ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2018


სარევია

ნინო დარბაისელი

სარევია
- - - - -

რა დაგიშავე, ვაჟა-ფშაველავ,
ბალღობიდანვე ყელი ცრემლით რომ ჩამიმწარე  -
პაწაწა ვარო,
ობოლიო,
ცუდ დროს დავობლდიო,
აი, შეხედე, ეს ფეხი, წყაროზე რომ ჩავედი წყლის დასალევად,
მაშინ ვიტკინეო.

ირმის გუნდებმა და გუნდებმა
ჩემი ხელით გახარებული მთელი ბაღნარი გადამიჭამეს,
აქაურობას უკვე ისე დაეპატრონენ,
გაუტოკებლად შემომცქერიან, ნეტავ, შენ ვიღას დაჰკარგვიხარო.

მიდი და, აბა, გაუბრაზდი!

ან -  შენ...
ბოდიში, ..
ან თქვენ, ბატონო ჩემო,
იაკობ,
რა დაგიშავეთ!
აი იაო,
ია აიო!

გაზონებზე რომ სარეველას წამალს  ვასხურებ,
ორიოდ დღეში ყველაფერს შველის,
ეს იები კი, იქ, ოკეანის გაღმა მხარეს, საქართველოში - ლურჯთვალააო, თვალებღიაო,
აქ - სათითაოდ, თითებით თუ არ ამოვთხარე ძირ-ფესვიანად,
ვერ მოვერევი,
ბრუნდებიან და ბრუნდებიან.
შარშან -  ღიღილომ გადამიყოლა.
გვირილები და კრაზანები - დიდთავები მეადვილება.

ერთი ფიქრი კი გავიფიქრე,
ნეტავი, ერთი!
რა თავს ვიკლავ,
გამრავლდნენ-მეთქი!
ვთქვი კიდეც და მითხრეს არაო,
რისი თესლიც  არ ჩაგიყრია,
თავის ადგილზე რაც არ ხარობს,
ია კი არა,
ოქროს ვარდიც რომ გამოგადგეს,
უნდა მოისპოს,
სარეველაა,
სარეველაო!

მე დავიღალე.
ჩრდილში მივჯექი და ჩამთვლიმა
სიზმარს ვხედავდი:

თევზები ცაში დაფრინავდნენ,
ფარფლებს იქნევდნენ,
ვერცხლისფერ მუცლებს ლურჯ-ოქროსფერში ასხმარტალებდნენ,
ტკბილად გალობდნენ,
ცა ვიბრირებდა,
ხოლო თევზები არ იხრჩობოდნენ და არ კვდებოდნენ;

ჩიტები - წყალში დაცურავდნენ,
წყალმცენარეთა მერყევ ტოტებზე
ქანაობდნენ კენკვით დაღლილნი,
მარგალიტებით გულამოვსებულ ნიჟარებზე ფრთებს ასვენებდნენ
და მთელი წყალი ვიბრირებდა ტკბილხმოვანებით,
ხოლო ჩიტები არ იხრჩობოდნენ და არ კვდებოდნენ.

მე კი რაღაცის ყელში წაჭერამ
ლამის დამახრჩო,
კიდევ კარგი, გამომაღვიძა!

მზე შუბის ტარზე გადახრილა.
ეს- ქოხია.
ესეც -  თოხია,
ეს - გოროხია.
გამომრჩენია ეს ერთი ია,
სარეველაა თუ სარევია,
ამერიკიდან - საქართველომდე
გულით - ახლოა,
ფიქრით-  შორია.
მთელი სამყარო - გულისხელაა
და წკრიალებენ,
გუგუნებენ გულში ზარები,
ორატორია:

-თავის ადგილზე რაც არ ხარობს,
სარეველაა!
ია, ია, სულს არევია,
სულ სარევია,
სარევია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები