ნაწარმოებები



ავტორი: ტენდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 ივნისი, 2018


ნეფერტარის "ბედუინი"


კიდევ ერთხელ  წავიკითხე ბედუინი და კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნება მივიღე. ეს არის ძალიან საინტერესო  ახალგაზრდა მკითხველისთვის, და არა მარტო ახალგაზრდა მკითხველისთვის, ყველასთვის,  ვისაც სათავგადასავლო ლიტერატურა უყვარს. 
უდაბნოს  თემაზე საქართველოში რომანი არ დაწერილა, თუ არ ჩავთვლით ია კარგარეთელის ძალიან მდარე და ძალიან უნიჭოდ  გადაკეთებულ „ბედუინს“. ნიჭიერად გადაკეთებას და მითვისებასაც ნიჭი უნდა, მოგეხსენებათ,  მაგრამ ამაზე შემდეგ.  ვაპირებ ამ მდარე რომანის განხილვას. 
ოთხი წელი ნთავსდებოდა „ბედუინი“ ამ საიტზე. ოთხი წელი მოუთმენლად ელოდა მკითხველი მომდევნო თავს.  თავსითავად ძალიან საინტერესო, სათავგადასავლო - შემცნებით რომანს.  გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამხელა ინფორმაცია ერთ თავში ეტეოდეს (ანუ, ნეფერტარის თავი მაქვს მხედველობაში) საკვირველია. ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე - ასტროლოგიაზე;  აფრიკის, კერძოდ ეგვიპტის, მცენარეულ საფარზე, ცხოველებზე, აფრიკული ტომების წეს-ჩვეულებებზე...
იმაზე,  რა ბრძოლა გადაიტანა  უდაბნოში  ქართველმა გოგომ  სიცოცხლის შესანარჩუნებლად;  როგორ შეიძლება ადგილ-მდებარეობის განსაზღვრა ვარსკვლავებით, როცა ტურისტული რუკა ყალბი აღმოჩნდება. დამაჯერებელია ის ნებისყოფა, რაც გმირმა გამოიჩინა წყალთან დაკავშირებით, როცა წყურვილი უდაბნოში გაუსაძლისია, მაგრამ გონება ჰკარნახობს, რომ ის  ორიოდე ყლუპი  წყლის გაფრთხილება  აუცილებელია ორგანიზმი რომ არ გამოიფიტოს.
რომანში სამი მთავარი გმირია, ნილნა, ალ ქაბირი და ჯადარი- არაბული შავი ბედაური, რომელსაც ადამიანივით ესმის ყველაფერი.
„ ის ლეგენდა მომაგონდა, რომლითაც ჩემი თავგადასავალი დაიწყო საჰარაში, დიდმა  ალაჰმა სამხრეთის ცელქი და თბილი ქარი რომ დაიჭირა,  არაბულ ბედაურად აქცია და უფრთოდ ფრენის ნიჭით  დააჯილდოვა.“

გასაოცარია „უდაბნოს თვალი“,  რითიც რომანი იწყება.  პიარდად ჩემთვის ეს ძალიან ახალი იყო, ამის შესახებ  არაფერი ვიცოდი და ლეგენდა, ამ „უდაბნოს თვალის“ წარმოშობის შესახებ.

ძალიან მომეწონა  მოახლოებული სიკვდილის  განცდა, სიკვდილის უბრალოების დანახვა, რასაც ნილნა გრძნობს.
საინტერესოა,  ეგვიპტური დიდი ღმერთის, „რას“ სიკვდილის ისტორია. ლეგენდები, შელოცვები, ბიბლიური ისტორიები... ძალიან კარგად არის დაკავშირებული ალ ქაბირის კავშირი  (წარმოშობით და მხარზე დახატული ლომითა და მგლით) მიჯაჭვულ ამირანთან.
სასტიკი და დაუნდობელი უდაბნო, სადაც ყველაფერი გმტრობს, ცხოველები, ქარიშხალი, ღამით სიცივე და დღისით აუტანელი სიცხე.
ამ რომანიდან გავიგე, გველს რომ სპირტის სუნი ჰქონდა.
ავტორი  ძალიან საინტერესოდ აღწერს, როგორ შეიძლება უდაბნოში წყლის მოგროვება; მოხეტიალე  ქვიშას და ქვიშის ქვეშ მდინარეს.
როგორ უნდა მონახო თავს ზევით ძალა გადასარჩენად.
საინტერესოა  ტუარეგების ტომი,  ლეგენდა ამ  ტომის წარმოშობაზე. საკვირველია, ამ ველურ  ხალხს  რომ ყელზე ჯვრები ჰკიდია.  ტომის დედოფალი, ალ ქაბირზე შეყვარებული ჰილალე,  ჭკვიანი  და ბოროტი, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. მომეწონა, ტურეგების ენაზე სიყვარულს რომ „სულის სიმღერა“ ჰქვია.
დიდი გაჭირვება როგორ გასწავლის  თავი სფლობას -„ახლა ნამდვილად  ვიცოდი,  რა  იყო  თავის ფლობა და მართვა და რასაც ნიშნავდა კაცობრიობისთვის ყველაზე ძვირფასი სიტყვა - თავისუფლება. „
მკითხველი ბევრ რამეს გაიგებს ანტუან დე სენტ ეკზიუპერის მელაზე,  ფენეკზე.

და არა მხოლოდ ეს, ყველა თავი განსაკუთრებით საინტერესოა, რაღაც ახალს აუცილებლად აღმოაჩენთ. ასეთია, მაგალითად ლეგენდა  ოქროს პილიგრიმზე, მანსა მუსაზე, რომელიც, როგორც ირკვევა, ალ ქაბირის წინაპარია.

შესანიშნავად არის აღწერილი ეშმაკის დერეფანი, რომელსაც  ყველა ერიდებოდა, ვინაიდან    იქ მოხვედრილმა ცოცხალმა ვეღარავინ გააღწია:
„ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სანახაობა შეიძლება მხოლოდ კლდეების ჩრდილების და მთვარის შუქის რიალს  გამოეწვია და ყვითლად ანთებული თვალები მხოლოდ მთვარის სხივით განათებული უცნობი მინერალის ანარეკლი იყო, ცაში ატყორცნილი ფრთა და კუდი კი მხოლოდ ბუნების ნამოქმედარი. დედამიწის  ყველაზე უკაცრიელ და საშიშ ადგილას,  იქ, სადაც არავინ დაუწყებდა ძებნას და იმ სახით, რომელსაც დღისით ვერავინ დაინახავდა,  თვით  სატანის  ხელთუქმნელი  ძეგლი იდგა. ეს კლდეში გაქვავებული, შეუმუსრავი ქანდაკი,  ალბათ ერთადერთი იყო, რომელიც ზუსტად ასახავდა ბნელი ძალების მეუფის სხეულს, სულს, ძლიერებას  და  უკვდავებას.  თითქოს ჯოჯოხეთში სამარადჟამო შრომით დაღლილს,  ყველაზე შესაფერისი ადგილი შეერჩია დედამიწაზე და დასასვენებლად  წამოწოლილიყო. “


და დიდი სიყვარული, სიყვარული, რომელზედაც მთავარი გმირები არ ლაპარაკობენ და ერთიმეორის ნდობა, რომლის მოპოვებაც,,  თურმე  „სიყვარულის მოპოვებაზე ძნელია“.

განსაკუთრებით საინტერესოა ფინალი, როცა ნილნა უკვე საქართველოშია და ხუთი წლის შემდეგ ალ ქაბირისგან ადვოკატის დახმარებით იღებს მემკვიდრეობას.  საჩუქარით,  რომელიც ადვოკატმა გადასცა,  ალ ქაბირი  მიანიშნებს, რომ  ცოცხალია, ეს მაშინ, როცა ყველას გარდაცვლილი ჰგონია, თვითონ ადვოკატსაც კი,  და ადგილ-მდებარეობას, სადაც  იმჟამად იმყოფება.  ამ მინიშნებით ალ ქაბირმა არჩევანის საშულება მისცა ნილნას. თუ  ის სიყვარული ისევ გრძელდებოდა, ნილნა აუცილებლად მონახავდა, თუნდაც ნულოვან მერიდიანზე.  ბოლოს კი ჩანს, რომ რომანი იწერება ესპანეთში...
დასკვნა კი მკითხველმა  გამოიტანოს.
ძალიან მიხარია, რომ ეს რომანი ამ თვეში უკვე დაიბეჭდება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები