ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2018


წახველ

დღეს ერის სულიერ მამასთან შვილმკვდარი მამა მიდის...
დაე, ეს არ იყოს ორი შვილმკვდარი მამის შეხვედრა!

ეს ჩემი ლექსი ძველია და შვილმკვდარი მამის თემაზეა. საფუძვლად უდევს  მხატვარ შალვა მატუაშვილის ნაამბობი, ერთი ავტობიოგრაფიული მომენტი.
Shalva Matuashvili

ნინო დარბაისელი

წახველ
- - - -

არ გამიგია სიკვდილი შენი,
არც ის, რომ მიგყვა მამა,
რომ ჩამოინგრა შენი ნაშენი,
ცოლმა დღე დაიღამა,
რომ დედაშენი გონს აღარ არის,
ჩავარდნილია უკვე.
არ ავიწყდება შენი არავის
სიყმე თუ სიჭაბუკე.
ქიზიყში  ზაფხულს გასვლია ყავლი,
გზად შევეყრები ურთხმელს,
ვხედავ დედაშენს, წყაროსკენ ავლილს,
ვხედავ მამაშენს უთქმელს.
გხედავ საღამოს ჯარში მიმავალს.
ის მამაშენი მიხა,
შემოუერთდა სუფრას ხალხმრავალს,
გითხრა:- მაშ ეგრე!  მიხვალ?
და როცა ორი გავიდა წელი,
ჩვენ მოგეგებეთ ოხერს,
კართან დატოვა პირბასრი ცელი:
-ბიჭო, რა ჰქენი, მოხველ?
ბოლოს საფლავთან უნახავთ კუშტი.
გადმოუცია მნახველს,
საფლავის ქვაზე დაურტყამს მუშტი:
-რა ჰქენი, ბიჭო, წახველ?

ჩემი რა გითხრა!  ვერ ვარჩევ დღემდე
ურთხმელს, მოცვსა თუ მოცხარს.
ხელობად მექცა, რომ ხსოვნით ვდევდე
მეგობრებს მკვდარს და ცოცხალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს