ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
25 სექტემბერი, 2018


წიგნიერი ხატაურა

      ერთ მშვენიერ დილას ხატაურა წიგნების კარადიდან აუჩქარებლად გამობრძანდა, ზურგი აიზნიქა და გემრილად დაამთქნარა.
  კიდევ კარგი, ოთახში ჩემს გარდა არავინ იყო. ჰოი, ბიჭო, რას დაუცაცხანებდნენ ხატაურას. თითქოს მესმის კიდეც დედაჩემის გაკაპასებული ხმა: აცხა, აცხა! წიგნების კარადაში როგორ ბედავ ძრომიალს?! ხატაურაც თვალის დახამხამებაში გაქრებოდა, მეც ვეღარაფერს გავიგებდი მისგან და ეს საოცარი ამბავიც არ დაიწერებოდა.
  მე კი მაშინვე მივხვდი, საქმე ცოტა სხვანაირად რომ იყო. აზრადაც არ მომსვლია, დამეტუქსა ხატაურა. პირიქით, კეთილმოსურნედ შევხედე და ვკითხე:
  - წიგნების კარადაში რა გინდოდა ხატაურა?
  დამნაშავესავოთ შემომხედა, თავი ჩაღუნა და ჩაიკრუტუნა:
  - ღამე გავათიე.
  - უკეთესი ადგილი არ შეგეძლო გეშოვნა? თუნდაც აი, ამ რბილ ტახტზე?
  - ვინ მომცემს მაგის ნებას. დედაშენმა ერთხელ ცოცხი გადამამატვრია თავზე.
  აქ უნდა აღვნიშნო: მე და ხატაურა ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ერთმანეთში, ოღონდ ეს ჩვენი საიდუმლოა და არავის ვუმხელთ.
  - ნუ გეშინია, ხატაურა, - ვანუგეშე მე, - შენსავით ჭრელზოლიან საგებს დაგიფენ ტახტის კუთხეში, მის ფონზე ვერ შეგამჩნევენ.
  ხატაურას ისე გააზმორა, თითქოს ჟრჟოლამ დაურა მთელ ტანში. ეტყობა ცოცხის გემო კარგად დამახსოვრებია.
  - ვიღაცას მაინც შევეჩხირები თვალში, როცა იქნება - აკრუტუნდა იგი, - წიგნების კარადაში კი თავს არც ისე ცუდად ვგრძნობ. თბილი, მყუდრო ადგილია. თანაც დროს ტყუილუბრალოდ როდი ვკარგავ . . .
  - ალბათ თაგვებს უსაფრდები არა? - ვკითხე მე.
ხატაურამ მგონი თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, თავაღერილმა შემომხედა.
  - რა შუაშია თაგვი, წიგნებს ვკითხულობ.
აი, ეს იყო სწორედ საოცარი ამბავი. იმდენად საოცარი, რომ კარგა ხანს ხმაც ვერ ამოვიღე, უხმოდ მივჩერებოდი ხატაურას. იმან კი, (გეფიცებით) ჭრელზოლიანი თათი მიიფარა პირზე იმის ნიშნად, ეს საიდუმლო ჩვენს შორის დარჩესო.
  - ნუ გეშინია, არავის ვეტყვი - ვუთხარი ბოლოს, როცა შევძელი ხმის ამოღება, - მაგრამ ერთი მითხარი, როგორ ისწავლე კითხვა?
  - ეს არც ისე ძნელია, მთავარია მონდომება. ყოველთვის მინდოდა გამეგო,რაზე ნადირობთ თქვენ, ადამიანები, ამ უცნაურ, ოთხკუთხა საგნებში, წიგნებს რომ უწოდებთ.
  - ნადირობა რა შუაშია?- ვკითხე მე.
  - ნადირობაა სწორედ თავი და თავი. ვერც კი მიმხვდარხართ, რომ თქვენი თვალები მონადირის თვალებს ჰგავს წიგნის კითხვისას. რაღაცას დიდი მონდომებით უსაფრთებით, მაგრამ ის რაღაცა თქვენზე სწრაფად დარბის, ამიტომ მუდამ თათცარიელი რჩებით.
უნებურად საკუთარ თათებზე . . . უკაცრავად, ხელებზე დავიხედე. ერთი ამას უყურეთ, თათცარიელი რჩებითო . . .
  - შენ, როგორც ვატყობ, ჯერაც არასდროს დარჩენილხარ თათცარიელი, არა? - ვკითხე ცოტა არ იყოს, ირონიულად.
  - მე თქვენზე ბევრად სწრაფად დავრბივარ, - ცოტა არ იყოს, გაიბღინძა ხატაურა, - კვალში ჩადგომასაც ვერავინ მასწავლის.
  სიჩუმე ჩამოვარდა. აღარ ვიცოდი, რა მეთქვა. მგონი მიხვდა ხატაურა, თავი ცუდად რომ ვიგრძენი და თავისებურად მანუგეშა:
  - თქვენი (ადამიანების) მონდომებაც არაა მთლად თათწამოსაკრავი - შემრიგებლური ხმით დაიკრუტუნა მან.
  - რას გულისხმობ? - როგორც იქნა, გამოვფხიზლდი მეც.
  - ხანდახან მაინც მოგყვებათ რაღაც თათებში, თუმცა ჩვენთან შედარებით სათქმელადაც არ ღირს.
  აქ ერთმა აზრმა გამიელვა: ალბათ აჯობებს, გამოვკითხო ხატაურას, რა სიბრძნე დააგროვა ამ ოთხკუთხა საგნების კითხვით.
  სწორედ ამ დროს ოთახში დედაჩემი შემოვიდა. ხატაურამ მაშინვე ისკუპა ტახტიდან და თვალის დახამხამების უმალ გაქრა.
  და ახლა ველოდები ხატაურას. ვისაუბრებთ, ის თავისას იტყვის, მე ჩემსას გავუზიარებ. ერთად, თათჩაკიდებულები ვივლით სიბრძნის ბილიკებზე, ვინ იცის, რა დიდ საიდუმლო გავკვალავთ ერთად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები