ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2018


ქარი. დაცემა. ჩაფხუტები

ნინო დარბაისელი

ქარი. დაცემა. ჩაფხუტები
- - - - -
(ეძღვნება მუხა-ადამიანს)

ეს ბუმბერაზი  მუხა ქარიშხალს
ძირფესვიანად მოუგლეჯია
და მზომელები
ყოველ ფუტზე  ნარინჯისფერი საღებავით ნიშანს ადებენ.
ჩაფხუტიანი მუშები რომ გადახერხავენ,
ასეულობით წრეს დავითვლით გადანაჭერზე  და მთელ ქვეყანას მოედება მისი ამბავი,
მერე მოვლენ და გაზიდავენ
მორებად დაჭრილს,
ამ  დიდ ორმოსაც ახალი მიწით
ამოავსებენ,
გადატკეპნიან,
გოჯნახევრამდე მდიდარ ნიადაგს დააყრიან და ზედ ბალახის თესლს მოაპნევენ.

ამ ფუღუროში ჩახუტებით ვეტეოდით მუდამ  წყვილები,
შიშველ ფესვებზეც ჩამოვმსხდარვართ რბენით დაღლილნი,
დაღარულ ქერქზე  გამალებულ ჭიანჭველათა არმიებისთვის თავშესაქცევად ჩვენც გვიცქერია,
რკოს კაცუნებიც გვიკეთებია
და გვიძებნია ხავსში  ნამალიც.
ჩვენ - გზას ვიპოვით,
ჩიტებიც წავლენ,
მაგრამ ამ დაშლილ ბუდეებში ჩამტყდარ კვერცხებს რა ეშველება!

პატარა ხეებს ბავშვიც  გაუგებს,
მაგრამ დიდი ხე, ვიდრე ცოცხლობს, სულ ტყუილია,
ვერც  ფესვებიდან, ვერც კენწეროდან,
ვერტიკალურად ვერ  იზომება.
ან ვიდრე  ცოცხლობს, დიდს ვინ შევწვდებით!
ცოტათი მაინც რომ გავუტოლდეთ,
როგორ გვჭირდება  მისი დაცემა,
ამოძირკვა,
სიკვდილი მისი,
მისი უძრავი,
საბედისწერო ჰორიზონტალი!

რამდენი ვნახე დაცემული და დათარსული!
დიდი ხეებით ავსებულა ჩემი წარსული,
თავს ვეუბნები:
- რაღა დროსია,
ვისზე რაც იცი,
ეს დაგრჩა მხოლოდ -
- წასულების ლანდთან ლაციცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები