შრომატევადი და რთულია ჩაის პლანტაციაში მუშაობა. მოსავალი ზაფხულობით, თვეში ერთხელ შემოდის. დგახარ მზის გულზე (ჩრდილში ჩაი მოსავალს თითქმის არ იძლევა.) მწკრივებად გაშენებული ბუჩქები წელამდე გწვდება. ვინ აცის, ამ ბუჩქებს რამდენი შხამიანი, თუ უვნებელი არსება აფარებს თავს, მაგრამ შენ ამაზე ფიქრისთვის არ გცალია. დაიმედებული ხარ, იცი, რომ ადამიანს ყველა არსება უფრთხის. ნამგალმოდებული ჩაის ბუჩქი ხმამაღალი, საეჭვო არსებების დამაფრთხობელი შრიალით გადადის და გადმოდის თავისი წონასწორობის ცენტრიდან. თუმცა ზაფხული ისე არ გაივლის ერთხელ მაინც რომ არ გადააწყდე ბუჩქზე დახვეულ, მზესმიფიცხებულ ქვეწარმავალს, რომელსაც ძილ-ბურანში შენი მიახლოვება გამოეპარა. გულს გიხეთქავს და შენი ყვირილით არანაკლებ შეშინებული მიწისკენ მიიჩქარის. ეს შეხვედრა ან საიმდღეოდ მუშაობის შეწყვეტით, ან (თუ საკმარისად გულადი ხარ) ევას შეცდენისთვის უფლის წყევლის განორციელებით მთავრდება. ძნელია ჩაის პლანტაციაში მუშაობა, მძიმე შრომაა, მაგრამ კარგ შემოსავალს იძლევა. სამჯერ შემოდის ზაფხულის განმავლობაში. მასში აღებული ფულით შეგიძლია ნაცნობ "სპეკულიანტთან" წახვიდე და უცხოური ტანსაცმლით შემოსო მთელი ოჯახი, შეგიძლია, რომელიმე საბჭოურ კურორტზე დაისვენო, ან, სულაც დიდი სახლის მშენებლობა წამოიწყო. სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობამ რახანია დაშალა ორნამენტებით გაფორმებული, აივნიანი წაბლის ოდა-სახლი და ბეტონის დიდი სახლი წამოჭიმა. შენც ახალ, დიდ სახლზე ოცნებობ. ჯერ არ იცი, რომ დიდი სახლის გამართვას მთელი ცხოვრება არ ეყოფა, მაგრამ, სანამ ახალგაზრდა ხარ და ძალა გერჩის, გგონია რომ მთებს შეძრავ. სხვებს რატომ უნდა ჩამორჩე?! ჯერ არც ის იცი, რომ ამ სხვებში, თუ ვინმე შეიძლებს ორივე სართულის ბოლომდე გამართვას, ეს სოფლის, ან რაიონის ჩინოვნიკი იქნება. დანარჩენი პირველ სართულზე თუ შეიქმნის მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს. არც ის იცი, რომ ქარის სისწრაფით მქროლი ცხოვრების ჰორიზონტზე ოთხმოცდაათიანი წლების სიღატაკე გადაუვლის ქვეყანას. იმედები თავზე გადაგდის; ჯერ ერთ სახლს ააშენებ და მოაწყობ, მერე - მეორეს, მეორე ბიჭისთვის. თუკი როდესმე გოგოს გააჩენ, კარგ მზითევს გაუმზადებ. ჯერ 27 წლის ხარ და წინ უსასრულო ცხოვრებაა. ოცნებებში შენზე 12 წლით უფროს, დინჯ ქმარსაც აიყოლიებ და შრომობთ და შრომობთ.
დგახარ წელამდე შემომდგარ ჩაის ზღვაში, ნამგლის მოსმით (თითების ნაზი მოძრაობით ჩაი მხოლოდ ტელევიზორში იკრიფება) ნელ-ნელა ავსებ ბამბუკისგან მოწნულ გოდორს და ნაპირზე გადიხარ. მერე ისევ ბრუნდები ახალ რიგში და თავიდან მიიწევ ნაპირისკენ. თავზე ჭილოფის ფართო ქუდი გხურავს, შენივე ოფლი გაგრილებს და შუადღის მზესაც აღარ უფრთხი. გინდა მალე განთავისუფლდე ამ მძიმე შრომისგან და ერთი თვე დაისვენო. (დაისვენო პლანტაციისგან, თორემ სოფელში სამუშაოს რა გამოლევს.) უარს არც იმაზე ამბობ, ამ შრომაში ბავშვები - არდადეგებზე მყოფი ობოლი მულისშვილები თუ დაგეხმარებიან. მითუმეტეს მათთვისაც თუ სახალისოა შენ გვერდით დგომა და შენს თანატოლად თავის მიჩნევა. ამაში უცნაური არაფერია, როცა შენც ათი წლიდან ჩაის კრეფას ხარ ნაჩვევი, ხოლო ქმარი და გაუთხოვარი მული, ხომ, ლამის აკვნიდან ფიზიკურად შრომობენ. შენი შვილებიც, ახლა რომ სამი და ოთხი წლისანი არიან, ხუთ-ექვს წელიწადში გვერდით ამოგიდგებიან. ამაში არაფერია უცნაური, როცა ბავშვებს- მულისშვილებს ერთი სული აქვთ მოისმინონ შენგან წარმოუდგენლად საინტერესო ისტორიები.
ეზოს ჩაის რომ მორჩები, მერე ყველა ერთად ობლების სოფელში მიდიხართ, სამი-ოთხი დღის სამყოფ საგზალს გაიყოლებთ და ახლა იქაურ ჩაის ბუჩქებს შეებმებით. სამი-ოთხი დღით გაკრთება სიცოცხლის შუქი თვეობით გამოკეტილ სახლში. მთელი ამ დღეების მანძილზე ბავშვები ცდილობენ იმაზე მეტად არ ჩამოგრჩენ, რაც შენი მონათხრობის გასაგონადაა საკმარისი და ხელებით მექანიკურად აკეთებენ საქმეს. გონებით კი წარმოსახვით, ფილმების სამყაროში არიან.
- ხოოდა, მეიძრობს აი ფანტომასი მასკას და გამოჩთება საშიშარი სახე და იმფერ ხმაზე დეიწყებს სიცილს, თლათ გაგისკტება გული...
- ხოოდა, მუუქნევს აი კაცი ხმალს და ქი მოაჭრის თავს. დეინახავს ამას მაცი ხვიტიას ამხანაგი და მორთებს ყვირილს... - ყვება გულო ბიცოლა და უკიდეგანოა მისი ფილმების ნუსხა. ბაშიაჩუკი... გიორგი სააკაძე... და ყველგან ქართველი არის უმამაცესი. და ყოველთვის ქართველი სჯაბნის ასჯერ მეტ მტერს. უსმენენ ბავშვები და გული სწყდებათ, რომ ამიერიდან მოწყენილობამ დაისადგურა საქართველოს ისტორიაში; რომ ამიერიდან "დიდი ძმის " მფარველი კალთის ქვეშ ჩაკვდა ყოველივე მოძრავი და რუტინულმა სიმშვიდემ დაისადგურა; რომ ამიერიდან სამშობლოსთვის თავის შეწირვაზე ვერც კი იოცნებებ. ლილეს და თათიას ფილმების უმეტესობა ჯერ გულოსგან აქვთ მოსმენილი. ხოლო, როცა ეკრანზე ნახავენ, აღმოაჩენენ, რომ არცერთი ექსპრესიული დეტალის თხრობა არ გამორჩენია გულოს.
წლების შემდეგ ლილე მიხვდება, რომ სწორედ გულო და მისნაირი ადამიანები შეადგენენ ერს, ხოლო ერი მანამ იარსებებს, სანამ სწამს მისი გამორჩეულობა, საკუთარი ღირსებების სხვებისაზე უპირატესობაო - არაერთგზის თქმულა. და ამ ჭეშმარიტების უპირობოდ მიღება თანდაყვებათ მისნაირ, უბრალო ადამიანებს. უბრალოებს, - თორემ რაც მეტ ინფორმაციას ისრუტავ, მით მეტი უღირსობები ეჩხირება თვალში და ხვდები, რომ ადამიანი ყველგან და ერთნაირია. ახლა მასზე უკეთესი მეგობარი არ ყავს ლილეს. რამდენიმე წლის წინ კი, როცა გაიცნო, საშინლად არ მოეწონა. ლადო ბიძიამ ლენტებით და თოჯინებით მორთული შავი „ვოლგით“ მეზობელ სოფელში მიაკითხა გულოს. მანქანაში მეჯვარესთან ერთად ლილეც იჯდა. რატომ უნდა მოწონებოდა ლილეს ეს უცხო, თეთრკაბიანი და თმებდაკულულებული ქალი? სანამ სეფაში, ამაღლებულ ადგილას იჯდა ლადოს გვერდით, თვითონ კი - მუხლებზე ეჯდა ბიძას, იტანდა. მერე კი, როცა აიშალნენ, ეს ქალი მანქანაში ბიძიასა და მას შორის ჩაჯდა. მაშინ კი აიწურა ლილე და მორცხვად მიიწია ფანჯრისკენ. აი, თურმე რაზე ეუბნებოდა ბიძიას ლოგინად ჩავარდნილი დედა, შენს ცოლ-შვილს მომასწარიო. ამას ვინღა ჩიოდა, როცა ლილეს ძილი მოერია შეიტყო, რომ დღეიდან მას ბიძიასთან ჩახუტებულს აღარ უნდა დაეძინა. ახლა კი მოაღო ლილემ პირი და მორთო ღრიალი. მანამ იტირა, სანამ ბიძამ თავის ოთახში დაძინების უფლება არ მისცა. ლილემ კმაყოფილმა და გამარჯვებულმა დაიძინა, თუმცა დილით სხვა ოთახში გაიღვიძა.
მერე კი დამეგობრდნენ, მაგრამ ერთხელ კიდევ გაუცრუვა ბიცოლამ იმედი: როცა სკის ბუკივით გამობერილი მუცლის ტკივილი დაეწყო და საავადმყოფოში წაიყვანეს, ლილე სიხარულით ცმუკავდა. როგორც იქნა გვერდით თათიას გარდა სხვა ბავშვიც ეყოლებოდა (თათია დედის ოთახს სულ რამდენიმე წუთით თუ მოშორდებოდა) და გემრიელად ითამაშებდნენ. ამათ კი რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან ბიცოლასთან ერთად ფუთაში გამოკრული პაწაწკინტელა, მჩხავანა არსება მოიყვანეს. რა იცოდა , რომ ამ არსებასთან (რომელსაც გოჩა დაარქვეს) თამაშს კიდევ რამდენიმე წელს ვერ შეძლებდა, ხოლო როცა თამაში ჩხუბში გადაეზრდებოდათ, ნიშნისმოგებით მიაძახებდა: - მე რომ აკვანი გადაგიბრუნე, მას მერე ტვინი გაგილაყდაო. ეს იმედგაცრუებაც აპატია ლილემ ბიცოლას, ხოლო ბიძაშვილს აპატია, რომ იმ დღიდან ლადო ბიძია ლილეს მაგივრად გოჩას იფიცებდა. ერთი წლისთავზე მეორე მჩხავანა არსება - ლუკა ლილესთვის მოულოდნელობა აღარ ყოფილა, ხოლო ლადოს მესამე შვილი - ხატია რომ გაჩნდა ლილე უკვე თორმეტი წლის იყო. ოცნებები და იმედები სიცოცხლის ბოლომდე არ ტოვებდნენ გულოს. მას ბოლომდე სჯეროდა, რომ დღეს-ხვალ დრო გამოსწორდებოდა. გვერდით ქმარი ედგა, რომელიც წარმოუდგენელ ფიზიკურ სამუშაოს ძლევდა. როცა ჩაი გაუფასურდა, ლადომ ათწლეულობით ფესვგადგმული ბუჩქები ძალაყინის და ბარის ამარამ ამოძირკვა და თხილი ჩაყარა. დღეს-ხვალ მიაღწევდა თხილის ბაღი სრულ მსხმოიარობას და ოჯახი წელში გასწორდებოდა. ბიჭებიც წამოიზარდნენ. მამის მსგავსად ეჭიდებიან მიწას. ხანაც, ზაფხულობით თურქეთში გადადიან ლუკმაპურის საშოვნელად. ერთხელაც ამდენი შრომა სასურველ შედეგს გამოიღებს. სულ ასე ხომ არ იქნება?! სახლსაც ბოლომდე გამართავდნენ და მეორე სახლსაც დაიწყებდნენ.
ოცი წლის რომ გახდა გულო, მშობლებს მის ბედ-იღბალზე ნერვიულობა შეეპარათ. მისი უფროსი დები ამ ასაკში უკვე დედები იყვნენ. ერთხელაც, სტუმრად მყოფმა ნათესავმა შუა ქეიფის დროს დაიწყო ლადოზე საუბარი. დეტალურად აღწერა მისი ოჯახის მდგომარეობა. "მართალია გოგოზე ცოტა უფროსია, მაგრამ სამაგიეროდ, კჭვიანი, მშრომელი და პურ-მარილიანი კაციაო." სახლში მომაკვდავი და ჰყოლია და მისი თხოვნით დათანხმებულა ლადო საცოლის გამოძებნაზე. მალე გაიჩარხა საქმე. არც ისეთი ფერადოვანი აღმოჩნდა ოჯახური ცხოვრება, როგორიც გულოს წარმოედგინა. მის სამეზობლოში სხვებს თუ დედამთილ-მამამთილები ჰყავდათ უფროსებად, მისი ოჯახის მეურნეობას ოცი წლით უფროსი მული - მარიამი უძღვებოდა. მეორე, მომაკვდავი მულის საცოდაობას ორი წელი უყურა. ორი სტრესული ორსულობა გამოიარა. მთელი ოჯახი ყოველდღე სიკვდილის მოლოდინში იღვიძებდა და იძინებდა. ის მძიმე წლებიც გადაგორდა. ობლები მხოლოდ არდადეგებზე იყვნენ მათთან. სკოლის სეზონზე შაბათ საღამოს გამოჰყავდათ ინტერნატიდან და ორშაბათ დილით ისევ მიჰყავდათ. ბავშვებთან ურთიერთობა გულოს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა და მულისშვილებსაც კარგად შეეწყო, მაგრამ, როცა ლილე და თათია, როგორც უფროსები, მისი შვილებისგან მორჩილებას მოითხოვდნენ, გულო საშინლად წიწმატდებოდა და ბავშვდებოდა. სამაგიეროდ ერთი-ორად იზრდებოდა, როცა მისი სიკეთისთვის სტუმრების ლოცვა-სადღეგრძელოებს ისმენდა. მოლოდინი იყო, რომ რვაწლედის დამთავრების შემდეგ მარიამი ობლებს მათ სახლში გაყვებოდა, მაგრამ, საკმაოდ დაშორებულ სოფელში გადასვლა ვერ გაბედეს. სხვა რა გზა ჰქონდა გულოს. მისი ბედისწერა იყო ოჯახში შეხიზნული ოჯახი.
ხალხთან ურთიერთობა გულოს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ყველა ტიპის ადამიანთან გამონახავდა საერთოს. უყვარდა სტუმართან დიალოგი. დროდადრო სამზარეულოში მოფუსფუსე მარიამს მიეშველებოდა. სტუმარი კი ხშირად ჰყავდათ. შინაურები - ბიძაშვილ-მამიდაშვილები ხომ ტრადიციულად, ყოველ საღამოს მათთან,ძირ-ოჯახში იკრიბებოდნენ. ამ ფუძეზე დუღდა და გადადუღდა სიცოცხლე. ამ სამსჯავროზე ირჩეოდა და იხილებოდა თითოელი მათგანის პრობლემა თუ წარმატება. იყო განუწყვეტელი ხმაური და მხიარულება. ოთხმოცდაათიანების უშუქობაში, როცა სამეზობლომ სერიალების საყურებლად, საერთო სახსრებით აკუმულატორზე მომუშავე ტელევიზორი შეიძინა, "კინო-თეატრად" გულოს სახლის გარდა სხვა ვარიანტი არც კი განუხილავთ.
ახლა კი მარტო წევს გულო პალატაში და ვერ გაუგია, ასე სწრაფად რამ დაშრიტა მისი ძალები. ვერ გაუგია, როგორ მოხდა, რომ საპირფარეშომდე რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას მთელი მისი ენერგია სჭირდება. საღამოობით მოსული მნახველებიც საეჭვოდ აიმედენ. -რა გინდა, კარგად გამოიყურები - ეუბნებიან, როცა თვითონ იცის, რომ ქაღალდივითაა გაფითრებული. თითქოს მომაკვდავის პირობაზე არა უშავდეს. საეჭვოა ეს ყველფერი. ლილე და ლუკა ეუბნებიან, რომ საშიში არაფერია, მხოლოდ სახსრების დაავადება აქვს. ალბათ ასეც არის, მაგრამ ეს სისუსტე და ჰაერის უკმარისობა არ მთავრდება. აი, ახლა ლუკა სისხლის ბანკიდან პლაზმას მოიტანს, გადასხმის აპარატს შეუერთებენ და ოდნავ მოღონიერდება. ეს ქიმიური სითხეც აშინებს. ასეთი ლადოს ვენაში შეყავდათ, როცა თვითონ დაყვებოდა დაუძლურებულ ქმარს გადასხმებზე.
ლილეს ლუკამ დაურეკა: ბათუმში მიწევს დედაჩემი, ძალიან ცუდი დიაგნოზი დაუსვეს, სუსტადაა და ჩამოდი. მეშინია თბილისში მარტომ წამოვიყვანოო.
ვიღაცამ თქვა უბედურება კენტად არ დადისო. შარშან ზაფხულს, როცა ლილემ სოფელში დარეკა და დეიდა მარიამმა შესჩივლა: ბიძაშენი დასუსტებული და თოვლივით გაფითრებულიაო, ლილეს ისეთი შეგრძნება დაეუფლა. თითქოს სამყაროს კანონზომიერებაში დიდი რყევა მოხდა. ლადოს ქრონიკული ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დროისთვის ლუკა დარჩენილიყო, ვისაც ჯერ საკუთარი ოჯახი არ შეექმნა და სახლიდან არ წასულიყო. მას მისჩერებოდნენ იმედის თვალით დაუძლურებული მამა, სიბერეში შესული მარიამი და დედა. თითქოს მემკვიდრეობით გადაეცა საყრდენ კედლად მიეჩნიათ ახლობლებს. თითქოს ყოვლისშემძლე ყოფილიყოს. " ნეტა, ლუკა მალე ჩამოვიდოდეს და მერე არაფერი მიჭირს." - მოინატრებდა ავადმყოფი მამა თურქეთში წასულ შვილს. "ლუკა რომ ჩამოვა, მერე რაღა გაგვიჭირდება." - ამბობდა გულო. -როცა ლუკა სახლშია, არც ძროხის მოვლა მიწევს, არც შეშის მოტანა. ყველაფერს ფეჩთან "გამიხაზირებს" და მე მარტო საჭმელს ვაკეთებ, - იტყოდა მარიამი.
გულოს ფეხებში უცნაური სისუსტე დასჩემდა. რაიონში ვერაფერს მიუხვდნენ. ლუკამ ბათუმში წაიყვანა. იმედი ჰქონდა მალე გამოაჯანმრთელებდა და ხელ-ფეხი გაეხსნებოდა თურქეთში წასასვლელად. გეგმები თავდაყირა დაუდგა. მწვავე ლეიკემიის მეოთხე სტადია - ნაღვლიანად აცნობა ექიმმა. იქნებ ცდება, იქნებ დედაქალაქში, უკეთსმა სპეციალისტებმა თქვან, რომ ეს დიაგნოზი არასწორია. იგივე დაადასტურეს. ადრე, როცა ლუკა სიბერისგან დაუძლურებულ და სიცოცხლის დასასრულს მიახლოებულ დედას წარმოიდგენდა, შიში ზარვდა და გული ეკუმშებოდა. რას წარმოიდგენდა, რომ დედამისს 58 წლის ასაკში ეწეოდა აღსასრული. ლუკა მთვრალივით გაბრუებულია. შორიდან ჩაესმის პროფესორის ხმა. შეშფოთებით თვალებგაფართოებული ლილეს ხმაც თითქოს სიზმრიდან ჩაესმის: - მკურნალობა ძვირი ჯდება? - ამ დეტალით იმიტომ ინტერესდება, რომ კარგად იცის, ოჯახის ფინანსური რესურსები ამოწურულია. -რა თქმა უნდა ძვირი ჯდება. თავის დროზე ეს დაავადება გორბაჩოვის ცოლს რომ აღმოაჩნდა, ეკონომიურ დახმარებას ბუში შეპირდა.- პასუხობს პროფესორი. მესამე დღეა ლუკა გარბის და გამორბის. თბილისში ჩასვლიდან მეორე დღეს, ნათესავებისგან ნაჩუქარი და შეძლებული ნაცნობებისგან ნასესხები ფული რომ გამოელია და არ იცოდა ხვალისთვის საიდან გაეჩინა, სოფლიდან დაურეკეს. კუთხეს შეეგროვებინა გარკვეული თანხა. ის დღეც გადააგორა. მომდევნო დღეებისთვის ის ბანკები დაიარა, რომელთათვისაც ბათუმში ყოფნისას არ გამოურთმევია სესხი. ნათესავები მოდიან, გულოს ნახულობენ, მერე დერეფანში ლუკას ხვდებიან და ეუბნებიან, რომ აზრი არა აქვს ამდენი ვალის აღებას. "ამას ვერაფერს უშველი და თქვენც ხომ რაღაცით უნდა იარსებოთო". ნუთუ ყველაფერი ასე უიმედოა? დერეფანში ბოლთას სცემს, მერე მკურნალ ექიმს ეძებს და ეკითხება: -ძმურად მითხარი, ამ მკურნალობას რა შედეგი ექნება? ექიმი ლუკას ასაკის, გულისხმიერი ახალგაზრდა კაცია. - ალალად გეუბნები ძმაო, რომ სამ თვეზე მეტს ვერ იცოცხლებს. მკურნალობის გარეშე კი შეიძლება ერთი კვირა იცოცხლოს. - ეუბნება და ხმაში თანაგრძნობა უჟღერს. - განაგრძეთ მკურნალობა! - მტკიცედ ეუბნება ლუკა და ახლა სხვა ბანკისკენ მიემართება. გზად „იდიოტი“-დან მიშკინის ნაამბობი ახსენდება, სიკვდილმისჯილი სახრჩობელაზე აყვანის წინ დარჩენილ წუთებს რომ ანაწილებს: ხუთი წუთი რომ მქონდეს ერთ წუთში ახლობლებს დავემშვიდობებოდი, მომდევნო წუთს...-ზუსტად ვეღარ იხსენებს. - ბოლო წუთს გარემოს მოავლებდა თვალს და ხატად წაიყოლებდა.
სამი თვე - 91 დღე, - 2184 საათი აჩუქა ლუკამ დედას. წავიდა გულო და იგი, არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი, ვინაც მცენარეთა ფესვები დაარწყულა იქ ჩაყოლოლი აუხდენელი ოცნების ზღვით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კი ჯონათან, უფრო სწორად ის არის ამის გაგრძელება კი ჯონათან, უფრო სწორად ის არის ამის გაგრძელება
3. ეს ლილეს და თათიას ამბის გაგრძელებაა? სკოლა -ინტერნატზე რომ იყო.
რა კარგი სათაურია.
მეგონა, ჩაი სულ იკრიფებოდა - ასე მახსოვს ბავშვობიდან :)
ეს ლილეს და თათიას ამბის გაგრძელებაა? სკოლა -ინტერნატზე რომ იყო.
რა კარგი სათაურია.
მეგონა, ჩაი სულ იკრიფებოდა - ასე მახსოვს ბავშვობიდან :)
2. დიდი მადლობა, ქალბატონო მზია. დიდი მადლობა, ქალბატონო მზია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|