ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პროზა
19 სექტემბერი, 2018


პოლიქრონიონ (2)

  ზღვა ემოციას შეეპყრო მაყურებელი, ყოველგვარი საზრუნავი დავიწყნოდათ თითქოს და გონებით მხოლოდ სცენიდან წამოსულ განცდათა ნაკადს მიჰყვებოდნენ. გიორგიმ თამთა პარტერში შენიშნა, გულწრფელ ტაშსა და ღიმილს რომ ჩუქნიდა. მას შემდეგ რამდენიმე კვირამ ჩაიარა, ეწადა გიორგის თამთასთან შეხვედრა, მაგრამ ვერაფრით მოეხერხებინა, მეტად დატვირთული იყო, გადაცემიდან გადაცემამდე მცირე შუალედი ქონდა. დრო თითქოს ნალდაჭედილი ბედაურივით მიქროდა და გიორგის ამოსუნთქვის შესაძლებლობას აღარ უტოვებდა.  ძალიან უნდოდა თამთასთან დაკავშირება, მის გარეშე უკვე აღარ შეეძლო, ახლა თამთა მისთვის ყველაფერი იყო, მუდამ მასზე ეფიქრებოდა, ეს მდგომარეობა მისთვის თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა, სურდა მასთან ერთად სადმე გაევლო, მაგრამ დაუოკებელ, მოუსვენარ დროს ვერაფრით დაუსხლტა, თავი ვერაფრით დააღწია. დღეები ისე სწრაფად ჩაივლიდა, რომ მომდევნო გადაცემის ჩაწერა უკვე კარს იყო მომდგარი. გიორგიმ აღარ იცოდა რა მოეხერხებინა, აღარ იცოდა როგორ ემოქმედა, სურვილი თითქოს სურვილად რჩებოდა. ერთხელაც ვეღარ მოითმინა და გამწარებულმა წამოიძახა: ნუთუ ეს დრო არასოდეს იღლება, მას ხომ ასე სჩვევია, აწვალებს, აწამებს ადამიანს, სანამ ლიმონივით არ  გამოწურავს. „ერთადერთი ეს თავხედი, არ იღლება დრო“, ნიკო გომელაურის ლექსიდან ფრაზა გაახსენდა. თავხედია, თავხედი, შეუბრალებელი, უმოწყალო. ნუთუ სხვა რაიმეს უფლება  არ მაქვს, ნუთუ ამ დრომ ასე უნდა მწეწოს, ნუთუ მხოლოდ მისი მოთხოვნები უნდა ვასრულო, ცხარობდა გიორგი, მაგრამ გაცხარება გაცხარებად რჩებოდა. ყოველ დილით უხასიათოდ იღვიძებდა, სამსახურში წასვლაც აღარ სურდა, მაგრამ თავს ძალას ატანდა, სხეულს აიძულებდა, როდემდე უნდა გაგრძელდესო ასე, გაწამებული ფიქრობდა.
    ერთ დილით ისევ უხასიათოდ გაიღვიძა, დარდი მოსვენებას არ აძლევდა, თითქოს უხაროდა ბიჭის ასეთი მდგომარეობა, მოსწონდა თითქოს მისი ნაღვლიანი გამომეტყველება, მაგრამ რატომ, ან როდემდე? ეს კითხვა აწვალებდა გიორგის, თუმც პასუხი ვერ ეპოვა. საათი ათის ნახევარს უჩვენებდა, შაბათი იყო. თორმეტი საათისათვის გადაცემის ჩაწერა ჰქონდა, მოემზადა. დედა სარეცხს აუთოვებდა, მისი შეწუხება არ სურდა. გაზზე ჩაიდანი აშიშინდა, საუზმეც აღარ უნდოდა. ასე გულდამძიმებულს სიმხნევე რამენაირად უნდა შეენარჩუნებინა, სტუდიაში უნდა მისულიყო, მასალა უნდა ჩაეწერა. ეს პირდაპირი, ცოცხალი ეთერი არ იყო, რაღაცეების კორექტირება მერეც შეიძლებოდა, მაგრამ თავი ხელში უნდა აეყვანა, პროცესს თავადაც უნდა დახმარებოდა. ჩაი მოიმზადა, თუმცა მხოლოდ ორი ყლუპი მოსვა, ფიქრებში წასულს შაქარიც დავიწყებოდა, არ ეგემრიელა და ისე რომ დედას მისი მოწყენილი, სევდიანი სახე არ შეემჩნია, სახლიდან გავიდა.
    სამსახურში მისულს მიმღებში ოპერატორი ნათია დახვდა, ტელეფონთან იჯდა.
_ გამარჯობა ნათია, მიესალმა.
_ გამარჯობა გიორგი, გამარჯობითვე უპასუხა ნათიამ.
გიორგიმ თავის შეკავება სცადა, მაგრამ ნათიამ მაინც შეამჩნია:
_ რამე ხომ არ მოხდა?
_ არა, არაფერი, უპასუხა გიორგიმ და შეეცადა ღიმილი შეენარჩუნებინა.
კარგი, ზევით ავალ, ცოტახანში ჩაწერა მეწყება, თქვა და კიბეს აუყვა.
არაფერიო კი უთხრა გიორგიმ, მაგრამ ნათია რაღაცნაირად მაინც დაეჭვდა. მერე ფოიეში დავითი შემოვიდა.
_ დავით, თავისთან მიიხმო ნათიამ, წეღან გიორგი ავიდა ჩაწერაზე, სევდიანი ჩანდა, ცდილობდა ღიმილი არ ჩაექრო, მაგრამ ეს მცდელობა ხელოვნური მეჩვენა, იქნებ დაელაპარაკო.
_ კარგი, _ ცოტახანში, თქვა დავითმა და იქვე სამუშაო ოთახის კარი შეაღო.
    ცდილობდა გიორგი ჩანაწერი უხარვეზო ყოფილიყო, მაგრამ უგუნებობამ თავისი გაიტანა. მასალას თუმცა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც რამდენიმე ლაფსუსი გაჰყვა.
_ დღეს რაღაც უხასიათოდ ხარ, სადაა გიორგის თვალთა ელვარება. ყოველთვის, როცა ჩაწერა იწყებოდა ადგილს ვერ პოულობდი, უბედნიერესი იყავი მყურებლისათვის მრავალმხრივად საინტერესო მასალის მიწოდება რომ გიწევდა, შენთვის საყვარელ საქმეს აკეთებდი და ხარობდი ამით, ახლა კი... ასეთი არასოდეს მახსოვხარ, ასე მოდუნებული, ასეთი უხალისო. შენ ამას მხოლოდ ვალდებულებისათვის არასოდეს აკეთებდი, ეს შენი ცხოვრების ნაწილი იყო, შენი სტილი იყო ეს, დღეს კი რაღაც სხვანაირი ხარ, თითქოს მოვალეობის მიზნით მოქმედებ, თითქოს ვიღაცამ გთხოვა და უარი ვეღარ უთხარი, რა ხდება გიო, ოპერატორმა ლევანმა კითხა ჩაწერის დასასრულს.
_ არ ვიცი, ალბათ გადავიღალე, ალბათ დასვენება მჭირდება.
_ არა, გიო, აქ სხვა ამბავია, შენ დაღლილიც კი ისე მხიარულად გამოიყურებოდი, თითქოს არც იღლებოდი, შენ ყოველთვის მოგწონდა ის, რასაც აკეთებდი და თითქოს დაღლა არც გეკარებოდა. დღეს სულ სხვა გიორგის ვხედავ, თითქოს მოდუნებულს, უსურვილოს, სხვანაირს. რა ხდება ბიჭო, მე მიმალავ რამეს? წამო, სადმე დავსხდეთ, თითო ლუდი,  ხინკალი ავიღოთ  და
ყველაფერი მომიყევი.
_ არა ლევან, ვერ შევძლებ, მეჩქარება, საღამოს სპექტაკლი მაქვს, ხინკალი სხვა დროს.
_ მასე იყოს, თქვა ლევანმა, ოთახის კარი ჩაკეტა და კიბეს ერთად ჩაუყვნენ.
    ლევანი და გიორგი უკვე შენობიდან გამოდიოდნენ, რომ გიორგის შორიდან ნათიამ დაუძახა:
_ დათომ _ ჩემთან შემოვიდეს, ისე არ წავიდესო.
_ მე ცოტახანს შევყოვნდები, შენ ნუღარ დამელოდები, გიორგიმ ლევანს გასძახა და საინფორმაციოს კარი შეაღო.
_ გიო, შემოდი, შემოდი, დაჯექი. სევდიანი ჩანდაო, ნათიამ მითხრა, პრობლემა ხომ არაა რამე, არ დამიმალო, არ მოგერიდოს, ხომ იცი ჩვენ შენთან ვართ.
_ ისეთი არაფერი დავით, ეტყობა გადავიღალე, მასაც იგივე უთხრა და წასასვლელად წამოდგა.
    რეჟისორმა თემურმა სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა, ერთ-ერთი როლისათვის გიორგიც შეარჩია.  გიორგის ასეთ მდგომარეობაში მყოფს თითქოს ეძნელებოდა, უარის თქმასაც აპირებდა, მაგრამ ბოლოს იფიქრა სხვა თემაზე გადაერთვებოდა და ასე ტალღასავით მოწოლილ, გამაგიჟებელ  ფიქრებს ცოტახნით მაინც შეაჩერებდა. ერთი კვირის განმავლობაში თეატრში როლს მთელი ენერგიით ამუშავებდა, ხალისი ეტყობოდა, თითქოს ზედმეტი არც არაფერი ემჩნეოდა, მაგრამ სწორედ სპექტაკლის დღეს უგუნებობამ თავი ისევ შეახსენა.
    მარჯანიშვილის თეატრის დარბაზში გიორგის კოლეგები უკვე შეკრებილიყვნენ, სცენაზე გასვლამდე  ბოლო რეპეტიციისათვის ემზადებოდნენ. თემურმა დარბაზში შესული გიორგი შორიდან შენიშნა:
_ აი, გიორგიც შემოგვიერთდა, თითქმის უკვე ვიწყებდით და შენც აქ ხარ.
    ტალღა ისევ მძლავრად მოვარდა, ბიჭს ემოციები ისევ გაუმძაფრდა, მძლავრობდა სპლინი დაუდეგარი, სპლინი შეუბრალებელი, რომელიც მასში ღრმად ჩასახლებულიყო, ხრავდა და აწამებდა. ახლა ყველაზე მეტად სურდა არავის დაევალებინა, არავის ეთხოვა რამე, ახლა არაფრის კეთება გაუსაძლისად ეწადა, როგორც მწყურვალს წყალი _ მწველ სიცხეში. გრძნობდა მისთვის სპლინი ხანგრძლივად თანმდევი უნდა ყოფილიყო, სანამ თამთას არ ნახავდა, სანამ მას არ შეხვდებოდა. გულს ვერაფერს უბრძანებდა, საკუთარ სურვილებს, განცდებს გული თავად კარნახობდა, თავის ნებაზე ათამაშებდა, აღარ ასვენებდა, თავისკენ ექაჩებოდა. რა მოეხერხებინა, წინააღმდეგობასაც კი ვეღარ უწევდა, ვეღარ ეურჩებოდა, ძალა აღარ ჰყოფნიდა. როდისმე ამ გულისათვის უნდა ეამებინა, როდისმე მისი სურვილები, მისი მოთხოვნები  უნდა შეესრულებინა, მაგრამ როდის, როდის, როცა დრო აღარაფრის შესაძლებლობას უტოვებდა. თამაშის განწყობაც დაკარგვოდა. სპექტაკლის სხვა დღისათვის გადატანა მისთვის ახლა უდიდესი შვება იქნებოდა, მაგრამ აღარ სურდა კიდევ ვინმეს ყურადღება მიექცია. თავი გაიმხნევა, რეპეტიცია ბოლომდე გაიარა, თუმცა ეძნელებოდა, მძიმედ, მაგრამ მაინც თავი როლისთვისაც განაწყო და ყაზბეგის „მოძღვარში“ დამსწრეთ ონისე არაბულიც წარუდგინა.
    გიორგი სარკის წინ იჯდა, გრიმს იშორებდა, როცა მასთან რეჟისორი შევიდა:
_ გიორგი, დღეს რაღაც უხასიათოდ მეჩვენე, მაგრამ აღარაფერი გკითხე, არ მინდოდა თამაშის წინ განწყობა დამემძიმებინა, შეძელი სიმშვიდის შენარჩუნება და მთლიანობაში სპექტაკლიც გამოგვივიდა. შენ უფრო მხიარული ხარ, ენერგიული, თან ასეთი განწყობები ბევრ რამეში ხელის შემშლელია, უნდა გამაგრდე, აბა, შენ იცი, გაამხნევა და საგრიმიოროდან გავიდა.
    წუთი წუთს მისდევდა, დღე დღეს მიჰყვებოდა, გიორგის განცდები უფრო და უფრო უმძაფრდებოდა, თავს ვერაფერს უხერხებდა. სურდა სადმე განმარტოებულიყო, სურდა საზოგადოებას სრულიად განშორებოდა, ფიქრებში ჩაძირულიყო და დუმილისათვის ყური მიეგდო. მარტო ყოფნის სურვილი უძლიერდებოდა.
    ერთ წვიმიან საღამოს რეპეტიციიდან გზად შინისკენ საჭესთან მჯდომს ფიქრები ისევ აეშალა, წვიმა საქარე მინას ეცემოდა, გამწმენდი აქტიურად მუშაობდა. რადიო ჰქონდა ჩართული, მელოდია ჟღერდა: „დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერი, მე კი ისევ მარტო ვარ და გელი, დეკემბერი დადგაო და ციდან ფანტელს ველი, მონატრება ძნელიაო, ძნელი, ჩემი სული შენი იყოს, შენი სუნთქვა ჩემი... აქ კი გიორგიმ ვეღარ მოითმინა, აღარ აცალა და იმავ წამს რადიო გაღიზიანებულმა გათიშა. ცრემლებამდე იყო მისული, თავს ძლივსღა იკავებდა. როგორი რთული იყო სურვილი სიახლოვისა, მაგრამ აუცილებლად უნდა მოეხერხებინა.
    დედამ ვახშამი გაუმზადა, მერე იქვე ჩამოჯდა, ფილმს უყურებდა, მამაც სიახლოვეს იჯდა. ბიჭი კოვზით წვნიანს უხალისოდ ურევდა. „რა ცუდი გოგიტა ყოფილხარ, დაგემუქრე აღარაფერს მოგწერ მეთქი, მაგრამ გულმა არ მომითმინა, რომ ვიცოდე ისევ გიყვარვარ, ფეხით წამოგყვებოდი საბუდარაში“, ჟღერდა ეკრანიდან. გიორგიმ ვეღარ გაუძლო, ნერვები დაეჭიმა, მაგრამ თავის მოთოკვა მოახერხა. ის ახლა ჭურჭელს ჰგავდა, სითხით პირამდე სავსეს, გარეთ რომ იღვრება დაუტევნელი. თეფშიდან ორი კოვზი ძლივს ამოწრუპა და სამზარეულო დატოვა.
_ ნუგზარ, მოწყენა შევატყვე გიორგის, რა მოუვიდა ნეტა?
_ თეატრი, ტელევიზია, ალბათ გადაიღალა ნანა.
_ არა ნუგზარ, ეს უბრალო გადაღლას არ ჰგავდა.
    ბიჭი საწოლზე იწვა, ქვითინებდა, დაგუბებულ ემოციებს ხელი აღარ შეუშალა, გასაქანი მისცა და ისიც გადმოსკდა ღვარად „გაპობილ“ მკერდიდან. „სევდა სულში ჩასახული, უკრავს წვიმის კლავიშზე“, გიორგის განწყობა ახლა ვერლენის ლექსის ამ ფრაზას ეხმიანებოდა. ცა მოქუფრულიყო, ფანჯრის მინაზე გვიანი შემოდგომის წვიმა ხმაურობდა.

გაგრძელება იქნება.   
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები