ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2018


- დიალოგი ხიდზე -

                                        ადამიანებისგან მოკლულ ცხოველებს....     
   
     
  იმ მდინარის ხიდზე ისხდნენ ქალაქს რომ შუაზე ჰყოფდა. ნოცოს მუკოსთვის თავი მიედო და მდინარეშიარეკლილ ღამის ცას  აკვირდებოდა. 
- მუკო, შეხედე მდინარეში ვარსკვლავები როგორ ბანაობენ! 
ფიქრებშიწასულმა მუკომ მდინარეს დახედა და მშრალად თქვა: 
- მთვარეც ბანაობს 
- ჰო, მთვარეც... მუკო, ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს? 
- მახსოვს   
- ზუსტად ეს ადგილი იყო... მე აი, ამ ბოძთან ვიდექი. შენ მოხვედი  და გვერდით დამიდექი.  ამ შუაღამეს აქ რა გინდაო, მკითხე. მე რომ შემოგხედე შენ თვალებზე ცრემლი შემიწმინდე და ასე მითხარი - არ უნდა შემეწმინდაო, ახლა ცას აღარ ირეკლავსო. მე გამეღიმა და მოგეხვიე. იცი, როგორ მტკიოდა მაშინ? 
- ვიცი
- მუკო, მაშინ შენთვის არ მითქვამს....  მაშინ მდინარეში გადახტომა მინდოდა 
- მივხვდი. იმიტომაც მოვედი 
- როგორი ღრმა ხარ, მუკო
- მე ტკივილიანი ვარ 
- შენც? 
- ჰო, მეც 
-ვინ გატკინა, მუკო? 
- იმათმა ვინც შენ   
- ნეტავი რატომ არიან ასეთი ავები? 
- თითონაც არ იციან 
- შენ იცი, მუკო? 
- არც მე ვიცი 
- ჩემებიდან ერთი ისეთი  ლამაზი იყოოო... ძალიან ჰგავდა ჩემს უმცროს ძმას... ისიც გადააგდეს... 
- ჩემებიც გადაყარეს 
- რატომ არასოდეს გითქვამს? 
- მაშინ შენ შენი გტკიოდა 
- რამდენი იყო? 
- ერთიც საკმარისია რომ გეტკინოს 
- ჰო... ხელმეორედგაჩენის სურვილი გამიქრა. მაინც ან გადაყრიან ან დამაშორებენ
- დაშორებას კიდევ რა უჭირს, იმედი მაინც გრჩება რომ კარგად იქნებიან   
-  რატომ არიან ასეთი ავები, ჰა, მუკო? 
- ხომ გითხარი - არ ვიცი 
- მე კი მგონია ვიცი 
- რატომ? 
- სიყვარულის ნაკლებობა აქვთ! 
- გამორიცხულია!
- რატომ? 
- სიყვარული ან არის, ან არა.  ნაკლებობა გამორიცხულია! 
- მაშინ არ აქვთ... მაგრამ ერთმანეთს რატომ უღიმიან? 
- ვიცი მე მაგათი ღიმილი! სულ ღიმილ-ღიმილით აკეთებენ სიავეს! 
- მუკო, მე გული მაქვს გატეხილი   
- მეც 
- ყველას სუნი  მახსოვს... ყველა თვალწინ მიდგას....ის ერთი კი განსაკუთრებით..
- მეც
- ზოგჯერ სიცოცხლე არ მინდა 
- მეც 
- მუკო...
- რა? 
- მოდი...
- თქვი 
- მოდი ხიდიდან გადავხტეთ! 
- არა 
- გეშინია? 
- არა 
- მაშინ რატომ - არა?
- ჩვენები სულმთლად მოკვდებიან 
- ვერ გავიგე რისი თქმა გინდა, მუკო 
- ახლა ისინი ჩემში ცოცხლობენ. მე რომ მოვკვდე სამუდამოდ მოკვდებიან 
- როგორი გონიერი ხარ, მუკო...  სანამ ჩვენ ვცოცხლობთ ისინიც იცოცხლებენ... სახელის დარქმევაც ვერ მოვასწარი...
- სახელი არ არის მთავარი, მთავარი გულია... გული კი ჩემი ჰქონდათ...
- ჰო, მუკო, ჰო,  ჩვენი გული... მუკო,  იცი? შენს მეტი არავინ მყავს... 
-  მეც   
- ჰო, და... ჰო, და  ვიაროთ ერთად, სანამ შეგვეძლება! კარგი? 
- ვიაროთ   
მდინარის ხიდზე ისხდნენ ქალაქს რომ შუაზე ჰყოფდა. ნოცოს მუკოსთვის თავი მიედო და  ღამის ცას გაჰყურებდა. პირველი კატა იყო, მეორე ძაღლი. ორივეს სტკიოდა.
-
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები