ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2018


კიბისთაური

ნინო დარბაისელი

კიბისთაური
- - - - -

ცრემლიანი რათა ზიხარ-მეთქი და
რა ვიციო,
ხანდახან გული თავისით ამომიჯდება ხოლმე და ეგრე მეტირებაო.

აპრილის გვიანსაღამო იდგა,
ის კიდევ,  იჯდა კიბის თავზე მობუზული,
პატარა,
მარტო,
ტანთ ბამბაზიის წითელი, ყვავილ-კოპლებიანი ხალათი ეცვა, 
მოწოლილ ცინგლებს მკლავით იწმენდდა,
გზას გაჰყურებდა.

ჯერ:
სამი თეთრი მანქანა რომ ჩამოივლის, მეოთხე ჩვენი იქნებაო;
მერე:
სამი  უბრალოდ თეთრი კი არა,  ,,ჟიგულიო";
მერე:
გზაზე ჩქარ-ჩქარა ჩავლილები არ ითვლებაო.
შუშაბანდში მაინც შედი, ცემენტის კიბეზე ტაკო გაგიცივდება-მეთქი.
კარგი, შევალო და ამასობაში იქვე ჩასძინებია.
მე რა ვქენი?!
გვერდით გავდექი,
რადგანაც მფარველ ანგელოზებს ძნელი საქმე აქვთ,
ფეხებში აღარ გავებლანდე, ოსტატურად რომ ირჯებოდნენ.

მერეც ხშირად მომიკრავს თვალი,
შევჩერებივარ და  გულგრილადაც ჩამივლია.
ცოტა მოზრდილზე,
არ ვიცი, ვის რა დაუშავა,
მწკრივში რომ იდგა იგი თანატოლ დასასჯელებთან და უფროსების რისხვის ნიაღვარს ლამის წაეღო
და უკუნ ხრამში გადაეჩეხა,
თავზარდაცემულს ერთი ვასწავლე:
,,-წარმოიდგინე, რომ აქ არა ხარ,
რომ დედამიწას გადაუფრინე
და გალაქტიკაც მოიტოვე,
და კიდევ უფრო მაღლა ახვედი
და სულ ზემოდან საყვირების ხმები მოისმის
და ,,ა- აააა!
ა-ა-ა-აააააააააა"

ეს ,,ა-ა-ა-ა" მაშინაც შველის,
საცრისოდენა თვალებიდან მძვინვარება როდესაც გაშთობს
და მომუშტული მწარე ხელი როცა მოგხვდება,
მაშინაც, როცა შენ აგცდება,
და ლავიწის ძვალს ჩაუტეხავს იმას,
ვინც მუდამ გამტყუნებდა,
ჩალურჯებულზე ჰაიჰარად გადმოგხედავდა,
უცებ გაგივლის,
რა მოხდა, დიდი ამბავიო!

მეცოდებოდა თუ მიყვარდა?!
ვამართლებდი თუ ვამტყუნებდი?!
აბა, რა გითხრათ,
ერთი კია, თვალი მეჭირა.

მერე ერთმანეთს დავეკარგეთ,
დავეკარგეთ ძალიან დიდხანს.
მერე, ერთხელაც, თვითონ ძალიან გამიჭირდა,
ისე ძალიან,
რომ ვერ გამეგო, რა სჯობია,
თოკი, წყალი თუ სამართებელი,
უხმოდ მოვიდა,
საბანქვეშ მნახა მოკუნტული ემბრიონივით,
შემომიწვა,
შემომიკოვზდა,
მომეხუტა
და მე გადავრჩი!

როგორც მოვიდა, ისე წავიდა,
დღემდე ბოლომდე ვერც გავიცანი,
ვერც ის სიმღერა დავადევნე,
მის დანახვაზე თავიდანვე რომ ვღიღინებდი,
მარტო რომ იჯდა სიბნელეში,
იქ,  კიბისთავზე
და ბამბაზიის  წითელი,
თეთრად ჩაღილული ხალათი ეცვა.

შენ შეუნახე ლექსო, ჩემი კიბისთაური:

,,ცრემლიანი რათა ზიხარ,
ნინო, ნინო, ნინველაო,
შენი დარდი გაფრენილა,
ცაში გაიფრინველაო',

და მისამღერიც:

,,ფრი-და
ფრი-და ფრინველაო,
ბედო გაუცინველაო,
გულო გაუყინველაო!
უკან - ცეცხლო ხიდთა მწველო,
გზად - შროშანო,
წინ - ველაო,
ნინო, ნინო ნინველაო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები