 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: პროზა 25 მაისი, 2018 |
გალის ბაზრის ჭიშკარი მხოლოდ პარასკევობით იღება. ამ დღეს ხალხმრავლობა იგრძნობა ქალაქშიც და ქუჩებშიც. გარშემო სოფლებიდან ჩამოსული ხალხი მთელი დღე რჩება ქალაქში. ვაჭრობას რომ მორჩებიან, ზოგი ნათესავებს მოინახულებს, ნაცნობები ერთმანეთს ხვდებიან. აქა-იქ გახსნილი კაფეებიც ივსება ახალგაზრდებით. პარასკევ დღეს თითქოს ძველებურად ცოცხლდება ქალაქი. თუმცა, ხაკისფერ ფორმიანი ჯარისკაცების სიმრავლე მაინც უჩვეულოა. ახალი მაღაზიებიც გახსნეს. ძირითადად რუსეთიდან ჩამოტანილი პროდუქტი და ტკბილეული იყიდება უკვე. ქართულ წარწერებს ვერსად ნახავთ, ვერც ქართულად მოსაუბრეს შეხვდებით სადმე. მოვაჭრეებიც ერთმანეთში მეგრულად ან რუსულად საუბრობენ. ფართოდ გაღებულ ჭიშკარში შუახნის ქალი შემოვიდა. ასაკის მიუხედავად, ძალიან ლამაზი იყო. მძიმედ, დინჯად მოაბიჯებდა. სადა, შავი კაბა ეცვა, როგორც ქალების უმრავლესობას ამ ომგამოვლილ ქალაქში. ეტყობოდა, ბევრი იცნობდა აქ. ყოველ წამს სახე უნათდებოდა, იღიმებოდა და ესალმებოდა ნაცნობებს, მაგრამ თაფლისფერ თვალებში ჩამდგარ ნაღველს ამ ღიმილითაც ვერ ფარავდა. დღეს ბევრი პროდუქტის ყიდვას აპირებდა. სია ჩამოწერა და ფულიც საკმარისი წამოიღო. ერთ კვირაში მარიამობა იყო, წინასწარ ემზადებოდა. შვილმა შემოუთვალა, შეიძლება ჩამოვიდეო. ეს „შეიძლება“-ც კი ისე აბედნიერებდა, სხვა არაფერზე შეეძლო ფიქრი. სამი წელია მარიკა არ ჩამოსულა. ახლა პატარა ჰყავს, მგზავრობაც უჭირს, თან აქ ჩამოსვლისგანაც თავს იკავებს. განა არ ესმის შვილის?! რა ქნას, ეშინია აქ ბავშვიანად ჩამოსვლის. ყოველ დღე შეიძლება რაღაც მოხდეს, ან საზღვარი ჩაკეტონ, ან უბრალოდ, სროლა ატყდეს. ვინც აქ ცხოვრობს, შეჩვეულია სროლის ხმასაც, გაძარცვულ-გამოცარიელებულ სახლებსაც, პატრულის ღამეულ ჩამოვლასაც, მაგრამ ჩამოსულ სტუმრებს ეშინიათ ხოლმე და არცაა გასაკვირი. ბაზარს გადახედა. ფიქრობდა, საით წასულიყო პირველად. ხორციც უნდა ეყიდა, ყველიც და მარიკას საყვარელი სალათის მასალაც. ხილს არ იყიდის, სახლშიც ბლომად აქვთ. ვაშლს დაუკრეფს, ყურძენიც მოასწრებს მანამდე დამწიფებას. ლეღვს ხელს ვერავინ დააკარებს, მარიკას უნდა დაახვედროს. მერე, ლეღვს რომ ნახავს, სხვას კი არაფერს შეჭამს! გაეღიმა. ლეღვით პირმოთხუპნული მარიკა გაახსენდა. მაინც როგორ უყვარს! ყველაფერს გაიმეტებდა ჩემთვის და ეს თეთრი ლეღვი კი ჩემთვისაც არ ემეტებოდა. მერე თვითონვე იცინოდა ამაზე. უკვე ამხელა ქალია, შვილების პატრონი და მაინც, ამ ხის დანახვაზე ისევ პატარა ბავშვი ხდება... დედა ენაცვალოს! უნებურად ისევ გაეღიმა და ყველის დახლებს მიუახლოვდა. აქაც ნაცნობს შეხვდა, გაუღიმა, გადაკოცნა და მოიკითხა. უცებ სიტყვა გაუწყდა. შორს იხედებოდა, ბოსტნეულის დახლებისკენ. თვალები მოჭუტა და რაღაცას დაჟინებით დააკვირდა. გაოცებული სახე გაუფითრდა. ნაცნობმა ქალმა მკლავში ხელი მოჰკიდა. _ რა იყო, მანანა, რა მოგივიდა, ხომ კარგად ხარ?! _ ჰკითხა და მის მზერას თვალი გააყოლა. განსაკუთრებული ვერაფერი შენიშნა. ბაზარი სავსე იყო ხალხით. ქალმა მხოლოდ ამოიოხრა და დახლის წინ ჩაიკეცა.
*** _ ზუსტად ისაა, რაც მინდოდა! _ თვალები უბრწყინავდა მარიკას. ნაჭერს ხელს ისე უსვამდა, თითქოს ეფერებოდა. _ ძალიან ძვირი რომ არ იყოს, რამდენიმე მეტრს ავიღებდი, კაბასაც შევიკერავდი და ცალკე ბოლოკაბასაც, ან სხვა რამეს. არაუშავს... _ თითქოს თავი დაიმშვიდა. _ ორი მეტრი მომეცით. შინ მისულს ჭამაზე არც უფიქრია. „ბურდას“ ახალ ნომერში სასწრაფოდ მოძებნა „ის“ კაბა და კმაყოფილი სახით შეუდგა თარგების გამოჭრას. მაკრატელიც ახალი იყიდა, ისეთი ბასრი იყო, ფრთხილობდა, ზედმეტი ნაწილი არ მოეჭრა ქსოვილიდან. ყოველთვის, როცა ბავშვობაში დედა უკერავდა რამეს, ქსოვილის დაჭრისას აუცილებლად იტყოდა: რამდენ ძაფსაც გადავჭრი, იმდენი სიკეთე და ბედნიერება ჰქონოდეს ჩემს გოგოსო. მარიკა საკუთარ თავს ხომ არ დალოცავდა ასე, მაგრამ დედის სიტყვები ყოველთვის ახსოვდა და ეღიმებოდა ხოლმე. თარგების გამოჭრა არ გასჭირვებია. ეს კაბა გონებაში იმდენჯერ ჰქონდა გამოჭრილი და შეკერილი, შეეძლო ზეპირადაც გამოეჭრა, მაგრამ მაინც თავი დაიზღვია. ნაწილები ერთმანეთს დაატყუპა, კიდევ ერთხელ შეამოწმა სისწორე და ლამბვას შეუდგა. თავიდან ბოლომდე ხელით უნდა შეეკერა, ასე ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ ეძებდა შესაფერის ნაჭერს, რომელიც ხელით კერვას აიტანდა. ხელით ძალიან ლამაზად და სწორად კერავდა. თუ თვითონ არ იტყოდა, ვერავინ მიხვდებოდა, რომ მანქანით არ იყო შეკერილი. ამით ბევრჯერ მოუწონებია თავი და გაკვირვებული ქალების შექებაც დაუმსახურებია. თუმცა, „ზინგერითაც“ კარგად კერავდა, ეს კაბა მაინც ხელით უნდა შეეკერა. თვითონაც არ იცოდა, რატომ აიკვიატა. გვერდები გალამბა, სახელოებიც ცალკე გაამზადა, ერთმანეთს მიუწყო მაგიდაზე და კმაყოფილმა გაიღიმა. ახლა ყავის დალევაც შეიძლებოდა. მერე მშობლების მოსვლამდე ვახშმის გაკეთება უნდა მოესწრო. კაბის ნაწილებს ხელი გადაუსვა და იქვე დატოვა. ჯერ ვახშმისთვის ხორცი გარეცხა და ცეცხლზე შედგა. მერე ყავადანში ყავა და შაქარი ჩაყარა და გაზქურის ანთება რომ დააპირა, ჭიშკართან ნაცნობი ხმა მოესმა. „კამელია“ მობრძანებულიყო. „კამელია“ ძალიან ლამაზი, შავტუხა ძროხაა, კოხტად მომრგვალებული რქებითა და ბარაქიანი ცურით. ისეთი კარგი ჯიშისაა, ხბოს მოგებამდე ოცი დღით ადრეც კი იწველება. _ მოვდივარ, კამელია! _ ღია ფანჯარაში გასძახა მარიკამ. ასე რომ არ მოქცეულიყო, ეს განებივრებული ცხოველი გაუჩერებლად იბღავლებდა. ახლა კი, რაკიღა დარწმუნდა, მალე შემოუშვებდნენ, გაჩერდა და მშვიდად დაიწყო ლოდინი. მარიკა ჩქარი ნაბიჯით წავიდა ჭიშკრისკენ. თან გზადაგზა ეხმიანებოდა და ეფერებოდა ფურს. კამელიამ იცოდა საით წასულიყო. მორჩილად დახრიდა თავს, სახლს დინჯად აუქცევდა გვერდს. სამზარეულოსთან ჩავლისას აუცილებლად შეყოფდა თავს ღია კარებში და შეჰბღავლებდა. თუ დედა შინ იყო, იქიდან პასუხს გაიგებდა: _ აქა ვარ, კამელია, მოვალ ახლავე! _ და ნაბიჯს აუჩქარებდა ხოლმე გახარებული. ახლა დედა არ იყო შინ და კამელიას მარიკამ უპასუხა: _ არ მოსულა ჯერ შენი მანანიკო, მოვა მალე, დაწყნარდი, კამელია! _ ძროხამ ამოიფშვინა, თავი აქეთ-იქით გააქნია და ბუზები უკმაყოფილოდ მოიგერია. მარიკა იცინოდა. _ რა ჩვენი ბრალია, ადრე რომ მობრძანდი დღეს. ჰოოო, ახლა, გაადგი ნაბიჯი, მე ხომ აქა ვარ! ბოსელში ყველაფერი რომ მოაწესრიგა, ძროხასაც ჩალა ჩაუყარა, კარები მიუხურა და ჩქარა გამოიქცა, მაგიდაზე კაბა ელოდებოდა. გატაცებით კერავდა, მონდომებით. ისე სწრაფად გადიოდა დრო, ვერც ამჩნევდა. ხორცს წყალი რამდენჯერმე ჩაამატა. კერვისგან შესვენების დროს მწვანილიც დაკრიფა ბოსტანში, გარეცხა და წვრილად დაჭრა. ტომატში აჯიკა გაურია, სუნელები ჩაამატა, ხორცის შესაზავებელი სოუსი მზად იყო. სიხარულით განაგრძო კერვა, ნაწილები კოხტად შეაერთა. ახლა უკვე მორგებაც შეიძლებოდა. ფრთხილად ჩაიცვა, რომ დალამბული ნაწილები ერთმანეთს არ დაცილებოდა. სარკესთან მივიდა. ქვედა ნაწილი უნაკლო იყო, ძალიან ლამაზი გამოვიდა თარგები. ერთმანეთში გადასულ ნაწილებს შორის ნაკეცებიც სწორად დაჯდა. აი, ზედა ნაწილი კი რაღაცით არ მოეწონა. მეტისმეტად სქელი გამოვიდა ერთმანეთზე გადადებული ორი წინამხარე. ახლა ღილებსაც რომ დაადგამდა, კიდევ უფრო სქელი და მოუხეშავი გამოჩნდებოდა. რაღაც აზრი მოუვიდა თავში, დიდხანს არ უყოყმანია, სწრაფად გაიხადა და გულისპირი მთლიანად ამოჭრა ოთხკუთხედად. ასეთი ჩვევა ჰქონდა, „ბურდას“ კი ენდობოდა, მაგრამ რაღაც მაინც უნდა გადაეკეთებინა თავისი ფანტაზიით. ამიტომ გამოსდიოდა ყველასგან განსხვავებული ტანსაცმელი. სხვებიც ხომ კერავდნენ ან აკერინებდნენ ამ ჟურნალიდან, მაგრამ მარიკას შეკერილს რომ ნახავდნენ, ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ რაღაც დეტალით მაინც სხვანაირი იყო. ახლაც, ამოჭრილი გულისპირისთვის ზუსტად იმავე ფერის ძაფით მოქსოვდა ოთხკუთხედს და ჩაადგამდა, ზედ დასამაგრებელ შესაფერის ღილებსაც შეარჩევდა უნივერმაღში. წინასწარ მოსწონდა ეს აზრი. ახლა კი კაბა ხვალისთვის უნდა გადაედო, ბევრი საქმე ჰქონდა, გამოცდებიც კარს იყო მომდგარი, საკურსო უნდა დაესრულებინა ამაღამ.
*** საკმაოდ აგრილდა. მალე ალბათ მოთოვდა. ზღვიდან ცივი, სუსხიანი ქარი უბერავდა. მაინც მოსწონდა მარიკას სოხუმის სანაპიროზე გასეირნება. ასე მშვიდდებოდა ხოლმე. მეორე დღეს პირველი სემესტრის პირველი გამოცდა ჰქონდა და ღელავდა, მაგრამ ძალიან უხაროდა, რომ ახალი კაბა უნდა ჩაეცვა. წინასწარ იცოდა, როგორი რეაქცია ექნებოდათ გოგოებს. ნეტავ, ვინმე თუ მიხვდებოდა, რომ ლამაზად მოქსოვილ და ნაჭერში კოხტად ჩაკერებულ გულისპირზე ღილების ნაცვლად საყურეები იყო დაკერებული. ჯერ მაღაზიის გამყიდველი გააკვირვა იმით, რომ რვა წყვილი ერთნაირი საყურე იყიდა. მერე დედა გააბრაზა, საყურეებს ნაწილები რომ მოამტვრია. თუმცა, იმით დაამშვიდა მარიკამ, რომ ფული ტყუილად არ გადაუყრია და მაგ ნაწილებსაც სადმე გამოიყენებდა. დედა არ შედავებია, იცოდა, მართლა ასე მოიქცეოდა, მაგრამ მაინც გული დასწყდა ლამაზი საყურეების „გაფუჭების“ გამო. დღეს კი, სახლიდან წამოსვლამდე კიდევ ერთხელ რომ მოირგო ახალი კაბა, დედის აღფრთოვანებულ თვალებს გადააწყდა. _ მართლა ძალიან ლამაზია, დედა გენაცვალოს, როგორ გიხდება! მეც კი არ მჯერა, რომ მთლიანად ხელით შეკერე. ეს ნაქსოვიც რა კარგია, რამ მოგაფიქრა?! საყურეებიც როგორ მოუხდა! რა უცნაური გოგო ხარ! _ იღიმებოდა მანანა და ხან მხრებზე გადაუსვამდა ხელს გაბრწყინებულ გოგოს, ხან ღილებს აკვირდებოდა და იღიმებოდა. მერე უცებ დაუნაღვლიანდა ხმა: დედაჩემი მეტყოდა ხოლმე, რა კარგად გამოგდის ყველაფერი, ეტყობა, მძიმე ცხოვრებისთვის გამზადებს ბედიო... შენ კი, მარიკუნა, ღმერთმა ქნას, ისე გაგიმართლოს, კერვა და ქსოვა აღარ დაგჭირდეს! _ რატომ, დე?! მე მიყვარს კერვაც და ქსოვაც. რამეს შენით რომ მოიფიქრებ, გააკეთებ და გამოგივა, ისე კარგია! _ გამოსულიყავი მაშინ დიზაინერი! _ მოიცა რააა, მთელი ცხოვრება სხვებისთვის კერვას კი არ ვაპირებ, ჩემთვის ვერთობი. _ იცინოდა მარიკა.
*** გონს რომ მოვიდა, მანანას ეგონა, მთელი ბაზარი თავს დასტრიალებდა. მისკენ დახრილ ნაცნობ სახეებს ხედავდა, მაგრამ სახელებს ვერ იხსენებდა. ნელ-ნელა ფხიზლდებოდა. სახეზე წყლის გრილ წვეთებს გრძნობდა და სიამოვნებდა. საიდანღაც სკამი გადმოაწოდეს და დასვეს, წყალი დაალევინეს, ვიღაცამ ვალიდოლი მიაწოდა. _ რა მოგივიდა, გოგო, უცებ დაეცი, ხელის შეშველებაც ვერ მოვასწარი! _ წუხდა მანანას ძველი თანამშრომელი. მშვიდობიან დროს ერთად მუშაობდნენ წლების განმავლობაში, ოჯახებით მეგობრობდნენ, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. ახლა ძალიან უჭირდა მის ოჯახს. ქმარი დევნილობის პირველივე თვეებში გარდაეცვალა. შვილები, როგორც უმრავლესობას, ენგურს გაღმა ჰყავდა გახიზნული, თვითონ კი სახლს და ქმრის საფლავს ვეღარ ტოვებდა, ყველით ვაჭრობდა ბაზარში და ასე ირჩენდა თავს. მანანას ხშირად სტუმრობდა, ერთმანეთის მარტოობას აფერადებდნენ შვილებზე ლაპარაკით. ისიც იცოდა, მალე მარიკას ჩამოსვლას რომ ელოდებოდა მანანა და, წესით, გახარებული უნდა ყოფილიყო. მანანამ წამოიწია, ისევ იქით გაიხედა, ბოსტნეულის რიგისკენ. _სად წავიდა, ნეტავ?! _ ვინ? ერთხმად იკითხეს ქალებმა. _ ის გოგო... აფხაზი გოგო... მარიკას კაბა ეცვა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს უბრალოდ მოთხრობილი ამბავი.
დღევანდელ დღესაც მოუხდა. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს უბრალოდ მოთხრობილი ამბავი.
დღევანდელ დღესაც მოუხდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|