ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პროზა
30 ივლისი, 2018


შემოდგომის მიწურულს

შემოდგომის მიწურულს, როცა დავიწყებ მომზადებას, რომ ზამთრის სიცივე შემოვუშვა ჩემს გულში, როცა მთელს სხეულში შემოვა ყინულები და გამიყინავს ყველა მოგონებას თუ შეგრძნებას, როცა გრძნობები გადაიქცევიან უფერო კრისტალებად, როცა ვნებები დამიშრება და ვერც შენი მოხდენილი მხრები  და ოდნავ დაკუნთული მკლავებიც კი ვერ აღმაგზნებენ, გთხოვ, უმოწყალოდ გთხოვ, რომ შემაძლებინო გამოზამთრება. მოხვიდე ჩემთან ამ შემოდგომაზე. შენი მოსვლა კი არაფრით უნდა ჰგავდეს დაბრუნებას. უბრალოდ მოდი, ამ პურის ყანებში, ამ ოქროსფრად მოელვარე თავთავებში, უმისამართოდ მოხეტიალე მიპოვე და გამიცანი თავიდან. გამიცანი უშეცდომო, ჩემი წარსულის შიშებისა და ტკივილების გარეშე. მზის სხივებით განათებულ ერთმანეთის სხეულებს შევახოთ თითები და მოვზახოთ საკუთარი ბედისწერები. არ გავიმეოროთ წარსული და ამჯერად შენ მაკოცე პირველმა. ყველაფერი იყოს სხვანაირი.  აწმყო  გადავაქციოთ ჩვენს წარსულად და მომავლად.არ შევქმნათ დროისა და მოგონების ანარეკლები. და მე ისევ მოგცემ მტკიცე პირობას, რომ არასდროს დავთმობ ჩვენს სიყვარულს, არ გავიმეორებ ძველ შეცდომებს, არასდროს გამექცევა თვალები სხვისკენ. მოგცემ პირობას და კიდევ ერთხელ მოვატყუებ საკუთარ თავს, რომ ეს იქნება პირველი პირობა, რომელსაც არაფრისდიდებით არ დავარღვევ. გავუფრთხილდები და ყოველ გახსენებაზე უჩვეულოდ დაიწყებს ჩემი გული ფეთქვას. შორიდან ვუყუროთ მოსავლის აღებას ამ უკიდეგანოდ გაშლილ ყანებში.  ვირბინოთ ფეხშიშველებმა, რომ სოფლის კაცების შრომით დაღვრილი ოფლისგან დასველებული მიწა მოგველამუნოს ტერფებზე. მერე ალბათ შეგვიპყრობს სევდა, მაგრამ უფლებას არ მივცემთ საკუთარ თავებს და ერთმანეთს, რომ ვიფიქროთ დროის გასვლაზე. დროზე, რომელიც დაუნდობლად გადის. გადის და მიაქვს სილამაზე, ღიმილები, შეგრძნებები და ეს საოცრად ლამაზი თავთავები, რომელსაც რამდენიმე საათის თუ წუთის წინ ირეკლავდნენ შენი თვალები. ხვალ კი არავის ემახსოვრება ქარში მოცეკვავე პურის ყანები. და არავის ემახსოვრება
შენ, რომელიც მოხვედი ჩემთან შემოდგომის მიწურულს,  მოხვედი და  მაკოცე პირველმა. შენ, რომელმაც მაპატიე ყველაფერი და გჯეროდა, რომ ერთმანეთის ბედისწერა ვიყავით.
და მე, რომელიც გელოდი ოქროსფრად ავარვარებულ  ყანებში უაზროდ მოხეტიალე, რომელსაც თვითონაც არ მჯეროდა საკუთარი პირობის, მაგრამ მაინც უსაზღვროდ მინდოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები