ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2018


რეზუსი

ნინო დარბაისელი

რეზუსი
- - -
ამ ქვეყანაზე ყველაფერს რომ ბედი სჭირდება!
დედაჩემისგან პირველი ჯგუფის სისხლი, რეზუს უარყოფითი,
მე კი არა და, ჩემს პატარა ძმას დაებედა.
მთელი ცხოვრება სათადარიგოდ სულ მის დონორებს დავეძებდით,
რადგან სხვა ჯგუფის სისხლი არაფრად გამოადგება,
სამაგიეროდ,  რადგან ეს სისხლი ყველას ესხმება, დედა და შვილი- ორივენი სისხლის დაცლამდე დონორობდნენ და ჩამიჩივით წვენისაგან დაწრეტილებს კარზე როცა მოგვიყუდებდნენ, ვიდრე შიგნიდან ჩვენც ჩვენს მხარ-ბეჭს შევაშველებდით, რომ  ორივენი ქიმწმენდიდან გამოტანილი კოსტიუმებივით  სავარძლებზე მოწიწებით გადაგვეფინა, 
მე შოკოლადის მსუყე ტორტის დიდი ნაჭერი, ბროწეულ- ჭარხლის და ანტონოვკა-ვაშლის ნაწური თავის ჩანგლით და ხელსახოცით  უკვე ცალ- ცალკე ,,პოდნოსზე” მედო.
(ტუჩების ირგვლივ - მიტკლისფრები და  ნესტოები - თითქოს-და, თხელი ალიბასტრით გადალესილი;
ჩემი ბუზღუნი:
- ოღონდ თავისი გადაარჩინონ, შენ რა მოგივა, არც დაეძებენ)

მე რა გამომყვა?
საქართველოში ხალხური, უხვი,
გავრცელებული, შინაური, როგორც მაწონი -
მესამე, რეზუს დადებითი
და წამხედურად, მეც დონორად რომ ჩავეწერე,
წლობით არავის ვუკითხივარ.
სულ ერთხელ იყო,
გამომიძახეს,
ჩავდექი რიგში და გაღებული კარის ღრიჭოდან რაღაც მილები და სისხლიანი, ფალანგისხელა ბალიშები რომ დავინახე,
არ გამთქვათ და, გამოვიძურწე.

ამ სიბერეში, ავდექი და დონორი გავხდი.
მართვის მოწმობას ახატია წითელი გული
და ანდერძითაც გავაფორმე,
რომ ამ ჩემს სხეულს,
ერთადერთხელ ნამშობიარევს
და ერთადერთხელ მარჯვენა ფეხის ფალანგის მცირე, დახურული მოტეხილობით,
სხვა მხრივ - უწამლოს, გაუკვეთავს, ხარივით ჯანმრთელს,
ვიდრე სიკვდილი საბოლოოდ დადგინდებოდეს,
მე ,,ვენდერბილტის” კლინიკას ვჩუქნი.

ამიერიდან თავს დიდად უნდა გავუფრთხილდე,
ხიფათს ვარიდო,
მაგრამ არც ძაან გადავაბერო.

ეს ადვილია:
შიში - გამქრალი,
სული - შინისკენ გასაფრენად გამზადებული,
მიწას - იმედი,
რაღაცნაირი კმაყოფილება,
იქნებ და, შვებაც,
რომ თუ ცოცხალმა
დიდად ვერსად ვერავის არგე, წასული - ვინმე უცნობს მაინც გამოადგები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები