ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2009


მინიმალისტური პოეზია

***
ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე,
სოფლის ბილიკო,
სასაფლაოსკენ, როცა გარბიხარ…

***
ძალიან დიდი ლოდინის შემდეგ,
ერთად გიპოვეს,
ჩემმა თვალებმა
და სიმარტოვემ.

***
ხმა სარდაფიდანაც გამოაღწევს
ქუჩაში, მაგრამ
ვაი, რომ სხვაა
ამ ხმის ძალა.
...
აყვავილდ იასამანი,
თითქოს მომახარა,
რომ ერთი წლით დავბერდი...

...
მეზობლის ბაღში მოპარული
ხილივით ტკბილი იყო,
ის ღამე შენთან...


***
მე დავბრუნდი შინ
და აღმოვაჩინე, რომ
აქედან არსად არ
წავსულვარ.


პოეტი

დინოზავრების ნაკვალევზე
სიარული აკრძალულიაო _
გაფრთხილებენ,
შენ მაინც ბედავ...

ცხოვრება

საკუთარი თავის და
სხვების დაჯერება, რომ
მართალი ხარ...

...
ნუ მიწყენ
ზოგჯერ თუ გიბრაზდები,
ნაგვიანევი გაზაფხულისთვის
საყვედური მახსოვს ერთხელ
მზესაც შევკადრე.

...
ბალიშს შეატოვე მონანიება,
სარკეს ნიღაბი,
ხოლო თვალებს ცა
ცისარტყელებით გარითმული.
...
მზე ჩავიდა,
ენძელები მაინც ყვაოდნენ,
ჩემი სახლის წინ...
...
შენ სიძულვილი დაასაფლავე
და ახლა შიშობ,
სიყვარულს ხომ არ
ავნე რაიმე.

***
მამაჩემი მოტყდა, დედაჩემიც,
და ყოველდღე ერთი და იგივე _
“ვერ ივარგა ბიჭმა”.

***
ვუცქერი მამის დაკოჟრილ ხელებს,
რომლებიც ფრთხილად აცლიან ბალახს,
თავისი დის სასაფლაოდან,
და უნებურად ვფიქრობ
ჩემი შვილების ბედზე...

***
გუშინ თვალებში ჩავხედე ნაგაზს,
და როცა მიხვდა, რომ შემეშინდა,
მხოლოდ მაშინღა აყეფდა იგი...

ბავშვობა

მე მასწავლიდნენ სიარულს,
ლაპარაკს, ძილსაც კი...
მაგრამ არასოდეს უსწავლებიათ
თვალის გახელა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები