ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2018


მაისური

ნინო დარბაისელი

მაისური
- - - -

იქნებ იმიტომ, რომ ჩემოდანში არ გეტეოდა,
ჩალაგებულზე მოკლემკლავება, პირისფერი მაისური დაკეცილებს  გამოაცალე და მითხარი:
,ეს - შენი იყოს”.

და  ჩემი იყო ის მაისური, როცა სარეცხი ფხვნილის  სუნს იქით,  სადღაც,
მეათე ფაზის ზემოთ შენს სუნს ამხელდა, 
მონატრებულზე ღამისპერანგად რომ ჩავიცვამდი და მუხლისთავებს მიფარავდა.

და  ჩემი იყო  ის მაისური, მაშინაც, როცა პიჟამოიანს ბალიშქვეშ, ხელის შეყოფაზე შეგულებული სიზმრებს პირისფრად მიფერადებდა.

და ჩემი იყო ის მაისური,
როცა შენ ჩემი აღარ იყავი,
ან უფრო ზუსტად
აღარ ვიყავით ერთმანეთისა,
თუ სიყვარულში რამე სიზუსტე დასაშვებია.

მერე, როგორც ასეთ დროს ხდება,
რაც გვაერთებდა,
მიყოლებით ყველაფერი ჩამოვიშორე,
ის კი უბრალოდ, მიიკარგა, დაიკარგა, გაქრა, გაფრინდა.
ალბათ  ღამის ქარმა წაიღო
ან არ წაიღო,
პირისფერი - იმ უადგილო სიზმრებში ჩამრჩა,
სადაც  მოდიხარ და მეუბნები:

- იცი, გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ რა გვექნა, არც სიყვარულის ენა ვიცოდით,
ერთმანეთამდე ანბანიც კი არ გვისწავლია
და ვწვალობდით  ცალ-ცალკე და ერთმანეთიც გავაწვალეთ გამწარებამდე.
  ის, რაც ვიცოდით და ვიყენებდით, სხვა ენა იყო და სიძულვილით სიყვარული გამოგვდიოდა.
ან  ახლა, როცა სიყვარულის ენა ვისწავლეთ, რა გვაქვს სათქმელი?

გპასუხობ ისე, თითქოს რა თქვი, არც გამიგია:
(რაც განუწყვეტლივ გაცოფებდა):

“- მიმოიხედე!
პირისფერია ჩვენი ფონი - სასაფლაოზე ჩუმად მოწყვეტილ მაისის ვარდში ზვინისფერი რომ გაურიო, ოღონდ ცრემლით არ გააწყალო ...”

და ამ დროს დილა - პირგასამტეხლო
ზურგიდან მხვდება,
თვალს არ  გავახელ,
იქნებ სიზმარი ჩავიტრიალო
და  შენს პირისფერ ფონს დავეწიო.

ან რაღად მინდა!
უენობა სჯობს,
თუ ენა იცი, სათქმელი კი არაფერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები