ნაწარმოებები



ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2018


შენ

დროის უწყვეტი სწრაფვა დამღლელია შენთვის ,
რომელიც დროის მიღმა არსებულ მელოდებიეს
უკრავ სულის კიდეზე და
უსიტყვოდ გიგებ 
იმდენად ახსნადია ყველა შენი ამოსუნთქვა.

გამომყევი
იქ, სადაც ვერავინ გკითხავს
"რა გინდა გამოხვიდე როცა გაიზრდები"
ან რას აპირებ მომავალში,
ჩავიკარგოთ სამყაროს ხმაურში და
ვითამაშოთ დაჭერობანა , რომ
მეასეჯერ გამექცე და
მეასეჯერ დაგიჭირო.

მინდა გადაგმალო
რომ
ვეღარასდროს შეძლონ შენი ატირება
სწრაფწარმავალმა ადამიანებმა,
რომლებიც ისე მოდიან და ისე მიდიან,
ერთ დღესაც კი არ ახელენ თვალებს.

ისინი ამბიციებისგან ყოველ სისხამ დილით
ბაწარს გრეხენ,
რომ ერთ დღესაც თავი ჩამოიხრჩონ
და აღიარონ საკუთარი განწირულობა.
მათ არც კი უნახავთ ცა,
შენ კი წუხელ ღამე
ისევ ვარსკვლავების თვლაში
ჩემს მხარზე ჩამოგეძინა.

მათ არ უხილავთ ის განთიადი
შენ რომ დაინახე
როცა ჩემი გულის ცემის ხმის თვლაში დაგათენდა ,
მე მახსოვს შენი თვალების შეკრთომა
როცა ღამის ხაზმა დღის ხაზი გადაკვეთა,
მახსოვს როგორ ჰგავდი ჩემს მკერდზე მწოლიარე
შიშველ ირემს,
და როგორ შემრცხვა შენი უმანკოების.

გავიქცეთ იქ ,
სადაც ვარსკვლავების წვიმები 
ჩვენს თვალებს ავსებენ და
უბრალოების ცრემლებად იღვრებიან,
სადაც ქარი ღმერთივით გვეჩურჩულება და
ცდილობს ჩვენს სიღრმეში დამალული
მშვენიერების გამოღვიძებას,
რატომ იკავებ თავს ?
როცა იცი რომ ჩვენნაირების არ ყოფნას აქ
ვერც კი შეამჩნევენ.

ღამეა და სიჩუმეში ვიგრძენი რომ
ისევ ცდილობ ჩემს მიტოვებას,
მახსოვს
როგორ გეშინოდა , როცა გაგიცანი
რომ შენს ამოკერებულ თვალებს
ნელ-ნელა გამოვხსნიდი,
მერე კი თვალებახელილმა ბავშვური სიხარულით
ხელზე შემაბი წითელი ძაფი.
იმისაც გეშინოდა რომ
შენს ამოკერებულ პირსაც
ნელ-ნელა გამოვხსნიდი ,
და მერე 
მეორე ხელზე შემაბი შავი ძაფი და
ყურში ჩამჩურჩულე სიტყვა - 
მ  ი  ყ  ვარ  ხარ.

აი ისევ
მთელი ღამე ვცდილობდი წარმომედგინა ,
თუ რა ფერია ის ძაფი
შენი სული რომ ამოკერე
ის ძაფი,
რომელიც ჯერ ვერ ამოგაძრე სულის კიდედან.
..
.
ღამის ხაზმა
დღის ხაზი გადაკვეთა,
ვიგრძენი კისერზე ქარი როგორ მეალერსება და
ამ დროს მივხვდი რომ
თეთრია
შენი სულის ძაფი
და ძლიერ მომინდა რომ
ეგ ძაფი
ჩემთვის
კისერზე
ძლიერ შეგება.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები