ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2018


თევდორეს

„წმინდა ბერი ლოცვად დადგა, ციდან ჩამოესმა რეკა,
თრიალეთთან მტერი მოდგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“.
                                                                              შოთა ნიშნიანიძე

მარტოდენ ერთი ეპიზოდია,
სხვა თქმულა შენზე არცა-რა მეტი,
თუმც შენს ქუჩაზე სულ მიმოდიან,
უკვდავებაში შენ გადახვედი.
მათ განიზრახეს შეპყრობა მეფის,
ვერ აისრულეს რაიც ეწადათ,
უდრეკ სიმაგრედ წინ აღუდექი,
ბრწყინავ, კაშკაშებ უფრო მეტადაც.
უფალი იყო მაშინ შენს ახლოს,
იგრძენ სიმხნევე და ნაცვლად თრთოლვის
არ შეუშინდი მახვილს ოსმალოს,
შენ იქ ხარ ახლა მართალთა შორის.
დაუნდობელი ჩალმიანები
გზების აბნევით ცხირეთში „მიჰყავს“,
სისხლით მშიერი პირბასრი ხმლებიც
უსასტიკესნი არიან იმწამს.
და აღესრულა წმინდა მოძღვარი,
სისხლი მართალი ჩვენ ძალას გვმატებს,
დრომ შენ ვერ მოგკლა, დრო თვით მოკალი,
გვახსოვდე მარად, აი, ეს გვმართებს.
მარტოდენ ერთი ეპიზოდია,
სხვა თქმულა შენზე არცა-რა მეტი,
თუმც შენს ქუჩაზე სულ მიმოდიან,
უკვდავებაში შენ გადახვედი.

                                                2017 
                                                25/VIII

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები