ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პროზა
17 აგვისტო, 2018


ხულო

ხულო ლამაზია.
- სადაც არ უნდა იმყოფებოდე, რომელ სოფელშიც არ უნდა წახვიდე, - ხეთა რიგების შუაში აღმოჩნდები, რომლებიც, ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულნი, თან გულისყურით გიმზერენ, თან გსაყვარლობენ მათივე ბუნებრივი მოსიყვარულებით. ირგვლივ მთები აკრავს ყოველი მხრიდან, თვითონ კი ჩაძირულია, როგორც შორი ვარსკვლავი ღიმილაშლილ სიმაღლეებში, მწვანე საფეხურებად რომ ერთმანეთთან ახლომდებარობენ. ხულოს ბუნება არაბუნებრივად მეჩხერია, იშვიათად თუ იშოვი კაცი ტიალ მინდორს, ამ სიმეჩხერით საოცრად მშვენიერობს იგი. დაბლა, ხეობაში, პატარა მდინარე პატარავე ბავშვივით მისეირნობს იმდენად შეუმჩნევლად, თითქოს დგასო, ხოლო ხულო ხულოს სიმაღლემდე მოზარდია ნამდვილად. გამორჩეულად ბრწყინვალეა გაზაფხულის სურათი: ტყემლის ქათქათა ყვავილობისას თავი ზამთარში გგონია, ატმის ყვავილობა კი ნამდვილად არ ვიცი, რას შევადარო. თოვლნადნობი მიწიდან წამოსული ოხშივარი თავისთავს ცად ეზიდება და სივრცეში ჰკარგავს. ნიავიც სურნელების ელვისებური მზიდავია ყველა მიმართულებით, გამაძღობელი სურნელების, სულს და გულს რომ ყელამდე აგივსებს. სადგომში ნადგომი საქონელი ირგვლივ დარბიან და ბღავიან, თითქოს დაკარგულ დროს ანაზღაურებენო, ჭიდაობა კი მომავალ გაზაფხულამდე მომრევ - მორეულთა ვინაობის გასარკვევად ესაჭიროებათ. ახლა, ზაფხულს შევყავართ მწვანე სიკაშკაშეში: ბოსტნეულისა და ხილის ფურცლებზე მიწებებული სხივები ამ ფერს კლავენ და სიხასხასეს ირეკლავენ, ხეთა ტოტების ნაწილი კი ერთმანეთს ეფარებიან და ასე ქმნიან მზისა და ჩრდილის მეზობლობას - საღამომდე, ხოლო საღამოს - საამო ჟრიამული ენაცვლებათ, დრო და დრო მკვეთრი სტვენაც იპყრობს ტვინს, სიცხენაცალი ნიავი კი სულისა და სხეულის ერთობლივ ნეტარებას ეტანება. შემდეგ, შემოდგომაზე, როცა ბარში უთოვლობას განვიცდით, მთის მწვანე მწვერვალები აქა - იქ შეთეთრდებიან და თოვლის მონატრებას ასე ვიკლავთ გულის მთაში თვით მთის შვილები. გაფითრებული ფოთლები ალაგ - ალაგ შემორჩებიან ხეების ხელებს, გააფთრებული ქარი თითო-თითოდ აცლის მათ და ფართო მკლავებით მიწისკენ მიაშრიალებს, ფოთოლთა საწოლს სწორედ ნიადაგი მიესადაგება, მოდუნებული მიდამო რაღაცის მოლოდინშია და აი, თვალს ახელს ნაზი ზამთარიც: ჯერ ეშვება წყალნარევი ფანტელი, იგივე თოვლჭყაპი, მერე თოთო თოვლი თბილი საბანივით ეფარება არემარეს, სიცივე იპყრობს სიცარიელეს, სითეთრე ერთვის ყველაფერს, თვალშისაცემია - არა მარტო ტოტებჩამოტეხილ თუთათა სისათუთე, სიმშვიდეს მშვილდი მოუმარჯვებია, მიზანი უზიანოა და უტყვად მეტყველებს ყოველივე, რომ ამ მიდამოში მართლა ზამთარია...
სილამაზე ლამაზია.

                                                                                                                                          ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები