ნაწარმოებები



ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: დრამატურგია
2 ივნისი, 2018


- ესოდენ ძლიერი -

ავტორი: მერაბ ჩხაიძე



ესოდენ ძლიერი

ტრაგედია

პიესა დრამატული თეატრისთვის











2

მ ო ქ მ ე დ ი პ ი რ ნ ი

ქეთევან დედოფალი
თეიმურაზი _____ მისი შვილი
ალექსანდრე, ლევანი _____ თეიმურაზის შვილები
ხუცესი გიორგი _____ დედოფლის მოძღვარი
ნენე, მერი _____ დედოფილის მოახლეები
იმამყული-ხანი _____ შირაზის მმართველი
პიეტრო დელა ვალე _____ ვენეციელი მოგზაური
თინათინ ძიბა _____ პიეტრო დელა ვალეს აპეკუნობის ქვეშ მყოფი გოგოგნა
წამყვანები _____ ორნი.
სონა, ლიზა, ნინო, სოფა, ნანო _____ გლეხის ქალები.
სოფლის თავკაცი.
I _ გლეხი
II _ გლეხი
III _ გლეხი
IV _ გლეხი






3
I წამყვანი :
მოგესალმებით, გმადლობ მობრძანებისთვის, თემა რომელსაც ამ სპეკტაკლში
შევეხებით ძალიან მძიმე გახლავთ, მაგრამ აუცილებლად მივიჩნიეთ ამის გაკეთება,
რადგან იგი ჩვენი ისტორიაა, ჩვენი წარსულია. ამ თემას შევეხეთ რადგან ამბავი
ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ადამიანს ეხება.
II წამყვანი:
მეფე თეიმურაზს თავისი დედისადმი მიძღვნილ პოემაში ,,ქეთევანიანი“ ასეთი
სიტყვები აქვს: __ ,, ფათერაკიანია სოფლისა სიცოცხლე, თვალის წამება...“
I წამყვანი:
მართლაც რომ ფათერაკიანია სიცოცხლე კაცისა, ერისა, ქვეყნისა. ვინ მოსთვლის იმ
ბოროტებას რაც ჩვენ ქვეყანას ხვდა წილად? ვინ აღწერს იმ გოდებას,ზეცად ასულს
ტკივილსა სულისას? ვინ დაითვლის იმ სისხლის წვეთებს, რაც ქვეყნის
გადასარჩენად დაღვრილა. განა დაბადებულა ვინმე ასეთი, რომ ეს მოახერხოს?
II წამყვანი:
გარდამოცემა სრულად ვერასდროს ასახავს ადამიანთა ენით აუღწერელ იმ
ტრაგედიებს რომლებმაც რწმენით გაუძლეს ჯოჯოხეთურ წამებას ამაღლდნენ
ზეცად და ანგელოზთა გალობა გაიგონეს.
I წამყვანი:
თუ ჩვენ ჩავუღრმავდებით ყოველი ასეთი ადამიანის ცხოვრებას, მივხვდებით,
რომ სწორედ და მხოლოდ და მხოლოდ დიდმა რწმენამ შეაძლებინა მათ
წარმოუდგენლად აუტანელი და გაუგონარი ტანჯვაწამების ატანა.




4
II წამყვანი:
,,საწამებლად რომ მიჰყავდათ ხელთ მლოცველის ჯოხი ეპყრა, თავ კისერი მოშავო
საბურვილით დაეფარა. უაღრესად დარბაისელი, არა მხოლოდ სამეფოს, არამედ
მთელი სუვერენული იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო! “ წერს ქეთევან
დედოფლის წამების მოწმე პადრე ამბროზიო, ავგუსტინელი ბერი.
I წამყვანი:
ქეთევან დედოფალს პადრე ამბროზიო შემდეგი სიტყვებით აღწერს:
,,იგი არაჩვეულებრივად წმინდა და სასიამოვნო სიხარულს ჰგვრიდა ყველას ვინც
მას ერთხელ იხილავდა, მისი ლამაზი და დიდი შავი თვალები ირეკლავდნენ იმას,
რაც მის
სულში ხდებოდა“.
II წამყვანი:
შეუძლებელია სიტყვით ან სხვა მხატვრული ხერხით გადმოიცეს 1624 წლის 13
სექტემბერს შირაზში არა ადამიანურად ნაწამები, კახეთის დედოფლის, ქეთევანის
ამბავი .
I წამყვანი:
არა, ეს არ გახლავთ ჩვენი მიზანი. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ უაღრესად
დიდი პატივისცემა გამოვხატოთ ქართველი დედოფლისადმი, რომლის სულშიაც
ღმერთმა ესოდენ დიდი რწმენა შთანერგა.
II წამყვანი:
ჩვენ ალაგალაგ მოგითხრობთ იმ ვითარების შესახებ რაც იმ დროში კახეთის
გარშემო ხდებოდა. ვითარება კი ურთულესი იყო, რადგან სპარსეთს შაჰ-აბას I -
მბრძანებლობდა, რომლის ჩანაფიქრი ქართლ-კახეთის გამაჰმადიანება გახლდათ.

5
I წამყვანი:
შაჰ-აბას I-ს ასევე სურდა ჩვენი მიწიდან აყრილი უამრავი ქართველის სანაცვლოდ
თავისი ხალხი ჩამოესახლებინა, რადგან სამომავლოდ ამ მხარეში მყარი საყრდენი
ჰქონოდა.
II წამყვანი:
შაჰის გეგმებს ყველა ხერხის გამოყენებით ხელს უშლიდა ქეთევან დედოფალი და,
შემდგომ, მისი ვაჟი კახეთის მეფე თეიმურაზ I.
ჩვენ თხრობას დავიწყებთ შაჰის მიერ ქეთევან დედოფლის დატყვევების წინა
პერიოდიდან. გთხოვთ დაიწყოთ წარმოდგენა!


I სურათი
ოთახში იმყოფებიან დედოფალი, ნენე, მერი, გოგონები ქსოვენ. ეზოდან
შემოესმებათ ხმამაღლა საუბარი, დედოფალი სარკმლიდან გაიხედავს
დედოფალი _____ ნენე, მგონი გლეხის ქალებს ჩემი ნახვა სურთ, მოურავს
გადაეცი შემოუშვას.
ნენე _____ დიახ, დედოფალო.

( დ ე დ ო ფ ა ლ ი მ ე რ ი ს თ ა ნ მ ი დ ი ს.)
დედოფალი _____ მერი, აბა ახლა ორი წაღმა და ერთი უკუღმა
ამოიყვანე, მასეთ ნაქსოვს მოუხდება.
მერი _____ ახლავე დედოფალო... ასე?
დედოფალი _____ კი, მასე, ხომ ლამაზია?
მერი _____ დიახ, ლამაზია, გმადლობ.
6
( შ ე მ ო დ ი ს ნ ე ნ ე )
ნენე _____ დედოფალო, შილდელი დედაკაცები გეახლნენ.

შემოდის ხუთი გლეხის ქალი. ორი მარცხნივ დგება, სამი
მარჯვნივ. ერთხმად ესალმებიან.
ყველა _____ მშვიდობა, დედოფალო.
დედოალი _____ მშვიდობა, რა გქვიათ?
ყველა თავის სახელს ამბობს:
I ლიზაი
II სოფა
III მე სონა ვარ
IV მე ნინო
V ნანო
დედოფალი __ რად კამათობთ, რა ვერ გაგიყვიათ, შილდელო ლამაზმანებო?
( ლ ი ზ ა ს ო ფ ა ს მ ხ ა რ ს გ ა ჰ კ რ ა ვ ს )
ლიზა _____ თქვი!
სოფა _____ შენ თვითონა სთქვი?
ლიზა _____ შენ უთხარ!
დედოფალი _____ ლიზა, მითხარ შენ, მითხარ.
ლიზა _____ დედოფალო, აი სონასა დღეს დილითა სახედარი ვეთხოვე,
ტყიდამ ფიჩხები უნდა ჩამომეტანა და მერმედ ის
სახედარი უკან უნდა დამებრუნებინა
სონა _____ უნდა დაგებრუნებინა, მაგრამ არ დააბრუნე!
7
დედოფალი _____ რატომ, ლიზა?
ლიზა _____ მოკვდა ის სახედარი, დედოფალო.
დედოფალი _____ მოკვდა?
ლიზა _____ დიახ, დედოფალო ტყეში რომ ავედით, მე და სოფამ ფიჩხები
მოვაგროვეთ და სახედარს ავკიდეთ, ცოტა კი გაიარა და ძირს
დავარდა, დავარდა და მოკვდა კიდეც.
სონა _____ მერე მე რაი ვქნა? მისატან-მოსატანი რით მივიტან-მოვიტანო?
სურსათ-სანოვაგე ბაზრად რით წავიღო, მითხარ?
ლიზა _____ ჩემი ბრალია, სონა? განა მე მოვკალ?
დედოფალი _____ სონა, ამბავი ვინ მოგიტანა შენი სახედრისა?
სონა _____ თითონა, ლიზამა.
დედოფალი _____ მერე შენ ახვედ ტყეში, ნახე შენი სახედარი?
სონა _____ ავედ, ვნახე, კი.
დედოფალი _____ პირიდან დუჟი სდიოდა ან მუცელი შებერილი ჰქონდა?
სონა _____ არა, დედოფალო, არც დუჟი ჰქონია, არც შებერილი იყო.
დედოფალი _____ სონა, რამდენი წლისა იყო შენი სახედარი?
სონა _____ ჩემი მაგრიწაი იყო ასე ოცდასამისა.
სოფა _____ უიმეე, ახალგაზრდა ყოფილა.
სონა _____ შენ გაჩუმდი! თავის საქმეს კი აკეთებდა მარდად!
მა მაგრიწაი ტყუილად კი არ ერქვა!
დედოფალი _____ სონა, შენ ხომ კარგად იცი, რომ ეგ სახედარი შენსავე
ხელში ყოველ წამს შეიძლებოდა მომკვდარიყო?
სონა _____ რავი მე... არაფერი ეტყობოდა მომაკვდავისა, დედოფალო .
ლიზა _____ აბა, ,,არ ეტყობოდა! “ ერთი გენახა აღმართში როგორა ქოშინებდა .
დედოფალი _____ ლიზა, თუ აღმართში აქოშინდა, ტვირთი აღარ უნდა
აგეკიდათ. სონა, შენ კი ის მითხარი, ის სახედარი შენს
8
ხელში, რომ მომკვდარიყო რაი უნდა გექნა?
სონა _____ არც არაფერი, დედოფალო, აბა რაი უნდა მექნა? ახალსა ვიყიდდი.
დედოფალი _____ ახლა კი, როგორც მივხვდი ლიზას სახედარს სთხოვ, ხომ
ასეა?
სონა _____ კი, ვთხოვ
დედოფალი _____ ლიზა ოცდასამი წლის სახედარს ძალიან იაფად
იყიდის, რომელიც ხვალ-ზეგ ასევე მოკვდება, მას
ხარჯი-ხარჯად ექნება, შენ კი არ გამოგადგება. ასე არის
სონა?
სონა _____ დიახ, ჰგავ მაგასა.
დედოფალი _____ ლიზა, ქმარ-შვილი გყავს?
ლიზა _____ ქმარი აღარ დედოფალო, ომში დაიღუპა, სამ ობოლსა ვზრდი.
დედოფალი _____ სონა, შენსკენ როგორ არის?
სონა _____ არავინ მყავ დედოფალო, ჩემი ქმარიც ომში დაიღუპა, ერთი ბალღი
ბიჭი მყვანდა და ისიც წითელა ბატონებმა წააბრძანეს... არავინაც
აღარ მყავ.
დედოფალო _____ სონა, მე ასეთ რამეს შემოგთავაზებ: კარგი სახედრის
ღირებულების ორ მესამედს მე შემოგწირავთ, ერთი მესამედი
კი შენ გაიღე, რადგან შეძლებული სჩანხარ. ის სახედარი კი
შენ და ლიზას ზიარად გყავდეთ. თანახმა ხარ?
სონა _____ უიმე... დედოფალო, თანახმა ვარ მაი? მადლობის მეტი რა
მეთქმის...

ლიზა _____ ღმერთმა შეგიწიროთ, დედოფალო, მადლიერი ვარ
დედოფალი _____ ნენე, სამი ვერცხლი გამოიტანე
სონა _____ დედოფალო, სამ ვერცხლსა დამატება აღარ დასჭირდება, მაგ
9
ფასად კარგ სახედარსა ვიყიდი!
დედოფალი _____ სონა, სახედრისთვის მხოლოდ ორი ვერცხლია, ერთი
ვერცხლისა კი სურსათ - სანოვაგე მიეც ლიზას ბავშვებსა.
სონა _____ დიახ, დედოფალო, მა რას ვიზავ, დიდ მადლობას მოგახსენებთ
ლიზა _____ უიმე დედოფალო, მადლობელი ვარ.
დედოფალი _____ აბა, ნახვამდის, შილდელო ლამაზმანებო.
ყველა _____ ნახვამდის, დედოფალო.
( გ ა დ ი ა ნ )
ნენე _____ ახლა ალბათ სონა ფიქრობს, ბარემ დედოფალს ის ერთი ვერცხლიც
მოეცაო.
მერი _____ ან კიდევ იმასა, სახედარი იაფად იშოვოს და ამის ხარჯზე გასცეს
ლიზასთვის სურსათ-სანოვაგე.
დედოფალი _____ არ შეგშვენით ჭორაობა გოგონებო. სონა არ არის ცუდი
ადამიანი, იგი ყაირათიანია. ისე იცოდეთ, არა არს
ადამიანი ნაკლოვანების გარეშე.
სურათი II
( შ ე მ ო რ ბ ი ს ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე )
ალექსანდრე _____ დიდედა! დიდედა! ლევანი მეუბნება ,,ვეფხისტყაოსანი“
ზეპირად არიციო.!
დედოფალი _____ მერე, შენ იცი?
ალექსანდრე _____ არა
დედოფალი _____ ლევანმა კი შენს ასაკში იცოდა.
ალექსანდრე _____ მეც ვისწავლი და მეცოდინება!
დედოფალი _____ ცოტა რომ არ გეზარმაცა უკვე გეცოდინებოდა.
მაგრამ რა გაეწყობა. ისე მჯერა, რომ ისწავლი...
10
ხელები რატომ გაქვს დათხუპნული?
ალექსანდრე _____ ხუცესმა გიორგიმ, ლევანმა და მე, ნაცარა ვაშლის
ხე ჩავრგეთ და ახლა დასაბანად გავრბოდი.
დედოფალი _____ მაგრამ რატომღაც ჩემთან აღმოჩნდი.
ალექსანდრე _____ ჰო, აღმოვჩნდი.
დედოფალი _____ გავიგე ახალი ნახატი დაგისრულებია.
ალექსანდრე _____ დიახ, დედოფალო
დედოფალი _____ მაჩვენებ?
ალექსანდრე _____ სიამოვნებით.
დედოფალი _____ წადი მოწესრიგდი.
ალექსანდრე _____ დიახ (გარბის)
( შ ე მ ო დ ი ს ნ ე ნ ე )
ნენე _____ დედოფალო, თეიმურაზ მეფე გეახლათ.
დედოფალი _____ სთხოვეთ
( შ ე მ ო დ ი ს თ ე ი მ უ რ ა ზ ი, ა ღ ე ლ ვ ე ბ უ ლ ი ჩ ა ნ ს )
თეიმურაზი _____ მშვიდობა, დედოფალო.
დედოფალი _____ მშვიდობა, რა მოგდის, თეიმურაზ?
თეიმურაზი _____ დედა ...
დედოფალი _____ გისმენ, თეიმურაზ.
თეიმურაზი _____ დედა ... შაჰს ...
დედოფალი _____ რაო ... შაჰმა?
თეიმურაზი _____ ალექსანდრეს ითხოვს... ერთგულების ნიშნად.
დედოფალი _____ ერთგულების ნიშნად ... შენ ... შენ იცი როგორ უნდა მოიქცე.
11
( შ ე მ ო რ ბ ი ს ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე, ხ ე ლ შ ი ნ ა ხ ა ტ ი უ ჭ ი რ ა ვ ს )

ალექსანდრე _____ მშვიდობა, მეფეო
თეიმურაზი _____ მშვიდობა... მშვიდობა, ჩემო ვაჟკაცო
ალექსანდრე _____ (დედოფალს ნახატს აწვდის) დედოფალო, აი
დედოფალი _____ ოოო... ბრწყინვალეა, ძალიან მომწონს იცი? ოღონდ აი, აქ
ლურჯის ნაცვლად, ფირუზის ფერს დავსვამდი, მაგრამ
მოიცა... არა, არა, აქ სწორედ ლურჯი უნდა იყოს... აი,
ისპაჰანში, რომ
გაემგზავრები და უფლის წყალობით უკან დაგვიბრუნდები,
ბევრი ნამუშევარი უნდა ჩამოგვიტანო. კარგი?
ალექსანდრე _____ როდის გავემგზავრები?
დედოფალი _____ მალე, ასე არ არის, თეიმურაზ?
თეიმურაზი _____ დიახ, მასე არის, ამ კვირაში. ალექსანდრე, დაგვტოვე მე და
დიდედა.
( ა ლ ქ ე ს ა ნ დ რ ე გ ა დ ი ს )
თეიმურაზი _____ დედა ...
დედოფალი _____ არაფერი მითხრა, შვილო, არაფერი მითხრა... განსაკუთრებით
მიყვარს ალექსანდრე, ემოციურია, ღრმა არის, გონიერია და
კეთილი... დამტოვე. არავინ შეგამჩნიოს დაღვრემილობა,
ჩვენი ხვედრია ამგვარი განსაცდელი... ასე სურს უფალს...
წადი.
( თ ე ი მ უ რ ა ზ ი გ ა დ ი ს )
დედოფალი _____ ოჰ... უფალო, განა დამსცდება რაიმე საყვედური? განა
გეკითხები რატომ? უკვე მერამდენედ მტკივა, მერამდენედ
ჩამსცეს მახვილი... გარნა შენისა არავინ უწყის რაი ხდება
გულსა შინა ჩემსა. ხშირად ვფიქრობ, რომ ყველა მოვლენილი
12
განსაცდელი მზადება არის აღსასრულისა ჩემისა, და რომ
არა, შენ, უფალო, და სამშობლოი ჩემი, განა შესაძლებელი
იქნებოდა ატანა ყოველივე ამისაი? განა შემრჩებოდა გონება
და გული ესე? განა არ დავიყრიდი ნაცარს თავზე? განა არ
დავკაწრავდი ფრჩხილებით და არ დავკვნეტდი მიწას
კბილებით?! ო... რა რიგ ძნელია ყოველივე, რა რიგ ძნელია...
გევედრები გამაძლიერე და განმამტკიცე ყოველსა დღესა ჩემსა
განმამტკიცე ყოველსა დღესა ჩემსა და იყავ ნებაი შენი
უფალო, დიდსა ტკივილსა და დიდსა ჭირსა შინა. ამინ...
ხუცესი გიორგის ხმა _____ უფალო, შემოწყალენ.
დედოფალი _____ ამინ ...
( შემოდის ხუცესი გიორგი )
ხუცესი _____ მშვიდობა, დედოფალო.
დედოფალი _____ მშვიდობა, ხუცესო... გაიგებდი.
ხუცესი _____ დიახ, გავიგე, უფალმა გაგაძლიეროთ... თუ მიბრძანებთ, გავყვები
ალექსანდრეს.
დედოფალი _____ როდესაც დრო დაგვიდგება, მაშინ ერთად გავემგზავრებით,
ხუცესო.
ხუცესი _____ ეგ შესაძლებელია? დედოფალო.
დედოფალი _____ რა მოგდით, ხუცესო გიორგი? განა თქვენ არ მასწავლიდით,
რომ მუდამ ჟამს ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთო?
ხუცესი _____ დიახ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა მასე არის.
დედოფალი _____ დანამდვილებით არავინ იცის, რაი აქვს შაჰ-აბასს
ჩაფიქრებული,
მაგრამ ჩემის ვარაუდით შაჰი ყველა ხერხს მიმართავს და
არაფერს მოერიდება, რათა თეიმურაზი ტახტიდან ჩამოაგდოს.
ალექსანდრეს შემდეგ ლევანსაც მოითხოვს, მერე მალევე
13
თეიმურაზსაც დაიბარებს თავისთან.
ხუცესი _____ ფიქრობთ, რომ ასე შორს წავა?
დედოფალი _____ განა არ უწყი, ხუცესო, რომ შაჰს ქართლ-კახეთის
გამაჰმადიანება აქვს ჩაფიქრებული? არ უწყი, რომ
სპარსელების დასახლებასაპირებს ჩვენს მიწაზე? რაი არს
გასაკვირი, რომ ამ მიზნების განხორციელებისთვის ყოველივე
მოიმოქმედოს.
ხუცესი _____ დიახ, მესმის, დედოფალო
დედოფალი _____ თეიმურაზის სიახლოვეს იყავი ხუცესო, მას ახლა მეტად უჭირს
ხუცესი _____ დიახ
დედოფალი _____ ხუცესო!
ხუცესი _____ გისმენთ, დედოფალო
დედოფალი _____ გამგზავრების დღეს ალექსანდრე ჩემთან არ შემოიყვანოთ.
ხუცესი _____ დიახ
I წამყვანი:
ისპაჰანში გამგზავრების დღეს, ალექსანდრე, დედოფალთან არ შეუყვანიათ.
ქეთევან დედოფალი სარკმელთან იდგა და მისი გული იქიდან ემშვიდობებოდა
საყვარელ შვილიშვილს.
II წამყვანი:
ამ დროისთვის შაჰი უკვე ფიქრობდა თეიმურაზის კახეთის ტახტიდან ჩამოშორებას
და მისი როსტომ-ხანით შეცვლას.
შაჰ აბასს ცნობები მისდიოდა, რომ თეიმურაზი რუსეთთან ამყარებდა
ურთიერთობებს, რომ იგი რუსეთს დიპლომატიურ მხარდაჭერას სთხოვდა.
სთხოვდა შაჰისთვის მიემართა, რომ ხელი აეღო საქართველოს დალაშქვრაზე. ამის
შესახებ პიეტრო დელა ვალე წერს.
14
I წამყვანი:
პიეტრო დელა ვალე, ვენეციელი მოგზაური კარგად იცნობდა ქეთევან დედოფალს
და დიდ პატივს სცემდა. თვითონაც მიღებული გახლდათ დედოფლის კარზე. ეს ის
პიეტრო დელა ვალე გახლავთ, რომელმაც მრავალი ისტორიული ცნობები
შემოგვინახა დედოფლის შესახებ და იმ დროის ქართლ-კახეთზე და სხვა
კუთხეებზე. ახლა იგი თინათინ ძიბასთან ერთად დედოფალს სტუმრად ეწვევა.
თინათინ ძიბა ობოლი გოგონა გახლავთ რომლის აპეკუნობა ვენეციელმა
მოგზაურმა თავის თავზე აიღო.
შემდეგი სცენა
შემოდის დედოფალი, მოყვებიან
პიეტრო დელა ვალე
თინათინ ძიბა
დედოფალი _____ გთხოვ, პიეტრო, მობრძანდი, თინათინ, ძალიან გამახარეთ,
როგორ არის თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი მეუღლე რას
იწერება?
პიეტრო _____ ჩვენ ჯანმრთელობას არ ვუჩივით, აი, მეუღლე კი, შეუძლოდ
გახლავთ, მაგრამ ექიმებმა სთქვეს განიკურნებაო. თავად როგორ
ბრძანდებით, დედოფალო?
დედოფალი _____ ისე როგორც დღევანდეობას შეეფერება, პიეტრო, არც
უკეთესად, არც უარესად. თინათინ, საყვარელო, შენ როგორ ხარ?
თინათინი _____ გმადლობ, დედოფალო, აი, ვმოგზაურობ პიეტრო დელა
ვალესთან ერთად. ამ დღეებში შავი ზღვისპირეთისკენ უნდა
გავემგზავროთ.
დედოფალი _____ ძალიან კარგია, ვერასოდეს მოვიცალე შავი ზღვის სანახავად.
ამბობენ შეუდარებელი სილამაზის არისო. მართლა შავი კი არა,
15
სინამდვილეში ლურჯი ყოფილა. მშვიდობით რომ ჩახვალ,
ჩემგან მოკითხვა გადაეცი შავ ზღვას და იმ მხარეს.
თინათინი _____ აუცილებლად გადავცემთ
დედოფალი _____ პიეტრო, ჩვენთან, კახეთში რა ნახეთ საინტერესო?
პიეტრო _____ ბევრი რამ, დედოფალო, ბევრი რამ. იყალთოს გახლდით,
გაოცებული ვარ იქაური ბერების განსწავლულობითა და
მეცადინეობით. მართლაც აკადემია გახლავთ. დიდებულია
ალავერდი, თქვენს გრემის ტაძარს ხომ ბადალი არ ჰყავს, ნამდვილი
მარგალიტია თქვენი მხარისა, სიმღერები ისეთი, რომ მსგავსი
არაფერი მომისმენია. აი მხოლოდ კორსიკელების სიმღერებს თუ
შევადარებდი.
დედოფალი _____ დიახ, გამიგონია კორსიკული სიმღერები ქართულს ჰგავსო,
მაგრამ როგორც მე მითხრეს, მეტად სვანურსო .
პიეტრო _____ სხვათაშორის, სწორედ სვანეთში ვაპირებ ასვლას, ოღონდ მინდა
თინათინი დადიანებთან დავტოვო, რადგან სვანეთამდე გზა
რთულია
დედოფალი _____ პიეტრო, თინათინ, მე რით შემიძლია დაგეხმაროთ? იქნებ გზაში
რამე გჭირდებათ? მითხარით, ნუ მოგერიდებათ.
პიეტრო _____ გმადლობ, დედოფალო, ყოველივე რაც გჭირდება მოგვეპოვება.
დედოფალი _____ თინათინ, შენ საჩუქრის გარეშე მაინც ვერ გაგიშვებ. ნენე!
ჩემი ნაბადი მიართვი თინათინს.
( გ ა მ ო ა ქ ვ თ ნ ა ბ ა დ ი )
თინათინი _____ დიდად გმადლობთ, დედოფალო, სიცივეს აღარ შევუშინდები.
პიეტრო_____ ჩვენ დაგტოვებთ, დედოფალო, ბედნიერად ბრძანდებოდეთ.
დედოფალი _____ მშვიდობით გევლოთ.
თინათინი_____ ნახვამდის, დედოფალო.
16
( გ ა დ ი ა ნ )
I წამყვანი: _____ როდესაც ქეთევან დედოფალი შაჰმა პირველად იხილა,
მისი გარეგნობით ძლიერ მოიხიბლა და რჯულის შეცვლა და
ცოლობა სთხოვა. შაჰმა დედოფლისგან მტკიცე უარი მიიღო,
რამაც შაჰი ძლიერ გააღიზიანა. შემდგომ კი შაჰ-აბასმა ჭორი
გაავრცელა თითქოს ქეთევან დედოფალი მეორედ გათხოვებას
აპირებდა და რომ ტახტს არა თეიმურაზს, არამედ მომავალ
შვილებს
დაუტოვებსო. საქმროდ კი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი დასახელდა.
II წამყვანი: _____ ეს ამბავი, რომ თეიმურაზმა გაიგო ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი
მალევე მოაკვლევინა. როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ
ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ფარულად ანტიირანულ მოძრაობას
ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ მიზეზით დაასახელა შაჰმა იგი,
ჩოლოყაშვილის ჩამოცილებით შაჰმა საქართველოზე მომავალი
გამარჯვებები გაიადვილა.
I წამყვანი: _____ მოგვიანებით ყოველივე გაირკვა და დედოფალსა და თეიმურაზს
შორის ამ ფაქტის გამო ჩამოვარდნილი ძლიერი უთანხმოება
განელდა . ეს რომ შაჰ-აბას I-მა შეიტყო თეიმურაზის მეორე
შვილი ლევანი ითხოვა მძევლად.

გთხოვთ გავაგრძელოთ

17
ლ ე ვ ა ნ ი ს ი ს პ ა ჰ ა ნ შ ი გ ა მ ო ძ ა ხ ე ბ ი ს ს ც ე ნ ა
ქეთევანი, ნენე, მერი.
ნენე და მერი ___ ქარგავს.
ქეთევან დედოფალი მერისთან მიდის
დედოფალი ___ მერი, აბა მათხოვე ( გამოართმევს საქარგს ) აი აქ, ასე აუნდა
ამოქარგო, მეტად მყარად იქნება, შემდეგ ჩვეულ გააგრძელებ
ნენე ___ დედოფალო, ჩემიც ნახეთ, გთხოვთ.
დედოფალი ___ კარგია, ნენე, ოღონდ აი ამ ადგილას სამმაგი ძაფი გამოიყენე.
ნენე ___ დიახ, გმადლობ.
( ხ უ ც ე ს ი ს ხ მ ა )
ხუცესი ___ უფალო, შემიწყალენ
დედოფალი ___ ამინ
( შ ე მ ო დ ი ს ხ უ ც ე ს ი )
ხუცესი ___ მშვიდობა, დედოფალო.
დედოფალი ___ მშვიდობა, ხუცესო. რაი ამბავია?
ხუცესი ___ მართალს ბრძანებდით, დედოფალო.
დედოფალი ___ სათქმელი მითხარ, ხუცესო.
ხუცესი ___ დედოფალო ...
დედოფალო ___ ამჯერად ლევანი?
ხუცესი ___ დიახ ... ლევანი.
დედოფალი ___ თეიმურაზმა იცის?
ხუცესი ___ ჯერ არა, დედოფალო,
დედოფალი ___ დაუძახეთ, მე თვითონ ვეტყვი.
ხუცესი ___ მაოცებს თქვენი ძალა, დედოფალო.
დედოფალი ___ დაუძახეთ!
18
( ხ უ ც ე ს ი გ ა დ ი ს )
დედოფალი ___ კაცთაგან ვინ უწყის რაიდ მიღირს ეს ძალა,... ნუ სტირით
გოგონებო... ნუ სტირით... სატირალი მე მაქვს, მაგრამ არ
შემშვენის... აბა, შემომხედეთ... ცრემლებიც გიხდებათ.
მადლობელი ვარ თანაგრძნობისთვის. ეს უდიდესი რამ არის,
რადგან იგი სიყვარულისგან მოდის. როდესაც თეიმურაზი
შემოვა დაგვტოვეთ ჩვენ ორნი.
( შ ე მ ო დ ი ს თ ე ი მ უ რ ა ზ ი )
თეიმურაზი ___ მშვიდობა, დედოფალო.
დედოფალი ___ მშვიდობა... მშვიდობა... არ არს მშვიდობა, თეიმურაზ, არ არს...
თეიმურაზი ___ რა ხდება, დედა.
დედოფალი ___ ისევ ჩვენი გამოცდა.
თეიმურაზი ___ შაჰი?
დედოფალი ___ ლევანს ითხოვს
თეიმურაზი ___ ოჰ, ღმერთო! ღმერთო, რად არ სკდება ეს გული, რად!
დედოფალი ___ იმად, რომ წინ დიდი საქმეები გაქვს თეიმურაზ, წინ სამშობლოს
ბედია შვილო, სამშობლოსი! ძალიან მალე შენს თავსაც
მოითხოვს... მაგრამ ... ხვალვე გაამგზავრე ლევანი... წადი
( გ ა დ ი ს თ ე ი მ უ რ ა ზ ი )
დედოფალი ___ ასე მგონია ყველა ბოროტებამ ჩვენთვის მოიცალა, ასე მგონია
შაჰი ჩვენი ტანჯვითა და ტკივილით საზრდოობს. ალექსანდრე...
ლევანი... ვიცი, თეიმურაზსაც იხმობს თავისთან, მაგრამ ვერ
ეღირსება! სამივეს ერთად თავებს ვერ დააყრევინებს! უფალს
სულ სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული, მე ამას ვგრძნობ... ვერ
დამაჩოქებ, შაჰო, ვერ დამიმონებ. ახლა ჩემსა და შენს შორის
სამკვდრო- -სასიცოცხლო ომი დაიწყო! შესაძლოა უამრავი
19
საშინელება მოგაფიქრდეს წინააღმდეგ ჩვენსა, მაგრამ, ბეჩავო,
განა უფალდაგვტოვებს? განა მოისურვებს ამოგდებას ჩვენსა?
შენამდიც იყვნენ და კიდევ მრავალნი გამოჩნდებიან მტერნი
ჩვენნი, მაგრამ ამაო იქნება ყოველი მცდელობა განადგურებისა
ერისა ჩვენსა. თავად შენ მრავალგზის შეეცდები ამას, მაგრამ
გიმუხთლებს ბედი, რადგან ფიქრი და ზრახვა შენი საპირისპიროდ
ჭეშმარიტებისა არის. მიდი!.. მიდი გააკეთე შემდეგი სვლა
ისტორიის დაფაზე.
წ ა მ ყ ვ ა ნ ი ს ტ ე ქ ს ტ ი

I წამყვანი: ___ შაჰმა გააკეთა შემდეგი სვლა - ლევანის შემდეგ მან თეიმურაზი
დაიბარა ისპაჰანში, რადგან კახეთის ბაგრატიონებისთვის ბოლო
მოეღო. ეს სრულიად ნათელი გახლდათ.
ქეთევან დედოფალს ამ ამბავს თეიმურაზი თავად შეატყობინებს.

დედოფალი, თეიმურაზი, ნენე, მერი
( შ ე მ ო დ ი ს ნ ე ნ ე )
ნენე ___ დედოფალო, თეიმურაზი გეახლათ.
დედოფალი ___ შემოვიდეს.
თეიმურაზი ___ მშვიდობა, დედოფალო
დედოფალი ___ მშვიდობა, გისმენ, თეიმურაზ.
თეიმურაზი ___ დედა, შაჰი თავისთან მიბარებს.
დედოფალი ___ რას აპირებ?
თეიმურაზი ___ არ ვიცი... არ ვიცი...
20
დედოფალი ___ რა შემთხვევაში ეახლებოდი შაჰს?
თეიმურაზი ___ მაგის უფლება არ მაქვს დედოფალო.
დედოფალი ___ აკი ,,არ ვიციო“ ?
თეიმურაზი ___ თქვენ რას მირჩევთ, დედა?
დედოფალი ___ არაფრით არ შეიძლება ისპაჰანში შენი გამგზავრება, თეიმურაზ.
შაჰს კახეთის ბაგრატიონების ამოწყვეტა სურს, ეს ნათელია!
ქათლში უნდა გადახვიდე, მოვა დრო და დაბრუნდები.
შაჰს კი შეუთვალე, ჯერ ვერა და მალე გეახლებითქო,
დრო გაიყვანე, თავად კი გამგზავრებისთვის მოემზადე. აქაური
საქმეები მოაგვარე დღესვე შეუთვალე ორ-სამ თვეში გეახლები
თქო, შენ რომ აღარ ჩახვალ ლაშქრით გამოემართება, მაგრამ მე
დავხვდები და შევეცდები სამეფო არ ავაოხრებინო. წადი!
თეიმურაზი ___ კარგი დედოფალო
დედოფალი ___ ნენე მგალობლებს სთხოვე შემოვიდნენ.
( შ ე მ ო დ ი ა ნ მ გ ა ლ ო ბ ლ ე ბ ი და გ ა ლ ო ბ ე ნ )
I წამყვანი: ___ როდესაც შაჰს ამბავი მიუვიდა, რომ თეიმურაზი ისპაჰანში
ჩამოსვლისთვის სამ თვეს ითხოვდა, იგი მიუხვდა თეიმურაზს
ჩანაფიქრს, მაგრამ კახეთის დალაშქრისთვის ეს მიზეზი
საკმარისად არ მიიჩნია, მან ქეთევან-დედოფალთან სასწრაფოდ
გაგზავნა შიკრიკი და ამჯერად კატეგორიულად მოითხოვა მისი
გამაჰმადიანება და ცოლობა. და რადგან პასუხი წინასწარ იცოდა,
კახეთის დალაშქვრისთვის მზადება დაიწყო და მალევე
გამოემართა კიდეც.
21

შ ე მ დ ე გ ი ს ც ე ნ ა
იკრიბებიან გლეხები: ქალები, ბავშვები, კაცები
I – ქალი ___ გაიგე ქა, შაჰი საზღვარს მოადგაო!
II - ქალი ___ საზღვარი და ჭირი მაგას ზედ თავის სამეფოს კარზე!
Ш - ქალი ___ დიდი ჯარით მოდისო, ქა!
IV - ქალი ___ ამოდენა გზაზე, ტიალი, ტყუილად არ ჩამოიყვანდა დიდ ჯარსა.
II - ქალი ___ გული რაღაც ცუდს მიგრძნობს ქალებო.
I – ქალი ___ ვაი ჩვენს დღესა, ვაი...
Ш - ქალი ___ რაი უნდა ვქნათ, ჰა ?
IV - ქალი ___ ტყეში უნდა გავიხიზნოთ, მა სხვა რა?
I – ქალი ___ ქალებო, სოფლის თავკაცი მოდის.
II - ქალი ___ მაგანა კიდე რა უნდა ქნას რა? ვაი ჩვენს დღესა!
( თ ა ვ კ ა ც თ ა ნ ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ა მ ი ი რ ბ ე ნ ს
და ყ უ რ შ ი ჩ ა ს ჩ უ რ ჩ უ ლ ე ბ ს )
თავკაცი ___ ხალხოუ...! გაიგებდით, რომ შაჰი თავის ჯარითა და
ჩვენს საზღვრებს მოადგა.
ყველა ___ ჰო... გავიგეთ, ვიცით, ვიცით
I გლეხი ___ ახალი გვითხარ რამე, თავკაცო!
თავკაცი ___ ახალი?.. ახალი ის არის, რომ ქეთევანი დედოფალი ტყვედ
აუყვანიათ და შაჰი ახლა სოფლებს გვიწიოკებს. საღამოსთვის ჩვენს
სოფელსაც მოადგება.
II გლეხი ___ რა ვქნათ თავკაცო? რა მოვიმოქმედოთ?
თავკაცი ___ უპირველესად ამას ვფიქრობ, რომ ტყეში უნდა გავიხიზნოთ, აბა სხვა
რა?
22
მე სოფელში დავრჩები, ვისაც გინდათ, დარჩით ჩემთან ერთად
და ერთადა ვსთხოვოთ სპარსელებსა სახლები არ გადაგვიწვას.
იქნებდა შეისმინოს.
I გლეხი ___ რას ამბობ, თავკაცო? დედაკაცებს და ბალღებს რომ ვერ იხილავენ,
განა არ გადაბუგავენ აქაურობას?
თავკაცი ___ მა ბალღები და დედაკაცები არ გადავმალოთ?!
III გლეხი ___ მაგას ვინ ამბობს? უნდა გაიხიზნონ, უნდა გადაიმალნონ! აი, კაცები
კი, ვისაც იარაღის ტარება შეგვიძლია, უნდა დავხვდეთდა ვეომოთ
მტერსა!
თავკაცი ___ ბარემ თქვი - აქვე თავი მოვიკლათო! არ სჯობია?! ჰა? ამოდენა ჯარს
დავხვდეთ? ვეომოთ? ბარემ აქვე დავიხოცოთ თავები!
Ш გლეხი ___ რათა, თავკაცო? თავები რად უნდა დავიხოცოთ? თითო ჩვენიანი
ორ-სამ სპარსს ვერ წაიყოლიებს განა? ჰა, კაცებო?
ყველა ___ მართალია! მასე არის! დავხვდეთ! ვეომოთ!

თავკაცი ___ ხალხნო... ჩემო ძმებო!.. ჩემო შვილებო... განა დავბერდი? განა მუხლში
ძალა იგრე გამომელია, რომ ხელში ხმალი ვერ ვატრიალო? მაგრამ
შვილებს რას უპირებთ? შვილებს პატრონობა ხომ უნდა?
ვინ იზამს ამას, თუ არა თქვენ? განა შიში შემომეპარა, მაგრამ
მსხვერპლი გამართლებული ხომ უნდა იყოს? არ აჯობებს,რომ ძალა
მოვიკრიბოთ, გავერთიანდეთ და მერე ძლიერად შეუტიოთ? ჰა... ?
ძმებო, შვილებო სთქვით!
I გლეხი ___ თავკაცო, ჩვენა თავი კია არ მოგვბეზრებია! მაშ რისთვის ვაკლავ
თავსა მტერს. განა ჩემი შვილებისთვინ არა? დედაკაცები კიდე
ყოჩაღები გვყვანან. ახლაც ხედავენ ბალღებსა და მერე კიდე უფრო
მეტად მიხედავენ!
23
II გლეხი ___ მიხედავენ და გაგვიგებენ კიდევაცა! და მტერი კიდევა, ჰო...? იმას
ვერ იტყვის მინდვრის კურდღლებივით გაიქცნენო.
შვილები თავაწეულნი ივლიან, არ შერცხვებათ ჩვენს გამო! აი ეს არის
ჩემი სიტყვა!
Ш გლეხი ___ მერე კიდენა იმაზე იფიქრეთ ქეთევან დედოფალი რას იტყვის ჩვენი
სიმხდალის ამბავს, რომ გაიგებს? ამაზე გიფიქრიათ?
ყველა ___ აბა მაი?! მასეა მასე! დავხვდეთ მტერსა! როგორც ჩვენი მამა-პაპანი ისე
დავხვდეთ!
თავკაცი ___ ხალხნო, ძმებო, შვილებო, მე ის ვთქვი რაც უნდა მეთქვა არჩევანი
თქვენ გააკეთეთ. ჰოდა დავხვდეთ! ბალღები და ქალები
მოამზადეთ!
გასახიზნად, დრო ცოტა გვაქვს იჩქარეთ!
I წამყვანი: ___ იმავე საღამოს შაჰის ჯარი სოფელში შეიჭრა. საომრად დარჩენილნი
გააფთრებით იბრძოდნენ. არავინ დამალულა, არავინ გაქცეულა...
ყველამ თავი შეაკლა მტერს. მტერმა სოფელი მთლიანად გადაწვა,
გახიზნულებს ძებნა დაუწყეს და მალევე იპოვეს. მოხუცები
დახოცეს სხვები სპარსეთს გაგზავნეს...
II წამყვანი: ___ დატყვევებული ქეთევან დედოფალი ჯერ განჯაში ჩაიყვანეს,
მოგვიანებით შირაზში გადაიყვანეს და იმამყული-ხანს ჩააბარეს.
გ თ ხ ო ვ თ...
I წამყვანი: ___ იმამყული-ხანი წარმოშობით ქართველი გახლდათ, გვარად
უნდილაძე. შაჰის კარზე ის მეორე კაცი იყო. იმამყული-ხანის მამას
ალავერდი ხანს ერთ დროს ასევე დიდი თანამდებობა ეჭირა
სპარსეთში. იმამყული-ხანი ახლა შირაზს მმართველობდა.
თეიმურაზის ცნობით, იგი ქეთევან დედოფლის მიმართ
კეთილგანწყობით გამოირჩეოდა.
24
გ თ ხ ო ვ თ გ ა ნ ა გ რ ძ ო თ
იმამყული-ხანი ___ შემობრძანდით, დედოფალო.
( ა ღ მ ო ს ა ვ ლ უ რ ს ტ ი ლ ზ ე მ ო წ ყ ო ბ ი ლ ო თ ა ხ შ ი
დ ე დ ო ფ ა ლ ი, ნ ე ნ ე და მ ე რ ი შ ე მ ო დ ი ს )
იმამყული-ხანი ___ იმედია მოგეწონებათ.
დედოფალი ___ გმადლობ, იმამყული-ხანო. სადაც მომწონს და მიყვარს იქიდან
წამომიყვანეს.
იმამყული-ხანი ___ თავის დროზე იქიდან ჩემი მამა, ალავერდი ხანიც წამოიყვანეს.
ჩემი ძმა და მე აქ დავიბადეთ. ვიღაც ყოველთვის სადღაც მიდის.
დედოფალი ___ იმამყული-ხანო, წასვლას გააჩნია.
იმამყული-ხანი ___ დიახ, დედოფალო, მესმის. მამაჩემი ალავერდი ხანიც
იძულებით იყო წამოყვანილი. დღეს ამას სულ სხვა გვარად
ვუყურებ. მიყვარს აქაურობა, მიყვარს შაჰი, შევიყვარე სჯული ესე
და გავუგე.
დედოფალი ___ საინტერესოა...
იმამყული-ხანი ___ ძალიან საინტერესოა! თქვენ წაგიკითხავთ ყურანი?
დედოფალი ___ წლების წინ
იმამყული-ხანი ___ მერე? არ არის საოცრება? ჰა? რას იტყვით, დედოფალო? განა
არ დევს იქ ჭეშმარიტება?
დედოფალი ___ მომწონს შენი სიალალე, იმამყული-ხანო, მაგრამ მე ასეთი
შეკითხვა არ უნდა დამისვა. ჩემთვის ჭრშმარიტება ქრისტე
არის. როგორც ყურანში წერია ქრისტეს მუჰამედი არ უარყოფს.
იმამყული-ხანი ___ დიახ, არ უარყოფს მუჰამედი, მაგრამ ამაზე სხვა დროს
დედოფალო, ახლა კი დაგტოვებთ. თუ რამე დაგჭირდებათ,
თქვენს კართან მუდამ იქნება ორი მცველი, მათ მიმართეთ,
25
ყოველივეს ისე გააკეთებენ როგორც ეტყვით.
დედოფალი ___ გმადლობ, იმამყული-ხანო.
(იმამყული-ხანი გადის)
ნენე დედოფალს ხელებს გადააბანინებს.
დედოფალი ___ მიირთვით, გოგონებო.
( ს ი ნ ზ ე დ ა ლ ა გ ე ბ უ ლ ხ ი ლ ზ ე მ ი უ თ ი თ ე ბ ს )
ნენე ___ დედოფალო, იმამყული-ხანმა, მთელი ბავშვობა მართლა აქ გაატარა?
დედოფალი ___ კი, ნენე.
ნენე ___ შემეცოდა
მერი ___ თუ მოგეწონა?
ნენე ___ გაჩუმდი, მერი! რას ამბობ?!
დედოფალი ___ ხანი, კარგი გარეგნობის ყმაწვილია. არაფერია იმაში გასაკვირი
თუ მოგეწონათ . ისე ნენე, მერი, ის ცოლშვილიანი გახლავთ.
მერი ___ მე რატომ მეუბნენით, დედოფალო?
დედოფალი ___ იმიტომ რომ, შენც მოგეწონა და არ უარყო.
მერი ___ მრცხვენია, დედოფალო...
დედოფალი ___ მოწონება არ არის სასირცხვო, მაგის შემდეგ როგორ მოიქცევი
ის არის საქმე, რა ნაბიჯს გადადგამ ის არის მნიშვნელოვანი. ისე,
მუსლიმებს ცოლები თავიანთ სჯულზე გადაჰყავთ.
ნენე ___ მე რომ შემომთავაზონ სჯულის შეცვლა უარს ვიტყვი! შევეწირები და
სჯულს არ შევიცვლი!
დედოფალი ___ ნენე, მრავალი ჩვენი თანამემამულე ფიქრობდა მასე, მაგრამ დღეს
ორასიათასზე მეტი გამაჰმადიანებული ქართველი ცხოვრობს
სპარსეთში. არავის არ განვიკითხავ, სიცოცხლე ყველას სწყურია,
ყველაზე უბედო ადამიანსაც კი... ალექსანდრე და ლევანი
მომენატრნენ, ძალიან.
26
მერი ___ დედოფალო, რატომ არ სთხოვეთ იმამყული-ხანს შეგახვედრებდათ.
დედოფალი ___ სწორედ იმიტომ, მერი, რომ ძალიან მინდა მათი ნახვა. ეს კი
იმამყული-ხანს არ უნდა შეემჩნია. რადგან დარწმუნებული ვარ,
შაჰისგან ნაბრძანები იქნება ჩემი სურვილის საპირისპიროდ
მოიქცეს. როცა იქნება თვითონ ჩამოაგდებს ამ თემაზე საუბარს...
ნეტა როგორ არიან? ნეტა რა ხდება მათ ნორჩ გულებში?.. უფალო

შეეწიე ყველა ტყვეს, საპყრობილეში და მონობაში მყოფთ...
შემინდე, უფალო, შევედრება ესე , რადგან შენ უკეთ უწყი რაი,
როდის და როგორ.
მერი , ნენე ___ ამინ!
დედეფალი ___ ზოგჯერ ვფიქრობ ამპარტავნებიდან ხომ არ მოდის უფლისადმი
ამგვარი მიმართვა. მან ხომ უკეთ უწყის ვის, რა, როგორ და
როდის... მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ ლოცვები ესე, ჩვენ მეტად
გვჭირდება, რადგან გვამშვიდებს. სიმშვიდეში კი აზროვნება
საღია, რაითაც თავს
არიდებ სასოწარკვეთას, რომელშიაც ჩავარდნა ძალზედ იოლია,
რადგან დაგებული მახეა და სხვა არაფერი. ასე, რომ ნენე, მერი,
უნდა ვილოცობთ, გულით ვილოცოთ გოგონებო და
აუცილებლად შეგვეწევა უფალი.
ნენე ___ დედოფალო, ხშირად ვლოცულობ, გულითაც ვლოცულობ, მაგრამ ...
( ა ტ ი რ დ ე ბ ა )
დედოფალი ___ თქვი, ნენე, თქვი
ნენე ___ მაგრამ სიმშვიდე მაინც არ არის. სულ შიშში ვარ, დედოფალო, მეშინის ,
ძალიან მეშინის.
დედოფალი ___ რისი გეშინის, ნენე?
27
ნენე ___ ყოველი დღისი, დედოფალო, რომ რაღაც უბედურება მოხდება, რომ
დამიხოცავენ მშობლებს, რომ დაატყვევებენ ჩემს და-ძმებს, რომ მათ
ვერასოდეს ვნახავ. ძალიან მეშინის , ძალიან.
დედოფალი ___ მესმის, ნენე, მესმის შენი, მაგრამ გეკითხები - აი ეგ შენი შიში
რამეს შეცვლის?
ნენე ___ არა, ვერა, აბა როგორ შეცვლის?
დედოფალი ___ თუ კი ვერაფერ შეცვლის, არა სჯობს უფალს მიენდო და აღარ
იფიქრო მაგრე? მაშინ შიში გაქრება, დამშვიდდები, და შენს ლამაზ
სახეს ღიმილი დაამშვენებს, რომელიც ესეოდენ გიხდება.
ნენე ___ გმადლობთ, დედოფალო, შევეცდები.
( გ ა ი ღ ი მ ე ბ ს )
მერი ___ დედოფალო, სულ მაგრე ვარ.
დედოფალი ___ როგორ, მერი?
მერი ___ სულ მაქვს მცდელობა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებ შიშის განდევნას
და დამშვიდებას.
დედოფალი ___ მერი, შენ ახლა რწმენას უარყოფ.
მერი ___ ძალიან მინდა რომ მქონდეს რწმენა, ძალიან მინდა... სულ მარტოკა ვარ
დარჩენილი! ... თქვენ, ხომ იცით, დედოფალო?
დედოფალი ___ თავს ნუ იცოდებ, მერი, აბა, მიმოიხედე თუ რას
გაუძლეს ადამიანებმა, როგორ განსაცდელს, ტანჯვას. განა შენზე
შენზე მეტად არ უჭირთ სხვებს?
მერი ___ კი, კი უჭირთ მაგრამ...
დედოფალი ___ ,,მაგრამ“ ... ო, ეს ,,მაგრამ“ ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს, ხშირად
აფუჭებს... ასე არის ადამიანი მოწყობილი, თავისი გასაჭირი
ყველაზე მეტად აწუხებს, არ ძალუძს ადამიანს გამოსვლა შიგნიდან
28
გარეთ, არ იცის რაი არს განთავისუფლება... სიყვარული არ იცის...

კარგი, დავასრულოთ ამაზე საუბარი. ნენე, მერი, მოდით
ბაღში გავისეირნოთ.
ნენე ___ როგორც ინებებთ, დედოფალო.
( გ ა დ ი ა ნ )
I წამყვანი: ___ დატყვევებულ დედოფალს, შაჰი, ისევ შემოუთვლის, რომ
მაჰმადიანობა მიიღოს და ცოლად გაჰყვეს, შაჰმა ისევ უარი მიიღო,
იგი განრისხებულია... ამ პერიოდში პიეტრო დელა ვალე
და თინათინ ძიბა შირაზში ჩადიან, რათა დედოფალს
გამოემშვიდობონ, ვინაიდან ვენეციაში გამგზავრებას აპირებენ.
მოგზაურს გაგებული აქვს, რომ რუსეთის ელჩები ძალიან
ცდილობენ ქეთევანის ტყვეობიდან დახსნას, ეს ფაქტი შაჰს ძლიერ
აღიზიანებს, რაც მხოლოდ ერთი რამის მომასწავებელია ___ შაჰი
ქეთევანს ცოცხალს არ დატოვებს.

შ ე მ დ ე გ ი ს უ რ ა თ ი
დ ე დ ო ფ ა ლ ი , ნ ე ნ ე . შ ე მ ო დ ი ს მ ე რ ი
მერი ___ დედოფალო, მოგზაური პიეტრო დელა ვალე და თინათინი გვესტუმრნენ.
დედოფალი ___ როგორ გამახარე, შემოვიდნენ, შემოვიდნენ.
( შ ე მ ო დ ი ა ნ პ ი ე ტ რ ო და თ ი ნ ა თ ი ნ ი )
პიერტო ___ დედოფალო,
დედოფალი ___ პიეტრო, თინათინ, ძალიან გამახარეთ, გამარჯობა, გთხოვთ...
როგორ მოიარეთ იქაური მხარე? თინათინ, შავ ზღვას
მოკითხვა გადაეცი?
29
თინათნი ___ გადავეცი, დედოფალო. მართალია იმ დღეს ხმაურით ღელავდა,
მაგრამ გაიგებდა.
დედოფალი ___ მართლა ლურჯია?
თინათინი ___ კი, ლურჯია.
დედოფალი ___ პიეტრო, მომიყევით იქაური ამბები.
პიეტრო ___ ძალზედ საინტერესო მხარეა, დედოფალო. რაჭა-ლეჩხუმიც მოვიარეთ,
იმერეთი, ცხუმ-აფხაზეთი, საინტერესო ადამიანები გავიცანით.
გასაოცარია, რომ ამ ციცქნა მიწაზე ასე გვერდიგვერდ ესოდენ
შესამჩნევი სხვაობაა.
დედოფალი ___ რას გულისხმობთ, პიერტო?
პიეტრო ___ უპირველესად ფოლკლორს, ხასიათს, წესებს, დედოფალო
დედოფალი ___ კი, არის მასეთი რამ და ეს კარგია, მაგრამ მთავარი გვაქვს საერთო.
პიეტრო ___ თქვენ რას გულისხმობთ, დედოფალო?
დედოფალი ___ სარწმუნოებას, ენას ჩვენსას და მიწას ჩვენსას, ეს კი ძალზედ
მნიშვნელოვანია.
პიეტრო ___ მიწას? კი მაგრამ სხვადასხვა სამეფოების ფაქტორი?
დედოფალი ___ მოვა დრო და ეგ საკითხი მოგვარდება, პიეტრო, ერთი დროშის ქვეშ
დადგება ქართველი, აუცილებლად იქნება ასე.
პიეტრო___შესაძლოა, დედოფალო...
დედოფალი___თინათინ, დაგღალა მოგზაურობამ?
თინათინი___დაღლილობა არ მიგრძვნია. მადლობა პიერტო დელა ვალეს,
მისი წყალობით მოვიარე ულამაზესი ადგილები, შევხვდი საინტერესო
ადამიანებს, დიდი შთაბეჭდილებებით, დავბრუნდი დედოფალო.
დედოფალი___მიხარია, თინათინ.
პიეტრო ___ დედოფალო, თქვენს საკითხთან დაკავშირებით რუსების ელჩები
30
ძალზედ დიდ აქტიურობას იჩენენ, ტყვეობიდან თქვენი დახსნისთვის
იღწვიან. რუსეთის ხელმწიფის სახელით, შაჰს თქვენს განთავისუფლებას
სთხოვენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე მოხდება.
დედოფალი___ პიეტრო, როდესაც რუსეთის ელჩებს შეხვდები, ჩემი მადლიერება
გადაეცი.
პიეტრო___დიახ, გადავცემ
დედოფალი___რაც შეეხება ჩემს განთავისუფლებას, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
შაჰი ამას არ დაუშვებს. მას სხვა გეგმები აქვს ჩემთან დაკავშირებით.
პიეტრო___გავიგე ცოლობა უთხოვია! მას ხომ თქვენი ელენე ჰყავდა ცოლად?
ეს როგორ გაკადრათ?
დედოფალი ___ ჩემი ელენე ერთ-ერთ ცოლად ჰყავდა... პიეტრო, თქვენ უნდა
იცოდეთ შაჰის ზოგადი დამოკიდებულება დედაკაცებთან. მე ხომ
მისთვის არარაობა ვარ, და თუ თითქოს რაიმე ყურადღებას იჩენს,
ეს მოჩვენებითია, თორემ არამც თუ დედოფალს, არცერთ ქალს არ
უნდა აკადროს კაცმა ამგვარი რამ. მართალია ძალა მის მხარეზეა,
მაგრამ ის ჩემს პიროვნულ ძალას არ ითვალისწინებს, უკან არ
ვიხევ და შაჰი ამას სიამაყეში მითვლის, ეს კი მხოლოდ
სიყვარულია ჩემი სამშობლოსი, ჩემი სჯულის, როდესაც ამას
მიხვდება, სწორედ მაშინ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და
იგი არ იქნებ ჩემს სასარგებლოდ. ასე, რომ რუსეთის ელჩების
დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ ისინი ამაოდ ირჯებიან. მე ვხედავ
რაც მოხდება და ვემზადები.
პიეტრო ___ დედოფალო მე მთხოვეს თქვენთვის გამაჰმადიანება მერჩია, მაგრამ
ვიცოდი და დავრწმუნდი, რომ ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს.
ღმერთმა გაგაძლიეროთ.
დედოფალი ___ გმადლობთ, პიეტრო, მაინტერესებს თქვენი მეუღლე როგორ
31
გრძნობს თავს, მახსოვს, ავადმყოფობდა, რას გწერთ ვენეციიდან?
პიეტრო ___ მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის მოკითხვისთვის, ვერ არის კარგად,
სწორედ ამიტომ ვაპირებთ გამგზავრებას მე და თინათინი და აი,
დასამშვიდობებლად გეახელით.
დედოფალი ___ როგორ? ამხელა გზაზე მაგისთვის ჩამოსულხართ? პიეტრო,
თინათინ, რას ამბობთ? რატომ წუხდებოდით? რატომ?
პიეტრო ___ არ შევწუხებულვართ, დედოფალო, სულაც არა.
თინათინი ___ თქვენს უნახავად განა როგორ გავემგზავრებოდით?
დედოფალი ___ დიდად გმადლობ, თინათინ, პიეტრო, დიდად გმადლობ. პიეტრო,
მე დარწმუნებული ვარ რომ თინათინს ყურადღებას არ მოაკლებ,
მას ხომ შენს მეტი არავინ ჰყავს.
პიეტრო ___ არ იდარდოთ, დედოფალო, თინათინს ყურადღება არ მოაკლდება
დედოფალი ___ როდის მიემგზავრებით?
პიეტრო ___ ჩვენ გზას ვადგავართ, დედოფალო.
დედოფალი ___ თინათინ საყვარელო, არაფერზე იდარდო, მშვიდობიან
მგზავრობას გისურვებთ. პიეტრო, შინ რომ ჩახვალთ აუცილებლად
მომწერეთ, იქნებ მომისწროს თქვენმა წერილმა.
თინათინი ___ დედოფალო, ნუ ფიქრობთ მასეთ რამეს
დედოფალი ___ კარგი, აღარ ვიფიქრებ... აბა, მშვიდობით, უფალმა დაგლოცოთ.
პიეტრო ___ მშვიდობით, დედოფალო.
დედოფალი ___ თინათინ, ეს შენ
( თ ი თ ი დ ა ნ ბ ე ჭ ე დ ს ი ხ ს ნ ი ს და
თ ი ნ ა თ ი ნ ს უ კ ე თ ე ბ ს )
თინათინი ___ გმადლობ, დედოფალო, გმადლობ...
( გ ა დ ი ა ნ )
32
I წამყვანი: __ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ქეთევან დედოფლის
განთავისუფლების თაობაზედ რუსეთის ელჩების აქტიურობამ, შაჰი
განარისხა და მან გადაწყვეტილება მიიღო, ქეთევან დედოფლის
წამებით მოკვდინების შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზედ
იმამყული-ხანს შეატყობინებს.
II წამყვანი: __ იმამყული-ხანი შეეცდება დედოფალი სიკვდილისგან იხსნას და
შაჰს ურჩევს, რომ მან გადაწყვეტილება შეცვალოს, რადგან
წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის გარეთ, მისი რეპუტაცია
შეილახება. შაჰი ყურად არ იღებს იმამყული-ხანის თხოვნას. იგი
იმდენად განრისხებულია, რომ რუსეთის ელჩების ისპაჰანში ყოფნის
დროს ჯალათებს აგზავნის შირაზში, რათა დედოფალი საშინელი
წამებით სასწრაფოდ გამოასალმონ სიცოცხლეს...
I წამყვანი: ___ იმამყული-ხანი ყოველივეს მოიმოქმედებს და ქეთევან დედოფლის
წამების დღეს სამი თვით გადასწევს. შაჰს კი შეუთვლის, რომ
არსებობს იმის ნიშნები რომ, დედოფალმა სჯული შეიცვალოს.
თავად კი შაჰის ამ გადაწყვეტილებას დედოფალს დაუმალვს.

შ ე მ დ ე გ ი ს ც ე ნ ა : ქ ე თ ე ვ ა ნ დ ე დ ო ფ ა ლ ი და
ი მ ა მ ყ უ ლ ი - ხ ა ნ ი .
შ ე მ ო დ ი ს მ ე რ ი
მერი ___ დედოფალო, იმამყული-ხანი მობრძანდა.
დედოფალი ___ შემოვიდეს
იმამყული-ხანი ___ სალამი, დედოფალო.
33
დედოფალი ___ გამარჯობა, იმამყული-ხანო, გისმენ.
იმამყული-ხანი ___ თქვენს გონიერებაზე ყველა საუბრობს დედოფალო, თავადაც
კარგად ვიცი, რომ ქალთა შორის თქვენი ბადალი ძნელად თუ
მოიძებნება...
დედოფალი ___ გისმენ, იმამყული-ხანო
იმამყული-ხანი ___ მაინტერესებს, თქვენ მართლა გჯერათ, რომ ქრისტე
ნამდვილად ღმერთი იყო?
დედოფალი ___ იმამყული-ხანო არ გეჩვენებათ, რომ თქვენი შეკითხვა
უადგილოა?
იმამყული-ხანი ___ გამკვირვებია თქვენი, თქვენ რა, უბიწო ჩასახვის გჯერათ?
დედოფალი ___ იმამყული-ხანო, განა თქვენ, მუსლიმები არ ამბობთ, რომ ალაჰი
ყოვლის შემძლე არისო?
იმამყული-ხანი ___ ის ალაჰია, დედოფალო!
დედოფალი ___ სწორედაც! ალაჰია, ღმერთი! ჰოდა მისთვის რამე შეუძლებელი
არის?
იმამყული-ხანი ___ აკი ვთქვი, ის ყოვლისშემძლეა!
დედოფალი ___ მაშინ ნუღარ დამისვამ ამგვარ შეკითხვებს
იმამყული-ხანი ___ რა ვიცი, მიჭირს, მიჭირს, დაჯერება...
დედოფალი ___ რა გასაკვირია, იმამყული-ხანო. ახლა
პირდაპირ მითხარი სათქმელი.
იმამყული-ხანი ___ კარგი, მასე იყოს - მე შაჰმა გამომგზავნა...
დედოფალი ___ რა სურს შაჰს?
იმამყული-ხანი ___ შაჰი უკანასკნელად გიბრძანებთ, რომ მიიღოთ მაჰმადიანობა,
თუ დედოფალი თანახმა იქნებით, მით უკეთესი, ამით
დიდ განსაცდელს ასცდებით, თუკი უარს იტყვით შაჰს
განარისხებთ. განრისხებული შაჰი კი, მოგეხსენებათ...
34
დედოფალი ___ მომეხსენება, მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის
იმამყული-ხანი ___ დედოფალო, თქვენ იცით, რომ დიდ პატივს გცემთ, გთხოვთ,
იქნებ სიტყვიერად სთქვათ თანხმობა, რჯული თქვენი კი
გულში დაიმარხეთ, ხალხის თვალში კი, თავი ისე დაიჭირეთ
თითქოს ირწმუნეთ მაჰმადისა, ფარულად კი, ემსახურეთ
სჯულა თქვენსა. ამით თავსაც გადაირჩენთ და ჩვენცა
გვიხსნით ცოდვისაგან, რომელიც თქვენგან მოგველის.
დედოფალი ___ იმამყული-ხანო, მითქვამს შენთვის და ისევ გეუბნები -
მადლიერი ვარ, რომ გინდა ამარიდო განსაცდელს, მაგრამ ნუ
გაირჯები, რადგან ამ განსაცდელს მე თვითონ ვირჩევ. შენ
მეუბნები ხალხის დასანახად შევიცვალო სჯული, გულში კი ჩემი
ვატარო.
იმამყული-ხანი ___ დიახ!.. დიახ!..
დედოფალი ___ აბა როგორ, იმამყული-ხანო, როდესაც სჯული ჩემი ცხოვრების
წესია?
იმამყული-ხანი ___ რომელი წესი, აკრძალვების?!
დედოფალი ___ აკრძალვების არა, ზომიერების, ზომიერების, იმამყული-ხანო.
იმამყული-ხანი ___ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გაწამებენ!
დედოფალი ___ ვერაფერს ვიზამ, ვერაფერს შევცვლი, ჩემი რჯულის გზა
ეკლიანია, განა მასზე მეტად მაწამებენ?
იმამყული-ხანი ___ ვისზე?
დედოფალი ___ მაცხოვარზე, იმამყული-ხანო, ქრისტეზე...
იმამყული-ხანი ___ მეტად?! ჯვარზე გაკვრას ინატრებთ, დედოფალო?
დედოფალი ___ არა, იმამყული-ხანო, მე ცოდვილი, ისევე არ უნდა ვეწამო,
როგორც უფალი ჩემი , ქრისტე...
იმამყული-ხანი ___ ,,ქრისტე“! ,,ქრისტე“! გაიძახით! თქვენს სიცოცხლეზე
35
იფიქრეთ, ალექსანდრეზე, ლევანზე, შვილებზე იფიქრეთ!
დედოფალი ___ ქრისტე ყველაფერია, იმამყული-ხანო
იმამყული-ხანი ___ ოი... დედოფალო... რომ იცოდეთ რას აწერთ ხელს!
დედოფალი ___ სულ ეს არის?
იმამყული-ხანი ___ კი, სულ... ჯერჯერობით შაჰს არ მოვახსენებ ჩვენი საუბრის
შესახებ, იქნებ ალაჰმა გონება გაგინათოდ
დედოფალი ___ ნახვამდის, იმამყული-ხანო
( ი მ ა მ ყ უ ლ ი - ხ ა ნ ი უ ს ი ტ ყ ვ ო დ გ ა დ ი ს )
I წამყვანი: ___ განრისხებულმა შაჰმა, ალექსანდრეს და ლევანის დასაჭურისება
ბრძანა. იმამყული-ხანმა ეს ამბავი ქეთევანს დაუმალა. იგი
ყველანაირად ცდილობდა დედოფლისთვის ავი ამბები არ
ეცნობებინა. დედოფლის წამების დღე ახლოვდებოდა.
II წამყვანი: ___ ამ დროისთვის ქეთევან დედოფლის მოძღვარმა და
მასწავლებელმა გიორგი ხუცესმა სჯული შეიცვალა და ახლა იგი
დედოფალს ესტუმრა. დედოფალი პირველად იხილავს
სჯულშეცვლილ მოძღვარს და მასწავლებელს.
შემდეგი სცენა: ქ ე თ ე ვ ა ნ დ ე დ ო ფ ა ლ ი და მ ი ს ი მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ი
(ი ს მ ი ს ხ უ ც ე ს ი ს ხ მ ა)
ხუცესი ___ დედოფალო, ნება მომეცით შემოვიდე
დედოფალი ___ შემოდი
( ხ უ ც ე ს ი მ უ ს ლ ი მ ი ს ს ა მ ო ს ე ლ შ ი ა, თ ა ვ დ ა ხ რ ი ლ ი
შ ე მ ო დ ი ს )
ხუცესი ___ დედოფალო...
დედოფალი ___ გისმენ... არ ვიცი როგორ მოგმართო
36
ხუცესი ___ იუსუფი...
დედოფალი ___ გისმენ, ხუცესო
ხუცესი ___ ნუ მანადგურებთ, დედოფალო.
დედოფალი ___ ადამიანი თავის თავს თითონ ანადგურებს, ჩემთვის შენ,
ხუცესად დარჩები
ხუცესი ___ ოჰ, დედოფალო, მაოცებს თქვენი სიძლიერე... ისე ვპატარავდები
წინაშე თქვენსა, რომ სულაც ვიკარგები...
დედოფალი ___ განა მე ვინაი ვარ, ხუცესო? ერთი უმწეო დედაკაცი ვარ, სულის
გადარჩენაზე რომ ფიქრობს. ფიქრობს იმაზედ, რომ არ შერცხვეს
წინაშე დიდთა წინაპართა, არ შერცხვეს შთამომავალთა წინაშე და
რაც მთავარია, მაცხოვართან არ შერცხვეს! თუ რაიმე მცირედი
რწმენა გამაჩნია ეს მხოლოდ უფლის დიდი წყალობით არის.
განა ვინაი ვარ მე? ერთი ტკივილით სავსე დედაკაცი ვარ,
რომელსაც ტირილიც კი აღარ შეუძლიან, რადგან ცრემლები დიდი
ხნის ხნის წინათ დაუშრა. ჩემს მდგომარეობაში განა რაღაი
დამრჩენია, თუ არა უფლის ნების აღსრულება? წინაშე ჩემსა ნუ
პატარავდები ხუცესო, მე არავინ არ ვარ...
ხუცესი ___ მიიღე მაჰმადიანობა, დედოფალო!
დედოფალი ___ არც კი მისმენდი... გული იმაზეც კი არ მწყდება, ხუცესო, რომ
ჩემი აღმზრდელი, ჩემი მოძღვარი და მასწავლებელი მაგას
მეუბნები, არამედ იმაზედ, რომ თურმე ვერ გიცნივარ. თურმე ჯერ
კიდევ ეჭვობ, რომ მე ჩემი შეცდომით შენ ცოდვას შეგიმსუბუქებ.
შენ მართალი ხარ! სულ დაკარგულხარ, ხუცესო...
ხუცესი ___ მე თქვენს გადარჩენაზე ვფიქრობ, დედოფალო!
დედოფალი ___ რომელ გადარჩენაზე? შენ, რომ გადარჩი ისეთზე?
ხუცესი ___ აღსასრულისგან გადარჩენაზე, დედოფალო!
37
დედოფალი ___ რა მოგდის, ხუცესო? გონება მთლად წაგერთვა? გადარჩენას
სამუდამო დაღუპვისთვის მთავაზობ?
ხუცესი ___ ოი!!! ღმერთო!... მთელი ცხოვრება წესით ვიცხოვრე! არასოდეს
მიღალატია შენთვის! არასოდეს დამირღვევია არცერთი მცნება!
შემინახავს ყველა მარხვა! ღამეები მითენებია მეტანიების
შესრულებაში! არ ჩამიგდია არცერთი ლოცვა, კვირაში ორჯერ
ვეზიარებოდი! ამ საწუთროში სულ მუდამ თავს ვიზღუდავდი!
რატომ?! რატომ გადამადგმევინე, ღმერთო, ეს ნაბიჯი, ღმერთო?!
რატომ არ მომეც ძალა რჯულის შენახვისა?!
დედოფალი ___ ხუცესო, გონს მოეგე... რად სთხოვ უფალს იმას, რაც თავად უნდა
გაგაჩნდეს?
ხუცესი ___ არ ვიცი... არ ვიცი... არ ვიცი...
დედოფალი ___ კმარა, ხუცესო, წამოდექი! არავინ დაგინახოს, თორემ თავს
დაიღუპავ! თავს რომელიც ასე ძლიერ გყვარებია... თუმცა სისუსტე
ისეთივე ადამიანურია, როგორც სიძლიერე, წადი ხუცესო,
შეგინდოს უფალმა
ხუცესი ___ დიახ...დიახ, მივდივარ ... დედოფალო...
დედოფალი ___ თქვი
ხუცესი ___ ალექსანდრე და ლევანი დაასაჭურისეს
დედოფალი ___ ... ჩვენ პირნათელნი წარვდგებით წინაშე უფლისა
( ხ უ ც ე ს ი გ ა დ ი ს )
დედოფალი ___ აღსასრული მომწყურდა... განა არ არის იგი ჩემთვის დროული?
( ნ ე ნ ე შ ე მ ო დ ი ს )
ნენე ___ დედოფალო, იმამყული-ხანი მობრძანდა
დედოფალი ___ შემოვიდეს
იმამყული-ხანი ___ დედოფალო, რა გადაწყვიტეთ?
38
დედოფალი ___ გადასაწყვეტი არაფერი მქონდა, იმამყული-ხანო
იმამყული-ხანი ___ საშინლად გაწამებენ, დედოფალო, მენანებით
დედოფალი ___ მადლიერი ვარ, რომ ალექსანდრესა და ლევანის ამბავი დამიმალე,
შენის მხრიდან რომ გამიფრთხილდი. გონიერი ახალგაზრდა ხარ
და დაფიქრდი, წამით გადაავლე თვალი ჩემს ცხოვრებას, რომელიც
შენ უწყი. შენ ასევე უწყი მნიშვნელობას ჩემი გადაწყვეტილებისა
და ამიტომ გეკითხები და მართალ პასუხს ველოდები შენგან - აი,
იქ, გულის სიღრმეში, როგორ მიიღებდი ჩემი გამაჰმადიანების
ფაქტს?
( ი მ ა მ ყ უ ლ ი - ხ ა ნ ი დ უ მ ს )
დედოფალი ___ თქვი, ამას ხომ ვერავინ გაიგებს
( ი მ ა მ ყ უ ლ ი - ხ ა ნ ი ი ს ე ვ დ უ მ ს )
დედოფალი ___ შეგიძლია არაფერი მითხრა, რადგან პასუხი უკვე იყო.
იმამყული-ხანი ___ დიახ, იყო...
დედოფალი ___ გმადლობ... მასეც ვფიქრობდი... როდის გამიყვანენ?
იმამყული-ხანი ___ მალე
დედოფალი ___ მომეცი უფლება ეს დრო მარტო დავრჩე.
იმამყული-ხანი ___ ძლიერად ილოცეთ, დედოფალო, დიდი განსაცდელი
გელით...
დედოფალი ___ შევეცდები.
( ი მ ა მ ყ უ ლ ი - ხ ა ნ ი გ ა დ ი ს )
დედოფალი ___ უფალო, პირველად შევიგრძენი შიში ასე ცხადად... მეშინის იმისა,
რომ არ შევრცხვე. არ ვიცი რას მიპირებენ და ეს ძლიერ მაშინებს.
გთხოვ, უფალო, გთხოვ, რაც არ უნდა მოხდეს და რა რიგ
საშინელი არ უნდა იყოს წამებაი ჩემი, გევედრები, ვიდრე სულის
ჩაბარებამდე არ წამართვა გონებაი ჩემი. არცა იმას გთხოვ,
39
ტკივილი დამიამო და გამოყუჩო, არცა იმას რომ სწრაფად
აღმომხდეს სული ჩემი. იმას გევედრები არ წამერთვას გონებაი
ვიდრე სული, მექნება სხეულსა შინა ჩემსა... განა მე, უსუსური
დედაკაცი, გარეშე შენსა ვარ შემძლები ამისი?... მადლიერი ვარ,
უფალო, რომ გამოცდაი ესე არ დაგენანა ჩემთვის, რომ მომამზადე
ამ ბოლო წამისთვის, რომ არ მართმევ სამშობლოს, რწმენას
შენდამი, არამედ მხოლოდ სიცოცხლე მიგაქვს ჩემი... ვერ გიბედავ
შეგავედრო ალექსანდრე, ლევანი, ჩემი შვილები. მიჭირს ამის
გაკეთება, რადგან ასე მგონია შეგაწუხე ჩემი ცხოვრებით. მიჭირს
მაგრამ მაინც გთხოვ: დაიფარე ჩემი ქვეყანა და იხსენ იგი
დაღუპვისაგან. მე კარგად ვუწყი უფალო, რომ ვიდრე მეორედ
მოსვლამდე შენსა მრავალი განსაცდელი ელოდება მას წინ, მაგრამ
მთავარი განსაცდელი მაშინ დაუდგება, როდესაც ქრისტიანებს
დაუწყებენ დევნას, როდესაც ქრისტიანულ ქვეყნებში ტაძრების
ნგრევას იწყებენ. როდესაც ვერცხლი გახდება კერპი, როდესაც
უზნეობის დამკვიდრებას შეეცდებიან. ვიცი, ეს დროება დაუდგება
ჩემს ქვეყანას, შეუმჩნევლად დაუდგება და სწორედ იმ
დროისთვის გავედრებ ჩემს მიწა-წყალს, ჩემს ერს... აი, ეს
მინდოდა მეთქვა... იმედს ვიტოვებ, რომ შენს ნაფეხურებს მაინც
დავლანდავ... მოვდივარ... მხევალი ღვთისა,
დედოფალი კახეთისა, ცოდვილი ქეთევანი...
( შ ე მ ო დ ი ს ა ტ ი რ ე ბ უ ლ ი ნ ე ნ ე )
ნენე ___ იმამყული-ხანი გეახლათ, დედოფალო...თურმე... უნდა გაგაშიშვლონ.
დედოფალი ___ შემოვიდეს.
იმამყული-ხანი ___ მენანებით, დედოფალო.
დედოფალი ___ გავიდეთ, იმამყული-ხანო... ერთი შკითხვა მაქვს
40
იმამყული-ხანი ___ დიახ, გისმენთ
დედოფალი ___ ალაჰი ხომ ყველას ბრმას და შიშველს შობს?
იმამყული-ხანი ___ მაშ? ყველას! რატომ მეკითხებით?
დედოფალი ___ ერთი თხოვნა მაქვს
იმამყული-ხანი ___ თუკი რამ შემეძლება...
დედოფალი ___ უნდა შესძლოთ
იმამყული-ხანი ___ შევეცდები
დედოფალი ___ ვიდრე გამაშიშვლებენ, ჯალათებს უბრძანე თვალები დამთხარონ
იმამყული-ხანი ___ კარგი, დედოფალო...
დედოფალი ___ გმადლობ
I წამყვანი: ___ შეუსრულეს დედოფალს ბოლო თხოვნა, უკანასკნელი სურვილი...
შეუსრულეს... არა, თვალები არ დაუთხრიათ... სანამ
გააშიშვლებდნენ თავზე რვალის ქვაბი ჩამოაცვეს...

დედოფლის წამების სცენა
II წამყვანი: ___ დედოფალი გაჰყავთ თეთრი ფარდის უკან, რომელიც სცენის
შუაშია განთავსებული. ფარდა განათებულია მეორე მხრიდან,
სჩანან ჯალათების ჩრდილებიც. ფარდის წინ ორივე მხარეს
განლაგდებიან მგალობლები და აქვე არის ნენე და მერი, ხუცესი (
იუსუფი) და სხვა დამსწრეები. მამაკაცები დაბალ ხმაზე იწყებენ
გალობას, ისმის დედოფლის ხმის ჩანაწერი:
41
დედოფალი ___ უფალო, გევედრები, ნუ წამართმევ გონებას ვიდრე სულს არ
ჩაგაბარებ. გევედრები უფალო, ნუ წამართმევ გონებას ვიდრე
სული არ აღმომხდება, უფალო იესო ქრისტე, გევედრები, არ
წამართვა გონება, ვიდრე არ ჩაგაბარებ სულსა ჩემსა... უფალო
გევედრები...
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი,
უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი, უფალო შემიწყალე
მე ცო... ო... ო... ო...
( დ ე დ ო ფ ლ ი ს ს ხ ე უ ლ ს ს უ ლ ი გ ა ნ ე შ ო რ ა )
I წამყვანი: ___ ... ავგუსტინელმა ბერებმა დედოფლის ცხედარში შაჰს 200 000
ვერცხლი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. მალევე ბერებმა
ცხედარი მოიპარეს და მალულად დაკრძალეს. რამდენიმე თვეში
დედეოფლის წმინდა ნაწილები სამი მიმართულებით გაიგზავნა
- ინდოეთში გოას მონასტერში, ვენეციაში - წმ.პეტრეს ტაძარში
და ბელგიაში - ნამიურის ტაძარში. 1629 წელს კი პირადად ბერმა
ამბროზიომ დუჟ ანჟუჟმა პირადად ჩამოაბრძანა დედოფლის
წმინდა ნაწილები და თეიმურაზ I-ს გადასცა. წმ.ნაწილები
ალავერდის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.
მოგვიანებით, ლეკების შემოსევის დროს, თეიმურაზ II
ამალითურთ ანანურში გაიხიზნა და დედოფლის სიწმინდეები
თან წააბრძანეს. არაგვის გადალახვისას ცხენი რომლითაც
სიწმინდეებს მიაბრძანებდნენ წაბორძიკდა და
დედოფლის წმინდა ნაწილები წყალმა წაიღო. ამის შემდგომ
ინდოეთში, გოას მონასტერში დასვენებული დედოფლის სხვა
ნაწილები დრომ დაკარგა და მხოლოდ 2006 წელს შავი ქვის
42
სამარხში, გოაში აღმოჩენილმა ძვლებმა ეჭვი გააჩინა რომ შესაძლოა
იგი დედოფლის წმინდა ნაწილები ყოფილიყო.
II წამყვანი :__ დ.ნ.მ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა: გოას მონასტერში, შავი
ქვის მსამარხში ნაპოვნი ძვლები ნამდვილად ეკუთვნის ქეთევან
დედოფალს.
- ხანგძლივი მოლაპარაკების შემდეგ 2017წლის 23 სექტემბერს
წმინდანის დედოფლის ნაწილები საქართველოში 6-თვით
ჩამოაბრძანეს.
I წამყვანი: ___ წმინდა ნაწილები დედოფლის ხსენების დღეს, კახეთის მეფეთა
იმდროინდელ რეზიდენციაში, გრემის მთავარანგელოზის
ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდგომ წმინდა ნაწილებს მთელ
საქართველოს მოატარებენ.
II წამყვანი: ___ გარდამოცემა სრულად ვერასოდეს ასახავს იმ ადამიანთა ენით
აუღწერელ ტრაგედიებს, რომლებმაც მხოლოდ და მხოლოდ
დიდის რწმენით გაუძლეს ჯოჯოხეთურ წამებას და ზეცად
ანგელოზთა გალობა გაიგონეს. ჩვენ არ გვიცდია 1624 წლს
13 სექტემბერს, შირაზში, დიდი ქართველის, კახთა დედოფალ,
ქეთევანის წამების აღწერა. ჩვენ პატივი მივაგეთ უდიდეს
წინაპარს, რომლის სულშიც ღმერთმა ესეოდენ ძლიერი რწმენა
შთანერგა...


43
II წამყვანის ტექსტის დროს, ყველა მსახიობი გამოდის სცენაზე ანთებული
სანთლებით ხელში და იწყებს ჩურჩულს


ყველა ___ წმინდაო ქეთევან წამებულო, მეოხ იყავნ სულისა ჩვენისა და ავედრე
უფალსა ჩვენსა ქუვეყანაი ჩვენი...
( 3-ჯერ)

ფ ა რ დ ა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები