახედად წავიდა ისევ. მას კი ეძინა, მშვიდად, თითქოს ეს ესა ჩაეძინაო და პირს ღიმილიც კი დასთამაშებდა. არ ეღიმებოდა საწყალ დედოფალს,  რომელსაც ღვარ-ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები  და დარდმა  ისე შეცვალა, რომ  მეფეს  უბრალო მომვლელი ეგონა და ის იყო,  უნდა დაეყვირა,  სპეციალური ნებართვის გარეშე როგორ ბედავთ  რომ მძინარე პრინცესას ხელს ახლებთო,  რომ მეუღლის ლოყაზე პატარა ხალი ეცნო  და ხოლო ხალის მერე დედოფალიც. ნეტა არ გავგიჟდებოდეო,  გაიფიქრა მეფემ და  დაბნეულს თვითონაც ჩუმი ცრემლები წამოუვიდა და ასე აცრემლებული  მივიდა დედოფალთან, მხრებზე ხელი მოხვია და დაპირდა,  ყველაფერს გავაკეთებ, რომ  თეონამ  გაიღვიძოს და  ბედნიერი იყოსო.  მერე შუბლზე აკოცა მძინარე პრინცესას  და სამუშაო კაბინეტისკენ წავიდა, სადაც მინისტრთა კაბინეტი ელოდა. 
საერთოდ სამეფოს იმდენად მორცხვი მინისტრები ჰყავდა,  რომ ვერც ხალხს და  ვერც მეფეს ვერ უსწორებდნენ თვალს, მით უმეტეს, ახლა,  ამ უბედურებით  სასოწარკვეთილები, როცა  არ იცოდნენ თუ  რომელი მდინარისთვის  მიეცათ თავი.  ერთადერთი, რაც მათ შეძლეს,  დახრილი თავები  სამ-ოთხჯერ აქეთ- იქეთ  ჰარმონიულად  გადაარხიეს და რამდენიმე ხმაში  ,,ნწუ, ნწუ, ნწუო...“  - თქვეს. ამათ იმედზეა სამეფოო? -  თავის თავს ჩაეკითხა მეფე.  თათბირი დამთავრებულია, თუ დამჭირდებით, დაგირეკავთ მდივანიო,  -  გამოაცხადა  და    ვეზირს უბრძანა, შენ დარჩიო. 
-კაცო, სოლომონ,  მირჩიე რამე! 
-მეფეო,  როგორც ზღაპრებში ხდება, თეონაზე შეყვარებული პრინცები ხომ არ დავიბაროთ,  მით უმეტეს,  რომ  სრულწლოვანი გახდა უკვე.  ფეისბუკზე  პოსტს დავდებ,  თუ თქვენი ნებართვაც იქნება? 
-სოლომონ, არ მითხრა ახლა იცოდე,  ვიღაც  პრინცს ერთადერთი ქალიშვილი  ცოლად გაატანეო!
-მეფეო,  მესამე დღეა თეონა სრულწლოვანია უკვე, უნდა შეეგუოთ აზრს,  რომ  გათხოვების დრო მოუვიდა.  ცხოვრება ასეა, პრინცესები იზრდებიან და მერე თხოვდებიან! 
-არ თქვა,  არ თქვა სოლომონ,  ეჰ, არადა,  იძულებული ვარ დაგეთანხმო, ოღონდ თეონა ბედნიერი იყოს, ოღონდ გაიღვიძოს...  ცალკე ხო თეონა  მადარდებს, ცალკე დედოფალიც,  სამი  დღეა თვალი არ მოუხუჭავს.  დღეს, წარმოიდგინე,  ვერც კი ვიცანი, ვიღაც მომვლელი  მეგონა!
-მესმის თქვენი,  მეფეო!
- კარგია სოლომონ, ერთ ადამიანს მაინც თუ ესმის ჩემი...  აქამდე  ყველას ესმოდა მეგონა, რა მწარედ ვცდებოდი...  მისმინე,  მართლაც რომ გააღვიძოს რომელიმე პრინცმა და თეონამ უარი თქვას ცოლობაზე, რა ვქნათ?! 
-კარგით რა მეფეო,  ჯერ გაიღვიძოს და..
ვეზირმა  სამეფოს  ოფიციალურ გვერდზე სიახლე განათავსა თუ არა,  ქვეყნიერების ყოველი  კუთხიდან იწყეს სასახლეში ულამაზეს თეონაზე შეყვარებულმა პრინცებმა მოსვლა.  აეროპორტები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების მიღებას ვეღარ აუდიოდა.    შემოვიდა პირველი  პრინცი, დაფხრეწილი  ჯინსებით,  ყურებსა და ცხვირში რგოლი  უკონწიალობდა და იმდენი ტატუ ჰქონდა,  ადამიანური  სახე და კანი ალაგ-ალაგ ჰქონდა მხოლოდ შერჩენილი.  ამან ვინ უნდა გააღვიძოს, თვითონ გასაღვიძებელია, ამას  რომ თეონა ცოლად გავაყოლო,  ის მირჩევნია, ახლა რომ სძინავსო, - მეფემ გაიფიქრა, თქმით  კი ეს უთხრა, აბა როგორ აპირებ პრინცესის გაღვიძებასო.  -  ვაკოცებ და  გაეღვიძებაო!  -  იმან უპასუხა. ნეტა ახლა უფლება მქონდეს ამას კინწი ვკრაო, - მეფემ  გაიფიქრა და  სოლომონს ანიშნა, სხვა შემოვიდესო. შემოვიდა მეორე, მესამე...  მეორმოცე, ყველა ერთი და იმავეს იმეორებდა შეთანხმებულივით. მეორმოცემ ისიც დაამატა,  ისეთი კოცნა ვიცი, მძინარეს კი არა,  მკვდარს  გავაღვიძებო. მეფემ მიღება შეწყვიტა,  ვეზირს უბრძანა,  ის პოსტი აიღე,  თუ კაცი ხარ, უკან გაისტუმრე ყველა, მომაცილე ეს აკუნტრუშებული ხალხი,  სანამ რაიმე ცუდი არ ვქენი და საერთაშორისო სკანდალში არ გავებითო.  ის დღე ისე დამთავრდა.  ღამით  კი დარდსა და ვაებაში  ჩავარდნილი  მეფე  და დედოფალი  პრინცესას საწოლთან  ისხდნენ და ერთად  ყოფნითღა ანუგეშებდნენ ერთმანეთს. გათენდა  თუ არა,  ისევ  ვეზირი იხმო მეფემ, რაიმე ახალი  ხომ არ არისო. 
-მეფეო, ვარსკვლავთმრიცხველს ხომ არ ვკითხოთ რჩევა? 
-კაცო, ეს შტატი ხო გავაუქმეთ  იმის  შემდეგ, რაც დედაქალაქის ცაზე ვარსკვლავები გაქრნენ!
-შეგიძლიათ,  აღადგინოთ შტატი, თქვენი ნება არ არის?
-დაიწყებენ მერე ეს ოპოზიციური პარტიები, ვარსკვლავთმრიცხველი ჰყავთ,  ვარსკლავები კი არ აქვთო! 
- სამაგიეროდ სოფლების თავზე ბჟუტავს ჯერ კიდევ რამდენიმე!
-გახსოვს  გალაკტიონი,  კი დაგვტოვა, მაგრამ არ იყო ცუდი კაცი?!
ვეზირს ახსოვდა  მოხუცი ვარსკვლავთმრიცხველი გალაკტიონი,  უცნაური კაცი, რომელსაც  ან წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული,  ან  ტელესკოპში.  სხვა საქმე მისთვის არ არსებობდა.  მერე თანდათან ქალაქის თავზე ვარსკვლავებმა რომ გაქრობა იწყეს, პატაკს პატაკზე აგზავნიდა  მეფის სამდივნოში,  ვარსკვლავები გადავარჩინოთ, ქვეყანა გადავარჩინოთო,  მაგრამ ამ პატაკებს არავინ კითხულობდა. მერე ბოლო პატაკიც დაწერა, დაკავებული  თანამდებობიდან გამანთავისუფლეთო. მეფეს სულ უნდოდა  გასაუბრებოდა მოხუც ვარსკვლავმრიცხველს,  რადგან ის ყოველთვის აღძრავდა  მასში ადამიანურ სიმპატიებს, მაგრამ ვერ იცლიდა:  ხან ნადირობდა,  ხან თევზაობდა,  ხან უცხოურ დელეგაციებს ხვდებოდა, ხანაც თვითონ დადიოდა უცხოეთში.  მეფეს დროარ ჰქონდა და სოლომონმა სთხოვა  დარჩი, მერე რა რომ ვარსკვლავები არ ჩანს,  შენი ბრალი  ხომ არ არის და რადგან ასეთი პატიოსანი კაცი ხარ, თუ დარჩები,  მეფესთან შთანხმებულია, ხელფასსაც გაგიორმაგებთ და ყოველი  წლის ბოლოს მეცამეტე ჯამაგირსაც  გამოგიწერთო,  მაგრამ  ვარსკლვავთმრიცხველმა ერთხელ ნათქვამი  აღარ გადათქვა. 
-მეფეო, მე მაქვს  ტელეფონის ნომერი,  იმედია არ შეუცვლია, ახლავე დავურეკავ!  - თქვა ვეზირმა.  ისე მოხდა რომ ტელეფონი ხმამაღლა მოლაპარაკეზე ჰქონდა  ჩართული. მესამე ზარზე პასუხიც გაისმა.
-ალო!
-ბატონო გალაკტიონ, თქვენა ხართ?
-ვარ! 
-სოლომონი ვარ, მეფის  ვეზირი!
-იყავით!
-სად ხართ? 
-სუფთა ჰაერზე!
-მართლა?!  -  გაკვირვებული ინტონაციით დაეკითხა ვეზირი, თუმცა რა გაუკვირდა ძნელად გაარჩევდი, ის რომ  სუფთა ჰაერი იპოვა,  იმან, ვისაც  გალაკტიონი ერქვა, თუ  ის, რომ სეირნობდა.  არადა მთავარი რაც  გაუკვირდა, ხმა იყო,  ხმა ეუცნაურა, თითქოს.
-  არა ბიჭო და მეფეს დავეკითხები! -  გაისმა  პასუხი. 
სამწუხაროდ, ხმა მეფესაც ესმოდა,  სხვა დროს, ალბათ,  რაიმე მკაცრ განაჩენს გამოუტანდა თავხედს,  მაგრამ ახლა მძინარე თეონაზე ფიქრი არ ასვენებდა. შვეულმფრენი გაგზავნე, სასწრაფოდ  ჩამოვიდეს დედაქალაქში, თან სიტუაციის სიმძიმე გააცანიო, - ვეზირს უთხრა.  ვარსკვლავთმრიცხველმაც  გაიგონა მეფის ხმა,    ,,არა, ბიჭო და მეფეს დავეკითხები!“ -ზე  დიდად არ უნერვიულია,    როდის იყო  მეფეს ხალხის  ხმა ესმოდა, ახლა რომ გაეგონა.  უბრალოდ,  რა სიტუაციის სიმძიმეზე საუბრობს მეფე, ალბათ, თეონაზეო, -  გაიფიქრა.  მერე შვეულმფრენის ხმაც  გაიგონა, და ცოტა ხანში უკვე სპეცრაზმელის ფორმაში გამოწყობილ ორ ჯეელსა და მფრინავთან ერთად ცაში იყო და იქიდან აკვირდებოდა  საყვარელი  სამშობლოს სანახებს,  რომელიც  ისე ბუნდოვნად ჩანდა, ცუდი ხილვადობის გამო თუ ჩანდა საერთოდ, იმასაც ვერ  მიხვდებოდი. 
შვეულმფრენი სასახლის წინ არც თუ მთლად მწვანე მინდორზე დაეშვა.  ვეზირი თვითონ  გამოვიდა შესახვედრად და ხედავდა, რომ  საფრენი აპარატის კიბეზე  სპეცრაზმელებთან ერთად ვიღაც ახალგაზრდა ჭაბუკი ჩამოვიდა.  ეუცნაურა. კარებს უყურებდა, იქნება და ახლა მაინც გადმოვიდეს ის ვისაც ველითო, მაგრამ  კარი მიიხურა.  სოლომონი  სპეცრაზმელებს მიუბრუნდა, ეს ვინ მოიყვანეთო. იმათმა, მითითებულ მისამართზე ეს კაცი დაგვხვდა,  სახელი და გვარი რაც გვითხარით იგივეა და ჩვენ რა ვიცითო.
-    ახალგაზრდავ, თქვენ  გალაკტიონ მთვარაძე ხართ?  -  ჰკითხა პირველმა ვეზირმა სტუმარს. 
-ვარ!
-მეფის  მთავარი ვარსკვლავთმრიცხველი  გალაკტიონ მთვარაძე?
-მეფის არა, ისე კი მეც იგივე პროფესია მაქვს!  რა ვქნა, მამაჩემს ხათრი ვერ  გავუტეხე, ისე კი მე ფეხბურთელობა მინდოდა, მაგრამ... 
-ანუ მეფის  ყოფილი მთავარი ვარსკვლავთმრიცხველი,  გალაკტიონ მთვარაძე, თქვენი მამაა? 
-კი,  დეენემის ანალიზი ხომ არ გნებავთ?
-არა, ყველაფერი გასაგებია,  მამათქვენი სად არის?
-ცაშია,  დედაჩემთან და  ვარსკვლავებთან!
-ანუ გარდაიცვალა...  საწყენია...  როდის?
-სამი წელი შესრულდა სამი დღის წინ.
- საწყენია... საწყენია... დიდ პატივს ვცემდი მამათქვენს!
-თქვენზედაც  კარგი აზრის იყო... ამბობდა, რა ეშველებოდა მეფეს და სამეფოს,  რომ არა სოლომონიო.
ამასობაში მეფეს მოთმინების ფიალა აევსო,  ფანჯრიდან უყურებდა როგორ ესაუბრებოდა  ვეზირი ვიღაც ახალგაზრდას. ,,არა, ბიჭო და მეფეს დავეკითხები“ - ფრაზა ამოუტივტივდა უცებ მეხსიერებაში, ალბათ ეს იყოო. მერე ტელეფონი აიღო და ვეზირს დაურეკა.
-რას შვებით, რატომ არ შემოდიხართ?
-მეფეო,  თვითონ გალაკტიონი  გარდაცვლილა, უკვე მესამე წელია! 
-მაშ ეს კაცი ვინ არის?!
-ესეც გალაკტიონ მთვარაძეა, ოღონდ ჩვენი ვარსკვლავთმრიცხველის შვილი.  ისე მეც იგივე პროფესია მაქვსო, ამბობს. რა ვქნა, მეფეო,  უკან გავუშვა თუ ინებებთ მის ნახვას?
-ეს  ის არის,  ,,არა, ბიჭო და მეფეს დავეკითხები“-ო რომ თქვა?
-ვერ ვიხსენებ,    მეფეო!  - ისე უპასუხა ვეზირმა, არც გაწითლებულა.
-სამაგიეროდ მე ვიხსენებ! შემოდით ორივე ჩემთან!
ეს რა შარში გავეხვიეო, კი გაიფიქრა ახალგაზრდა გალაკტიონ მთვარაძემ,  მაგრამ  თან გაუხარდა კიდეც,  რა გინდა, მეფეს თურმე ხალხის  ხმა ესმისო.
სასახლეში შესულს მეტისმეტად გულმოდგინედ მოკრიალებულ პარკეტზე ფეხი მოუცურდა,  წაქცევით არ წაქცეულა,  ოღონდ  ვერ შენიშნა, ჯიბიდან როგორ ამოუვარდა გაზეთიდან ამოჭრილი პრინცესას სურათი, სამაგიეროდ შენიშნა ვეზირმა და  სურათი სტუმრისგან შუმჩნევლად  ჩაიდო ჯიბეში.    დარბაზში შესულებმა მეფე თავიდან ვერც შენიშნეს. იგი ფანჯარასთან იდგა და ნაღვლიანად გასცქეროდა თითქოსდა ბურუსში გახვეულ  მიდამოს. 
- მამათქვენი კარგი ადამიანი იყო, გისამძიმრებთ!  - თქვა უცებ მეფემ.  გაუკვირდა ვეზირს, მეფე არავის არ ესაუბრებოდა თქვენობით.
-გმადლობთ!
მეფე შემობრუნდა.  ესიამოვნა,  არც რგოლები ჰქონდა ყურებსა და ცხვირში გაყრილი ახალგაზრდა  მთვარაძეს,  არც ტატუთ ჰქონდა დაფარული სხეული და არც დახეული  ჯინსები  ეცვა.
-მისი რჩევა ძალიან  დამეხმარებოდა ახლა,  იცით ალბათ, რა უბედურებაც დაგვატყდა თავს! 
-ვიცი!
-ვინც შვილს  გადამირჩენს, ცოლად ვატან... ესეც იცი?
-ვიცი!
-შენ რა ყველაფერი იცი, აბა ისიც გეცოდინება,  როგორ უნდა გაიღვიძოს თეონამ!
-ვიცი!
ახლა ამანაც თუ მითხრა,  ვაკოცებ და გაიღვიძებსო, სულ კინწისკვრით უნდა გავაძევო,  არც იმას  დავეძებ, რომ მამამისს დიდ პატივს ვცემდიო,  -  უჩურჩულა გვერდით მდგომ ვეზირს  მეფემ.  იმან,  - ნახე ჯიბიდან რა ამოუვარდაო, - და  ხელში ჩუმად ჩაუდო გაზეთიდან ამოჭრილი თეონას სურათი.  მეფემ მაგიდის ქვეშ სურათს დახედა და ჯერ ჩაეღიმა,  მერე იფიქრა, ახლა ცრემლები წამომივაო  და ფოტო  შუმჩნეველი მოძრაობით გულის ჯიბეში ჩაიდო, -  ეს არ უშველის, მაინც კინწისკვრით ვისვრი გარეთო,  - ვეზირს უჩურჩულა, ხმამაღლა კი ეს თქვა:
-იცის ამან,  ყველაფერი იცის! აბა თქვი, ერთი რა იცი?! 
- აქ, ამ ქალაქის ღამეულ ცაზე,  სანამ ვარსკვლავები არ დაბრუნდებიან, თეონა არ გაიღვიძებს! 
-  ვარსკვლავები, ვარსკვლავები,  შენც  მამაშენივით საუბრობ, ვის რად უნდა ეს ვარსკვლავები?
-  თეონას უნდა!
-  პრინცესა თეონას!
არაფერი თქვა. მიხვდა  გალაკტიონი, მეფის არა, მშობლის სიტყვები იყო ეს.  მეფემ  ვეზირს გადახედა, ის გაკვირვებული  და  მამობრივი, თბილი  მზერით უცქეროდა გალაკტიონს.  სახელოზე მოსწია, -  აქეთ მოიხედე,  რა გჭირსო. 
-იცის ამან,  ,,მეფეს არც დაეკითხება ისე იცის ყველაფერი“,  იქნებ ისიც ბრძანოთ, ვარსკვლავები  როგორ დავაბრუნოთ!  - სიბრაზე მოერია მეფეს.
- უნდა შემცირდეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა, აიკრძალოს შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებაც და ექსპლოატაციაც.  მხოლოდ ელექტროძრავებიანი მანქანები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. 
-კარგი ვთქვათ და ავკრძალეთ,  რა ქნას ხალხმა, ან სამუშაოზე როგორ იარონ,  ან მაღაზიები როგორ მომარაგდნენ პროდუქტებით? - საუბარში ჩაერთო ვეზირი.
-ელექტროძრავებიანი მანქანებით, რომელიც  აბსოლუტურად უსაფრთხოა,  სამუშაოზე წასასვლელად შეიძლება ცხენებიც გამოვიყენოთ, ან ველოსიპედები, მით უმეტეს რომ გამოგონება არ არის საჭირო, გამოგონიალია...
- ხო, მაგრამ ეყოფა ქვეყანას მხოლოდ ელქტროძრავებიანი  მანქანები და ველოსიპედები?
- თავიდან გაგვიჭირდება ცოტა, მაგრამ მერწმუნეთ ეს შედეგს გამოიღებს. ამასობაში დავიწყოთ ავტომობილების ელექტროძრავების წარმოება,  სხვა ნაწილები არც ექნება შესაცვლელი, მხოლოდ ძრავები. ქვეყანამ უარი უნდა თქვას შიგაწვის ძრავებზე.  ავაშენოთ ელექტრომობილების ქარხანა...
-და დრო? კარგი ახლავე  აიკრძალება  ეს დამღუპველი ძრავები თუ რაც არის?  შედეგი, შედეგი  როდის გვექნება.  - ახლა უკვე მეფე ჩაერია საუბარში.
-    სამ დღეში! 
კარგი, მოვიფიქრებთ, სასახლის ბაღში დაგველოდეთო, - ისევ თავაზიანი გახდა მეფე. რა ვქნათო,  - ვეზირს ჰკითხა, როცა მარტონი დარჩნენ.  უნდა დავუჯეროთ, სხვა გზა არ გვაქვსო, - უპასუხა ვეზირმა.  აბა მიდი დეკრეტი გამოეცი, სამი დღე არცერთი შიგაწვის ძრავიანი მანქანა არ გამოვიდეს ქუჩაში. სასწრაფოდ მომზადდეს ელექტრომობილების  ქარხნის პროექტი, ეს  ყმაწვილი კი სამეფო სასტუმროში მოათავსეთ სამი დღით,  ერთი თეონას არ გაუღვიძია, სულ კინწისკვრით უნდა მოვისროლო, არა ბიჭო და... -  შეჩერდა,  ვერ მოიფიქრა უცებ ვის უნდა დაკითხვოდა ამ ამბავს თვითონ მეფე.   
ორ დღე გადაუღებლად წვიმდა სამეფოში. მეფემ, ვეზირის რჩევით,  სანამ ახლა რეალობას შეეჩვეოდა ხალხი, სამდღიანი დასვენება გამოაცხადა.  თითქოს ამოისუნთქა ქალაქმა და ქვეყანამ, არც საცობები იყო გზებზე, ჰაერიც სულ სხვანაირი, სუფთა და გამჭვირვალე გახდა. მესამე დღეს მზიანი, ნათელი დარი დადგა.  შებინდებისას აღმოსავლეთის ცაზე პირველი ვარსკვლავი გამოჩნდა, მერე თანდათან გაიზარდა ვარსკვლავების რაოდენობა... მეფე და დედოფალი  თეონას საწოლთან ისხდნენ, იქვე იყო წითელქუდა და კარლსონიც.  თეონამ  ჯერ ერთი  მადიანად გაიზმორა და უცებ თვალები გაახილა...
საწოლთან რომ დედ-მამა, წითელქუდა,  კარლსონი და პირველი ვეზირი დაინახა, გაუკვირდა, რამე მოხდაო? - იკითხა. გახარებულები, ნაწილ-ნაწილ, ეპიზოდებად უყვებოდნენ ერთი კვირის განმავლობაში სამეფოში  მომხდარ ამბებს... როცა ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ,  თეონამ ფანჯრებთან მიირბინა, მაღლა აიხედა და  სიხარულისაგან სახე გაუბრწინდა,  პირველად ხედავდა,  მთელი  ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.  მერე  გალაკტიონი სად არისო? - იკითხა.  მეფემ ვეზირს ანიშნა, დაურეკეო.
ვეზირმა  სამეფო სასტუმროში გადარეკა, გალაკტიონ მთვარაძეა თქვენთან, ელექტროლიმუზინში ჩასვით და სასახლეში მოაბრძანეთო. ,,ბატონო სოლომონ,  ის მთვარაძე, ერთი დღეც არ დარჩენილა ჩვენთან. რომ ვუთხარით სად მიდიხართ, ყველა ხარჯებს სამეფო ხაზინა იხდის-თქო, ასე გვითხრა, სოფელში ვბრუნდები, ,,არა ბიჭო და მეფეს დავეკითხებიო“.  სასტუმროს მენეჯერის ხმა ყველას ესმოდა.  მე მინდა ვნახო და მადლობა ვუთხრა, გამიშვებთ, მამა მასთან? -  ისე თხოვა პრინცესამ, მეფეს კი არა ქვას გაუდნობდა გულს. წადი შვილო, წადი, ოღონდ შენ ბედნიერი იყავი და...  - გული აუჩვილდა მეფეს. მერე გულის ჯიბიდან სურათი ამოიღო,  და თეონას მიაწოდა,  - ეს  ჯიბიდან ამოუვარდა,  მისია,  წაუღეო!  თეონამ სურათს დახედა და თავის თავი რომ იცნო, ლოყები გაუწითლდა...
სასახლე არა, მაგრამ მშობლების დანატოვარი  მშვენიერი ოდა სახლი ედგა  გალაკტიონს სოფელში, ბუხარში ცეცხლი ენთო, იქვე დოქით  ღვინო ედგა  და სავახშმოდ ემზადებოდა, როცა შვეულმფრენის  სუსტი ხმა გაიგო, მერე ხმა თანდათან გაძლიერდა. ეზოში გამოვიდა,  მაღლა აიხედა, ვარსკვლავებიან ციდან მისკენ ერთი ვარსკვლავი ეშვებოდა თითქოს,  რომელიც თანდათან შვეულმფრენად იქცა და მის ეზოში დაეშვა.    იქიდან ჯერ ორი სპეცრაზმელი გადმოვიდა, მერე ვეზირი, სულ ბოლოს კი ულამაზესი თეონა,  ხელში  იმ ფოტოთი, რომელზედაც დარდობდა, ნეტა სად დავკარგეო. პრინცესამ, თქვენ ხართ გალაკტიონი,  მადლობის სათქმელად მოვედი, თან აი ეს სურათიც ჩვენთან დაგრჩენიათო,  - ისეთი ნაზი ხმით უთხრა,  ახლა ფეხები არ მომეკეცოს, მთავარიაო  და ბავშვებო, ცოტა ხნით  იქით მიიხედეთ, გალაკტიონმა  თეონა  ჯერ გულში ჩაიხუტა, მერე  აკოცა, თან    გაიფიქრა: ,,არა, ბიჭო და მეფეს დავეკითხებიო“...





ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:42:24
მოთხრობა #08

მზით გამთბარი სიზმარი

ტელეფონი აწკრიალდა...
- 3 საათზე ტრენინგია ენერგოეფექტურობაზე და ენერგიის განახლებად წყაროებზე, დასწრება სავალდებულოა, არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებს, - იუწყებოდა საქმეთა მმართველი.
- აუუ, ენერგიულიც ვარ  და ეფექტურიც, რა დროს ტრენინგია, - თქვა მაკამ და წითელი პომადა დაიმატა გაბუშტულ ტუჩებზე.
- ერთი სული მაქვს სახლში წასვლამდე, ნაძვის ხე უნდა ავაწყო  ბავშვებთან ერთად, ჰაერის დაბინძურების საჭირბოროტო საკითხებზე თქვენ იმსჯელეთ, ბუკლეტები ჩემთვისაც აიღეთ, - აბუზღუნდა ელენე.
- სად იყო „მერების შეთანხმება“, როცა ბაბუაჩემი თევდორე „სტეკლოვატას“ აყოლებდა ბოსელის კედლებში და სახურავს ტოლით ხურავდა, საქონელს არ შესცივდესო, - გაიკრიჭა ლაშა.
- რა გესმით თქვენ პროგრესის, დავესწროთ, მოვისმინოთ, თანაც კარგი ლანჩი  იქნება, - საკითხს მეტი ინტერესი შესძინა „მსუქანა“ გიომ და მეოცნებე თვალები ჭერს მიაპყრო.
„ურჩების“ გარდა ტრენინგს ყველა დაესწრო, დარბაზი თითქმის შეივსო. კმაყოფილმა ტრენერმა მსმენელებს გადახედა და არასამთავრობოებისთვის დამახასიათებელი „გალექსილობით“  შეუდგა ლექციის კითხვას.
ზოგი ამთქნარებდა, ზოგიც უკვე თვლემდა, ზოგი „ფეისბუქში სქროლავდა“, შედარებით აქტიურები წინ ისხდნენ და ინტერესით ისმენდნენ.
ლაშას 90-იანები ამოუტივტივდა ფიქრებში, მუდმივი უშუქობა და სიცივე... სოფლად ჩასულს კი უცნაური სურათი დახვდა, ყველა სახლის წინ ღელეზე მინიელექტროსადგური იყო დამონტაჟებული.
-წყალს მიაქ, ნენა, ხეი და მიწა, რეიზა უნდა წეიფსო თვალები ბნელში, ღმერთო, კი მომკალი, - ფუსფუსებდა ბებია, აგიზგიზებულ ბუხარში კეცები ხურდებოდა... მოგონებებში ჩაეთვლიმა. ამბობენ, დღის სიზმარს რა ჭკუა აქვსო...
2030 წელი დგებოდა, მზე უფრო კაშკაშა და ბრწყინვალე გამხდარიყო, უხვად გასცემდა სითბოს და სინათლეს, იმდენად უხვად, რომ მთელი ქვეყანა მზის ბატარეებით გამომუშავებულ ენერგიას მოიხმარდა. სოფლებში ხალხი პელეტებით თბებოდა, წისქვილებს ქარის ელექტროსადგურები ამუშავებდა...
-დროა, მსოფლიომ გაიღვიძოს, კაცობრიობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა, დედამიწას გლობალური დათბობისაგან იხსნის, - ენთუზიაზმს არ კარგავდა მომხსენებელი...
კარზე ახალი წელი მომდგარიყო, ახალი გამოწვევებით და მიღწევებით...


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:43:32
მოთხრობა #09

წერილი თოვლის პაპას

რა სულელები არიან მამიკო, ნათია და ლუკა. თანაც ჯიუტები.  აუჩემებიათ: თოვლის პაპა არ არსებობსო. დავანახე. აბა, ეს ვინ არ-მეთქი?
-ეს ნამდვილი არ არისო, მიპასუხეს.
ისე, შეიძლება მართლაც არ იყო  ის თოვლის პაპა ნამდვილი. წითელი შარვლის ქვეშ, ჯინსები ეცვა და ჯიბეში ჩუმად სიგარეტი რომ ჩაიდო, დავინახეთ.
ამათაც მეტი რა უნდოდათ? ატეხეს სიცილი: თოვლის პაპას ბავშვებისთვის საჩუქრად, სიგარეტი მიაქვსო.
კი ბატონო, ზოგიერთი,  მეც ვიცი რომ მოგონილია, მაგრამ მართალიც ხომ არსებობს? ხომ არსებობს, მამა?
-რა თქმა უნდა შვილო, არსებობს. - დაუდასტურა პატარა კესოს მამამ. - აბა, გასულ ახალ წელს საჩუქარი ვინ მოგიყვანა?
-ჰო მამა! მეც ეს ვუთხარი ბავშვებს! თანაც ბიგლის ლეკვი რომ მინდოდა, მხოლოდ მე და შენ ვიცოდით. მოგონილ თოვლის პაპას  ეს საიდან უნდა გაეგო?
-გამორიცხულია შვილო, მოგონილს არ ეცოდინებოდა.
მამის დამაჯერებელმა ტონმა, საბოლოოდ გაუფანტა თოვლის პაპის არ არსებობაზე გაჩენილი მცირედი ეჭვი პატარა კესოს და მადლობის ნიშნად:
- ამიყვანე მამიკო,  ჩაგეხუტო მინდა.
დეკემბერი იდგა. იდგა კი არა, ორიოდ ფურცელიღა შერჩენოდა კედლის კალენდარს. აბრდღვიალებულ ბაზარს ჰგავდა ქალაქი.
ბავშვს თვალი სავაჭროდ გამოტანილი ნაძვებისკენ გაექცა.
-მამიკო, ბევრი ნაძვის ხეები რომ ყოფილიყო ქალაქში, არა, დედამიწაზე, ძალიან, ძალიან ბევრი, დედიკოს ფილტვები ხომ არ ატკივდებოდა?
-არა, შვილო, არ ატკივდებოდა.
-და ახლა ჩვენთან იქნებოდა არა მამა? მზეზე ხომ არ გაფრინდებოდა?
-ჰო, შვილო, ჩვენთან იქნებოდა.
-თოვლის პაპას  რომ ვთხოვოთ მამა, ორივემ რომ ვთხოვოთ, ვერ ჩამოიყვანს დედას? ცოტა ხნით მაინც? ჰა, მამა? იცი, როგორ მენატრება?..
-ვიცი კესო, ვიცი რომ გენატრება, მაგრამ ამ სურვილს ალბათ ვერ შეგვისრულებს. ეჭვი შეეპარა თოვლის პაპის ყოვლისშემძლეობაში,  მამას.
-მამიკო, ისე ასე შორს რატომ გაფრინდა დედა? სადმე ცოტა ახლოს არ შეიძლებოდა? აი თუნდაც ღრუბლებში? მთაზე ავიდოდით მე და შენ და მივწვდებოდით.
-რამდენჯერ უნდა აგიხსნა კესო? მზე ხომ ყოველდღე ამოდის? ჰო და დედიკოც იმიტომ გაფრინდა მზეზე, რომ ყოველდღე გიყურებდეს,  გიღიმოდეს. თავის სხივებით გაგათბოს და მოგეფეროს.
-მერე მე რომ ღამითაც მენატრება? არ შეიძლება ღამითაც მეფერებოდეს? ეს რომ ვთხოვო მამა, თოვლის პაპას?
- ვთხოვოთ. ეს შეიძლება მოახერხოს.
- მართლა მამა?!!
***
სირბილით მივიდნენ სახლში. სახელდახელოდ ივახშმეს და წერილის წერა დაიწყეს. სიხარულს ვერ მალავდა კესო.  ახალი წლიდან დედიკო ხომ  მუდამ მასთან იქნებოდა? ბედნიერი იყო მამაც, რადგან იცოდა - მზიდან წამოსული დედის სითბო  ღამითაც რომ არ მოაკლდებოდა, მის პატარა, ტიტინა, ქალიშვილს.
თოვლის პაპას  საახალწლოდ მათთვის მზის ბატარეა უნდა მოეტანა. 


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:44:36
მოთხრობა #10

სკვერი

    ჩემს სახლთან შორი - ახლოს მდებარე მწვანე სკვერს მივაშურე წიგნით ხელში. ეს ჩემთვის უდიდესი განტვირთვაა. ტექნიკას თავისი ადგილი აქვს, წიგნს ვერაფერი შემიცვლის. ამ სკვერს როცა ვახსენებ, აუცილებლად „მწვანეს“ დავურთავ, რადგან მართლაც მინიატურული ტყესავითაა, ისეა მდიდარი სიმწვანით და ხშირი ბუჩქებით.
    დღეს სურპრიზი მელოდა. საოცრად გამახალისა პატარა გოგონასა და ძაღლის თამაშმა. ჯიშებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ერთი შეხედვით სათამაშოს ჰგავდა ისეთი საყვარელი და სასაცილო იყო. კუდის ქიცინით დარბოდა პატრონის გარშემო, რომელიც მისთვის ალბათ ძალიან დიდი და ძლიერი იყო.
    გოგონამ სახე მოაბრუნა. გამიკვირდა, ისეთი ნაღველი ედგა დიდ ცისფერ თვალებში, არადა, რა მხიარულად ეთამაშებოდა შინაურ ცხოველს.
    მოშორებით ყოფნა აღარ მინდოდა, ახლოს მივედი მათთან.
    რა საყვარელია, - მივეფერე ცხოველს, მან კი, აქაოდა, თვალში ხომ არ გეპატარავებიო, მჭახე ხმით შემომყეფა.
    - დიახ, - გამიღიმა გოგონამ, - ყველას ეთამაშება, არ გეგონოთ, რომ გიბრაზდებათ.
    - როგორ შემიძლია ამისი გაბრაზების შემეშინდეს, - მივეფერე ძაღლს, - ყოველდღე სეირნობთ ამ სკვერში?
    - დედა მყავს ავად.
    შევხედე. თვალები უფრ გაფართოებოდა, სევდა მოემატა.
    - უკვე თვეზე მეტია, ავადაა, - განაგრძო, - მეუბნება რომ ყოველდღე ვისეირნო ამ სკვერში, რადგან უკვე დაცხა და ქალაქიდან ვერსად გამიყვანს, მანდ ცოტა ჟანგბადს ისუნთქავო.
    შევცბი. ძალიან შეემეცოდა. ვეცადე მენუგეშებინა.
    აი, შეხედე, - თვითონ გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე, - იქ მე დავრგე ყვავილი, ასე დარგეს სხვა ბავშვებმაც პატარა ყვავილები. რა კარგი იქნება, თუ გაიხარებენ, ჩვენს სახელებს დავარქმევთ.
    - აუცილებლად გაიხარებენ, ეს ბაღი პატარაა , მაგრამ ისეთი მდიდარია სიმწვანით, მართლაც პატარა კურორტივით გექნება, რომც არ წაგიყვანონ არსად.
    ერთხანს ვისაუბრეთ, ვითამაშეთ, ჩემი წასვლის დრო მოვიდა. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ უნდა დამეტოვებინა ისინი.
    - აბა, ყოჩაღად, ყველაფერი კარგად იქნება, - ხელი დავუქნიე და წამოვედი. წამოსულმა უკან მივიხედე. შემომყურებდნენ. პატარა ოთხფეხა არსებას, პატრონს აყოლილს, მზერა ჩემსკენ მოემართა.

                                                                          *  *  *

      გადავწყვიტე, მწვანე სკვერში ხშირად მევლო. გოგონა და ძაღლი ჩემი განუყრელი მეგობრები გახდნენ. გოგონა სევდას იკლავდა აქაურობის წყალობით. გულს უხარებდა ცუგასთან თამაში და ჩემთან მუსაიფი.  მეც ბევრ რამეს ვუყვებოდი.
    - იცი, რა მინდა? - მითხრა ერთხელ, - მინდა რომ ზღვა ვნახო და კიდე მინდა, რომ ისეთ ადგილას ვცხოვრობდე, სადაც ახლოს ტყეა.
    - ჯერ პატარა მწვანე სკვერი გაქვს, მერე ეგეც იქნება.
    - ჰო, მაგრამ ასე გავიგე, მალე აღარ იქნებაო.
    - უი, რას ამბობ.
    - ჰო, - კიდევ უფრო დანაღვლიანდა, - დედას არც ვეუბნები ჯერ, ინერვიულებს, რადგან ზაფხულში ვერსად მივყავართ.
    - ახლა როგორაა?
    - ცუდად. იცი? სიზმარი ვნახე, შემეშინდა.
    - რა სიზმარი? - დავინტერესდი.
    - ვითომ მე და დედა ქუჩაში მივდიოდით. რომელიღაც შენობიდან დაუძახეს. მეც მივიხედე. გამჭვირვალე კედლები ჰქონდა, ყველაფერი ჩანდა. დედა შევიდა. აუცილებლად უნდა შესულიყო. მე ვითომ ვტიროდი. მერე იქ რიგში იდგა, გარედან ვხედავდი ყველაფერს. მეშინოდა, აღარ გამოვა მეთქი, ტირილი დავიწყე და გამეღვიძა.
    - დედაზე რომ ნერვიულობ, იმის ბრალია, ცუდად გეძინა, შფოთავდი ალბათ.

                                                                        *  *  *

    გოგონას სიტყვები მართალი გამოდგა. მიადგნენ სკვერს და რას მიადგნენ. მთელი მონდომებით შეუდგნენ საქმეს, აღეგავათ პირისაგან მიწისა მისი არსებობა რაღაც კორპუსის გამო. . .

    - რას აკეთებთ! იცით, რას სჩადიხართ? რას ანგრევთ? ვის უნგრევთ?  თქვენ იცნობთ აქ მოსიარულე ხალხს?  რამე ჰკითხეთ? რაიმეთი დაინტერესდით? მათ გულზე აყრით აქ მოტანილ ქვა - ღორღს. არავის აინტერესებს როგორ იქნება ავადმყოფი დედა, გოგონა პატარა ძაღლით, მოცინარი ბავშვები, სათითაოდ რომ დარგეს თითო ყვავილი თავიანთ სახელზე.
    . . .  არავის ესმის. . . არავის და ვერც გაიგებენ. აღარავის უნდა მწვანე ფერი. ნაცრისფერი დასდებია ადამიანების სულსა და გულს.

                                                                      *  *  *

    ამას ისიც დაემატა, რომ ძალიან მოუცლელი ვარ, მაგრამ ისევ უნდა გავიარო რამდენჯერმე, სანამ არსებობს.
    ჯერჯერობით სურათი უცვლელია. აპატარა გოგონა სათამაშოს მსგავსი ძაღლის თანხლებით, ზის სკამზე, რომლის გევრდითაც ნერგებია.
    - დედა ცუდადაა, - ამბობს, თვალები კვლავ სევდით აქვს სავსე. ცუგა გაწოლილა მის ფეხებთან, მთელი არსებთ იზიარებს პატრონის მდგომარეობას.
    - ძალიან ვეცდები, სკვერი გადავარჩინო, მარტო ჩემი სურვილი არაა ეს, დედაც კარგად იქნება, ყველაფერს მოევლება.

                                                                    *  *  *

      მოულოდნელად, რამდენიმე დღით ქალაქიდან გასვლამ მომიწია. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ თითქოს ბედისწერა ჩაერთო საქმეში. უკან დაბრუნებულმა მალევე მწვანე სკვერისაკენ ავიღე გეზი.
    გეზი კი ავიღე, მაგრამ იქ აღარაფერი დამხვდა. მოსწორებული იყო მიწასთან. არც ბუჩქები, არც ხეები, არც დარგული ყვავილები, არც გოგონა და ძაღლი.
    მისამართი მაინც მეკითხა.
    ჩემს თავზე ვიყავი საშინლად გაბრაზებული. ვიღას განკითხვის უფლება მაქვს, მე თვითონ რომ ასე საზიზღარდ მოვიქეცი. დიდი ამბავი, თუ აქ მოსული ვესაუბრებოდი, რატომ არ გავითვალისწინე, რომ უფრო დეტალურად გამერკვია ყველაფერი, იქნებ დახმარებაც შემძლებოდა. . .  მეც ვეღარ წავიკითხავ აქ წიგნს, ვერ განვიტვირთები, ვეღარ ვისაუბრებ პატარა მეგობრებთან.
    აქ ვეღარ, მაგრამ ახლა ერთი ნაწყვეტი უნდა წავიკითხო, აუცილებლად უნდა წავიკითხო, უკვე მერამდენედ. . .
    „. . . ჩემი ცხოვრება სიბრძნეა ტყეების, - ამბობდა იგი, - ტყეები კი სწრაფად ქრებიან. გაივლის რამდენიმე წელი, აქ უკვე აღარ იქნება ხეები და ჩემი სიბრძნე სიგიჟედ იქცევა. ამ ქვეყანაში ახლა დიდი ძალა გაჩნდა, ვაჭრობაა მისი სახელი“. . .“
    ჟრუანტელმა დამიარა. რაოდენ ახლოსაა ჩვენს რეალობასთან, უწინასწარმეტყველებია მწერალს, ცხადად დაუნახავს თანამედროვე ადამიანის მომავალი.  რასაც დასთეს, იმას მოიმკი. სიცარიელეს მიიღებს კაცობრიობა საბოლოოდ, თუნდაც ასეთ პატარა მწვანე სკვერსაც რომ დატოვებს უყურადღებოდ, მეც ალბათ ხელს ვუწყობ ამ ყველაფერს ჩემი ზედაპირულობით; პატარა მეგობრები დავკარგე, ასე მგონია, არსად აღარ შემხვდებიან, ცივი კედლებია აღმართული მათ სამყოფელამდე,  როგორც კაცობრიობასა და ბეტონის კორპუსებს შორის.



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:45:41
მოთხრობა #11

წისქვილის ბიჭი


მხოლოდ ღმერთმა უწყის სად ვართ ახლა, რომელ ტრასაზე მივქრით. იქნებ - ეშმაკმაც, მაგრამ მე და სალი აზრზე არ ვართ. სალის უყვარს მანქანით უცხო გზებზე სიარული. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ რაღაც საერთო თამაშს ვთამაშობთ. ბოლო თამაშს „მხსნელი“ დავარქვით და რამდენიმე წელია, სხვა ახალი აღარაფერი მოგვიფიქრებია. მე ფოტოგრაფობა გამოვიგონე ერთნაირი დღეებიდან თავის დასაღწევად და დუნე დღეების შესაფხიზლებლად, სალიმ - უცხო გზებზე გაზისთვის ბოლომდე მიჭერა.
_ აუუ, რა კადრია, გააჩერე!
უცებ დამუხრუჭებაც სალის საყვარელი საქმიანობაა. უცხო გზებზე გაქროლება და მერე უცებ ფეხის დაკვრა - ღრრჭ!..
ფოტოკონკურსისთვის კადრს ვეძებ ორი დღეა. დღეს მესამე რომ გათენდა და ჩემთან მოსულმა სალიმ ნახა, არათუ ფოტოგრაფობა ვეღარ მშველის დაძმარებული განწყობის გამოკეთებაში, არამედ უკვე ფოტოგრაფობის მიზეზითაც მიძმარდება განწყობა, გადაწყვიტა, თავის გამოგონებული მხსნელის ძალა და უპირატესობა ეჩვენებინა. რაკი ნებით არსად გამყოლს არ ვგავდი, მომკიდა ხელი, ეგრე ბარგივით ჩამდო მანქანაში და წამოვედით ამ უცხო, შორ გზაზე.
რომელიღაც მორიგი სოფელი რომ მოვიტოვეთ უკან და ამ გაშლილ სივრცეში აღმოვჩნდით, უცებ დავინახე ეს ქარის წისქვილი და პატარა სახლი თუ ქოხი.
ღრრჭ!..
დავავლე ეგრევე კამერის ხელი, გამოვაღე კარი და დავეშვი სირბილით წისქვილისკენ.
კადრს მხოლოდ ვიზუალურად კი არა, ენერგეტიკულადაც ვგრძნობ. ჰოდა, ახლა ისეთი ენერგეტიკა მოდის, ვიღებ, ვიღებ, ვერ ვჩერდები. თან, ლამის მოვაღო პირი და დავიყვირო რამე, ემოციის გამოსაშვებად. ქარია ისეთი, კეფის თმას „ჩოლკად“ მაფარებს და მართალის, თმასთან ერთად ნერვებს მიშლის, მაგრამ სამაგიეროდ, მთელ ჩემს დამტვერილ განწყობასაც არანაკლებ მონდომებულად, წეწავს, გვის და ანიავებს.
_ გამარჯობა. - სალი ჩემს ზურგს უკან დგას და უსაქმურობისგან მაიმუნობს.
სალი გაპრიალებული ქალაქების გოგოა, ჩემსავით მტვრით და ტყე-ღრეებში ძრომიალით ვერ იმუხტება. გზები კი უყვარს, მაგრამ მხოლოდ მანქანიდან.
_ გაგიმარჯოს, - შემობრუნების გარეშე ვეუბნები. თან ისეთი ტონით, რომ ეს ერთი სიტყვა ,,შემეშვისაც“ ნიშნავს, „მაცალესაც“ და „ხედავ როგორი თავაზიანი ვარ? ვმუშაობ, მაცდენ და მაინც არაფერს გაგრძნობინებსაც.“
ჩემი „გაგიმარჯოს“ კაცის ხმამაც გაიმეორა ექოსავით და არაფერი, ისევ ვიღებ.
ერთი კადრი, მეორე და უცებ მოვედი აზრზე, შემოვტრიალდი.
დგას ვიღაც ბიჭი სალის გვერდით ეგრე, ქარბორბალისგან გაჩენილივით და რაღაცნაირი ალალი ღიმილით მიყურებს. უცებ ბუმ!.. დამკრა რაღაცამ თავში თუ გულში და ვუყურებ მეც ეგრე მიშტერებული. რა ვიცი, რა ჯანდაბა მეტაკა.
ამ ჩემი დაღებული პირიდან შემოვიდა თუ რა იყო - შიგნითაც, სადღაც, ქარი ჩამიდგა უცებ და ვდგავარ ეგრე, აფრიალებული.
_ ფოტოგრაფია, ერთი ბევრფულიანი ფოტოკონკურსისთვის კადრებს ეძებს.  - სალი ეუბნება რაღაცნაირად, გაპრანჭვასავით.
ეს კიდე იმ გამარჯობის მერე ხმას არ იღებს და მარტო იღიმება ბავშვობაში ნახატი ჩემი მზეებივით: აქეთ ლოყიდან იქით ლოყამდე გადაჭიმული ქვევით ჩაზნექილი რკალით.
ასეთი რამე ფილმში რომ მენახა, ვიტყოდი რომ ძალიან ხელოვნური „პირველივე შეხვედრისას გული აუჩქროლდათ“ კადრია, მაგრამ მართლა ასე დამემართა და ჰა.
_ზენიტია, ფირით ვმუშაობ. - თვალი მოვარიდე, კამერას დავხედე და არარსებულ ლაქას დავუწყე ფრჩხილით აფხეკვა.
რაღაც ხომ უნდა მეთქვა, მაგრამ ეს „ფირით ვმუშაობ“ ისე უადგილოდ და მძიმედ დაეპერტყა ამხელა ქარმაც ვერ გაფანტა.
_ მე სალი მქვია, - სალიმ ხელი გაუწოდა.
_ ერეკლე - უპასუხა ამან და ხელი რატომღაც ჩემკენ გამოიწოდა.
მე უსიტყვოდ ჩამოვართვი.
_ ეკო. - თქვა სალიმ ჩემს ნაცვლად და ხელი იმის ნაცვლად, მის წინ აფრიალებულ ქარს ჩამოართვა. ასე გავიცანით ერთმანეთი ოთხივემ.

_ პატალა ფოტოგლაფ გოგოს პილველი სიკვალული ეწვია. - უკანა გზაზე სიცილისგან ცრემლები სდიოდა სალის.
პრინციპში, ისე გავშტერდი იქ, კი ვიყავი დაცინვის ღირსი და სალის ენის მოჩლექვაზეც გულში ბარემაც მეცინებოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი და დროდადრო, მოკუმული ტუჩებიდან მხოლოდ მკაცრ „მოკეტეს“ თუ მოვისროდი სალის მიმართულებით.
_ ჟენიტით ფილჟე მუშობს ჩემი გოგო, მააშ! - სალიმ მუხლზე ხელი მომითათუნა და უკვე ვეღარ შევიკავე, ამიტყდა ხარხარი და სალიმაც, ბარემ სრული ყოფილიყო ბედნიერება -დაჰკრა უცებ ფეხი საზეიმოდ და ღრრჭ!... ღრრჭ!..

***
თვალს მაგიდის საათისკენ ვაპარებ. მოიტორზეც კი შემიძლია ჩავხედო, მაგრამ იქ წამები რომ არ ჩანს, აზარტს გემოს ვერ ვატან. ერთი სული მაქვს, შვიდის ნახევარი გახდეს და სამსახურიდან გავვარდე, სალის ვხვდები ჩვენს ამოჩემებულ ბარში.
ბოლო დროს ძალიან გადავიღალე. აღარც ფოტოებს ვიღებ და თუ ძალიან აუცილებელი არაა - არც ხმას. იმ კონკურსის პრემიამ ხასიათი კი გამომიკეთა, მაგრამ ცოტა ხნით. მგონი დიდხნიანი კარგად ყოფნის, დროში გაწელილი სიხარულის ნიჭი დავკარგე. უცებ-უცებ მოვილევ ხოლმე კარგად ყოფნას და მერე ისევ ჩემს ყველაფერი სულერთია განწყობის ფსკერისკენ ვეშვები მშვიდად.
სერგომ შემოიხედა და მაგიდაზე ორად მოკეცილი ფურცლის ნაგლეჯი ისეთი მოძრაობით დამიდო, რომელსაც მხოლოდ „რუდუნებით“ შეიძლება შეესატყვისებოდეს. ჩემი მაგიდისკენ მომავალი სერგო და ორად გადაკეცილი ფურცელი ჩემი ყოველდღიური დეჟავუა. დღესაც გავუღიმე, წერილი ისევ წაუკითხავად მოვჭმუჭნე და ისე, რომ სერგოსთვის თვალი არც ახლა მომიცილებია, ურნისკენ მოვისროლე. თავიდან დამიზნებითაც კი ვერ ვაგდებდი. მერე და მერე გამოვიბრძმედე. ეს ერთადერთი საერთო გვაქვს, მეც ვუძლებ მისი წერილის ყოველდღიურ შემოტანას და ისიც - ჩემს ყოველდღიურ მოჭმუჭნვას. ნეტა პირველად რომელს ამოგვასხამს?..
ადრე, ეს რომ გავიდოდა, ვეცემოდი ხოლმე წამის წინ გადაგდებულ ქაღალდს და ვშლიდი იმედით, რომ ეგებ ამჯერად მაინც რაიმე განსხვავებული ტექსტი მომწერა, მაგრამ ამაოდ.
„ეკო სამსახურის მერე ყავაზე გეპატიჟები“ - ყოველ ჯერზე იგივე. სულ ორჯერ იყო მცირედი განსხვავება. ერთხელ კორექტურა გაპარვოდა და „სამსახრის“ დაეწერა, მეორედ კიდევ - ცხოვრებაში პირველად, სიტყვის შემდეგ მძიმე დაესვა. ოღონდ არა პირველი, არამედ ბოლო სიტყვის შემდეგ.
6:57, 6:58, 6:59 - წავედი. ზოგჯერ ასე მზაკვრულად ვპარავ ხოლმე ერთ წამს ჩემს მობეზრებულ სამსახურს და ოთახიდან გამარჯვებულის სიამაყით გამოვდივარ.
_ ლამაზებს სალამი. აბა, რას დავლევთ? - არმენ ოფიციანტი თეთრ კბილს გვიელვებს.
ნეტაი ამას, რომ ამდენი ღიმილისა და კარგ ხასიათზე ყოფნით არ იღლება. და არც ამ უადგილოდ ნახმარი პირველი პირის მრავლობითი რიცხვით ჩემთვის ნერვების მოშლით.
_ რამე ძვირიანს, სასტიკს და დაუნდობელს, რომ ეგრევე გაგვთიშოს. - სიგარეტს ვუკიდებ და ისეთ ნაფაზს ვარტყამ, კვამლის ბინდ-ბუნდში ვეღარც არმენ ოფიციანტის მარადიულ ღიმილს ვამჩნევ, ვეღარც მაგიდის ქვემოდან სალის ფეხის ფეხზე მორტყმას ვგრძნობ.
ეს ნაფაზი ნამეტანი მომივიდა, დამწყები მწეველივით სასულეში გადამცდა და ისეთი ხველება ამიტყდა, უცებ შორიდან რომ შევხედე ჩემს თავს, ხასიათი გამიფუჭდა, იმდენად უშნო და „მიუზიდავი“ ვიყავი. აი, ისეთი, სერგოსაც რომ ვერ გაიმეტებ მისთვის.
_ მორჩა, ხვალ მივდივართ ექიმთან. ძვალი და ტყავი დარჩი. რა გახდა ერთი ანალიზის ჩაბარება? - სალიმაც მოუკიდა, ოღონდ ჩემგან განსხვავებით, კეკლუცად აატრიალა ბოლი პირში და ლამაზად გამოაცურა პომადიან ტუჩებს გარეთ.
_ შენ... კიბოს რომელი ანალიზისგან ადგენენ, სალ? სისხლის, შარდის, ცრემლის, დორბლის თუ ის ძაან გულისამრევი სიტყვა რომაა, იმით - ნაცხი.
_ ფუ, რა დებილი ხარ! - სალი მიღრენს. - მიხვალ ექიმთან და გაიგებ!
ყოველთვის, როცა ასე მიღრენს, ვგრძნობ რომ მასზე მეტი გულშემატკივარი არავინ მყავს და გული მიჩუყდება.
არმენს რაღაც გაურკვეველი ფერის და სუნის სასმელი მოაქვს და მიუხედავად იმისა, რომ გონებაში აკვიატებულად ვიმეორებდი „ნაცხი, ნაცხი“ - მოვსვი თუ არა, მესიამოვნა.
_ შენ... - სალის ვეუბნები. - არ გინდა? წამო იმ ბიჭს დავადგეთ, ქარბორბალიდან აღმოცენებულს. ბოლო-ბოლო მაგის მამულების დამსახურებაა, შენ რომ ახლა ამ ბარში ზიხარ და ამ ცეცხლისფასიან სასმელს მუქთად ცეცხლავ.
_ მდაჰ... დაქალი ხელიდან მეცლება.
ისე ნაძალადევად გაიღიმა, მგონი მართლა წაიეჭვიანა და ამაზეც ავჩუყდისავით. ახლა რომ მახსენდება, ძვირფასი ბავშვობის წლებიდან რამდენი დრო შევალიეთ ერთმანეთის დაკარგვის ფუჭ შიშს, მეცინება. სულ გვეგონა, რომ აი, გავიზრდებით, ჩვენი წილი პრინცები მოვლენ, გავთხოვდებით და მორჩა, მერე ჩემს ფეხებს ვიმეგობრებთ. არადა, თურმე, ჩემს ფეხებს გავთხოვდებით.
_ ეგა ხართ ქალები. - სალიმ სიგარეტი საფერფლის ფსკერზე მიაჭყლიტა და ჭიქა აიღო, მომიჭახუნა. - კუბიკებიან ტორსს დაინახავთ თუ არა, ბავშვობის მეგობარს ნახუიზე უშვებთ. მოდი, ამ ჭიქით თქვენ, ეკა-ეკოს და ერეკლე-ეკოს გაგიმარჯოთ. ცოტათი - მეც. მოდი, ჩვენს სასიყვარაულო სამკუთხედს გაუმარჯოს, ვერან!
_ ნუ, დეგენერატი ხარ, რა! - ვეუბნები და ისეთი ჩახრინწული ხარხარი ამიტყდა, ამს ისევ ის ხველება ჯობდა. მარადმღიმარმა არმენმაც კი მომუწული ტუჩით და შეკრული წარბით გამომხედა.
_ ექიმთან თუ წახვალ, მერე იმ ქარის ძესთანაც წაგიყვან, გპირდები. - მითხრა ბოლო ჭიქის დალევის წინ სალიმ და რომ გადაჰკრა, ლუღლუღით დაამატა:
- ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა მივაგნო იმ ადგილს.
***
დღითიდღე ვგრძნობდი როგორ ვიფიტებოდი, როგორ ვიქეცი კომპიუტერთან მომუშავე, უემოციო, მწეველ, მსმელ და დაჭმუჭნული ქაღალდების ურნაში მტყორცნ რობოტად. ავიჩემე და სალისთვის მიწერილ ესემესებს ბოლოს ვაწერდი: პატივისცემით, რობოტი.
ახალი თანამშრომელი მოგვივიდა, რობერტი ერქვა და მხოლოდ იმიტომ, რომ რობოტი და რობერტი ერთმანეთს ერთიმებოდა, ერთხელ სერგოს მოტანილი წერილი აღარ დავჭმუჭნე. გავშალე, პირველი სიტყვა ჩამოვახიე და ახალთან მივიტანე, ფურცლებით გამოტენილ ფაილში მრავალმნიშვნელოვნად შევუცურე.
ნუ, „მხოლოდ იმიტომ რომ რობოტი-რობერტი...“ ცოტა გაზვიადებულია, ჰო. პლუს სიმპათიურიც იყო, ოხერი.
სერგო აღარ მწერდა და როცა მე და რობერტი იმის მაგიდას ჩავუვლიდით, არაბუნებრივად სწრაფად იწყებდა კლავიატურაზე კაკუნს.
რობერტთან შეხვედრებით ბევრიც არაფერი შეცვლილა. ჩემს რუტინულ რობოტობას კიდევ ერთი, კვირაში ერთხელ ან ორჯერ შესრულებული წინ-უკან, წინ-უკან მოძრაობების რუტინა დაემატა.
ერთხელ მთელი კვირით გადამიცდა და მეთქი ორსულად ვარ. რომ წარმოვიდგინე, ახალ ადამიანს გავაჩენდი, ვიგრძენი, რომ ჯერ კიდევ ძალმიძს სიხარული. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ახლა არ ვარ ფეხმზიმედ, ვერც ვერასდროს ვიქნები.
_ მომილოცე, უკვე ნამდვილი რობოტი ვარ, სალი. ჩემგან სიცოცხლის გაგრძელება წარმოუდგენელი ამბავია. რამე დამჟანგავი საშუალება ხომ არ ჩამექცია სტომაქში?

რობერტი სხვაგან გადავიდა სამუშაოდ, ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს. ჩემს ოთახში შევედი და სერგოს წერილი დამხვდა: „აქედან გადავიდა სათაო ოფისში მეც უკვე სხვას ვხვდები“
მეორე დღეს სალიმ მორიგ გამოკვლევაზე წამიყვანა და ისევ მორჩილად რომ წავყევი და მთელი გზა ხმა არ ამომიღია, მანქანიდან გადმოსული ისევ მანქანაში ჩამდო და ერეკლე ქარბორბალას ძესთან წამიღო სიცოცხლისკენ მოსაბრუნებლად.
მაშინ აღმოვაჩინე და ახლა უკვე ვიცი, რომ რაღაც საიდუმლო სათავსო მქონია შიგნით. ალბათ ყველა ადამიანს აქვს და რაკი არ იციან, ვერც იყენებენ. ამ სათავსოს კარი ჩემი აქ ჩამოსვლისას იღება და მე შემიძლია ჩემი დარდი, უიღბლობა და სასოწარკვეთა ამ ოთახის ზღურბლთან ფთილა-ფთილა ჩამოვიცილო, ბოლტ-გაიკა ჩამოვიბეტყო და შემოვიდე შიგნით სუფთა, მჩატე და მგრძნობიარე. ეს ერთი ბიჭი, ერთი წისქვილი და ერთოთახიანი თავშესაფარი სხვა პლანეტაა. ქალაქის ჭუჭყი აქამდე ვერ აღწევს.
სალის გარეშე პირველად რომ ჩამოვედი, არ დამხვდა. დავეგდე ამ ჩემი მუცელივით ბერწ მიწაზე და თვალდახუჭულმა ვიგრძენი, როგორ მოიყოლა ქარბორბალამ ჩემი ბიჭი და ჩემს გვერდით ფეხმორთხმით დასვა. თვითონ კიდევ, უკვე უამბიჭოდ დაიწყო სირბილი წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, ციდან მიწისკენ და მიწიდან ცისკენ.
_ ქარი მიყვარს. - თქვა და თვალები გავახილე. - ამ წისქვილს ეგ ამუშავებს. მიყვარს აქ ყოფნა.
მივხვდი, რომ ჩემგანაც რაღაც ამდაგვარის მოსმენას ელოდა და მე კიდევ აქ რაღაც მემართება, სულელური ფრაზები მეთქმევინება.
_ ჰო. ძაან კადრია ეს ყველაფერი! - უარესი დებილობის თქმას ალბათ ვერავინ მოახერხებდა.
_ იმათაც მოეწონათ, ხომ?
_ ვის „იმათ“? სალის?
_ არა, იმათ.
დიდი მიხვედრილობით ისედაც არ გამოვირჩევი და ამ ქარს კიდევ სულ მიაქვს ყველაფერი. მეხსიერებაც, მიხვედრილობაც. ვინ იმათ? ვინ ჩემფეხებ იმათ?.. ა, ჟიურის?
***
_ პასუხები როდის იქნებაო? - სალი მეკითხება და პირში ბოლს კეკლუცად ატრიალებს.
_ ექიმთან ამ ერთხელაც იმიტომ მივედი, რომ შემეშვა და ჯანმრთელობის თემაზე კრინტი აღარ დაძრა.
ველოდები, რომ შემომიღრენს და წინასწარ გული მიჩუყდება, მაგრამ არა. სალი არმენს უღიმის და არმენიც, უნებურად, ჩემთვის მოტანილ ჭიქასაც სალის წინ დებს. რატომღაც ყელში ცრემლი მადგება და ვფიქრობ, აჰა, უკვე რობოტადაც აღარ ვვარგივარ. ხფთუ.
***
ფილტვები რომ ბოლომდე მევსება ნიკოტინით, თვალები რომ მიწითლდება მონიტორის ყურებისგან, თავი რომ მეისკდება ფიქრისგან, ხმა რომ მეღლება უფროსთან ძალით დათაფლული საუბრისგან - ქალაქიდან წისქვილის ბიჭისკენ გავრბივარ.
_ ღმერთმა ყველაფერი მისცა ადამიანს, ბუნებაში ყველა რესურსი არსებობს ბუნებრივად. უბრალოდ უნდა აიღო და გამოიყენო. აი, თუნდაც ეს წისქვილი. ქარი ამუშავებს. სრულიად უფასო და ეკოლოგიურად სუფთა ქარი, გესმის?
მიწაზე გვერდიგვერდ ვწევართ. მე მას ვუყურებ, ის წისქვილს ზემოთ ცნობისმოყვარეობისგან აბრიალებულ მზეს უჭუტავს თვალს. ხელს ნელ-ნელა ვაჩოჩებ და ჩემი ნეკით იმის ნეკს ოდნავ ვეხები.
_ უამრავი საშუალება არსებობს, ადამიანმა ისე მოაწყოს თავის ცხოვრება, არც ჰაერი დააბინძუროს და არც ფული გააყოლოს წყალს.
მინდა ხელი ხელზე დავადო და ვერა. ვაიმე, ხალხო! ამხელა ქალი ვარ და ხელის ხელზე დადებაზე ვამბობ, რომ ვერა. გადარჩენილი ვარ, ამ ჩემს საცოდაობას სალი რომ ვერ ხედავს.
_ ტრანპორტი ავიღოთ. ეს გამონაბოლქვი ხომ შხამია. ამდენი ორსული სუნთქავს, ამდენი ბავშვი...
ეს „ორსული“ და „ბავშვი“ ცოტათი მიფუჭებს განწყობას, მაგრამ არ ვნებდები. გვერდით მიდგმულ ნეკა თითს ფრთხილად ვწევ და იმის ნეკაზე ვდებ. „არათითი, შუა თითი, საჩვენებელი“ გულში ვთვლი და აჰა, უკვე ოთხი თითი მიდევს იმის დიდ ტორზე. ცერი დამრჩა ჰაერში დაძაბულად აშვერილი.
ვაიმე, სალი, დაო, ნეტაი მხედავდე და გებრალებოდე.
_ აბა, ძველად, ურმების და ცხენების დროს ამდენი დაავადება იყო? - ეს თავისას მიერეკება.
„დაავადების“ ხსენებაზე ჩემი ბოლო დროს საეჭვოდ, თავქუდმოგლეჯით გაქცეული კილოგრამები გამახსენდა, მაგრამ უცებვე დავივიწყე, რომ ხასიათი არ მომშხამვოდა. დავუშვი როგორღაც ეს ცერიც იმის ხელზე და ისე ვარ - წუთში რეკორდული რაოდენობის დარტყმაზე ავიდა გული ჩემი მგრძნობიარე.
_ ხო არ იყო?
ეს უკვე რიტორიკულ შეკითხვას არ ჰგავს და მეც მორჩილად ვპასუხობ:
_ არა, სად იყო?!

უკანა გზაზე ვერ მოვითმინე და სალის ესემესი მივწერე:
„მგონი ცოტა მოდებილოა.“
სანამ ჩემი მიწერილი ორჯერ გადავიკითხე, პასუხიც მოვიდა: „მგონი ცოტა იმპოტენტიც. ჰაჰა. სექსი კი არა, ეგ მგონი არც აკუებს, რო ჰაერი არ წაბილწოს და გარემო არ დააბინძუროს. ჰაჰა.“
„ჰაჰაა“  მივწერე გულდამძინებულმა და ვინანე რომ მივწერე, ოღონდ ეს ბოლო კი არა, პირველი ესემესი ვინანე.
***
სალი შეგნებულად არ ვნახე, ტელეფონი გამოვრთე და წისქვილისკენ გზას დავადექი. ფურცელი აქეთ ჯიბეში ჩავიდე, თითქოს მობილურთან კონტაქტის შემთხვევაში მიეცემოდა ძალა და ასე ცალკე ჯიბეში გამოკეტილი არაფერს ნიშნავდა.
გზაში ძალიან ვეცადე არაფერზე მეფიქრა და რომ ჩავედი, ვეცადე ყველაფერზე მეფიქრა ამის გარდა. მაგალითად, პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ მე ამ წისქვილში დაფქული ხორბალი არასდროს მინახავს.
ქოხში შევედი თეთრი, თვალებამოღამებული და ვფიქრობ, ხომ ნამდვილია ეს ბიჭი, ეს ამბავი. თუ ნამდვილია, ჯადოსნურიც ხომაა დაა იქნებ ყველაფერი სხვანაირად მოხდეს. ადგა, მომეხვია, შენი ფერი არ მომწონსო, თავზე ხელი გადამისვა და მერე ისევ დაჯდა, ჯამში ჩაყრილი ჭიანი ვაშლების თლა განაგრძო.
_ ჩემი ეზოსებია. ნიტრატებიანი კი არაა. ქალაქსი რომ პლასტმასის ხილს ჭამენ, იმიტომაა იმდენი ავადმყოფობა. ესენი ჩემი ეზოსებია.
სად აქვს ეზო, არ ვიცი. აქ მარტო ქარია. იმ ეზოზე ვფიქრობ, ვაშლის ხეზე, ხეზე მცოცავ ჭიანჭველებზე - ყველაფერზე, რომ ფიქრი სხაგან არ გამექცეს.
_ დარჩები ამაღამ? - უცებ მეკითხება, თან ვაშლის ჯამს თვალს არ აცილებს.
გადამცდა და ამიტყდა ისევ ხრინწი და დოზანა.
_ კი. - ვანიშნებ და იღიმის.
ღმერთო, ხომ ხარ, სადაც ხარ და აჰა, გადმოგვხედე. რა გულმა უნდა გაგიძლოს?
_ ჯერ მხოლოდ სანთელი და ვარსკვლავები გვაქვს, ღამის განათებად - გათლილ ვაშლს მაწვდის. - მაგრამ მზის ჰელიო პანელით რომ გადავხურავ, მერე შუქიც გვექნება, დენიც. ერთი ჩვეულებრივი ზომის სახლის გადახურვა რომ ავიღოთ, მაგალითად. 50 დღის განმავლობაში სადღაც 1100 კილოვატს გამოიმუშავებს. წარმოგიდგენია?
კილოვატების წარმოდგენა ჩემს ძალებს აღემატება, მაგრამ თავს ვუქნევ.
_ ამ წისქვილსაც მალე ავამუშავებ. ჩემს სოფელში მდინარეზეც ჩაგიყვან.
მეტირება და ძალით ვახველებ, ვიმიზეზებ, გარეთ გამოვდივარ.
მობილურია ამოსაღებად ჯიბეში ხელს ვყოფ და გველნაკბენივით უკან ვიღებ. მერე მეორე ხელით, მეორე ჯიბიდან მობილურს ვიღებ და ვრთავ. სალის უამრავი მესიჯი მომდის. არცერთს არ ვკითხულობ და არ ვიცი რატომ, ამას ვწერ:
„აქ ვარ, მოხდა მოსახდენი.“
„აბა, აწი ეგ გააკუებს კიდეც. ჰაჰა.“
„ჰაჰაა.“ - ვწერ და ვნანობ, რომ მივწერე. ის პირველი არა, ეს ბოლო.
წისქვილს ვუყურებ, გარშემო ვიყურები და თავს უცნაურად ვგრძნობ. თითქოს ჩემს გადარებულ კადრში ვდგავარ. წარმოვიდგინე, რომ ავიწიე მაღლა. მაღლა და ზემოდან ვიღებ ამ კადრს, ოღონდ ჩემი თავი კი არ დგას, გულაღმა წევს და შემაჟრჟოლა.
ღმერთო, - გულში ვამბობ. - ახლა მე ამ ქოხში შევალ, ღმერთო და მე ხომ ვიცი, შენ ყველაფერი შეგიძლია.
ქაღალდს ჯიბიდან ვიღებ, ქარი მართმევს და ზემოთ-ზემოთ ისე მსუბუქად მიაფარფატებს,  თითქოს ამსიმძიმე დიაგნოზი არაფერს ნიშნავდეს.


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:46:47
მოთხრობა #12

ქალაქელი ნაძვი უჰაერო სამყაროში

ქალაქში, ქუჩის კუთხეში, ნაძვის ხე იდგა, უკვე შუახნის, მრავალი ისტორიის მომსწრე. პატარა ნერგი იყო , როცა დარგეს და მაშინვე ასფალტი დაასხეს ფესვებზე. უჭირდა, საბრალოს, გაზრდა, ბევრი იწვალა, მიწიდან ყველა რესურსი გამოიყენა და ბოლოს ტანი აიყარა. მართალია, სუსტი და ფერმკრთალი გაიზარდა, მაგრამ შეეგუა ქალაქურ ცხოვრებას, სადაც დარგეს, იქაური ქუდი დაიხურა.
ნაძვი ყველაფრის მომსწრე იყო, როგორ გადიოდა დრო, იცვლებოდა ხალხი, ხან ინგრეოდა, ხან შენდებოდა ქალაქი. მის წინ იწერებოდა აპრილის ტრაგიკული და სამოქალაქო ომის ისტორია. სამყარო მის ირგვლივაც შეიცვალა, ადამიანმა ტექნიკური განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. რა არ გამოიგონა ცხოვრების გასამარტივებლად, ხელოვნური ინტელექტიც კი შექმნა და გონების დანიშნულება ნელ- ნელა შეზღუდა. დრო აჩქარდა თუ დედამიწის ღერძი მართლა გადაიხარა, ამაზე ჯერაც თავს იმტვრევენ, მაგრამ ადამიანი კი აჰყვა დროის ამ სიჩქარეს, ფეხით ვერ დავეწევიო, ალბათ, და აივსო სამყარო პრიალა რკინის ყუთებით.
მათი გამონაბოლქვით ნაცრისფერი და სქელი გახადა ჰაერი. გაუჭირდათ სუნთქვა ადამიანებს , მაგრამ კომფორტის მოშლას ავადმყოფობები არჩიეს და ასეთი ჰაერის სუნთქვასაც შეეჩვივნენ ბოლოს. ნაძვსაც გაუჭირდა, წიწვები გაუყვითლდა, შავი მტვერი მოედო მთელ ტანზე. ღამით ახველებდა კიდეც. მარტო იდგა ქუჩაში, სხვა ხეები, რომლებთანაც წლები მეგობრობდა, მოჭრეს და მათ ადგილას ახალი კი არ დარგეს, დიდი შენობები წამომართეს. 
ახლა რაღა ექნა საბრალოს, მარტო როგორ გაწმენდდა ქალაქის მტვერსა და ჭუჭყს. ნელ- ნელა დაიწყო კვდომა ადამიანებთან ერთად, თან ფიქრობდა თავის დობილ- ძმობილებზე, რომლებიც მხრებგაშლილნი კორომებად ცხოვრობდნენ ტყის სივრცეში, შედარებით ჯანსაღ გარემოში. ეჰ, ნეტავი, მისთვისაც ბედს მათთან ცხოვრება მიენიჭებინა. უცებ გაახსენდა, რომ ხეების ტელეპათიური ნიჭი გამოეყენებინა და მათთვის საშველად ხმა მიეწვდინა.
მისი შეტყობინება- სიგნალი ტყის პირას მდგარმა დიდვარჯიანმა მუხამ მიიღო, მან კი ქალაქიდან მოსული დახმარების თხოვნა მთელ ტყეს გადასცა. სრულიად ფლორა და ფაუნა დაირაზმა, ქალაქელ ნაძვთან ტელეპათიური კავშირი აღადგინეს. მართალია, ქალაქელ ნაძვს უჭირდა ძლიერი ტალღების გაშვება (აქაურ ცხოვრებას ეს უნარიც დაეთრგუნა მასში), მაგრამ დაგვიანებით ხეები მაინც ახერხებდნენ თანამოძმის გადმოცემული სიხშირის მიღებას. ქალაქელი ნაძვი მათ ატყობინებდა, რომ ჰაერი იმდენად დაბინძურდა, სუნთქვა ჭირს. ადამიანებიც უცნაურად შეიცვალნენ, ფეხით აღარ დადიან, ხეებს აღარ რგავენ, ყველგან ნაგავს ყრიან და მერე წუხან, წყალი და საკვები რატომ წამლავს მათ. ისეა მათი საქმე, ერთი ხელით აგებენ, მეორით-ანგრევენ.
იცოდნენ ტყის ბინადრებმაც ადამიანის ბუნება, ცოტა უნახავთ მათგან მოჭრილი ხე, დახოცილი ნადირ- ფრინველი? უკვირდათ ის, რომ ადამიანი თავისი დაუდევრობით თვითონ ქმნის კატაკლიზმებს, მერე მსჯელობენ გარემოს დაბინძურების პრობლემებზე და რეალობას თვალს კი არ უსწორებენ , ვიღაცას თუ რაღაცას აწერენ ყოველივეს. დედამიწა ავგიას თავლას დაამსგავსეს, ახლა იმის ცდაში არიან, თავი სხვა პლანეტაზე დამკვიდრებით გადაირჩინონ. ცაში მთვარეს პატარა ბავშვივით ეპოტინებიან , ზოგ ვარსკვლავს მარტო ოცნებით კი არა , ფეხითაც მისწვდნენ. ამაში მონახეს კაცობრიობის გადარჩენის გამოსავალი.
ასე საუბრობდნენ ხეები და მთელ სამყაროს ეწოდებოდა მათი გულისტკივილი . შეწუხდა ბუნება.ღრმა ფიქრებს მისცა თავი. “მთებმა კაცობის გვირგვინი- ნისლი მოიხვიეს თავზე, ჩაჩქნები აახმაურეს, მისი მკერდიდან გადმომავალი წყაროც წამიერად გაირინდა, ბუნების ჩივილს ყური მიუგდო, პრობლემა გაითავისა და ისიც დაფიქრებული გადაეშვა უფსკრულში, არა დასაღუპად, უხვ წყლებთან შესაერთებლად."
,,ხმელ წიფელსაც გადაავიწყდა თავისი სადარდებელი, სხვა ხეებიც აღარ უყურებდნენ ამრეზით, რა დროს მტრობა იყო, მათი მასაზრდოებელი დედამიწა იყო გადასარჩენი".
,,თვალჟუჟუნა იამაც გაიღვიძა. თავი ამოჰყო, ფოთლები გადაიყარა და ცას ღიმილით შეხედა. გაუკვირდა, წვერხმელი ხეები რატომ აღარ დაჰხაროდნენ თავზე, მისთვის ფოთლებზე წვეთ- წვეთად შემონახულ ცვარს რატომ აღარ ასხურებდნენ ლამაზ კაბაზე.მიხვდა რაღაც აღარ იყო ძველებურად, ყური მიუგდო
ხეების საუბარს და მიხვდა, რასაც შეეწუხებინა ბუნების შვილები.თვითონაც დამწუხრდა, თან ფიქრობდა, რა შეეძლო გაეკეთებინა ,, ადგილის დედისთვის." მის გვერდით დობილმა სასუტელამაც გაიღვიძა, სალამი უძღვნა, გაუღიმა. რამდენიმედღიანი სიცოცხლე უხაროდა საბრალოს , ყველას თავს უკრავდა, მაგრამ საოცრებავ, მისთვის თითქოს არავის ეცალა , რაღაც უჩვეულო ფუსფუსს მოეცვა გარემო. დობილს ჰკითხა ამის მიზეზი, როცა შეიტყო, რომ იმ ადამიანმა, რომელმაც მის წინ ჯერ ხე მოჭრა , მერე ქედანს თოფით ხმა გააკმენდინა, მთელი დედამიწა ისე დააბინძურა, სუნთქვა გაჭირდა, ძალიან შეწუხდა და ტირილი დაიწყო. ფიქრობდა საბრალო: ,,თუ სამყარო ასე დაბინძურდა , მცენარეები ვეღარ გაიზრდება, მისნაირი ყვავილები აღარ მოუტანს საზრდოს ფუტკარს, რომელიც ასე თავდაუზოგავად შრომობს ადამიანისთვის. რატომ არ ბაძავს ადამიანი ამ მწერს, არ ეცნობა მის ზნეს კარგად, რომ შერცხვეს მაინც".
,,მგლები იკრიბებოდნენ მაღალ გორაზე. ყმუილით მოუხმეს ერთმანეთს. შეკრების მიზეზი აღარ იყო შიმშილი, ან ვის ახსოვდა იგი, პირადზე აღარ ფიქრობდნენ , საზოგადოებრივ პრობლემას შეეკრიბა და გაეერთიანებინა ისინი . წინამძღოლ ტოტიას ყურს უგდებდნენ, მის გამოცდილებას ენდობოდნენ , პატივისცემით ეპყრობოდნენ, არც შჭმას დაუპირებდა რომელიმე. სასტიკი მგლური ჩვევებიც კი დაეთრგუნათ, ერთი მიზნით შეკრებკლებს.
მთვარემ ჯერ ყური ამოჰყო, მერე ბნელი კუნჭულებიც გაანათა , თუმცა მგლებს მისი აღარ შეშინებიათ, გორაკზე დაყუნცულნი , სადარდებელს მისცემოდნენ".
მთვარის ვერცხლიფერი საბანი მთელ დედამიწას მოეფინა. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა მიწის მთელ ზედაპირზე სასიგნალო ,, sos" წარწერას , მაგრამ ეძინა ადამიანთა მოდგმას. არ ეძინა დიდი პრობლემით დასევდიანებულ ბუნებას , არც ქალაქელ ნაძვს, რომლის გაყვითლებულ წიწვებს მთვარის ვერცხლისფერი მძივებივით მოჰხვეოდა.



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 04:47:53
მოთხრობა #13

‘’ჩემი წილი ჰაერი’’

ადგა კი არა, აიზლაზნა. თვალებმოჭუტულმა საძინებლის კარი ფრთხილად გახსნა და ფრთხილადვე ზურგსუკან გაიხურა, ბავშვები არ გავაღვიძოო. ტუალეტში შევიდა, მოშარდა და წყალში გარეულ სისხლიან შარდს ცოტა ხანს დააჩერდა. პროსტატის კიბოაო, უთხრეს,( ალბათ ბოლო სტადიაო, თვითონ ფიქრობდა). ექიმთან მარტო ერთხელ იყო მისული ორი წლის უკან და უფულობის გამო რამდენიმე უფასო გამოკვლევა ჩაიტარა და წამოვიდა, მკურნალობა ვერ მოახერხა. ტუალეტის გვერდზე მდგარი ვედროდან წყალი პლასტმასის ჭიქით ამოიღო სამჯერ და ჩაასხა, სისხლიანი შარდი წყლისფერი გახადა და სისხლს ვეღარავინ შეამჩნევდა.
სარკეში ჩაიხედა, კბილმოტეხილი შავი სავარცხელი, თავზე რუდუნებით გადაისვა. მელოტი ადგილი გადამალა თხელი, გასხეპილი თმით და სარკეს მოშორდა. ხალათი, საყელოსთან გაწყალებული , მაგრამ რძლის მიერ ლამაზად გაუთოვებული, ჩაიცვა და ბოლომდე ღილებით შეიკრა ისე, თითქოს და ზედ ჰალსტუხიც უნდა ჩამოეკიდა და ისევ ძველი დრო იყო, როცა რაიკომში მიიჩქაროდაო. მესამე მდივნობა რაიონის რაიკომში პატარა საქმე კი არ იყო... პარტიული სხდომები, ქალაქიდან ჩამოსული სტუმრების მიღება, იქაური მოსახლეობის თხოვნების დაკმაყოფილება თუ ვერ დაკმაყოფილება, სკოლა-ბაღებსა თუ ფერმებში სიარული, სადაც უნდა გეკითხათ გივი გვენეტაძეო,  ყველა სცნობდა ტყიბულში. ყველა თავის დაკვრით ესალმებოდა ან ხელის ჩამორთმევით, მაშინაც კი როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და დარჩა შუქჩამქრალი ფოსტის ყარაულად, მერე კი მაქედანაც გაათავისუფლეს, რადგან შტატების შემცირებაში მოხვდა.
ისეთი შავი ქოჩორი ჰქონდა შავ-შავ წარბებ ზემოთ, გეგონებოდათ ბღუჯა- ბღუჯა შეაყარეს თმა და თუშური ქუდივით ჩამოაფხატეს ლამაზ სახეზეო. უთმობას ასაკშიც ვერ ეგუებოდა, როდის გაუთხელდა თმა კეფაზე, ან როდის დასცვივდა ან როდის გაუთეთრდა, არც კი შეუმჩნევია. მარტო ის ახსოვს, რომ შუბლზე ჩამოშლილი სქელი თმა აღარსად იყო ერთ დღეს, მაგრამ მაინც, ყოველ დილა,  სარკის წინ იდგა და საგულდაგულოდ ივარცხნიდა. თავი ისევ 34 წლის ეგონა, რაიკომის მესამე მდივნად რომ დანიშნეს. დღესაც, ისევ ისე, გაივლიდა ხოლმე ტყიბულის ქუჩებში დირექტორივით ხელებზურგს უკან გადადებული. დინჯად მიესალმებოდა ბირჟაზე მდგარ უსაქმურებს თუ უბრალოდ გამვლელ- გამომვლელებს, მოიკითხავდა კიდეც ზოგს ღიმილით და ხან ვის მიაკითხავდა სამსახური მომეცით ან დამეხმარეთო და ხან- ვის. ამ დღეს კი ბედმა გაუღიმა. კარი შეხსნა და  ნოდარი დახვდა, ხოშტარია, თავისი კლასელი, ერთ-ერთი მაღაროს უფროსის მოადგილედ დაეწყო მუშაობა. მიგიღებ განა არ მიგიღებ, მაგრამ ასაკიანი ხარ და გაგიჭირდებაო. მე ისე უფრო მიჭირს, ჩემო ნოდარ, ნახევრად მშივრები რომ იძინებენ ჩემი პატარა შვილიშვილებიო. ნოდარმა, შრომის კოდექსი მაქვს, ჩემო გივი, აგერ და წაგაკითხებ თუ გინდაო. ჩემს ბიჭს გამოგიგზავნი მაშინ, ისიც ჩემხელა ხომ არააო, სიტყვა შეაშველა საჩქაროდ გივიმ და ნოდარმაც,  შენს ბიჭს მივიღებ, რა თქმა უნდა, ორშაბათს მოვიდესო.
***
გოგა ღამის ცვლაში მუშაობდა. საღამოს რვაზე გადიოდა სახლიდან და მეორე დღის ცხრაზე ბრუნდებოდა. ცირა, გოგას ცოლი, ზემოთ ღმერთს უხდიდა მადლობას და დაბლა კიდევ -მამამთილს, კიდევ კარგი, დაიწყო მუშაობა გოგამ და ცოტა ამოვისუნთქეთო.
გივის, ძალიანაც არ ემეტებოდა შვილი მაღაროსთვის, მძიმე სამუშაოს ვინა ჩივის, ჰაერიც კი არა აქვთ იქ მომუშავეებსო... მაგრამ გულს იმშვიდებდა, რაღაც იქნებ მოხდეს სასწაული, წინ წამოვიწიოთ, და თავს დაანებოსო. კვირა კვირას მიყვებოდა, თვე _ თვეს და გოგას დაბალი ხელფასი ოჯახს საჭმლის ფულად ძლივს ყოფნიდა.
***
გივის ბაღჩაში ლამაზად ჩამწკრივებულ კონსერვის ყუთებში შვილიშვილების დარგული კაკლები ჰქონდა. გადარგვის დრო ჯერ არ ჰქონდათ, მაგრამ მაღაროსთან უნდა წავიღო და სულყველა იქ გავახარო, რომ სუფთა ჰაერი ჰქონდეთ მუშებს, როგორც კი მაღაროდან ამოვლენო. გოგასთან ერთად, კვირაში ორ-სამჯერ გაგანია სიცხეში გადიოდა, რწყავდა, მიწას უფხვიერებდა და თავს დაჰფოფინებდა პატარა ნერგებს.
***
სექტემბრის ბოლოს გოგას ხველა დასჩემდა, ნახველს სისხლსაც აყოლებდა და ხშირი ხველებისგან ჩაწითლებული, ადრე ლამაზი, ციმციმა თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა.  დასუსტდა, ადრე თუ ხილ-ბოსტნეულის მოვლაში ეხმარებოდა მამამისს,  ახლა სამსახურიდან მოსული მიეგდებოდა ხოლმე გამურული სახით, ტანსაცმლით, სქელი ფეხსაცმლითვე ტახტზე და უჭმელადვე იძინებდა.
გივი, გოგას ერთ შაბათ დღეს მაღაროში ჩაჰყვა. სად მუშაობთ და რას აკეთებთ სულ მაინტერესებდა, როცა რაიკომში ვმუშაობდი, მაგრამ ვერასოდეს მოვედი და ვნახეო, მოიტყუა. გოგამაც, თავის ზედამხედველს სთხოვა რამდენიმე მეტრში შევიყვან მამაჩემს, ქუდი და პირბადე მათხოვეო და შეიყვანა. ყარდა იქაურობა, სიბნელეში შესული გამურული მუშები ქვა- ნახშირს აყრევინებდნენ კედლებს, ზოგი კი ცოტა მოშორებით რკინის რელსებზე შემდგარ დაჟანგულ მატარებელზე ახვავებდა ჩამოყრილ ქვა - ნახშირს.
გვერდზე ვიღაც, გოგასხელა ბიჭი მიუდგა და თავი დაუქნია. ალბათ, იცნობდა გივის. გივისაც მეტი არაფერი უნდოდა, ლაპარაკი დაიწყო:
-აი, კომუნისტებს უფრო მეტი რომ დაგვცლოდა, პირობები ასეთი გაუსაძლისი არ იქნებოდა აქ მომუშავეებისთვის.  იმდენ რამეს ვაპირებდით მიწის ზემოთ და განსაკუთრებით კიდე მაღაროებში, მაგრამ ვინ დაგვაცალა...რა ჯანმრთელობა უნდა შერჩეს აქ ადამიანს, ჰაერი რა არის, ეგეც არ გაქვთ!
-ჰაერს ვინ ჩივის, ხელფასები არა გვაქვს, ბატონო გივი,_  შესჩივლა გამურულსახიანმა ბიჭმა.  -ერთ ტონაში ასე ცოტას უნდა გვიხდიდნენ, როცა ასეთ სამუშაოზე, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ხელფასებიც მაღალია და სხვა შეღავათებიც ბევრი! ექიმთან რომ გვჭირდებოდეს წასვლა, ვერ წავალთ, დაზღვევა რა არის, ეგეც არ გვაქვს და რომ ვკვდებოდეთ, არავის ადარდებს ჩვენი ჯანმრთელობა... სამსახურები რომ არ ჭირდეს, განა აქ ვინმე იმუშავებდა? მაღარო, ან ოცდამეერთე საუკუნეში, რა საჭიროა საერთოდ, როცა გაზი- აირი უფრო იოლი მოსაპოვებელია?_ ბიჭმა ცოტა ხმას დაუწია და თანამშრომლებს გადახედა შეშფოთებით.
-შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ, ბიძია, და შენი ადგილი აქ კი არაა, აი, სულ ზემოთ არის!_ გივიმ მხარზე გადახვია ხელი ბიჭს და გვერდიდან, როგორც შვილი, ისე მიიხუტა.
იქიდან დაბრუნებლმა, მთელი დღე და ღამე ვერ მოისვენა. გათხრილ გვირაბში გოგას ხველის ექო უფრო ესმოდა ყურებში, ვიდრე აგრიხინებული დანადგარებისა.
ადგა დილით ადრე, როცა შვილიშვილებსაც და რძალსაც ისევ ეძინათ, გადაივარცხნა რამდენიმე თმის ღერი თავზე, ჩაიცვა კომუნისტების დროინდელი ცისფერი ხალათი, შეიკრა ღილები ყელამდე, კარი ჩუმად გაიხურა და აჩქარებული ნაბიჯებით გაეშურა მაღაროს უფროსის მოადგილის, ნოდარ ხოშტარიას, ოფისისკენ. იცოდა, დილის შვიდ საათზე არავინ იქნებოდა იქ, მაგრამ ერჩივნა გარეთ ყოფნა და თავისთავთან საუბარი, ვიდრე სახლში დარჩენა. ფეხით სად არ იარა და ცხრა საათზე კარზე მოწიწებით დააკაკუნა. სათვალის ზემოდან მიმღებმა ქალმა გადმოხედა და უკმეხად ჰკითხა: ჯერ ხომ არ გათენებულა, რა იყოთ, ბატონო,  დაბარებული ხართო?
-არა, მაგრამ ნოდარი ჩემი კარგი მეგობარია და ნახვა მინდა, _ჩაილუღლუღასავით მორცხვი მოსწავლესავით და თავის თავზე გაბრაზდა, ჩემი შვილისხელა გოგოსთან რა ხმა ჩამიწყდა ყოფილ მესამე მდივან კაცსო.
-ჯერ არ მოსულა,_ ცივად უპასუხა ქალმა და დაელოდა გივი კარს როდის გაიხურავდა, რომ ტელეფონში კირკიტი გაეგრძელებინა ისევ.
-კართან მოვიცდი, ხომ მოვა როცა იქნება,_ პასუხს აღარ დაელოდა და გარეთ კედელს აეკრო გამხდარი ტანით.
გონებაში რამდენჯერ დაიწყო და დააჯერა ნოდარი, რომ კარგი აზრი იყო, მისი სამსახურში აყვანა, ვერავინ მიხვდებოდა გ. გვენეტაძე გოგა იყო თუ გივი, მის ადგილზე ნებისმიერი მამა ასე იზამდა, რა შენ კი არა, ნოდარ, რომ იცოდე, შენს ბიჭს ფილტვებში პრობლემა აქვს და მაღაროში მუშაობს? იქნება კი არა, მაღაროდან აიკიდა ეგ ოხერი ხველა. ისედაც, უჰაერობა, უჟანგბადობაა მაღლაც კი და რა საშინელებაა დაბლა, შენც ხომ იცი, არა?! წლებია ხეებს ჭრიან და ტყე გაჩანაგებულია, ხეების დამრგავი კი არავინაა. კომუნისტების შემდეგ მანქანები მომრავლდა, თან უფრო უარესი, ძველ დროს ნაყიდი გრუხუნა ჟიგულები და კოლხოზნიკები,  ტრაქტორები თუ დიდი მანქანები ისევ დადიან გზებზე და მათი გამონაბოლქვი....ჰოდა, აქაც კი არაა ჰაერი, მაგრამ ჩემი თავისა მშურს მე მიწაზე და ის კი მიწიქვეშ! აი, რომ შემეძლოს ჩემი წილი ჰაერის პეშვებით ძირს ჩატანა, სულ მას ჩავუტანდი, ოღონდ კი ეგ ხველა მოეშორებინა.  მე ჩემი ავადმყოფობა და  დარდი დამავიწყა მაგაზე ნერვიულობამ (ალბათ, მკითხავს რა დარდიო, რა ავადმყოფობაო და სიტყვას გადავუტან, ან კი საერთოდ არ ვახსენებ ჩემს თავს) ჰოდა, ნოდარ, შვილებს გაფიცებ, უარს ნუ მეტყვი, ვერავინ ვერ მიგიხვდება ღამის საათებში გოგაა მანდ თუ მე, რაც გინდა დამავალე, გოგას საქმე, ან რამე უფრო ძნელი, იოლი... ეგ შენი გადასაწყვეტია, ოღონდაც უარს ნუ მეტყვი, ძმაო. ერთი გამოკეთდეს და დაბრუნდება აბა, რას იზამს?!.... კი ვეტყოდი გოგას, აიღე შვებულება, შვილო, წადი ექიმთან მეთქი, მარა როგორ წავა? ფული არ აქვს... მისი ხელფასით ოჯახი ძლივს გადის იოლას, ბავშვები ყავს ორი პატარა, ტყუპი, ხო იცი, ენაცვალოთ მაგათ ჩემი თავი...  მათ რამდენი უნდათ, კი იცი შენც!  მე პენსიაც არ მაქვს ჯერ, რამდენიმე წელი და მექნება მერე. ვისთან არ მივედი, არავინ მაძლევს არაფერს, სადაა სამსახურები? ტყიბულში მარტო მაღარო გვაქვს და შენც იცი, რომ  არაა გადასარევი ხელფასები და პირობები და სახიფათოც კია....მაგრამ ყველა აქ მუშაობს...აი, თავიდანვე, რომ გთხოვე გოგა აგეყვანა, გული კი მეთანაღრებოდა , ძმაო, მაგრამ უსახსრობამ და ბავშვების ყურებამ მათხოვნინა ეგეც...ჰოდა,  მიწაზე ვმუშაობ სულ ისედაც, არ თქვა ყოფილ მესამე მდივანს, მაღაროს გაკადრებო, (გაიცინა, და პირზე ხელი აიფარა, თითქოს და არავინ დამინახოს და მკითხოს მარტო კაცს რა გაცინებსო) მესამე მდივანი ვიყავი, ისე როგორც ამ თავზე თმა აუარება მქონდა, ფულიც მქონდა,ცოლიც მყავდა,  მაგრამ აღარც ის მაქვს ახლა, აღარც ეს და იქნება დამთანხმდე რა... სკოლიდანვე მიცნობ, თქმით არავისთან არაფერს რომ ვიტყვი, ხომ იცი და გოგას ძმები არიან მაღაროელი ბიჭები, მაგათ სიტყვა არ დასცდებათ! გოგამ მიწისქვეშ სულ სხვაა მეგობრობაო , სადღეგრძელო თქვა ისეთი, მოვკვდი კაცი. მეგობრობა სცოდნიათ მაგათ თუ სცოდნიათ, ვინმე რომ კვდებოდეს და იცი , თუ მიხვალ შენც მოკვდები, მაინც წახვალ დასახმარებლად, ერთი წუთიც კი არ დაფიქრდებიო! ჰოდა, ასეთები, შენც ხომ იცი, არ გამცემენ, არა?! თუ გამცემენ კიდე, თქვი, მე არაფერი ვიცოდი, ღამე მიდიოდა და მუშაობდაო, მე დამაბრალე, რა გინდა ძმაო....მე  მიწის ქვეშ ქუდიანს და პირბადიანს შენც კი ვერ მიცნობ იმ სიბნელეში, და ვინ უნდა ჩამოვიდეს და შემამოწმოს დაბლა იმდენ მუშაში სახეზე, ჰა?! ( დაიჯერებს, დამთანხმდება, არაა გაუგებარი და რაც მთავარია, სუსტია ჩემსავით, ლეღვის ტოტიაო, იტყოდნენ ხოლმე სკოლაში, საითაც გადასწევ, იქით გადაიწევაო) აი, მოდის, მაგის მანქანაა , გადმოვა ახლა და ჩამოვართმევ ხელს. შევყვები და ვეტყვი, ჩუმად სალაპარაკოა მეთქი, იქნება სხვაგან ვილაპარაკოთ სადმე, კედლებსაც კი ყურები აქვთ ახლა!

ხმა ჩაუვარდა, ვერ უთხრა, გარეთ ან სადმე ვილაპარაკოთო... აწითლებული, ჩქარი ნაბიჯით წინ გაუძღვა ნოდარს. კარი ზურგსუკან კარგად მიკეტა და უცებ დაიწყო, ენა პირში ნაფოტივით ედებოდა, ძლივს იმორჩილებდა, მაგრამ დაიწყო და აღარ გაჩერდა. ეგონა, გული საგულედან ამომვარდებოდაო, მაგრამ  ზუსტად ის თქვა, რაც უნდოდა. როგორც უნდოდა. გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გიჩვენებო, ბებია ეტყოდა ხოლმე და ასე იყო ზუსტად!
***
სახლში შესულს, რძალი შემოხვდა, მეზობლის პანაშვიდზე მივდივარ, სუპს ცოტა წყალი ჩაამატე და შენცა და გოგასაც გეყოფათო.
წყალიც ჩაამატა, ბაღჩიდან მწვანილიც ამოიტანა და წვრილად ჩააჭრა, გაგემრიელდება ცოტა მაინცო. საწვნით ზემოდან წყალი თავისთვის მოხადა და რამდენიმე ცალი კარტოფილი და ბრინჯი გოგას დაუტოვა ქვაბის ფსკერზე.
ჭამას რომ მორჩა, თავის ოთახში შევიდა, აიღო კალამი და ფურცელი და წერას შეუდგა.
‘’გოგა, შვილო, ნოდარი შემხვდა დღეს და მითხრა, გოგას ჯანმრთელობა რადგან არ უვარგა ამდენ უჰაერობაში ყოფნით, ორთვიან შვებულებას ვაძლევთ და ხელფასი ჩვეულებრივ დაერიცხებაო. როგორია, აბა? თან ნეტა, ვის ადარდებ, ძველი რაიკომის მდივანიო,  თუ არ ვაინტერესებ არავის, ნოდარი ორ თვიან შვებულებას კი არა, ორდღიანსაც არ მოგცემდა.
მოკლედ, რომ გაიღვიძებ, ქვაბთან ვდებ ამ წერილს და დაინახავ, სუპია ბრინჯის, შენი წილია ეგ, მე უკვე ვჭამე. ბავშვებს ხომ ბაღში აჭმევენ და საღამოს ბრინჯის ფაფას გავაკეთებო, ცირამ.
მე კარგი ამბავი მაქვს, ცირამაც არ იცის და უთხარი,  ყარაულად მომცეს სამსახური. ბევრი არაფერია, მარა სულ არაფრობას ხომ ჯობს, არა? ვიღაცის სათევზაოა ტყიბულის გარეთ და იქ უნდა ვიყო საღამოს 8 დან დილის 9 მდე, შენი საათებია ზუსტად.
ხუთისკენ მოდი, გაჩვენო რა და როგორო, სათევზაოს პატრონმა, ასე რომ ვერ მნახავ, როცა გაიღვიძებ. ბოსტანი მორწყული იქნება, მაგრამ თუ გინდა ხეხილიც მორწყე. პატარა კონსერვის ყუთებში კიდე დავრგეთ მე და ბავშვებმა კაკლები გუშინ საღამოს, ნახე და შეაქე, რომ  მოვლენ ბაღიდან, რადგან გაიგეს რომ მაღაროსთან დავრგე ის შარშანდელები უკვე და ესენიც იქ უნდა წავიღოთ, უღრანი ტყე გავაშენოთ მამასთვის და მისი მეგობრებისთვისო. ისიც კითხე რატომ თქო და გეტყვიან ჟანგბადისთვისო, მე რაც ვუთხარი დაიხსომეს, ვენაცვალე მე მაგათ.
ბაღჩაში იყავი, რაც შეგიძლია ბევრი, შენს ფილტვებს ეზოს ჰაერი ჭირდებათ, შვილო. კომშის გულის ნაყენს გაგიკითებ ახლა, ბევრი დალიე, თბილ- თბილი. ხველებას ეგ ცოტას მაინც შეგიჩერებს, ხო, იცი! შაქარი არ გვაქვს, მარა დატკბობა არ უნდა მაინც, მასე უფრო გემრიელიცაა და კარგიც ჯანმრთელობისთვის.
ხვალამდე აბა!
შენი მამა. ‘’
***
იქ ბანაობდა, იხეხებოდა, რომ ვერ მიმხვდარიყო ვერავინ მაღაროდან თუ ბრუნდებოდა გივი. მოდიოდა სახლში გადაქანცული და იძინებდა მაშინვე. გაღვიძებულზე შეჭამდა რძლის გაკეთებულ სადილს, დაელაპარაკებოდა გოგას, ბავშვებს, ბაღჩაში ხეხილსა და ბოსტნეულს დახედავდა და ისევ მიდიოდა.
ერთხელ, ერთად როცა  ვახშმობდნენ გოგა და გივი, გოგამ მორიდებით ჰკითხა მამამისს:

• მალე ცირას დაბადების დღეა, რამდენი წელი ერთად ვართ და ვერასოდეს გამოვნახე ფული, რომ რაღაც მეყიდა. იქნება მომცე ერთი ოცი ლარი თვის ბოლომდე, მამა?
• არაფერი რომ არ მაქვს, შვილო, საერთოდ არაფერი?! _ დაიბნა და გაწითლდა გივი.
• აბა, უფასოდ მუშაობ ამდენი ხანი ? თევზიც არ მოგაქვს, არც საჭმელი, მამა?
• პატრონმა რამდენიმე თვე მაცადე და ერთად მოგცემ მერეო, შვილო. ახლა გაუშვა თევზი, სანამ დაიზრდებიან, ლიფსიტები არიან და არავის უნდა ჯერო...გივიმ ძლივს ჩაამთავრა წინადადება. ტყუილი რამდენი ხანი მოფიქრებული ჰქონდა, რადგან როცა იქნებოდა, თავი ხომ უნდა ემართლებინა. ხელფასი, ჩვეულებრივ, გოგას ანგარიშზე ერიცხებოდა თვის ბოლოს.
• იმედია, მატყუარა არაა და არ გადაგაგდებს, მამა... ჩაილაპარაკა გოგამ და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
***
მზიანი ამინდი იყო, ბავშვებს ბაღისთვის ამზადებდა ცირა. გოგა შვილების დარგულ კაკლებს ორ-ორობით სთვლიდა . სულ ოცდათექვსმეტს აქვს მწვანე ყლორტი ამოტანილიო, გასძახა ბავშვებს ღობიდან.
-აბა, აბა?_ ორივე ერთდროულად გამოიქცა გოგასკენ. გაბრწყინებული სახეებით ჩაიმუხლნენ და პატარა თითები რამდენიმე მწვანე ყლორტს ნელა შეახეს.
- როცა მუხლებამდე მოგვწვდებიან, ჩვენ სულ ყველანი წავალთ ერთად, ამოვარჩევთ ადგილებს და დავრგავთ დიდ მიწაში სათითაოდ. ჩვენი ორი კაკლის ხე ხომ გვაძლევს ბევრ კაკალს და წარმოიდგინეთ,  ეს სამოცამდე კაკლის ხე რამდენს დაისხამს?! მერე, ყველა, ვინც ამ ხეებს ჩაუვლის გვერდზე იტყვის, რა კარგი ბავშვები არიან ნინუცა და ლუკა, რომ ხეები დაგვირგეს და ჩრდილიც გვაქვს, კაკალიც და სუფთა ჰაერიცო! წარმოიდგინეთ, ამდენი ხე რამდენ კაკალს მისცემს ყველას, აბა?!
ბავშვები კმაყოფილები დედისკენ გაიქცნენ და ახარეს, რომ  პატარა მწვანე ყლორტები ჰქონდათ მათ დარგულ კაკლებს უკვე. ხელი ჩაკიდეს აქეთ-იქიდან და ბაღისკენ გაეშურნენ.
დილის ახალი ამბები იყო რადიოში. გოგამ რადიოს ხმას აუწია და მარწყვების ჩითილების მორწყვას შეუდგა. ზოგს ყვავილებიც უჩანდა და ბავშვების მაგივრად გაუხარდა, პირველ აწითლებულ მარწყვებს რომ დალანდავდნენ მწვანე ფოთლებში. მერე პწკარედებით ახალ ჩითილებსაც ახარებდა,  ადგილს კიდევ უპოვნიდა და ალბათ სახლის წინაც დარგავდა  ბევრს, რადგან ასე ძალიან უყვარდათ ტყუპებსაც და ცირასაც.
ფიქრი გაწყვიტა, რაც კი ხელში ეჭირა, ყველაფერი მიწაზე მიყარა, რადიო ყურზე მიიდო და გაისუსა:
‘’ ტყიბულის მაღაროში დღეს დილის 5 საათზე, აფეთქება მოხდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით,  ერთ-ერთ გვირაბში, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. დაღუპულია 3 ადამიანი, ინიციალებით: დ.ნ დაბადებული 23 თებერვალს.1977 წელს, კ.ლ დაბადებული 12 მაისს 1982 წელს, და გ.გ დაბადებული 16 მარტს 1982 წელს. ასევე დაშავებულია 7 მაღაროელი, რომლებიც გადაყვანილები იქნენ საავადმყოფოში. ‘’
რადიო მოისროლა, ბაღჩის კარი წიხლით გააღო და ტალახში ამოსვრილი მამამისისეულა ძველი ფეხსაცმლით მაღაროსკენ გაიქცა.
იქ მისულს ყველა ხელებგაშლილი შეხვდა, ზოგი ჩაეხუტა, ზოგი სახეში და ბეჭებში ურტყავდა ხელებს, როგორ გადარჩენილხარ , ძმაო, ჩვენ მკვდარი გვგონიხარ და დემურისთან და კობასთან ერთად დაგტირივართო... მესამე ვისი ცხედარი გაიტანეს ნეტავ, შენ რომ ჰგონიხარ ყველასო?!...
***
ცისფერი ხალათი ჩააცვეს, საყელოსთან გაწყალებული.
თმა კეფაზე გოგამ გადავარცხნა, მელოტი ადგილი რომ დაემალა. მერე შავი, პატარა სავარცხელი ხალათის ჯიბეში ჩაუცურა ნელა, თითქოს ეშინოდა, რომ დამტვრეულ გულ -მკერდს ატკენდა.
ბიჭები მივიდნენ, გამურულსახიანი ბიჭები ნოდარ ხოშტარიასთან ერთად. გარშემო შემოუარეს კუბოს თავჩაღუნულებმა. ერთი უფეხო ბიჭი გოგასთან რომ გაჩერდა, მხოლოდ მაშინ იცნო გოგამ . სოსო იყო მაღაროდან, მამამისს რომ გაუბა ლაპარაკი, ძირს რომ ჩაიყვანა მაღაროს დასათვალიერებლად.
-  იქნებ, უთქმელობა სჯობს აი, ამ დროს,_დაიწყო სოსომ, - მაგრამ როცა იქნება, ხომ  უნდა იცოდე, ჩემო გოგა,  რომ მამაშენი მარტო კარგი მამა კი არა, გმირიც იყო... დემურა და კობა შიგნით მუშაობდნენ... საშინლად რომ დაიგრუხუნა რაღაცამ , თითქოს ბომბი აფეთქდა სადღაცო... მამაშენმა დაინახა კედელმა რღვევა რომ დაიწყო  ჩვენგან ორ მეტრშიდა  სადაცაა ჩამოიშლებოდა... ბიჭებს ჩაკეტავდა შიგ და ჭერიც დაემხობოდათ თავზე... ჰოდა, როგორც პატარა ბიჭი ისე მოსწყდა ადგილს და ყვირილით გავარდა მათთან... მისი შესვლა და კედლის ჩამონგრევა ერთი იყო... მე რომ გავიღვიძე, საავადმყოფოში ვიყავი და იქ გავიგე ჩემი უფეხობის ... დემურას, კობას და ბატონი გივის ამბავი...მინდა, რომ იცოდე, შენ გმირი მამა გყავდა, გოგა!
მხრები უცახცახებდადა , ტანიცა და ხმაც ‘ცალკბილა’ სოსოს, ზუსტად, ისე როგორც სიცილის დროს იცოდა ხოლმე. ‘ცალკბილას’ ეძახდნენ მაღაროში, რადგან კბილი აკლდა წინ, თან უკბილო ხუმრობები იცოდა  და თავის ხუმრობებზე თვითონვე იგუდება სიცილითო,  ამბობდნენ მეგობრები.
*** 
ერთი კაკლის ნერგი ერთ კუთხეში დაურგო გოგამ, მეორე ნერგი - ცირამ, ორიც ტყუპებმა დარგეს კუთხეებში. ნერგები ცერითითისხელებიც არ იქნებოდნენ. თუ ვერ გაიხარეს, სხვებს მოგიტანთო, მოუბოდიშასავით აკოკოლავებულ მიწას გოგამ. 
ოთხივემ იხარეს.
***
გვენეტაძეების ნორჩი კაკლები შრიალებენ ბევრ ადგილას ტყიბულში. რამდენიმე კაკლის ქვეშ, ხის სკამებია, ნოდარ ხოშტარიას დამდგარი, რაზეც ‘’ გივი გვენეტაძის მოსაგონებლადო’’ აწერია ოქროსფერი, რკინის ასოებით. 
გოგა დღესაც რგავს ნერგებს, სადაც კი პატარა თავისუფალ ადგილს ნახავს, ყველგან. ხეების რგვა უბრალო საქმე არ გეგონოთო, ყველას მამისგანდაყოლილი ტონით, (აი, რაიკომის მესამე მდივნებს , ოღონდ კარგ მდივნებს, თუ ექნებოდათ მხოლოდ, ისეთით) ეუბნება ტყიბულელებს და ხვეულ, სქელ თმას შუბლზე, თუშური ქუდივით, ჩამოფხატებულს, ლამაზი სახიდან იშორებს.


1 2 3 ... 8 9 10

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 1 სტუმარი და 0 წევრი