ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2018


თეთრი კვადრატი

ნინო დარბაისელი

თეთრი კვადრატი
- - -

საყვარელთა და უყვარელთ შორის  როგორი აღარ გამოერევა!

ასეთიც მყავდა:
რაღაც წამოსცდა ერთხელ ისეთი,
რომ სამუდამოდ თეთრი კვადრატი შემომატოვა.

რა კვადრატი?!
კოსტიუმ-ჰალსტუხში გამოწყობილი კაცი  ღიმილით, 
ხელში ვარდით რომ გიახლოვდება,
რაღაც ხმაურზე ზურგისაკენ შეტრიალდება და ტანსაცმელი  თურმე,
წელქვემოთ,
კვადრატულად ამოჭრილი რომ ჰქონია, მაგრამ არ იცის!

ჰო, სწორედ ისე,
როგორც შავ-თეთრ კომედიაში,
ფორტეპიანო უხმო ფილმს რომ რიტმს ააყოლებს
და უეცრად მუსიკა რომ შეყოვნდება
დანარცხებამდე...
(როცა ყველაფერს,
გადატანილს ასე,
გარედან და ზემოდან დააცქერდები,
ტრაგედიაც - კომედიაა)

რაც მოვასწარი, -
( სიმწრით?
სიცილით?
სიმწრის სიცილით?)
სწრაფად ტუჩები  კბილებშუა მოვიქციე,
მოვტრიალდი და
თავდაღმართში გამოვიქეცი.

გამოდევნება - მისი წესი არ იყო,
დაბრუნება - ჩემი.

ესეც არ იყოს,
გამოსაქცევად რაც დაღმართია,
დასაბრუნებლად - აღმართი ხდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები