ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2018


ფეხსაცმელები

ნინო დარბაისელი

ფეხსაცმელები
- - - - -

ახლა, როდესაც იმდენი ხნისა მოვიყარე, რომ ტყუილიც კი დამეჯერება,
მე გეუბნებით:

აი, რომ წერენ -
  გამოქვაბული ან ხის ფუღურო, 
გემი ანდა ბავშვობის სახლი, რომ გავიზრდებით, ქვეცნობიერად  იქცევაო,  იქ ეტევაო ამოუხსნელი, მაგრამ მთავარი ამბებიო, არა ტყუიან.

იმისიც მჯერა, რომ მშობლების და ბაბო-პაპების საერთო ხმაა, პოლიფონია, უკვე მოზრდილებს შინაგან ხმად რომ გადაგვექცევა, რომ მრავალ ხიფათს გადაგვარჩინოს.

მე ბავშვობიდან დღემდე მახსოვს ფეხსაცმელები და არა მარტო ჩემები და ჩემი დისანი,  ანდა ჩემი მამიდისანი, ყველასი, ვისაც ჩემი კარი შემოუღია.

,,ნეტა ჩემს გულზე გადაევლო  და ლაფში ნავალს  შუა ზალაში, ჩემს სარკესავით ნაპრიალებ  იატაკზე არ გაევლოო'"-  იტყოდა ხოლმე ბაბოჩემი, ვინმე მოსულს რომ გავისტუმრებდით.

პაპაჩემი რომ გარდაიცვალა,  ბაბოჩემმა სულ გაუბერა. ჭირისუფალმა სამძიმარზე მოსულ ქალბატონს, მიცვალებულთან ჯერ ყვავილების თაიგულიც  რომ არ დაედო, წრეზე შემოვლა არ დააცალა -
,,შპილკა-ქუსლებით მთელ პარკეტს ნუკი დამიჩხვლიტავთ! ეგ სამძიმარი შორიდანვე ჩამითვლიაო."
(ახლა არ ვიცი, როგორაა. პანაშვიდები მაშინ სახლში იმართებოდა).
სეტყვა მოვიდა, ქვა დახვდაო და იმ მოსულმაც:
აბა, რა მექნა, ქალბატონო, საპანაშვიდედ ფაჩუჩებს ხომ არ ჩავიცვამდიო"
(მერე გავიგეთ, თურმე ,,ის ქალი ჯეელობაში პაპას ჰყვარობდა”)

ფეხსაცმელები მახსოვს-მეთქი, დღემდე მომყვება ტალახიანი, მტვრიანი და ნაჩხვლეტიანი, ამონაკაწრი ანაბეჭდები იმათი,
ვისაც, სამწუხაროდ, კარი გავუღე,
ვინც შემოვიდა და უდარდელად გადამიარა,
ვისაც ველოდი, ბევრი იარა, ცოტა იარა და ჩამიარა
და ვერაფერი გაუგია, რა,
(წასულზე კარგი უნდა ითქვას, აუგი - არა!)
შემომეხვია, როგორც ხვიარა
და არაერთი დამრჩა იარა და ლექსი, როგორც ცერისხელა შუშის ძირში შემორჩენილი,
ვადაგასული, გადამდნარი სანთლის მალამო,
როცა ტკივილი გჭირს გამთიშველი:

,,ჭექა-ქუხილში და მეხში შველი
დამფრთხალი ვდგავარ, შენ თუ მიშველი.
როცა წაგიღებს დროის დინება,
ეს ერთი მაინც მეცოდინება,
რომ ფუჭი იყო მოწადინება,
წახველი, რაკი ბედმა ინება
დატოვე კვალი შინ - ფეხშიშველი".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები