ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2018


ბის!

ამ ოციოდე წლის წინ, როცა ამერიკაში პირველად ჩამოვედი, ჩატანუგაში ,კონდოში” ვცხოვრობდით.
თითქმის მთელი დღე მარტო მიწევდა სახლში ყოფნა, რადგან ოჯახის აქაური წევრები დილაადრიან მიდიოდნენ სამსახურში.
(ამას ისე ვყვები, თითქოს დღეს ასე აღარ იყოს, მაგრამ ახლა ცოტა, მანქანის ტარება მაინც ვიცი და  მაგალითად, ნაყინის საჭმელად შემიძლია მარტო  წავიდე. შოფინგზეც, მაგრამ შოფინგი - მთელი ცხოვრება მეჯავრება).
  შინ მთელდღიანი მარტოობის მდუმარებას მაცივრის და კონდიციონერის ოდნავი ზუზუნი
მიხმოვანებდა. (ტელევიზორი, შოფინგისა არ იყოს, ბავშვობიდან მეჯავრება).
ერთი ზანტი, მძინარა  ძაღლიც გვყავდა და მზეგადასულზე  უკანა, საერთო ეზოში ,,პიპი-პუპებისთვის” მის გასაყვანად დილიდან ისე ვემზადებოდი, როგორც პირველი ბალისთვის -  რუსული კლასიკის ჯერეთ უმანკო პერსონაჟები. მაგრამ რად გინდა, რა!
ვინ იყო ჩემი შემომხედავი!
ერთი ჩემსავით ძაღლიანი, თავმოტვლეპილი,  გამხმარი, მხრებში მოხრილი,  ჯღანშორტებიანი, ,,ფლიპ-ფლოპებში” მოფრატუნე ტიპი თუ გამოჩნდებოდა და შორიდან ხელისაწევით მივესალმებოდით ერთმანეთს.
  ჩემებს ვკითხე ვინაობა და ჩვენი კედლის იქიდან ხანდახან ესპანური ჩხუბის ხმა და ქალის ყვირილი რომ გამოდის, მაგათი ბინააო.
  თანდათან მიმოვიხედე სამეზობლოში. აღმოვაჩინე, რომ ჩვენს აივნებს თხელი კედელი ჰყოფდა და ერთხელაც, ხინკლაობისას იმ კედელზე დავუკაკუნე, ,,მეემ, მეემ” მის ცოლს დავუძახე და  თეფშით პილპილმოყრილი ხინკალი გადავაწოდე.
ასე, ორი დღის შემდეგ ახლა ჩემს მხარეს გაისმა კაკუნი და ,, მეემ, მეემ”- მისმა ცოლმა თეფში და ზედ - რაღაც ბილეთები გადმომაწოდა.
სიტყვებიც მოაყოლა და ჩემს დამტვრეულ ინგლისურთან  შედარებით, მთლად ხრამში გადაჩეხილი გამოუვიდა.
როგორც იქნა,  გავარკვიე, რომ მოსულ შაბათს ესპანურ რესტორანში ცეკვის კონცერტზე
დაგვპატიჟა.
(ანუ რაკი ეს ბილეთი გაქვს,  კარგი მაგიდის ნომერი ზედ აწერია  და რასაც შეუკვეთ, საჭმელ-სასმელს, მხოლოდ იმას იხდი, თუ არაფერი გინდა, ყინულიანი ლიმონჩაჭრილი წყალი - უფასოა და ,,ან-ლიმითედი”)

დაიწყო კონცერტი და  მუსიკის ხმაზე სცენაზე ხშირ, ყორნისფერთმიანი გამჭოლმზერიანი მამაკაცი გამოისალტა ....რააა?... ჩემი ფრა.., ... ფრაა....ჩემი ფრატუნა მეზობელი!
დანარჩენი - როგორც ლექსშია

http://urakparaki.com/?m=4&ID=40137

ნინო დარბაისელი

Ars longa ანუ ბის!
- - - - -

აი, ეს არსება,
ეს საცოდაობა,
საბანქვეშ  შემძვრალი
და თავჩამალული...
მწვავე ,,პადაგრებზე"
ყოველღამ რომ  ვადებ სალბუნებს.
ახლადგაღვიძებულს
ხერხემლის გამართვაც რომ არ შეუძლია,

ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის!

ვინც შინშემოსული  გზადაგზა იშორებს
ფეხსაცმელს, შარვალს და
მიმოყრის ძირს,
და ამბობს ყოველღამ  ,,მორჩა, ეს ბოლოა!"
ვინც გადაეჩვია
უწამლოდ ძილს.

ვინც თავის ჩემოდნებს არასდროს ალაგებს,
და აბაზანაში სველ წინდებს ყრის.
რა - რად ღირს,
დღემდე რომ მაინც ვერ გაიგო,
ცნობა რომ არ იცის ღამის და დღის.

ეი, თქვენ, ქალებო,
ლამაზო ქალებო,
ქერა, ლურჯთვალებო,
თქვენ, ტანმოქნილებო
თანაც ფერმკრთალებო,
გეყოთ აღტაცება,
გეყოთ ვნებიანი  ვარდნა და დაცემა!
ვის გინდათ
გაძლება
ასეთი  ქმრის?

ანდალუზიაში
ახლა საღამოა,
მზე ჩადის,
ფოთლებში
ნიავი ქრის...

აქ, ჩატანუგაში ნელ-ნელა თენდება.
ცოტაც და, ჩავთვლემ სავარძელში,
პლედამდე ხელის გადაწევა კი ძნელია!
ის როგორ იყო?
ჰო!

,,გელი და მგონია, გაჩერდა საათი.
რა ნელა მოძრაობს წუთების ისარი.
მოხვალ და დამათრობ,
მოხვალ და დამათრობ.
მითხარი სიტყვები სიყვარულისანი!"*

მეტი აღარ მახსოვს.
კედელზე კიდია ახალი აფიშა:
შავგვრემან პროფილს
ოდნავ გინათებს თაფლისფერი.
გიელავს თვალი.
მკერდით ზნექ სივრცეს.
აი, აიქნიე შავი მკლავები!
ხელის მტევნები -
- თეთრი მტევნები -
- ფრთები უბუმბულო...
სცენის იატაკი თითქოს წყლის ჭავლია.
ზედ ტერფს არ ისველებ,
ქუსლით არ ეხები
და ამ სიჩუმეში
მაინც რომ ხმა ისმის!
კაკუნი,
კაკუნი,
და კიდევ კაკუნი!

ფეხზე დგას,
ინგრევა
ინგრევა დარბაზი,
გიხმობენ,
ყვირიან:

ფლამენკო,
ფლამენკო,
ფლამენკო,
ბი-იიის!

----
* ფრაგმენტი ფლამენკოს ფოლკლორული ტექსტიდან ,,ბოლო გამოთხოვება"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები