- “ვარდის სახელი”-ს წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე, მხოლოდ რეალურ ისტორიებზე ვწერო.-მეუბნება და ნოუთბუქში ფაილს ეძებს. ლალი ჩემი მეგობარია და როცა რამეს წერს პირველს მე მაკითხებს, უფრო სწორად – მიკითხავს, იმიტომ, რომ იცის - კითხვისას თვალები მალე მეღლება და პატარა ნოველის წაკითხვას მთელ დღეს ვანდომებ. მისი ზოგიერთი ნაწერი მეც მომწონებია და ზოგ ჭკუასაკითხავ კრიტიკოსსაც, მაგრამ მე იმ მკითხველთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც თვლიან, რომ კარგი მწერლები დიდი ხანია გარდაიცვალნენ. თუმცა, მიხარია, რომ მეგობარს მწერლობასთან რაღაც შეხება აქვს. -ვარდის სახელი რა შუაშია?-ვეკიხები. -რა შუაშია და რომ გავიგე, ასეთი ბრწყინვალე ნაწარმოები მწერლის ფანტაზიის და ინტელექტის ნაყოფია, მივხვდი, რომ ჭ კლასის მწერლადაც კი ვერასოდეს ჩამოვყალიბდები, მაგრამ არც ის შემიძლია, არაფერი ვწერო. (რატომ – ეს ვრცელი ისტორიაა და გზადაგზა გეტყვი) ამიტომ, ვიფიქრე ნამდვილ ამბავზე თუ დავწერ, წაკითხვა შესაძლებელი იქნება-მეთქი. -გაქვს უკკვე რამე საჩემოდ? თუ წინასწარ მაინტრიგებ? -მაქვს კი, ბაბუაჩემის ისტორია გავაცოცხლე. ვფიქრობ უინტერესო არ უნდა იყოს. მიდი აბა. – სავარძლის სიღმეში, გემრიელად მოვკალათდი და სმენად ვიქეცი.
ბაბუაშენი – ნიკო მთელ რაიონში სასურველი სასიძო იყო. – მიყვებოდა ნინა ბებია - ნიკოს ძმის ცოლი. (ის ერთადერთი ბებია იყო, რომელიც ჩემს მახსოვრობას ნათლად შემორჩა) -შავი, ტალღოვანი თმა ჰქონდა, თოლიას ფრთასავით გარდამტყდარი წარბები საფეთქლის ბოლომდე გასდევდა. მაღალი და ახოვანი იყო. ადრე ქორწილები გვიან იწყებოდა და გათენებამდე გრძელდებოდა. ახლა რომ ღრეობენ, გასკდებიან და ერთმანეთს დეერევიან, ასე არ იყო მაშინ .ვშაირობდით, ვმღეროდით, ათასნაირ სახალისო გასარობს ვიგონებდით. ფულის მაგივრად გოჭი, ინდაური, ან ქათამი მიგვქონდა საჩუქრად… -ჰოდა ნიკო რომ ფანდურს ჩამოკრავდა და თავის მშვენიერი ბანით რომ შეაზანზარებდა სივრცეს, გოგოები ჭკუას კარგავდნენ. შემოეხვეოდნენ ირგვლივ და თვალები ებნიდებოდათ. ექვს დედმამიშვილში უმცროსი იყო. მისთვის მზეთუნახავ საცოლეს ვეძებდით, მაგრამ მან ბებიაშენი აარჩია, - სრულიად ჩვეულებრივი გოგო."
ჩვეულებრივი ოჯახი შექმნეს. ნიკო მზრუნველი ქმარი და მამა იყო. ლოლა - მორჩილი ცოლი, დედამთილ-მამათილის მოშიშარ-პატივისმცემელი ქალი. ორი გოგოს შემდეგ ბიჭი რომ შეეძინათ, ნიკო ბედნიერებისგან ცას ავლებდა ხელს. ბავში ცხრა თვის იყო, რომ უცნობმა ზნემ გაურა სხეულში და კრუნჩხვამ შეიპყრო. დედამ უცებ შემოხსნა არტახები აკვანში ჩაკრულ ბავშვს და ხელში აიტაცა მაგრამ ვერაფერი უშველა. ნიკო სახლში არ იყო. ქალების კივილზე მისი უფროსი ძმა მოიჭრა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. ეს შემზარავი სურათი რომ ნახა, თავისი "ვილისით"ექიმის მოსაყვანად გავარდა, მაგრამ ცოცხალს ვერ მიუსწრეს. ორმოცი გასული იყო, როცა ნიკოს დაიჟინა: ბავშვი სიგიჟემდე მენატრება, უნდა ამოვთარო და ვნახოო. ბევრს ეხვეწნენ მშობლები, და-ძმა, სიძეები და რძლები, მაგრამ ვერ გადააფიქრებინეს. მაშინ წაყვა ნინა - ყველაზე გულმაგარი რძალი და ამოთხარეს ბავშვი. მტკაველი ობი ჰქონდა მოდებული. ობი ცხვირსახოცით მოწმინდა და დიდხანს, უხმოდ ეფერა ნიკო. მას შემდეგ აღარ უხსენებია დაკარგული შვილი.
ორიოდ წელში ისევ ბიჭი შეეძინათ. ამასობაში ომიც დაიწყო. ლადო ერთი წლის იყო, როცა ნიკოს და მის ძმას - ნინას ქმარს უწყება მიუვიდათ კომისარიატიდან. მათი უფროსი ძმა სოფლის საბჭოს თავმჯდომარე იყო. ევედრა ძმებს: შემიძლია აგარიდოთ ომში წასვლა და ნუ გაჯიუტდებითო. უარი უთხრეს. "ვინც მიდის, იმათი ოჯახის წევრებს როგორ შევხედოთ თვალებშიო". ორთავე ქერჩში გაგზავნეს.თოფის გასროლაც ვერ მოასწრეს, ისე შეუერთდნენ სიკვდილის საბრძანებელს. ვინ იცის, იქნებ სიკვდილამდე ნიკოს თვალწინ დაუდგა თავისი გარდაცვლილი შვილის მიწადქცეული სახე. იქნებ ხნიერი დედის ანაბარა დატოვებული ცოლი და წვრილ-შვილიც წარმოუდგა და მათი მომავალიც დაინახა, წამიერად, მათი ცხოვრების გზები - ვიწრო და წამახული ლოდებით მოფენილი ბილიკები.
დავდივარ, ვფიქრობ, უმიზნო დღეები გამაქვს. არაფერი შემიქმნია. გულს ეფონება ბაბუაჩემის არშემდგარი გმირობა. ადამიანებს წესად გვაქვს: წარსულიდან მაინც გამოვჩხრიკოთ საამაყო. ვხვდები: რასაც ვწერ, რასაც ვფიქრობ ჩემამდე რამდენიმე მილიონჯერ მაინც გაფიქრებულა და დაწერილა. მცირე ნაწილი მეც წამიკითხავს, მაგრამ ეს ყველაფერი ცივ ტექსტებად რჩება. ერთხელაც თვითონ აღმოაჩენ, რომ ამ სოფლად შენთვის განკუთვნილი წლები, რომელიც უდაბნოს ქვიშის ზღვასავით ულევი გეგონა, მხოლოდ ერთი მუჭა ქვიშის მარცვლები ყოფილა და თვალსა და ხელს შუა ჩაიმარცვლა; რომ წარმავალია ქვეყნად ყველა და ყველაფერი; რომ ერთ დროს მთების შემძვრელი მამა, როდესმე უსუსურ, უძლურ მოხუცად იქცევა.
წინ ცოლის ცხედარი ედო. თვითონაც დღე-დღეზე ელოდა სიკვდილს. კჭვიანი კაცი იყო, ადვილად ვერ მოატყუებდი. არც მიცდია მეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. -იქ უკეთესია.- ვეუბნები. - აი ნახავ რა კარგად იქნები იქ. -ეჰ! - ამბობს, ხელს ჩაიქნევს და გვერდზე იყურება. ადვილი არაა ათეიზმის ეპოქაში გაზრდილს მრწამსი შეუცვალო. მაინც არ ვნებდები: - ნახავ, რა კარგი იქნება ის სამყარო. მერე სიზმრად მოდი და მითხარი, მართალი იყავი-თქო.- ვთქვი და მივხვდი, ეს სიმდაბლე და ეგოიზმი იყო. ჩემი "მომავალიც" მისაზე არანაკლებ მაინტერესებდა.
არ მოსულა და არაფერი უთქვამს. უკვე აღარც მაინტერესებს "იქაური" ამბები. სადაც და როგორც ისინი არიან, მეც ისე ვიქნები. თუმცა, ყოველთვის ასე მარტივად არ ვუყურებ ამ საკითხს. არც პირველი ვარ და არც უანასკნელი, ვისაც კითხვის ნიშნები ტანჯავს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ამბების დაწყყება ბაბუებიდან საინტერესო იქნება. ამბების დაწყყება ბაბუებიდან საინტერესო იქნება.
4. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ამის კითხვა რომ დავიწყე :) + წარმატებები ქალბატონო ლელა :) ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ამის კითხვა რომ დავიწყე :) + წარმატებები ქალბატონო ლელა :)
3. უღრმესი მადლობა ნიკი და სერენა უღრმესი მადლობა ნიკი და სერენა
2. ნიკის რა თქმა უნდა არ ვეთანხმები.
საკმაოდ კარგი გადასვლაა ჩვეულებრივი თხრობიდან, პროზაულზე. დასაწყისში საერთოდ არ ველოდი რომ ამდენად კარგად განვითარდებოდა სიუჟეტი, არც ამდენ სიბრძნეს ველოდი ამ პატარა მოთხრობაში. ცხადია არის მცირე ხარვეზებიც, მაგრამ ერთიანობაში მომეწონა. ნიკის რა თქმა უნდა არ ვეთანხმები.
საკმაოდ კარგი გადასვლაა ჩვეულებრივი თხრობიდან, პროზაულზე. დასაწყისში საერთოდ არ ველოდი რომ ამდენად კარგად განვითარდებოდა სიუჟეტი, არც ამდენ სიბრძნეს ველოდი ამ პატარა მოთხრობაში. ცხადია არის მცირე ხარვეზებიც, მაგრამ ერთიანობაში მომეწონა.
1. პროზა ნაკლებად უფრო საახლობლოში მოსაყოლი ამბავია რეალური ისტორიაა :) პროზა ნაკლებად უფრო საახლობლოში მოსაყოლი ამბავია რეალური ისტორიაა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|